თავი მეთერთმეტე
შემატეთ აზრი თქვენს ცხოვრებას და იცოცხლეთ მარადიულად
სადაც უნდა ვცხოვრობდეთ, ყველგან ვისმენთ მეცნიერული აღმოჩენების შესახებ. ბიოლოგები, ოკეანოგრაფები და სხვა მეცნიერები განუწყვეტლივ ავსებენ ჩვენს ცოდნას დედამიწისა და მასზე არსებული სიცოცხლის შესახებ. ასტრონომები და ფიზიკოსები კი, რომლებიც სხვა სფეროს იკვლევენ, უფრო და უფრო მეტს იგებენ ჩვენი მზის სისტემაზე, ვარსკვლავებსა და თვით შორეულ გალაქტიკებზე. რაზე მიუთითებს ყოველივე ეს?
მრავალი მოაზროვნე ადამიანი ეთანხმება ძველი დროის მეფე დავითს: „ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო“ (ფსალმუნი 18:2). ზოგი შეიძლება არ დაეთანხმოს ამას ან თქვას, რომ ბოლომდე არ არის ამაში დარწმუნებული. მაგრამ ნუთუ ამ წიგნში მოცემული მტკიცებების განხილვის შემდეგ არ ხედავთ საკმაო საფუძველს რწმენისთვის, რომ შემოქმედი არსებობს და რომ მან შექმნა სამყარო და ჩვენი სიცოცხლე?
მოციქულმა პავლემ შენიშნა: „ადამიანები ვერ იტყვიან, რომ არაფერი იციან ღმერთზე. წუთისოფლის დასაბამიდან მათ შეუძლიათ ღვთის დანახვა იმის საშუალებით, რაც მან გააკეთა. ეს ცხადყოფს მის მარადიულ სიძლიერეს. ეს ცხადყოფს, რომ ის ღმერთია“ (რომაელთა 1:20, „წმინდა ბიბლია — ახალი ცხოვრების თარგმანი“ [Holy Bible—New Life Version]). წინა თავებში განხილულმა მასალამ გაგვიადვილა „ღმერთის დანახვა“, „მისი უხილავი თვისებების“ შეცნობა (აქ). მაგრამ ჩვენი მიზანი მხოლოდ იმის დანახვა არ უნდა იყოს, რასაც ფიზიკური ქმნილება გვიმხელს შემოქმედზე. რატომ?
მრავალმა მეცნიერმა სამყაროს კვლევას მიუძღვნა თავი, მაგრამ ისინი მაინც რაღაც სიცარიელეს გრძნობენ, რადგან ვერ პოულობენ სიცოცხლის ნამდვილ აზრს. მაგალითად, ფიზიკოსი სტივენ უაინბერგი წერდა: „რაც უფრო გვგონია, რომ სამყაროს ჩავწვდით, მით უფრო უაზრობად გვეჩვენება მისი არსებობა“. ასტრონომის, ალან დრესლერის, თვალსაზრისთან დაკავშირებით ჟურნალ „საიენსში“ ნათქვამი იყო: «როცა მკვლევარები ამბობენ, რომ კოსმოლოგია ავლენს ღვთის „გონებას“ ან „ხელწერას“, ისინი ღმერთს მხოლოდ იმას აწერენ, რაც, საერთო ჯამში, ნაკლებად მნიშვნელოვანია სამყაროში — მის ფიზიკურ სტრუქტურას». დრესლერმა მიუთითა, რომ უფრო მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რატომ არსებობენ ადამიანები. მან შენიშნა: „ხალხმა დათმო ძველი რწმენა, რომ კაცობრიობა ცხოვრობს [ფიზიკური] სამყაროს ცენტრში, მაგრამ ის უნდა დაუბრუნდეს რწმენას, რომ სიცოცხლის აზრი ადამიანის არსებობაშია“.
რა თქმა უნდა, ყოველი ჩვენგანი დიდად უნდა იყოს დაინტერესებული ჩვენი არსებობის აზრით. მაგრამ მხოლოდ იმის აღიარება, რომ არსებობს შემოქმედი, ანუ დიდებული კონსტრუქტორი, და რომ ჩვენ მასზე ვართ დამოკიდებულები, ვერ მიანიჭებს ჩვენს ცხოვრებას ნამდვილ აზრს. განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ სიცოცხლე ხანმოკლეა. მრავალი იმ აზრამდე მივიდა, როგორიც ჰქონდა მეფე მაკბეტს შექსპირის ერთ-ერთ ტრაგედიაში:
„სიცოცხლე მხოლოდ
ჩრდილი ყოფილა მოარული; ტაკიმასხარა,
რომელსაც ვიდრე დრო აქვს, ადის მაღალ სცენაზედ
და იჭიმება, იგრიხება მთლად გაქრობამდე.
სულელის ენით მოთხრობილი ამბავი არის,
თუმც უმნიშვნელო, მაგრამ სავსე აურზაურით“ („მაკბეტი“, მოქმედება მეხუთე, სურათი V).
ადამიანები მთელ მსოფლიოში დაეთანხმებიან ამ სიტყვებს; მაგრამ როცა პირადად ცვივიან მძიმე განსაცდელში, ისევ ღმერთს მიმართავენ დახმარებისთვის. ელიჰუ, ძველი დროის ბრძენი, ამბობდა: „ბევრი ჩაგვრისაგან კვნესიან, შველას ითხოვენ... არავინ ამბობს: სად არის ღმერთი, ჩემი შემქმნელი?.. რომელმაც განგვასწავლა მიწის მხეცებზე მეტად და ცის ფრინველებზე მეტად განგვაბრძნო?“ (იობი 35:9–11).
ელიჰუს სიტყვები ხაზს უსვამს იმას, რომ სიცოცხლის ჭეშმარიტი აზრი ჩვენს არსებობაში არ არის. ის ჩვენს დიდებულ შემოქმედთანაა დაკავშირებული და, აქედან გამომდინარე, ჩვენი არსებობის ნებისმიერი ნამდვილი აზრი მას ეხება და მასზეა დამოკიდებული. რომ ვიპოვოთ ეს აზრი და გვქონდეს ღრმა კმაყოფილების გრძნობა, რომელიც ამას მოჰყვება, გვესაჭიროება შევიცნოთ შემოქმედი და ცხოვრება მისი ნების თანახმად მოვაწყოთ.
დაუახლოვდით შემოქმედს
მოსემ გადადგა ასეთი ნაბიჯი. მან აღიარა: „ჩვენს წელთა რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს — ოთხმოცი წელიწადი; და ამათგან უმეტესი ჯაფა და უსამართლობაა“. ამ სინამდვილეს მოსე არ დაუმწუხრებია და პესიმისტი არ გაუხდია; ის დაეხმარა მას შეეგნო შემოქმედთან დაახლოების მნიშვნელობა. ის ლოცულობდა: „ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლე, რათა შევიძინოთ სიბრძნე გულისა. გაგვაძღე გარიჟრაჟზე შენი წყალობით, და ვიხაროთ და ვილხინოთ ყოველთა დღეთა ჩვენთა. და იყოს კეთილმოსურნეობა უფლისა, ჩვენი ღმერთისა, ჩვენდამი“ (ფსალმუნი 89:10, 12, 14, 17).
„გაგვაძღე გარიჟრაჟზე“. „ვილხინოთ ყოველთა დღეთა“. „კეთილმოსურნეობა უფლისა“. ნუთუ ეს ფრაზები არ მეტყველებს იმაზე, რომ მათმა დამწერმა სიცოცხლის აზრი იპოვა — აზრი, რომლის პოვნაც, ჩვეულებრივ, უჭირთ ადამიანებს?
ჩვენ მივაღწევთ ამ საკითხში წარმატებას, თუკი ვიპოვით ჩვენს ადგილს შემოქმედის წინაშე. სამყაროს შესახებ მზარდმა ცოდნამ შეიძლება გარკვეულწილად დახმარება აღმოგვიჩინოს ამაში. დავითმა იკითხა: „როცა შევხედავ შენს ცას — შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე, რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?“ (ფსალმუნი 8:4, 5).
მაგრამ არ კმარა მხოლოდ იმის აღიარება, რომ იეჰოვამ შექმნა მზე, მთვარე და ვარსკვლავები და შემდეგ სიცოცხლე დედამიწაზე მთელი მისი მრავალფეროვნებით (ნეემია 9:6; ფსალმუნი 23:2; ესაია 40:26; იერემია 10:10, 12). როგორც უკვე გავიგეთ, იეჰოვას უნიკალური სახელი ცხადყოფს, რომ ის არის განზრახვის ღმერთი და მხოლოდ მას შეუძლია თავისი ნების ბოლომდე შესრულება.
ესაიამ დაწერა: „ის არის ღმერთი, რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა; მან დაამყარა იგი, საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა“. შემდეგ ესაია იეჰოვას სიტყვებს ციტირებდა: «მე ვარ უფალი [„იეჰოვა“, აქ] და მეტი არავინაა» (ესაია 45:18). მოგვიანებით პავლემაც მისწერა თანაქრისტიანებს: „მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი კეთილი საქმეებისათვის“. ამ ‘კეთილ საქმეებს’ შორის მთავარია ‘ღვთის საუკუნო განზრახვასთან შეთანხმებული მისი მრავალმხრივი სიბრძნის’ გაცხადება (ეფესელთა 2:10; 3:8–11). ჩვენ შეგვიძლია და უნდა განვავითაროთ კიდეც შემოქმედთან ურთიერთობა — უნდა ვეცადოთ მისი განზრახვის გაგებას და მის შესაბამისად მოქმედებას (ფსალმუნი 94:3–6).
იმის აღიარებამ, რომ არსებობს მოსიყვარულე, მზრუნველი შემოქმედი, მოქმედებისკენ უნდა აღგვძრას. მაგალითად, ყურადღება მიაქციეთ კავშირს ასეთ აღიარებასა და იმას შორის, თუ როგორ უნდა მოვეპყროთ სხვებს. „ღარიბის მჩაგვრელი თავის შემოქმედს შეურაცხყოფს, მათხოვრის მწყალობელი კი უფლის მადიდებელია“. „განა ერთმა ღმერთმა არ გაგვაჩინა? მაშ, რატომ ვმუხანათობთ ერთმანეთს?“ (იგავნი 14:31; მალაქია 2:10). მაშასადამე, იმის აღიარებამ, რომ არსებობს მზრუნველი შემოქმედი, უნდა აღგვძრას, ვიზრუნოთ მის სხვა ქმნილებებზე.
ამაში თვითონ შემოქმედი დაგვეხმარება. თუმცა იეჰოვა ამჟამად არ ქმნის ახალ ქმნილებებს დედამიწაზე, შეიძლება ითქვას, რომ ის სხვაგვარ შემოქმედებას ეწევა. მისი აქტიური დახმარებით ადამიანები, რომლებიც მის ხელმძღვანელობას ეძებენ, წარმატებებს აღწევენ. ცოდვის ჩადენის შემდეგ დავითმა სთხოვა: „სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში“ (ფსალმუნი 50:12; 123:8). ბიბლიაც მოუწოდებს ქრისტიანებს, ‘მიატოვონ ძველი კაცი’, რომელიც მათ ირგვლივ არსებულმა წუთისოფელმა ჩამოაყალიბა, და ‘შეიმოსონ ახალი კაცი, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ’ (ეფესელთა 4:22–24). დიახ, იეჰოვას შეუძლია ადამიანში შექმნას ახალი ფიგურალური გული და დაეხმაროს მას ისეთ პიროვნებად ჩამოყალიბებაში, რომელიც მის თვისებებს ირეკლავს.
მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. ამაზე არ უნდა შევჩერდეთ. პავლემ ზოგ განათლებულ ათენელს უთხრა: ‘ღმერთმა, რომელმაც შექმნა სამყარო და ყოველივე მასში არსებული, წინასწარ დააწესა დრონი, რათა ადამიანებს ეძიათ ღმერთი, ვინძლო ეგრძნოთ იგი და ეპოვათ, თუმცა შორს როდია თითოეული ჩვენთაგანისაგან’ (საქმეები 17:24–27).
სიცოცხლის აზრი შემეცნებას მოჰყვება
განხილულიდან ნათელი უნდა იყოს, რომ შემოქმედმა უამრავი ინფორმაცია მოგვაწოდა საკუთარი თავის შესახებ ფიზიკური სამყაროსა და თავისი ინსპირირებული სიტყვის, ბიბლიის, მეშვეობით. ის მოგვიწოდებს, გავიზარდოთ ცოდნასა და გონიერებაში, და იმ დროის შესახებაც კი წინასწარმეტყველებს, როცა „აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული“ (ესაია 11:9; 40:13, 14).
შემოქმედს სურს, რომ სწავლისა და გაუმჯობესების უნარი მარადიულად გამოვიყენოთ და არა რაღაც 70–80 წლის განმავლობაში. ეს ჩანს იესოს ერთ-ერთი განსაკუთრებით კარგად ცნობილი ნათქვამიდან: „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16).
„საუკუნო სიცოცხლე“. ეს ზღაპარი როდია. პირიქით, მარადიული სიცოცხლის იდეა ეთანხმება იმას, რაც შემოქმედმა ჩვენს პირველ მშობლებს, ადამსა და ევას, შესთავაზა. ის ეთანხმება მეცნიერულ ფაქტს ჩვენი ტვინის აგებულებასა და შესაძლებლობებთან დაკავშირებით. ის იესო ქრისტეს სწავლებასაც ეთანხმება. იესოს ცნობის არსი ის იყო, რომ ადამიანები მარადიულად იცოცხლებდნენ. დედამიწაზე თავის მოციქულებთან გატარებულ უკანასკნელ საღამოს მან თქვა: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).
როგორც წინა თავში იყო განხილული, იესოს დაპირების თანახმად სწორედ აქ, დედამიწაზე, იცხოვრებს მილიონობით ადამიანი მარადიულად. უეჭველად, ამ პერსპექტივას შეუძლია დიდად შემატოს აზრი ჩვენს სიცოცხლეს. ამისთვის საჭიროა შემოქმედთან ურთიერთობის განვითარება. ასეთი ურთიერთობა უკვე დღეს უყრის საძირკველს მარადიული სიცოცხლის მიღებას. წარმოიდგინეთ, რა პერსპექტივების შემოთავაზება შეუძლია ასეთ სიცოცხლეს: სწავლა, სამყაროს კვლევა, ახალი განცდები — და ეს ყოველივე ავადმყოფობითა და სიკვდილით გამოწვეული შეზღუდვების გარეშე (შეადარეთ ესაია 40:28). რას გააკეთებდით ან რის გაკეთებას ისურვებდით ასეთი ცხოვრება რომ გქონოდათ? თვითონ უკეთ იცით, რა გაინტერესებთ, რის სწავლაზე ოცნებობთ და რომელ კითხვებზე გსურთ პასუხის მიღება. ამის განხორციელების შესაძლებლობა უფრო მეტად შემატებს აზრს თქვენს ცხოვრებას!
პავლეს საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა იმ დროის მოლოდინისთვის, როცა „თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის“ (რომაელთა 8:21). მათი ცხოვრება, რომლებიც ამ თავისუფლებას მიაღწევენ, სიცოცხლის ნამდვილ აზრს შეიძენს უკვე ახლა, მომავალში კი ეს აზრით აღსავსე სიცოცხლე მარადიულად გაგრძელდება და ეს დიდებას მოუტანს ღმერთს (გამოცხადება 4:11).
იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში უკვე დიდი ხანია, სწავლობენ ამ საკითხს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ შემოქმედი არსებობს და რომ ის ზრუნავს ადამიანებზე. ისინი სიხარულით ეხმარებიან სხვებს სიცოცხლის ნამდვილი აზრის პოვნაში. თქვენ შეგიძლიათ იმსჯელოთ მათთან ერთად ამ საკითხზე. ამგვარად აზრს შემატებთ თქვენს ცხოვრებას და იცოცხლებთ მარადიულად!
[ჩარჩო 185 გვერდზე]
ღმერთი — რა გაგებით?
«მეცნიერები და სხვები ზოგჯერ სიტყვა „ღმერთს“ იმდენად აბსტრაქტულად და შორეულად მიიჩნევენ, რომ თითქმის არც განარჩევენ ბუნების კანონებისგან», — თქვა სტივენ უაინბერგმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ნაშრომისთვის ფუნდამენტურ ძალებზე. მან დასძინა:
«ჩემი აზრით, თუ სიტყვა „ღმერთს“ რაიმე მნიშვნელობა აქვს, ეს უნდა გავიგოთ ჩვენით დაინტერესებული ღვთის მნიშვნელობით, რომელიც შემოქმედი და კანონმდებელია, რომელმაც არა მარტო ბუნების კანონები და სამყარო შექმნა, არამედ სიკეთისა და ბოროტების ნორმებიც დაადგინა, და რომელიც არის პიროვნება, ვისაც აინტერესებს ჩვენი საქმეები, მოკლედ, ის, ვინც ჩვენგან თაყვანისცემას იმსახურებს... სწორედ ასეთი ღმერთი ესაჭიროებოდათ ადამიანებს ისტორიის განმავლობაში“ (Dreams of a Final Theory).
[სურათი 187 გვერდზე]
მოსეს ესმოდა, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის მიუხედავად, ჩვენი ცხოვრების ჭეშმარიტი აზრი შემოქმედთანაა დაკავშირებული.
[სურათი 190 გვერდზე]
სიცოცხლის ნამდვილი აზრის პოვნა მრავალფეროვან ცხოვრებას გვთავაზობს.