დეპრესიის დაძლევა
„უდიდესი პრობლემა, რის წინააღმდეგ ბრძოლაც მიწევდა, — აღიარებს ლოლა, — იყო დანაშაულის გრძნობა იმის გამო, რომ უიმედობას ვგრძნობდი. რადგან იეჰოვას მოწმე ვარ, ვფიქრობდი, რომ არ უნდა მქონოდა მსგავსი გრძნობები“. ეს საკმაოდ გავრცელებული არასწორი შეხედულება ხშირად პირველი დაუძინებელი მტერია, რომელიც დეპრესიაში ჩავარდნილმა ქრისტიანმა უნდა მოიცილოს. ლოლა დასძენს: „როდესაც საკუთარი თავის კიცხვას მოვეშვი და ყურადღება გავამახვილე გაუმჯობესებაზე, შედარებით იოლად გავუმკლავდი დეპრესიას“. დიახ, არ უნდა იფიქრო, რომ, თუ დეპრესიაში ხარ, ამით ღმერთს იმედები გაუცრუე.
დეპრესიის მიზეზი შეიძლება ფიზიოლოგიური სახის იყოს. მანამდე კარგა ხნით ადრე, სანამ მიაკვლევდნენ უამრავ ფიზიკურ დაავადებასა და დეპრესიას შორის კავშირს, 1915 წელს „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: „ეს დამძიმებული სული ანუ მარტოობის გრძნობა და დეპრესია ხანდახან ყველას სტუმარია. . . [ის] გარკვეულწილად მწვავდება ფიზიკური დაავადებისას“. ამიტომ, თუ დეპრესია დიდხანს გრძელდება, კარგი იქნებოდა, ექიმისთვის მიგემართათ. თუ მდგომარეობა უკიდურესია, მკურანლობისთვის აუცილებლად სპეციალისტს უნდა მიმართონ.
მაგრამ მაშინაც კი, თუ მიზეზი ფიზიკური ავადმყოფობა არ არის, არარეალურია იმის მოლოდინი, რომ ღვთის მსახური არასდროს იქნება დაღონებული ან გულგატეხილი. დავფიქრდეთ, როგორ გახდა ერთგული ხანა ‘სულგამწარებული და ცხარედ მოტირალი’ (პირველი მეფეთა 1:7, 10). ნეემიაც ‘ტიროდა და გლოვობდა რამდენიმე დღე’ და „გულის მწუხარება“ ჰქონდა (ნეემია 1:4; 2:2). იობს მოსძაგდა სიცოცხლე და ფიქრობდა, რომ ღმერთმა მიატოვა (იობი 10:1; 29:2, 4, 5). დავითმა თქვა, რომ სული შეწუხებული და გული დანაღვლიანებული ჰქონდა (ფსალმუნი 142:4). მოციქული პავლე ამბობდა, რომ „შინ — შიში“ ჰქონდა და „მდაბალი“ (სსგ) იყო — ანუ ‘დამხობილი’, განადგურებული ემოციურად (2 კორინთელთა 4:9; 7:5, 6).
თუმცა ყოველი მათგანი ღვთის ერთგული მსახური იყო, სხვადასხვა საწუხარი, შიში ან ძლიერი სასოწარკვეთილება ზოგჯერ ანაღვლიანებდა მათ. მაგრამ ღმერთი არ ტოვებდა და არც სულიწმიდას ართმევდა. მათი დეპრესიული მდგომარეობა სულიერი მარცხის გამო არ იყო გამოწვეული. გულგატეხილობის დროს დავითი ღმერთს ევედრებოდა: „ახარე სული შენი მორჩილისა“. ღმერთმა ანუგეშა დავითი „გაჭირვების დღეს“ და დაეხმარა მას, რომ დროთა განმავლობაში სიხარულით აღვსილიყო (ფსალმუნი 85:1, 4, 7). იეჰოვა დღესაც ამნაირადვე დაეხმარება თავის მსახურებს.
რადგან დეპრესიაში ყოფნა არ მიანიშნებს სულიერ მარცხსა თუ გონებრივ სისუსტეზე, ქრისტიანი, რომელიც ასეთ მდგომარეობაშია, არ უნდა დუმდეს უხერხულობის გამო. არამედ უნდა გადადგას ის ნაბიჯი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ბრძოლაში. რა არის ეს ნაბიჯი?
მოუყევი სხვებს შენი გრძნობების შესახებ
ქრისტიანი ამის შესახებ ვინმეს უნდა დაელაპარაკოს. იგავნის 12:25-ში ნათქვამია: „სადარდებელი კაცის გულს აღონებს, კეთილი სიტყვა კი ახალისებს“. სხვები ვერ გაიგებენ შენი გულის სადარდებელს, სანამ არ გაუმხელ. იმ გულისხმიერ ადამიანზე მინდობით, რომელსაც შენთვის დახმარების გაწევა შეუძლია, ალბათ, გაიგებ, რომ სხვებსაც ჰქონიათ იგივე გრძნობები და პრობლემები. გრძნობების სხვისთვის გაზიარება მკურნალია; მტკივნეული განცდების გამოხატვით მსუბუქდება გული და არა მათი გულში ჩაკვლით. ამიტომ, თუ დეპრესიით იტანჯები, შენი გრძნობები უნდა გაანდო მეუღლეს, მშობელს ან თანამგრძნობ და სულიერად გამოცდილ მეგობარს (გალატელთა 6:1).
მაგალითად, მარის პრობლემა (ეს ახალგაზრდა ქალი წლების მანძილზე დეპრესიით იტანჯებოდა) გარკვეულწილად იმაში მდგომარეობდა, რომ არავის უმხელდა თავის გრძნობებს, რომლებიც აწუხებდა. ამან ის, საბოლოოდ, დეპრესიაში ჩააგდო. „წლების მანძილზე ვმალავდი ჩემს გრძნობებს, — ამბობს ის, — სხვებს აზრადაც კი არ მოუვიდოდათ, რომ მე ასე ვიტანჯებოდი საკუთარი არასრულფასოვნების გრძნობასთან ჭიდილში“. მაგრამ მარი კრების უხუცესს გაენდო. უხუცესმა მისი გულიდან გონივრული კითხვებით ‘ამოხაპა’ წუხილი და საკუთარი თავის უკეთესად შეცნობაში დაეხმარა (იგავნი 20:5). საღვთო წერილზე დაფუძნებულმა მისმა კეთილმა სიტყვებმა, მარი ანუგეშა: „ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სხვებისგან დავიწყე დახმარების მიღება, რათა დამეძლია ის გარკვეული გრძნობები, რომლებიც დეპრესიაში მაგდებდა“, — ახსნა მარიმ.
გულისხმიერ უხუცესთან საუბარი შეიძლება სულიერად გამახალისებელი „წყალი“ აღმოჩნდეს მისთვის, ვისი ‘სულიც გამოფიტული მიწასავით’ არის (ესაია 32:1, 2; ფსალმუნი 142:6). გამჭრიახი მრჩეველი შეიძლება დაგეხმაროს კიდეც იმის დანახვაში, თუ რა პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგა, იმის გადასალახავად, რაც უიმედო მდგომარეობად გეჩვენება (იგავნი 24:6). მაგრამ გასაკეთებელი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სხვებთან განდობა.
პირადი ღირსების გაცნობიერება
თავის უღირსად მიჩნევა დეპრესიის გამომწვევი დიდი მიზეზია. შესაძლოა, არასახარბიელო ბავშვობის გამო, ზოგ ქრისტიანს თითქმის არ ჰქონდეს საკუთარი ღირსების გრძნობა. თუმცა წარსულში ფიზიკური, ემოციური ან სქესობრივი ძალადობის მსხვერპლად ყოფნა ჭრილობებს ტოვებს, ის ვერ ცვლის პიროვნების ღირსებას. ამიტომ უნდა ეცადო, გაწონასწორებული შეხედულება იქონიო შენს პიროვნულ ღირსებაზე. „თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, — მოგვიწოდებს მოციქული პავლე, — ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ იფიქრეთ თავმდაბლურად“ (რომაელთა 12:3). სიამაყის წინააღმდეგ ბრძოლისას უნდა ეცადო, რომ მეორე უკიდურესობაში არ ჩავარდე. ვისაც ღმერთთან აქვს ურთიერთობა, ძვირფასნი და სასურველნი არიან მისთვის, ვინაიდან ის არჩევს ხალხს, რომ მისი ‘გამზადებული საუნჯე’ გახდნენ. რა დიდებული პატივია! (მალაქია 3:17; ანგია 2:7).
აგრეთვე რამხელა პატივია მოწაფეების მომზადების ქრისტიანულ საქმიანობაში მონაწილეობით „ღვთის თანამშრომლად“ ყოფნა (1 კორინთელთა 3:9; მათე 28:19, 20). დეპრესიაში მყოფმა ბევრმა ქრისტიანმა აღმოაჩინა, რომ ამ საქმიანობამ სრულფასოვნების გრძნობა განუვითარა. „ქრისტიანიც რომ გავხდი, მაშინაც კი თავს დიდად უღირსად ვგრძნობდი,“ — აღიარებს მარი. მიუხედავად ამისა, ის შეუპოვრად აგრძელებდა ქადაგებას და ერთ დღესაც შეხვდა ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ცერებრული პრობლემები აწუხებდა და რომელმაც ითხოვა, მისთვის ბიბლია ესწავლებინათ. „მას მომთმენი ადამიანი ესაჭიროებოდა, რადგან ძნელად ითვისებდა, — ამბობს მარი, — იმის გამო, რომ მას დიდ დროს ვუთმობდი, ჩემი თავი და არასრულფასოვნება სულ დამავიწყდა. ის დახმარებას საჭიროებდა და მე მესმოდა, რომ იეჰოვას ძალით ეს მე უნდა გამეკეთებინა. მისმა მონათვლამ ენით გამოუთქმელი სიხარული მომანიჭა. ჩემში ღირსების გრძნობა გაიზარდა და სერიოზული დეპრესია მთლად გაქრა“. რაოდენ ჭეშმარიტია სიტყვები, რომ „ვინც სხვას არწყულებს, თავად დარწყულდება“! (იგავნი 11:25).
მაგრამ დეპრესიაში მყოფი ბევრი ადამიანი ისე ფიქრობს, როგორც, მაგალითად, მძიმედ დეპრესირებული ქრისტიანი ქალი, რომელმაც აღიარა: „თუმცა ძალიან ბევრს ვმუშაობ სახლის დასასუფთავებლად და საჭმლის მოსამზადებლად იმისათვის, რომ სტუმართმოყვარეობა გამოვავლინო, ხანდახან სრულიად ვიცვლები და ჩემს თითოეულ მცირე შეცდომას ძალიან კრიტიკულად ვუდგები“. ასეთი არაკეთილგონივრული ჩაციება საკუთარი თავისადმი პატივისცემას ძირს უთხრის. გახსოვდეთ, რომ ჩვენი ღმერთი გულისხმიერია და „არც სამუდამოდ იდავებს და არც საუკუნოდ გაწყრება“ (ფსალმუნი 102:8—10, 14). თუ იეჰოვა, რომელსაც ჩვენთან შედარებით უფრო მეტი სამართლიანობის გრძნობა აქვს, არ გვაცივდება ყველა პატარა ნაკლზე და ასეთი მოთმინების გამოვლენა სურს, განა ჩვენ ყველა ღონე არ უნდა ვიხმაროთ, რათა მას მივბაძოთ საკუთარ თავთან დამოკიდებულებაში?
ყოველ ჩვენგანს აქვს ნაკლოვანებები და სისუსტეები. მაგრამ ჩვენ ძალაც გვაქვს. მოციქული პავლე საკუთარი თავისგან ყოველ საქმეში სრულყოფილებას არ მოელოდა. „თუმცა უბირი ვარ სიტყვით, მაგრამ არა შემეცნებით“, — თქვა მან. პავლე არ მიიჩნევდა თავს არაფრის მაქნისად, იმის გამო, რომ კარგი ორატორი არ იყო (2 კორინთელთა 11:6, სსგ). მსგავსად ამისა, დეპრესიაში მყოფმა ადამიანებმა ყურადღება იმაზე უნდა გაამახვილონ, რასაც კარგად აკეთებენ.
„თვინიერებთან. . . სიბრძნეა“ ანუ მათთან, ვისაც გაცნობიერებული აქვს თავისი შესაძლებლობები და შეზღუდვები (იგავნი 11:2). თითოეულ ჩვენგანს განსხვავებული პირობები, ფიზიკური ამტანობა და შესაძლებლობები აქვს. თუ მთელი გულით ემსახურები იეჰოვას და აკეთებ იმას, რის ძალაც შენ შეგწევს, ის კმაყოფილია (მარკოზი 12:30—33). ღმერთი არ არის ისეთი პიროვნება, რომელიც ყოველთვის უკმაყოფილოა თავისი ერთგული მსახურების ძალისხმევით. ლეორამ, ქრისტიანმა, რომელმაც წარმატებით დასძლია დეპრესია, თქვა: „ზოგ რამეს სხვების მსგავსად კარგად ვერ ვაკეთებ, მაგალითად, შეთავაზებებს სამქადაგებლო მსახურებაში. მაგრამ ვცდილობ და ვაკეთებ ყოველივე იმას, რაც მე გამომდის“.
შეცდომებთან და უთანხმოებებთან გამკლავება
მაგრამ, თუ სერიოზული შეცდომა ჩაიდინე? შესაძლებელია, დავითის მსგავსად გრძნობდე თავს, რომელიც ‘მთელი დღე ნაღვლიანი დაიარებოდა’ თავისი შეცდომების, ანუ ცოდვის, გამო. მაგრამ იქნებ სწორედ ეს განცდა ცხადყოფს, რომ ძალიან ღრმად არ შეგიტოპავს და მიუტევებელი ცოდვა არ ჩაგიდენია! (ფსალმუნი 37:3—6, 8). დანაშაულის გრძნობა შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ შემცოდეს პატიოსანი გული და კარგი სინდისი აქვს. როგორ უნდა გაუმკლავდე დანაშაულის გრძნობას? პატიება სთხოვე ღმერთს და ნაბიჯები გადადგი გამოსასწორებლად? (2 კორინთელთა 7:9—11). თუ ასეა, როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებთ, რომ აღარ შევცოდოთ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ მის მოწყალებაში, ვინც მრავალგზის გვპატიებს (ესაია 55:7). თუ დაგსაჯეს, ‘სულით ნუ დაეცემი, როცა გამხელენ, რადგან ვინც უყვარს უფალს, მასვე ზრდის, [„წვრთნის“, კს]’ (ებრაელთა 12:5, 6, სსგ). ასეთ წვრთნას დახმარების მიზნით მიმართავენ, გზააბნეული ცხვრის მოსაბრუნებლად. ეს არ ამცირებს ადამიანის ღირსებას.
მაშინაც კი, თუ ჩვენი გული გვდებს მსჯავრს, არ უნდა დავასკვნათ, რომ იეჰოვა გვსჯის. „მის წინაშე დავიწყნარებთ გულს. ვინაიდან, თუ ჩვენი გული გვდებს მსჯავრს, ღმერთი ხომ ჩვენს გულზე დიდია და ყოველივე უწყის“ (1 იოანე 3:19, 20). იეჰოვა ჩვენს ცოდვებსა და შეცდომებზე უფრო მეტს ხედავს. მან იცის შემამსუბუქებელი გარემოებები, მოტივები, განზრახვები და მთელი ჩვენი ცხოვრება. უდიდესი ცოდნა მას საშუალებას აძლევ, თანაგრძნობით მოისმინოს ჩვენი გულწრფელი ლოცვები მიტევების შესახებ, როგორც ამას დავითის შემთხვევაში აკეთებდა.
სხვებთან უთანხმოება და მათთვის თავის მოწონებაზე მეტისმეტი ზრუნვაც განაპირობებს საკუთარი ღირსების შემცირებას და, შესაძლებელია, თავი გარიყულადაც კი იგრძნო. არასრულყოფილების გამო თანაქრისტიანები შეიძლება ისე გესაუბრებიან, რომ ეს საუბარი გულგრილი ან არასასიამოვნო გეჩვენება. მიუხედავად ამისა, ბევრი უთანხმოების მოგვარება შეიძლება, თუ თანაქრისტიანს აუხსნი, როგორ იმოქმედა მისმა შენიშვნამ შენზე (შეადარე მათე 5:23, 24). სოლომონმა აგრეთვე გვირჩია: „ყველა სიტყვას, რასაც ამბობენ, ყურს ნუ მიუგდებ“. რატომ? „რადგან ბევრჯერ გამოგიცდია, შენც რომ აგინებდი სხვებს“ (ეკლესიასტე 7:21, 22). არ ელოდო საკუთარი თავისგან ან სხვა არასრულყოფილი ადამიანისგან არარსებულ სრულყოფილებას. მაშინვე აპატიე და შეიწყნარე სხვები (კოლასელთა 3:13).
უფრო მეტიც, შენი ნამდვილი ღირსება, უმთავრესად, იმით არ განისაზღვრება, ეყვარები თუ არა სხვებს. იესოს ‘არად აგდებდნენ’ და ძალიან მცირედ ‘შეფასდა სხვებისგან’ (აქ) (ესაია 53:3; ზაქარია 11:13). შეცვალა ამან მისი ღირსება ან ღვთის თვალში მისი ფასი? იესოსავით სრულყოფილებიც რომ ვიყოთ, მაინც ვერ ვასიამოვნებთ ყველას.
ძალა ამტანობისთვის
ხანდახან სერიოზულმა დეპრესიამ შეიძლება დიდხანს გასტანოს მიუხედავად მის დასაძლევად გაწეული ჩვენი ძალისხმევისა. ემოციურმა ტკივილმა შეიძლება ზოგი ქრისტიანი იონას მსგავს დღეში ჩააგდოს: „ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია“ (იონა 4:1—3). მაგრამ მისი ემოციური ტკივილი მუდმივი არ იყო. მან ის დასძლია. ასე რომ, თუ დეპრესია შენს ცხოვრებას აუტანელს ხდის, გახსოვდეს, რომ ეს იმ გასაჭირის მსგავსია, რომელზეც პავლემ თქვა, რომ „დროებითია“ (2 კორინთელთა 4:8, 9, 16—18). მას ბოლო მოეღება! არც ერთი ვითარება არ არის უიმედო. იეჰოვა გვპირდება, რომ ‘ცხოველყოფს ტანჯულთა გულს’ (ესაია 57:15).
არასდროს შეწყვიტო ლოცვა, მაშინაც კი, თუ გეჩვენება, რომ ამაოდ ლოცულობ. დავითი ლოცულობდა: „ისმინე, უფალო, ვედრება ჩემი. . . მოგღაღადებ გულგათანგული: სიმაღლით ჩემთვის მიუწვდომელ კლდეზე წარმიძეხ“ (ფსალმუნი 60:2, 3). როგორ დაგვარწმუნებს ღმერთი ჩვენს ძალებში, რაც ჩვენი მხრივ მიუწვდომელი ჩანს? ეილინი, რომელიც წლების მანძილზე ებრძოდა დეპრესიას, ამბობს: „იეჰოვამ არ მომცა ფარ-ხმლის დაყრის ნება. ამან იმედი ჩამისახა, რომ, თუ განვაგრძობდი მცდელობას, იეჰოვაც განაგრძობდა ჩემს დახმარებას. ბიბლიური ჭეშმარიტების ცოდნამ, პირდაპირი გაგებით, სიცოცხლე შემინარჩუნა. სხვადასხვა საშუალებით — ლოცვით, მსახურებით, კრების შეხვედრებით, პუბლიკაციებით, ოჯახითა და მეგობრებით — იეჰოვამ მცდელობის გაგრძელების ძალა მომცა“.
ამგვარი უძლურება შენი რწმენის გამოცდად მიიჩნიე. „სარწმუნოა ღმერთი, — გვარწმუნებს მოციქული პავლე. — რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც მოგცემთ, რომ შესძლოთ გადატანა“ (1 კორინთელთა 10:13). დიახ, ღმერთი მოგცემს „აღმატებულ ძლიერებას“, რათა ნებისმიერ ემოციურ ტკივილს გაუძლო (2 კორინთელთა 4:7).
ახალი ქვეყნიერება, სადაც დეპრესია აღარ იქნება!
ღმერთი დაგვპირდა, რომ ზეციერი სამეფოს მეშვეობით ჩამოგვაშორებს დედამიწაზე არსებულ დეპრესიის გამომწვევ ყველა პირობას. მისი სიტყვა აცხადებს: „შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას, აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა. მხოლოდ იხარებთ და იმხიარულებთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე“ (ესაია 65:17, 18). ეს სიტყვები პირველად ძვ. წ. 537 წელს შესრულდა, მაშინ როდესაც ისრაელები გადასახლებიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. მისი ხალხი მაშინ მღეროდა: „თავი სიზმარში გვეგონება. მაშინ აივსება სიცილით პირი ჩვენი და ენა ჩვენი — გალობით“ (ფსალმუნი 125:1, 2). რამდენად უფრო დიდებული იქნება, როდესაც მალე ეს სასიხარულო წინასწარმეტყველება საბოლოოდ შესრულდება ღვთის ახალ ქვეყნიერებაში (2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:1—4).
ღვთის სამეფოს („ახალი ცა“) ქვეშევრდომობით ხალხის სამართლიან საზოგადოებას დედამიწაზე („ახალი მიწა“) დაუბრუნდება სრულყოფილი ემოციური, ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობა. არა იმიტომ, რომ ისინი ვერ შეძლებენ წარსულის გახსენებას, არამედ იმიტომ, რომ ყოველივე სასიამოვნოზე, რომელიც მაშინ ექნებათ, იფიქრებენ და გაიხარებენ და აღარ იქნება წარსულის სამწუხარო შემთხვევების გახსენებისა და მათზე ყურადღების გამახვილების საბაბი. წარმოიდგინე, რომ ყოველ დილით ნათელი გონებით იღვიძებ და გწადია, ყოველდღიურ საქმიანობას შეუდგე — დეპრესიული მდგომარეობა კი ხელს აღარ გიშლის.
რადგან ლოლა (რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ) ამაში სრულიად დარწმუნებული იყო, თქვა: „ყველაზე მეტად დამეხმარა იმის ცოდნა, რომ იეჰოვას სამეფო მოსპობს ამ პრობლემას. ვიცოდი, რომ დეპრესია მარადიულად არ გასტანდა“. დიახ, შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ მალე ღმერთი საბოლოოდ გაიმარჯვებს დეპრესიაზე!