მამა და უხუცესი — ორივე როლის შესრულება
„თუ ვინმემ საკუთარი სახლის განმგებლობა არ იცის, როგორ იზრუნებს ღვთის ეკლესიაზე“ (1 ტიმოთე 3:5).
1, 2. ა) როგორ შეეძლოთ უცოლო, ასევე ცოლიან, მაგრამ უშვილო ზედამხედველებს ემსახურათ ძმებისთვის პირველ საუკუნეში? ბ) როგორი მაგალითი დაუტოვეს აკვილამ და პრისკილამ დღევანდელ დაქორწინებულ წყვილებს?
ადრინდელ ქრისტიანულ კრებაში ზედამხედველები შეიძლება ყოფილიყვნენ ან უცოლო მამაკაცები, ან მხოლოდ ცოლიანები, ან ცოლშვილიანები. უეჭველია, იმ ქრისტიანთაგან ზოგმა შეძლო კორინთელთა მიმართ პირველი წერილის მე-7 თავში პავლე მოციქულის მოცემული რჩევის მიყოლა და დაუქორწინებლად დარჩენა. იესომ განაცხადა: „არიან საჭურისნი, რომელთაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლისათვის“ (მათე 19:12). პავლესა და, შესაძლოა, ზოგიერთი მისი მიმომსვლელი თანამშრომლის მსგავსად, ასეთი უცოლო მამაკაცები თავისუფლები იყვნენ, ემოგზაურათ, რათა დახმარებოდნენ თავიანთ ძმებს.
2 ბიბლია არ ამბობს, ბარნაბა, მარკოზი, სილა, ლუკა, ტიმოთე და ტიტე უცოლონი იყვნენ თუ არა. თუ დაოჯახებულები იყვნენ, მაშინ, როგორც ჩანს, საკმაოდ თავისუფლები იყვნენ ოჯახური პასუხისმგებლობებისგან, რათა შეძლებოდათ სხვადასხვა დანიშნულების შესასრულებლად ყველგან გამგზავრება (საქმეები 13:2; 15:39–41; 2 კორინთელთა 8:16, 17; 2 ტიმოთე 4:9–11; ტიტე 1:5). შესაძლოა, მათ ცოლებიც დაჰყვებოდნენ, როგორც, ალბათ, პეტრესა და ‘სხვა მოციქულებს’ მიჰყავდათ თავიანთი ცოლები სხვადასხვა ადგილას (1 კორინთელთა 9:5). აკვილა და პრისკილა არიან ისეთი დაქორწინებული წყვილის მაგალითი, რომელიც მზად იყო გადასახლებულიყო სხვაგან — ისინი პავლეს გაჰყვნენ კორინთიდან ეფესოში, შემდეგ გადავიდნენ რომში და ისევ ეფესოში დაბრუნდნენ. ბიბლია არ ამბობს, ჰყავდათ თუ არა მათ შვილები. ძმებისათვის მათმა თავდადებულმა მსახურებამ მადლიერება დაიმსახურა ‘წარმართთა ყველა კრებაში’ (რომაელთა 16:3–5, აქ; საქმეები 18:2, 18; 2 ტიმოთე 4:19). ეჭვგარეშეა, დღესაც არსებობს მრავალი დაქორწინებული წყვილი, რომლებსაც აკვილასა და პრისკილას მსგავსად შეუძლიათ სხვა კრებას ემსახურონ, შესაძლოა, იმ ტერიტორიაზე გადასვლით, სადაც დიდი საჭიროებაა.
მამა და უხუცესი
3. რა ცხადყოფს, რომ პირველი საუკუნის უხუცესთა უმეტესობა დაოჯახებული იყო?
3 როგორც ეტყობა, ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში ქრისტიანი უხუცესების უმრავლესობა ცოლშვილიანი იყო. როცა პავლემ ჩამოაყალიბა მოთხოვნები მამაკაცისთვის, რომელიც ‘ზედამხედველობისკენ მიისწრაფის’ (აქ), მან განაცხადა, რომ ასეთი ქრისტიანი უნდა იყოს „თავისი სახლის კარგი განმგებელი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ჰყავს ყოველგვარი ღირსებით“ (1 ტიმოთე 3:1, 4).
4. რა მოეთხოვებოდათ ცოლშვილიან უხუცესებს?
4 როგორც დავინახეთ, ზედამხედველს არ მოეთხოვებოდა, ჰყოლოდა ბავშვები ან ყოფილიყო დაქორწინებული. მაგრამ, თუ ცოლიანი იყო, რომ დაეკმაყოფილებინა უხუცესობის ან სამსახურებრივი თანაშემწეობის მოთხოვნები, ქრისტიანს უნდა გაეწია სათანადო და სიყვარულით აღსავსე მეთაურობა თავის ცოლზე და ცხადი უნდა გაეხადა, რომ შეეძლო თავისი შვილები სათანადო მორჩილებაში ჰყოლოდა (1 კორინთელთა 11:3; 1 ტიმოთე 3:12, 13). ნებისმიერი სერიოზული სისუსტე ოჯახური საკითხების გაძღოლაში უვარგისს გახდიდა ძმას კრებაში განსაკუთრებული უპირატესობების მიღებისთვის. რატომ? პავლე განმარტავს: „თუ ვინმემ საკუთარი სახლის განმგებლობა არ იცის, როგორ იზრუნებს ღვთის ეკლესიაზე“ (1 ტიმოთე 3:5). თუ მისი ოჯახის წევრებს არ სურდათ, დამორჩილებოდნენ მის ზედამხედველობას, რა რეაქცია ექნებოდათ სხვებს?
„ჰყავს მორწმუნე შვილები“
5, 6. ა) ბავშვებთან დაკავშირებით, რა მოთხოვნა მოიხსენია პავლემ ტიტესთან? ბ) რას მოელიან შვილიანი უხუცესებისგან?
5 როცა არიგებდა ტიტეს, დაენიშნა კრეტას კრებებში ზედამხედველები, პავლემ პირობები დაუდო: „თუ არის ვინმე უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ჰყავს მორწმუნე შვილები, გარყვნილებასა და ურჩობაში ბრალდაუდებელნი. ვინაიდან ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, როგორც ღვთის განმგებელი“. მაგრამ რა იგულისხმებოდა მოთხოვნაში ‘ჰყავდეს მორწმუნე შვილები’? (ტიტე 1:6, 7).
6 ტერმინში — „მორწმუნე შვილები“ — იგულისხმებიან მოზარდები, რომლებმაც უკვე მიუძღვნეს სიცოცხლე იეჰოვას და მოინათლნენ, ან ბავშვები, რომლებიც მიიწევენ მიძღვნისა და მონათვლისკენ. კრების წევრები უხუცესის შვილებისგან მოელიან, ჰქონდეთ კარგი ქცევა და იყვნენ მორჩილები. ცხადი უნდა იყოს, რომ უხუცესი შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებს, რათა შვილებს რწმენა ჩაუნერგოს. მეფე სოლომონი წერდა: „ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენი და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას“ (იგავნი 22:6). მაგრამ რა შეიძლება ითქვას, თუ ასეთი გაწვრთნის მიუხედავად, ახალგაზრდა უარს ამბობს იეჰოვასადმი მსახურებაზე და სერიოზულ ცოდვასაც კი სჩადის?
7. ა) რატომ არის აშკარა, რომ იგავნის 22:6 არ ადგენს მყარ წესს? ბ) რატომ არ კარგავს ავტომატურად უხუცესი თავის უპირატესობებს, თუ მისი შვილი არ ირჩევს იეჰოვასადმი მსახურებას?
7 ნათელია, რომ ზემოხსენებული იგავი არ ადგენს მყარ წესს. ის არ გამორიცხავს თავისუფალი ნების პრინციპს (მეორე რჯული 30:15, 16, 19). როცა ვაჟიშვილი ან ქალიშვილი სრულწლოვანების ასაკს აღწევს, მან პირადად უნდა გადაწყვიტოს მიძღვნასა და მონათვლასთან დაკავშირებული საკითხები. თუ აშკარად ჩანდა, რომ უხუცესი საჭირო სულიერ დახმარებას, ხელმძღვანელობასა და აღზრდას აძლევდა, ხოლო ახალგაზრდამ არ აირჩია იეჰოვასადმი მსახურება, მამა ამის გამო ავტომატურად არ ხდება უვარგისი იმსახუროს ზედამხედველად. მეორე მხრივ, თუ უხუცესს ჰყავს რამდენიმე მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც მასთან ცხოვრობენ და ერთმანეთის მიყოლებით სულიერად დასუსტდნენ და გასაჭირში ჩაცვივდნენ, ის შეიძლება მეტად აღარ ითვლებოდეს ‘თავისი სახლის კარგ განმგებლად’ (1 ტიმოთე 3:4). აზრი ეს არის: სავსებით აშკარა უნდა იყოს, რომ ზედამხედველი ყველაფერს აკეთებს, რათა ჰყავდეს „მორწმუნე შვილები, გარყვნილებასა და ურჩობაში ბრალდაუდებელნი“a.
‘ურწმუნო ცოლის’ მეუღლე
8. როგორ უნდა მოექცეს უხუცესი ურწმუნო ცოლს?
8 ურწმუნო ქალზე დაქორწინებული მამაკაცის შესახებ პავლემ დაწერა: „თუ ვინმე ძმას ჰყავს ურწმუნო ცოლი და ის ქალი თანახმაა მასთან იცხოვროს, ნუ დატოვებს იმ ცოლს. . . ვინაიდან. . . ურწმუნო ცოლი განიწმიდება ქმრით. სხვანაირად თქვენი შვილები არაწმიდები იქნებოდნენ, ახლა კი წმიდები არიან. ვინაიდან. . . რა იცი შენ, ქმარო, იქნებ იხსნა ცოლი?“ (1 კორინთელთა 7:12–14, 16). სიტყვაში „ურწმუნო“ ისეთი ქალი კი არ იგულისხმება, რომელიც საერთოდ არავითარ რელიგიას არ მიჰყვება, არამედ პიროვნება, რომელიც იეჰოვასადმი მიძღვნილი არ არის. ის შეიძლება ყოფილიყო იუდეველი ან წარმართთა ღმერთების მორწმუნე. დღესაც უხუცესს, შესაძლოა, ცოლად ჰყავს ქალი, რომელიც სხვა რელიგიას მისდევს ან აგნოსტიკოსია, ან ათეისტი. თუ მას სურს ქმართან დარჩენა, ქმარმა არ უნდა მიატოვოს ცოლი მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა რწმენა აქვს. ის ‘გონივრულად უნდა მოეპყრას ცოლს, როგორც უუძლურეს ჭურჭელს, პატივი უნდა სცეს მას’ და ჰქონდეს მისი გადარჩენის იმედი (1 პეტრე 3:7; კოლასელთა 3:19).
9. როგორ უნდა იმოქმედოს უხუცესმა და რა გავლენას მოახდენს ეს მის უპირატესობებზე, თუ მის ქვეყანაში კანონი ორივე მშობელს აძლევს უფლებას, აღზარდონ შვილები საკუთარი რელიგიური შეხედულებების მიხედვით?
9 თუ ზედამხედველი ცოლშვილიანია, მან უნდა გასწიოს მართებული მეთაურობა, როგორც ქმარმა და მამამ, და აღზარდოს შვილები „უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4). მრავალ ქვეყანაში კანონი ორივე მეუღლეს აძლევს უფლებას, აღზარდონ შვილები რელიგიურად. ასეთ შემთხვევაში ცოლმა შეიძლება მოითხოვოს თავისი უფლების გამოყენება, რათა ბავშვები მოაქციოს თავის რელიგიურ შეხედულებებსა და საქმიანობაში, რაშიც შეიძლება შედიოდეს მათი წაყვანა ეკლესიაშიb. რა თქმა უნდა, ბავშვები უნდა მიჰყვნენ ბიბლიით განსწავლულ სინდისს, რათა არ მიიღონ მონაწილეობა ცრუ რელიგიურ ცერემონიალებში. როგორც ოჯახის უფროსი, მამა თავის უფლებას გამოიყენებს, რათა ბავშვებთან შესწავლა იქონიოს და როცა ეს შესაძლებელია, შეხვედრებზე წაიყვანოს სამეფო დარბაზში. როდესაც ისინი მიაღწევენ ისეთ ასაკს, რომ შეძლებენ საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებას, თვითონ გადაწყვეტენ, რომელი გზით წავიდნენ (იესო ნავეს ძე 24:15). თუ თანაუხუცესები და კრების წევრები ხედავენ, რომ ის ყველაფერს აკეთებს, რაზეც კანონი რთავს ნებას ჭეშმარიტებაში შვილების სათანადოდ აღსაზრდელად, ზედამხედველობისთვის უვარგისად არ ჩაითვლება.
„თავისი სახლის კარგი განმგებელი“
10. რა ძირითადი მოვალეობა ეკისრება ოჯახის უფროსს ოჯახში, თუ ის უხუცესია?
10 თვით შვილებიანი უხუცესისთვის, რომლის ცოლიც თანამორწმუნეა, არ არის ადვილი დროისა და ყურადღების სათანადო გამოყოფა ცოლისთვის, ბავშვებისა და კრებაში მიცემული პასუხისმგებლობებისთვის. ბიბლია სავსებით გასაგებად ამბობს, რომ ქრისტიანი მამის მოვალეობაა ცოლსა და შვილებზე ზრუნვა. პავლე წერდა: „ხოლო, ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავის სახლეულებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთე 5:8). იმავე წერილში პავლემ განაცხადა, რომ მხოლოდ ის დაქორწინებული მამაკაცები უნდა წარადგინონ ზედამხედველობისთვის, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ არიან კარგი ქმრები და მამები (1 ტიმოთე 3:1–5).
11. ა) როგორ უნდა ‘იზრუნოს თავის სახლეულებზე’ უხუცესმა? ბ) როგორ დაეხმარება ეს უხუცესს, რომ კრებაში თავისი პასუხისმგებლობები შეასრულოს?
11 უხუცესმა ოჯახის წევრების მარტო მატერიალურ მხარეებზე კი არ უნდა ‘იზრუნოს’, არამედ სულიერ და ემოციურ მოთხოვნილებებზეც. ბრძენი მეფე სოლომონი წერდა: „შენი საქმე გარეთ მოამზადე, ველზე გაასრულე იგი და ამის შემდეგ აიშენე სახლი“ (იგავნი 24:27). ასე რომ, თავისი ცოლ-შვილისთვის მატერიალური, ემოციური და გართობის მოთხოვნილებების უზრუნველყოფასთან ერთად, ზედამხედველმა სულიერადაც უნდა აღაშენოს ისინი. ამას მიაქვს დრო — დრო, რომელსაც ვეღარ დაუთმობს კრების საქმეებს. მაგრამ ეს ის დროა, რომელსაც შეუძლია დიდძალი „მოგება“ მოუტანოს ოჯახურ ბედნიერებასა და სულიერობას. საბოლოო ჯამში, თუ მისი ოჯახი ძლიერია სულიერად, უხუცესს, შესაძლოა, დიდი დრო აღარ დასჭირდეს ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად. ეს უფრო მეტ საშუალებას მისცემს, იზრუნოს კრების საქმეებზეც. მისი, როგორც კარგი ქმრისა და კარგი მამის, მაგალითი სულიერად გამამხნევებელი იქნება კრებისთვის (1 პეტრე 5:1–3).
12. რომელ ოჯახურ საქმეში უნდა იყოს სამაგალითო მამა, რომელიც უხუცესად მსახურობს?
12 სახლის კარგ გამგებლობაში შედის დროის დაგეგმვა ოჯახური შესწავლის ჩასატარებლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უხუცესები ამ მხრივ სამაგალითონი იყვნენ, ვინაიდან ძლიერი ოჯახები ძლიერ კრებებს წარმოქმნიან. ზედამხედველის დრო ყოველთვის არ უნდა იყოს დაკავებული მსახურების უპირატესობებით ისე, რომ დრო აღარ რჩებოდეს ცოლ-შვილთან ოჯახური შესწავლისთვის. თუ ეს ასე ხდება, მან უნდა გადაამოწმოს თავისი განრიგი. ალბათ, მას მოუწევს განრიგის ხელახლა შედგენა ან იმ დროის შემცირება, რომელიც სხვა საქმეებისთვის აქვს გამოყოფილი, და ზოგჯერ გარკვეული უპირატესობების დათმობაც.
გაწონასწორებული ზედამხედველობა
13, 14. რა რჩევებს აძლევს „ერთგული და გონიერი მონა“ უხუცესებს, რომლებიც ოჯახის მეთაურები არიან?
13 რჩევა ოჯახური და კრების პასუხისმგებლობების გაწონასწორებასთან დაკავშირებით ახალი არ არის. წლების მანძილზე „ერთგული და გონიერი მონა“ უხუცესებს რჩევას აძლევს ამ მხრივ (მათე 24:45). ოცდაჩვიდმეტზე მეტი წლის წინათ, 1959 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“, 553-ე და 554-ე გვერდებზე მოცემული იყო რჩევა: „სინამდვილეში, ნუთუ ეს ყველა მოვალეობის გაწონასწორების საკითხი არ არის? ამ გაწონასწორების დროს სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს შენი საკუთარი ოჯახის ინტერესებს. უეჭველად, იეჰოვა არ მოელის მამაკაცისგან, მთელი თავისი დრო გამოიყენოს კრების საქმეებისთვის, დაეხმაროს ძმებსა და მოყვასს გადარჩენის მიღწევაში და ამ დროს, არ იზრუნოს საკუთარი ოჯახის წევრების გადარჩენაზე. მამაკაცი უმთავრესად პასუხისმგებელია თავის ცოლსა და შვილებზე“.
14 „საგუშაგო კოშკი“ (1986 წლის 1-ლი ნოემბერი) 22-ე გვერდზე ურჩევდა: „მთელი ოჯახით სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობა უფრო დაგაახლოებთ ერთმანეთთან, მაგრამ ბავშვების განსაკუთრებული საჭიროებანი მოითხოვს თქვენს პირად დროსა და ემოციურ ენერგიას. მაშასადამე, საჭიროა გაწონასწორება, რათა დაადგინოთ, რამდენი დრო უნდა დაუთმოთ მოვალეობებს. . . კრებაში იმ დროს, როცა ზრუნავთ თქვენი ‘სახლეულების’ სულიერ, ემოციურ და მატერიალურ მხარეებზე. [ქრისტიანმა] ‘ღვთისადმი თავდადება პირველად საკუთარ ოჯახში უნდა ისწავლოს’ (1 ტიმოთე 5:4, 8, აქ)“.
15. რატომ ესაჭიროება ცოლშვილიან უხუცესს სიბრძნე და გამჭრიახობა?
15 ბიბლიური იგავი ამბობს: „სიბრძნით შენდება სახლი და გონიერებით არის დაფუძნებული“ (იგავნი 24:3). დიახ, ზედამხედველმა თავისი თეოკრატიული მოვალეობები რომ შეასრულოს და ამავე დროს, საკუთარი ოჯახი აღაშენოს, მას ეჭვგარეშეა, ესაჭიროება სიბრძნე და გონიერება, ანუ გამჭრიახობა. ბიბლიური გაგებით, მას აქვს ზედამხედველობის ერთ სფეროზე მეტი. ამაში შედის მისი ოჯახიც და კრებაში პასუხისმგებლობებიც. მას ამ სფეროებში წონასწორობის შესანარჩუნებლად ესაჭიროება გამჭრიახობა (ფილიპელთა 1:9, 10). მას ესაჭიროება სიბრძნე პრიორიტეტების დასადგენად (იგავნი 2:10, 11). თუმცა ის შეიძლება დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდეს კრებაში თავისი უპირატესობების მიმართ, როგორც ქმარსა და მამას, უნდა ესმოდეს, რომ ღვთის ბოძებული მთავარი პასუხისმგებლობა მისთვის არის ზრუნვა ოჯახის გადასარჩენად.
როგორც კარგი უხუცესები, ასევე კარგი ქმრებიც
16. რა უპირატესობა აქვს უხუცესს, რომელიც მამაც არის?
16 უხუცესი, რომელსაც კარგი ყოფაქცევის შვილები ჰყავს, შეიძლება ნამდვილად სარგებლის მომტანი იყოს. თუ მან ისწავლა კარგი მზრუნველობის გაწევა თავის ოჯახში, ის უნარიანია, დაეხმაროს კრებაში სხვა ოჯახებსაც. მას უკეთ ესმის მათი პრობლემები და შეუძლია ისეთი რჩევები მისცეს, რომლებიც მის გამოცდილებას ირეკლავს. საბედნიეროდ, ათასობით უხუცესი მთელ მსოფლიოში შესანიშნავად ასრულებს ქმრის, მამისა და ზედამხედველის როლს.
17. ა) რა არ უნდა დაავიწყდეს მამაკაცს, რომელიც მამაც არის და უხუცესიც? ბ) როგორ უნდა გამოავლინონ კრების სხვა წევრებმა თანაგრძნობა?
17 ოჯახის უფროსი უხუცესად რომ მსახურობდეს, უნდა იყოს მოწიფული ქრისტიანი, რომელსაც ცოლ-შვილზე ზრუნვასთან ერთად შეუძლია ისე გაუწიოს ორგანიზება თავის საქმეებს, რომ დრო და ყურადღება სხვებსაც დაუთმოს კრებაში. მას არასოდეს არ უნდა დაავიწყდეს, რომ სამწყემსო საქმეს თავის სახლში იწყებს. რადგან იციან, რომ ცოლშვილიან უხუცესებს პასუხისმგებლობები ოჯახშიც აქვთ და კრებაშიც, კრების წევრები შეეცდებიან, გადამეტებულად არ დააკისრონ სხვა მოვალეობები. მაგალითად, უხუცესი, რომლის შვილსაც მეორე დილით სკოლაში წასვლა უწევს, ყოველთვის ვერ შეძლებს საღამოს შეხვედრის შემდეგ გარკვეული ხნით დარჩენას. კრების სხვა წევრებს უნდა ესმოდეთ ეს და ავლენდნენ გულშემატკივრობას (ფილიპელთა 4:5).
უხუცესები ძვირფასნი უნდა იყვნენ ჩვენთვის
18, 19. ა) რის გაგებაში დაგვეხმარა 1-ლი კორინთელთა მე-7 თავის განხილვა? ბ) როგორ უნდა მოვეპყრათ ასეთ ქრისტიან მამაკაცებს?
18 კორინთელთა მიმართ პავლეს პირველი წერილის მე-7 თავის განხილვამ დაგვანახა, რომ პავლეს რჩევას მიჰყვება მრავალი უცოლო მამაკაცი, რომლებიც საკუთარ თავისუფლებას იყენებენ, რათა ემსახურონ სამეფოს ინტერესებს. ასევე არიან ათასობით ცოლიანი, მაგრამ უშვილო ძმები, რომლებიც მეუღლეების მიმართ სათანადო ყურადღების გამოვლენასთან ერთად და ცოლების მხრიდან სანაქებო დახმარებით მსახურობენ შესანიშნავ ზედამხედველებად ოლქებში, რაიონებში, კრებებსა და საგუშაგო კოშკის ფილიალებში. და ბოლოს, იეჰოვას ხალხის დაახლოებით 80 000 კრებაში არის მრავალი მამა, რომლებიც მხოლოდ სიყვარულით აღსავსე მზრუნველობას კი არ იჩენენ ცოლ-შვილის მიმართ, არამედ დროსაც გამოყოფენ, რათა, როგორც მზრუნველი მწყემსები, ემსახურონ ძმებს (საქმეები 20:28).
19 მოციქულმა პავლემ დაწერა: „ხუცესნი, რომლებიც წესიერად ასრულებენ საქმეს, ორმაგი პატივის ღირსნი უნდა იყვნენ, უფრორე კი ისინი, რომელნიც იღწვიან ქადაგებითა და დამოძღვრით“ (1 ტიმოთე 5:17). დიახ, უხუცესები, რომლებიც თავიანთი ოჯახებისა და კრების შესანიშნავი გამგებლები არიან, იმსახურებენ ჩვენს სიყვარულსა და პატივისცემას. მართლაც, ისინი ჩვენთვის ძვირფასნი უნდა იყვნენ (ფილიპელთა 2:29, აქ).
[სქოლიოები]
a იხილე 1978 წლის 1-ლი თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, 31-ე და 32-ე გვერდები (ინგლ.).
b იხილე 1960 წლის 1-ლი დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, 735-ე და 736-ე გვერდები (ინგლ.).
გამეორებისთვის
◻ საიდან ვიცით, რომ პირველ საუკუნეში მრავალი უხუცესი დაოჯახებული იყო?
◻ რა მოეთხოვებათ ცოლშვილიან უხუცესებს და რატომ?
◻ რა იგულისხმება ‘მორწმუნე შვილების’ ყოლაში და რა შეიძლება ითქვას, თუ უხუცესის შვილი არ ირჩევს ცხოვრებაში იეჰოვასადმი მსახურებას?
◻ რა მხრივ უნდა ზრუნავდეს უხუცესი „თავის სახლეულებზე“?
[სურათი 18 გვერდზე]
ძლიერი ოჯახები ძლიერ კრებებს წარმოქმნიან.