ბიბლიის წიგნი 1 — დაბადება
დამწერი: მოსე
დაწერის ადგილი: უდაბნო
წერა დასრულდა: ძვ. წ. 1513
მოიცავს პერიოდს: დასაბამიდან ძვ. წ. 1657 წლამდე
1. რა მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს წიგნი „დაბადება“?
წარმოიდგინეთ, რომ კითხულობთ წიგნს, რომელიც 50 მოკლე თავისგან შედგება. პირველივე გვერდებიდან იგებთ ერთადერთ ზუსტ ინფორმაციას კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზე განვითარებული მოვლენების შესახებ. ასევე იგებთ, რა დამოკიდებულება ჰქონდა ადამიანს შემოქმედთან, დედამიწასა და მასზე არსებულ უამრავ ქმნილებასთან. ამ რამდენიმე გვერდის წაკითხვის დროს ხვდებით, რა განზრახვით შექმნა ღმერთმა დედამიწაზე ადამიანი. შემდეგი გვერდებიდან იგებთ, რატომ კვდება ადამიანი, როგორ აღმოჩნდა ასეთ სავალალო მდგომარეობაში, რა რეალური საფუძველი აქვს რწმენისა და იმედისთვის და როგორ იხსნის ღმერთი კაცობრიობას აღთქმული შთამომავლის მეშვეობით. ეს შესანიშნავი წიგნი არის „დაბადება“, ბიბლიის 66 წიგნიდან პირველი.
2. რას ნიშნავს წიგნ „დაბადების“ ბერძნული სახელწოდება და რომელი წიგნის პირველი ნაწილია ის?
2 ბერძნულ სეპტუაგინტაში ამ წიგნს ეწოდება „გენესის“, რაც ნიშნავს „დასაბამს, დასაწყისს“. ებრაულ ხელნაწერებში წიგნი დასათაურებულია პირველივე სიტყვით „ბერეშით“, რაც ნიშნავს „თავდაპირველად“ (ბერძნულად „ენ არხეი“). ის პირველია მოსეს ხუთწიგნეულში, რომელსაც თორა (კანონი) ან „მოსეს კანონის წიგნი“ ეწოდება. როგორც ჩანს, ხუთწიგნეული თავიდან ერთი წიგნი იყო, რომელიც მოგვიანებით ხუთ გრაგნილად დაყვეს, რათა უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო (იეს. 23:6; ეზრ. 6:18).
3. ა) ვინ არის „დაბადების“ ავტორი, მაგრამ ვის დააწერინა ეს წიგნი? ბ) საიდან იცოდა მოსემ ის, რაც „დაბადებაში“ ჩაწერა?
3 თუმცა ბიბლიის ავტორი იეჰოვა ღმერთია, წიგნ „დაბადების“ დასაწერად მან მოსე გამოიყენა. საიდან იცოდა მოსემ ის, რაც ამ წიგნში ჩაწერა? ზოგი რამ პირდაპირ ღმერთმა გამოუცხადა, ზოგი კი წმინდა სულის ხელმძღვანელობით ზეპირგადმოცემით მიიღო. შესაძლებელია, მას ასევე ჰქონდა თავისი წინაპრების ჩანაწერები, რომლებიც კაცობრიობის წარმოშობის შესახებ ძვირფას ინფორმაციას შეიცავდაa.
4. ა) სად და როდის დაასრულა მოსემ „დაბადების“ წერა? ბ) საიდან შეიძლებოდა სცოდნოდა მოსეს „დაბადების“ ბოლო თავებში ჩაწერილი ინფორმაცია?
4 მოსემ შესაძლოა ძვ. წ. 1513 წელს სინის უდაბნოში დაასრულა ამ ღვთივშთაგონებული წიგნის წერა (2 ტიმ. 3:16; იოან. 5:39, 46, 47). საიდან გაიგო მოსემ „დაბადების“ ბოლო თავებში ჩაწერილი ინფორმაცია? ვინაიდან მისი დიდი პაპა ლევი იოსების ნახევარძმა იყო, ეს დეტალები კარგად ეცოდინებოდათ მის ოჯახში. ლევი შესაძლოა მოესწრო მოსეს მამას, ამრამს. გარდა ამისა, იეჰოვას სული იზრუნებდა, რომ წმინდა წერილების ეს მონაკვეთი ზუსტად ჩაწერილიყო (გამ. 6:16, 18, 20; რიცხ. 26:59).
5. როგორ ადასტურებს ბიბლია, რომ „დაბადება“ მოსემ დაწერა?
5 „დაბადება“ რომ მოსემ დაწერა, ამაში ეჭვი არავის ეპარება. მოსეს საქმის გამგრძელებლის, იესო ნავეს ძის დროიდან მოყოლებული ბიბლიის პირველ ხუთ წიგნს, რომელიც „დაბადებით“ იწყება, ხშირად მოიხსენიებენ „მოსეს კანონის წიგნად“ ან სხვა მსგავსი სიტყვებით. ამასთანავე, მოსე დაახლოებით 200-ჯერ მოიხსენიება ბიბლიის სხვა 27 წიგნში, რომლებიც მოგვიანებით დაიწერა. ებრაელებს არასდროს დაუყენებიათ ეჭვქვეშ, რომ ხუთწიგნეული მოსემ დაწერა. მოსე ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებშიც ხშირად მოიხსენიება კანონის დამწერად. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იესო ქრისტემაც დაადასტურა. მოსემ კანონი იეჰოვას მითითებებითა და მისი სულის ხელმძღვანელობით დაწერა (გამ. 17:14; 34:27; იეს. 8:31; დან. 9:13; ლუკ. 24:27, 44).
6. რის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დამწერლობა კაცობრიობის ისტორიის ადრინდელ პერიოდში გაჩნდა?
6 ზოგს დაებადა კითხვები: „საიდან იცოდნენ მოსემ და მისმა წინამორბედებმა წერა-კითხვა? განა დამწერლობა მოგვიანებით არ გაჩნდა?!“ როგორც ჩანს, დამწერლობა კაცობრიობის ისტორიის ადრინდელ პერიოდში გაჩნდა, შესაძლოა, წარღვნამდე, რომელიც ძვ. წ. 2370 წელს მოხდა. არსებობს რაიმე მტკიცება, რომ იმ დროს ადამიანმა წერა-კითხვა იცოდა? არქეოლოგებმა რამდენიმე თიხის ფირფიტა ძვ. წ. 2370 წელზე ადრინდელი პერიოდით დაათარიღეს, თუმცა ეს თარიღები სავარაუდოა. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ქალაქების შენება, მუსიკალური ინსტრუმენტების შექმნა და ლითონისგან იარაღების გამოჭედვა ადამიანებმა წარღვნამდე დიდი ხნით ადრე დაიწყეს, რაც ნათლად ჩანს ბიბლიიდან (დაბ. 4:17, 21, 22). აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ადამიანს დამწერლობის შექმნა არ გაუჭირდებოდა.
7. ბიბლიის გარდა, კიდევ რა მტკიცებები არსებობს წარღვნისა და კაცობრიობის სამი განშტოების შესახებ?
7 აღსანიშნავია, რომ წიგნი „დაბადება“ ბევრ სხვა საკითხშიც ეთანხმება არსებულ ფაქტებს. მხოლოდ „დაბადება“ შეიცავს სანდო და უტყუარ ინფორმაციას წარღვნასა და იმ დროს გადარჩენილებზე, თუმცა წარღვნაზე ლეგენდები მრავალ ერსა აქვს (ბევრ ლეგენდაში ნათქვამია, რომ მაშინ ადამიანები გემით გადარჩნენ). „დაბადება“ აგრეთვე შეიცავს ინფორმაციას, თუ სად დასახლდა მაშინდელი კაცობრიობის სხვადასხვა განშტოება, რომლებიც წარმოიშვნენ ნოეს სამი ვაჟის — სემისგან, ქამისა და იაფეთისგანb. ქსენიის თეოლოგიური სემინარიის (მისური, აშშ) დოქტორი მელვინ კაილი აღნიშნავს: «უდავოა, რომ ერთ-ერთი ცენტრალური ადგილიდან, სადღაც შუამდინარეთიდან, ქამის შთამომავლები გადასახლდნენ სამხრეთ-დასავლეთით, იაფეთის შთამომავლები — ჩრდილო-დასავლეთით, ხოლო სემის შთამომავლები — აღმოსავლეთით, „შინარის მიწისკენ“»c.
8. რა ადასტურებს „დაბადების“ უტყუარობას?
8 წიგნ „დაბადებაში“ არ არის შეუსაბამობა და წმინდა წერილების დანარჩენ წიგნებს ის სრულად ეთანხმება, რაც მის ღვთივშთაგონებულობასა და უტყუარობას ადასტურებს. მისი დამწერის გულწრფელობა იმაზე მეტყველებს, რომ ის იეჰოვას მოშიში იყო, უყვარდა ჭეშმარიტება და არ ცდილობდა ცოდვების დამალვას, რომლებიც ისრაელმა ერმა და მისმა წინამძღოლებმა ჩაიდინეს. და რაც მთავარია, „დაბადებაში“ ჩაწერილი წინასწარმეტყველებების ზედმიწევნით შესრულება, რასაც ამ სტატიის ბოლო ნაწილში განვიხილავთ, აშკარად ცხადყოფს, რომ ის იეჰოვას წმინდა სულით არის დაწერილი (დაბ. 9:20—23; 37:18—35; გალ. 3:8, 16).
შინაარსი
9. ა) რას ვიგებთ „დაბადების“ პირველი თავიდან ღვთის შემოქმედებით საქმიანობაზე? ბ) რას მოგვითხრობს მეორე თავი ადამიანის შესახებ?
9 ცისა და დედამიწის შექმნა და დედამიწის მომზადება ადამიანის დასასახლებლად (1:1—2:25). „დაბადება“ იწყება უბრალო, მაგრამ ბევრის მთქმელი სიტყვებით: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“. ეს სიტყვები მილიარდობით წლის წინათ მომხდარ ამბავს გვამცნობს. ამ სიტყვების თანახმად, შემოქმედი ღმერთია. მან შექმნა ფიზიკური სამყარო — ცა და დედამიწა. მომდევნო მუხლებში შთამბეჭდავი და კარგად შერჩეული სიტყვებით ზოგადად არის მიმოხილული ღვთის შემოქმედებითი საქმიანობა დედამიწასთან დაკავშირებით. ეს შემოქმედებითი საქმიანობა დასრულდა დროის ექვს მონაკვეთში, რომლებსაც დღეები ეწოდება. თითოეული მათგანი იწყებოდა საღამოს, როცა შემოქმედებითი საქმიანობის მხოლოდ მონახაზი ჩანდა, და მთავრდებოდა დილით, როცა ამ საქმიანობის სიდიადეს ნათელი ეფინებოდა. პირველ შემოქმედებით დღეს ღმერთმა გამოაჩინა სინათლე, მეორე დღეს — სივრცე, მესამე დღეს — ხმელეთი და შექმნა მცენარეული საფარი, მეოთხე დღეს გამოაჩინა დღისა და ღამის მნათობები, მეხუთე დღეს შექმნა თევზები და ფრინველები, მეექვსე დღეს კი — ცხოველები და ადამიანი. ამ თავიდან ასევე ვიგებთ ღვთის კანონს, რომლის თანახმადაც შეუძლებელია ერთი სახეობა მეორე სახეობად გადაიქცეს. მას შემდეგ, რაც ღმერთმა ადამიანი თავის ანარეკლად შექმნა, დედამიწაზე მისი დასახლების სამი მიზეზი გამოაცხადა: დედამიწა უნდა ავსებულიყო მართალი შთამომავლობით, ადამიანი უნდა დაპატრონებოდა დედამიწას და ებატონა ცხოველთა სამყაროზე. იეჰოვამ აკურთხა და წმინდად გამოაცხადა მეშვიდე დღე, რომლის დროსაც ის „ისვენებს მთელი თავისი შემოქმედებითი საქმიანობისგან“. „დაბადებაში“ დაწვრილებით არის მოთხრობილი ადამიანთან დაკავშირებული ღვთის შემოქმედებითი საქმიანობა — აღწერილია ედემის ბაღი, მისი მდებარეობა, მოხსენიებულია ღვთის კანონი აკრძალული ნაყოფის შესახებ. აქვე ვკითხულობთ, რომ ადამი ცხოველებს სახელებს არქმევდა, რომ ღმერთმა ადამის ნეკნისგან პირველი ქალი შექმნა, მიუყვანა ადამს და შეაუღლა ისინი. ასე ჩაეყარა საფუძველი ქორწინებას.
10. „დაბადების“ მიხედვით, როგორ შემოვიდა ცოდვა და სიკვდილი და ღვთის რომელ მნიშვნელოვან განზრახვას ვიგებთ ამ წიგნიდან?
10 ცოდვა და სიკვდილი; აღთქმული შთამომავალი (3:1—5:5). ქალმა შეჭამა აკრძალული ნაყოფი და ქმარსაც უბიძგა ამისკენ. ასე შებღალა ედემის ბაღი ურჩობამ. ღმერთმა მაშინვე განაცხადა, როგორ შეასრულებდა თავის განზრახვას: «იეჰოვა ღმერთმა გველს [სატანას, რომელმაც ევა ურჩობისკენ წააქეზა] უთხრა: „ . . . მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და ქალს შორის, შენს შთამომავლობასა და მის შთამომავლობას შორის. ის თავს გაგიჭეჭყავს, შენ კი ქუსლს დაუგესლავ“» (3:14, 15). ღმერთმა ადამიანები ედემის ბაღიდან გააძევა. ნარ-ეკლიან მიწაზე მათ მძიმე ცხოვრება ექნებოდათ, ბოლოს ისინი მოკვდებოდნენ და მიწას დაუბრუნდებოდნენ, საიდანაც იყვნენ აღებული. მხოლოდ მათ შვილებს ექნებოდათ აღთქმული შთამომავლის იმედი.
11. რა სავალალო შედეგები მოჰყვა ცოდვას ედემის გარეთ?
11 ცოდვას ედემის ბაღის გარეთაც მოჰყვა სავალალო შედეგები. კაენმა, ადამისა და ევას პირველმა ვაჟმა, მოკლა თავისი ძმა აბელი, რომელიც იეჰოვას ერთგული მსახური იყო. იეჰოვამ განდევნა კაენი „ნოდის ქვეყანაში“. იქ მას შეეძინა შვილები, რომლებიც წარღვნის დროს განადგურდნენ. ადამს შეეძინა კიდევ ერთი ვაჟი, შეთი, რომელიც ენოშის მამა გახდა. იმ დროს დაიწყეს ადამიანებმა იეჰოვას სახელის უღირსად ხსენება. ადამი 930 წლისა მოკვდა.
12. როგორ გაირყვნა დედამიწა ნოეს დღეებში?
12 ბოროტი ადამიანები და ანგელოზები; წარღვნა (5:6—11:9). მეხუთე თავში არის შეთის გენეალოგია. მის შთამომავალთაგან ყველაზე ცნობილია ენოქი, რომელმაც განწმინდა იეჰოვას სახელი იმით, რომ ‘ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა’ (5:22). შემდეგი მამაკაცი, რომელიც ძლიერი რწმენით გამოირჩეოდა, იყო ენოქის შვილთაშვილი ნოე. ის ადამის შექმნიდან 1056 წლის შემდეგ დაიბადა. მის დღეებში იმატა ძალადობამ. ღვთის ანგელოზებმა მიატოვეს თავიანთი ზეციერი სამყოფელი და დაქორწინდნენ მშვენიერ ქალებზე. ამ უკანონო კავშირის შედეგად წარმოიშვა ბუმბერაზების ჰიბრიდული მოდგმა, ნეფილიმები (ნიშნავს „წამქცევებს“), რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდნენ და არა ღმერთზე. ადამიანები არ იშლიდნენ ბოროტებას, ამიტომ იეჰოვამ განუცხადა ნოეს, რომ გაანადგურებდა ადამიანებსა და ცხოველებს. მისი მოწონება მხოლოდ ნოემ დაიმსახურა.
13. როგორ განწმინდა იეჰოვამ თავისი სახელი?
13 ნოეს შეეძინა სემი, ქამი და იაფეთი. რადგან დედამიწაზე ძალადობა და გარყვნილება გავრცელდა, იეჰოვამ ამცნო ნოეს, რომ თავისი სახელის განსაწმენდად წარღვნას მოავლენდა. მან დაავალა ნოეს, სიცოცხლის გადასარჩენად კიდობანი აეგო და გეგმაც მისცა. ნოე დაემორჩილა და კიდობანში შეიყვანა თავისი ოჯახი, ცხოველები და ფრინველები. ძვ. წ. 2370 წელს, როცა ნოე 600 წლისა იყო, წარღვნა დაიწყო. 40 დღე კოკისპირულად წვიმდა. წყალმა ყველაზე მაღალი მთებიც კი დაფარა. წყლის საფარი მწვერვალებს 15 წყრთით (დაახლ. 7 მ.) ასცდა. ერთი წლის შემდეგ ნოემ თავისი ოჯახი კიდობნიდან გამოიყვანა. მან კიდობნიდან გამოსვლისთანავე დიდძალი სამადლობელი მსხვერპლი შესწირა იეჰოვას.
14. რა დაავალა იეჰოვამ ნოეს და მის ოჯახს, რა შეთანხმება დაუდო მათ და რა მოვლენები მოხდა ნოეს ცხოვრების ბოლო პერიოდში?
14 იეჰოვამ აკურთხა ნოე და მისი ოჯახი და დაავალა, აევსოთ დედამიწა. მან ასევე უფლება მისცა მათ, ეჭამათ ხორცი, თუმცა უნდა მორიდებოდნენ სისხლს, რომელიც ცოცხალი არსების სულს ანუ სიცოცხლეს წარმოადგენდა. ღმერთმა აგრეთვე უთხრა მათ, რომ სიკვდილით უნდა დაესაჯათ მკვლელი. მან შეთანხმება დადო, რომ დედამიწას აღარ გაანადგურებდა წარღვნით და ნიშნად ცისარტყელა მისცა ადამიანებს. მოგვიანებით ქამი უპატივცემულოდ მოექცა ნოეს, რომელიც იეჰოვას წინასწარმეტყველი იყო. როცა ეს ნოემ შეიტყო, მისი ვაჟი ქანაანი დაწყევლა, სემი განსაკუთრებულად აკურთხა და იაფეთსაც არ დააკლო კურთხევა. ნოე 950 წლისა მოკვდა.
15. როგორ ცდილობდა ხალხი სახელის მოხვეჭას და როგორ ჩაშალა იეჰოვამ მათი განზრახვა?
15 ნოეს სამივე ვაჟი ღვთის მითითებისამებრ მოიქცა და მათგან 70 ოჯახი წარმოიშვა, რომლებიც თანამედროვე კაცობრიობის წინაპრები გახდნენ. მათ რიცხვში არ იყო ქამის შვილიშვილი ნიმროდი, როგორც ჩანს იმიტომ, რომ ის „ძლიერი მონადირე, იეჰოვას მოწინააღმდეგე“ გახდა (10:9). მან შექმნა სამეფო და დაიწყო ქალაქების შენება. იმ დროს ხალხი მხოლოდ ერთ ენაზე ლაპარაკობდა. ნაცვლად იმისა, რომ მთელ დედამიწაზე გაფანტულიყვნენ და დაემუშავებინათ ის, ადამიანებმა გადაწყვიტეს, აეშენებინათ ქალაქი და კოშკი, რომელიც ცას მისწვდებოდა და სახელს გაუთქვამდა მათ. მაგრამ იეჰოვამ ჩაშალა მათი განზრახვა იმით, რომ ენები აურია და გაფანტა ისინი. აშენებულ ქალაქს ბაბელი ეწოდა (ნიშნავს „არევ-დარევას“).
16. ა) რატომ არის სემის გენეალოგია საყურადღებო? ბ) რატომ უწოდა იეჰოვამ აბრამს მეგობარი და რა კურთხევები მიიღო მან?
16 ღვთისა და აბრაამის ურთიერთობა (11:10—25:26). ამ თავებში ქრონოლოგიურ მონაცემებთან ერთად არის შთამომავლობითი ხაზი სემიდან თერახის ვაჟ აბრამამდე. სახელის მოხვეჭის ნაცვლად, აბრამმა ღვთისადმი რწმენა განივითარა. ღვთის მითითების თანახმად, 75 წლის აბრამმა დატოვა ქალდეველთა ური, გადაკვეთა მდინარე ევფრატი და გადავიდა ქანაანში, სადაც იეჰოვას სახელის მოხმობა დაიწყო. რწმენისა და მორჩილების გამო მას „იეჰოვას მეგობარი (მოყვარული)“ ეწოდა და ღმერთმა მას შეთანხმება დაუდო (იაკ. 2:23; 2 მატ. 20:7; ეს. 41:8). მან დაიცვა აბრამი და მისი ცოლი ეგვიპტეში, სადაც ისინი მცირე ხნით გაჩერდნენ. ქანაანში დაბრუნებულმა აბრამმა ცხადყო, რომ დიდსულოვანი და მშვიდობისმყოფელი იყო, რადგან თავის ძმისშვილ ლოტს, რომელიც ასევე იეჰოვას თაყვანისმცემელი იყო, უფლება მისცა, ქანაანის საუკეთესო მიწა აერჩია. მოგვიანებით მან ლოტი ოთხი მეფის ტყვეობიდან იხსნა. ბრძოლის ველიდან დაბრუნებული აბრამი შეხვდა სალემის მეფესა და უზენაესი ღვთის მღვდელს, მელქისედეკს, რომელმაც აკურთხა ის. აბრამმა ნადავლიდან მეათედი მისცა მას.
17. კიდევ რას დაჰპირდა იეჰოვა აბრამს და რა გაუმჟღავნა შთამომავალთან დაკავშირებით?
17 მოგვიანებით ღმერთი გამოეცხადა აბრამს და უთხრა, რომ ის იყო მისი ფარი და დამცველი; შეახსენა ადრინდელი შეთანხმება და დასძინა, რომ აბრამის შთამომავლობა ცის ვარსკვლავებივით ურიცხვი იქნებოდა. მან უთხრა აბრამს, რომ მის შთამომავლობას ოთხასი წლით შეავიწროებდნენ, მაგრამ ღმერთი იხსნიდა მათ და დასჯიდა მჩაგვრელებს. აბრამი 85 წლისა იყო, როცა მისმა უშვილო ცოლმა სარაიმ თავისი ეგვიპტელი მხევალი აგარი მიუყვანა აბრამს, რომ მისგან ჰყოლოდა შვილი. აგარს ეყოლა ისმაელი, რომელსაც მემკვიდრედ მიიჩნევდნენ. მაგრამ იეჰოვას სულ სხვა განზრახვა ჰქონდა. როცა აბრამი 99 წლისა იყო, იეჰოვამ მას სახელი შეუცვალა და აბრაამი დაარქვა, მის ცოლს, სარაის კი — სარა, და აღუთქვა, რომ სარა გააჩენდა ვაჟს. იეჰოვამ აბრაამს წინადაცვეთის შეთანხმება დაუდო და აბრაამმა და მისმა სახლეულობამ დაუყოვნებლივ წინადაიცვითეს.
18. რა მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა ლოტის ცხოვრებაში?
18 ამის შემდეგ ღმერთმა განუცხადა თავის მეგობარ აბრაამს, რომ გაანადგურებდა სოდომსა და გომორას, სადაც ხალხი მძიმედ სცოდავდა. იეჰოვას ანგელოზებმა გააფრთხილეს ლოტი და დაეხმარნენ, რომ ის ცოლთან და ორ ქალიშვილთან ერთად სოდომიდან გაქცეულიყო. მაგრამ ლოტის ცოლს ენანებოდა ის, რაც ქალაქში დატოვა, ამიტომ მარილის სვეტად იქცა. შთამომავლობა რომ ჰყოლოდათ, ქალიშვილებმა ღვინით დაათვრეს ლოტი და დაწვნენ მასთან. ორივეს ვაჟები ეყოლათ, რომლებიც მოაბელთა და ამონელთა წინაპრები გახდნენ.
19. რით გამოსცადა ღმერთმა აბრაამი და რა გაუმჟღავნა მას, როცა თავისი დაპირება გაუმეორა?
19 ღმერთმა დაიცვა სარა ფილისტიმელ აბიმელექთან გაუწმინდურებისგან. როცა აღთქმული მემკვიდრე, ისაკი დაიბადა, აბრაამი 100 წლისა იყო, სარა კი — 90-ის. ხუთი წლის შემდეგ, ისმაელმა, რომელიც ამ დროს 19 წლისა იყო, დაცინვა დაუწყო ისაკს, მემკვიდრეს, ამიტომ ღმერთმა მოიწონა აბრაამის გადაწყვეტილება, რომ სახლიდან გაეშვა აგარი და ისმაელი. რამდენიმე წლის შემდეგ ღმერთმა გამოსცადა აბრაამი და უბრძანა, რომ მორიას ერთ-ერთ მთაზე თავისი ძე, ისაკი შეეწირა. აბრაამს იეჰოვასადმი ძლიერი რწმენა არ შერყევია. ის თავისი ვაჟის, მემკვიდრის შეწირვას აპირებდა, როცა იეჰოვამ შეაჩერა და სანაცვლოდ ვერძი მისცა. მან კიდევ ერთხელ გაუმეორა აბრაამს თავისი დაპირება და უთხრა, რომ მის შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივითა და ზღვის ქვიშასავით გაამრავლებდა. იეჰოვამ ისიც უთხრა, რომ აბრაამის შთამომავალი მისი მტრების კარიბჭეს დაეუფლებოდა და მისი მეშვეობით იკურთხებოდა დედამიწის ყველა ერი.
20. როგორ იზრუნა აბრაამმა ისაკის დაქორწინებაზე და როგორ გახდა ისაკი მისი ერთადერთი მემკვიდრე?
20 სარა 127 წლისა მოკვდა და აბრაამმა ის ხეთის ძეებისგან ნაყიდ მინდორში დამარხა. შემდეგ თავისი მსახური გაგზავნა იმ ქვეყანაში, სადაც მისი ნათესავები ცხოვრობდნენ, რომ ისაკისთვის ცოლი მოეყვანა. იეჰოვამ აბრაამის მსახური ნახორის ძის, ბეთუელის ოჯახში მიიყვანა. ოჯახის კურთხევით, ბეთუელის ქალიშვილი რებეკა თავისი ნებით გაჰყვა აბრაამის მსახურს და ისაკის ცოლი გახდა. აბრაამმაც მოიყვანა ცოლად კეტურა, რომელმაც ექვსი ვაჟი გაუჩინა. აბრაამმა ამ ვაჟებს საჩუქრები მისცა და სახლიდან გაუშვა. მისი ერთადერთი მემკვიდრე ისაკი გახდა. აბრაამი 175 წლისა მოკვდა.
21. როგორ შეეძინათ ისაკსა და რებეკას ტყუპები?
21 იეჰოვას წინასწარმეტყველების თანახმად, ისაკის ნახევარძმა ისმაელი დიდი ერის წინაპარი გახდა და შეეძინა 12 ვაჟი, რომლებიც ამ ერის მთავრები გახდნენ. 20 წლის მანძილზე რებეკას შვილები არ ჰყავდა. ისაკი ევედრებოდა იეჰოვას და რებეკას ტყუპები ეყოლა — ესავი და იაკობი. იეჰოვამ უწინასწარმეტყველა რებეკას, რომ მისი უფროსი ვაჟი უმცროსის მსახური გახდებოდა. ისაკი ამ დროს 60 წლისა იყო.
22. როგორ უყურებდნენ ესავი და იაკობი აბრაამთან დადებულ შეთანხმებას და რა მოჰყვა ამას შედეგად?
22 იაკობი და მისი 12 ვაჟი (25:27—37:1). ესავს ნადირობა უყვარდა. ის არ აფასებდა აბრაამთან დადებულ შეთანხმებას. ერთხელ ნადირობიდან დაბრუნებულმა ესავმა თავისი პირმშოობა შეჭამანდში გაცვალა. მან ცოლად მოიყვანა ორი ხეთელი ქალი (მოგვიანებით ისმაელელი ქალიც), რომლებმაც სიცოცხლე გაუმწარეს მის მშობლებს. რებეკას დახმარებით იაკობმა ისე გადაიცვა, რომ ისაკს ესავი ჰგონებოდა და პირმშოს კურთხევა მიეღო. ესავმა, რომელმაც არ გაუმჟღავნა მამას, რომ იაკობს პირმშოობა მიჰყიდა, იაკობის მოკვლა განიზრახა. ამიტომ რებეკამ ურჩია იაკობს, თავის ძმასთან, ლაბანთან გაქცეულიყო ხარანში. სანამ იაკობი წავიდოდა, ისაკმა კვლავ აკურთხა ის და ურჩია, რომ ცოლად თავისი დედის ნათესავი მოეყვანა და არა წარმართი. ბეთელში, ხარანისკენ მიმავალ გზაზე, იაკობმა ხილვაში ნახა იეჰოვა, რომელმაც დაარწმუნა, რომ მასთან იყო და გაუმეორა შეთანხმების შესახებ დაპირება.
23. ა) როგორ შეეძინა იაკობს 12 ვაჟი? ბ) რატომ დაკარგა რეუბენმა პირმშოობის უფლება?
23 ხარანში იაკობი ლაბანთან მუშაობდა და მის ორ ქალიშვილზე, ლეასა და რახელზე დაქორწინდა. თუმცა ლაბანისგან მოტყუებული იაკობი მრავალცოლიანი გახდა, ღმერთმა აკურთხა მისი ქორწინება. ამ ცოლებისა და მათი მხევლებისგან, ზილფასა და ბილჰასგან, იაკობს 12 ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინა. ღმერთი შეეწია იაკობს, რომ დიდძალი ფარა ჰყოლოდა და უთხრა, თავისი მამა-პაპის მიწაზე დაბრუნებულიყო. იაკობს გზაში ლაბანი დაეწია და მათ შეთანხმება დადეს ადგილზე, რომელსაც გალაადი და საგუშაგო კოშკი უწოდეს (ებრაულად „ჰამ-მიც-ფაჰ“). ქანაანისკენ მიმავალ გზაზე ანგელოზებმა იაკობი ღვთის მხარდაჭერაში დაარწმუნეს. ერთ ღამეს ის ღვთის ანგელოზს შეერკინა, რომელმაც ბოლოს აკურთხა და ისრაელი დაარქვა. ესავთან მშვიდობიანი შეხვედრის შემდეგ იაკობი შექემში წავიდა. იქ მისი ქალიშვილი დინა ხიველი მთავრის ვაჟმა გააუპატიურა. დინას ძმებმა, სიმონმა და ლევიმ, შური იძიეს და ამოხოცეს ყველა მამაკაცი შექემში. ამ უსიამოვნო ამბავმა სახელი გაუტეხა იაკობს, იეჰოვას წარმომადგენელს, რამაც ძალიან გააბრაზა ის. ღმერთმა დაავალა მას, ბეთელში წასულიყო და სამსხვერპლო აეგო. ბეთელის დატოვების შემდეგ რახელი იაკობის მე-12 ვაჟის, ბენიამინის მშობიარობას გადაჰყვა. რეუბენმა ძალა იხმარა რახელის მხევალ ბილჰაზე, რომელიც იაკობის ორი ვაჟის დედა იყო. ამის გამო რეუბენმა პირმშოობის უფლება დაკარგა. ცოტა ხანში 180 წლის ისაკი გარდაიცვალა და ის ესავმა და იაკობმა დამარხეს.
24. რატომ გადასახლდა ესავი სეირის მთიან მხარეში?
24 ესავსაც და იაკობსაც დიდძალი ქონება ჰქონდათ და მიწა აღარ ჰყოფნიდათ. ამიტომ ესავი თავის სახლეულობასთან ერთად სეირის მთიან მხარეში გადასახლდა. ბიბლიის ამ თავებში მოცემულია ესავის შთამომავლების, ასევე ედომის თავკაცებისა და მეფეების ნუსხა. იაკობი ქანაანში დარჩა საცხოვრებლად.
25. როგორ გაყიდეს იოსები მონად ეგვიპტეში?
25 ეგვიპტეში გადასვლა სიცოცხლის გადასარჩენად (37:2—50:26). უფროსმა ძმებმა შეიძულეს იოსები, რადგან მას იეჰოვა სწყალობდა და წინასწარმეტყველური სიზმრები ახილვინა. მათ იოსების მოკვლა დააპირეს, მაგრამ საბოლოოდ ისმაელელ ვაჭრებს მიჰყიდეს. მისი ტანსაცმელი ვაცის სისხლში ამოსვარეს, იაკობს მიუტანეს და მოატყუეს, ვითომ 17 წლის იოსები გარეულმა მხეცმა დაგლიჯა. იოსები ეგვიპტეში წაიყვანეს და ფარაონის მცველთა უფროსს, ფოტიფარს მიჰყიდეს.
26. რატომ არის მნიშვნელოვანი ფერეცის დაბადების შესახებ მონათხრობი?
26 დაბადების 38-ე თავი უცბად ცვლის თემას და მოგვითხრობს ფერეცის დაბადებაზე. იუდამ არ იზრუნა, რომ მის უმცროს ვაჟს მის რძალთან, თამართან მაზლის ვალდებულება შეესრულებინა. ამიტომ თამარმა ხერხს მიმართა, რომ ფერეცი იუდასგან ჰყოლოდა. ეს მონაკვეთი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ წმინდა წერილებმა საგულდაგულოდ შემოინახა ყველა ის მოვლენა, რომლებიც აღთქმულ შთამომავლამდე მიგვიყვანდა. იუდას ვაჟი ფერეცი იესოს წინაპარი გახდა (ლუკ. 3:23, 33).
27. როგორ გახდა იოსები მეორე კაცი ეგვიპტეში?
27 ამასობაში იეჰოვამ აკურთხა იოსები ეგვიპტეში და ფოტიფარმა ის თავისი სახლის გამგებლად დააყენა. თუმცა იოსებს სირთულეები არ აკლდა. ის ცრუ ბრალდებით დააპატიმრეს, რადგან არ შებღალა ღვთის სახელი და ფოტიფარის ცოლთან არ იმრუშა. იქ მან იეჰოვას დახმარებით სიზმრები აუხსნა ორ პატიმარს, ფარაონის მერიქიფესა და მცხობელს. მოგვიანებით ფარაონი საგონებელში ჩააგდო სიზმარმა. მან შეიტყო, რომ იოსებს შეეძლო სიზმრების ახსნა, ამიტომ ის საპატიმროდან სასწრაფოდ მიაყვანინა თავისთან. იოსებმა ღმერთი განადიდა და ფარაონს აუხსნა, რომ მის სიზმარს წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა და შვიდ მოსავლიან წელს შვიდი მოუსავლიანი წელი მოჰყვებოდა. ფარაონმა დაინახა, რომ იოსებზე „ღვთის სული“ იყო და ის მეორე კაცად დანიშნა ქვეყანაში (დაბ. 41:38). 30 წლის იოსებმა გონივრულად იმოქმედა და შვიდი ბარაქიანი წლის განმავლობაში საკვები მოაგროვა. შემდეგ, როცა შიმშილობა ჩამოვარდა, ის ეგვიპტელებსა და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ მშიერ ხალხზე ყიდდა მარცვლეულს.
28. რა მოვლენები უძღოდა იაკობისა და მისი სახლეულობის ეგვიპტეში გადასვლას?
28 იაკობმაც გაგზავნა ეგვიპტეში ათი უფროსი ვაჟი მარცვლეულის საყიდლად. იოსებმა იცნო ძმები, მაგრამ მათ ვერ იცნეს. მან სიმონი დააპატიმრა და მოითხოვა, რომ მარცვლეულის საყიდლად კვლავ ჩამოსულთ თავიანთი უმცროსი ძმა წამოეყვანათ. როცა უფროსი ცხრა ძმა ბენიამინთან ერთად ეგვიპტეში დაბრუნდა, იოსებმა მათ თავისი ვინაობა გაუმხილა, უფროს ძმებს დანაშაული აპატია და უთხრა, იაკობი ჩამოეყვანათ მასთან და ეგვიპტეში ეცხოვრათ, რათა არ ეშიმშილათ. ასე რომ, იაკობი თავის 66 შთამომავალთან ერთად ეგვიპტეში გადავიდა საცხოვრებლად. ფარაონმა ისინი ქვეყნის საუკეთესო ნაწილში, გოშენში დაასახლა.
29. რა მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველებები წარმოთქვა იაკობმა სიკვდილის წინ?
29 სიკვდილის პირას მყოფმა იაკობმა აკურთხა იოსების ვაჟები, ეფრემი და მენაშე. მან შეკრიბა 12-ვე ვაჟი, რომ მათი „მომავლის შესახებ“ ეწინასწარმეტყველა (49:1). იაკობმა წარმოთქვა არაერთი წინასწარმეტყველება, რომლებიც ზედმიწევნით შესრულდაd. მან იწინასწარმეტყველა, რომ მმართველობის კვერთხი იუდას ტომისა იქნებოდა, სანამ არ მოვიდოდა შილო (ნიშნავს „მისი მფლობელი“ ან „ის, ვისიც არის“), აღთქმული შთამომავალი. მას შემდეგ, რაც დალოცა 12 ტომის მთავრები და უბრძანა, აღთქმულ მიწაზე დაემარხათ, 147 წლის იაკობი მოკვდა. იოსები სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავდა თავის ძმებსა და მათ ოჯახებზე. სიკვდილის წინ მან გამოხატა რწმენა, რომ ღმერთი აღთქმულ მიწაზე დააბრუნებდა ისრაელს და ითხოვა, თან წაეღოთ მისი ძვლები. ის 110 წლისა მოკვდა.
რატომ არის სასარგებლო
30. ა) როგორ გვეხმარება „დაბადება“ ბიბლიის სხვა წიგნების გაგებაში? ბ) რა მიზანს გვისახავს წიგნი „დაბადება“?
30 ღვთის სიტყვა ბიბლია წიგნ „დაბადებით“ იწყება. მას უდიდესი სარგებლობა მოაქვს, რადგან გვამცნობს იეჰოვა ღმერთის დიდებულ განზრახვებს და შესანიშნავ საფუძველს წარმოადგენს ბიბლიის დანარჩენი წიგნების გასაგებად. ის აღწერს უამრავ მოვლენას, მაგალითად, ედემის ბაღში სამართლიანი ქვეყნიერების დასაწყისსა და დასასრულს, უღვთო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და წარღვნით მის მოსპობას, ასევე იმ ბოროტი ქვეყნიერების წარმოშობას, რომელიც დღემდე არსებობს. აღსანიშნავია, რომ მთელ ბიბლიას გასდევს „დაბადებაში“ მოცემული თემა — იეჰოვას უზენაესობის დამტკიცება სამეფოს მეშვეობით, რომლის მეფეც აღთქმული შთამომავალია. ამ წიგნიდან ვიგებთ, რატომ კვდება ადამიანი. დაბადების 3:15-დან მოყოლებული ის ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრების იმედს გვინერგავს, სადაც ღვთის სამეფოს მეფე აღთქმული შთამომავალი იქნება. ამას განსაკუთრებით უსვამს ხაზს აბრაამთან, ისაკსა და იაკობთან ღვთის ურთიერთობაზე მონათხრობი. ეს წიგნი სასარგებლოა, რადგან გვისახავს მიზანს, რისკენაც უნდა ვისწრაფოთ — ვუერთგულოთ იეჰოვას და განვწმინდოთ მისი სახელი (რომ. 5:12, 18; ებრ. 11:3—22, 39, 40; 12:1; მათ. 22:31, 32).
31. თანდართული ცხრილის მეშვეობით დაამტკიცეთ, რომ „დაბადება“ შეიცავს: ა) მნიშვნელოვან წინასწარმეტყველებებს და ბ) სასარგებლო პრინციპებს.
31 ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მოხსენიებულია ყველა ის მნიშვნელოვანი მოვლენა თუ ადამიანი, რომლებზეც „დაბადებაშია“ საუბარი. უფრო მეტიც, მთელი წმინდა წერილიდან ჩანს, რომ „დაბადებაში“ ჩაწერილი წინასწარმეტყველებები სიტყვასიტყვით შესრულდა. ამის ერთ-ერთი მაგალითია წინასწარმეტყველება აბრაამის შთამომავლობის ოთხასწლიანი ჩაგვრის შესახებ, რომელიც დაიწყო ძვ. წ. 1913 წელს, როცა ისმაელი დასცინოდა ისაკს, და დასრულდა ძვ. წ. 1513 წელს, როცა იეჰოვამ ისრაელი ეგვიპტის მონობიდან გაათავისუფლა (დაბ. 15:13)e. სხვა მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველებები და მათი შესრულება მოცემულია თანდართულ ცხრილში. ასევე ღვთის პრინციპები, რომლებსაც პირველად „დაბადებაში“ ვხვდებით, გვეხმარება, გავიძლიეროთ რწმენა და განვივითაროთ გაგების უნარი. ძველი დროის წინასწარმეტყველები, ასევე იესო და მისი მოწაფეები ხშირად ციტირებდნენ „დაბადებიდან“ და ხალხს მათ მნიშვნელობას უხსნიდნენ. კარგი იქნება, თუ მივბაძავთ მათ, რაშიც თანდართული ცხრილის შესწავლა დაგვეხმარება.
32. რა მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს „დაბადება“ ქორწინებაზე, ადამიანების წარმოშობასა და დროის გამოთვლაზე?
32 „დაბადებიდან“ მკაფიოდ ჩანს ღვთის ნება და განზრახვა ქორწინებასთან დაკავშირებით, ასევე რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ცოლ-ქმარს ერთმანეთის მიმართ და რა პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს ოჯახისთავმა მეთაურობისას და ოჯახის დამოძღვრისას. ერთხელ იესომაც გამოიყენა ეს ინფორმაცია და „დაბადების“ პირველი და მეორე თავებიდან ციტატა მოიყვანა: «ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაწყისში კაცად და ქალად შექმნა ისინი და თქვა: „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“?» (მათ. 19:4, 5; დაბ. 1:27; 2:24). „დაბადება“ შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას კაცობრიობის წარმოშობის შესახებ და დედამიწაზე ადამიანის არსებობის დროის გამოთვლაში გვეხმარება (დაბ., თავები 5, 7, 10, 11).
33. მოიხსენიეთ პატრიარქალურ საზოგადოებაში არსებული ზოგი პრინციპი და წეს-ჩვეულება, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია ბიბლიის უკეთ გასაგებად.
33 წმინდა წერილების შემსწავლელს დიდ სარგებლობას მოუტანს პატრიარქების შესახებ „დაბადებაში“ ჩაწერილი ინფორმაციის გამოკვლევა. პატრიარქალური წყობილების დროს ცალკეულ ოჯახებს ოჯახისთავები განაგებდნენ. ღვთის ხალხს შორის ასეთი წყობილება ნოეს დროიდან მოყოლებული სინას მთასთან კანონების მიცემამდე არსებობდა. კანონის საფუძველზე დადებულ შეთანხმებაში ბევრი ისეთი საკითხი შევიდა, რომლებიც უცხო არ იყო პატრიარქალური საზოგადოებისთვის. მთელი ისტორიის განმავლობაში კაცობრიობაზე გავლენას ახდენდა ისეთი პრინციპები, რომლებიც ეხებოდა საზოგადოებისთვის კარგი რეპუტაციის შექმნას (18:32), კოლექტიურ პასუხისმგებლობას (19:15), სიკვდილით დასჯას, ასევე სისხლისა და სიცოცხლის სიწმინდესა (9:4—6) და ადამიანთა განდიდებისადმი ღვთის სიძულვილს (11:4—8). მრავალი სამართლებრივი წესი გვეხმარება, უკეთ გავიგოთ მოგვიანებით, მათ შორის იესოს დღეებში მომხდარი მოვლენები. ბიბლია კარგად რომ გვესმოდეს, უნდა ვიცოდეთ პატრიარქალური კანონები, რომლებიც ეხებოდა ადამიანსა და საკუთრებაზე ზრუნვას (დაბ. 31:38, 39; 37:29—33; იოან. 10:11, 15; 17:12; 18:9), საკუთრების შეძენას (დაბ. 23:3—18), ასევე მემკვიდრეობას, რომელსაც მიიღებდა ის, ვინც პირმშოობის უფლებას მოიპოვებდა (48:22). პატრიარქალური საზოგადოების სხვა წეს-ჩვეულებები კანონშიც შევიდა, მათ შორის მსხვერპლშეწირვა, წინადაცვეთა (ამის შესახებ მითითება პირველად აბრაამს მიეცა), შეთანხმებების დადება, მაზლის ვალდებულება (38:8, 11, 26) და ფიცის დადება (22:16; 24:3)f.
34. რა მნიშვნელოვანი რამის სწავლა შეგვიძლია ქრისტიანებს წიგნ „დაბადებიდან“?
34 ბიბლიის პირველი წიგნი „დაბადება“ ბევრ რამეს გვასწავლის ერთგულებაზე, რწმენაზე, მორჩილებაზე, პატივისცემაზე, კარგ ყოფაქცევასა და გაბედულებაზე. ამის რამდენიმე მაგალითია: ენოქის რწმენა და გაბედულება, როცა სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად ღმერთთან ერთად დადიოდა; ნოეს სიმართლე, უბიწობა და უსიტყვო მორჩილება; აბრაამის რწმენა, სიმტკიცე, მოთმინება, ხელგაშლილობა, სიყვარული და პასუხისმგებლობის გრძნობა, რომლითაც ის ოჯახის მეთაურობასა და შვილებისთვის ღვთის მითითებების გადაცემას ეკიდებოდა; ოჯახისთავისადმი სარას მორჩილება და შრომისმოყვარეობა; იაკობის რბილი ხასიათი და ღვთის დაპირებით გულწრფელი დაინტერესება; იოსების მორჩილება მამისადმი, ზნეობრივი სიწმინდე, გამბედაობა, საპატიმროში კარგად მოქცევა, უფლებამოსილთა მიმართ პატივისცემა, თავმდაბლობით ღვთის განდიდება და ძმებისადმი გულმოწყალება. სამაგალითოა ისიც, რომ ყველა ამ ადამიანს ძლიერი სურვილი ჰქონდა, იეჰოვას სახელის განწმენდაში თავისი წვლილი შეეტანა. ამ შესანიშნავი თვისებებით გამოირჩეოდნენ ის ადამიანები, რომლებიც ღმერთთან ერთად დადიოდნენ ადამის შექმნიდან იოსების სიკვდილამდე ანუ 2 369 წლის განმავლობაში, რის შესახებაც წიგნი „დაბადება“ მოგვითხრობს.
35. რაზე მიუთითებდა წიგნი „დაბადება“ დიდი ხნით ადრე, რაც ჩვენს რწმენას განამტკიცებს?
35 წიგნი „დაბადება“ მართლაც სასარგებლოა რწმენის განსამტკიცებლად, რადგან ის მოგვითხრობს რწმენის შესანიშნავ მაგალითებსა და იმ გამონაცად რწმენაზე, რის მეშვეობითაც ღვთის მსახური ისწრაფვის ‘ღვთის მიერ აშენებული და შექმნილი ქალაქისკენ’, ზეციერი სამეფოსკენ. ღმერთმა დიდი ხნით ადრე დაიწყო ამ სამეფოს ჩამოყალიბება აღთქმული შთამომავლის მეშვეობით, რომელიც საუკეთესოდ განწმენდს იეჰოვას დიდებულ სახელს (ებრ. 11:8, 10, 16).
[სქოლიოები]
a „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 919, 920; ტ. II, გვ. 1212 (ინგლ.).
b „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 328, 329 (ინგლ.).
c Biblical History in the Light of Archaeological Discovery, 1934, დ. ჰარტ-დეივისი, გვ. 5.
d „საგუშაგო კოშკი“, 1962, გვ. 360—374, 392—408 (ინგლ.).
e „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 460, 461, 776 (ინგლ.).
f „საგუშაგო კოშკი“, 1952, გვ. 432—445 (ინგლ.).
[ცხრილი 18 გვერდზე]
„დაბადება“ — ღვთისგან შთაგონებული და სასარგებლო
მუხლები „დაბადებიდან“ პრინციპი ციტირებულია 1:27; 2:24 ქორწინების სიწმინდე, მუდმივობა მათ. 19:4, 5 2:7 ადამიანი სულია 1 კორ. 15:45 2:22, 23 მეთაურობა 1 ტიმ. 2:13; 1 კორ. 11:8 9:4 სისხლის სიწმინდე საქ. 15:20, 29 20:3 მრუშობა ცოდვაა 1 კორ. 6:9 24:3; 28:1—8 მხოლოდ თანამორწმუნეზე დაქორწინება 1 კორ. 7:39 28:7 მშობლების მორჩილება ეფეს. 6:1
შესრულებული წინასწარმეტყველებები და წინასწარმეტყველური პარალელები
12:1—3; 22:15—18 აბრაამის შთამომავლის ვინაობის დადგენა გალ. 3:16, 29
14:18 მელქისედეკი განასახიერებდა ქრისტეს ებრ. 7:13—15
16:1—4, 15 სარას, აგარის, ისმაელის, ისაკის სიმბოლური მნიშვნელობა გალ. 4:21—31
17:11 წინადაცვეთის სიმბოლური მნიშვნელობა რომ. 2:29
49:1—28 იაკობის მიერ 12 ტომის დალოცვა იეს. 14:1—21:45
49:9 ლომი იუდას ტომიდან გამოცხ. 5:5
„დაბადების“ უტყუარობის დამადასტურებელი სხვა მუხლები, რომლებიც გამოიყენეს წინასწარმეტყველებმა, იესომ და მოწაფეებმა თვალსაჩინოებისთვის, ახსნისა თუ მაგალითისთვის
1:1 ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა ეს. 45:18; გამოცხ. 10:6
1:26 ადამიანი ღვთის ანარეკლია 1 კორ. 11:7
1:27 ადამიანი კაცად და ქალად შეიქმნა მათ. 19:4; მარ. 10:6
2:2 ღმერთმა მეშვიდე დღეს დაისვენა ებრ. 4:4
3:1—6 გველმა ევა მოატყუა 2 კორ. 11:3
3:20 პირველი წყვილი მთელი კაცობრიობის წინაპარია საქ. 17:26
4:8 კაენმა მოკლა აბელი იუდ. 11; 1 იოან. 3:12
4:9, 10 აბელის სისხლი მათ. 23:35
თავები 5, 10, 11 გენეალოგია ლუკა, თავი 3
5:29 ნოე ეზეკ. 14:14; მათ. 24:37
6:13, 17—20 წარღვნა ეს. 54:9; 2 პეტ. 2:5
12:1—3, 7 აბრაამთან დადებული შეთანხმება გალ. 3:15—17
15:6 აბრაამის რწმენა რომ. 4:3; იაკ. 2:23
15:13, 14 ეგვიპტეში ყოფნა საქ. 7:1—7
18:1—5 სტუმართმოყვარეობა ებრ. 13:2
19:24, 25 სოდომისა და გომორას განადგურება 2 პეტ. 2:6; იუდ. 7
19:26 ლოტის ცოლი ლუკ. 17:32
20:7 წინასწარმეტყველი აბრაამი ფსალმ. 105:9, 15
21:9 ისმაელი დასცინოდა ისაკს გალ. 4:29
22:10 ისაკის მსხვერპლად შეწირვის მცდელობა ებრ. 11:17
25:23 იაკობი და ესავი რომ. 9:10—13; მალ. 1:2, 3
25:32—34 ესავმა გაყიდა პირმშოობის უფლება ებრ. 12:16, 17
28:12 დამაკავშირებელი კიბე იოან. 1:51
37:28 იოსების ეგვიპტეში გაყიდვა ფსალმ. 105:17
41:40 იოსები მეორე კაცი გახდა ეგვიპტეში ფსალმ. 105:20, 21