ვინ გიყალიბებთ აზროვნებას?
„ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე“ (რომ. 12:2).
1, 2. ა) რა უპასუხა იესომ პეტრეს თხოვნაზე, რომ თავი შეეწყალებინა? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) რატომ უპასუხა იესომ ასე?
მოწაფეები ყურებს ვერ უჯერებდნენ. იესომ, ვისგანაც ისრაელის სამეფოს აღდგენას მოელოდნენ, უთხრა მათ, რომ მალე უნდა ეტანჯა და მომკვდარიყო. მოციქულმა პეტრემ ხმა აიმაღლა და სთხოვა: „შეიწყალე თავი, უფალო! ნუ დამართებ თავს ამას“. ამაზე იესომ მიუგო: „მომცილდი, სატანა! დაბრკოლება ხარ ჩემთვის, რადგან ღვთიურზე კი არა, ადამიანურზე ფიქრობ“ (მათ. 16:21—23; საქ. 1:6).
2 ამ სიტყვებით იესომ ერთმანეთისგან გამიჯნა ღვთის აზროვნება და ქვეყნიერების აზროვნება, რომლის უკანაც სატანა დგას (1 იოან. 5:19). პეტრემ ქვეყნიური აზროვნება გამოავლინა და იესოს თავის შებრალებისკენ მოუწოდა. მაგრამ იესომ იცოდა, რომ იეჰოვას სრულიად განსხვავებული თვალსაზრისი ჰქონდა. ღმერთს სურდა, რომ მას თავიდან არ აერიდებინა მოსალოდნელი ტანჯვა და სიკვდილი. პეტრესთვის ნათქვამი სიტყვებიდან ჩანს, რომ იესომ უარყო ქვეყნიური აზროვნება, რათა იეჰოვას აზროვნება აერეკლა.
3. რატომ არის რთული, უარვყოთ ქვეყნიური აზროვნება და ღვთის მოსაწონად ვიცხოვროთ?
3 ჩვენზე რის თქმა შეიძლება? იეჰოვას აზროვნებას ვირეკლავთ თუ ქვეყნიერების? ალბათ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი საქციელი იეჰოვას მოთხოვნებს შევუსაბამოთ, მაგრამ რას ვიტყვით ჩვენს აზროვნებაზე? ვცდილობთ ისეთივე აზროვნება და შეხედულებები გვქონდეს, როგორიც იეჰოვას აქვს? ამისთვის გააზრებული ძალისხმევაა საჭირო. ქვეყნიური აზროვნების გაზიარებას კი არანაირი ძალისხმევა არ სჭირდება, რადგან მთლიანად ამ სულით ვართ გარემოცულნი (ეფეს. 2:2). მეტიც, ვინაიდან ქვეყნიერების სული ეგოისტურ ინტერესებს კვებავს, შეიძლება ის მიმზიდველიც კი იყოს ჩვენთვის. დიახ, იეჰოვას მოსაწონად აზროვნება რთულია, ქვეყნიერების მოსაწონად კი — ძალიან ადვილი.
4. ა) რა მოხდება, თუ ქვეყნიერებას ჩვენს აზროვნებას დავუმორჩილებთ? ბ) რაში დაგვეხმარება ეს სტატია?
4 თუ ქვეყნიერებას ჩვენს აზროვნებას დავუმორჩილებთ, შეიძლება ეგოისტური მიდრეკილებები და დამოუკიდებლობის სული შემოგვეპაროს (მარ. 7:21, 22). ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღვთიურზე ვიფიქროთ და არა ადამიანურზე. ეს სტატია დაგვანახვებს, რომ იეჰოვას აზროვნება ზედმეტად შემზღუდველი კი არ არის, არამედ დადებითად მოქმედებს ჩვენზე. აგრეთვე დავინახავთ, როგორ შეგვიძლია გავექცეთ ქვეყნიურ აზროვნებას. მომდევნო სტატიიდან კი გავიგებთ, როგორ შეგვიძლია ავირეკლოთ და გავითავისოთ იეჰოვას აზროვნება სხვადასხვა სიტუაციაში.
იეჰოვას აზროვნება დადებითად მოქმედებს ჩვენზე
5. რატომ არ სურს ზოგს სხვის გავლენაში მოქცევა?
5 ზოგი კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ შეიძლება ვინმემ ჩამოაყალიბოს ან გავლენა მოახდინოს მათ აზროვნებაზე. ისინი ამბობენ: „მე ჩემი აზრი გამაჩნია“, რაშიც შესაძლოა იმას გულისხმობენ, რომ დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს და ამის სრული უფლება აქვთ. მათ არ სურთ, რომ ვინმემ ნაბიჯები უკონტროლოს ან ინდივიდუალობა დააკარგვინოს.a
6. ა) როგორ თავისუფლებას გვაძლევს იეჰოვა? ბ) არის ეს თავისუფლება უსაზღვრო?
6 იეჰოვას აზროვნების გაზიარება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი აზრი აღარ გაგვაჩნდეს. 2 კორინთელების 3:17-ში ნათქვამია: „სადაც იეჰოვას სულია, იქ თავისუფლებაა“. იეჰოვა გვაძლევს უფლებას, თავად ავირჩიოთ, როგორი ადამიანები ვიქნებით. მან ისე შეგვქმნა, რომ შეგვიძლია ჩვენი ინტერესის სფერო გვქონდეს და თავად გადავწყვიტოთ, რას მივანიჭოთ უპირატესობა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უსაზღვრო თავისუფლება გვაქვს (წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:16). როცა საკითხი სწორისა და არასწორის განსაზღვრაზე მიდგება, იეჰოვას სურს, რომ ბიბლიით ვიხელმძღვანელოთ, სადაც მისი აზრებია ჩაწერილი. ზედმეტად გვზღუდავს ეს თუ დადებითად მოქმედებს ჩვენზე?
7, 8. რატომ არ არის ზედმეტად შემზღუდველი იეჰოვას აზროვნების განვითარება? ახსენით.
7 დავფიქრდეთ ასეთ მაგალითზე. მშობლები ცდილობენ, რომ შვილებს სწორი ფასეულობები ჩაუნერგონ და პატიოსნებას, შრომისმოყვარეობასა და ყურადღებიანობას ასწავლიან. ეს არ არის ზედმეტად შემზღუდველი. პირიქით, მშობლები მათ დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის ამზადებენ და ეხმარებიან, კარგ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. როცა გაიზრდებიან და ცალკე დაიწყებენ ცხოვრებას, ისინი დამოუკიდებლად მიიღებენ გადაწყვეტილებებს. თუ იმ ფასეულობებით იცხოვრებენ, რომლებიც მშობლებმა ჩაუნერგეს, დიდი ალბათობაა, რომ ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რომლებიც სანანებელი არ გაუხდებათ და თავიდან აირიდებენ ზედმეტ პრობლემებსა თუ საწუხარს.
8 მოსიყვარულე მშობლის მსგავსად იეჰოვას სურს, რომ მის შვილებს აზრიანი და კმაყოფილების მომტანი ცხოვრება ჰქონდეთ (ეს. 48:17, 18). ამიტომაც გვაძლევს ის როგორც ზნეობასთან, ისე ურთიერთობებთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს. ღმერთი მოგვიწოდებს, ამ საკითხებთან დაკავშირებით მისი აზროვნება და ფასეულობები გავიზიაროთ. ეს არ არის ზედმეტად შემზღუდველი. ასე მოქცევა გვეხმარება, რომ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით სწორი აზროვნება განვივითაროთ (ფსალმ. 92:5; იგავ. 2:1—5; ეს. 55:9). როცა ღვთის აზროვნებას ვირეკლავთ, ინდივიდუალობასაც ვინარჩუნებთ და სწორ გადაწყვეტილებებსაც ვიღებთ, რომლებსაც ჩვენთვის ბედნიერება მოაქვს (ფსალმ. 1:2, 3). დიახ, იეჰოვას მოსაწონად აზროვნება დადებითად მოქმედებს ჩვენზე!
იეჰოვას აზროვნება აღემატება ქვეყნიურ აზროვნებას
9, 10. რა ადასტურებს, რომ იეჰოვას აზროვნება გაცილებით აღემატება ქვეყნიურ აზროვნებას?
9 კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც იეჰოვას მსახურებს სურთ, რომ ღვთის აზროვნებას ირეკლავდნენ, ისაა, რომ მისი აზროვნება წარმოუდგენლად აღემატება ქვეყნიურ აზროვნებას. დღევანდელი ქვეყნიერება გარკვეულ რჩევებს გვთავაზობს ზნეობასთან, ოჯახურ ურთიერთობებთან, სამუშაოსა და ცხოვრების სხვა სფეროებთან დაკავშირებით. თუმცა უმეტესი მათგანი იეჰოვას შეხედულებებისგან ძალიან განსხვავდება. მაგალითად, ქვეყნიერება საკუთარი თავის წარმოჩენისკენ მოგვიწოდებს; იწყნარებს სექსუალურ უზნეობას; ნორმალურად თვლის უმნიშვნელო მიზეზით განცალკევებას ან გაყრას, თუკი ეს ადამიანის ბედნიერებას შეუწყობს ხელს. ასეთი შეხედულება ეწინააღმდეგება იეჰოვას თვალსაზრისს. შეიძლება იმის თქმა, რომ დღეს ქვეყნიური რჩევები უფრო პრაქტიკულია, ვიდრე ბიბლიური რჩევები?
10 „სიბრძნის სიმართლეს მისი საქმეები ამტკიცებს“ (მათ. 11:19). დღეს ქვეყნიერებამ დიდ წარმატებას მიაღწია ტექნოლოგიურ სფეროში, თუმცა ვერ აგვარებს ისეთ გლობალურ პრობლემებს, როგორიცაა ომი, რასიზმი და დამნაშავეობა. ეს ყველაფერი კი ხელს გვიშლის ბედნიერებაში. რა შეიძლება ითქვას უზნეობის მიმართ ქვეყნიერების შემწყნარებლურ დამოკიდებულებაზე? ბევრი ხვდება, რომ უზნეო ცხოვრების წესი ანგრევს ოჯახებს, ვნებს ჯანმრთელობას და იწვევს არაერთ სხვა პრობლემას. იმ ადამიანებს კი, რომლებიც ღვთის თვალსაზრისს იზიარებენ და ზნეობრივად სუფთად ცხოვრობენ, ბედნიერი ოჯახები აქვთ, გაცილებით ჯანმრთელები არიან და მთელ მსოფლიოში თანამორწმუნეებთან მშვიდობიანი ურთიერთობით ხარობენ (ეს. 2:4; საქ. 10:34, 35; 1 კორ. 6:9—11). განა ეს იმაზე არ მეტყველებს, რომ იეჰოვას აზროვნება გაცილებით აღემატება ქვეყნიურ აზროვნებას?!
11. ვის აზროვნებას ირეკლავდა მოსე და რა იყო შედეგი?
11 ბიბლიაში მოხსენიებულ ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს კარგად ესმოდათ, რამდენად აღემატებოდა ღვთის აზროვნება ადამიანურ აზროვნებას. მიუხედავად იმისა, რომ „ეგვიპტელთა მთელ სიბრძნეს“ ეზიარა, მოსე იეჰოვას სთხოვდა, რომ მისთვის „ბრძენი გული“ მიეცა (საქ. 7:22; ფსალმ. 90:12). ის ევედრებოდა ღმერთს: „გამაგებინე შენი გზები“ (გამ. 33:13). მოსე იეჰოვას აზროვნებას ირეკლავდა. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იეჰოვას განზრახვის შესრულებაში და ბიბლია მას გამორჩეული რწმენის მქონე ადამიანად მოიხსენიებს (ებრ. 11:24—27).
12. რაზე დაფუძნებით იღებდა პავლე გადაწყვეტილებებს?
12 მოციქული პავლე საკმაოდ განათლებული ადამიანი იყო და სულ მცირე ორ ენას ფლობდა (საქ. 5:34; 21:37, 39; 22:2, 3). მაგრამ პრინციპულ საკითხებში ის არასდროს იზიარებდა ქვეყნიურ აზროვნებას. ნაცვლად ამისა, თავის გადაწყვეტილებებს ყოველთვის ღვთის სიტყვაზე აფუძნებდა (წაიკითხეთ საქმეების 17:2; 1 კორინთელების 2:6, 7, 13). შედეგად, პავლეს, როგორც წარმატებულ ღვთის მსახურს, მარადიული ჯილდო ელოდა (2 ტიმ. 4:8).
13. რა პასუხისმგებლობა გვაკისრია თითოეულ ჩვენგანს?
13 უდავოდ, ქვეყნიური აზროვნება ვერც კი შეედრება იეჰოვას აზროვნებას. მისი შეხედულებების თანახმად ცხოვრება ბედნიერებისა და წარმატების საწინდარია. თუმცა იეჰოვა არ გვაიძულებს, რომ მისი აზროვნება გავიზიაროთ. ჩვენი აზროვნების გაკონტროლებას არავინ ცდილობს — არც „ერთგული და გონიერი მონა“ და არც უხუცესები (მათ. 24:45; 2 კორ. 1:24). თითოეული ქრისტიანის პირადი პასუხისმგებლობაა, რომ საკუთარი აზროვნება იეჰოვას აზროვნებას შეუსაბამოს. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?
ნუ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე
14, 15. ა) რაზე უნდა ვიფიქროთ, რომ იეჰოვას აზროვნება გავიზიაროთ? ბ) რომაელების 12:2-ის თანახმად, რატომ უნდა მოვერიდოთ ქვეყნიურ აზროვნებას? მოიყვანეთ მაგალითი.
14 რომაელების 12:2 გვირჩევს: „ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე, არამედ განიახლეთ გონება და გარდაიქმენით, რათა დარწმუნდეთ, რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი“. ამ ღვთივშთაგონებული სიტყვებიდან ვიგებთ, რომ, როგორი აზროვნებაც არ უნდა გვქონოდა ჭეშმარიტების გაგებამდე, სავსებით შესაძლებელია, ჩვენი აზროვნება თანდათანობით ღვთის აზროვნებას შევუსაბამოთ. მართალია, ჩვენს შეხედულებებზე გარკვეულწილად წარსული და გენეტიკური ფაქტორები ახდენს გავლენას, მაგრამ ნელ-ნელა აზროვნების შეცვლა მაინც შესაძლებელია. ეს დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ვაძლევთ ჩვენს გონებაზე მოქმედების საშუალებას და რაზე ვფიქრობთ. თუ იეჰოვას შეხედულებებზე ვიფიქრებთ და გავითავისებთ მათ, დავრწმუნდებით, რომ ის არასდროს ცდება. შედეგად, ბუნებრივად გაგვიჩნდება იმის სურვილი, რომ საკუთარი აზროვნება მის აზროვნებას შევუსაბამოთ.
15 თუმცა იმისთვის, რომ იეჰოვას აზროვნება გავიზიაროთ, აღარ უნდა ვიცხოვროთ ქვეყნიერების ყაიდაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ გონება აღარ უნდა ვკვებოთ ღვთისთვის მიუღებელი აზრებით. ამ ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობა რომ დავინახოთ, დავფიქრდეთ საკვების მაგალითზე. შეიძლება ადამიანმა გადაწყვიტოს, რომ ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ნოყიერი საკვებით იკვებოს. მაგრამ რას არგებს ეს ყველაფერი, თუ გაფუჭებულ საკვებსაც მიიღებს? მსგავსად, იეჰოვას აზროვნებით კვება ნაკლებ სარგებლობას მოგვიტანს, თუკი პარალელურად ქვეყნიური აზროვნებითაც ვიკვებებით.
16. რისგან უნდა დავიცვათ თავი?
16 შეუძლებელია, სრულად მოვერიდოთ ქვეყნიურ აზროვნებას, რადგან ამ ქვეყნიერებაში გვიწევს ცხოვრება. გვინდა თუ არ გვინდა, ქვეყნიური აზროვნების ზოგიერთ გამოვლინებას ვერსად გავექცევით (1 კორ. 5:9, 10). მაგალითად, ქადაგების დროს ვხვდებით ადამიანებს, რომელთაც ცრუ რელიგიური შეხედულებები აქვთ. ამიტომ, რადგანაც შეუძლებელია სრულად მოვერიდოთ ღვთისთვის მიუღებელ აზროვნებას, არ უნდა ვიფიქროთ მასზე და არც უნდა გავიზიაროთ ის. იესოს მსგავსად დაუყოვნებლივ უნდა უარვყოთ ნებისმიერი აზრი, რომელიც სატანის წისქვილზე ასხამს წყალს. მეტიც, საკუთარ აზროვნებას გავუფრთხილდებით, თუ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მოვერიდებით ყველაფერს, რაც ქვეყნიურ აზროვნებას უწევს პროპაგანდას (წაიკითხეთ იგავების 4:23).
17. როგორ უნდა მოვერიდოთ მაქსიმალურად ქვეყნიურ აზროვნებას?
17 მაგალითად, მეგობრების არჩევისას სიფრთხილე გვმართებს. ბიბლია გვაფრთხილებს, რომ თუ ახლო ურთიერთობას შევინარჩუნებთ მათთან, ვინც არ ემსახურება იეჰოვას, მათი აზროვნება ჩვენც გადმოგვედება (იგავ. 13:20; 1 კორ. 15:12, 32, 33). იმავეს თქმა შეიძლება, როცა საქმე გართობის არჩევას ეხება. თუ უარს ვიტყვით ისეთ გართობაზე, რომელიც მხარს უჭერს ევოლუციის თეორიას, ძალადობასა და უზნეობას, თავს დავიცავთ „ღვთის შესახებ ცოდნის წინააღმდეგ“ მიმართული მომწამლავი აზროვნებისგან (2 კორ. 10:5).
18, 19. ა) რატომ უნდა ვუფრთხილდეთ ქვეყნიურ აზროვნებას, რომელიც შეუმჩნევლად ცდილობს ჩვენზე გავლენის მოხდენას? ბ) რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს და რატომ?
18 ჩვენ მაშინაც უნდა ამოვიცნოთ და უარვყოთ ქვეყნიური აზროვნება, როცა ის არც ისე აშკარაა. მაგალითად, შეიძლება ახალი ამბები ისეთ შუქში იყოს წარმოდგენილი, რომ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის შეხედულებებს იზიარებდეს. ზოგი ისტორია ისეა წარმოჩენილი, რომ პოპულარიზაციას უწევს ქვეყნიერებისთვის მოსაწონ მიზნებსა და მიღწევებს. არაერთი წიგნი თუ ფილმი აყალიბებს აზროვნებას: „ჯერ მე“ ან „ჯერ ჩემი ოჯახი“; და ფაქტია, რომ ბევრისთვის ის გონივრული, მიმზიდველი და სწორიც კია. ასეთი აზროვნება ეწინააღმდეგება ბიბლიის თვალსაზრისს, რომ ოჯახიც და ცალკეული ადამიანიც მაშინ გრძნობს ნამდვილ ბედნიერებას, როცა ყველაზე მაღლა იეჰოვას აყენებს (მათ. 22:36—39). ის ზღაპრებიც კი, რომლებიც ერთი შეხედვით უწყინარი ჩანს, შეიძლება ფარულად აჩვევდეს ბავშვს იმ აზრს, რომ უზნეობაში ცუდი არაფერია.
19 მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯანსაღ გართობაზეც უნდა ვთქვათ უარი. თუმცა კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით: შემიძლია ამოვიცნო ქვეყნიური აზროვნება მაშინაც კი, როცა ეს აშკარად არ ჩანს? ვუდგენ საკუთარ თავს ან ჩემს შვილებს საზღვრებს, როცა საქმე ტელეგადაცემებსა თუ საკითხავ მასალას ეხება? ვცდილობ, ჩემს შვილებს დავანახვო იეჰოვას თვალსაზრისი, რათა არ მოექცნენ იმის გავლენაში, რასაც ქვეყნიერებაში ისმენენ ან ხედავენ? როცა კარგად ვხედავთ განსხვავებას ქვეყნიურ აზროვნებასა და ღვთის აზროვნებას შორის, არ დავუშვებთ, რომ „ქვეყნიერების ყაიდაზე“ ვიცხოვროთ.
ვინ აყალიბებს თქვენს აზროვნებას
20. რაზეა დამოკიდებული, ღვთიური აზროვნება გვექნება თუ ქვეყნიური?
20 გახსოვდეთ, რომ არსებობს ინფორმაციის ორი ძირითადი წყარო — იეჰოვა და ეს ქვეყნიერება, რომლის მიღმაც სატანა დგას. რომელ მათგანს ვაძლევთ ჩვენი აზროვნების ჩამოყალიბების საშუალებას? პასუხი მარტივია: მას, ვისგანაც ინფორმაციას ვიღებთ. თუ ქვეყნიერების იდეებით ვივსებთ გონებას, ქვეყნიერება ჩამოგვიყალიბებს აზროვნებას, რომელიც ხორციელი ფიქრებისა და საქციელისკენ გვიბიძგებს. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, როცა ვწყვეტთ, რას ვუყუროთ, რა წავიკითხოთ, რას მოვუსმინოთ ან რაზე ვიფიქროთ.
21. რომელ მნიშვნელოვან საკითხზე ვიმსჯელებთ მომდევნო სტატიაში?
21 როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იეჰოვას აზროვნების განსავითარებლად ბევრად მეტია საჭირო, ვიდრე მხოლოდ გონების გამხრწნელი გავლენისგან დაცვა. ჩვენ ღრმად უნდა ვიფიქროთ ღვთის აზრებზე, რათა შევისისხლხორცოთ ის. მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ, თუ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება.
a როგორც წესი, დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანებიც ექცევიან სხვების გავლენაში. მაგალითად, ისეთ ღრმა საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა სიცოცხლის წარმოშობა, ან ისეთ მარტივ საკითხში, როგორიცაა ჩაცმულობა, გარკვეულწილად ვექცევით სხვების გავლენაში. თუმცა მაინც ჩვენ ვწყვეტთ, ვის მივცემთ ჩვენზე გავლენის მოხდენის უფლებას.