ლუკას სახარება
18 შემდეგ მათ იგავს მოუყვა იმის დასანახვებლად, რომ ყოველთვის ელოცათ და არასოდეს დაეკარგათ მხნეობა:+ 2 «ერთ ქალაქში იყო ერთი მოსამართლე, რომელსაც ღვთისა არ ეშინოდა და პატივსაც არავის სცემდა. 3 იმავე ქალაქში ერთი ქვრივიც ცხოვრობდა, რომელიც მიდიოდა მასთან და სთხოვდა, მე და ჩემი მომჩივანი სამართლიანად განგვსაჯეო. 4 მოსამართლე თავიდან უარზე იდგა, მაგრამ მერე გულში თქვა: „ღვთისა არ მეშინია და პატივსაც არავის ვცემ, 5 მაგრამ, რაკი ამ ქვრივმა არ მომასვენა, გავუჩენ სამართალს, რომ აღარ მოვიდეს და აღარ შემიღონოს გული“».+ 6 შემდეგ უფალმა თქვა: „გაიგეთ, რა თქვა უსამართლო მოსამართლემ? 7 განა ღმერთი არ გაუჩენს სამართალს თავის რჩეულებს, რომლებიც დღედაღამ შეღაღადებენ,+ და მოთმინებით არ მოუსმენს მათ?+ 8 გეუბნებით: მალე გაუჩენს მათ სამართალს. მაგრამ, როცა მოვა კაცის ძე, პოვებს კი ამგვარ რწმენას დედამიწაზე?“
9 მათ, ვისაც მართლებად მოჰქონდათ თავი და სხვებს ზემოდან უყურებდნენ, ასეთ იგავს მოუყვა: 10 «ტაძარში სალოცავად ორი კაცი მივიდა: ფარისეველი და მებაჟე. 11 ფარისეველი იდგა და გულში ლოცულობდა: „გმადლობ, ღმერთო, რომ სხვებს არ ვგავარ, არ ვარ გამომძალველი, უპატიოსნო, მრუში, და არც ამ მებაჟეს ვგავარ. 12 კვირაში ორჯერ ვმარხულობ და ყოველი ჩემი შენაძენიდან მეათედს ვწირავ“.+ 13 მებაჟე კი მოშორებით იდგა, მაღლა ახედვასაც ვერ ბედავდა, მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: „ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი“.+ 14 გეუბნებით: ეს კაცი უფრო მართალი დაბრუნდა შინ, ვიდრე ის ფარისეველი;+ ასე რომ, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება».+
15 მიჰყავდა ხალხს ბავშვები* იესოსთან, რომ შეხებოდა, მოწაფეები კი უშლიდნენ.+ 16 იესომ მოიხმო ბავშვები და თქვა: „მოუშვით ჩემთან, ნუ უშლით, რადგან მაგათნაირებისაა ღვთის სამეფო.+ 17 ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღვთის სამეფოს, ვერ დაიმკვიდრებს მას“.+
18 ერთმა მმართველმა იესოს ჰკითხა: „კარგო მოძღვარო*, რა უნდა გავაკეთო, რომ მარადიული სიცოცხლე მივიღო?“+ 19 იესომ მიუგო: «რატომ მიწოდებ კარგს? არავინ არის კარგი, გარდა ერთისა, ღვთისა.+ 20 ხომ იცი მცნებები: „არ იმრუშო,+ არ მოკლა,+ არ იქურდო,+ არ გამოხვიდე ცრუმოწმედ,+ პატივი ეცი მამას და დედას?“»+ 21 მან უთხრა: „მაგ ყველაფერს ბავშვობიდან ვიცავ“. 22 იესომ მიუგო: „ერთი რამ გაკლია: გაყიდე ყველაფერი, რაც გაქვს, ღარიბებს დაურიგე და გექნება განძი ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი!“+ 23 ამ სიტყვებმა დიდად დაანაღვლიანა იგი, რადგან ძალიან მდიდარი იყო.+
24 იესომ შეხედა მას და თქვა: „როგორ გაუძნელდებათ მდიდრებს ღვთის სამეფოს დამკვიდრება!+ 25 აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სამეფოში!“+ 26 ამის გამგონეებმა თქვეს: „მაშ, ვინღა გადარჩება?!“+ 27 მან მიუგო: „რაც ადამიანისთვის შეუძლებელია, ღვთისთვის შესაძლებელია“.+ 28 პეტრემ უთხრა: „ჩვენ ყველაფერი დავტოვეთ და შენ გამოგყევით“.+ 29 მან მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ღვთის სამეფოს გულისთვის დატოვა სახლი ან ცოლი, ან ძმები, ან მშობლები, ან შვილები,+ 30 ბევრად მეტს მიიღებს ახლა, მომავალში* კი — მარადიულ სიცოცხლეს“.+
31 შემდეგ განზე გაიხმო თორმეტი მოციქული და უთხრა: „აი, მივდივართ იერუსალიმში და, რაც წინასწარმეტყველებს კაცის ძის შესახებ უწერიათ, ყველაფერი შესრულდება.+ 32 გადასცემენ მას უცხოტომელებს,+ მასხრად აიგდებენ,+ შეურაცხყოფენ, შეაფურთხებენ,+ 33 გაშოლტავენ და მოკლავენ,+ მაგრამ მესამე დღეს აღდგება“.+ 34 თუმცა ისინი ამ სიტყვების არსს ვერ ჩასწვდნენ, რადგან მისი ნათქვამი დაფარული იყო მათთვის და ვერ ხვდებოდნენ, რაზე ლაპარაკობდა.
35 იესო იერიხონს უახლოვდებოდა; გზის პირას ერთი უსინათლო იჯდა და მათხოვრობდა.+ 36 ხალხის ხმა რომ შემოესმა, იკითხა, რა ამბავიაო. 37 უთხრეს, იესო ნაზარეთელი მოდისო. 38 მაშინ მან დაიყვირა: „იესო, დავითის ძეო, შემიწყალე!“ 39 წინ მიმავალი ხალხი უწყრებოდა, გაჩუმდიო, ის კი უფრო მეტად ყვიროდა: „შემიწყალე, დავითის ძეო!“ 40 იესო შეჩერდა და ბრძანა, რომ ის კაცი მასთან მიეყვანათ. როცა მივიდა, იესომ ჰკითხა: 41 „რა გინდა, რომ გაგიკეთო?“ მან მიუგო: „თვალი ამიხილე, უფალო!“ 42 იესომ უთხრა: „აგეხილოს! შენმა რწმენამ განგკურნა“.+ 43 კაცს მაშინვე აეხილა თვალი; გაჰყვა+ იესოს და ღმერთს ადიდებდა. ამის შემყურე მთელი ხალხიც ადიდებდა ღმერთს.+