გამოსვლა
19 ეგვიპტიდან გამოსვლის მესამე თვეს, იმავე დღეს, ისრაელები სინაის უდაბნოში მივიდნენ. 2 დაიძრნენ რეფიდიმიდან,+ მივიდნენ სინაის უდაბნოში და იქ დაბანაკდნენ. მთის წინ დაბანაკდა ისრაელი.+
3 ავიდა მოსე ღმერთთან. მოუხმო იეჰოვამ მას მთიდან+ და უთხრა: «გადაეცი იაკობის შთამომავლებსა და ისრაელებს: 4 „თქვენი თვალით ნახეთ, რა დავმართე ეგვიპტელებს,+ რათა არწივის ფრთებით მეტარებინეთ და ჩემთან მომეყვანეთ.+ 5 ახლა, თუ გულისყურით მომისმენთ და დაიცავთ ჩემს შეთანხმებას, ყველა ხალხისგან გამოგარჩევთ და ჩემი საკუთრება გახდებით,+ ვინაიდან ჩემია მთელი დედამიწა.+ 6 მღვდლების სამეფოდ და წმინდა ერად გაქცევთ“.+ ეს სიტყვები გადაეცი ისრაელებს».
7 მოსეც წავიდა, მოუხმო ხალხის უხუცესებს და აუწყა ყველაფერი, რაც მას იეჰოვამ უბრძანა.+ 8 მთელმა ხალხმა ერთხმად მიუგო: „ყველაფერს შევასრულებთ, რაც იეჰოვამ დაგაბარა“.+ მაშინვე გადასცა მოსემ ხალხის ნათქვამი იეჰოვას. 9 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „აი, მოვდივარ შენთან შავ ღრუბელში, რათა გაიგონოს ხალხმა, როცა დაგელაპარაკები, და შენც ყოველთვის გენდობოდნენ“. გადასცა მოსემ ხალხის ნათქვამი იეჰოვას.
10 იეჰოვამ მოსეს უთხრა: «მიდი ხალხთან და უთხარი, რომ განიწმინდონ დღეს და ხვალ და გაირეცხონ ტანსაცმელი. 11 მოემზადონ მესამე დღისთვის, რადგან მესამე დღეს ჩამოვა იეჰოვა სინაის მთაზე მთელი ხალხის თვალწინ. 12 მთის ირგვლივ საზღვარი დაუწესე ხალხს და უთხარი: „ფრთხილად იყავით: მთაზე არ ამოხვიდეთ და არც საზღვარს გადმოსცდეთ. ვინც მთაზე ფეხს დადგამს, უნდა მოკვდეს. 13 დამნაშავეს ხელით არ შეეხოთ. ის ან უნდა ჩაიქოლოს, ან უნდა განიგმიროს; გინდ ცხოველი იყოს, გინდ კაცი, არ უნდა იცოცხლოს“.+ ხალხს მთასთან მოსვლა მხოლოდ საყვირის ხმაზე+ შეეძლება».
14 ჩამოვიდა მოსე მთიდან და მივიდა ხალხთან. განიწმინდნენ ისინი* და გაირეცხეს ტანსაცმელი.+ 15 მან ხალხს უთხრა: „მესამე დღისთვის მოემზადეთ. კაცებო, არ გაეკაროთ ქალებს“.
16 მესამე დღეს, დილით, ატყდა ქუხილი, დაიწყო ელვა, მთაზე შავი ღრუბელი+ ჩამოწვა და საყვირის ძლიერი ხმა გაისმა. ბანაკში მთელი ხალხი კანკალმა აიტანა.+ 17 გამოიყვანა მოსემ ხალხი ბანაკიდან ღმერთთან შესახვედრად და დადგნენ ისინი მთის ძირას. 18 კვამლი ასდიოდა სინაის მთას, რადგან იეჰოვა ჩამოვიდა მასზე ცეცხლში.+ ისე ასდიოდა კვამლი, თითქოს ღუმლიდან ამოდიოდა, და მთელი მთა ზანზარებდა.+ 19 საყვირის ხმა სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა; ლაპარაკობდა მოსე და ღმერთიც ელაპარაკებოდა.
20 ჩამოვიდა იეჰოვა სინაის მთის წვერზე. მოუხმო იქ იეჰოვამ მოსეს და მოსეც ავიდა.+ 21 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ჩადი, გააფრთხილე ხალხი, რომ არ ამოიჭრან იეჰოვასთან მის სახილველად, თორემ ბევრი დაიხოცება. 22 განიწმინდონ ისინი, ვინც მღვდლებად* ემსახურებიან იეჰოვას, რათა არ დაატყდეთ იეჰოვას რისხვა“.+ 23 მოსემ იეჰოვას მიუგო: „ვერ ამოვა ხალხი სინაის მთაზე, რადგან შენ უკვე გაგვაფრთხილე, როცა მითხარი, მთის ირგვლივ საზღვარი დააწესე და წმინდად გამოაცხადეო“.+ 24 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ჩადი და აარონთან ერთად ამოდი, ოღონდ არც მღვდლები და არც ხალხი არ ამოიჭრან იეჰოვასთან, რომ მისი რისხვა არ დაატყდეთ“.+ 25 მოსეც ჩავიდა ხალხთან და დაელაპარაკა მათ.