-
კანონმდებელიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ღმერთს სხვა არც ერთი ერისთვის არ მიუცია დეტალურად ჩამოყალიბებული კანონთა კრებული. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ღმერთმა პირველ ადამიანს მისცა უნარი, ყოველმხრივ მართალი და სინდისიერი ყოფილიყო. შეცოდების შედეგად მიღებული არასრულყოფილებისა და ცოდვიანი ბუნების მიუხედავად, მაინც აშკარად ჩანდა, რომ ადამიანი შემოქმედის ანარეკლად და მსგავსებად იყო შექმნილი და სინდისიც გააჩნდა. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ სხვა ერებსაც ჰქონდათ ქმედების განმსაზღვრელი წესები და დადგენილებები, რომლებშიც გარკვეულწილად ღვთის სამართლიანი პრინციპები აისახებოდა.
ამ ფაქტს მოციქული პავლე ასე ხსნის: „ყველა, ვინც კანონის [ანუ ღვთის მიერ თავისი ხალხისთვის მიცემული კანონის] გარეშე სცოდავდა, კანონის გარეშე დაიღუპება; ხოლო ყველა, ვინც კანონს ექვემდებარებოდა და სცოდავდა, კანონით გასამართლდება. კანონის მომსმენნი კი არ არიან ღვთის წინაშე მართლები, არამედ კანონის შემსრულებელნი იქნებიან აღიარებულნი მართლებად. როცა უცხოტომელები, რომლებსაც კანონი არა აქვთ, თავიანთი ბუნებით ასრულებენ იმას, რაც კანონშია, ისინი, თუმცა კანონი არა აქვთ, თავიანთი თავის კანონი არიან. ისინი აჩვენებენ, რომ კანონის არსი გულებში უწერიათ. ამას მათთან ერთად მოწმობს მათი სინდისიც და საკუთარი აზრები ხან ბრალს სდებენ მათ, ხან ამართლებენ“ (რმ. 2:12—15). ასე რომ, არც ის ერები ითვლებოდნენ უცოდველად, რომლებიც ღმერთთან კანონიერი შეთანხმებით არ ყოფილან შეკრული. ისინიც მიზანს იყვნენ აცდენილნი, რადგან იეჰოვას სრულყოფილ ნორმებს არ შეესაბამებოდნენ (შდრ. რმ. 3:9).
-
-
ცოდვაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ცოდვა და კანონი. მოციქული იოანე წერდა, რომ „ვინც სცოდავს, უკანონობას სჩადის, ასე რომ, ცოდვა უკანონობაა“ (1ინ. 3:4); გარდა ამისა, „ყოველგვარი უმართლობა ცოდვაა“ (1ინ. 5:17). მეორე მხრივ, პავლე მოციქული საუბრობს მათზე, ვინც „კანონის გარეშე სცოდავდა“. ის დასძენს: „სანამ კანონი [მოსეს მეშვეობით გადაცემული] იქნებოდა, ცოდვა უკვე იყო ქვეყნიერებაში, მაგრამ როცა კანონი არ არსებობს, ცოდვა დანაშაულად არ ითვლება. მიუხედავად ამისა, სიკვდილი მეფობდა ადამიდან მოსემდე მათზეც, ვისაც არ ჩაუდენია ადამის დანაშაულის მსგავსი ცოდვა“ (რმ. 2:12; 5:13, 14). პავლეს სიტყვების გაგებაში კონტექსტი გვეხმარება; იმავე წერილში უფრო ადრე მან კანონის შეთანხმებას დაქვემდებარებულები შეადარა მათ, ვინც არ ექვემდებარებოდა ამ კანონს და აღნიშნა, რომ ორივე კატეგორიის ადამიანები ცოდვილები იყვნენ (რმ. 3:9).
ადამის შეცოდებიდან ძვ. წ. 1513 წელს კანონის შეთანხმების დადებამდე, დაახლოებით 2 500 წლის განმავლობაში, ადამიანებს არ ჰქონდათ ღვთისგან კანონთა სრული კრებული, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავდა ცოდვის სხვადასხვა ტიპსა და მის შედეგებს. წარღვნის შემდეგ ღმერთმა მითითებები მისცა ნოეს (დბ. 9:1—7), აბრაამს, მის სახლსა და უცხოელ მონებს წინადაცვეთის შეთანხმება დაუდო (დბ. 17:9—14), მაგრამ მხოლოდ ისრაელზე ამბობდა ფსალმუნმომღერალი, რომ ღმერთი „თავის სიტყვას ამცნობს იაკობს, თავის წესებსა და სამართალს — ისრაელს. სხვა არც ერთ ხალხს არ მოქცევია ასე. მისი სამართალი არ იციან მათ“ (ფს. 147:19, 20; შდრ. გმ. 19:5, 6; კნ. 4:8; 7:6, 11). ისრაელთან დადებული კანონის შეთანხმების თანახმად, „კაცი, რომელიც კანონის სიმართლეს ასრულებს, სიმართლით იცოცხლებს“ (თუმცა ამ კანონის სრულყოფილად დაცვა მხოლოდ უცოდველ ადამიანს შეეძლო, ისეთს, როგორიც ქრისტე იესო იყო) (რმ. 10:5; მთ. 5:17; ინ. 8:46; ებ. 4:15; 7:26; 1პტ. 2:22). ადამიდან მოყოლებული კანონის შეთანხმების დადებამდე არ არსებობდა კანონი, რომლის დაცვაც არასრულყოფილი ადამიანებისთვის შეუძლებელი იყო.
„თავიანთი ბუნებით ასრულებენ იმას, რაც კანონშია“. ის ფაქტი, რომ ადამიდან მოყოლებული მოსემდე არ არსებობდა კანონთა სრული კრებული, რომლის მიხედვითაც ესა თუ ის საქციელი განისჯებოდა, არ ნიშნავს იმას, რომ იმ დროს ადამიანები უცოდველი იყვნენ. რომაელების 2:14, 15-ში პავლე ამბობს: „როცა უცხოტომელები, რომლებსაც კანონი არა აქვთ, თავიანთი ბუნებით ასრულებენ იმას, რაც კანონშია, ისინი, თუმცა კანონი არა აქვთ, თავიანთი თავის კანონი არიან. ისინი აჩვენებენ, რომ კანონის არსი გულებში უწერიათ. ამას მათთან ერთად მოწმობს მათი სინდისიც და საკუთარი აზრები ხან ბრალს სდებენ მათ, ხან ამართლებენ“. ღვთის მსგავსებად შექმნილ ადამიანს აქვს ზნეობრიობის აღქმის უნარი, რომელიც მასში სინდისის ხმას აღვიძებს. პავლეს ნათქვამი ცხადყოფს, რომ არასრულყოფილ და ცოდვილ ადამიანს შერჩენილი აქვს სინდისი (იხ. სინდისი). ვინაიდან კანონი ძირითადად ქცევის წესს ნიშნავს, ზნეობრიობის აღქმის ეს უნარი მათ გულებში კანონივით მოქმედებს. თუმცაღა, ამ კანონთან ერთად ადამიანში მოქმედებს კიდევ ერთი თანდაყოლილი კანონი, „ცოდვის კანონი“, რომელიც ებრძვის სწორ მიდრეკილებებს და იმონებს მას, ვინც ამ კანონს წინააღმდეგობას არ უწევს (რმ. 6:12; 7:22, 23).
ზნეობრიობის აღქმის უნარისა და სინდისის არსებობაზე კაენის მაგალითიც მეტყველებს. მართალია, ღმერთს მისთვის მკვლელობის ამკრძალავი კანონი არ მიუცია, მაგრამ ღმერთისთვის არაპირდაპირ გაცემული მისი პასუხიდან გამოჩნდა, რომ აბელის მკვლელობის გამო ის სინდისმა დაქენჯნა (დბ. 4:8, 9). ებრაელმა იოსებმა დაამტკიცა, რომ ღვთის კანონი გულში ჰქონდა, როცა ფოტიფარის ცოლს მაცდურ წინადადებაზე ასეთი პასუხი გასცა: „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?!“ მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს იმ დროს არ ჰქონდა დადგენილი მრუშობის ამკრძალავი კანონი, იოსები მიხვდა, რომ ეს არასწორი საქციელი იყო და ეწინააღმდეგებოდა ედემში ღვთის მიერ გაცხადებულ ნებას (დბ. 39:7—9; შდრ. დბ. 2:24).
წმინდა წერილებიდან ვიგებთ, რომ პატრიარქალურ პერიოდში, აბრაამიდან მოყოლებული იაკობის 12 ვაჟით დამთავრებული, სხვადასხვა ერის ადამიანები იყენებდნენ სიტყვა „ცოდვას“ (ხატტათ), როცა დამქირავებლის (დბ. 31:36), ბატონის (დბ. 40:1; 41:9), ნათესავისა (დბ. 42:22; 43:9; 50:17) და მოძმის (დბ. 20:9) წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე ლაპარაკობდნენ. მათ ესმოდათ, რომ ცოდვა გავლენას ახდენდა იმ ადამიანთან ურთიერთობაზე, რომლის წინააღმდეგაც იყო ან შეიძლებოდა ყოფილიყო ჩადენილი ცოდვა. ისინი იმასაც აღიარებდნენ, რომ ვალდებულნი იყვნენ, პატივი ეცათ და არ წასულიყვნენ სხვისი, მაგალითად, მმართველის ინტერესების, ნებისა და ავტორიტეტის წინააღმდეგ. ამგვარად ცხადყოფდნენ, რომ მათ ჰქონდათ ზნეობრიობის აღქმის უნარი. მაგრამ დროთა განმავლობაში ცოდვამ იმძლავრა მათზე, ვინც არ ემსახურებოდა ღმერთს, ამიტომაც წერდა პავლე უცხოტომელებზე, რომ ისინი დადიოდნენ „გონებადაბნელებულნი და ღვთისგან მომდინარე სიცოცხლისგან გაუცხოებულნი ... ყველანაირად ზნედაცემულნი“ (ეფ. 4:17—19).
-