გრანდიოზული დღესასწაულები ისრაელის ისტორიაში
„წელიწადში სამჯერ უნდა გამოცხადდეს ყოველი შენი მამროვანი უფლის, შენი ღვთის წინაშე. . . იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს იგი. ხელცარიელი არავინ გამოცხადდეს უფლის წინაშე“ (მეორე რჯული 16:16).
1. რა შეიძლება ითქვას ბიბლიური დროის დღესასწაულების შესახებ?
რა აზრები გებადება დღესასწაულის ხსენებისას? ძველი დროის ზოგიერთ დღესასწაულზე თავაშვებულობა და უზნეობა მიღებულად ითვლებოდა. დღესაც მსგავსად დგას საკითხი. მაგრამ ისრაელებისთვის განკუთვნილ ღვთის რჯულში მოცემული დღესასწაულები სრულიად განსხვავებული იყო. ისინი არა მხოლოდ სასიხარულო შემთხვევებს წარმოადგენდა, არამედ მათ „წმიდა შეკრებულობანი“ ეწოდებოდა (ლევიანნი 23:2).
2. ა) რა უნდა გაეკეთებინათ იუდეველ მამაკაცებს წელიწადში სამჯერ? ბ) რა მნიშვნელობით გამოიყენება სიტყვა ‘დღესასწაული’ მეორე რჯულის 16:16-ში?
2 ისრაელის მორწმუნე მამაკაცები, ხშირად თავიანთ ოჯახებთან ერთად, სიამოვნებით მიემგზავრებოდნენ იერუსალიმს, ‘იმ ადგილას, რომელიც იეჰოვას ჰქონდა არჩეული’ და სამი დიდი დღესასწაულის დროს გულუხვი შესაწირავები მიჰქონდათ ღმერთთან (მეორე რჯული 16:16). ერთ წიგნში (Old Testament World Studies) მეორე რჯულის 16:16-ში ნახსენები ‘დღესასწაულად’ გადმოთარგმნილი ებრაული სიტყვა განისაზღვრება, როგორც „უდიდესი სიხარულის მომგვრელი შემთხვევა. . . რომელზეც ღვთის განსაკუთრებულად გამოვლენილ კეთილგანწყობილებას შესაწირავებითა და ნადიმით აღნიშნავდნენ“a.
დიდი დღესასწაულების მნიშვნელობა
3. რა კურთხევებს უკავშირდებოდა სამი ყოველწლიური დღესასწაული?
3 რამდენადაც ისრაელები მიწათმოქმედებას მისდევდნენ, წვიმისთვის ისინი იეჰოვას კურთხევაზე იყვნენ დამოკიდებული. მოსეს რჯულის სამი დიდი დღესასწაული უკავშირდებოდა ქერის მოსავლის აღებას ადრეულ გაზაფხულზე, გვიან გაზაფხულზე ხორბლის მკასა და სხვა დანარჩენი მოსავლის აღებას, რომელიც ზაფხულის მიწურულს ხდებოდა. ეს ყოველივე დიდ სიხარულს იწვევდა და წვიმით უზრუნველმყოფელისა და მიწის ბარაქის მომცემის მიმართ მადლიერების გამოხატვის მიზეზს იძლეოდა. მაგრამ დღესასწაულებს სხვა უფრო დიდი მნიშვნელობაც ჰქონდათ (მეორე რჯული 11:11–14).
4. რა ისტორიულ მოვლენას ზეიმობდნენ პირველ დღესასწაულზე?
4 პირველი დღესასწაული ძველი ბიბლიური კალენდრით პირველი თვის, ნისანის, 15-დან 21 რიცხვამდე აღინიშნებოდა, რომელიც თანამედროვე კალენდრის მიხედვით მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისს ემთხვევა. მას ხმიადობის დღესასწაული ერქვა და რადგანაც 14 ნისანის პასექს თან მოსდევდა, ‘პასექის დღესასწაულადაც’ მოიხსენიებდნენ (ლუკა 2:41; ლევიანნი 23:5, 6). დღესასწაული ისრაელებს ეგვიპტის მონობიდან განთავისუფლებას შეახსენებდა და ხმიადს „გაჭირვების პური“ ეწოდებოდა (მეორე რჯული 16:3). იგი შეახსენებდა ეგვიპტიდან გაქცევას, როდესაც იმდენად ჩქარობდნენ, რომ დრო არ ჰქონდათ ცომისთვის საფუარი დაემატებინათ და გაფუებას დალოდებოდნენ (გამოსვლა 12:34). დღესასწაულის განმავლობაში ისრაელებს მხოლოდ ხმიადები ჰქონდათ. ყველა მოზეიმე, მკვიდრიც და მდგმურიც, ვინც კი საფუარიან პურს შეჭამდა, სიკვდილით უნდა დასჯილიყო (გამოსვლა 12:19).
5. რა უპირატესობას იხსენებდნენ ისრაელები მეორე დღესასწაულის დროს და კიდევ ვის უნდა მიეღო მონაწილეობა ზეიმში?
5 მეორე დღესასწაული 16 ნისანიდან შვიდი კვირის (49 დღის) შემდეგ, წლის მესამე თვეს, 6 სივანს იმართებოდა, რაც ჩვენი კალენდრით მაისის ბოლოს შეესაბამება (ლევიანნი 23:15, 16). მას შვიდეულთა დღესასწაული ერქვა (იესოს დღეებში ასევე ორმოცდამეათე დღის დღესასწაულს უწოდებდნენ) და წლის დაახლოებით იმ პერიოდს ემთხვეოდა, როდესაც ისრაელები სინაის მთაზე რჯულის კავშირში შევიდნენ (გამოსვლა 19:1, 2). ამ დღესასწაულის განმავლობაში ისრაელებს შეეძლოთ კიდევ ერთხელ გაეხსენებინათ თავიანთი უპირატესობა, რომ ღვთის მიერ წმინდა ერად იყვნენ არჩეული. როგორც რჩეულ ხალხს, ღვთის რჯულისადმი მორჩილება უნდა გამოევლინათ და ღარიბ-ღატაკებზეც ეზრუნათ, რათა დღესასწაული მათთვისაც სიამოვნების მომგვრელი ყოფილიყო (ლევიანნი 23:22; მეორე რჯული 16:10–12).
6. რა შემთხვევას ახსენებდა მესამე დღესასწაული ღვთის ხალხს?
6 მესამე დიდი ყოველწლიური დღესასწაული კრეფის ანუ კარვობის დღესასწაულად იწოდებოდა. იგი მეშვიდე თვის, თიშრის 15-დან 21 რიცხვამდე იმართებოდა, რაც ჩვენი კალენდრით ოქტომბრის დასაწყისს შეესაბამება (ლევიანნი 23:34). ამ პერიოდში ღვთის ხალხი სახლებს გარეთ ან მათს სახურავებზე ხის ფოთლებისა და ტოტებისგან დროებით აშენებულ კარვებში ცხოვრობდა. ეს მათ ეგვიპტიდან აღთქმულ მიწამდე 40 წლიან მგზავრობას შეახსენებდა, რომლის დროსაც ერს ყოველდღიური საჭიროებებისთვის იეჰოვაზე მინდობა უნდა ესწავლა (ლევიანნი 23:42, 43; მეორე რჯული 8:15, 16).
7. როგორ ვიღებთ სარგებლობას ძველი დროის ისრაელების დღესასწაულების განხილვით?
7 განვიხილოთ ის რამდენიმე დღესასწაული, რომელიც ღვთის ძველი ხალხის ისტორიაში მართლაც უდიდესი მნიშვნელობის იყო. ეს ჩვენთვის გამამხნევებელი იქნება, რამეთუ ჩვენც მიწვეული ვართ ყოველკვირეულ რეგულარულ შეხვედრებსა და წელიწადში სამჯერ გამართულ დიდ და პატარა კონგრესებზე შესაკრებად (ებრაელთა 10:24, 25).
დავითის შთამომავლების მეფობის დროს
8. ა) რა ისტორიული მნიშვნელობის დღესასწაული იზეიმეს მეფე სოლომონის მეფობის დროს? ბ) რა კულმინაციას მოველით სიმბოლურ კარვობის დღესასწაულთან დაკავშირებით?
8 ისტორიული მნიშვნელობის კარვობის დღესასწაული იზეიმეს დავითის ძის, სოლომონის, მეფობის დროს, როდესაც ქვეყანა აყვავებული იყო. დღესასწაულსა და ტაძრის მიძღვნაზე დასასწრებად აღთქმული მიწის ყველა კუთხიდან მოსულმა „დიდმა კრებულმა“ მოიყარა თავი (მეორე ნეშტთა 7:8). როდესაც იგი დასრულდა, მეფე სოლომონმა გაისტუმრა მოზეიმენი, რომელთაც „დალოცეს მეფე და წავიდ-წამოვიდნენ თავ-თავის კარვებში მხიარულნი და გულსავსენი იმ სიკეთის გამო, რაც გაუკეთა უფალმა დავითს, თავის მორჩილს, და ისრაელს, თავის ერს“ (მესამე მეფეთა 8:66). ამ დღესასწაულს ნამდვილად უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. დღეს ღვთის მსახურები მოუთმენლად ელიან სიმბოლური კარვობის დღესასწაულის კულმინაციას, რაც უფრო დიდი სოლომონის, იესო ქრისტეს, ათასწლიანი მეფობის ბოლოს იქნება მიღწეული (გამოცხადება 20:3, 7–10, 14, 15). იმ დროს დედამიწის ყველა კუთხეში მცხოვრები ადამიანები, როგორც არმაგედონგადატანილები, ისე სიკვდილიდან სიცოცხლეს დაბრუნებულები, იეჰოვა ღმერთისადმი სიხარულის მომგვრელ თაყვანისცემაში იქნებიან გაერთიანებული (ზაქარია 14:16).
9–11. ა) რა უძღოდა წინ ისტორიული მნიშვნელობის დღესასწაულს მეფე იეხიზკიაჰუს დროს? ბ) რა მაგალითი დაგვიტოვა მრავალმა ჩრდილოეთის ათი ტომის სამეფოში მცხოვრებმა და რას მოგვაგონებს ეს დღეს?
9 ბოროტი მეფის, ახაზის, მმართველობის შემდგომ პერიოდში, რომელმაც გააუქმა თაყვანისმცემლობა ტაძარში და იუდას სამეფოში განდგომილება შეიტანა, ბიბლიაში მოხსენიებული კიდევ ერთი ისტორიული მნიშვნელობის დღესასწაული აღინიშნა. ახაზის მემკვიდრე, იეხიზკიაჰუ, კარგი მეფე იყო. თავისი მეფობის პირველ წელს, ოცდახუთი წლის ასაკში, იეხიზკიაჰუმ ვითარების გამოსასწორებლად დიდი რეფორმები გაატარა. მან დაუყოვნებლივ აამოქმედა ტაძარი და მის შეკეთებაზე იზრუნა. შემდეგ მეფემ წერილები გაუგზავნა ისრაელის ათტომიან მტრულად განწყობილ ჩრდილოეთის სამეფოში მცხოვრებ ისრაელებს, რომლითაც ისინი პასექისა და ხმიადობის დღესასწაულის აღსანიშნავად დაპატიჟა. თანამოძმეთა დაცინვის მიუხედავად, მრავალი გამოეხმაურა იეხიზკიაჰუს მიწვევას (მეორე ნეშტთა 30:1, 10, 11, 18).
10 წარმატებით ჩაიარა დღესასწაულმა? ბიბლია იუწყება: „ისრაელიანებმა და იმათ, ვინც კი იერუსალიმში იყო, შვიდ დღეს იზეიმეს უფუარობის დღესასწაული, დიდი სიხარულით. ლევიანები და მღვდლები ყოველდღე ადიდებდნენ უფალს უფლის ძლიერი საკრავებით“ (მეორე ნეშტთა 30:21). რა მშვენიერი მაგალითი დაგვიტოვეს ღვთის თანამედროვე ხალხს იმ ისრაელებმა, რომლებმაც გაუძლეს წინააღმდეგობას და დიდი გზა გაიარეს, რათა შეკრებას დასწრებოდნენ!
11 მაგალითად განვიხილოთ პოლონეთში 1989 წელს ჩატარებული სამი საოლქო კონგრესი სახელწოდებით „ღვთისადმი ერთგულება“. დამსწრეთა შორის, რომელთა რიცხვიც 166 518 პიროვნებას შეადგენდა, იმყოფებოდა მრავალი დელეგატი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიდან, სადაც იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა იმ პერიოდში ოფიციალურად ნებადართული არ იყო. „ზოგი მათგანი 15–20 კაციანზე დიდ შეკრებას არასდროს დასწრებია. მათი გულები მადლიერების გრძნობით იყო აღვსილი, როდესაც სტადიონზე ათიათასობით პიროვნებას ხედავდნენ, რომლებიც მათთან ერთად ლოცულობდნენ და უმღერდნენ იეჰოვას“ — იუწყება წიგნი „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“b ([ინგლ.], გვერდი 279).
12. რა უძღოდა წინ უდიდესი მნიშვნელობის მქონე დღესასწაულს მეფე იოშიაჰუს დროს?
12 იეხიზკიაჰუს სიკვდილის შემდეგ, მენაშესა და ამონის მეფობის დროს, იუდეველებმა ისევ ცრუ ღმერთების თაყვანისცემა დაიწყეს. შემდეგ ისრაელში სხვა კარგი მეფე, ახალგაზრდა იოშიაჰუ, გამეფდა, რომელიც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღსადგენად მამაცურად მოქმედებდა. ოცდახუთი წლის ასაკში იოშიაჰუმ განკარგულება გასცა, რომ ტაძარი შეეკეთებინათ (მეორე ნეშტთა 34:8, აქ). შეკეთებისას ტაძარში მოსეს მიერ დაწერილი რჯულის წიგნი იპოვეს. მეფე იოშიაჰუზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ღვთის რჯულში წაკითხულმა სიტყვებმა და მან მთელ ხალხს წაუკითხა იგი (მეორე ნეშტთა 34:14, 30). შემდეგ, იქ ჩაწერილის თანახმად მან პასექი იზეიმა. მეფემ დღესასწაულზე გულუხვობა გამოიჩინა და ამითაც კარგი მაგალითი დაგვიტოვა. შედეგად, როგორც ბიბლია გვაუწყებს: „სამუელ წინასწარმეტყველის დღეების შემდეგ არ გადაეხადათ ისრაელში ასეთი პასექი“ (მეორე ნეშტთა 35:7, 17, 18).
13. რას გვახსენებს იეხიზკიაჰუსა და იოშიაჰუს დროინდელი დღესასწაულები?
13 იეხიზკიაჰუსა და იოშიაჰუს რეფორმები 1914 წელს იესო ქრისტეს გამეფების შემდგომ ჭეშმარიტ ქრისტიანთა შორის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის სასწაულებრივი აღდგენის მსგავსია. განსაკუთრებულად როგორც იოშიაჰუმ, თანამედროვე ქრისტიანებმაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ღვთის სიტყვაზე დაფუძნებით აღადგინეს. როგორც იეხიზკიაჰუსა და იოშიაჰუს დღეებში, აღდგენილი თაყვანისმცემლობა ჩვენს დროშიც დიდი შეკრებებით, კონგრესებით გამოირჩევა, სადაც ამაღელვებელი ბიბლიური წინასწარმეტყველებები იხსნება და ბიბლიური პრინციპების დროულ გამოყენებას ესმება ხაზი. სარგებლობის მომტან ამ შეხვედრებს კიდევ უფრო სასიხარულოს ხდის მონათლულთა დიდი რიცხვი. იეხიზკიაჰუსა და იოშიაჰუს დროინდელი მომნანიებელი ისრაელების მსგავსად, ახლად მონათლულებმა ზურგი შეაქციეს ცრუ ქრისტიანულ სამყაროსა და სატანის ქვეყნიერების ბოროტ საქმეებს. წმინდა ღვთისადმი, იეჰოვასადმი, მიძღვნის ნიშნად 1997 წელს 375 000-ზე მეტი პიროვნება მოინათლა, საშუალოდ 1 000 კაცზე მეტი დღეში.
გადასახლებიდან დაბრუნებულნი
14. რა უძღოდა წინ ძვ. წ. 537 წლის ისტორიული მნიშვნელობის დღესასწაულს?
14 იოშიაჰუს სიკვდილის შემდეგ ერი ისევ ცრუ თაყვანისმცემლობის გზას დაადგა. საბოლოოდ, ძვ. წ. 607 წელს, იეჰოვას ნებით იერუსალიმის წინააღმდეგ ბაბილონელთა ჯარები ამხედრდნენ, რითაც ღმერთმა თავისი ხალხი დასაჯა. ქალაქი და მისი ტაძარი მთლიანად დაინგრა და ქვეყანა გაპარტახდა. ბაბილონში იუდეველთა ტყვეობა 70 წელიწადს გაგრძელდა. შემდეგ ღმერთმა გამოაცოცხლა მომნანიებელი იუდეველების დარჩენილი ნაწილი და ისინი აღთქმულ მიწაზე დააბრუნა, რათა მათ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აღედგინათ. დანგრეულ იერუსალიმში ისინი ძვ. წ. 537 წლის მეშვიდე თვეს ჩავიდნენ. უპირველეს ყოვლისა მათ სამსხვერპლო ააგეს და რჯულის კავშირის თანახმად ყოველდღიური აღსავლენი მსხვერპლი შესწირეს. ეს კი დღესასწაულს დაემთხვა, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. „მართავდნენ კარვობის დღესასწაულს დაწერილისამებრ“ (პირველი ეზრა 3:1–4).
15. რა სამუშაო უნდა შეესრულებინათ გამოცოცხლებულ ისრაელებს ძვ. წ. 537 წელს და რა მსგავსი სიტუაცია არსებობდა 1919 წელს?
15 გადასახლებიდან დაბრუნებულ იუდეველებს დიდი სამუშაო ელოდათ — მათ ღვთის ტაძარი, იერუსალიმი და მისი კედლები უნდა აღედგინათ. მტრულად განწყობილი მეზობლებიც დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ. ტაძრის აგების პერიოდი ‘მცირეთა დღე’ იყო (ზაქარია 4:10, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა). მაშინდელი ვითარება 1919 წელს ერთგული ცხებული ქრისტიანების მდგომარეობის მსგავსი იყო. იმ დაუვიწყარ წელს ისინი მსოფლიო ცრუ რელიგიათა მპყრობელის, დიდი ბაბილონის, სულიერი ტყვეობიდან განთავისუფლდნენ. ისინი მხოლოდ რამდენიმე ათასი იყვნენ და ქვეყნიერების მხრიდან წინააღმდეგობას გაბედულად ხვდებოდნენ. შეძლებდნენ თუ არა ღვთის მტრები ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის ხელის შეშლას? პასუხად ებრაულ წერილებში ჩაწერილი ზემოხსენებული ორი დღესასწაული გვახსენდება.
16. რით იყო მნიშვნელოვანი ძვ. წ. 515 წლის დღესასწაული?
16 საბოლოოდ, ძვ. წ. 515 წლის ადარის თვეს, ზუსტად დღესასწაულისთვის, რომელიც გაზაფხულზე, ნისანის თვეში იმართებოდა, ტაძარი აღდგენილი იქნა. ბიბლია გვაცნობებს: „ზეიმობდნენ უფუარობის დღესასწაულს შვიდ დღეს სიხარულით, რადგან გაახარა ისინი უფალმა და გული მოაბრუნებინა მათკენ აშურის მეფეს, რომ ხელი გაემაგრებინა მათთვის ღვთის სახლის, ისრაელის ღმერთის სახლის, შენებისას“ (პირველი ეზრა 6:22).
17, 18. ა) რა უდიდესი მნიშვნელობის დღესასწაული აღინიშნა ძვ. წ. 455 წელს? ბ) როგორ ვართ მსგავს სიტუაციაში დღეს?
17 სამოცი წლის შემდეგ, ძვ. წ. 455 წელს, კიდევ ერთი უდიდესი მნიშვნელობის დღესასწაული აღინიშნა. იმ წელს კარვობის დღესასწაულზე იერუსალიმის კედლების აღდგენა იზეიმეს. ბიბლია მოგვითხრობს: „კარვები გააკეთა ტყვეობიდან დაბრუნებულმა მთელმა კრებულმა და ცხოვრობდა კარვებში, რადგან იესო ნავეს ძის შემდეგ ამ დღემდე ისრაელიანებს ასე არ გაუკეთებიათ. და იყო ძალზე დიდი სიხარული“ (ნეემია 8:17).
18 დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად, რა შესანიშნავად აღდგა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა! ჩვენს დროშიც იგივე მოხდა. დევნისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგების უმნიშვნელოვანესმა საქმიანობამ ქვეყნის კიდეებს მიაღწია და ღვთის განაჩენი ყველგან იქნა გაცხადებული (მათე 24:14). 144 000 სულით ცხებულთა დარჩენილი ნაწილისთვის ბეჭდის დასმა დასასრულს მიუახლოვდა. ცხებულ ქრისტიანთა თანამშრომელი ყოველი ერიდან შეკრებილი ხუთ მილიონზე მეტი ‘სხვა ცხვარი’ მათთან ერთად ‘ერთ ფარად’ გაერთიანდა (იოანე 10:16; გამოცხადება 7:3, 9, 10). კარვობის დღესასწაულით წარმოდგენილი წინასწარმეტყველების რა დიდებული შესრულებაა! შეკრების ეს დიდებული საქმიანობა ახალ ქვეყნიერებაშიც გაგრძელდება, როდესაც მილიარდობით აღდგენილი ადამიანი, ასე ვთქვათ, მიწვეული იქნება უდიდეს დღესასწაულზე, რომლის წინასახეობასაც კარვობის დღესასწაული წარმოადგენს (ზაქარია 14:16–19).
ახ. წ. პირველ საუკუნეში
19. რატომ იყო ახ.წ. 32 წლის კარვობის დღესასწაული ისტორიული მნიშვნელობის?
19 ბიბლიაში მოხსენიებულ უდიდესი მნიშვნელობის დღესასწაულებს შორის უდავოდ ისინიც იყო, რომლებსაც ღვთის ძე, იესო ქრისტე, ესწრებოდა. მაგალითად გავიხსენოთ ახ. წ. 32 წლის კარვობის დღესასწაული, რომელზეც იესო ქრისტე იმყოფებოდა. მან ეს შემთხვევა იმისთვის გამოიყენა, რომ ებრაულ წერილებზე დაყრდნობით ხალხისთვის მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება ესწავლებინა (იოანე 7:2, 14, 37–39). ჩვეულებისამებრ, ამ დღესასწაულზე ტაძრის შიდა ეზოში ოთხ დიდ ლამპარს ანთებდნენ. მათი დახმარებით ღამითაც გრძელდებოდა სასიამოვნო ზეიმი. როგორც ჩანს იესოს მხედველობაში ეს დიდი ლამპრები ჰქონდა, როდესაც თქვა: „მე ნათელი ვარ წუთისოფლისა, ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას“ (იოანე 8:12).
20. რატომ იყო ახ. წ. 33 წლის პასექის დღესასწაული განსაკუთრებული?
20 შემდეგ დადგა მნიშვნელოვანი ახ. წ. 33 წელი, პასექისა და ხმიადობის დღესასწაული. იმ პასექზე იესო მისმა მტრებმა სიკვდილით დასაჯეს და იგი შეეწირა, როგორც საპასექო კრავი, რაც წინასახეობრივად პასექის დღესასწაულით იყო ნაჩვენები და მან ‘თავის თავზე აიღო წუთისოფლის ცოდვა’ (იოანე 1:29; 1 კორინთელთა 5:7). სამი დღის შემდეგ, 16 ნისანს, ღმერთმა იესო უკვდავი სულიერი სხეულის მქონე პიროვნებად აღადგინა. ეს დაემთხვა რჯულის თანახმად ქერის მოსავლის პირველნაყოფის შეწირვას. ამგვარად, აღდგენილი უფალი, იესო ქრისტე, „იქმნა პირმშო განსვენებულთა“ (1 კორინთელთა 15:20, სსგ).
21. რა მოხდა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის დროს?
21 მართლაც უდიდესი მნიშვნელობის დღე იყო ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაული. იმ დღეს იერუსალიმში მრავალი იუდეველი და პროზელიტი შეიკრიბა, ასევე იესოს დაახლოებით 120 მოწაფეც იქ იმყოფებოდა. აღდგენილმა უფალმა, იესო ქრისტემ, იმ მოწაფეებს დღესასწაულზე სულიწმიდა მოჰფინა (საქმეები 1:15; 2:1–4, 33). ასეთი სახით ისინი სულიწმიდით იქნენ ცხებულნი და ღვთის ახალ რჩეულ ერად ჩამოყალიბდნენ, რაც იესო ქრისტეს შუამავლობით დადებული ახალი კავშირის მეშვეობით გახდა შესაძლებელი. იმ დღესასწაულის დროს ებრაელთა მღვდელმთავარი ხორბლის პირველმოწეული ნაყოფიდან ღმერთს საფუარით გამომცხვარ ორ პურს სწირავდა (ლევიანნი 23:15–17). ეს საფუარიანი პურები 144 000 არასრულყოფილ ადამიანს გამოხატავს, რომლებიც იესომ ‘ღვთისათვის გამოისყიდა’, რათა ყოფილიყვნენ ‘სამეფოდ და მღვდლებად და ემეფათ დედამიწაზე’ (გამოცხადება 5:9, 10; 14:1, 3, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). საფუარიანი ორი პური იმასაც ნიშნავს, რომ ცოდვილი კაცობრიობიდან ზეციერი მმართველობისთვის ამორჩეული პირები, როგორც იუდეველნი, ისე წარმართნი არიან.
22. ა) რატომ არ ზეიმობენ ქრისტიანები რჯულის კავშირის დღესასწაულებს? ბ) რა იქნება განხილული შემდეგ სტატიაში?
22 ახალი კავშირის ამოქმედებამ ახ. წ. 33 წელს აჩვენა, რომ რჯულის ძველმა კავშირმა ღვთის თვალში ძალა დაკარგა (2 კორინთელთა 3:14; ებრაელთა 9:15; 10:16). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხებული ქრისტიანები რჯულის გარეშე იმყოფებიან. ისინი ემორჩილებიან ქრისტესგან მიღებულ ღვთის რჯულს, რომელიც გულებში უწერიათ (გალატელთა 6:2). ამიტომაც, ქრისტიანები აღარ ზეიმობენ სამ ყოველწლიურ დღესასწაულს, რამდენადაც ისინი ძველი რჯულის კავშირის ნაწილს წარმოადგენს (კოლასელთა 2:16, 17). მიუხედავად ამისა, დღესასწაულებისა და თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი სხვა შეხვედრებისადმი ღვთის ქრისტიანობამდელ მსახურთა დამოკიდებულებიდან ბევრი რამ შეიძლება ვისწავლოთ. შემდეგ სტატიაში განხილული მაგალითები უეჭველად დაგვეხმარება, რომ ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარული დასწრების აუცილებლობა დავინახოთ.
[სქოლიოები]
a იხილე აგრეთვე საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემული ბიბლიის ორტომიანი ცნობარი (Insight on the Scriptures, ტომი I, გვერდი 820, სვეტი 1, აბზაცები 1, 3, სტატია „დღესასწაული“.
b გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
კითხვები გამეორებისთვის
◻ რა მიზანს ემსახურებოდა ისრაელის სამი დიდი დღესასწაული?
◻ რით გამოირჩეოდა იეხიზკიაჰუსა და იოშიაჰუს დღეებში გამართული დღესასწაულები?
◻ რა ისტორიული მნიშვნელობის დღესასწაული აღინიშნა ძვ. წ. 455 წელს და რატომ წარმოადგენს ის გამამხნევებელს ჩვენთვის?
◻ რატომ იყო ახ. წ. 33 წლის პასექისა და ორმოცდამეათე დღის დღესასწაულები უდიდესი მნიშვნელობის?
[ჩარჩო 12 გვერდზე]
დღესასწაულები — გაკვეთილი ჩვენთვის
ყველამ, ვისაც სურს, რომ მარადიულად მიიღოს სარგებლობა იესოს გამომსყიდველური მსხვერპლიდან, იმის თანახმად უნდა იცხოვროს, რასაც ხმიადობის დღესასწაული გამოხატავს. ეს დღესასწაული წინასახეობა იყო ცხებულ ქრისტიანთა ზეიმისა, რომელიც იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე მათი ამ ბოროტი ქვეყნიერებიდან და ცოდვის მონობიდან განთავისუფლების სიხარულით არის გამოწვეული (გალატელთა 1:4; კოლასელთა 1:13, 14). დღესასწაული შვიდ დღეს გრძელდებოდა, ეს რიცხვი კი ბიბლიაში სულიერი სრულყოფილების სიმბოლოდ გამოიყენება. სიმბოლური დღესასწაული კი დედამიწაზე სულით ცხებულ ქრისტიანთა კრების არსებობის მთელ მანძილზე გრძელდება და ‘სიწმინდითა და ჭეშმარიტებით’ უნდა იყოს ნაზეიმები. ეს ნიშნავს, რომ ფიგურალურ საფუართან დაკავშირებით მუდამ უნდა ვიფხიზლოთ. საფუარი ბიბლიაში ცრუ მოძღვრების, თვალთმაქცობისა და ბოროტების აღსანიშნავად გამოიყენება. იეჰოვას ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს უნდა სძულდეთ ამგვარი საფუარი და ნება არ დართონ, რომ მან გარყვნას მათი ცხოვრება და ქრისტიანული კრების სიწმინდე შელახოს (1 კორინთელთა 5:6–8; მათე 16:6, 12).
[სურათი 9 გვერდზე]
პირველმოწეული ნაყოფიდან ქერის ძნის შეწირვა ყოველწლიურად 16 ნისანს ხდებოდა, რაც იესოს აღდგომის დღეს ემთხვევა.
[სურათი 10 გვერდზე]
იესო შესაძლებელია დღესასწაულის ლამპრებს გულისხმობდა, როდესაც თავის თავს ‘წუთისოფლის ნათელი’ უწოდა.