ბრძნულად მოვიქცეთ ქვეყნიერების მიმართ
„სიბრძნით მოიქეცით გარეშეთა მიმართ“ (კოლასელთა 4:5).
ადრინდელი ქრისტიანები, რომლებიც რომაული სამყაროს ქალაქებში ცხოვრობდნენ, გამუდმებით აწყდებოდნენ კერპთაყვანისმცემლობას, უზნეო სიამოვნებებისკენ სწრაფვას, წარმართულ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებს. ისინი, ვინც მცირე აზიის დასავლეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ კოლასეში ცხოვრობდნენ, უეჭველად, ხვდებოდნენ დედა-ქალღმერთისადმი თაყვანისცემასა და ადგილობრივ ფრიგიელთა სპირიტიზმს, ბერძენ ახალმოსახლეთა წარმართულ ფილოსოფიასა და ებრაული კოლონიის იუდაიზმს. პავლე მოციქული რჩევას აძლევდა ქრისტიანულ კრებას, რომ ‘ბრძნულად მოქცეულიყვნენ’ ასეთ „გარეშეთა მიმართ“ (კოლასელთა 4:5).
2 დღეს იეჰოვას მოწმეები ხვდებიან მსგავს და კიდევ უფრო მეტ არასწორ წეს-ჩვეულებებს. ამიტომ მათთვის აუცილებელია სიბრძნის გამომჟღავნება ურთიერთობებში გარეშეებთან, მათთან, ვინც არ მიეკუთვნება ჭეშმარიტ ქრისტიანთა კრებას. მრავალი ადამიანი, რომლებიც მიეკუთვნებიან რელიგიურ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს, ისევე როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მომსახურე პერსონალი, მათ საწინააღმდეგოდ გამოდის. ზოგიერთი მათგანი, პირდაპირი თავდასხმით ან, რაც უფრო ხშირად ხდება, — ირიბად, ცდილობს ჩირქი მოსცხოს იეჰოვას მოწმეთა რეპუტაციას და ხალხში გამოიწვიოს მათ შესახებ წინასწარშექმნილი აზრი. ზუსტად ისევე, როგორც ადრინდელი ქრისტიანები ითვლებოდნენ ფანატიკურ და საშიშ „სექტადაც“ კი, დღეს იეჰოვას მოწმეები წარმოადგენენ წინასწარშექმნილი ცუდი აზრებისა და არასწორი წარმოდგენების სამიზნეს (საქმე 24:14; 1 პეტრე 4:4).
ცრურწმენის დაძლევა
3 ჭეშმარიტი ქრისტიანები არ ელიან სიყვარულს ქვეყნიერებისგან, რომელიც, იოანე მოციქულის სიტყვების თანახმად, „ბოროტებაში წევს“ (1 იოანე 5:19). მიუხედავად ამისა, ბიბლია ქრისტიანებს წაახალისებს, ისწრაფონ იეჰოვასთვის ადამიანების მოპოვებისა და მისადმი სუფთა თაყვანისცემისკენ. ამას ვაკეთებთ უშუალო დამოწმებითა და აგრეთვე, ჩვენი კარგი ყოფაქცევით. პეტრე მოციქულმა დაწერა: „კარგი ქცევა გქონდეთ წარმართებში, რათა, რაზეც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, რაკი შეხედავენ თქვენს კარგ საქმეებს, ადიდონ ღმერთი მონახულების დღეს“ (1 პეტრე 2:12).
4 თავის წიგნში „აპატიე, მაგრამ ნუ დაივიწყებ“ (ინგლ.) მწერალი ქალი, სილვია სალვესენი, ჰყვება იეჰოვას მოწმეებზე, რომლებთანაც იყო ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში: „ორი მათგანი, ქეთი და მარგალიტა, და ბევრი სხვაც, ძალიან მეხმარებოდნენ არა მარტო თავიანთი რწმენით, არამედ პრაქტიკულადაც. მათ იშოვეს ყველაზე პირველი სუფთა ჩვრები ჩვენი ჭრილობებისთვის. . . ერთი სიტყვით, ჩვენ აღმოვჩნდით იმ ადამიანთა შორის, რომლებიც ჩვენთვის კეთილმოსურნენი იყვნენ და თავიანთ მეგობრულ გრძნობებს თავიანთი ქცევებით გვიჩვენებდნენ“. რა შესანიშნავი მოწმობაა „გარეშეებისაგან“.
5 გარეშეებთან ჩვენი ბრძნული ყოფაქცევით ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია წინასწარშექმნილი აზრის გასაფანტავად. მართალია, ჩვენ იმ დროში ვცხოვრობთ, როცა ჩვენი მმართველი მეფე, იესო ქრისტე, გამოყოფს ადამიანებს ერებიდან, „როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან“ (მათე 25:32). მაგრამ ნურასოდეს დაგვავიწყდება, რომ მსაჯული ქრისტეა; იგი წყვეტს, თუ ვინ არიან „ცხვრები“ და ვინ — „თხები“ (იოანე 5:22).
6 ამან გავლენა უნდა მოახდინოს ჩვენს ურთიერთობაზე მათთან, ვინც არ მიეკუთვნება იეჰოვას ორგანიზაციას. ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ესენი ამქვეყნიური ადამიანები არიან, მაგრამ ისინი არიან ნაწილი კაცობრიობის ქვეყნიერებისა, რომელიც „ისე შეიყვარა ღმერთმა. . . რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16). გაცილებით უკეთესია, ადამიანები მომავალ ცხვრებად მივიჩნიოთ, ვიდრე თავდაჯერებით გადავწყვიტოთ, რომ ისინი თხები არიან. ზოგიერთი მათგანი, ვინც ოდესღაც გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა ჭეშმარიტებას, ამჟამად იეჰოვასადმი თავდადებული მოწმეა. და ბევრი მათგანი, სანამ გამოეხმაურებოდნენ უშუალო დამოწმებას, მანამდე კეთილი საქმეებით იყვნენ მოპოვებულნი.
თავგამოდებულნი, მაგრამ არა აგრესიულნი
7 პაპმა იოანე პავლე II, როცა აკრიტიკებდა საერთოდ სექტებს, და განსაკუთრებით იეჰოვას მოწმეებს, თქვა: „თითქმის აგრესიული თავგამოდება, რომლითაც ზოგიერთები ეძებენ ახალ მიმდევრებს, დადიან კარდაკარ, ან ქუჩის კუთხეებში აჩერებენ გამვლელებს, არის სამოციქულო და მისიონერული ენთუზიაზმის სექტანტური ნაყალბევი“. შეიძლება დაისვას კითხვა: თუ ჩვენი მსახურება „სამოციქულო და მისიონერული ენთუზიაზმის ნაყალბევია“, მაშ, სად შეიძლება მახარობელთა ნამდვილი თავგამოდების ნახვა? რა თქმა უნდა, არც კათოლიკების, არც პროტესტანტების და არც მართლმადიდებლური ეკლესიების წევრთა შორის.
8 მიუხედავად ამისა, იმისათვის, რომ ნათელვყოთ ჩვენი დამოწმების აგრესიულობაში, ყველა ბრალდების სიცრუე ადამიანებთან მიდგომის დროს უნდა ვიყოთ ყოველთვის კეთილები, მოკრძალებულები და თავაზიანები. მოწაფე იაკობი წერდა: „ვინაა თქვენს შორის ბრძენი და გონიერი? კარგი საქციელით აჩვენოს თავისი საქმენი ბრძნული სიმშვიდით“ (იაკობი 3:13). პავლე მოციქული შეგვაგონებდა, რომ ვყოფილიყავით „მშვიდობისმოყვარენი“ (ტიტე 3:2). მაგალითად, იმის მაგივრად, რომ პირდაპირ დავგმოთ იმ ადამიანის მრწამსი, რომელსაც ვუმოწმებთ, რატომ არ უნდა გამოგვემჟღავნებინა გულწრფელი ინტერესი მის მიმართ ან მისი აზრის მიმართ? შემდეგ მოუყევი ბიბლიაში მოცემული კეთილი ცნობა. თუ ჩვენ დადებითად და ნამდვილი პატივისცემით მივუდგებით სხვა მრწამსის ადამიანებს, დავეხმარებით მათ, რომ უფრო კეთილი განწყობით მოგვისმინონ და, შესაძლოა, გაიგონ, თუ რარიგ მნიშვნელოვანია ბიბლიური ცნობა. ამის შედეგად, შეიძლება, ზოგიერთებმა „ადიდონ ღმერთი“ (1 პეტრე 2:12).
9 პავლე მოციქული ასეთ რჩევას იძლეოდა: „სიბრძნით მოიქეცით გარეშეთა მიმართ და გამოისყიდეთ დრო“ (კოლასელთა 4:5). ჯ. ბ. ლაიტფუტმა ეს ბოლო გამოთქმა ასე განმარტა: „ხელიდან არ გაუშვა იმის თქმის ან კეთების შესაძლებლობა, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ღმერთის საქმის წინ წაწევას“ (კურსივი ჩვენია). დიახ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ხელსაყრელ დროს ვიმოქმედოთ ან საჭირო სიტყვები ვთქვათ. ასეთი სიბრძნე მონახულებისთვის საჭირო დროის შერჩევასაც ნიშნავს. თუ ჩვენს ცნობას უარყოფენ, იმიტომ ხომ არ ხდება ეს, რომ ადამიანები მას არ აფასებენ, ან იქნებ იმის გამო, რომ ჩვენ, ალბათ, უდროოდ მივდივართ? პავლე, აგრეთვე, წერდა: „ყოველთვის მადლით იყოს თქვენი სიტყვა, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, როგორ უპასუხოთ თითოეულს“ (კოლასელთა 4:6). ამისათვის საჭიროა წინდახედულობა და მოყვასისადმი ჭეშმარიტი სიყვარული. დაე, ყოველთვის თავაზიანად დავამოწმოთ ცნობა სამეფოს შესახებ.
მოკრძალებულნი და „მზად მყოფნი ყოველგვარი კეთილი საქმისათვის“
10 ჩვენ არ შეგვიძლია კომპრომისზე წასვლა ბიბლიურ საკითხებთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, არ უნდა გავმართოთ უსარგებლო კამათი იმ საკითხების შესახებ, რომლებიც არ ეხება ქრისტიანულ უმწიკვლოებას. პავლე მოციქული წერდა: „შეახსენე მათ [კრეტაზე მცხოვრებ ქრისტიანებს] — დაემორჩილონ და მოუსმინონ მმართველობებს და ხელისუფლებებს, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისათვის. არავინ დაძრახონ, იყვნენ მშვიდობისმოყვარენი, შემწყნარენი, იჩენდნენ სიმშვიდეს ყველა ადამიანის მიმართ“ (ტიტე 3:1, 2). ბიბლიის მცოდნემ ე. ფ. სკოტმა, ამ ნაწყვეტის შესახებ დაწერა: „ქრისტიანები არა მარტო უნდა დამორჩილებოდნენ ხელისუფლებებს, არამედ მზად უნდა ყოფილიყვნენ ნებისმიერი კეთილი საქმისათვის. ეს. . . ნიშნავს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ქრისტიანები პირველთა შორის უნდა იყვნენ საზოგადოებრივ ინტერესებზე ზრუნვის გამოვლენაში. ხანძრების, უბედურებებისა და სხვადასხვა კატასტროფების დროს ყველა კეთილ მოქალაქეს თავისი მოყვასისთვის დახმარების გაწევა სურს“. მთელი მსოფლიოს ყოველ ნაწილში მრავალი კატასტროფა მოხდა და იეჰოვას მოწმეები დამხმარეთა შორის პირველები იყვნენ. ისინი ეხმარებოდნენ არა მარტო თავიანთ ძმებს, არამედ გარეშეებსაც.
11 ტიტეს მიმართ პავლეს წერილის ამავე ნაწყვეტში, აგრეთვე, ხაზგასმულია ხელისუფლებებისადმი პატივისცემით დამოკიდებულების მნიშვნელობა. ახალგაზრდა ქრისტიანები, რომლებიც ნეიტრალიტეტისადმი თავიანთი პოზიციის გამო მოსამართლეთა წინაშე წარსდგებიან, განსაკუთრებით ყურადღებიანები უნდა იყვნენ, რათა ბრძნულად მოიქცნენ გარეშეებთან. მათ მნიშვნელოვანწილად შეუძლიათ იეჰოვას მსახურთა რეპუტაციაზე ცუდი ან კარგი ზეგავლენის მოხდენა თავიანთი გარეგნობით, მანერებითა და იმით, თუ როგორ ელაპარაკებიან ხელისუფლების ამ წარმომადგენლებს. მათ უნდა ‘სათანადოდ მისცენ ყველას. . . ვისაც პატივი — პატივი’ და უპასუხონ ღრმა მოწიწებით (რომაელთა 13:1–7; 1 პეტრე 2:17; 3:15).
12 „ხელისუფლებებს“ მიეკუთვნებიან ადგილობრივი მთავრობის მოხელეებიც. ახლა, როცა სულ უფრო და უფრო მეტი სამეფო დარბაზები შენდება, ადგილობრივ ხელისუფლებებთან საქმიანი ურთიერთობა გარდაუვალია. ხშირად უხუცესები წინასწარშექმნილ აზრებს აწყდებიან. მაგრამ იქ, სადაც კრების წარმომადგენლებმა კარგი ურთიერთდამოკიდებულება დაამყარეს ხელისუფლებებთან და თანამშრომლობენ ქალაქის დაგეგმვის კომიტეტთან, ეს წინასწარშექმნილი აზრები შეიძლება აღმოიფხვრას. ხშირად ის ადამიანები, რომლებმაც ადრე არაფერი ან ცოტა რამ იცოდნენ იეჰოვას მოწმეებზე და მათი მოძღვრების შესახებ, კარგ დამოწმებას იღებენ.
‘თუ შესაძლებელია, ყველასთან მშვიდობიანად იყავით’
13 პავლემ შემდეგი რჩევა მისცა წარმართულ რომში მცხოვრებ ქრისტიანებს: „არავის არ მიუგოთ ბოროტისათვის ბოროტი; ეცადეთ კეთილი ყველა ადამიანის წინაშე. თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით. შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: ჩემია შურისგება და მე მივაგებ, ამბობს უფალი. ამიტომ თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე, ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე. არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ შენ სძლიე ბოროტს კეთილით“ (რომაელთა 12:17–21).
14 როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანები, გარეშეებთან ჩვენს ურთიერთობაში უსათუოდ ვაწყდებით მოწინააღმდეგეებს. ზემომოყვანილ ნაწყვეტში პავლე გვიჩვენებს, რომ კეთილგონივრული მოქმედებაა ოპოზიციის დაძლევა კეთილი საქმეებით. ცხელი ნაკვერჩხლების მსგავსად, ამ კეთილ საქმეებს შეუძლიათ მტრული დამოკიდებულების გალხობა და წინააღმდეგობის გამწევი ადამიანის მოპოვებაში ხელის შეწყობა, ისე რომ, ის უკეთესად მოექცევა იეჰოვას მსახურთ და შესაძლოა, დაინტერესდეს კიდეც კეთილი ცნობით. როდესაც ეს ხდება, ბოროტზე იმარჯვებს კეთილი.
15 გარეშეებთან ბრძნულად მოქცევა განსაკუთრებით საჭიროა იმ ოჯახებში, სადაც ერთ-ერთ მეუღლეს ჯერ კიდევ არ მიუღია ჭეშმარიტება. როცა ოჯახის წევრები ბიბლიურ პრინციპებს იცავენ, ხდებიან საუკეთესო ქმრები, ცოლები, საუკეთესო მამები, საუკეთესო დედები და შვილები, რომლებიც უფრო მორჩილები არიან და უკეთესადაც სწავლობენ სკოლაში. ურწმუნომ უნდა დაინახოს მორწმუნეზე ბიბლიური პრინციპების სასიკეთო გავლენა. ამგვარად, ღმერთისადმი თავმიძღვნილი ოჯახის წევრების მიერ ზოგიერთები „უსიტყვოდ იყვნენ შეძენილნი. . . ქცევით“ (1 პეტრე 3:1, 2; „ახალი თარგმანი“).
„სიკეთე მოვიმოქმედოთ ყველასთვის“
16 ყველაზე დიდი სიკეთე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ჩვენი მოყვასისთვის, ის არის, რომ ვაუწყოთ სიცოცხლის ცნობა და ვასწავლოთ იესო ქრისტეს მეშვეობით იეჰოვასთან შერიგების შესახებ (რომაელთა 5:8–11). ამიტომ, პავლე მოციქული გვეუბნება: „მაშ, მუდამ შევწიროთ მისი [ქრისტეს] საშუალებით ღმერთს ქების მსხვერპლი, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფი“ (ებრაელთა 13:15). პავლე დასძენს: „არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და გაზიარება; ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სასიამოვნოა ღმერთისათვის“ (ებრაელთა 13:16). გარდა დამოწმებისა, არ უნდა დავივიწყოთ „ქველმოქმედება“. ეს არის ღმერთისთვის სასიამოვნო მსხვერპლების განუყოფელი ნაწილი.
17 ჩვენ, ბუნებრივია, სიკეთეს ვაკეთებთ ჩვენი სულიერი ძმებისთვის, რომლებსაც, შესაძლოა, უჭირთ ემოციურად, სულიერად, ფიზიკურად ან მატერიალურად. პავლემ ამის შესახებ მიუთითა როცა წერდა: „მაშ, ვიდრე დრო გვაქვს, სიკეთე მოვიმოქმედოთ ყველასთვის და უფრო მეტად მათთვის, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალატელთა 6:10; იაკობი 2:15, 16). მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ სიტყვები: „სიკეთე მოვიმოქმედოთ ყველასთვის“. ნათესავისთვის, მეზობლისთვის ან თანამშრომლისთვის გაკეთებულ კეთილ საქმეს შეეძლო ძალიან დაგვხმარებოდა ჩვენს წინააღმდეგ მომართული წინასწარშექმნილი აზრების დამსხვრევასა და ჭეშმარიტების მისაღებად ადამიანის გულის გადახსნაში.
18 ამისათვის ჩვენთვის საჭირო არ არის გარეშეებთან ახლო მეგობრობის დამყარება. ასეთი ურთიერთობა პოტენციურად საშიშია (1 კორინთელთა 15:33). და არ უნდა ვილტვოდეთ ქვეყნიერებასთან მეგობრობისკენ (იაკობი 4:4). მაგრამ ჩვენს ქრისტიანულ სახიერებას შეუძლია ხელი შეუწყოს ჩვენს ქადაგებას. ზოგიერთ ქვეყანაში ადამიანებთან საუბარი მათ ბინებში უფრო და უფრო ძნელდება. ზოგიერთ სახლს აქვს დამცავი მოწყობილობა, რაც ხელს გვიშლის მობინადრეებთან შეხვედრაში. განვითარებულ ქვეყნებში შესაძლებელია ტელეფონით ქადაგება. უმეტეს ქვეყნებში შეიძლება ქუჩაში დამოწმება. მაგრამ ყველა ქვეყანაში თავაზიანობის, ზრდილობის, სიკეთისა და სხვებისთვის დახმარების სურვილის გამოვლენა წინასწარშექმნილი აზრების აღმოფხვრისა და კარგი დამოწმების შესაძლებლობებს იძლევა.
დავადუმოთ მოწინააღმდეგენი
19 იეჰოვას მოწმეები კაცთმაამებლები არ არიან, და არც ადამიანების ეშინიათ (იგავნი 29:25; ეფესელთა 6:6). მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა სამაგალითონი იყვნენ, იხდიან გადასახადებს და კარგი მოქალაქეები არიან, მათ მთლიანად გათვითცნობიერებული აქვთ, რომ მოწინააღმდეგენი გაავრცელებენ ღვარძლიან სიცრუეს და გაკიცხავენ (1 პეტრე 3:16). მათ ეს იციან, და ცდილობენ მიბაძონ დანიელს, რომლის შესახებაც მისმა მტრებმა თქვეს: „დანიელს ვერავითარ ბრალს ვერ ვუპოვნით, მისი საწინააღმდეგო მისივე ღმერთის რჯულში თუ არ ვიპოვეთო“ (დანიელი 6:6). ჩვენ, ადამიანთა გულის მოსაგებად, არასოდეს წავალთ კომპრომისზე ბიბლიურ პრინციპებთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, ჩვენ არ ვეძიებთ მოწამეობას. ჩვენ მშვიდობიან ცხოვრებას ვესწრაფვით და ყურად ვიღებთ მოციქულის რჩევას: „რამეთუ ასეთია ნება ღვთისა: რათა კეთილის ქმნით დაადუმოთ უგუნურ ადამიანთა უმეცრება“ (1 პეტრე 2:15).
20 ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ქვეყნიერებისგან განცალკევებულობის ჩვენი პოზიცია სავსებით შეთანხმებულია ბიბლიასთან. ის შეესაბამება პირველი საუკუნის ქრისტიანთა ისტორიას. ჩვენ გვამხნევებს იესოს სიტყვები: „ქვეყნიერებაზე ჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით. მე ვძლიე ქვეყნიერება“ (იოანე 16:33). ჩვენ არ გვაქვს შიში. „ცუდს ვინ გაგიკეთებთ, თუ კეთილის მოშურნე იქნებით? მაგრამ ნეტარ ხართ თქვენ, რომ იტანჯოთ კიდეც სიმართლისათვის. მათი შიშისა კი არ შეგეშინდეთ და ნურც დაღონდებით. წმიდაჰყავით ქრისტე, როგორც უფალი თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენს იმედში ანგარიშს მოგთხოვთ“ (1 პეტრე 3:13–15). ამის გაკეთებით, ჩვენ გავაგრძელებთ გარეშეებთან ბრძნულად მოქცევას.
გამეორება
◻ რატომ არის იეჰოვას მოწმეებისთვის აუცილებელი ბრძნულად მოქცევა გარეშეებთან?
◻ რატომ არ უნდა მოელოდნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ქვეყნიერებისგან სიყვარულს, მაგრამ რის გაკეთებას უნდა ცდილობდნენ?
◻ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ამქვეყნიურ ადამიანებთან და რატომ?
◻ რატომ უნდა ‘ვიქმოდეთ სიკეთეს’ არა მარტო ჩვენი ძმებისთვის, არამედ გარეშეებისთვისაც?
◻ როგორ გვეხმარება გარეშეებისადმი კეთილგონივრული მოქმედება ჩვენი დამოწმების საქმეში?
[სასწავლო კითხვები]
1. რას აწყდებოდნენ ადრინდელი ქრისტიანები და რა რჩევა მისცა პავლემ კოლასეს კრებას?
2. რატომ არის დღეს იეჰოვას მოწმეებისთვის აუცილებელი გარეშეებთან ბრძნული მოქცევა?
3, 4. ა) რატომ არ ეყვარება არასოდეს ქვეყნიერებას ჭეშმარიტი ქრისტიანები, მაგრამ რის გაკეთებას უნდა ვცდილობდეთ? ბ) რა თქვა იეჰოვას მოწმეთა შესახებ ერთმა მწერალმა ქალმა, რომელიც ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში იმყოფებოდა?
5, 6. ა) რა სამუშაოს ასრულებს ქრისტე ამჟამად და რა არ უნდა დავივიწყოთ? ბ) როგორი უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობა ამქვეყნიურ ადამიანებთან და რატომ?
7. როგორი კრიტიკა გამოთქვა პაპმა, მაგრამ რა შეკითხვის დასმა შეგვიძლია?
8. როგორ უნდა შევასრულოთ კარდაკარ დამოწმება და რა შედეგის იმედით?
9. როგორ შეგვიძლია პავლეს რჩევის გამოყენება: ა) კოლასელთა 4:5-დან; ბ) კოლასელთა 4:6-დან?
10. ა) რა რჩევა მისცა პავლე მოციქულმა კრეტაზე მცხოვრებ ქრისტიანებს? ბ) პავლეს მაგალითის მიყოლით, რანაირად იყვნენ სამაგალითონი იეჰოვას მოწმეები?
11, 12. ა) როგორ უნდა იქცეოდნენ ქრისტიანები ხელისუფლებების მიმართ? ბ) რა იგულისხმება ხელისუფლებებისადმი მორჩილებაში სამეფო დარბაზების მშენებლობასთან დაკავშირებით?
13, 14. რა რჩევა მისცა პავლემ რომში მცხოვრებ ქრისტიანებს, და როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება გარეშეებთან ჩვენს ურთიერთობებში?
15. განსაკუთრებით როდის უნდა ცდილობდნენ ქრისტიანები, რომ ბრძნულად მოიქცნენ გარეშეებთან?
16, 17. ა) როგორი მსხვერპლებია ღმერთისთვის სასიამოვნო? ბ) როგორ უნდა ‘მოვიმოქმედოთ სიკეთე’ ჩვენი ძმებისთვის და გარეშეებისთვისაც?
18. ა) რომელ საშიშროებებს უნდა ვერიდოთ? ბ) როგორ შეგვიძლია ჩვენი ქრისტიანული სახიერების გამოვლენა, რაც ხელს უწყობს დამოწმების საქმეს?
19. ა) რადგანაც ჩვენ ადამიანთა გულის მოგებას არ ვცდილობთ, რას უნდა ველოდეთ? ბ) როგორ უნდა ვესწრაფოთ, მივბაძოთ დანიელის მაგალითს და გამოვიყენოთ პეტრეს რჩევა?
20. ა) რაში ვართ დარწმუნებული და როგორ გაგვამხნევა იესომ? ბ) როგორ შევძლებთ გარეშეებთან ბრძნულად მოქცევის გაგრძელებას?