ადამიანი
სიცოცხლის უმაღლესი ფორმა დედამიწაზე; შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის ნახელავი; იეჰოვამ ადამიანი მიწის მტვრისგან შექმნა, ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა ჩაჰბერა „და ადამიანი ცოცხალ სულად იქცა“ (დბ. 2:7; 1კრ. 15:45). ადამის შექმნისა და მის მიერ ცხოველებისთვის სახელების დარქმევის შემდეგ იეჰოვამ ღრმა ძილი მოჰგვარა მას და მძინარეს ნეკნი გამოუღო, რომლისგანაც ქალი შექმნა. ამიტომ, როცა ქალი მიუყვანა, ადამს მართებულად შეეძლო ეთქვა: „აი ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი“. მან დედაკაცი (’იშშაჰ ) დაარქვა მას, რადგან კაცისგან იყო აღებული (დბ. 2:21—23). მოგვიანებით ადამმა ქალს უწოდა ევა (ნიშნავს ცოცხალს) (დბ. 3:20).
ადამიანის აღსანიშნავად ბიბლიაში არაერთი ებრაული თუ ბერძნული სიტყვა გამოიყენება. სიტყვა ʼადამ ნიშნავს კაცს, ადამიანს, ადამიანთა მოდგმას; ʼიშ — კაცს, პიროვნებას, ქმარს; ’ენოშ — მოკვდავ კაცს ან ადამიანს, გევერ — ვაჟკაცს, ადამიანს ან კაცს; ხოლო ზაქარ — მამაკაცს, მამრს. ზოგჯერ ადამიანად ითარგმნება სხვა ებრაული სიტყვებიც. ბერძნული სიტყვა ანთროპოს ნიშნავს ადამიანს, ადამიანთა მოდგმას; ანერ კი — ადამიანს, მამაკაცს, ქმარს.
პავლე მოციქულმა დაამოწმა, რომ ადამიანი იეჰოვა ღმერთმა შექმნა და ათენელებს უთხრა: „მან ერთი ადამიანიდან შექმნა ყველა ხალხი, რათა მთელი დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ“ (სქ. 17:26). ამგვარად, ყველა ერსა თუ რასას საერთო წინაპარი ჰყავდა.
იეჰოვამ ადამი და ევა მეექვსე შემოქმედებითი დღის მიწურულს შექმნა (დბ. 1:24—31). არ მოიპოვება მასალები (წერილობითი, მიწათმოქმედების ან სხვა საქმიანობის კვალი) იმის შესახებ, რომ ადამიანი ძვ. წ. 4026 წლამდე არსებობდა. ვინაიდან ბიბლიაში მოცემულია კაცობრიობის ისტორიის განვითარების მონახაზი პირველი წყვილის შექმნიდან მოყოლებული, ე. წ. წინაისტორიული ადამიანის არსებობა გამორიცხულია. პალეონტოლოგიური მონაცემები არ იძლევა ადამიანსა და ცხოველებს შორის კავშირის გაკეთების საფუძველს. ამასთან, ადამიანთა უძველეს ცნობებში, იქნება ეს წარწერები, ნახატები, ქანდაკებები თუ სხვა, მინიშნებაც კი არ კეთდება განუვითარებელი პირველყოფილი ადამიანის არსებობაზე. ბიბლიიდან ჩანს, რომ სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარად იდგა — პირველი ადამიანი ღვთის ძე იყო, მაგრამ გადაგვარდა (1მფ. 8:46; ეკ. 7:20; 1ინ. 1:8—10). არქეოლოგმა ო. დ. მილერმა აღნიშნა: «ტრადიციული შეხედულება „ოქროს საუკუნის“ შესახებ მითი არ ყოფილა. ძველი დოგმატი რეგრესიის, პირვანდელი ბედნიერებისა და სიწმინდის დაკარგვისა და ადამიანთა მოდგმის სავალალო დაკნინების შესახებ უსათუოდ გამოხატავს უდიდეს, თუმცა ძალიან სამწუხარო ჭეშმარიტებას. ამჟამინდელ ისტორიულ ფილოსოფიებს, რომლებიც თავიდან პირველყოფილ ადამიანს ველურად აღწერს, ახალი შესავალი სჭირდება ... პირველყოფილი ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ იყო ველური» (Har-Moad, 1892, გვ. 417).
როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ადამიანის თავდაპირველი საცხოვრებელი ედემის ბაღი იყო (დბ. 2:8; იხ. ედემი №1). ბიბლიაში ჩაწერილი მინიშნებები მისი ადგილმდებარეობის შესახებ ცხადყოფს, რომ ის არც თუ ისე შორს იყო წარღვნის შემდეგ პირველი ცივილიზაციის გაჩენის ადგილიდან. პ. ჯ. უაიზმანმა შემდეგნაირად ჩამოაყალიბა მეცნიერებს შორის გავრცელებული შეხედულება: «ჩვენს ხელთარსებული ყველა ნამდვილი მტკიცებულება, რომლებიც „დაბადებიდან“, არქეოლოგიური აღმოჩენებიდან და ზეპირგადმოცემებიდან გვაქვს, მიუთითებს, რომ კაცობრიობის უძველესი კერა შუამდინარეთის დაბლობი იყო. შორეული აღმოსავლეთის — ჩინეთისა და ინდოეთის ცივილიზაციები სიძველით ვერ შეედრება იქაურ ხალხებს, რადგან ძალიან ადვილად დასტურდება, რომ ცივილიზაციის აკვანი იქ დაირწა» (New Discoveries in Babylonia About Genesis, 1949, გვ. 28).
რა გაგებით შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ანარეკლად?
ღმერთმა თავის ოსტატს გაუმხილა, რომ განზრახული ჰქონდა ადამიანის შექმნა და უთხრა: „შევქმნათ ადამიანი [ʼადამ ] ჩვენს ანარეკლად, ჩვენს მსგავსებად“ (დბ. 1:26, 27; იგ. 8:30, 31; შდრ. ინ. 1:1—3; კლ. 1:15—17). საყურადღებოა, რომ ბიბლიის თანახმად ღმერთს ადამიანი გარეული ან შინაური ცხოველის, ანდა თევზის ანარეკლად არ შეუქმნია. ადამიანი ღვთის ანარეკლად შეიქმნა და ის „ღვთის ძე“ იყო (ლკ. 3:38). რაც შეეხება ღვთის გარეგნობას, „ღმერთი არასოდეს არავის უხილავს“ (1ინ. 4:12). დედამიწაზე არავინ იცის, როგორ გამოიყურება ღვთის დიდებული, ზეციერი სულიერი სხეული, ამიტომ შეუძლებელია, ადამიანის სხეული ღვთის სხეულს შევადაროთ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღმერთი სულია“ (ინ. 4:24).
ადამიანი იმ გაგებითაა „ღვთის ანარეკლი“, რომ ღმერთმა მასში ისეთივე ზნეობრივი თვისებები ჩადო, როგორიც თვითონ ჰქონდა, კერძოდ, სიყვარული და სამართლიანობა (შდრ. კლ. 3:10). ამასთან, ადამიანი შესაძლებლობებითა და სიბრძნით აღემატება ცხოველებს, რის გამოც მას შეუძლია დააფასოს ის, რაც ღმერთს სიამოვნებს და რასაც ის აფასებს, მაგალითად სილამაზე, ხელოვნება, ლაპარაკი, მსჯელობა და სხვა გონებრივი თუ ემოციური პროცესები, რაც ცხოველებისთვის უცხოა. გარდა ამისა, ადამიანი გამოირჩევა სულიერი ცხოვრებით — მას შეუძლია ღმერთთან დაახლოება და ურთიერთობა (1კრ. 2:11—16; ებ. 12:9). სწორედ ამ მიზეზების გამო ადამიანს შეეძლო, ყოფილიყო ღვთის წარმომადგენელი და დაპატრონებოდა ზღვისა თუ ხმელეთის ბინადართ და ცის ფრინველთ.
როგორც ღვთის ქმნილება, თავიდან ადამიანი სრულყოფილი იყო (კნ. 32:4). ამიტომ ადამს შეეძლო, თავისი შთამომავლებისთვის მემკვიდრეობით გადაეცა სრულყოფილება და დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა (ეს. 45:18). ღმერთმა ადამსა და ევას უთხრა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა [და] დაეპატრონეთ მას“. ოჯახის ზრდასთან ერთად ისინი შემოქმედის განზრახვისამებრ მეტ ტერიტორიას დაამუშავებდნენ და გაამშვენიერებდნენ (დბ. 1:28).
ღვთის განზრახვაში ქალისა და კაცის ადგილზე მოციქული პავლე აღნიშნავს: „მინდა იცოდეთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი კაცია, ქრისტეს თავი კი ღმერთია“. შემდეგ მოციქული ამბობს, რომ ქალი, რომელიც კრების შეხვედრაზე თავდაუხურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, არცხვენს მას, ვინც მისი თავია. ამ არგუმენტის განსამტკიცებლად ის ამბობს: „კაცმა არ უნდა დაიფაროს თავზე, რადგან ღვთის ანარეკლი და დიდებაა იგი, ქალი კი კაცის დიდებაა“. ღმერთმა თავდაპირველად კაცი შექმნა და გარკვეული ხნის მანძილზე კაცი მარტო იყო, როგორც ღვთის ანარეკლი. ღვთისგან განსხვავებით, რომელიც არავის ექვემდებარება, კაცისგან შექმნილი ქალი, კაცის მორჩილი უნდა ყოფილიყო. თუმცა კაცმაც უნდა აღიაროს ღვთისა და ქრისტეს მეთაურობა (1კრ. 11:3—7).
ნების თავისუფლების მქონე. ადამიანს ნების თავისუფლება ჰქონდა, რადგან ღვთის ანარეკლად და მსგავსებად იყო შექმნილი. მას შეეძლო აერჩია, სიკეთეს გააკეთებდა თუ ბოროტებას. თუ ის სიყვარულით აღძრული საკუთარი ნებით დაემორჩილებოდა თავის შემოქმედს, ცხოველებთან შედარებით გაცილებით დიდ პატივსა და დიდებას მიაგებდა ღმერთს. მას შეეძლო, გააზრებულად განედიდებინა ღმერთი მისი საოცარი თვისებებისთვის და მხარი დაეჭირა მისი უზენაესობისთვის. თუმცა ადამის თავისუფლება ფარდობითი იყო და არა აბსოლუტური. ის ბედნიერად მხოლოდ იმ შემთხვევაში იცხოვრებდა, თუ იეჰოვას უზენაესობას აღიარებდა. ამის დასტური იყო სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე, რომლიდანაც ადამს ეკრძალებოდა ჭამა. ხის ნაყოფის ჭამა დაუმორჩილებლობისა და ღვთის უზენაესობის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავდა (დბ. 2:9, 16, 17).
ადამი იყო „ღვთის ძე“ (ლკ. 3:38), ამიტომ ის შვილივით უნდა მოქცეულიყო მამასთან და მორჩილი ყოფილიყო. ამასთან, ღმერთმა ის თაყვანისმცემლობის მოთხოვნილებით შექმნა. თუ ამ მოთხოვნილებას სათანადოდ არ დაიკმაყოფილებდა, ადამი არასწორ გზას დაადგებოდა, თავისუფლებას დაკარგავდა და შემოქმედის ნაცვლად ქმნილების მორჩილი გახდებოდა, რაც საბოლოოდ მის გადაგვარებას გამოიწვევდა.
ღვთის ურჩმა სულიერმა ძემ ადამის ცოლს, ევას ცოდვა ჩაადენინა. ევამ კი საცდური ადამს დაუდო, რომელიც შეგნებულად ეურჩა იეჰოვას (დბ. 3:1—6; 1ტმ. 2:13, 14). მათ საკუთარი თავი იმ ადამიანთა კატეგორიას მიაკუთვნეს, რომლებზეც მოგვიანებით მოციქული პავლე რომაელების 1:20—23-ში საუბრობდა. ცოდვის გამო ადამმა დაკარგა ღვთის შვილად ყოფნის უფლება და სრულყოფილება, თავის შთამომავლებს, მთელ ადამიანთა მოდგმას კი ცოდვა, არასრულყოფილება და სიკვდილი გადასცა. ადამიანები დაბადებისთანავე თავიანთი მამის, ადამის ანარეკლები არიან (ანუ არასრულყოფილები) და მათ სხეულებში სიკვდილი მოქმედებს (დბ. 3:17—19; რმ. 5:12; შდრ. ადამი №1).
შინაგანი ადამიანი. იმ კონტექსტებში, სადაც საუბარია ბრძოლაზე, რომელშიც ქრისტიანია ჩაბმული, მათ შორის დაცემულ, ცოდვილ სხეულთან ბრძოლაზე, ბიბლია იყენებს ფრაზებს: „შინაგანი კაცი“, „შინაგანი ადამიანი“ და სხვ. (რმ. 7:22; 2კრ. 4:16; ეფ. 3:16). ეს ფრაზები მართებულადაა გამოყენებული ქრისტიანების მიმართ, რადგან ისინი იახლებენ „გონების აღმძვრელ ძალას“ (ეფ. 4:23). მათი გონების აღმძვრელი ძალა სულიერისკენ არის მიმართული. ისინი ცდილობენ, გაიხადონ „ძველი პიროვნება [სიტყვასიტყვით „ძველი კაცი“]“ და შეიმოსონ „ახალი პიროვნებით“ (კლ. 3:9, 10; რმ. 12:2). ვინაიდან სულით ცხებული ქრისტიანები ქრისტეში მოინათლნენ, ისინი მის სიკვდილშიც არიან მონათლულნი. მათ ძველი პიროვნება ბოძზე გააკრეს, რათა „ცოდვილი სხეული უმოქმედო გამხდარიყო“. მაგრამ ფიზიკურ სიკვდილამდე და სულიერ სხეულში აღდგომამდე მათი ხორციელი სხეული კვლავ ებრძვის სულიერ ადამიანს. ამ მძიმე ბრძოლის შესახებ პავლე ამბობს: „მართლაც ვოხრავთ ამ საცხოვრებელში“. მაგრამ იესო ქრისტეს გამოსასყიდი ფარავს ძველი პიროვნების (რომლის სხეულის ნაწილებში ხორციელი სურვილი მოქმედებს) მიერ ჩადენილ ცოდვებს, თუ ქრისტიანი არ დანებდება და შეგნებულად არ აჰყვება მის სურვილებს (რმ. 6:3—7; 7:21—25; 8:23; 2კრ. 5:1—3).
სულიერი ადამიანი. მოციქული პავლე სულიერ ადამიანს ხორციელს უპირისპირებს: „ხორციელი ადამიანი არ იღებს იმას, რაც ღვთის სულისგან არის, რადგან ეს უგუნურებად მიაჩნია“ (1კრ. 2:14). ხორციელ ადამიანში მხოლოდ ფიზიკური სხეულის მქონე ადამიანი არ იგულისხმება, რადგან ფაქტია, დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ქრისტიანს ხორციელი სხეული აქვს. ამ შემთხვევაში ხორციელ ადამიანში იგულისხმება ის, ვისაც სულიერი ცხოვრება არ გააჩნია. ის ხორციელია, რადგან ხორცის სურვილებს არის აყოლილი და მის ცხოვრებაში სულიერისთვის ადგილი საერთოდ არ რჩება.
როგორც პავლე ამბობს, ხორციელი ადამიანი ვერ წვდება იმას, რაც ღვთის სულისგან არის, რადგან „ამისთვის სულიერი განსჯაა საჭირო“. შემდეგ დასძენს: „სულიერი ადამიანი კი ყველაფერს განსჯის, ხოლო თვითონ არავისგან განისჯება“. სულიერი ადამიანი წვდება იმას, რასაც ღმერთი ამჟღავნებს და ხედავს ხორციელი ადამიანის არასწორ აზროვნებასა და ცხოვრების წესს. ხორციელი ადამიანისთვის გაუგებარია სულიერი ადამიანის აზროვნება, ქმედება და ცხოვრების წესი. სულიერ ადამიანს ღვთის გარდა ვერავინ განსჯის (რმ. 14:4, 10, 11; 1კრ. 4:3—5). მსჯელობისას მოციქულ პავლეს ასეთი არგუმენტი მოჰყავს: „ვინ შეიცნო იეჰოვას გონება, რომ ასწავლოს მას?“. რა თქმა უნდა, არავინ. მაგრამ პავლე ქრისტიანებზე ამბობს: „ჩვენ კი ქრისტეს გონება გვაქვს“. ქრისტე თავის მიმდევრებს უმჟღავნებს იეჰოვას და მის განზრახვებს. ამგვარად, ქრისტეს გონების შეძენით ისინი სულიერი ადამიანები ხდებიან (1კრ. 2:14—16).