იეჰოვასადმი შიშში სიხარულის პოვნის სწავლა
„მოდით, შვილებო, მომისმინეთ: უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ“ (ფსალმუნი 33:12).
1. როგორ აღმოიფხვრება შიში ღმერთის სამეფოს მმართველობით და ნიშნავს თუ არა ეს, რომ ყველანაირი შიში აღმოიფხვრება?
ძალადობისა და კრიმინალის წინაშე შიში, შიში უმუშევრობის გამო, შიში სერიოზული ავადმყოფობების მიმართ — ადამიანებს სწყურიათ ასეთი შიშისგან გათავისუფლება. რაოდენ დიდებული იქნება ის დღე, როდესაც ღმერთის სამეფოს მმართველობის დროს რეალობა იქნება თავისუფლება! (ესაია 33:24; 65:21–23; მიქა 4:4). მაგრამ იმ დროს არ აღმოიფხვრება ყველანაირი შიში, ჩვენ არც კი უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში გავაქარწყლოთ შიშის ყველანაირი გრძნობა. არსებობს სასარგებლო შიში და საზიანო შიში.
2. ა) როგორი შიში არის საზიანო და რომელი შიშია სასურველი? ბ) რა არის ღვთის მიმართ შიში და როგორ არის ეს მოხსენიებული მითითებულ მუხლებში?
2 შიში შეიძლება გონების მომწამლავი იყოს, შიშით პიროვნების აზროვნების უნარის პარალიზება ხდება. მას შეუძლია ძირი გამოუთხაროს მხნეობას და იმედები დაანგრიოს. მოსალოდნელია, ასეთი შიში დაეუფლოს მას, ვისაც ფიზიკური საშიშროება ემუქრება მტრისგან (იერემია 51:30). შიში შეიძლება განიცადოს მან, ვინც მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ გავლენიანი პიროვნების თვალში მოწონება დაიმსახუროს (იგავნი 29:25). მაგრამ არსებობს სასარგებლო შიში, რომელიც გვეხმარება, რომ უკან დავიხიოთ უგუნურებისაგან, რათა ზიანი არ მივაყენოთ საკუთარ თავს. ღვთისადმი შიში კი უფრო მრავლისმომცველია. ეს არის იეჰოვას მიმართ მოკრძალებული შიში, ღრმა პატივისცემა, რომელსაც თან ახლავს სასარგებლო შიში, ვაითუ ვერ ვასიამოვნო ღმერთს (ფსალმუნი 88:8). ამ შიშს, — ვაითუ ვერ ვასიამოვნოთ ღმერთს, — იწვევს მადლიერების გრძნობა ღმერთის სიყვარულით აღსავსე სიკეთისა და დიდსულოვნების მიმართ (ფსალმუნი 5:8; ოსია 3:5). ეს ასევე ნიშნავს ვიცოდეთ, რომ იეჰოვა არის უზენაესი მოსამართლე და ყოვლისშემძლე, რომელსაც აქვს ძალაუფლება, სასჯელი დაატეხოს თავს, სიკვდილითაც დასაჯოს ისინი, რომლებიც უარყოფენ მისადმი მორჩილებას (რომაელთა 14:10–12).
3. რით განსხვავდება იეჰოვასადმი შიში იმ შიშისგან, რომელიც წარმართული ღმერთებისადმი ჰქონდათ ადამიანებს?
3 ღვთისადმი შიში არის სასარგებლო და არა — საზიანო. ეს პიროვნებას აძლევს სურვილს, რომ მტკიცე იყოს სამართლიანობისთვის და არასწორი მოქმედებით კომპრომისზე არ წავიდეს. ეს შიში არაფრითაა დაკავშირებული ძველი ბერძნების ღმერთთან, რომელსაც „ფობოსს“ უწოდებდნენ და რომელიც დამღუპველ ღვთაებას განასახიერებდა და ადამიანებში იწვევდა ძრწოლას. არც იმ შიშს ჰგავს, რომელიც დაკავშირებულია ინდუსების ქალღმერთთან, იმ ღვთაებასთან, რომელსაც „ქალის“ უწოდებდნენ და რომელიც ერთ დროს წარმოსახული იყო, როგორც გვამებით, გველებითა და ადამიანის თავის ქალებით შემკული სისხლმოწყურებული ღმერთი. ღვთისადმი შიში მიმზიდველია; ის არ იწვევს ზიზღს. ის მჭიდროდ არის დაკავშირებული სიყვარულსა და მადლიერებასთან. ამგვარად, ღვთისადმი შიში გვაახლოებს იეჰოვასთან (მეორე რჯული 10:12, 13; ფსალმუნი 2:11).
რატომ აქვს ზოგიერთს, სხვებს კი — არა
4. როგორც პავლე მოციქულმა აღწერა, რა მდგომარეობამდე მივიდა კაცობრიობა და რა არის ამის მიზეზი?
4 კაცობრიობას, როგორც ერთ მთლიანობას, არ ახასიათებს ღვთისადმი შიში. რომაელთა 3:9–18 მუხლებში პავლემ აღწერა ის, თუ რამდენად ჩამოშორდა ადამიანი თავდაპირველ სრულყოფილებას. მას შემდეგ, რაც პავლემ აღნიშნა, რომ ყველა ცოდვილია, მოიყვანა ციტატა ფსალმუნებიდან: „არავინ არის მართალი“ (იხილე ფსალმუნი 13:1). შემდეგ პავლემ დაწვრილებით ისაუბრა იმ ადამიანთა გულგრილობაზე, რომლებიც არ ეძებენ ღმერთს და რომლებსაც თითქმის არ ახასიათებთ სიკეთე, წყევლას არ იშურებენ და სისხლის ღვრისკენ ისწრაფიან. რაოდენ ზუსტად შეესაბამება ეს სიტყვები დღევანდელ ქვეყნიერებას! ადამიანთა უმრავლესობას არ აინტერესებს ღმერთი და ღმერთის განზრახვები. მათი მოჩვენებითი სიკეთე, ძალიან ხშირად, ჩანს იმ შემთხვევაში, როდესაც რაღაც მიზნისკენ ისწრაფიან. მათ ჩვეულებრივად მიაჩნიათ სიცრუე და უხამსი საუბარი. სისხლისღვრის შესახებ მხოლოდ საინფორმაციო საშუალებებში არ არის ლაპარაკი, ის გასართობ პროგრამებშიცაა. რა არის ასეთი ვითარების გამომწვევი მიზეზი? ფაქტია, რომ ყოველი ჩვენგანი ცოდვილი ადამის შთამომავალია, მაგრამ როდესაც ადამიანებმა საკუთარი ცხოვრების გზად სწორედ ის აირჩიეს, რაც პავლემ მოიხსენია, მაშინ ეს საკითხი უფრო მრავლის მომცველია. ამას განმარტავს მე-18 მუხლი: „ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ“ (იხილე ფსალმუნი 35:2).
5. რატომ აქვს ზოგიერთ ადამიანს ღვთისადმი შიში იმ დროს, როდესაც ზოგს არა აქვს?
5 მაგრამ რატომ მოხდა ისე, რომ ზოგიერთ ადამიანს აქვს ღვთის მიმართ შიში, ზოგს კი — არა? პასუხი სავსებით მარტივია, იმიტომ რომ, ზოგიერთი ადამიანი ავითარებს საკუთარ თავში ამ შიშს, ხოლო ზოგი — არა. არცერთი ჩვენგანი არ დაბადებულა ამ გრძნობით, არამედ თითოეულ ჩვენგანს აქვს შიშის განვითარების უნარი. ღვთის მიმართ შიში არის ზუსტად ის, რაც უნდა ვისწავლოთ. იმისთვის, რომ ღვთის მიმართ შიში იყოს მძლავრი აღმძვრელი ძალა, უნდა განვავითაროთ ის.
გულში ჩამწვდომი მოწვევა
6. ვინ გვთავაზობს მოწვევას, რომელიც ჩაწერილია ფსალმუნის 33:12-ში და როგორ გვიჩვენებს ეს მუხლი, რომ ღვთისადმი შიშის სწავლა აუცილებელია?
6 რომ ვისწავლოთ იეჰოვასადმი შიში, გულში ჩამწვდომ მოწვევას გვთავაზობს 33-ე ფსალმუნი. ეს არის დავითის ფსალმუნი. ვისი წინასახეობა იყო დავითი? — უფლის, იესო ქრისტესი. წინასწარმეტყველება, რომელიც მოციქულმა იოანემ განსაკუთრებით მოიხსენია იესოსთან დაკავშირებით, ჩაწერილია ამ ფსალმუნის 21-ე მუხლში (იოანე 19:36). დღეს იესო ქრისტე გვიწვევს სწორედ იმ სიტყვების მსგავსად, რომელიც ჩაწერილია მე-12 მუხლში: „მოდით, შვილებო, მომისმინეთ: უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ“. ეს ნათლად გვიჩვენებს, რომ ღვთისადმი შიში არის ის, რისი სწავლაც შეიძლება და იესო ქრისტეს შესწევს შესანიშნავი უნარი, გვასწავლოს. რატომ?
7. მხოლოდ იესო ქრისტე რატომ არის ის პიროვნება, ვისგანაც უნდა შევისწავლოთ ღვთისადმი შიში?
7 იესო ქრისტემ იცის ღვთისადმი შიშის მნიშვნელობა. ებრაელთა 5:7-ში მის შესახებ ნათქვამია: „მან თავის ხორცში ყოფნის დღეებში ძლიერი ღაღადით და ცრემლებით შესწირა ლოცვა და ვედრება მას, სიკვდილისაგან მისი დახსნის შემძლეს, და შესმენილ იქნა იგი ღვთისმოშიშების გამო“. ღვთისადმი ასეთი შიში იყო სწორედ ის თვისება, რომელიც იესო ქრისტემ გამოავლინა იმ დროს, სანამ წამების ძელზე გააკრავდნენ, მაშინ, როდესაც სიკვდილს თვალებში უყურებდა. გაიხსენე, რომ იგავნის მერვე თავში ღმერთის ძე აღწერილია, როგორც სიბრძნის განსახიერება. ასევე იგავნის 9:10 გვეუბნება: „უფლის შიში სიბრძნის სათავეა“. ასე რომ, ღვთისადმი შიში ღმერთის ძის პიროვნების განუყოფელი ნაწილი იყო ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, სანამ დედამიწაზე მოვიდოდა.
8. რას ვსწავლობთ ღვთისადმი შიშის შესახებ ესაიას 11:2, 3-ში ჩაწერილი სიტყვებით?
8 უფრო მეტიც, იესოს, როგორც მესია მეფის შესახებ ესაიას 11:2, 3-ში ნათქვამია: „დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და უფლის შიშისა. ის უფლის შიშით ისულდგმულებს“. რაოდენ მშვენივრადაა ეს სიტყვები გამოხატული! იეჰოვასადმი შიში არ არის უსიამოვნო. ის არის სასარგებლო და აღმშენებლობითი. ეს არის თვისება, რომელიც ქრისტეს მეფობის დროს მის სამფლობელოში ყველას ექნება. ამჟამად იესო მეფობს და თავის ქვეშევრდომებს აძლევს მითითებებს, რომ ჰქონდეთ იეჰოვას მიმართ შიში. როგორ?
9. როგორ გვასწავლის იესო ქრისტე იეჰოვასადმი შიშს და რა სურს, რომ ვიცოდეთ ამ საკითხის შესახებ?
9 იესო ქრისტე, როგორც კრების თავი და მესია მეფე, კრებებისა და კონგრესების მეშვეობით გვეხმარება, რომ ნათლად გავიგოთ, თუ რა არის ღვთისადმი შიში და რატომ არის ასე სასარგებლო. ამგვარად, ამისთვის ის ცდილობს გააღრმაოს ჩვენი მადლიერება, რომ იეჰოვასადმი შიშში ვისწავლოთ სიხარულის პოვნა, სწორედ ისე, როგორც იესო პოულობდა.
მოახმარ თუ არა მთელ ძალისხმევას?
10. როდესაც ვესწრებით ქრისტიანულ კრებას, რა უნდა გავაკეთოთ, თუ გვინდა, რომ ჩავწვდეთ იეჰოვას მიმართ შიშს?
10 რასაკვირველია, მხოლოდ ბიბლიის კითხვა და სამეფო დარბაზებში კრებებზე დასწრება არ არის იმის საწინდარი, რომ გვქონდეს ღვთისადმი შიში. ყურადღება მიაქციე იმას, რა უნდა გავაკეთოთ, თუ ნამდვილად გვსურს ჩავწვდეთ ღვთისადმი შიშს. იგავნის 2:1–5 მუხლებში ნათქვამია: „შვილო, რომ მიიღებდე ჩემს სიტყვებს და ჩემს მცნებებს დაიცავდე, ყური რომ გქონდეს სიბრძნისაკენ მიპყრობილი და გული გონიერებისკენ გეწეოდეს, რომ მოუწოდებდე ჭკუას და გონებას გააღვიძებდე. რომ ვერცხლივით მისი შოვნის წადილი გქონდეს და განძივით დაუწყებდე ძებნას. მაშინ შეიგნებ უფლის შიშს და მოიპოვებ ღვთისშემეცნებას“. ასე რომ, როდესაც ვესწრებით კრებებს, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რაც კრებაზე ითქმება და მთელი ძალისხმევა მოვახმაროთ, რომ დავიმახსოვროთ ძირითადი აზრები, ასევე ღრმად უნდა დავუფიქრდეთ, რომ რასაც ვგრძნობთ იეჰოვას მიმართ, როგორ ზეგავლენას უნდა ახდენდეს მოცემული რჩევისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე — დიახ, უნდა გავხსნათ გულები. და მაშინ მივხვდებით იეჰოვას მიმართ შიშის აზრს.
11. რა უნდა გავაკეთოთ გულწრფელად და ხშირად, რომ განვავითაროთ ღვთის მიმართ შიში?
11 ფსალმუნის 85:11 სხვა მნიშვნელოვან მხარეზე ამახვილებს ყურადღებას, ეს არის ლოცვა. ფსალმუნმომღერალი ლოცულობდა: „დამაყენე, უფალო, შენს გზაზე; ვივლი შენი ჭეშმარიტებისამებრ. წარმართე [გააერთიანე, აქ] ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით“. იეჰოვამ მოიწონა ეს ლოცვა და ამიტომაც ჩააწერინა ბიბლიაში. ღვთის მიმართ შიში რომ განვავითაროთ, იეჰოვას ლოცვით უნდა ვთხოვოთ დახმარება და კურთხეული ვიქნებით, თუ გულწრფელად და ხშირად ვილოცებთ (ლუკა 18:1–8).
მნიშვნელოვანია გული
12. რატომ უნდა მიექცეს გულს განსაკუთრებული ყურადღება და რას ნიშნავს ეს?
12 არსებობს კიდევ ის, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ ფსალმუნის 85:11-ში. ფსალმუნმომღერალი არ ითხოვდა ღვთისადმი შიშის მხოლოდ გონებით აღქმას. მან მოიხსენია გულიც. ჩვენში ღვთის მიმართ შიშის განვითარებისთვის ასევე აუცილებელია სიმბოლური გული, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგან ის შინაგანი პიროვნებაა, რაც ვლინდება ცხოვრებისეულ საქმიანობებსა და ფიქრებში, ურთიერთობებსა და სურვილებში, მისწრაფებებსა და მიზნებში.
13. ა) რამ შეიძლება ცხადყოს, რომ პიროვნების გული გაორებულია? ბ) თუ ვავითარებთ ღვთის მიმართ შიშს, რა მიზნისკენ უნდა ვისწრაფოთ?
13 ბიბლია გვაფრთხილებს, რომ შეიძლება, პიროვნების გული გაორდეს. ის შეიძლება მუხანათური გახდეს (ფსალმუნი 11:3; იერემია 17:9). მაგრამ მან, შესაძლოა, იმის სურვილიც აღგვიძრას, რომ ჩავებათ სასარგებლო საქმიანობებში — დავესწროთ კრებებს და მონაწილეობა მივიღოთ საველე მსახურებაში — მაგრამ ამავე დროს, ჩვენს გულს შეიძლება სიამოვნებდეს ქვეყნიური ცხოვრების ზოგიერთი მხარეებიც. ამის გამო, შესაძლოა, უკან დავიხიოთ იმისგან, რომ მთელი სულითა და გულით დავუჭიროთ მხარი სამეფოს ინტერესებს. შემდეგ, შეიძლება, უნდო გულმა დაგვარწმუნოს, რომ ჩვენც ზუსტად იმდენივეს ვაკეთებთ, რამდენსაც სხვები. ან სკოლაში ან ქვეყნიურ სამსახურში ისეთი ზეგავლენა მოახდინოს ჩვენზე გულმა, რომ ადამიანების მიმართ შიში გვქონდეს. შედეგად, ასეთ გარემოში, შესაძლოა, თავი შევიკავოთ, რომ საკუთარი თავი იეჰოვას მოწმედ ვაღიაროთ და ქრისტიანისთვის შეუფერებლად ვიმოქმედოთ. შემდეგ, სინდისი შეგვაწუხებს. მაგრამ ჩვენ არ გვსურს ასეთ პიროვნებებად ყოფნა. ამიტომ ფსალმუნმომღერალთან ერთად შეგვიძლია იეჰოვას წინაშე აღვავლინოთ ლოცვა: „წარმართე [გააერთიანე, აქ] ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით“. ჩვენ გვსურს, რომ მთელი ჩვენი შინაგანი პიროვნება, რომელიც ვლინდება ცხოვრების ყველა სფეროში, ყველაფრით ამტკიცებდეს რომ ‘ღვთისა გვეშინია და ვიცავთ მის მცნებებს’ (ეკლესიასტე 12:13).
14, 15. ა) რისი მიცემა აღუთქვა იეჰოვამ ხალხს როდესაც იწინასწარმეტყველა ისრაელთა დაბრუნება ბაბილონის ტყვეობიდან? ბ) რა გააკეთა იეჰოვამ იმ თვალსაზრისით, რომ თავისი ხალხის გულებში ჩაენერგა ღვთისადმი შიში? გ) რატომ აქცია ისრაელმა ზურგი იეჰოვას გზებს?
14 იეჰოვამ თავის ხალხს აღუთქვა, რომ ასეთი შიშით აღსავსე გულს მისცემდა. მან იწინასწარმეტყველა ისრაელის აღდგენა და როგორც იერემიას 32:37–39 მუხლებში ვკითხულობთ, მან თქვა: „დავაბრუნებ ამ ადგილზე და საიმედოდ დავასახლებ. ჩემი ერი იქნებიან ისინი და მე მათი ღმერთი ვიქნები. ჩავუდგამ მათ ერთ გულს და მივცემ ერთ გზას, რომ მუდამ ეშინოდეთ ჩემი თავიანთ სასიკეთოდ და თავიანთი შვილების სასიკეთოდ მათ შემდგომ“. მე-40 მუხლში ღმერთმა აღთქმა გააძლიერა: „ჩემს შიშს ჩავუნერგავ გულში, რომ არ განმიდგნენ“. ძველი წელთაღრიცხვით 537 წელს იეჰოვამ, თავისი დაპირების თანახმად, ისრაელები დააბრუნა იერუსალიმში. მაგრამ რა შეიძლება ითქვას დაპირების დანარჩენ ნაწილზე, რომ ჩაუნერგავდა ‘ერთ გულს, რომ მუდამ მისი შიში ჰქონოდათ’ ? რატომ აქცია ზურგი ძველმა ისრაელმა იეჰოვას მას შემდეგაც კი, რაც იეჰოვამ ისინი ბაბილონიდან დააბრუნა და რატომ იქნა დანგრეული იერუსალიმის ტაძარი ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს, რომლის აღდგენაც აღარ მოხდა?
15 ეს არ ნიშნავდა იეჰოვას მარცხს. სინამდვილეში იეჰოვამ გადადგა პირველი ნაბიჯი თავისი ხალხისკენ, რომ თავის მიმართ შიში ჩაენერგა მათ გულებში. წყალობა, რომელიც გამოამჟღავნა მათ მიმართ, როდესაც ბაბილონის ტყვეობიდან იხსნა და სამშობლოში დააბრუნა, საკმაო მიზეზი იყო, რომ იეჰოვასადმი ღრმა პატივისცემა ჰქონოდათ. იეჰოვამ გააძლიერა თავისი შეგონებები, რჩევები და საყვედური ისეთ წინასწარმეტყველთა მეშვეობით, როგორებიც იყვნენ ანგია, ზაქარია და მალაქია; ასევე ეზრა, რომელიც წარგზავნილი იყო ხალხთან როგორც მასწავლებელი; მმართველი ნეემია და თვით ღმერთის ძე. დროდადრო ხალხი უსმენდა მათ. ხალხი დაემორჩილა იეჰოვას მაშინ, როდესაც ანგიასა და ზაქარიას მოწოდებით აღადგინეს ტაძარი, ხოლო ეზრას დროს გაუშვეს უცხო ქვეყნებიდან მოყვანილი ცოლები (პირველი ეზრა 5:1, 2; 10:1–4). მაგრამ უფრო ხშირად ხალხი ურჩი იყო. ისინი, ხშირად, არ იყვნენ გულისხმიერები; მათ აღარ მიიღეს რჩევა; გულები გაიქვავეს. ისრაელები აღარ ავითარებდნენ ღვთისადმი შიშს და შედეგად, ის აღარ იყო ძლიერი აღმძვრელი ძალა მათ ცხოვრებაში (მალაქია 1:6; მათე 15:7, 8).
16. ვის ჩაუნერგა გულში იეჰოვამ შიში?
16 იეჰოვას დანაპირები, რომ ღვთისადმი შიშს ჩაუდებდა თავის ხალხს გულებში, არ გაუქმებულა. მან ახალი კავშირი შეკრა სულიერ ისრაელთან, იმ ქრისტიანებთან, რომლებსაც შესთავაზა ზეციერი იმედი (იერემია 31:32; გალატელთა 6:16). ღმერთმა 1919 წელს დაიხსნა ისინი დიდი ბაბილონის, ანუ ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელისგან. იეჰოვამ მათ გულებში მტკიცედ ჩანერგა ღვთისმოშიშება. ამან უდიდესი კურთხევა მოუტანა როგორც მათ, ასევე ‘უამრავი ხალხის’ წარმომადგენლებს, რომლებსაც აქვთ იმედი, რომ იქნებიან სამეფოს მიწიერი ქვეშევრდომები (იერემია 32:39; გამოცხადება 7:9). იეჰოვასადმი შიშით მათი გულებიც აივსო.
როგორ ინერგება ღვთისადმი შიში ჩვენს გულებში
17. როგორ გვინერგავს იეჰოვა თავის მიმართ შიშს გულებში?
17 როგორ ჩანერგა იეჰოვამ ჩვენს გულებში ღვთის მიმართ შიში? — თავისი სულის მოქმედებით. რა გვაქვს ჩვენ, რაც შეიძლება სულიწმიდის ნაყოფი იყოს? — ბიბლია, ღვთის მიერ შთაგონებული სიტყვა (2 ტიმოთე 3:16, 17). იეჰოვამ მტკიცე საფუძველი ჩაუყარა ჩვენში ღვთისადმი შიშის განვითარებას იმით, რაც წარსულში გააკეთა, ასევე, დღეს თავის მსახურებთან ურთიერთობით, რითაც სრულდება მისი წინასწარმეტყველური სიტყვა და ასევე, წინასწარმეტყველებებით, რომლებიც შესრულდება (იესო ნავეს ძე 24:2–15; ებრაელთა 10:30, 31).
18, 19. როგორ გვეხმარება კონგრესები და კრებები, რომ შევიძინოთ იეჰოვასადმი შიში?
18 საყურადღებოა იეჰოვას სიტყვები, რომლებიც ჩაწერილია მეორე რჯულის 4:10-ში, იეჰოვამ უთხრა მოსეს: „შემიკრიბე ხალხი და ჩავასმენ სიტყვებს, საიდანაც ისწავლიან ჩემდამი შიშს, ვიდრე ცოცხლობენ ამ მიწაზე, და თავიანთ შვილებსაც ასწავლიანო“. ასევეა დღესაც, იეჰოვამ გულუხვად იზრუნა, რომ დახმარებოდა თავის ხალხს მისადმი შიშის სწავლაში. კონგრესებსა და კრებებზე კვლავ ხდება იეჰოვას სიყვარულით აღსავსე მზრუნველობისა და სიკეთის განხილვა. ამას ვაკეთებთ მაშინაც, როდესაც ვსწავლობთ წიგნს „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“ (ინგლ.). როგორ გავლენას ახდენს ეს შესწავლა შენზე და იეჰოვასთან შენს ურთიერთობაზე? როგორც დაინახე, ზეციერი მამის დიდებული პიროვნება ირეკლება მის საკუთარ ძეში, ნუთუ არ აძლიერებს ეს შენს სურვილს, რომ არასოდეს აწყენინო ღმერთს? (კოლასელთა 1:15).
19 კრებებზე ჩვენ ვსწავლობთ იმას, თუ როგორ გაათავისუფლა იეჰოვამ წარსულში თავისი ხალხი (მეორე მეფეთა 7:23). ბიბლიური წიგნის, „გამოცხადების“, შესწავლა დამხმარე წიგნის მეშვეობით: „გამოცხადება — მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოსაა! “ (ინგლ.), გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ხდება წინასწარმეტყველური ხილვების განხორციელება XX საუკუნეში და როგორ ახლოვდება შიშისაღმძვრელი მოვლენები. ღმერთის ასეთ საქმეებთან დაკავშირებით ფსალმუნის 65:5-ში ნათქვამია: „მოდით, ნახეთ ღმერთის ნამოქმედარი, საშიშია მისი მოქმედება ადამიანის შვილებზე“. დიახ, თუ სწორი კუთხით განვიხილავთ, ღმერთის მოქმედება ჩვენს გულებში ნერგავს მისადმი შიშს, ღრმა პატივისცემას. ამგვარად შეგვიძლია დავინახოთ, თუ როგორ ასრულებს იეჰოვა თავის აღთქმებს: „ჩემს შიშს ჩავუნერგავ გულში, რომ არ განმიდგნენ“ (იერემია 32:40).
20. რა მოგვეთხოვება, რომ ღვთის მიმართ შიში ღრმად იყოს ჩვენს გულებში ფესვგადგმული?
20 ცხადია, რომ ღვთისადმი შიში თავისით არ ჩნდება ჩვენს გულში, თუ ჩვენი მხრიდან არავითარი ძალისხმევა არ იქნა. შედეგი არ არის უნებლიე. იეჰოვას შეაქვს თავისი წვლილი. ჩვენც ჩვენი მხრივ უნდა შევეცადოთ, რომ განვავითაროთ ღვთისადმი შიში (მეორე რჯული 5:26). ხორციელმა ისრაელმა მარცხი განიცადა ამ საკითხში. მაგრამ იეჰოვაზე მინდობით სულიერი ისრაელი და მისი თანმხლებნი უკვე დიდ კურთხევას ღებულობენ იმისგან, რაც ღვთისადმი შიშისგან მომდინარეობს. ამ კურთხევასთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხს განვიხილავთ შემდეგ სტატიაში.
როგორ უპასუხებდი?
◻ რა არის ღვთის მიმართ შიში?
◻ რას ვსწავლობთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვპოვოთ სიხარული იეჰოვასადმი შიშში?
◻ ღვთის მიმართ შიშის მისაღწევად რა ძალისხმევაა ჩვენგან საჭირო?
◻ რატომ ეხება ჩვენი სიმბოლური გულის ყველა მხარეს ღვთის მიმართ შიშის შეძენა?
[სურათები მე-20, 21 გვერდებზე]
გულმოდგინე სწავლაა საჭირო, რომ ჩავწვდეთ, თუ რა არის იეჰოვასადმი შიში.