იქნება მართალთა აღდგომა
„მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“ (საქმეები 24:15).
1. რა მდგომარეობაშია მთელი კაცობრიობა ადამისა და ევას დაცემის დროიდან?
რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს, აკეთე; რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ“ (ეკლესიასტე 9:10). ამ რამდენიმე, კარგად შერჩეული სიტყვით, ბრძენი მეფე სოლომონი აღწერს მდგომარეობას, რომელსაც ჩვენი პირველი მშობლების, ადამისა და ევას დაცემის დროიდან ხვდება კაცობრიობის ყველა თაობა. გამონაკლისი არ არსებობს, სიკვდილი საბოლოოდ შთანთქავს ყველას — მდიდარსა და ღარიბს, მეფესა და უბრალო ადამიანს, მორწმუნესა და ურწმუნოს. ნამდვილად, სიკვდილი ‘მეფობს’ (რომაელთა 5:17, აქ).
2. აღსასრულის დროის განმავლობაში რატომ შეიძლება ზოგიერთი ერთგული ადამიანი იმედგაცრუებაში ჩავარდეს?
2 სამედიცინო მეცნიერების უკანასკნელი წარმატებების მიუხედავად, სიკვდილი დღესაც მეფობს. თუმცა ეს არ არის გასაკვირი, ზოგიერთი ადამიანი, ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებაში ვარდება, როცა პირისპირ ხვდება ამ უძველეს მტერს. რატომ? ადრე, 1920-იან წლებში, საგუშაგო კოშკის საზოგადოებამ გამოაცხადა: „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“. ვინ უნდა ყოფილიყვნენ ეს მილიონები? ‘ცხვრები’, რომლებიც იესომ ცხვრებისა და თხების შესახებ საუბრის დროს მოიხსენია (მათე 25:31–46). ამ ცხვრისმაგვარი ადამიანების შესახებ ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ისინი გამოჩნდებოდნენ აღსასრულის დროის განმავლობაში და სამოთხეში დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი ექნებოდათ. დროის გასვლის შემდეგ ღმერთის ხალხმა უკეთესად გაიგო ამ ‘ცხვრების’ მდგომარეობა იეჰოვას განზრახვებში. გასაგები იყო, რომ ეს მორჩილი ადამიანები გამორჩეული იქნებოდნენ ჯიუტი ‘თხებისაგან’ და ამ უკანასკნელების განადგურების შემდეგ ცხვრები დაიმკვიდრებდნენ სამეფოს მიწიერ სამფლობელოს, რომელიც მათთვის იყო გამზადებული.
ცხვრისმაგვარი ადამიანების შეკრება
3. რომელ მოღვაწეობას მიაპყრო ყურადღება ღმერთის ხალხმა 1935 წლიდან?
3 ათას ცხრაას ოცდათხუთმეტი წლის დასაწყისში ‘ერთგულმა მონამ’ ყურადღება მიაპყრო ასეთი ადამიანების მოძებნასა და იეჰოვას ორგანიზაციაში მათ მოყვანას (მათე 24:45; იოანე 10:16). ამ გულმოდგინე ქრისტიანებმა შეიგნეს, რომ იესო დღეს მმართველობს იეჰოვას ზეციერ სამეფოში, რომ სწრაფად ახლოვდება ბოროტი სისტემის აღსასრული და ახალი ქვეყნიერების დადგომა, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე (2 პეტრე 3:13; გამოცხადება 12:10). ამ ახალ ქვეყნიერებაში შესრულდება ესაიას იმედისმომცემი სიტყვები: „ [ღმერთი] შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ“ (ესაია 25:8).
4. რა ემართება სხვა ცხვრებიდან მრავალ ადამიანს მიუხედავად იმისა, რომ გულწრფელად იმედოვნებენ, იხილონ იეჰოვას უზენაესი მმართველობის გამართლება?
4 რადგან სატანის ქვეყნიერების აღსასრული ასე მოახლოებულია, ცხვრისმაგვარი ქრისტიანები ისურვებდნენ, მიეღწიათ იმ დრომდე, როცა იეჰოვას უზენაესი ხელისუფლება გამართლდება მომავალი გასაჭირის პერიოდში, რომელიც დაატყდება დიდ ბაბილონსა და სატანის ქვეყნიერების დანარჩენ ნაწილს (გამოცხადება 19:1–3, 19–21). მრავალი ადამიანისთვის ეს არ შესრულდა. მრავალი მათგანი, ვინც იმედოვნებდა, ყოფილიყო „მილიონებს“ შორის, რომლებიც არასდროს მოკვდებოდნენ, სინამდვილეში მკვდარია. ზოგიერთი ადამიანი ჭეშმარიტების გულისთვის იყო წამებული ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში ან რელიგიური ფანატიკოსების ხელში. სხვები მოკვდნენ უბედური შემთხვევების გამო ან, ეგრეთ წოდებული, ბუნებრივი მიზეზების — დაავადებებისა თუ მოხუცებულობის გამო (ფსალმუნი 89:9, 10; ეკლესიასტე 9:11). ნათელია, მრავალი მოკვდება აღსასრულის დადგომამდე. როგორ ნახავენ ასეთი ადამიანები ახალი ქვეყნიერების შესახებ აღთქმის შესრულებას, რომელშიც დამკვიდრებულია სიმართლე?
აღდგომის იმედი
5, 6. მიწიერ იმედთან დაკავშირებით როგორი მომავალი არსებობს მათთვის, ვინც არმაგედონამდე კვდება?
5 მოციქულმა პავლემ უპასუხა ზემოხსენებულ კითხვას, როცა რომის მმართველის, ფელიქსის წინაშე ლაპარაკობდა. საქმეების 24:15-ში ჩაწერილის თანახმად, პავლემ გაბედულად განაცხადა: „მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“. აღდგომის იმედი გამბედაობას გვმატებს ყველაზე გაჭირვებული მდგომარეობების პირისპირ. ამ იმედის წყალობით ჩვენი ძვირფასი მეგობრები, რომლებიც ავადმყოფობენ ან გრძნობენ, რომ მალე მოკვდებიან, არ ვარდებიან გულგატეხილობაში. რაც არ უნდა მოხდეს, მათ იციან, რომ მოიმკიან ერთგულების ჯილდოს. აღდგომის იმედის წყალობით, ჩვენმა გაბედულმა ძმებმა და დებმა, რომლებიც მდევნელთა ხელში სიკვდილს ხვდებიან, იციან, რომ მათი მდევნელები ვერ გაიმარჯვებენ (მათე 10:28). როცა კრებაში ვინმე კვდება, ჩვენ ვწუხვართ იმ პიროვნების დაკარგვის გამო. ამავე დროს, თუ ის სხვა ცხვრებიდან არის, ჩვენ გვიხარია, რომ ჩვენმა თანამორწმუნემ ბოლომდე შეინარჩუნა ერთგულება და ახლა განისვენებს დარწმუნებული მომავალში, რომელიც ღმერთის ახალ ქვეყნიერებაში ექნება (1 თესალონიკელთა 4:13).
6 დიახ, აღდგომის იმედი არის ჩვენი რწმენის არსებითად მნიშვნელოვანი მხარე. მაგრამ რატომ არის ჩვენი რწმენა აღდგომის შესახებ ასე მტკიცე და კიდევ ვის აქვს ეს იმედი?
7. რა არის აღდგომა და რას ამბობს მის უტყუარობაზე რამდენიმე მუხლი?
7 ბერძნული სიტყვა გამოყენებული სიტყვისთვის „აღდგომა“ არის „ა·ნაʹსტა·სის“, რაც ნიშნავს „ადგომას“. ძირითადად ის მიუთითებს ადგომას სიკვდილიდან. საინტერესოა, რომ თავად სიტყვა „აღდგომა“ არ გვხვდება ებრაულ წერილებში, მაგრამ აღდგომის იმედი ნათლად არის გამოხატული მასში. მაგალითად, ამის ნახვა შეგვიძლია სიტყვებში, რომელიც გამოთქვა იობმა იმ დროს, როცა ძალიან იტანჯებოდა: „ოჰ, ნეტავ ქვესკნელში დამმალავდე. . . დროს დამინიშნავდე და მერე გამიხსენებდე! “ (იობი 14:13). ამის მსგავსად, ოსიას 13:14-ში ვკითხულობთ: „ჯოჯოხეთის ხელიდან გამოვისყიდი მათ, სიკვდილისგან ვიხსნი. სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო? სად არის შენი ძლევა, ჯოჯოხეთო? “ ეს სიტყვები მოციქულმა პავლემ პირველ კორინთელთა 15:55-ში მოიყვანა და აჩვენა, რომ ნაწინასწარმეტყველები გამარჯვება სიკვდილზე შესრულდება აღდგომის საშუალებით. (რასაკვირველია, ამ მუხლში პავლე ზეციერი აღდგომის შესახებ ლაპარაკობდა).
‘მართლებად აღიარებული’ მორწმუნეები
8, 9. ა) როგორ შეუძლია არასრულყოფილ ადამიანს ჰქონდეს წილი მართალთა აღდგომაში? ბ) რა არის სიცოცხლის იმედის საფუძველი, რომელიც არ იქნება შეზღუდული სიკვდილით?
8 ფელიქსისადმი მტკიცებაში, რომელიც მე-5 აბზაცშია ციტირებული, პავლემ თქვა, რომ იქნებოდა აღდგომა მართალთა და უკეთურთა. ვინ არიან მართლები, რომლებიც აღდგენილი იქნებიან? მართალია, ბუნებით არცერთი ადამიანი არ არის მართალი. ჩვენ ყველა ცოდვილები ვართ დაბადებიდან და ვცოდავთ მთელი ცხოვრების განმავლობაში — რის გამოც ვიმსახურებთ სიკვდილს ამ ორი მიზეზით (რომაელთა 5:12; 6:23). მაგრამ ბიბლიაში ჩვენ ვხვდებით გამოთქმას ‘მართლად აღიარებული’ (რომაელთა 3:28, აქ). ეს მიუთითებს ადამიანებზე, რომლებსაც იეჰოვამ აპატია ცოდვები მიუხედავად იმისა, რომ არასრულყოფილები არიან.
9 ეს გამოთქმა უფრო მეტად გამოიყენება ცხებულ ქრისტიანებთან დაკავშირებით, რომელთაც აქვთ ზეციერი იმედი. რომაელთა 5:1-ში მოციქული პავლე ამბობს: „რაკი რწმენით გავმართლდით [მართლებად ვართ აღიარებული, აქ], მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ“. ყველა ცხებული ქრისტიანი მართლად არის აღიარებული რწმენის გამო. რწმენით რის მიმართ? როგორც პავლე რომაელთა მიმართ წიგნში დაწვრილებით განმარტავს, ეს არის რწმენა იესო ქრისტეს მიმართ (რომაელთა 10:4, 9, 10). იესო მოკვდა სრულყოფილ ადამიანად, შემდეგ იყო აღდგენილი სიკვდილიდან და ამაღლებული ზეცაში, რათა წარედგინა ადამიანური სიცოცხლის ფასი ჩვენს სასარგებლოდ (ებრაელთა 7:26, 27; 9:11, 12). სინამდვილეში, როცა იეჰოვამ მიიღო ეს შესაწირავი, იესომ გამოისყიდა ადამიანთა მოდგმა ცოდვისა და სიკვდილის მონობიდან. ადამიანები, რომლებიც ამ შერიგებისადმი რწმენას ავლენენ, დიდად სარგებლობენ მისით (1 კორინთელთა 15:45). მის საფუძველზე ერთგულ მამაკაცებსა და ქალებს აქვთ იმედი, დაიმკვიდრონ სიცოცხლე, რომელიც არ იქნება შეზღუდული ულმობელი მტრით, სიკვდილით (იოანე 3:16).
10, 11. ა) რომელი აღდგომა ელოდება ერთგულ ცხებულ ქრისტიანებს? ბ) რომელი აღდგომის იმედი ჰქონდათ ქრისტიანობამდე მცხოვრებ თაყვანისმცემლებს?
10 იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის წყალობით, ერთგულ, მართლებად აღიარებულ ცხებულებს აქვთ მტკიცე იმედი, რომ იესოს მსგავსად იქნებიან აღდგენილი, როგორც უკვდავი სულიერი ქმნილებები (გამოცხადება 2:10). მათი აღდგომა მოხსენიებულია გამოცხადების 20:6-ში, სადაც ნათქვამია: „ნეტარი და წმიდაა ის, ვისაც აქვს წილი პირველ აღდგომაში. მასზე ხელმწიფება არ აქვს მეორე სიკვდილს, არამედ ისინი იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი და იმეფებენ მასთან ერთად ათას წელს“. ეს არის ზეციერი აღდგომა. მაგრამ მიაქციე ყურადღება, რომ ბიბლია უწოდებს მას ‘პირველ აღდგომას’, რაც ნიშნავს, რომ კიდევ მრავალი იქნება აღდგენილი.
11 ებრაელთა მე-11 თავში პავლე მიუთითებს ქრისტიანობამდე მცხოვრები ღმერთის მსახურების გრძელ სიაზე, რომლებმაც იეჰოვა ღმერთისადმი მტკიცე რწმენა გამოავლინეს. მათაც ჰქონდათ აღდგომის იმედი. მოხსენიებული თავის 35-ე მუხლში პავლე ლაპარაკობს აღდგომის სასწაულებრივ შემთხვევებზე, რომელიც ისრაელის ისტორიის განმავლობაში მოხდა; ის ამბობს: „ცოლები გაცოცხლებულებს ღებულობდნენ თავიანთ მკვდრებს, სხვები კი ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, რათა უკეთესი აღდგომისათვის მიეღწიათ“. ეს ძველი დროის ერთგული მოწმეები ელოდებოდნენ უკეთეს აღდგომას, ვიდრე, მაგალითად, ელიასა და ელისესთან დაკავშირებული აღდგომა იყო (მესამე მეფეთა 17:17–22; მეოთხე მეფეთა 4:32–37; 13:20, 21). მათი იმედი იყო აღდგომა ქვეყნიერებაში, სადაც ღმერთის მსახურებს არ აწამებდნენ თავიანთი რწმენის გამო, ქვეყნიერებაში, სადაც ქალები არ დაკარგავდნენ საყვარელ ადამიანებს სიკვდილის გამო. დიახ, ისინი ელოდებოდნენ სიკვდილიდან აღდგომას იმავე ახალ ქვეყნიერებაში, რომლის იმედი ჩვენც გვაქვს (ესაია 65:17–25). იეჰოვას არ გაუმხელია მათთვის იმდენი, რამდენიც ჩვენ გაგვიმხილა ახალი ქვეყნიერების შესახებ. მიუხედავად ამისა, მათ იცოდნენ, რომ ის ახლოვდებოდა და მათ სურდათ იქ ყოფნა.
მიწიერი აღდგომა
12. იყვნენ თუ არა აღიარებული მართლებად ქრისტიანობამდე მცხოვრები ერთგული ადამიანები? ახსენი.
12 გვმართებს თუ არა ვიფიქროთ ქრისტიანობამდე მცხოვრები ერთგული მამაკაცებისა და ქალების ახალ ქვეყნიერებაში გამოღვიძებაზე, როგორც მართალთა აღდგომის ნაწილზე? ნათელია, რომ გვმართებს, რადგან ბიბლია მიუთითებს მათზე, როგორც მართლებზე. მაგალითად, მოწაფე იაკობი მოიხსენიებს ძველ დროში მცხოვრებ მამაკაცსა და ქალს, რომლებიც მართლებად იყვნენ აღიარებული. მამაკაცი იყო აბრაამი, ებრაელთა მოდგმის წინაპარი. მასთან დაკავშირებით ვკითხულობთ: «„ერწმუნა აბრაამი ღმერთს“. ეს მას სიმართლეში ჩაეთვალა და ღვთის მეგობარი ეწოდა». ქალი იყო რახაბი, არაისრაელი, რომელმაც რწმენა გამოავლინა იეჰოვასადმი. ის ‘მართლად იყო აღიარებული’ და გახდა ებრაელი ერის ნაწილი (იაკობი 2:23–25, აქ). ამრიგად, ძველ დროში მცხოვრები მამაკაცები და ქალები, რომლებმაც იეჰოვასადმი და მისი აღთქმებისადმი ძლიერი რწმენა გამოავლინეს და სიკვდილამდე ერთგულები დარჩნენ, მართლებად იყვნენ აღიარებული იეჰოვას მიერ თავიანთი რწმენის საფუძველზე და უეჭველად ექნებათ წილი ‘მართალთა აღდგომაში’.
13, 14. ა) საიდან ვიცით, რომ ქრისტიანებს, რომელთაც აქვთ მიწიერი იმედი, შეუძლიათ მართლებად იყვნენ აღიარებული? ბ) რას ნიშნავს ეს მათთვის?
13 მაგრამ რა შეიძლება ითქვას დღეს მცხოვრები ცხვრისმაგვარი ადამიანების შესახებ, მათ შესახებ, ვისაც აქვს მიწიერი იმედი, რომლებმაც თავი მიუძღვნეს იეჰოვას და რომლებიც კვდებიან ერთგულებაში აღსასრულის დროის განმავლობაში? ექნებათ თუ არა მათ წილი მართალთა აღდგომაში? ცხადია, ექნებათ. მოციქულმა იოანემ ხილვაში იხილა ასეთი ერთგული ადამიანებისგან შემდგარი უამრავი ხალხი. მიაქციე ყურადღება, თუ როგორ აღწერს მათ: «ვიხილე: აჰა, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან. იდგნენ ტახტის წინ და კრავის წინ სპეტაკი სამოსელით შემოსილნი და პალმებით ხელში. იძახდნენ დიდი ხმით და ამბობდნენ: „ხსნა ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომარეს, და კრავს! “ » (გამოცხადება 7:9, 10).
14 მიაქციე ყურადღება, რომ ეს თავმდაბალი ადამიანები მტკიცედ არიან დარწმუნებული თავიანთ ხსნაში და მიაწერენ ამას იეჰოვასა და იესოს, „კრავს“. გარდა ამისა, ისინი დგანან იეჰოვასა და კრავის წინაშე თეთრი სამოსელით შემოსილები. რატომ თეთრი? ზეციერი ქმნილება ეუბნება იოანეს: „ [მათ] გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს ისინი კრავის სისხლით“ (გამოცხადება 7:14). ბიბლიაში თეთრი ფერი არის სიწმინდისა და სიმართლის სიმბოლო (ფსალმუნი 50:9; დანიელი 12:10; გამოცხადება 19:8). ფაქტი, რომ უამრავი ხალხი ნაჩვენებია თეთრი სამოსელით შემოსილი, ნიშნავს, რომ იეჰოვა უყურებს მათ, როგორც მართლებს. როგორ არის ეს შესაძლებელი? როგორც ნათქვამი იყო, მათ გაირეცხეს თავიანთი სამოსი კრავის სისხლით. ისინი ავლენენ რწმენას იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლისადმი და ამიტომ მართლებად არიან აღიარებული როგორც ღმერთის მეგობრები, რომელთაც დიდ გასაჭირში გადარჩენის პერსპექტივა აქვთ. მაშასადამე, ყოველ ერთგულ მიძღვნილ ქრისტიანს, დღეს ‘უამრავი ხალხის’ ნაწილს, რომელიც კვდება დიდი გასაჭირის დადგომამდე, შეუძლია იყოს დარწმუნებული, რომ აქვს წილი მართალთა მიწიერ აღდგომაში.
15. მიუხედავად იმისა, რომ მართლებიც და უკეთურებიც იქნებიან აღდგენილი, რა არის მართალთა აღდგომის უპირატესობა?
15 გამოცხადების მე-20 თავის მე-13 მუხლში ეს აღდგომა აღწერილია ასეთი სიტყვებით: „მისცა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები; სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა მისცეს მათში მყოფი მკვდრები; და თითოეული გასამართლდა თავისი საქმეებისამებრ“ („ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). ამრიგად, იეჰოვას დიდებული ათასწლიანი განკითხვის დღის განმავლობაში ყველა, ვინც არის ღმერთის მეხსიერებაში, იქნება აღდგენილი — მართლები და უკეთურები (საქმე 17:31). მაგრამ რამდენად უფრო უკეთესი იქნება ეს მართალთათვის! ისინი უკვე ცხოვრობდნენ რწმენით. მათ უკვე აქვთ ახლო ურთიერთობა იეჰოვასთან და მტკიცე რწმენა, რომ ის ბოლომდე მიიყვანს თავის განზრახვებს. ქრისტიანობის ერამდე მცხოვრები მართალი მოწმეები გამოიღვიძებენ სიკვდილიდან ძლიერი სურვილით გაიგონ, თუ როგორ შესრულდა იეჰოვას აღთქმები თესლთან დაკავშირებით (1 პეტრე 1:10–12). სხვა ცხვრებიდან ის ადამიანები, რომელთაც დღეს იეჰოვა უყურებს როგორც მართლებს, გამოვლენ საფლავიდან ძლიერი სურვილით, რომ დატკბნენ სამოთხით დედამიწაზე, რომლის შესახებაც ლაპარაკობდნენ, როცა აუწყებდნენ კეთილ ცნობას ამ სისტემაში. რამდენად სასიხარულო იქნება ეს დრო!
16. რა შეგვიძლია ვთქვათ განკითხვის დღის განმავლობაში იმ ადამიანთა აღდგომის შესახებ, ვინც ჩვენს დროში კვდება?
16 ათასწლიანი განკითხვის დღის განმავლობაში, როდის იქნებიან აღდგენილი ისინი, ვინც ერთგულებაში მოკვდა სატანის სისტემის ამ უკანასკნელ წლებში? ბიბლია არ ამბობს ამას. მაგრამ განა არ იქნებოდა გონივრული, გვეფიქრა, რომ მართლებად ჩათვლილები, რომლებიც ჩვენს დროში კვდებიან, უფრო ადრე აღდგებოდნენ და ამრიგად შეძლებდნენ არმაგედონში გადარჩენილ უამრავ ხალხთან ერთად ადრინდელი თაობების სიკვდილიდან დაბრუნებულებთან შეხვედრას? რასაკვირველია, დიახ!
მანუგეშებელი იმედი
17, 18. ა) როგორ ნუგეშისცემას უზრუნველყოფს აღდგომა? ბ) იეჰოვას შესახებ რის გამოსაცხადებლად ვართ აღძრულნი?
17 დღეს აღდგომის იმედი აძლიერებს და ანუგეშებს ყველა ქრისტიანს. თუ ერთგულები ვრჩებით, ვერც შემთხვევა და ვერც მტერი წაგვართმევს ჩვენს ჯილდოს! მაგალითად, 1992 წლის „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეულის“ (ინგლ.), 177-ე გვერდზე მოცემულია ეთიოპიაში მცხოვრები გაბედული ქრისტიანების სურათები, რომლებმაც რწმენის დათმობას სიკვდილი არჩიეს. სურათებს აწერია: „სახეები, რომელთა ნახვასაც მოველით აღდგომის დროს“. რა უპირატესობა იქნება გავიცნოთ ეს ადამიანები და სხვა ურიცხვი ადამიანი, რომლებმაც მსგავსი ერთგულება გამოავლინეს სიკვდილის პირისპირ!
18 რა შეიძლება ითქვას ჩვენი საყვარელი ადამიანებისა და მეგობრების შესახებ, რომლებიც მოხუცებულობისა ან უძლურების გამო ვერ მოესწრებიან დიდ გასაჭირს? თუ ერთგულები დარჩებიან, აღდგომის იმედთან ერთად მათ ექნებათ შესანიშნავი მომავალი. და თუ ჩვენც გაბედულად ვავლენთ რწმენას იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი, ჩვენც გვაქვს შესანიშნავი მომავალი. რატომ? იმიტომ, რომ პავლეს მსგავსად ჩვენ გვაქვს ‘მკვდრეთით აღდგომის’ იმედი „როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“. ჩვენ მთელი გულით ვმადლობთ იეჰოვას ამ იმედისთვის. ნამდვილად, ეს იმედი აღგვძრავს, გავიმეოროთ ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „მოუთხრეთ ხალხებს მისი ღირსება, ყოველ ერს მისი სასწაულები. რადგან დიდია უფალი და ღირსსაქებარი მეტად, ყველა ღმერთებზე საშიშია ის“ (ფსალმუნი 95:3, 4).
შეგიძლია თუ არა ახსნა?
◻ რომელი მუხლები გვეხმარება, განვამტკიცოთ ჩვენი იმედი მიწიერი აღდგომის შესახებ?
◻ დღეს რის საფუძველზე არიან ქრისტიანები აღიარებული მართლებად?
◻ როგორ გვამხნევებს და გვმატებს გამბედაობას აღდგომის იმედი?
[სურათი მე-18 გვერდზე]
პავლეს მსგავსად, ცხებულ ქრისტიანებს აქვთ ზეციერი იმედი.