მარხვა
ყველანაირი საკვებისგან დროებით თავშეკავება. მარხვა ჩადენილი ცოდვის გამო სინანულისა და მონანიების მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო (1სმ. 7:6; იოლ. 2:12—15; იონ. 3:5). მარხულობდნენ, აგრეთვე, როცა დიდი საფრთხის, განსაცდელის ან ცდუნების წინაშე იდგნენ, ღვთისგან ხელმძღვანელობას საჭიროებდნენ, ან როცა ღვთის განზრახვას იკვლევდნენ და უფიქრდებოდნენ (2მტ. 20:3; ეზრ. 8:21; ესთ. 4:3, 16; მთ. 4:1, 2). მარხვის მიზანი იეჰოვას წინაშე თავის დამდაბლება იყო და არა თვითგვემა (ეზრ. 8:21; 9:5; შდრ. 1მფ. 21:27—29). იესომ 40 დღე იმარხულა, მოსესა და ელიას მსგავსად, რომლებიც გარდასახულ იესოსთან ერთად გამოჩნდნენ (მთ. 17:1—9; გმ. 34:28; კნ. 9:9; 1მფ. 19:7, 8).
მოსეს კანონში „მარხვა“ ნახსენები არ არის, თუმცა გამოსყიდვის დღესთან დაკავშირებული კანონი ხალხს თავის დამდაბლებისკენ მოუწოდებდა (ლვ. 16:29—31; 23:27; რც. 29:7). „თავის დამდაბლებაში“ მარხვა იგულისხმება, რასაც ესაიას 58:3, 5 და ფსალმუნის 35:13 ადასტურებს.
ესაიას 58-ე თავი აღწერს იმ პერიოდს, როცა იუდეველებმა ცოდვებით დაიმძიმეს თავი. მონანიების ნაცვლად მათ თავი ღვთის თაყვანისმცემლებად მოჰქონდათ — მხოლოდ ბაგეებით განადიდებდნენ ღმერთს და სხვების დასანახად იცავდნენ რელიგიურ წეს-ჩვეულებებს, მათ შორის მარხვებს. მათ ეგონათ, რომ ღმერთს აამებდნენ. მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ ასე ღვთის გულს ვერ მოიგებდნენ, გაიკვირვეს: „რისთვის ვმარხულობდით, თუკი არ გვხედავდი?! რისთვის ვიმდაბლებდით თავს, თუკი ყურადღებას არ გვაქცევდი?!“. იეჰოვამ უთხრა მათ მიზეზი: ისინი მარხულობდნენ, ღმერთს სამართლიან განაჩენს სთხოვდნენ და ისე იქცეოდნენ, თითქოს სიმართლეს მისდევდნენ, სინამდვილეში კი საკუთარ სიამოვნებასა და მოგებაზე ფიქრობდნენ, დავობდნენ, ჩაგრავდნენ და ძალადობდნენ. ისინი არ წუხდნენ თავიანთი ცოდვების გამო და არ ინანიებდნენ, შესაბამისად, მათი მარხვა არ იყო გულწრფელი. ისინი მოსაჩვენებლად მოთქვამდნენ დიდი ხმით, მაგრამ ხმას ვერ აწვდენდნენ ზეციერ ღმერთს. იეჰოვამ ასე დაგმო მათი თვალთმაქცობა: „განა ასეთი უნდა იყოს ჩემთვის სასურველი მარხვა, დღე, როცა კაცი თავს იმდაბლებს?! განა ეს დღე იმისთვისაა, რომ ლელქაშივით ხრიდეს ის თავს და ტახტივით იშლიდეს ჯვალოსა და ნაცარს?! ამას უწოდებ მარხვას და იეჰოვასთვის მისაღებ დღეს?!“ (ეს. 58:1—5).
ღმერთი მარხვას მაშინ მოიწონებს, თუ ადამიანი თავს დაანებებს ცოდვის ჩადენას. იეჰოვამ ესაია წინასწარმეტყველის მეშვეობით ამცნო ხალხს, როგორი უნდა ყოფილიყო მისთვის მისაღები მარხვა: „განა ეს არ არის ჩემთვის სასურველი მარხვა, რომ მოუშვათ ბოროტებით დადებული ბორკილები, გახსნათ უღლის თოკები, გაათავისუფლოთ დაჩაგრულები და გადატეხოთ უღელი?! განა იმისთვის არ არის, რომ პური გაუყო მშიერს და სახლში მიიყვანო დაჩაგრული და უსახლკარო, შიშველს თუ დაინახავ, ჩააცვა მას და არ დაემალო მას, ვინც შენი ხორცია?!“ (ეს. 58:6, 7).
ებრაელთა ოთხი ყოველწლიური მარხვა. ებრაელებს მრავალი მარხვა ჰქონდათ დაწესებული. იყო დრო, როცა ისინი წელიწადში ოთხჯერ მარხულობდნენ, სავარაუდოდ, იმ საბედისწერო მოვლენების სამგლოვიაროდ, რომლებიც ძვ. წ. VII საუკუნეში იერუსალიმის ალყასა და განადგურებას უკავშირდებოდა (ზქ. 8:19). ესენი იყო: 1) „მეოთხე თვის მარხვა“, რომელიც, როგორც ჩანს, ძვ. წ. 607 წლის 9 თამუზს ბაბილონელების მიერ იერუსალიმის გალავნის გარღვევას უკავშირდებოდა (2მფ. 25:2—4; იერ. 52:5—7), 2) „მეხუთე თვის მარხვა“, რომელიც, როგორც ჩანს, ებრაული კალენდრის მეხუთე, აბის თვეში ტაძრის განადგურების საგლოვად დაწესდა (2მფ. 25:8, 9; იერ. 52:12, 13), 3) „მეშვიდე თვის მარხვა“, რომელსაც, სავარაუდოდ, გედალიას სიკვდილის ხსოვნის ან გედალიას მკვლელობის შემდეგ იუდას მიწის სრული გაპარტახების სამახსოვროდ იცავდნენ. იმ დროს იუდას მიწაზე დარჩენილმა ებრაელებმა ბაბილონელთა შიშით ეგვიპტეს შეაფარეს თავი (2მფ. 25:22—26), 4) „მეათე თვის მარხვა“, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდა ბაბილონში მყოფ იუდეველთათვის იერუსალიმის დაცემის სამწუხარო ამბის უწყებას (შდრ. ეზკ. 33:21) ან ძვ. წ. 609 წელს მეათე თვის მეათე დღეს ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის ალყაში მოქცევას (2მფ. 25:1; იერ. 39:1; 52:4).
იუდეველების კითხვას — „ვიტირო მეხუთე თვეს და ვიმარხულო, რასაც მრავალი წელი ვაკეთებ?“ — იეჰოვამ ზაქარიას პირით უპასუხა: „როცა სამოცდაათი წელი მარხულობდით ... განა ჩემთვის მარხულობდით?!“. ღმერთმა დაანახვა მათ, რომ მარხვასთან ერთად მოითხოვდა მორჩილებას, სიმართლის და სამართლის ქმნას, მშვიდობასა და წრფელი გულით მსახურებას. თუ ასე მოიქცეოდნენ, მწუხარებით კი არ მოუწევდათ მარხვა და წარსულის გამო ვაგლახი, არამედ დღესასწაულების დროს გაიხარებდნენ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღორძინებითა და იეჰოვას მსახურებაში სხვების შემოერთებით (ზქ. 7:3—7; 8:16, 19, 23).
ქრისტიანული თვალსაზრისი მარხვაზე. იესომ ასეთი მითითება მისცა თავის მოწაფეებს: „როცა მარხულობთ, ნუღარ მიიღებთ დაღვრემილ სახეს თვალთმაქცებივით, რადგან ისინი სახეებს იღუშავენ, რათა სხვებს დაანახვონ, რომ მარხულობენ. ჭეშმარიტებას გეუბნებით: მათ უკვე სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი, როცა მარხულობ, თავზე ზეთი იცხე და პირი დაიბანე, რათა სხვებმა კი არ დაგინახონ, რომ მარხულობ, არამედ დაფარულში მყოფმა შენმა მამამ, და მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ“ (მთ. 6:16—18). იესომ აქ გადაკვრით მიანიშნა ფარისეველთა არაგულწრფელ მარხვაზე, რაზეც სხვა მაგალითშიც გაამახვილა ყურადღება (ლკ. 18:9—14). ფარისევლებს წესად ჰქონდათ კვირაში ორჯერ მარხვა — კვირის მეორე და მეხუთე დღეს (ლკ. 18:12).
პავლეს თქმით მარხვის ფორმალურად დამცველი იცავს შემდეგ დადგენილებას: „ნუ მიეკარები, გემოს ნუ გაუსინჯავ, ნუ შეეხები“. პავლე დასძენს: „ამ ყველაფერს მართლაც აქვს გარეგნული სიბრძნე თვითნებური თაყვანისმცემლობითა და მოჩვენებითი თავმდაბლობით, სხეულის დათრგუნვით, მაგრამ სრულიად უსარგებლოა ხორციელ სურვილებთან ბრძოლაში“ (კლ. 2:20—23).
დღეს ზოგიერთი ქრისტიანული რელიგია თავის მიმდევრებს მარხვის შენახვას სთხოვს, თუმცა ბიბლია ქრისტიანებს ამის გაკეთებას არ ავალდებულებს. როცა იესო თავის მოწაფეებს მარხვაზე ელაპარაკებოდა (მთ. 6:16—18), ის და მისი მოწაფეები ჯერ ისევ მოსეს კანონს ექვემდებარებოდნენ და იცავდნენ გამოსყიდვის დღესთან დაკავშირებულ მარხვას.
მათეს 17:21, რომელშიც მარხვაა ნახსენები, გვხდება ბიბლიის ქართული თარგმანების უმეტესობაში, თუმცა უძველეს და ცნობილ ხელნაწერებში ეს მუხლი საერთოდ არ მოიპოვება. რაც შეეხება მარკოზის 9:29-ში, საქმეების 10:30-სა და 1 კორინთელების 7:5-ში ნახსენებ „მარხვას“, ზემოხსენებულ ხელნაწერებში ეს სიტყვა არ გვხვდება.
ზოგის აზრით მათეს 9:15 ქრისტიანებს მარხვას ავალდებულებს. მაგრამ, აღსანიშნავია, რომ აქ იესო უბრალოდ იმ გლოვაზე ლაპარაკობს, რომელიც მის სიკვდილს მოჰყვებოდა. სანამ იესო თავის მოწაფეებთან იყო, მოწაფეებს სამარხულო არაფერი ჰქონდათ, მაგრამ როცა იესო მოკლეს, ისინი გლოვობდნენ და მარხულობდნენ. იესოს აღდგომის, განსაკუთრებით კი წმინდა სულის გადმოსვლის შემდეგ იესოს მოწაფეებს მარხვისა და გლოვის მიზეზი აღარ ჰქონდათ (მრ. 2:18—20; ლკ. 5:33—35). ქრისტიანებს არც უფლის სიკვდილისადმი მიძღვნილ საღამოს მოეთხოვებოდათ მარხვა, რაც კარგად ჩანს პავლე მოციქულის ნათქვამიდან უფლის სიკვდილის აღნიშვნამდე კრებაში ჭამა-სმის უმართებულობის შესახებ: „ნუთუ სახლები არა გაქვთ, რომ იქ ჭამოთ და სვათ? ... ამიტომ, ჩემო ძმებო, როცა საჭმელად [უფლის გახსენების საღამოს] შეიკრიბებით, ერთმანეთს დაელოდეთ. თუ ვინმე მშიერია, სახლში ჭამოს, რათა გასასამართლებლად არ შეიკრიბოთ“ (1კრ. 11:22, 33, 34).
მართალია, ქრისტიანული რწმენა მარხვის დაცვას არავის ავალდებულებდა, მაგრამ ცნობილია, რომ პირველი ქრისტიანები ზოგჯერ მარხულობდნენ. მაგალითად, როცა ბარნაბა და პავლე მცირე აზიაში საქადაგებლად განაწესეს, იმარხულეს და ილოცეს. გარდა ამისა, თითოეულ ახალ კრებაში უხუცესები ლოცვითა და მარხვით დანიშნეს (სქ. 13:2, 3; 14:23). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქრისტიანებს არც მოეთხოვებათ და არც ეკრძალებათ მარხვა (რმ. 14:5, 6).