უფლის ვახშამი
უფალ იესო ქრისტეს სიკვდილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ვახშამი. სხვა სიტყვებით, უფლის სიკვდილის გახსენების საღამო. ერთადერთი მოვლენა, რომლის აღნიშვნას წმინდა წერილი ქრისტიანებს ავალდებულებს. მას უფლის სერობასაც უწოდებენ (1კრ. 11:20, სსგ).
უფლის ვახშმის შესახებ ცნობებს გვაწვდიან მათე და იოანე, უშუალოდ მისი თვითმხილველნი და მონაწილენი. მართალია, მარკოზი და ლუკა ვახშამს არ ესწრებოდნენ, მაგრამ მათესა და იოანეს ცნობები ზოგიერთი დეტალით შეავსეს. პავლე კორინთელებისთვის მიწერილ წერილში უფლის ვახშმის ზოგიერთ თავისებურებას ჰფენს ნათელს. ყველა ზემოხსენებული წყაროდან ვიგებთ, რომ სიკვდილის წინა საღამოს იესო და მისი მოწაფეები ზემოთა ოთახში პასექის საზეიმოდ შეიკრიბნენ (მრ. 14:14—16). მათე იუწყება: «ისინი ჯერ კიდევ ჭამდნენ, როცა იესომ აიღო პური, ილოცა, დაამტვრია, მოწაფეებს მისცა და თქვა: „აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემს სხეულს ნიშნავს“. აიღო სასმისი, ღმერთს მადლობა გადაუხადა, მისცა მათ და უთხრა: „ყველამ შესვით, რადგან ეს ჩემს სისხლს ნიშნავს, „შეთანხმების სისხლს“, რომელიც მრავალთათვის უნდა დაიღვაროს ცოდვების მისატევებლად. გეუბნებით: აღარ დავლევ ვაზის ამ ნაყოფისგან იმ დღემდე, სანამ თქვენთან ერთად არ დავლევ ახალს მამაჩემის სამეფოში“. ბოლოს ღვთის სადიდებელი იმღერეს და ზეთისხილის მთისკენ გაემართნენ» (მთ. 26:17—30; მრ. 14:17—26; ლკ. 22:7—39; ინ. 13:1—38; 1კრ. 10:16—22; 11:20—34).
დაწესების დრო. პასექს ყოველთვის 14 ნისანს (აბიბი), სავსემთვარობისას ზეიმობდნენ, რადგან ებრაული კალენდრის მიხედვით, ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე, ყოველი თვის (მთვარისმიერი) პირველი დღე ახალმთვარობას ემთხვეოდა. აქედან გამომდინარე, თვის მე-14 დღეს მთვარისმიერი თვის დაახლოებით შუა რიცხვები უწევდა. როგორც სტატიიდან იესო ქრისტე (სიკვდილის დრო) ვიგებთ, იესო ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს მოკლეს. ასტრონომიული გამოთვლით იესო ახ. წ. 33 წლის 3 აპრილს, პარასკევს (იულიუსის კალენდარი), მთვარის დაბნელების დღეს მოკვდა, რაც გრეგორიანული კალენდრით 1 აპრილი, პარასკევი გამოდის (Canon of Eclipses, თ. ოპოლცერი, ინგლისური თარგმანი ო. გინგრიხისა, 1962, გვ. 344). მთვარის დაბნელება ყოველთვის სავსემთვარობას ემთხვევა. ეს კი იმის უტყუარი მტკიცებაა, რომ ახ. წ. 33 წლის 14 ნისანი გრეგორიანული კალენდრით ამავე წლის 31 მარტსა და 1 აპრილზე, ხუთშაბათ-პარასკევზე მოდიოდა.
იესომ უკანასკნელი პასექი თავისი სიკვდილის წინა საღამოს აღნიშნა და ამის შემდეგ უფლის ვახშმად წოდებული დღესასწაული დააწესა. ვახშმის დაწყებამდე იესომ გამცემი იუდა დაითხოვა. სახარების თანახმად მაშინ „ღამე იყო“ (ინ. 13:30). ვინაიდან ებრაული კალენდრით დღე საღამოს იწყებოდა და მეორე საღამომდე გრძელდებოდა, უფლის ვახშამიც შესაბამისად 14 ნისანს ანუ 31 მარტს, ხუთშაბათ საღამოს აღინიშნა (იხ. დღე).
რა სიხშირით უნდა აღინიშნებოდეს. ლუკა და პავლე გვაუწყებენ, თუ რა თქვა იესომ თავისი სიკვდილის გახსენების საღამოს დაწესებისას: „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (ლკ. 22:19; 1კრ. 11:24). მისი ნათქვამიდან ვასკვნით, რომ იესომ თავის მიმდევრებს უფლის ვახშმად წოდებული დღესასწაულის აღნიშვნა წელიწადში ერთხელ დაავალა. პასექს ისრაელები ძვ. წ. 1513 წელს ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლების აღსანიშნავად წელიწადში მხოლოდ ერთხელ, 14 ნისანს ზეიმობდნენ. გახსენების საღამოც პასექის მსგავსად მხოლოდ 14 ნისანს უნდა აღინიშნებოდეს.
პავლემ გაიხსენა სასმისთან დაკავშირებით იესოს სიტყვები: „ამას აკეთებდეთ ჩემს გასახსენებლად ყოველთვის, როცა დალევთ“. შემდეგ დასძინა: „ყოველთვის, როცა ამ პურს შეჭამთ და ამ სასმისს შესვამთ, უფლის სიკვდილს აუწყებთ მის მოსვლამდე“ (1კრ. 11:25, 26). „ყოველთვის“ შეიძლება იმაზეც მიუთითებდეს, რაც წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხდება, მით უმეტეს წლების მანძილზე (ებ. 9:25, 26). 14 ნისანს ქრისტემ თავისი ფიზიკური სხეული მსხვერპლად მიიტანა წამების ბოძზე და სისხლი დაღვარა კაცობრიობის ცოდვების მისატევებლად. ამრიგად, ეს იყო „უფლის სიკვდილის“ დღე, რომელიც მას მერე უნდა აღენიშნათ.
ამ ვახშმის მოზიარეებს უფალთან განშორება მოუწევდათ, ამიტომ უფლის ვახშამი მათ უნდა აღენიშნათ „ყოველთვის“, ვიდრე სიცოცხლეს ერთგულად განვლიდნენ. ზეცაში აღდგომის შემდეგ ისინი ქრისტესთან ერთად იქნებოდნენ, ამიტომ მისი გახსენება აღარ დასჭირდებოდათ. პავლემ თქვა, რომ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნა უნდა გაგრძელებულიყო „მის მოსვლამდე“, რაშიც ის გულისხმობდა იმ დროს, როცა ქრისტე კვლავ მოვიდოდა და აღდგომის მეშვეობით მათ ზეცაში წაიყვანდა. ამ აზრს ადასტურებს იმავე საღამოს 11 მოციქულისთვის ნათქვამი იესოს სიტყვები: „თუ წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა თქვენც იქ იყოთ, სადაც მე ვარ“ (ინ. 14:3, 4; 2კრ. 5:1—3, 6—9).
იესომ მოციქულებს უთხრა, რომ უკანასკნელად სვამდა ღვინოს ამ პასექზე (გახსენების საღამოს დაწესებამდე) და აღარ დალევდა მას იმ დღემდე, სანამ მათთან ერთად არ დალევდა ახალს მამამისის სამეფოში (მთ. 26:29). ცხადია, იესო პირდაპირი გაგებით ვერ დალევდა ღვინოს ზეცაში. ის აშკარად სიხარულს გულისხმობდა, რის სიმბოლოსაც ზოგჯერ ღვინო წარმოადგენს წმინდა წერილებში. მოციქულები ზეციერ სამეფოში ქრისტესთან ერთად ყოფნას მოუთმენლად ელოდნენ (რმ. 8:23; 2კრ. 5:2). მეფე დავითი თავის ფსალმუნში იეჰოვასგან ბოძებულ ღვინოს „მოკვდავი ადამიანის გულის გამახალისებელს“ უწოდებს, მისი ძე სოლომონი კი წერს, რომ „ღვინო ცხოვრებას ახალისებს“ (ფს. 104:15; ეკ. 10:19).
სიმბოლოები. იმ პურის შესახებ, რომელიც იესომ გახსენების საღამოს დაწესებისას გამოიყენა, მარკოზი ამბობს: «ისინი ჯერ კიდევ ჭამდნენ, როცა იესომ აიღო პური, ილოცა, დაამტვრია, მისცა მათ და თქვა: „აიღეთ, ეს ჩემს სხეულს ნიშნავს“» (მრ. 14:22). ეს ის პური იყო, რომელიც მათ პასექის აღნიშვნის დროს გამოიყენეს. პური უფუარი იყო, ვინაიდან ებრაულ ოჯახებში პასექსა და მომდევნო უფუარობის დღესასწაულზე საფუვრის გამოყენება იკრძალებოდა (გმ. 13:6—10). წმინდა წერილებში საფუარი ცოდვასთან ასოცირდება. ამიტომ უფუარი პური იესოს უცოდველი სხეულის შესაფერის სიმბოლოს წარმოადგენდა (ებ. 7:26; 9:14; 1პტ. 2:22, 24). იგი ბრტყელი და მტვრევადი იყო. ჩვეულებრივ, ჭამის დროს ასეთ პურს ამტვრევდნენ (ლკ. 24:30; სქ. 27:35). მანამდეც, როცა იესომ სასწაულებრივად გაამრავლა პური ათასებისთვის, დაამტვრია და ისე დაარიგა (მთ. 14:19; 15:36). აქედან გამომდინარე, ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს დროს პურის დამტვრევას არანაირი სიმბოლური დატვირთვა არ გააჩნია.
პურის გადაწოდების შემდეგ, იესომ აიღო სასმისი, «ღმერთს მადლობა გადაუხადა, მისცა მათ და ყველამ დალია. უთხრა მათ: „ეს ჩემს სისხლს ნიშნავს, „შეთანხმების სისხლს“, რომელიც მრავალთათვის უნდა დაიღვაროს“» (მრ. 14:23, 24). მან ღვინო გამოიყენა და არა დაუდუღარი ყურძნის წვენი. ბიბლია ღვინოში ღვინოს გულისხმობს და არა ყურძნის წვენს (იხ. ღვინო და მაგარი სასმელები). მხოლოდ ღვინო ხეთქდა „ძველ ტიკებს“, როგორც იესომ თქვა, და არა უბრალო ყურძნის წვენი. მტრები იესოს „სმას გადაყოლილ კაცს“ ეძახდნენ, მაგრამ ამ ბრალდებას ვერ წაუყენებდნენ, თუ ის ყურძნის წვენს სვამდა (მთ. 9:17; 11:19). იესომ და მისმა მოწაფეებმა პასექი ნამდვილი ღვინით აღნიშნეს, შესაბამისად, იესომ თავისი სიკვდილის გახსენების საღამოს დაწესებისას იგივე ღვინო გამოიყენა. ეს ღვინო უეჭველად წითელი იყო, რადგან სისხლის სიმბოლო მხოლოდ წითელი ღვინო თუ იქნებოდა (1პტ. 1:19).
საზიარო სუფრა. ძველ ისრაელში კაცს საზიარო სუფრის მოწყობა შეეძლო. მას საწმინდარში დასაკლავად უნდა მიეყვანა ცხოველი. შესაწირავის ნაწილი სამსხვერპლოზე იწვებოდა, როგორც „დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის“. ნაწილი ამ რიტუალის შემსრულებელ მღვდელს ერგებოდა, კიდევ ერთი ნაწილი აარონის სხვა ვაჟებს, დანარჩენს შემწირველი და მისი სახლეულობა ინაწილებდა (ლვ. 3:1—16; 7:28—36). ვინც კანონის თანახმად უწმინდურად ითვლებოდა და საზიარო მსხვერპლს შეჭამდა, მოიკვეთებოდა „თავისი ხალხიდან“ (ლვ. 7:20, 21).
უფლის ვახშამიც საზიარო სუფრაა, რადგან მას რამდენიმე მხარე ინაწილებს. ამ ვახშმის მოთავე იეჰოვა ღმერთია, მსხვერპლი — იესო ქრისტე, ხოლო მისი სულიერი ძმები — სიმბოლოების მიმღებნი. „იეჰოვას სუფრიდან“ ჭამა იმაზე მიუთითებს, რომ მათ მშვიდობიანი ურთიერთობა აქვთ იეჰოვასთან (1კრ. 10:21). ამიტომაც საზიარო მსხვერპლს ბიბლიაში ზოგან მშვიდობის მსხვერპლიც ეწოდება (ლვ. 3:1, სქ).
ვინც უფლის ვახშმის დროს ჭამს პურს და სვამს ღვინოს, აღიარებს, რომ ქრისტეს მოზიარეა და ერთობაშია მასთან. მოციქული პავლე წერდა: „განა კურთხევის სასმისი, რომელსაც ვაკურთხებთ, იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტეს სისხლს ვეზიარებით? განა პური, რომელსაც ვამტვრევთ, იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტეს სხეულს ვეზიარებით? პური ერთია და რადგან ერთ პურსა ვჭამთ, ჩვენც ერთი სხეული ვართ, თუმცა ბევრნი ვართ“ (1კრ. 10:16, 17).
პურისა და ღვინის მიმღებნი ახალ შეთანხმებას ექვემდებარებიან და აქედან გამომდინარე, ქრისტეს დაღვრილი სისხლის საფუძველზე ცოდვები მიეტევებათ. ისინი აფასებენ „შეთანხმების სისხლს“, რომლითაც იწმინდებიან (ებ. 10:29). ბიბლიაში მათ ეწოდებათ „ახალი შეთანხმების მსახურნი“, რადგან ისინი ამ შეთანხმების მიზანს ასრულებენ (2კრ. 3:5, 6). მათ აქვთ უფლება, მიიღონ ეს სიმბოლური პური, რადგან მათზეა ნათქვამი: „ამ ნებით ვართ განწმენდილნი იესო ქრისტეს სხეულის მხოლოდ ერთხელ შეწირვით“ (ებ. 10:10). ისინი ქრისტეს ტანჯვის მოზიარენი არიან და ქრისტეს მსგავსად სიკვდილამდე ერთგულები რჩებიან. მათ იმედი აქვთ, რომ ქრისტესთან „აღდგომის მსგავსებითაც“ გაერთიანდებიან, ანუ სულიერ სხეულსა და უკვდავებას მიიღებენ (რმ. 6:3—5).
მოციქული პავლე თითოეულ მოზიარეზე ამბობს: „თუ ვინმე უღირსად შეჭამს ამ პურს და უღირსად შესვამს უფლის სასმისს, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე. მან ჯერ გულდასმით შეამოწმოს საკუთარი თავი და, როცა დარწმუნდება, რომ ღირსეულია, მაშინ შეჭამოს ეს პური და შესვას ეს სასმისი. ვინც ისე ჭამს და სვამს, რომ სხეულის მნიშვნელობა არ ესმის, საკუთარი თავის გასასამართლებლად ჭამს და სვამს“ (1კრ. 11:27—29). უწმინდური, უღვთო და თვალთმაქცური ქცევის გამო ქრისტიანს სიმბოლოების მიღების უფლება წაერთმევა. თუ ის მაინც გააგრძელებს სიმბოლოების მიღებას, თავის გასასამართლებლად შეჭამს და შესვამს. მისი საქციელი იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ქრისტეს მსხვერპლს, მის მიზანსა და მნიშვნელობას არ აფასებს და ზიზღითა და უპატივცემულოდ ეპყრობა (შდრ. ებ. 10:28—31). ასეთს ღვთის ხალხიდან მოკვეთა ემუქრება მის მსგავსად, ვინც ძველ ისრაელში გაუწმინდურებული შეჭამდა საზიარო მსხვერპლს (ლვ. 7:20).
პავლე უფლის ვახშამს ისრაელში არსებულ საზიარო სუფრას ადარებს. ის ჯერ ქრისტესთან მოზიარეებს მოიხსენიებს და შემდეგ ამბობს: «შეხედეთ ხორციელ ისრაელს: განა წილი არა აქვს სამსხვერპლოსთან მას, ვინც მსხვერპლსა ჭამს? ... შეუძლებელია იეჰოვას სასმისსაც სვამდეთ და დემონების სასმისსაც. შეუძლებელია „იეჰოვას სუფრიდანაც“ ჭამდეთ და დემონების სუფრიდანაც» (1კრ. 10:18—21).
მონაწილეები და დამსწრეები. ერთად შეკრებილ 12 მოციქულს იესომ უთხრა: „ძალიან მინდოდა, თქვენთან ერთად მეჭამა პასექი ჩემი ტანჯვის წინ“ (ლკ. 22:15). ამ მოვლენების თვითმხილველი იოანე გვამცნობს, რომ იესომ გახსენების საღამოს დაფუძნებამდე გაისტუმრა მოღალატე იუდა. პასექის დროს იესომ ლუკმა ჩააწო, იუდას მიაწოდა და წასვლა უბრძანა, რადგან იცოდა, რომ გამცემი ის იყო (ინ. 13:21—30). მარკოზიც იმავე თანმიმდევრობით აღგვიწერს მოვლენებს (მრ. 14:12—25). ამის შემდეგ, უფლის ვახშმის დროს იესომ პური და ღვინო გადააწოდა დარჩენილ 11 მოციქულს, რათა ეჭამათ და დაელიათ (ლკ. 22:19, 20). შემდეგ უთხრა: „თქვენ ჩემთან ერთად დარჩით განსაცდელში“, რაც იმაში გვარწმუნებს, რომ იუდა იქ არ იყო (ლკ. 22:28).
არაფერი მოწმობს იმაზე, რომ იესომ გახსენების საღამოს დროს თავადაც ჭამა და დალია მოწაფეებისთვის შეთავაზებული პური და ღვინო. მან მათთვის გაიღო თავისი სხეული და სისხლი, რათა ძალაში შესულიყო მათი ცოდვების აღმომფხვრელი ახალი შეთანხმება (იერ. 31:31—34; ებ. 8:10—12; 12:24). იესო უცოდველი იყო (ებ. 7:26). ის არის ახალი შეთანხმების შუამავალი იეჰოვა ღმერთსა და ქრისტეს რჩეულ თანამემკვიდრეებს შორის (ებ. 9:15; იხ. შეთანხმება). უფლის ვახშამზე მყოფი მოციქულების გარდა, ღვთის სულიერი ისრაელისა და „მცირე სამწყსოს“ წევრები მომავალში სხვებიც უნდა ყოფილიყვნენ. ისინიც მღვდლები და მეფეები უნდა გამხდარიყვნენ ქრისტესთან ერთად (გლ. 6:16; ლკ. 12:32; გმც. 1:5, 6; 5:9, 10). ამიტომ დედამიწაზე მცხოვრები ქრისტეს ყველა სულიერი ძმა ამ ვახშმის მონაწილე უნდა ყოფილიყო ყოველი მისი აღნიშვნისას. ისინი არიან „ქმნილებათა შორის ერთგვარი პირველი ნაყოფი“ (იაკ. 1:18), ადამიანთაგან არიან ნაყიდნი, „როგორც პირველი ნაყოფი ღვთისა და კრავისთვის“. როგორც იოანეს ხილვიდან ვიგებთ, მათი რიცხვი 144 000-ს შეადგენს (გმც. 14:1—5).
დამსწრეები სიმბოლოებს არ იღებენ. უფალმა იესო ქრისტემ გააცხადა, რომ მისი მოსვლისას იქნებოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სიკეთეს გაუკეთებდნენ მის სულიერ ძმებს, გაჭირვების ჟამს მოინახულებდნენ და დაეხმარებოდნენ მათ (მთ. 25:31—46). შეუძლიათ ასეთებს სიმბოლოების მიღება? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი წმინდა სულით დაუმოწმებდა მათ, იყვნენ თუ არა ღვთის შვილები — „ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი“ და უნდა მიეღოთ თუ არა სიმბოლოები. მოციქული პავლე წერდა: „ეს სული თვითონვე მოწმობს ჩვენს სულთან ერთად, რომ ღვთის შვილები ვართ“. პავლემ დასძინა, რომ ის, რაც ღმერთმა ღვთის ძეებისთვის გაითვალისწინა, სხვებსაც მოუტანს სარგებლობას: „მთელი ქმნილება მოუთმენლად მოელის ღვთის ძეების გამოცხადებას“ (რმ. 8:14—21). ვინაიდან ქრისტეს თანამემკვიდრეები მეფეები, მღვდლები და დედამიწის მმართველები იქნებიან, მათი სამეფო ქვეშევრდომებს უამრავ კურთხევას მოუტანს (გმც. 5:10; 20:4, 6; 21:3, 4). სამეფოს ქვეშევრდომები, ბუნებრივია, დაინტერესებულნი არიან ამ სამეფოთი და იმით, რასაც ეს სამეფო განახორციელებს. აქედან გამომდინარე, ისინი ესწრებიან და აღნიშნავენ უფლის ვახშამს, მაგრამ არ იღებენ სიმბოლოებს, რადგან არ არიან ქრისტეს თანამემკვიდრენი, ღვთის სულიერი ძეები, არ ერთიანდებიან ქრისტესთან სიკვდილის მსგავსებით და არ აქვთ ზეციერი აღდგომის იმედი (რმ. 6:3—5).
არავითარი ტრანსუბსტანცია და კონსუბსტანცია. იესო ჯერ კიდევ ხორციელ სხეულში იყო, როცა მოწაფეებს პური გადააწოდა. მას მთელი, სრულყოფილი და უნაკლო სხეული მომდევნო დღეს (ებრაული კალენდრით იმავე დღეს, 14 ნისანს) ადამიანთა ცოდვებისთვის უნდა გაეღო. გარდა ამისა, მის მსხვერპლად გამზადებულ სრულყოფილ სხეულში სისხლი ჩქეფდა. მან „სიკვდილს გადასცა თავისი სული [რომელიც სისხლშია]“ (ეს. 53:12; ლვ. 17:11). მაშასადამე, ვახშმისას მას ტრანსუბსტანციის სასწაული არ მოუხდენია — არ გადაუქცევია პური თავის ხორცად და ღვინო თავის სისხლად. ვერც იმას ვიტყვით, რომ იესომ თავისი ხორცი და სისხლი სასწაულებრივად შეურია პურსა და ღვინოს, როგორც ამას კონსუბსტანციის დოქტრინის მომხრეები ამტკიცებენ.
ზემოხსენებული არ ეწინააღმდეგება იოანეს 6:51—57-ს. აქ იესო არ საუბრობს უფლის ვახშამზე, რადგან ეს დღე მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დაწესდა. ბიბლიის ამ მონაკვეთში „ჭამაც“ და „სმაც“ გადატანითი მნიშვნელობით არის ნახმარი, რადგან 35-ე და მე-40 მუხლები იესო ქრისტეს მიმართ რწმენაზე საუბრობს.
გარდა ამისა, ადამიანის ხორცის ჭამა და სისხლის სმა კანიბალიზმია. ამიტომ იყო, რომ ის იუდეველები, რომლებსაც არ სწამდათ იესოსი და წესიერად ვერც ხორცის ჭამასა და სისხლის სმაზე მისი ნათქვამი გაიგეს, გაოგნდნენ. მათ აღშფოთებაში გამოჩნდა იუდეველთა კანონით ჩამოყალიბებული შეხედულება ადამიანის ხორცის ჭამასა და სისხლის სმაზე (ინ. 6:60).
სისხლის დალევა ჯერ კიდევ კანონის შეთანხმებამდე, ღვთის მიერ ნოესთვის მიცემული კანონით იკრძალებოდა (დბ. 9:4; ლვ. 17:10). უფალი იესო ქრისტე არასოდეს უბიძგებდა ხალხს ღვთის კანონის დარღვევისკენ (შდრ. მთ. 5:19). თანაც დაგვიბარა: „ამას აკეთებდეთ ჩემს გასახსენებლად“ და არა ჩემს შესაწირად (1კრ. 11:23—25).
ამრიგად, პური და ღვინო ქრისტეს სხეულისა და სისხლის სიმბოლოა. ანალოგიურად, სიმბოლური დატვირთვა აქვს იესოს ნათქვამს მისი ხორცის ჭამასა და სისხლის დალევაზე. იესომ თავისი ნათქვამით აღშფოთებულებს უთხრა: „ეს პური ჩემი ხორცია, რომელსაც ქვეყნიერების სიცოცხლისთვის გავიღებ“ (ინ. 6:51). მისი ხორცი წამების ბოძზე სიკვდილის დროს იქნა მსხვერპლად გაღებული. იესოს სხეული სამარხში იყო და ვიდრე გაიხრწნებოდა, მამამ გააქრო (სქ. 2:31). ქრისტეს ხორცი არავის უჭამია და არც სისხლი დაულევია.
ღირსეულად და წესიერად აღნიშვნა. კორინთის სულიერად მოსუსტებულ კრებას პავლე მოციქული სწერდა: „თქვენში ბევრი სუსტი და ავადმყოფია, ბევრს კი სიკვდილის ძილით სძინავს“. კორინთელების სულიერი მოსუსტების ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ სწორად არ ესმოდათ უფლის ვახშმის მნიშვნელობა. ისინი წმინდად არ მიიჩნევდნენ და არ აფასებდნენ ამ მოვლენას. ზოგს ვახშამი მოჰქონდა და შეხვედრის დაწყებამდე ან მსვლელობის დროს ჭამდა. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც სვამდნენ და თვრებოდნენ. კრების სხვა წევრები კი ამ დროს მშივრები ისხდნენ და თავს უხერხულად გრძნობდნენ მათ გარემოცვაში, ვისაც ბევრი ჰქონდა. ზოგს რული ეკიდებოდა, ზოგს გონება ეფანტებოდა და შესაბამისად მადლიერებით არ იღებდა სიმბოლოებს. ამასთან ერთად, კრებაში განხეთქილება იყო — ზოგი პეტრეს ანიჭებდა უპირატესობას, ზოგი აპოლოსს, ზოგიც მხოლოდ პავლეს აღიარებდა მეთაურად (1კრ. 1:11—13; 11:18). მათ არ ესმოდათ, რომ ეს ღონისძიება მათი გამაერთიანებელი უნდა ყოფილიყო; ვერ აცნობიერებდნენ, რომ პური და ღვინო უფლის სხეულისა და სისხლის სიმბოლო იყო, ვახშამი კი მისი სიკვდილის გახსენებას ეძღვნებოდა. პავლემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვინც გაუთვითცნობიერებლად იღებდა სიმბოლოებს, სერიოზულ საფრთხეში იგდებდა თავს (1კრ. 11:20—34).