ბოროტის ძლევა
„რისთვის აგინებს ეს მკვდარი ძაღლი ჩემს მეფე-ბატონს? წავალ და თავს წავაცლი!“. ეს სიტყვები ისრაელის ჯარის სარდალ აბიშაის ეკუთვნის. ის რისხვით აინთო, როდესაც გაიგონა, როგორ წყევლიდა ბენიამინელი შიმყი მის ბატონს, მეფე დავითს (მეორე მეფეთა 16:5–9).
აბიშაი იზიარებდა დღესდღეობით საყოველთაოდ გავრცელებულ თვალსაზრისს, რომ ბოროტს ბოროტებით უნდა გადაუხადო სამაგიერო. დიახ, აბიშაის სურდა შიმყის დასჯა მეფე დავითისთვის მიყენებული შეურაცხყოფისთვის.
რას ფიქრობდა თვითონ დავითი ამის შესახებ? მან შეაჩერა აბიშაი და უთხრა: „თავი დაანებეთ“. მიუხედავად შიმყის ცილისმწამებლური ბრალდებისა, დავითმა მოთმინებით სძლია სამაგიეროს გადახდის ცდუნებას და ეს საქმე იეჰოვას მიანდო (მეორე მეფეთა 16:10–13).
როცა თავისი მეამბოხე ვაჟისგან გაქცეული დავითი სატახტო ქალაქს დაუბრუნდა, პირველი, ვინც მას შეეგება და პატიება სთხოვა, შიმყი იყო. ამის თვითმხილველმა აბიშაიმ კვლავ მოისურვა მისი მოკვლა, მაგრამ დავითმა არც მაშინ დართო ამის ნება (მეორე მეფეთა 19:16–24).
ამ შემთხვევაში დავითზე ღირსეულად შეიძლება იმავე სიტყვების თქმა, რომლებიც პეტრე მოციქულმა იესო ქრისტეს შესახებ დაწერა: „რომელსაც ლანძღავდნენ და ლანძღვით არ უპასუხებდა . . . არამედ მიენდო სიმართლით განმკითხველს“ (1 პეტრე 2:23).
დღეს ქრისტიანებსაც ეძლევათ რჩევა, იყვნენ ‘თავმდაბალნი, არ მიაგონ ბოროტს ბოროტით’ (1 პეტრე 3:8, 9). თუ მივბაძავთ დავითსა და იესო ქრისტეს, შევძლებთ ‘ვძლიოთ ბოროტს კეთილით’ (რომაელთა 12:17–21).