შეურაცხყოფა
დამსახურებულად ან დაუმსახურებლად ვინმეს ლანძღვა, შერცხვენა ან არაფრად ჩაგდება. ბერძნული სიტყვა ონიდისმოს (ან ონიდოს) და ებრაული სიტყვა ხერფაჰ ძირითადად ითარგმნა როგორც შეურაცხყოფა, სირცხვილი და ლანძღვა (შდრ. დბ. 30:23; ფს. 69:9; ლკ. 1:25; რმ. 15:3).
მდგომარეობიდან გამომდინარე, შეურაცხყოფის მიზეზი შეიძლებოდა სხვადასხვა ყოფილიყო. კანონის შეთანხმების ძალაში ყოფნის დროს ისრაელი მამაკაცისთვის წინადაუცვეთელობა სირცხვილად ითვლებოდა (შდრ. მსჯ. 14:3). ამიტომ, როცა იორდანეს გადაკვეთის შემდეგ უდაბნოში დაბადებული ყველა მამაკაცი წინადაცვითეს, იეჰოვამ განაცხადა: „დღეს ჩამოგაშორეთ ეგვიპტის სირცხვილი“ (იეს. 5:2—9). ფაქტები ცხადყოფს, რომ ეგვიპტელებიც იცავდნენ წინადაცვეთის ჩვეულებას, ამიტომ ეს სიტყვები შეიძლება იმაზე მიანიშნებდა, რომ ისინი ვეღარ შეურაცხყოფდნენ ისრაელებს ამდენი წინადაუცვეთელი მამაკაცის გამო (იერ. 9:25, 26; იხ. წინადაცვეთა). ამასთან, წინადაცვეთა იყო იეჰოვასა და აბრაამის შთამომავლებს შორის დადებული „შეთანხმების ნიშანი“ (დბ. 17:9—11). იმ ისრაელთა ახალი თაობის წინადაცვეთა, რომლებიც უდაბნოში გაიზარდნენ (იქ დაიხოცა ძველი თაობა), შეიძლება ადასტურებდა, რომ ღმერთთან მათი შეთანხმება ისევ ძალაში იყო. უდაბნოში 40-წლიანი ხეტიალის შემდეგ ღმერთმა მათ მიმართ წყალობა გამოავლინა — შეიყვანა აღთქმულ მიწაზე და მზად იყო, მის დაპყრობაში დახმარებოდა. ამიტომ ეგვიპტელთა მხრიდან იეჰოვას დაცინვა და შეურაცხყოფა, რომ ვითომდა მას არ შეეძლო ისრაელისთვის თავისი მიწა მიეცა, უსაფუძვლო აღმოჩნდა. ქრისტიანებს, იქნებოდნენ ისინი იუდეველები თუ უცხოტომელები, წინადაუცვეთელობა სირცხვილად არ ეთვლებოდათ, რადგან მათთან ახალი შეთანხმება იყო დადებული (რმ. 2:25—29; 3:28—30; 4:9—12; 1კრ. 7:18, 19).
ებრაელი ქალისთვის დიდხანს დაუქორწინებლობა და ქვრივობა (ეს. 4:1; 54:4), ან უშვილობა (დბ. 30:23; ლკ. 1:25) სირცხვილად ითვლებოდა. ამაში გარკვეულ როლს თამაშობდა აბრაამისთვის ღვთის მიერ მიცემული დაპირება, რომ მისი შთამომავლობა „ზღვის ქვიშასავით“ გამრავლდებოდა (დბ. 22:15—18; შდრ. 24:59, 60). ამის საპირისპიროდ, მოციქული პავლე აქებდა იმ მამაკაცებსა და ქალებს, რომლებიც ღვთისთვის მოუცდენლად მსახურების მიზნით არ ქორწინდებოდნენ, და ამბობდა, რომ მისი აზრით ქვრივი უფრო ბედნიერი იქნებოდა, თუკი ისე დარჩებოდა, როგორც იყო (1კრ. 7:25—28, 32—40; შდრ. მთ. 19:10—12).
ყოველთვის სირცხვილად ითვლებოდა ისეთი ცუდი საქმეები, როგორიცაა კერპთაყვანისმცემლობა, მრუშობა, ქურდობა, სხვა უზნეო საქციელი და ღვთისადმი ნებისმიერი სახის ორგულობა (2სმ. 13:13; იგ. 6:32, 33; რმ. 1:18—32; 2:17—24).
ღვთის კეთილგანწყობის მოპოვების მსურველმა არ უნდა შეურაცხყოს სხვები. მასზე, ვინც ღმერთთან სტუმრობას შეძლებდა კარავში, ფსალმუნმომღერალი წერდა: „ცუდს არაფერს უკეთებს თავის მეგობარს და თავის ახლობელს არ შეურაცხყოფს“, ანუ ისეთს არაფერს ამბობს თავის ახლობელზე, რაც სახელს გაუტეხდა მას (ფს. 15:1, 3). ის, ვინც რამეს გამოსტყუებს საწყალს ან დასცინებს, ან ღვთის მსახურებს ლანძღავს, ღმერთს შეურაცხყოფს (იგ. 14:31; 17:5; ფს. 74:18—23). საბოლოოდ, ასეთი ადამიანი უბედურებას მოიმკის (სფ. 2:8—10).
იეჰოვა დაადუმებს მისი ხალხის შეურაცხმყოფელთ. როცა ისრაელები უღვთო საქმეებს სჩადიოდნენ ან ცრუთაყვანისმცემლობას ეწეოდნენ, ისინი შეურაცხყოფდნენ იეჰოვა ღმერთს, რადგან ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდნენ, თითქოს იეჰოვას თაყვანისმცემლობა არაფრით განსხვავდებოდა სხვა ერების ღვთაებების თაყვანისმცემლობისგან (ეს. 65:7). ორგულობის გამო ღმერთმა უბედურება დაატეხა მათ და ისინი შერცხვნენ მეზობელ ხალხებში (ეზკ. 5:14, 15). ამ ხალხებს არ ესმოდათ, რომ ეს უბედურება ღვთის სასჯელი იყო, ამიტომ ფიქრობდნენ, რომ იეჰოვას არ შეეძლო ისრაელის ხსნა, რითაც კიდევ უფრო შეურაცხყოფდნენ მას. იეჰოვამ სამშობლოში დააბრუნა მომნანიებელი ისრაელები და შეურაცხყოფისგან განწმინდა თავისი სახელი (ეზკ. 36:15, 20, 21, 30—36).
ზოგ შემთხვევაში ისე ჩანს, თითქოს ღმერთს მიტოვებული ჰყავს თავისი ხალხი. ამ დროს ბევრი ფიქრობს, რომ ღმერთი არ იცავს და არ აკურთხებს თავის ხალხს, და მათ შეურაცხყოფას იწყებს (ფს. 31:9—11; 42:10; 74:10, 11; 79:4, 5; 102:8, 9; იოლ. 2:17—19). მაგრამ იეჰოვა საბოლოოდ დაიხსნის თავის ხალხს და დაადუმებს მათ შეურაცხმყოფელთ (ნემ. 1:3; 2:17; 4:4; 6:16).
ქრისტეს გულისთვის შეურაცხყოფის ატანა. იეჰოვას მსახურები მისი ნების შესრულების დროს მათგანაც ხვდებიან შეურაცხყოფას, ვისთანაც გაგზავნილები არიან. ასე ექცეოდნენ იერემიას (იერ. 6:10; 15:15—18; 20:8), იესო ქრისტესა (მთ. 27:44; მრ. 15:32; რმ. 15:3) და მის მიმდევრებს (ებ. 10:33). ქრისტეს გულისთვის შეურაცხყოფილ ადამიანს სიხარულის მიზეზი აქვს, რადგან ურყევი ერთგულება მას დიდ ჯილდოს მოუტანს (მთ. 5:11; ლკ. 6:22, 23) და ცხადყოფს, რომ მასზე ღვთის სულია დავანებული (1პტ. 4:14). ამიტომ ღვთის მსახურს შეურაცხყოფის არ უნდა ეშინოდეს. იეჰოვამ სიმართლის მცოდნეთ უთხრა: „ნუ შეგაშინებთ შეურაცხყოფა მოკვდავი ადამიანებისგან და თავზარს ნუ დაგცემთ მათი სალანძღავი სიტყვები“ (ეს. 51:7).
თუმცა იცოდა, რომ დიდი შეურაცხყოფის ატანა მოუწევდა, იესო ნებაყოფლობით დათანხმდა მამის ნების შესრულებაზე და წამების ბოძზე სამარცხვინო სიკვდილისთვისაც მზად იყო (ეს. 53:3—7; ინ. 10:17, 18; ებ. 12:2; 13:12, 13). სხვებისთვის სიკეთის კეთებისას ის საკუთარ სიამოვნებას არ ეძებდა და შეურაცხყოფას იტანდა იმ ადამიანებისგან, რომლებიც სიტყვითა და საქმით შეურაცხყოფდნენ იეჰოვა ღმერთს. ამას გულისხმობდა მოციქული პავლე, როცა სულიერად სუსტებისადმი სწორ დამოკიდებულებაზე წერდა: «ჩვენ, ძლიერებმა, საკუთარ თავს კი არ უნდა ვასიამოვნოთ, არამედ უძლურთა სისუსტეები უნდა ვატაროთ. თითოეულმა ჩვენგანმა ასიამოვნოს თავის მოყვასს ყველაფერში, რაც სასიკეთოა მის აღსაშენებლად, რადგან არც ქრისტე ფიქრობდა საკუთარ სიამოვნებაზე, არამედ, როგორც დაწერილია: „შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა“» (რმ. 15:1—3). რომაელების მე-14 თავში პავლე საუბრობს ზოგი ქრისტიანის სისუსტეზე, რომელთაც სინდისი ქენჯნიდა გარკვეული საკვების მიღებისა და ზოგიერთი დღის აღნიშვნის გამო და ამბობს, რომ კი არ უნდა დაებრკოლებინათ ისინი, არამედ უნდა აღეშენებინათ. როგორც ჩანს, პავლე იმას გულისხმობდა, რომ მათ, ვისაც გაგების უნარი, მტკიცე რწმენა და ძლიერი სინდისი ჰქონდა, ზოგჯერ უარი უნდა ეთქვათ საკუთარ უფლებებზე, რაც ყოველთვის ადვილი არ იქნებოდა. მიუხედავად ამისა, მათ ქრისტეს მსგავსად უნდა ეტარებინათ (დედანში ეს ზმნა ტვირთის ტარებასაც ნიშნავს და რაიმეს მოთმენას ან ატანასაც [შდრ. გლ. 6:2; გმც. 2:2]) სხვების სისუსტეების გამო დაკისრებული ტვირთი (შდრ. მთ. 17:17—20 და მოსეს სიტყვები რც. 11:10—15-დან). ამასთან, ღვთის კეთილგანწყობის, კურთხევებისა და ჯილდოს მიღებისკენ სწრაფვაში ძლიერმა ქრისტიანებმა სულიერად სუსტები ზედმეტ ტვირთად არ უნდა მიიჩნიონ, რადგან უყურადღებოდ და დახმარების გარეშე მიტოვებული სუსტები ადვილად შეიძლება აღმოჩნდნენ სატანის მახეში (შდრ. 1კრ. 9:19—23; 10:23—33).
ნუ გახდებით შეურაცხყოფილნი ბოროტმოქმედების გამო. თუმცა ქრისტიანი ელის, რომ სიმართლის გულისთვის შეურაცხყოფას მიაყენებენ, მან არ უნდა იტანჯოს „როგორც მკვლელმა ან ქურდმა, ბოროტმოქმედმა ან სხვის საქმეში ჩამრევმა“ (1პტ. 4:15, 16). კრების ზედამხედველად მსახურება რომ შეძლოს, ქრისტიან მამაკაცს „კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეებისგან, რათა საყვედური [სიტყვასიტყვით შეურაცხყოფა, შერცხვენა; ბერძ. ონიდისმოს] არ დაიმსახუროს“. ამის წყალობით გარეშეებს არ ექნებათ მიზეზი, ცუდი ილაპარაკონ კრების ზედამხედველებზე და შეურაცხყონ ჭეშმარიტი ქრისტიანები კრების პასუხისმგებელი პირის საქციელის გამო (1ტმ. 3:7).