რას ნიშნავს სიტყვები „გიყვარდეთ თქვენი მტრები“?
ბიბლია გვპასუხობს:
მთაზე ქადაგების დროს იესომ ასეთი სიტყვები თქვა: „გიყვარდეთ თქვენი მტრები“ (მათე 5:44; ლუკა 6:27, 35). იესო იმას გულისხმობდა, რომ კეთილად მოვპყრობოდით მათ, ვისაც ვძულვართ ან უსამართლოდ გვექცევა.
იესო თავისი მტრების მიმართ სიყვარულს იმით ავლენდა, რომ პატიობდა მათ, როცა უსამართლოდ ექცეოდნენ (ლუკა 23:33, 34). მისი ეს სიტყვები სრულ თანხმობაშია ებრაულ წერილებში ანუ „ძველ აღთქმაში“ ჩაწერილთან (გამოსვლა 23:4, 5; იგავები 24:17; 25:21).
„გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის“ (მათე 5:43, 44).
ამ სტატიაშია:
რატომ უნდა გვიყვარდეს მტრები?
მტრების სიყვარულის მაგალითს ღმერთი გვაძლევს. ის „უმადურთა და ბოროტთა მიმართაც კეთილია“ (ლუკა 6:35). „[მას] მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს“ (მათე 5:45).
სიყვარულმა მტრულად განწყობილი ადამიანი შეიძლება ცვლილებებისკენ აღძრას. ბიბლია გვირჩევს, რომ მტრულად განწყობილ ადამიანს კეთილად მოვექცეთ, „რადგან ამით ნაკვერჩხალს … [დავაგროვებთ] მის თავზე“ (იგავები 25:22). ძველად ძვირფასი ლითონი რომ მიეღოთ, მადანს ნაკვერჩხალზე ადნობდნენ. მსგავსადვე, ჩვენი სიკეთით შეგვიძლია გული მოვულბოთ იმ ადამიანს, ვისაც ვძულვართ, და აღვძრათ, უკეთესობისკენ შეიცვალოს.
როგორ გამოვხატოთ მტრების მიმართ სიყვარული?
„კარგად მოექეცით თქვენს მოძულეებს“ (ლუკა 6:27). ბიბლიაში აგრეთვე ნათქვამია: „თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე, და, თუ სწყურია, დაალევინე“ (რომაელები 12:20). მტრების მიმართ მაშინაც ვავლენთ სიყვარულს, თუ „ოქროს წესს“ ვითვალისწინებთ: „როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (ლუკა 6:31).
„დალოცეთ თქვენი მაწყევარნი“ (ლუკა 6:28). როდესაც ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილ ადამიანებს პატივისცემით და რბილად ვესაუბრებით, ფაქტობრივად, ვლოცავთ მათ. ბიბლიაში ნათქვამია: „სამაგიეროს ნუ გადაუხდით, შეურაცხმყოფელს შეურაცხყოფით ნუ უპასუხებთ; პირიქით, დალოცეთ ისინი“ (1 პეტრე 3:9). ეს რჩევა დაგვეხმარება, სიძულვილს არ მივცეთ გასაქანი.
„ილოცეთ მათთვის, ვინც შეურაცხგყოფთ“ (ლუკა 6:28). სამაგიეროს ნუ გადაუხდით მათ, ვინც შეურაცხყოფას გაყენებთ (რომაელები 12:17). მეტიც, ღმერთს სთხოვეთ, რომ მიუტევოს მას (ლუკა 23:34; საქმეები 7:59, 60). ნაცვლად იმისა, რომ თავად იძიოთ შური, ჯობს, ღმერთს დაელოდოთ, რომელიც აბსოლუტურად სამართლიანად განსჯის ადამიანებს (ლევიანები 19:18; რომაელები 12:19).
„გიყვარდეთ თქვენი მტრები, კარგად მოექეცით თქვენს მოძულეებს, დალოცეთ თქვენი მაწყევარნი და ილოცეთ მათთვის, ვინც შეურაცხგყოფთ“ (ლუკა 6:27, 28).
იყავით „სულგრძელი და კეთილი“ (1 კორინთელები 13:4). როცა პავლე მოციქული სიყვარულზე საუბრობდა, მან იგივე ბერძნული სიტყვა (აგაპე) გამოიყენა, რომელიც მათეს 5:44-სა და ლუკას 6:27, 35-შია გამოყენებული. ნამდვილ ქრისტიანულ სიყვარულს იმ შემთხვევაში გამოვავლენთ, თუ ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილი ადამიანების მიმართ სულგრძელობასა და სიკეთეს გამოვიჩენთ და მათ უხეშად და აგდებულად არ მოვექცევით.
„სიყვარული სულგრძელი და კეთილია. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს, უწესოდ არ იქცევა, მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს, არ ღიზიანდება და წყენას გულში არ იდებს, უმართლობით არ ხარობს, არამედ სიმართლე ახარებს, ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 კორინთელები 13:4—8).
უნდა ავიღოთ ხელში იარაღი და ვებრძოლოთ მტრებს?
არა, იესომ თავის მიმდევრებს მოუწოდა, რომ არ ებრძოლათ მტრების წინააღმდეგ. მაგალითად, როცა ისინი იერუსალიმის მოახლოებული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა, მან ბრძოლისკენ კი არა, გაქცევისკენ მოუწოდა მათ (ლუკა 21:20, 21). იესომ პეტრე მოციქულს ასეთი სიტყვებიც უთხრა: „ჩააგე მახვილი, რადგან მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება“ (მათე 26:52). ბიბლიიდანაც ვიცით და ისტორიაც ცხადყოფს, რომ იესოს მიმდევრები პირველ საუკუნეში იარაღს ხელში არ იღებდნენ და არ ებრძოდნენ მტრებს (2 ტიმოთე 2:24).a
მცდარი შეხედულებები
მცდარი შეხედულება: ღვთის კანონი ისრაელებს მტრების სიძულვილისკენ მოუწოდებდა.
სინამდვილე: კანონში მსგავს მითითებას არსად ვხვდებით. პირიქით, ის მოუწოდებდა ისრაელებს, რომ ჰყვარებოდათ მოძმე (ლევიანები 19:18). ზოგი მოძმედ მხოლოდ იუდეველს მიიჩნევდა და ფიქრობდა, რომ გამართლებული იყო არაიუდეველების სიძულვილი, არადა ეს სიტყვა ნებისმიერი ადამიანის სიყვარულს გულისხმობდა (მათე 5:43, 44). იესოს მათთვის თვალსაზრისი რომ შეესწორებინა, იგავი მოუყვანა კეთილ სამარიელზე (ლუკა 10:29—37).
მცდარი შეხედულება: მტრების სიყვარული მათი ცუდი საქციელის შეწყნარებას ნიშნავს.
სინამდვილე: ბიბლიიდან ვხედავთ, რომ ადამიანის სიყვარული მისი ცუდის საქციელის შეწყნარებას არ ნიშნავს. მაგალითად, იესო გმობდა ძალადობას, მაგრამ ლოცულობდა მათთვის, ვინც ის სიკვდილით დასაჯეს (ლუკა 23:34). მას ცოდვაც სძულდა, თუმცა სიცოცხლე გაიღო ცოდვილთა გამოსასყიდად (იოანე 3:16; რომაელები 6:23).
a „ჩვენს ხელთ არსებული მასალების გულდასმით გამოკვლევა ცხადყოფს, რომ მარკუს ავრელიუსის (რომის იმპერატორი ახ. წ. 161—180 წწ.) მმართველობამდე არცერთი ქრისტიანი არ გამხდარა ჯარისკაცი; და არცერთი ჯარისკაცი გაქრისტიანების შემდეგ არ დარჩენილა სამხედრო სამსახურში“ (The Rise of Christianity, ე. უ. ბარნზი).