სიმთვრალე
მთვრალის მდგომარეობა, რაც გამოწვეულია ალკოჰოლური სასმელების გადაჭარბებული მიღებით. ადამიანი, რომელსაც მაგარი სასმელების დათრობამდე მიღება ჩვევად აქვს, არის ლოთი.
ბიბლიურ დროში ალკოჰოლურ სასმელებს განეკუთვნებოდა ღვინო (კნ. 32:14), აგრეთვე ხილისგან, მაგალითად, ბროწეულისგან (ქბ. 8:2) ან მარცვლეულისგან (ეს. 1:22) დამზადებული სხვა მათრობელი სასმელები. იეჰოვა, რომელიც გვაძლევს „ღვინოს, მოკვდავი ადამიანის გულის გამახალისებელს“, ღვინისა თუ სხვა მაგარი სასმელების ზომიერად მიღებას არ განსჯის (ფს. 104:14, 15; იხ. ლუდი; ღვინო და მაგარი სასმელები).
ბიბლია განსჯის. მაგარი სასმლის დათრობამდე დალევას ბიბლია მკაცრად განსჯის. იგავების დამწერი, ბრძენი სოლომონი იმის ნათელ და მეცნიერულად ზუსტ სურათს გვიხატავს, თუ რა შედეგები მოჰყვება ალკოჰოლური სასმელების გადაჭარბებით მიღებას. ის ამბობს: „ვინ ოხრავს? ვინ არის მოუსვენრად? ვინ დავობს? ვინ წუხს? უმიზეზოდ ვის აქვს ჭრილობები? ვის აქვს ამღვრეული თვალები? მას, ვინც გვიანობამდე უზის ღვინოს, ვინც შეზავებული ღვინის საძებნელად დადის. ნუ უყურებ სიწითლეს ღვინისას, სასმისში რომ ელვარებს [როცა ძალიან მიმზიდველია], ყელში რომ მირაკრაკებს [როცა სასიამოვნო დასალევია]. ბოლოს გველივით კბენს და გველგესლასავით გესლავს [შეუძლია დააზინოს შინაგანი ორგანოები, მაგალითად, გამოიწვიოს ღვიძლის ციროზი, ან ფსიქიკური აშლილობის, მაგალითად თეთრი ცხელების მიზეზი გახდეს; ადამიანი შეიძლება მოკლას კიდეც]. შენს თვალებს უცნაურობები მოელანდება [ალკოჰოლი აფერხებს ტვინის ცენტრალური უბნების ფუნქციონირებას; ადამიანი საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს; ეწყება ჰალუცინაციები; იგონებს და დამაჯერებლად ჰყვება არარეალურ ფაქტებს; იქცევა ზედმეტად თავისუფლად] და შენი გული უკუღმართობას ილაპარაკებს [თავს ვეღარ იკავებს ისეთი ფიქრებისა და სურვილების გამოხატვისგან, რასაც ჩვეულებრივ აკონტროლებს]“ (იგ. 23:29—33; ოს. 4:11; მთ. 15:18, 19).
იგავების დამწერი განაგრძობს მთვრალი ადამიანის მდგომარეობის აღწერას: „ისე იქნები, თითქოს შუაგულ ზღვაში იყო [ეჩვენება, რომ იხრჩობა და საბოლოოდ გონებას კარგავს] ან ანძის წვერზე იწვე [როგორც ანძის წვერიდან ჩამოვარდნის ალბათობაა ყველაზე დიდი გემის რყევისას, ისევე დიდია იმის ალბათობა, რომ მთვრალ კაცს საფრთხე შეექმნას, იქნება ეს უბედური შემთხვევა, ინსულტი თუ ჩხუბი და ა.შ.]. იტყვი: „მცემდნენ და არ მტკიოდა. მირტყამდნენ და ვერაფერს ვგრძნობდი [ამბობს მთვრალი კაცი თავის თავზე; გონებადაბინდული რეალობას ვერ აღიქვამდა და მიყენებულ ტკივილსაც ვერ გრძნობდა]. როდის გამეღვიძება, რომ ისევ სასმელს დავუწყო ძებნა? [მან უნდა გამოიძინოს, რომ გამოფხიზლდეს, მაგრამ მერე ისევ სასმლისკენ მიუწევს გული და ერთი სული აქვს კიდევ როდის დალევს]“. ლოთი გაღარიბდება, რადგან ალკოჰოლურ სასმელებში ფლანგავს ფულს, შეიძენს არასაიმედო ადამიანის რეპუტაციას და მას აღარავინ შესთავაზებს სამუშაოს (იგ. 23:20, 21, 34, 35).
აკრძალულია ქრისტიანულ კრებაში. მთვრალ ადამიანს ახასიათებს აყალმაყალის ატეხა და თავისი უაზრო ქცევებით გარშემომყოფთა დასაცინი ხდება (იგ. 20:1; ფს. 107:27; ეს. 19:14). ამიტომ ქრისტიანული კრება დათრობას არ იწყნარებს. ისრაელისთვის მიცემული კანონიდან ვხედავთ სიმთვრალისადმი ღვთის დამოკიდებულებას. თუ კაცს ჰყავდა ჯიუტი, ურჩი, ღორმუცელა და ლოთი შვილი, ის უნდა ჩაექოლათ (კნ. 21:18—21). ბიბლიური მითითების თანახმად, მოუნანიებელი ლოთები უნდა გაირიცხონ ქრიტიანული კრებიდან (1კრ. 5:11—13). „გადამეტებული სმა [და] ღრეობა“, რაც ქვეყნიერებისთვის არის დამახასიათებელი, „ხორცის საქმეებში“ შედის. ქრისტიანი, რომელიც გადაეჩვევა ასეთ საქმეებს, მაგრამ მერე ისევ დაუბრუნდება თავის ძველ ჩვეულებებს და არ მოინანიებს, ვერ დაიმკვიდრებს ღვთის სამეფოს (1კრ. 6:9—11). ის უნდა გადაეჩვიოს ღვინის უზომოდ სმას, აღარ მიიღოს მონაწილეობა სმაში შეჯიბრებაში და ამგვარად შეწყვიტოს ქვეყნიერების ნებისამებრ მოქმედება (1პტ. 4:3). იგი მთელი სერიოზულობით უნდა მოეკიდოს ღვთის სულის ნაყოფის განვითარებას (გლ. 5:19—24).
აქედან გამომდინარე, ქრისტიან ზედამხედველებს (1ტმ. 3:1—3; ტიტ. 1:7), მომსახურეებს (1ტმ. 3:8), ახალგაზრდა თუ ხანში შესულ მამაკაცებს, ქალებს (ტიტ. 2:2, 3, 4—8) და ბავშვებს, განსაკუთრებით კი ზედამხედველთა შვილებს (ტიტ. 1:6), ზომიერება და საღი აზროვნება მოეთხოვებათ.
ერთხელ, უფლის ვახშამზე საუბრისას, პავლე მოციქულმა კორინთელი ქრისტიანები გაკიცხა. საქმე ის იყო, რომ ზოგიერთ მათგანს კრების შეხვედრებზე თავიანთი საჭმელ-სასმელი მიჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ თავად ბევრს ჭამდნენ, გაჭირვებაში მყოფთ არაფერს უწილადებდნენ, რითაც მათ უხერხულ მდგომარეობაში აგდებდნენ. როდესაც უფლის ვახშმის დრო დგებოდა, ზოგს უკვე იმდენი ჰქონდა ნაჭამი და ნასვამი, რომ სიმბოლოების მიღების თავი აღარ ჰქონდათ, მაშინ როცა, ზოგი მშიერი იყო. ამიტომაც თქვა პავლემ: „ზოგი მშიერია და ზოგი — მთვრალი“ (1კრ. 11:20—22).
როგორც მოსეს კანონიდან ვიგებთ, რელიგიური მსახურების წინ ალკოჰოლური სასმელების მიღება არ არის მართებული. იეჰოვას მღვდლებისთვის ნაბრძანები ჰქონდა, რომ თავიანთი მოვალეობების შესრულებისას არ დაელიათ ღვინო და არც სხვა მათრობელი სასმელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაიხოცებოდნენ (ლვ. 10:8—11).
რატომ ჩაიწერა ბიბლიაში ნოესა და ლოტის დათრობის შემთხვევები?
ბიბლიაში ჩაწერილია დათრობის რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც ნათელს ჰფენს ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხს. როგორც ვიცით, წარღვნის შემდეგ ნოემ ვენახი გააშენა, „დალია ღვინო [და] დათვრა“. ეს შემთხვევა წმინდა წერილებში იმის საჩვენებლად ჩაიწერა, თუ რის გამო დაწყევლა ნოემ ქანაანი (დბ. 9:20—27). მეორე ლოტის შემთხვევაა. მისმა ქალიშვილებმა ორჯერ ზედიზედ იმდენი ღვინო დაალევინეს, რომ დაათვრეს და მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარეს (დბ. 19:30—38). ეს შემთხვევა ნათელს ჰფენს იმას, თუ საიდან წარმოიშვნენ მოაბელი და ამონელი ერები და რა საერთო ჰქონდათ მათ ისრაელთან. ლოტი, როგორც ჩანს, იმდენად დათვრა, რომ საღი აზროვნების უნარი დაკარგა, თუმცა არც იმდენად გაბრუებულა, რომ სქესობრივი კავშირის დამყარების უნარი დაეკარგა. ვინაიდან ღვთის სიტყვა მკაცრად განსჯის სიმთვრალეს, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ღვთისმოშიშ კაცებს ჩვევად არ ექნებოდათ ალკოჰოლის ჭარბად მიღება, ანუ არ იქნებოდნენ ლოთები. ამ შემთხვევებიდან ნათლად ჩანს, რომ ბიბლია სიმართლეს არ გვიმალავს ბიბლიური პერსონაჟების შესახებ. სხვა ბიბლიური პერსონაჟების დათრობის შემთხვევებს მოგვითხრობს 1 სამუელის 25:36—38, 2 სამუელის 11:13 და 1 მეფეების 20:15—21.
მცდარი დასკვნა. ახ. წ. 33 წლის 50-ე დღის დღესასწაულზე, როდესაც ქრისტეს მოწაფეებზე წმინდა სული გადავიდა, ისინი სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ. ამის დანახვაზე ზოგმა თქვა, „მაჭრით დამთვრალანო“. მაგრამ პეტრემ მათ აუხსნა: „ესენი მთვრალები არ არიან, როგორც თქვენ გგონიათ, რადგან ახლა დღის მესამე საათია“, ანუ დაახლ. დილის 9 საათი (ითვლება მზის ამოსვლიდან, დაახლ. დილის 6 საათიდან) (სქ. 2:1—4, 13—15). მათ, ვინც 50-ე დღის დღესასწაულს აღნიშნავდა, ეცოდინებოდათ, რა ეწერა ესაიას წინასწარმეტყველებაში: „ვაი მათ, ვინც დილით ადრე დგება მათრობელი სასმლის საძებნელად“ (ეს. 5:11). იმ დროს მიღებული არ იყო დილის 9 საათზე ნადიმების გამართვა, და წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ 120 კაცი ამ საათისთვის უკვე მთვრალი ყოფილიყო. გარდა ამისა, პავლემ თქვა: „მძინარეებს ღამით სძინავთ და ლოთები ღამით თვრებიან“ (1თს. 5:7).
სულიერი გაგებით. ათტომიანი სამეფოს წინამძღოლები, რომელთაგან ეფრემი ყველაზე გავლენიანი ტომი იყო, სულიერი გაგებით ღვინით იყვნენ მთვრალები. მათ ეამაყებოდათ იუდას სამეფოსგან დამოუკიდებლობა და იუდას მტრებთან მოკავშირეობა, მაშინ როცა იუდას მეფეებზე ნათქვამია, რომ ისინი „იეჰოვას ტახტზე“ სხდებოდნენ (1მტ. 29:23). გარდა ამისა, ისინი პირდაპირი გაგებითაც თვრებოდნენ და ღრეობებს მართავდნენ. მათთან ღმერთს შეთანხმება ჰქონდა დადებული, ისინი კი არღვევდნენ ამ შეთანხმებას — ქედმაღლურად იქცეოდნენ, სულიერი გაგებით თვრებოდნენ და შეურაცხყოფდნენ იეჰოვას (ეს. 28:1—4).
სულიერი გაგებით მღვდლები და იუდას წინამძღოლებიც თვრებოდნენ. ისინი კანონს თავიანთ ადათ-წესებს უმატებდნენ, ცრუ ხილვებს ხედავდნენ და სიცრუეს ავრცელებდნენ ღვთის წმინდა ერზე. ისინი დახმარებას ასურეთს სთხოვდნენ და არა ღმერთს (ეს. 29:1, 9—14; 2მფ. 16:5—9). როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, „მთვრალი“ ისრაელი ასურეთმა ძვ. წ. 740 წელს ტყვედ წაასხა. მოგვიანებით, ძვ. წ. 607 წელს, „სასმლით გაბრუებულ“, განდგომილ იუდასაც მოუწია იეჰოვას რისხვის თასის შესმა და ბაბილონის ტყვეობაში ჩავარდა. ვინაიდან ღვთის ხალხს სასტიკად ეპყრობოდა, იეჰოვას რისხვის თასი 68 წლის შემდეგ ბაბილონმაც (შეშაქის მეფემ) შესვა (იერ. 25:15—29).
სიმბოლური „დიდი ბაბილონი“ ბიბლიაში აღწერილია, როგორც მთვრალი მეძავი, რომელსაც „ხელში თავისი სიძვის სისაძაგლითა და უწმინდურებით სავსე ოქროს სასმისი“ უჭირავს. „დედამიწის მკვიდრნი მისი სიძვის ღვინით“ თვრებიან, თავად კი „წმინდებისა და იესოს მოწმეების სისხლით“ არის მთვრალი. თავისი ავცხორცობის გამო ის სამუდამოდ განადგურდება (გმც. 17:1—6, 16; 14:8; 18:8; იხ. დიდი ბაბილონი).