ქრისტეს გამოცხადება
ქრისტეს გამოჩენა; მისი ძალისა და ძალაუფლების ხილული გამოვლენა. წმინდა წერილებში გამოცხადებად ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ეპიფანეა გამოიყენება იესო ქრისტეს დედამიწაზე ყოფნასთან და უმეტეს შემთხვევაში მეფური ძალაუფლებით მის მოსვლასთან დაკავშირებით.
ღვთის ძის გამოცხადება ხორცში. 2 ტიმოთეს 1:9—11-ში პავლე ლაპარაკობს „ჩვენი მხსნელის, ქრისტე იესოს გამოცხადებაზე“ ხორცში. ზეციდან ღვთის ძის გამოგზავნის მიზანი იეჰოვას უზენაესობის გამართლება იყო, ამასთანავე, კაცობრიობის დასაბამიდან არსებული სიკვდილის გაუქმება და შუქის მოფენა იმ სიცოცხლისა და უხრწნელობისთვის, რომელსაც ზეცაში ცხოვრებისთვის განწესებულნი მიიღებენ. იესოს ხორცში გამოცხადება „ღვთისადმი ერთგულების წმინდა საიდუმლოს“ ნაწილია (1ტმ. 3:16). ღვთის მიერ თავისი ძის გამოგზავნას პავლემ ღვთის წყალობის გამოცხადება უწოდა, რომელსაც თავის მხრივ „ხსნა მოაქვს ყველანაირი ადამიანისთვის, გვასწავლის, რომ უარვყოთ უღმერთოება და ქვეყნიური სურვილები, ახლანდელ ქვეყნიერებაში აზრიანად, სიმართლითა და ღვთისადმი ერთგულებით ვიცხოვროთ, ვიდრე ველით მშვენიერ იმედს და დიადი ღვთისა და ქრისტე იესოს, ჩვენი მხსნელის, დიდებით გამოცხადებას“ (ტიტ. 2:11—13). როდესაც ქრისტე თავისი დიდებით გამოცხადდება და თავის მისიას ბოლომდე შეასრულებს, ცხადი გახდება მისი გამომგზავნელის, ღვთის დიდებაც.
ქრისტეს გამოცხადება ზეციერი დიდებით. ქრისტეს თავისი მოსვლისას ყურადღება უნდა მიექცია სიკვდილის ძილით მიძინებული სულიერი ძმებისთვის, კერძოდ, მათთვის, ვინც პავლეს თქმით, „მისი გამოცხადება შეიყვარა“ და ვინც ჯილდოდ მიიღებდა სიმართლის გვირგვინს (პავლე თავის თავსაც გულისხმობდა) (2ტმ. 4:8). როდესაც უფალი თვითონ ჩამოვიდოდა „ზეციდან მბრძანებლური მოწოდებით, მთავარანგელოზის ხმითა და ღვთის საყვირით ... პირველები ქრისტეში მკვდრები“ აღდგებოდნენ და ქრისტე მათ თავისთან წაიყვანდა. ამგვარად, ქრისტე მათ წინაშე დიდების ძლევამოსილებით გამოცხადდებოდა. ამის შემდეგ ქრისტე თავის მოსვლას გაუცხადებდა დედამიწაზე მყოფ ძმებს, რომლებსაც მათი სიკვდილისთანავე თავისთან ზეცაში წაიყვანდა (1თს. 4:15, 16; ინ. 14:3; გმც. 14:13).
როგორც მეფე და მოსამართლე. პონტიუს პილატეს ქრისტემ უთხრა, რომ მისი სამეფო არ იყო ქვეყნიერების ნაწილი, თუმცა არ უარყვია, რომ მეფე იყო (ინ. 18:36, 37). ის არ გამოცხადებულა როგორც ხელმწიფე, ვინაიდან სამეფო ძალაუფლება მაშინ ხელთ არ ეპყრა. თუმცა მოვიდოდა დრო, როცა „ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადება“ ყველასთვის თვალსაჩინო გახდებოდა და „ბედნიერი და ერთადერთი ხელმწიფე“, „მეფეთა მეფე და უფალთა უფალი“ თავის ძალაუფლებას გამოიყენებდა (1ტმ. 6:13—16; დნ. 2:44; 7:13, 14).
ქრისტეს სამეფოს მოსვლისა და მისი გამოცხადების თაობაზე პავლე ტიმოთეს სწერდა: „მთელი სერიოზულობით გეუბნები ღვთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელმაც უნდა გაასამართლოს ცოცხლები და მკვდრები, და გიმოწმებ მისი გამოცხადებითა და სამეფოთი“ (2ტმ. 4:1, 2). პავლე საუბრობდა იმ დროზე, როცა ქრისტეს ზეციური დიდება ყველასთვის თვალსაჩინო გახდებოდა და ქრისტე დედამიწაზე ღვთის განაჩენს აღასრულებდა.
„უკანონობის კაცის“ განადგურებისას. პავლე თესალონიკელ ქრისტიანებს „ჩვენი უფალ იესო ქრისტეს“ მოსვლის შესახებ სწერდა და მოუწოდებდა, არ შეძრულიყო მათი გონება და არ შეშფოთებულიყვნენ იმ ცნობით, „თითქოს უკვე დადგა იეჰოვას დღე“. სიმბოლური „უკანონობის კაცი“, რომელიც საუკუნეების განმავლობაში უპირისპირდება ღმერთსა და ქრისტეს, ამ უკანასკნელის „მოსვლის გამოცხადებით“ განადგურდება. ეს „უკანონობის კაცი“ ქრისტეს მოსვლას რწმენით კი არ მიხვდება, როგორც ქრისტიანები, რომლებმაც მისი გამოცხადება შეიყვარეს, არამედ მისი ძალის გამოცხადებით, როცა იესო გაანადგურებს ყველას, ვინც ამ „კაცში“ მოიაზრება (2თს. 2:1—8; იხ. უკანონობის კაცი).