ცოლებო, ღრმა პატივი ეცით ქმრებს!
„ცოლები, დაემორჩილონ ქმრებს“ (ეფესოელები 5:22).
1. რატომ უჭირთ ხშირად ცოლებს ქმრების პატივისცემა?
ბევრ ქვეყანაში ქორწინებისას ცოლი აღთქმას დებს, რომ ღრმა პატივს სცემს თავის ქმარს. მაგრამ რამდენად შეძლებს ცოლი ამ აღთქმის შესრულებას, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ეპყრობა ქმარი ცოლს. ქორწინებას კარგი დასაწყისი ჰქონდა. ღმერთმა ნეკნი გამოუღო ადამს, პირველ კაცს, და მისგან ქალი შექმნა. ადამმა შესძახა: „აი ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი“ (დაბადება 2:19—23).
2. არცთუ ისე დიდი ხნის წინ როგორ შეიცვალა ქალის როლი და ქორწინებისადმი დამოკიდებულება?
2 მიუხედავად იმისა, რომ ქორწინებას კარგი დასაბამი ჰქონდა, XX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში შეერთებულ შტატებში ქალებმა მამაკაცების „ბატონობისგან“ გათავისუფლებისთვის ბრძოლა დაიწყეს. იმ დროისთვის დაახლოებით სამასი დანგრეული ოჯახიდან ერთი ინგრეოდა ქალის მიზეზით, 60-იანი წლების ბოლოსთვის კი ასიდან — ერთი. დღეს, როგორც ჩანს, ქალები მამაკაცებს არ ჩამოუვარდებიან ბილწსიტყვაობაში, სმაში, მოწევასა და ამორალურ საქციელში. მაგრამ არიან უფრო ბედნიერები ქალები? არა. ზოგ ქვეყანაში თითქმის ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით მთავრდება. რა შედეგი გამოიღო ზოგი ქალის მცდელობამ, გაეუმჯობესებინა ოჯახური მდგომარეობა — უკეთესი თუ უარესი? (2 ტიმოთე 3:1—5).
3. უმთავრესად რა ახდენს უარყოფით გავლენას ქორწინებაზე?
3 რა არის უმთავრესი პრობლემა? გარკვეულწილად, ეს არის პრობლემა, რომელიც იმ დროიდან არსებობს, როცა ევა აცდუნა მოჯანყე ანგელოზმა, „ძველმა გველმა, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია“ (გამოცხადება 12:9; 1 ტიმოთე 2:13, 14). იქიდან მოყოლებული სატანა ძირს უთხრის ღვთის სწავლებას. მაგალითად, ეშმაკი ცდილობს, ისეთი შთაბეჭდილება შექმნას, რომ თითქოს ქორწინება შემზღუდველი და დამთრგუნველია. ცრუ ინფორმაცია, რომელსაც სატანა, ამ ქვეყნიერების მთავარი, მასმედიის საშუალებით ავრცელებს, იმ მიზანს ემსახურება, რომ ადამიანთა თვალში ღვთის მითითებები უსამართლო და მოძველებული გამოჩნდეს (2 კორინთელები 4:3, 4). მაგრამ, თუ ობიექტურად გამოვიკვლევთ, რას ამბობს ღმერთი ქორწინებაში ქალის როლის შესახებ, დავინახავთ, რამდენად გონივრული და პრაქტიკული რჩევებია მოცემული ღვთის სიტყვაში.
გაფრთხილება დაქორწინების მსურველთათვის
4, 5. ა) რატომ მართებს ქალს სიფრთხილე, როცა გათხოვებას აპირებს? ბ) რა უნდა გააკეთოს ქალმა, ვიდრე თანხმობას ეტყვის ვინმეს ცოლობაზე?
4 ბიბლიაში ნათქვამია, რომ ამ ქვეყნიერებაში, რომელსაც ეშმაკი მართავს, ბედნიერ წყვილსაც კი ექნებოდა „გასაჭირი“. თუმცა ქორწინება ღვთის მიერ არის დაფუძნებული, დაქორწინების მსურველებს ბიბლია გაფრთხილებას აძლევს. ბიბლიის ერთი დამწერი ქალზე, რომელსაც ქმარი მოუკვდა და ხელმეორედ გათხოვების უფლება აქვს, ღვთის შთაგონებით წერდა: „უფრო ბედნიერი იქნება, თუკი ისე დარჩება, როგორც არის“. იესოც ურჩევდა მათ, ‘ვისაც შეეძლო შეთვისება’, დაუქორწინებელი დარჩენილიყვნენ. მაგრამ, თუ ვინმე დაქორწინებას გადაწყვეტდა, მხოლოდ „უფალში“ უნდა დაქორწინებულიყო ანუ ღვთისთვის მიძღვნილ, მონათლულ ქრისტიანს უნდა გაჰყოლოდა (1 კორინთელები 7:28, 36—40; მათე 19:10—12).
5 ბიბლიაში ახსნილია, რატომ უნდა მიაქციოს ქალმა განსაკუთრებული ყურადღება იმას, თუ ვის მიჰყვება ცოლად: „გათხოვილი ქალი ქმრის სიცოცხლეში კანონით შეკრულია მასთან“. მხოლოდ ქმრის სიკვდილის ან მის მიერ უზნეობის ჩადენის შემთხვევაში შეიძლება ქალი „ქმრის კანონისგან“ გათავისუფლდეს (რომაელები 7:2, 3). ერთი ნახვით გამოწვეული სიმპათიაც შეიძლება საკმარისი იყოს სასიამოვნო რომანტიკული ურთიერთობის დასაწყებად, მაგრამ ეს არ არის მყარი საფუძველი ბედნიერი ოჯახური ცხოვრებისთვის. ამიტომ გასათხოვარმა ქალმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს: „მსურს, ცოლად გავყვე ამ კაცს და მის კანონს დავემორჩილო?“ ამაზე ქალი გათხოვებამდე უნდა დაფიქრდეს და არა გათხოვების შემდეგ.
6. როგორი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია ქალების უმრავლესობას, და რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი?
6 დღეს ბევრ ქვეყანაში ქალს შეუძლია შემოთავაზებულ წინადადებაზე თანხმობა ან უარი თქვას. მაგრამ მას შეიძლება იმდენად დიდი სურვილი ჰქონდეს, გვერდით ჰყავდეს მასზე შეყვარებული ახლო მეგობარი, რომ გაუჭირდეს გონივრული არჩევნის გაკეთება. ერთმა მწერალმა აღნიშნა: „რაც მეტად ვესწრაფვით რასმე — დაქორწინებასა თუ მთის წვერზე ასვლას — მით უფრო მეტია იმის ალბათობა, გვეგონოს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მხოლოდ ის გავიგონოთ, რისი მოსმენაც გვსურს“. არაგონივრული გადაწყვეტილება მთამსვლელს შეიძლება სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეს; ამის მსგავსად, ცხოვრების თანამგზავრის არაგონივრულად არჩევას შეიძლება სავალალო შედეგი მოჰყვეს.
7. რა გონივრული რჩევა ეძლევა მათ, ვინც გათხოვებას აპირებს?
7 ქალი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რას ნიშნავს იმ მამაკაცის კანონის მორჩილება, რომელიც ცოლობას სთხოვს. რამდენიმე წლის წინ ერთმა ინდოელმა გოგომ თავმდაბლად აღიარა: „მშობლები უფროსები და უფრო გამოცდილები არიან, ამიტომ ისე ადვილად არ ტყუვდებიან, როგორც ჩვენ . . . მე შეიძლება ნებისმიერ დროს დავუშვა შეცდომა“. მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლიათ მშობლებსა და სხვებს. ერთი გონიერი მრჩეველი წლების მანძილზე მოუწოდებდა ახალგაზრდებს, გაეცნოთ მომავალი მეუღლის მშობლები და დაკვირვებოდნენ იმას, თუ როგორ ექცეოდა მათი რჩეული მშობლებსა და ოჯახის დანარჩენ წევრებს.
როგორ ავლენდა იესო მორჩილებას
8, 9. ა) როგორ ავლენდა იესო ღვთისადმი მორჩილებას? ბ) რა დადებითი შედეგები მოაქვს მორჩილებას?
8 მიუხედავად იმისა, რომ მორჩილება ადვილი არ არის, ქალებმა ის პატივად უნდა მიიჩნიონ, როგორც ამას იესო აკეთებდა. ღვთის მორჩილება იესოსთვის ტანჯვასა და წამების ძელზე სიკვდილსაც ნიშნავდა, მაგრამ ის მაინც სიხარულით დაემორჩილა ღმერთს (ლუკა 22:41—44; ებრაელები 5:7, 8; 12:3). ქალებმა უნდა მიჰბაძონ იესოს, რადგან ბიბლიაში ნათქვამია: „ქალის თავი კაცია, ქრისტეს თავი კი ღმერთია“ (1 კორინთელები 11:3). აღსანიშნავია, რომ მორჩილება მხოლოდ გათხოვილ ქალს არ მოეთხოვება.
9 ბიბლია გვიხსნის, რომ ქალებმა, როგორც გათხოვილებმა, ისე გაუთხოვრებმა, მორჩილება უნდა გამოავლინონ მამაკაცებისადმი, რომლებსაც ქრისტიანული კრების ზედამხედველობა აკისრიათ (1 ტიმოთე 2:12, 13; ებრაელები 13:17). როდესაც ქალები ღვთის მითითებებს მიჰყვებიან, ამით ანგელოზებს აძლევენ მორჩილების მაგალითს (1 კორინთელები 11:8—10). გარდა ამისა, ხანდაზმული გათხოვილი ქალები თავიანთი კარგი მაგალითითა და პრაქტიკული რჩევებით ახალგაზრდა ქალებს ეხმარებიან, იყვნენ „ქმრების მორჩილები“ (ტიტე 2:3—5).
10. მორჩილების როგორი მაგალითი დაგვიტოვა იესომ?
10 იესოს კარგად ესმოდა მორჩილების ფასი. ერთხელ მან მოციქულ პეტრეს გადასახადის გადასახდელად ფული მისცა. მოგვიანებით პეტრემ დაწერა: „უფლის გულისთვის დაემორჩილეთ ყველაფერს, რაც ადამიანთა მიერ არის დადგენილი“ (1 პეტრე 2:13; მათე 17:24—27). იესოს მორჩილების ყველაზე ღირსშესანიშნავი მაგალითის შესახებ ბიბლიაში წერია: „ყველაფერზე უარი თქვა, მონის სახე მიიღო და ადამიანის მსგავსი გახდა. უფრო მეტიც, როცა ადამიანის სახე მიიღო, თავი დაიმდაბლა და მორჩილი იყო სიკვდილამდე“ (ფილიპელები 2:5—8).
11. რატომ მოუწოდებდა პეტრე ცოლებს, დამორჩილებოდნენ თუნდაც ურწმუნო ქმრებს?
11 როდესაც ქრისტიანებს მოუწოდებდა, ამ ქვეყნიერების უსამართლო და სასტიკ მმართველებსაც კი დამორჩილებოდნენ, პეტრემ თქვა: „ამისთვის ხართ კიდეც მოწოდებულნი. ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს“ (1 პეტრე 2:21). პეტრემ აღწერა, თუ რა ტანჯვა გადაიტანა ქრისტემ და რა მოთმინებით გაუძლო განსაცდელს, რის შემდეგაც ცოლებს, რომლებსაც ურწმუნო ქმრები ჰყავდათ, მოუწოდა: „ასევე თქვენც, ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, ვინც სიტყვას არ ემორჩილებიან, უსიტყვოდ იქნენ მოპოვებულნი ცოლების საქციელით, როცა დაინახავენ, რომ სუფთად იქცევით და დიდ პატივისცემას ავლენთ“ (1 პეტრე 3:1, 2).
12. რა დადებითი შედეგები გამოიღო ქრისტეს მორჩილებამ?
12 დაცინვისა და შეურაცხყოფის მიუხედავად მორჩილების გამოვლენა შეიძლება ვინმემ სისუსტედ ჩათვალოს, მაგრამ იესო სხვაგვარად ფიქრობდა. პეტრეს სიტყვების თანახმად, როდესაც იესოს „ლანძღავდნენ, ლანძღვით არ პასუხობდა და როცა იტანჯებოდა, არ იმუქრებოდა“ (1 პეტრე 2:23). იესოს ტანჯვის ბევრმა თვითმხილველმა, გარკვეულწილად მაინც, ირწმუნა ის; მათ შორის იყვნენ იესოს გვერდით ბოძზე გაკრული ყაჩაღი და ასისთავი, რომელიც ესწრებოდა გამოტანილი განაჩენის აღსრულებას (მათე 27:38—44, 54; მარკოზი 15:39; ლუკა 23:39—43). მსგავსად ამისა, როგორც პეტრე ამბობს, არაერთი ურწმუნო ქმარი — ისინიც კი, ვინც ცოლებს შეურაცხყოფას აყენებენ — გახდება ქრისტიანი, როცა ცოლის მორჩილებას დაინახავს. დღეს ჩვენ ვართ ამგვარი ფაქტების მოწმენი.
როგორ შეუძლიათ ცოლებს ქმრების გულის მოგება
13, 14. რა დადებით შედეგს იღებს ურწმუნო ქმრების მორჩილება?
13 მორწმუნე ცოლები, რომლებიც ქრისტეს ჰბაძავენ, იძენენ თავიანთ ქმრებს. არც ისე დიდი ხნის წინ გამართულ იეჰოვას მოწმეთა საოლქო კონგრესზე ერთმა ქმარმა თავის ქრისტიან ცოლზე თქვა: „ახლა ვხვდები, თუ რა უგუნურად ვიქცეოდი ცოლთან დამოკიდებულებაში. ამის მიუხედავად, ის მაინც დიდ პატივს მცემდა. მას არასოდეს დავუმცირებივარ; თავს არასდროს მახვევდა თავის მრწამსს და ყოველთვის სიყვარულით ზრუნავდა ჩემზე. როდესაც კონგრესებზე მიდიოდა, სადილს გამზადებულს და სახლს დალაგებულს მიტოვებდა. მისმა ასეთმა დამოკიდებულებამ ბიბლიისადმი ინტერესი აღმიძრა. და, აი, მე დღეს თქვენ გვერდით ვარ!“ დიახ, ეს მამაკაცი, ‘უსიტყვოდ იქნა მოპოვებული’ ცოლის საქციელით.
14 როგორც პეტრემ გაამახვილა ყურადღება, დადებითი შედეგები მოაქვს არა ცოლის სიტყვებს, არამედ მის საქციელს. ეს ასე იყო ერთი ქალის შემთხვევაშიც, რომელმაც ისწავლა ჭეშმარიტება და მტკიცედ გადაწყვიტა, არ გაეცდინა ქრისტიანული შეხვედრები. „აგნესა, თუ ამ კარიდან გახვალ, იცოდე უკან ვეღარ დაბრუნდები!“ — დაუყვირა ქმარმა. მართალია, აგნესა იმ კარიდან არ გასულა, მაგრამ სხვა კარიდან გავიდა. როცა კვლავ დადგა კრებაზე წასვლის დრო, ქმარი დაემუქრა: „როცა სახლში დაბრუნდები, აღარ დაგხვდები!“. შინ დაბრუნებულ აგნესას ქმარი მართლაც არ დახვდა. ის სამი დღე არ გამოჩენილა. როცა სახლში მოვიდა, ცოლმა ჰკითხა: „ხომ არ გშია, ძვირფასო?“ აგნესა ოდნავადაც არ წასულა კომპრომისზე იეჰოვასადმი ერთგულების საკითხში. დროთა განმავლობაში მისმა ქმარმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო, თავი მიუძღვნა იეჰოვას, კრების ზედამხედველად დაინიშნა და მრავალი პასუხისმგებლობა მიენდო.
15. როგორ უნდა შეიმკონ ქრისტიანმა ცოლებმა თავი?
15 მოციქული პეტრე ცოლებს იმ რჩევით მიმართავდა, რაც ზემოთ მოხსენიებულმა ქალებმა გაითვალისწინეს; მათი სილამაზე „თმის ნაწნავებისა“ და „ჩაცმულობისთვის“ განსაკუთრებული ყურადღების მიქცევით არ გამოიხატებოდა. პეტრემ თქვა: „თქვენი სილამაზე . . . იყოს შინაგან ადამიანში, რომელიც შემოსილია სიმშვიდითა და რბილი ხასიათით, ღვთის თვალში ძალიან ძვირფასი, უხრწნელი სამოსლით“. ასეთი განწყობა ჩანს ხმის ტონსა და მანერებში, რაშიც არც კამათის სული აისახება და არც პრეტენზიულობა. ქრისტიანი ცოლი ამგვარად ავლენს ღრმა პატივისცემას ქმრისადმი (1 პეტრე 3:3, 4).
მისაბაძი მაგალითები
16. რა მაგალითი მისცა სარამ ქრისტიან ცოლებს?
16 პეტრემ დაწერა: „ღვთის მოიმედე წმინდა ქალები წინათაც ასე იმკობდნენ თავს, როცა ქმრებს ემორჩილებოდნენ“ (1 პეტრე 3:5). ასეთ ქალებს ესმით, რომ, თუ იეჰოვას რჩევებს გაითვალისწინებენ და მის მოსაწონად მოიქცევიან, ბედნიერი ოჯახები ექნებათ და მარადიულად იცხოვრებენ. პეტრე მოიხსენიებს სარას, აბრაამის მშვენიერ ცოლს, და აღნიშნავს, რომ ის „ემორჩილებოდა აბრაამს და ბატონს უწოდებდა“. სარა მხარში ედგა ღვთისმოშიშ ქმარს, რომელიც ღმერთმა შორეულ ქვეყანაში გაგზავნა მსახურებისთვის. მან დათმო უზრუნველი ცხოვრება და სიცოცხლეც კი ჩაიგდო საფრთხეში (დაბადება 12:1, 10—13). პეტრემ ქრისტიან ცოლებს ურჩია, სარას მსგავსად გამბედაობა გამოევლინათ: „თუკი კარგს აკეთებთ და შიშის მომგვრელს არაფერს უშინდებით, თქვენც სარას შვილები ხართ“ (1 პეტრე 3:6).
17. რატომ შეიძლება ითქვას, რომ პეტრე თავის სიტყვებში აბიგაილსაც გულისხმობდა, როგორც კარგ მაგალითს ცოლებისთვის?
17 კიდევ ერთი ღვთისმოშიში ქალი, რომელსაც იეჰოვას იმედი ჰქონდა, აბიგაილი იყო; შესაძლოა, პეტრე მასაც გულისხმობდა. ის „ძალიან გონიერი“ იყო, თუმცა მისი ქმარი ნაბალი — „უხეში და ავისმქმნელი“. როდესაც ნაბალმა დავითსა და მის კაცებს დახმარებაზე უარი უთხრა, მათ ნაბალისა და მთელი მისი სახლეულის ამოხოცვა გადაწყვიტეს. მაგრამ აბიგაილმა ყველაფერი გააკეთა თავისი ოჯახის გადასარჩენად. მან სახედრებს სანოვაგე აჰკიდა და დავითისა და მისი კაცების შესახვედრად გაემართა. როგორც კი დავითი დაინახა, სახედრიდან ჩამოვიდა, მის ფეხებთან დაემხო და შეევედრა, თავი შეეკავებინა სისხლისღვრისგან. ამან დავითზე ძალიან იმოქმედა. მან თქვა: „კურთხეული იყოს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, რომელმაც ჩემთან შესახვედრად გამოგგზავნა დღეს! კურთხეული იყოს შენი გონიერება“ (1 სამუელი 25:2—33).
18. ვის მაგალითზე უნდა დაფიქრდნენ ქრისტიანი ცოლები, თუ სხვა მამაკაცი ავლენს მათ მიმართ ინტერესს, და რატომ?
18 კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი ქრისტიან ცოლებს ახალგაზრდა შულამელმა ქალმა დაუტოვა, რომელმაც ბოლომდე უერთგულა თავის საქმროს, თავმდაბალ მწყემსს. ქალის სიყვარული იმდენად ძლიერი იყო, რომ მას უმდიდრესი მეფის სიყვარულმაც ვერ სძლია. ახალგაზრდა მწყემსის მიმართ შულამელი ქალი თავის გრძნობებს ამგვარად გამოხატავს: „ბეჭედივით დამსვი შენს გულზე, შენს მხარზეც ბეჭედივით დამსვი, რადგან სიკვდილივით ძლიერია სიყვარული . . . ბევრი წყალიც კი ვერ ჩააქრობს სიყვარულს, ვერც მდინარეები წალეკავენ მას“ (ქებათა ქება 8:6, 7). კარგი იქნება, თუ ის, ვინც გათხოვებას გადაწყვეტს, მსგავსად უერთგულებს ქმარს მთელი ცხოვრება და მისადმი დიდ პატივისცემას გამოავლენს.
კიდევ ერთი ბიბლიური რჩევა
19, 20. ა) რატომ უნდა დაემორჩილონ ცოლები ქმრებს? ბ) რა შესანიშნავი მაგალითია მოცემული ბიბლიაში ცოლებისთვის?
19 ახლა დავფიქრდეთ კონტექსტზე, რომელშიც ამ სტატიის წამყვანი მუხლია მოყვანილი: „ცოლები დაემორჩილონ ქმრებს“ (ეფესოელები 5:22). რატომ არის აუცილებელი ასეთი მორჩილება? „რადგან — როგორც შემდეგ მუხლშია ნათქვამი. — ქმარი ცოლის თავია, როგორც ქრისტეა კრების თავი“. ამიტომ ცოლებს ეძლევათ რჩევა: „როგორც კრება ემორჩილება ქრისტეს, ისე დაემორჩილონ ცოლებიც თავიანთ ქმრებს ყველაფერში“ (ეფესოელები 5:23, 24, 33).
20 ცოლებმა ეს რჩევა რომ გაითვალისწინონ, საჭიროა, დაფიქრდნენ ქრისტეს კრებაზე, რომელიც სულით ცხებული ქრისტიანებისგან შედგება, და მიჰბაძონ მათ. გთხოვთ, წაიკითხოთ 2 კორინთელების 11:23—28 და დაფიქრდეთ, რისი გადატანა მოუწია ამ კრების ერთ-ერთ წევრს, პავლე მოციქულს, იმისათვის, რომ თავისი მეთაურისადმი, იესო ქრისტესადმი, ერთგულება შეენარჩუნებინა. პავლეს მსგავსად, ცოლები, ისევე როგორც კრების სხვა წევრები, იესოს უნდა დაემორჩილონ. ამის ნიშნად ქრისტიანი ცოლები თავიანთ ქმრებს ემორჩილებიან.
21. რა აღძრავს ცოლებს ქმრისადმი მორჩილებისკენ?
21 დღეს ბევრ ქალს არ სიამოვნებს ქმრისადმი მორჩილება, მაგრამ გონიერი ქალი დაფიქრდება მორჩილების დადებით მხარეებზე. მაგალითად, თუ ქმარი არ იზიარებს ცოლის რწმენას, ნებისმიერ საკითხში (როცა ღვთის კანონები ან პრინციპები არ ირღვევა) ქმრის ხელმძღვანელობისადმი მორჩილება დაჯილდოვდება იმით, რომ ცოლი შეძლებს ქმრის ხსნას (1 კორინთელები 7:13, 16). გარდა ამისა, ცოლს კმაყოფილებას მოჰგვრის იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ღმერთი იწონებს მის მოქმედებას და უხვად აკურთხებს იმისთვის, რომ ჰბაძავს იესო ქრისტეს.
გახსოვთ?
• რატომ შეიძლება გაუჭირდეს ცოლს ქმრის პატივისცემა?
• რატომ არის ცოლობაზე თანხმობის თქმა სერიოზული საკითხი?
• რა მაგალითი დაუტოვა იესომ ცოლებს, და რა დადებითი შედეგები მოაქვს მისი მაგალითის მიყოლას?
[სურათი 19 გვერდზე]
რატომ არის ცოლობაზე თანხმობის თქმა სერიოზული საკითხი?
[სურათი 21 გვერდზე]
რისი სწავლა შეუძლიათ ცოლებს აბიგაილის მსგავსი ბიბლიური პერსონაჟების მაგალითებიდან?