თავი ოცდამეერთე
იეჰოვას განზრახვა დიდებულად სრულდება
1, 2. ა) რა განზრახვა აქვს იეჰოვას თავისი გონიერი ქმნილებების მიმართ? ბ) ვინ შედიოდა ღვთის თაყვანისმცემლებისგან შემდგარ გაერთიანებულ ოჯახში?
ყველა გონიერი ქმნილება ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლობაშია გაერთიანებული, ისინი ღვთის შვილები არიან და თითოეულ მათგანს დიდებული თავისუფლება აქვს — სწორედ ეს არის იეჰოვას სიყვარულით აღსავსე განზრახვა, რასაც სიმართლის მოყვარულნიც არიან მოწყურებული.
2 იეჰოვამ ამ დიდებული განზრახვის შესრულება შემოქმედების დროიდან დაიწყო. მან პირველად თავისი ძე შექმნა, რომელიც მკვდრეთით აღდგომის შემდეგ „[ღვთის] დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანარეკლი“ გახდა (ებრაელთა 1:1—3). ეს ძე განსაკუთრებული იყო, რადგან ის უშუალოდ ღმერთმა შექმნა. ყველა დანარჩენი ქმნილება კი ძის მეშვეობით შეიქმნა: თავდაპირველად ანგელოზები — ზეცაში, შემდეგ კი ადამიანები — დედამიწაზე (იობი 38:7; ლუკა 3:38). ყველა ესენი ერთ გაერთიანებულ ოჯახს ქმნიდნენ. თითოეული მათგანისთვის იეჰოვა იყო ღმერთი, უზენაესი ხელისუფალი და მოსიყვარულე მამა.
3. ა) რა მივიღეთ თითოეულმა ჩვენგანმა მემკვიდრეობით ჩვენი წინაპრებისგან? ბ) რაზე იზრუნა იეჰოვამ სიყვარულით ადამის შთამომავლების საკეთილდღეოდ?
3 როდესაც ღმერთმა ჩვენს წინაპრებს განზრახ ჩადენილი ცოდვის გამო სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, უარყო ისინი და ედემიდან განდევნა. მათ დაკარგეს მისი გაერთიანებული ოჯახის წევრებად ყოფნის შესაძლებლობა (დაბადება 3:22—24; მეორე რჯული 32:4, 5). რადგან თითოეული ჩვენგანი მათ შთამომავლებს წარმოვადგენთ, ცოდვილი მიდრეკილებებით დავიბადეთ. მაგრამ იეჰოვამ იცოდა, რომ ადამისა და ევას ზოგი შთამომავალი შეიყვარებდა სამართლიანობას. ამიტომ სიყვარულით იზრუნა, რომ ასეთ ადამიანებს „ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისთვის“ მიეღწიათ (რომაელთა 8:20, 21).
ისრაელი კარგავს განსაკუთრებულ მდგომარეობას
4. რა შესანიშნავი შესაძლებლობა მისცა იეჰოვამ ძველ ისრაელებს?
4 ადამის შექმნიდან დაახლოებით 2500 წლის შემდეგ იეჰოვამ გარკვეულ ადამიანებს მასთან განსაკურთებული ურთიერთობის შესაძლებლობა მისცა. მან ძველად მცხოვრები ისრაელები თავის ხალხად აირჩია და მათთან შეთანხმება დადო (დაბადება 12:1, 2). ღმერთმა ეს ხალხი ერად ჩამოაყალიბა, რომლებიც თავისი განზრახვის შესასრულებლად გამოიყენა (მეორე რჯული 14:1, 2; ესაია 43:1). მაგრამ, რადგან ისინი ჯერ კიდევ ცოდვისა და სიკვდილის მონები იყვნენ, არ ჰქონდათ ის დიდებული თავისუფლება, რომლითაც თავდაპირველად ადამი და ევა სარგებლობდნენ.
5. როგორ დაკარგეს ისრაელებმა ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობა?
5 მიუხედავად ამისა, ისრაელებს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ ღმერთთან. მაგრამ ისინი მოვალენი იყვნენ, პატივი ეცათ იეჰოვასთვის, როგორც მამისთვის, და მის განზრახვასთან შეთანხმებულად ემოქმედათ. იესომ ყურადღება გაამახვილა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ ეს ვალდებულება შეესრულებინათ (მათე 5:43—48). მაგრამ ისრაელმა ერმა არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება. თუმცა იუდეველები ამტკიცებდნენ, რომ „ერთი მამა — ღმერთი“ ჰყავდათ, როგორც იესომ თქვა, მათი საქციელი და შინაგანი განწყობილება სრულიად საწინააღმდეგოს მოწმობდა (იოანე 8:41, 44, 47). ახ. წ. 33 წელს ღმერთმა გააუქმა დადებული შეთანხმება და ისრაელებმა დაკარგეს მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა. მაგრამ ნიშნავდა ეს, რომ ადამიანები ვეღარასოდეს შეძლებდნენ ღმერთთან განსაკუთრებულ ურთიერთობას?
„ზეციერის“ თავმოყრა
6. რა მიზანს ემსახურება პავლეს მიერ ეფესელთა 1:9, 10-ში მოხსენიებული „განგება“?
6 პავლე მოციქულმა ცხადყო, რომ ზოგ ადამიანს შეეძლო ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონოდა. მაგალითად, როდესაც იეჰოვას იმ ღონისძიების შესახებ წერდა, რომლის მეშვეობითაც მათ, ვინც რწმენას ავლენდა, შეეძლოთ ღვთის ოჯახის წევრები გამხდარიყვნენ, პავლემ აღნიშნა: „[ღმერთმა] გვაუწყა ჩვენ თავისი ნების საიდუმლო, თავისივე სათნოებით, რომელიც წინასწარ ჩანერგა მასში, დროთა სისრულის განსაგებლად, და ყოველივე ზეციურისა და მიწიერის ქრისტეში თავმოსაყრელად“ (ეფესელთა 1:9, 10, სსგ). „განგება“, ძირითადად, იესო ქრისტეს ეკისრება. სწორედ მისი მეშვეობით ხდებიან ადამიანები ღვთისთვის მოსაწონი. მათგან განსაზღვრულ ნაწილს ზეცაში ცხოვრების იმედი აქვს. ბევრად უფრო მეტი ადამიანი კი დედამიწაზე იცხოვრებს მარადიულად.
7. ვინ შედის „ზეციერში“?
7 თავდაპირველად ახ. წ. 33 წელს, ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, ყურადღება დაეთმო „ზეციერს“ ანუ მათ, ვისაც ქრისტესთან ერთად უნდა ემეფა ზეციერ სამეფოში. იესოს მსხვერპლისადმი გამოვლენილი რწმენის საფუძველზე ღმერთმა ისინი მართლებად შერაცხა (რომაელთა 5:1, 2). დროთა განმავლობაში „ზეციერში“ შევიდნენ როგორც იუდეველები, ისე არაიუდეველები, რომელთა რიცხვიც 144000 უნდა ყოფილიყო (გალატელთა 3:26—29; გამოცხადება 14:1, სსგ). მათგან მხოლოდ დარჩენილი ნაწილი იმყოფება ჯერ კიდევ დედამიწაზე.
„მიწიერის“ თავმოყრა
8. ვინ შედის „მიწიერში“ და როგორი ურთიერთობა აქვთ მათ იეჰოვასთან?
8 ქრისტე განაგებს „მიწიერის“ თავმოყრასაც. ამჟამად, მილიონობით ადამიანი იკრიბება, რომლებსაც დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ. ისინი სამეფოს დარჩენილ მემკვიდრეებთან ერთად განადიდებენ იეჰოვას სახელს და მხარს უჭერენ მის თაყვანისმცემლობას (ესაია 2:2, 3; სოფონია 3:9). ისინი აგრეთვე მიმართავენ იეჰოვას, როგორ „მამას“, რადგან აღიარებენ, რომ ის არის სიცოცხლის წყარო. ეს ადამიანები იესოს დაღვრილი სისხლისადმი გამოვლენილი რწმენის საფუძველზე ღვთის კეთილგანწყობით სარგებლობენ (გამოცხადება 7:9, 14). მაგრამ, რადგან ჯერ კიდევ არასრულყოფილები არიან, ღმერთი მათ მხოლოდ მომავალში აღიარებს თავის შვილებად.
9. რა დანაპირებია ჩაწერილი რომაელთა 8:21-ში?
9 ისინი, ვისაც მიწიერი იმედი აქვთ, მოუთმენლად მოელიან იმ დროს, როცა ადამიანი „გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან“ (რომაელთა 8:21). გათავისუფლების პროცესი მაშინ დაიწყება, როცა ქრისტე და მისი ზეციერი ლაშქარი „დიდი გასაჭირის“ კულმინაციურ მომენტში — არმაგედონში — გაანადგურებენ სატანის ბოროტ სისტემას, რის შემდეგაც ქრისტეს ათასწლიანი მეფობა კურთხევებს მოიტანს (გამოცხადება 19:17—21; 20:6).
10. რა განსადიდებელ სიმღერას იმღერებენ იეჰოვას მსახურები?
10 რა გამამხნევებელი იქნება, როცა იეჰოვას მიწიერი მსახურები გაიზიარებენ ზეციერ მსახურთა სიხარულს, რომლებიც აცხადებენ: „დიდი და საოცარია შენი საქმენი, იეჰოვა ღმერთო, ყოვლისშემძლეო. მართალი და ჭეშმარიტია შენი გზები, მარადიულობის მეფეო. ვის არ შეეშინდება შენი, იეჰოვა, და არ ადიდებს შენს სახელს, რადგან მხოლოდ შენ ხარ ერთგული? ყველა ერი თაყვანსაცემად მოვა შენს წინაშე, რადგან ცხადი გახდა შენი სამართალი“ (გამოცხადება 15:3, 4, აქ). დიახ, იეჰოვას ყველა მსახური ერთსულოვნად სცემს თაყვანს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს. მიცვალებულებიც კი აღდგებიან და სხვებთან ერთად მიეცემათ იეჰოვას განდიდების შესაძლებლობა (საქმეები 24:15).
წინ საოცარი თავისუფლება გველოდება
11. რა საოცარ თავისუფლებას მიიღებენ ისინი, ვინც დიდ გასაჭირს გადაიტანს?
11 მას შემდეგ, რაც დიდი გასაჭირი თავის კულმინაციას მიაღწევს არმაგედონში და დედამიწა ბოროტებისგან გაიწმინდება, სატანა ეშმაკი აღარ იქნება ქვეყნიერების ღმერთი. იეჰოვას თაყვანისმცემლებს მეტად აღარ მოუწევთ სატანის მზაკვრული ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლა (2 კორინთელთა 4:4; გამოცხადება 20:1, 2). ცრუ რელიგია მეტად ვეღარ შეურაცხყოფს იეჰოვას და ვეღარ შეძლებს ადამიანთა საზოგადოების დაყოფას. ხელისუფლებები ჭეშმარიტი ღვთის მსახურებს მეტად ვეღარ მოექცევიან უსამართლოდ და ვეღარ დაჩაგრავენ მათ. რა საოცარი თავისუფლება მოგველის!
12. როგორ გათავისუფლდება ყველა ადამიანი ცოდვისა და მისი შედეგებისგან?
12 იესო, როგორც „ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვას“, თავისი მსხვერპლის საფასურს კაცობრიობის ცოდვების წარსახოცად გამოიყენებს (იოანე 1:29). როცა იესო დედამიწაზე ყოფნისას მიუტევებდა ადამიანებს თავიანთ შეცოდებებს, ამის დასადასტურებლად კურნავდა მათ (მათე 9:1—7; 15:30, 31). მსგავსადვე, ქრისტე იესო, როგორც ღვთის სამეფოს ზეციერი მეფე, სასწაულებრივად განკურნავს უსინათლოებს, მუნჯებს, ყრუებს, ხეიბრებს, ფსიქიურად დაავადებულებსა და ნებისმიერი სხვა სახით გატანჯულ ადამიანებს (გამოცხადება 21:3, 4). ყველა მორჩილი ადამიანი სრულიად გათავისუფლდება „ცოდვის კანონისგან“, რის შედეგადაც მათი აზრები და ქცევები მათთვისაც სასიამოვნო იქნება და ღვთისთვისაც (რომაელთა 7:21—23, აფ). ქრისტეს ათასწლიანი მეფობის ბოლოს ისინი ადამიანურ სრულყოფილებას მიაღწევენ და ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთის ‘ხატად და მსგავსებად’ იქცევიან (დაბადება 1:26).
13. რას გააკეთებს იესო ათასწლიანი მმართველობის ბოლოს და რა შედეგებს მოიტანს ეს?
13 როდესაც ქრისტე გაასრულყოფილებს კაცობრიობას, ძალაუფლებას, რომელიც ამ საქმის შესასრულებლად მიეცა, ისევ მამას გადასცემს: «მეფობას გადასცემს უფალსა და მამას მას შემდეგ, რაც გააუქმებს ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალას. ვინაიდან მან უნდა იმეფოს, ვიდრე თავის ფეხქვეშ მოაქცევდეს თავის ყველა მტერს [„ღმერთი მის ფეხქვეშ მოაქცევს ყველა მის მტერს“, აქ]» (1 კორინთელთა 15:24, 25). ათასწლიანი მმართველობის შემდეგ ღვთის სამეფო ბოლომდე შეასრულებს თავის დანიშნულებას. ამიტომ აღარ იქნება საჭირო, რომ იეჰოვასა და კაცობრიობას შორის ეს დამხმარე მთავრობა არსებობდეს. რადგან კაცობრიობა სამუდამოდ გამოისყიდება ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან, აღარ იქნება იმის საჭიროება, რომ იესომ მხსნელის ფუნქცია შეასრულოს. ბიბლიაში ახსნილია: „მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყოველივე მას დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში“ (1 კორინთელთა 15:28).
14. როგორ გამოიცდება ყველა გასრულყოფილებული ადამიანი და რატომ?
14 ამის შემდეგ გასრულყოფილებულ კაცობრიობას შესაძლებლობა მიეცემა, დაამტკიცოს, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთისთვის სამუდამოდ მსახურება აქვს გადაწყვეტილი. სანამ იეჰოვა მათ თავის შვილებად აღიარებს, ყველა გასრულყოფილებულ ადამიანს საბოლოოდ გამოცდის. ამ დროს სატანა და მისი დემონები უფსკრულიდან გათავისუფლდებიან, რაც ხანგრძლივ ზიანს არ მიაყენებს მათ, ვისაც ნამდვილად უყვარს იეჰოვა. მაგრამ ნებისმიერი, ვინც არ აღმოჩნდება ერთგული და არ დაემორჩილება იეჰოვას, პირველ მოწინააღმდეგესა და მის დემონებთან ერთად სამუდამოდ განადგურდება (გამოცხადება 20:7—10).
15. რას მიაღწევს კიდევ ერთხელ იეჰოვას ყველა გონიერი ქმნილება?
15 ამის შემდეგ იეჰოვა თავის შვილებად აღიარებს ყველა იმ გასრულყოფილებულ ადამიანს, რომლებმაც საბოლოო გამოცდის დროს მხარი დაუჭირეს მის უზენაეს ხელისუფლებას. იმ დროს ისინი, როგორც ღვთის გაერთიანებული ოჯახის წევრები, სრულად ისარგებლებენ ღვთის შვილთა დიდებული თავისუფლებით. ყველა გონიერი ქმნილება, ცაში თუ დედამიწაზე, კიდევ ერთხელ გაერთიანდება ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლობაში. იეჰოვას განზრახვა დიდებულად შესრულდება! გსურს ამ ბედნიერი, მარადიული, გაერთიანებული ოჯახის წევრობა? თუ დიახ, გულთან მიიტანე 1 იოანე 2:17-ში (აქ) ჩაწერილი სიტყვები: „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“.
გამეორება
• როგორი ურთიერთობა ჰქონდა იეჰოვასთან მის ყველა თაყვანისმცემელს ედემში გამოვლენილ ურჩობამდე?
• რა მოვალეობა აკისრიათ ღვთის მსახურებს?
• კიდევ ვინ იქნებიან აღიარებული ღვთის შვილებად და როგორ უკავშირდება ეს იეჰოვას განზრახვას თაყვანისმცემლობაში ერთსულოვნების თაობაზე?
[სურათი 190 გვერდზე]
მორჩილი ადამიანები სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე იცხოვრებენ.