ახლაა ხსნის დღე!
„აჰა, ახლაა მოწყალების ჟამი, აჰა, ახლაა ხსნის დღე“ (2 კორინთელთა 6:2).
1. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ღვთისა და იესოს წინაშე მათ მოსაწონად წარვდგეთ?
იეჰოვას დანიშნული აქვს კაცობრიობის განკითხვის დღე (საქმეები 17:31). ეს დღე ჩვენთვის ხსნის დღე რომ იყოს, საჭიროა იეჰოვასა და მის მიერ დანიშნული მოსამართლის, იესო ქრისტეს, წინაშე მათ მოსაწონად წარვდგეთ (იოანე 5:22). ამისათვის აუცილებელია, ღვთის სიტყვის შესაბამისად და რწმენით ვიმოქმედოთ, რაც აღგვძრავს, დახმარება გავუწიოთ სხვებს და იესოს ჭეშმარიტ მოწაფეებად ვაქციოთ ისინი.
2. რატომ არის წუთისოფელი ღვთისგან გაუცხოებული?
2 მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის გამო წუთისოფელი ღვთისგან გაუცხოებულია (რომაელთა 5:12; ეფესელთა 4:17, 18). ამიტომ მათ, ვისაც ვუქადაგებთ, ხსნის მიღება მხოლოდ ღმერთთან შერიგებით შეუძლიათ. მოციქულმა პავლემ ეს ცხადი გახადა კორინთელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში. მოდი გამოვიკვლიოთ 2 კორინთელთა 5:10—6:10, რათა ვნახოთ, თუ რა თქვა პავლემ განკითხვის, ღმერთთან შერიგებისა და ხსნის შესახებ.
„ადამიანებს შთავაგონებთ“
3. როგორ ‘შთააგონებდა ადამიანებს’ პავლე და რატომ უნდა მოვიქცეთ დღეს ჩვენც ასევე?
3 პავლე განკითხვას ქადაგებასთან აკავშირებდა: „ჩვენ ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თითოეულმა მიიღოს იმის მიხედვით, რასაც სხეულის სიცოცხლის დროს აკეთებდა — კეთილს თუ ბოროტს. და რაკი უფლის შიში ვიცით, ადამიანებს შთავაგონებთ“ (2 კორინთელთა 5:10, 11). მოციქული კეთილი ცნობის ქადაგებით ‘შთააგონებდა ადამიანებს’. რა შეიძლება ითქვას ჩვენ შესახებ? რადგან ამ ბოროტი სისტემის აღსასრული ახლოვდება, ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ დავეხმაროთ სხვებს, გადადგან საჭირო ნაბიჯი, რათა იესოსგან შემწყნარებლური განაჩენი და ხსნის წყაროსგან, იეჰოვა ღმერთისგან, მოწონება დაიმსახურონ.
4, 5. ა) რატომ არ უნდა ვიკვეხნოთ იეჰოვასადმი მსახურებაში მიღწეული წარმატებებით? ბ) როგორ იკვეხნიდა პავლე ‘ღვთისთვის’?
4 მაგრამ, თუ ჩვენი მსახურება ღმერთმა აკურთხა, ამით არ უნდა ვიტრაბახოთ. კორინთში ზოგი საკუთარი თავით და ზოგიც სხვებით ამაყობდა, რამაც კრებაში დაყოფა გამოიწვია (1 კორინთელთა 1:10–13; 3:3, 4). ამაზე მიუთითებდა პავლე, როცა წერდა: „ხელახლა კი არ წარმოგიდგენთ ჩვენს თავს, არამედ საბაბს გაძლევთ იკვეხოთ ჩვენით, რომ სათქმელი გექნეთ მათთვის, ვინც სახით იკვეხნის და არა გულით. ვინაიდან თუ უაზრონი ვართ — ღვთისათვის, ხოლო თუ აზრიანები — თქვენთვის“ (2 კორინთელთა 5:12, 13). ამპარტავნებს სულაც არ აინტერესებდათ კრების ერთიანობა და სულიერი კეთილდღეობა. თანამორწმუნეებისთვის ღვთის წინაშე კარგი გულის განვითარებაში დახმარების აღმოჩენის ნაცვლად, მათ სურდათ, თავიანთი მოჩვენებითი სიკარგით ეკვეხნათ. ამიტომ პავლე შენიშვნას აძლევს კრებას და ამატებს: „ვინც იკვეხის, უფლით დაიკვეხოს“ (2 კორინთელთა 10:17).
5 „განა თვითონ პავლე არ იკვეხნიდა?“ — შეიძლება ფიქრობს ზოგი და მხედველობაში აქვს მისი ნათქვამი, სადაც ერთხელ აღნიშნა, რომ მოციქული იყო. მაგრამ ამ შემთხვევაში ის ‘ღვთისთვის’ იკვეხნიდა. ის მოციქულობით იმიტომ იკვეხნიდა, რომ კორინთელებს იეჰოვა არ მიეტოვებინათ. პავლეს მიზანი იყო, რომ კორინთელები კვლავ ღვთის გზაზე დაეყენებინა, რადგან ცრუ მოციქულებმა ისინი არასწორი მიმართულებით წაიყვანეს (2 კორინთელთა 11:16–21; 12:11, 12, 19–21; 13:10). უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პავლე გამუდმებით არ ცდილობდა თავისი მიღწევებით ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენას (იგავნი 21:4).
ხართ ქრისტეს სიყვარულით მოცულნი?
6. როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენზე ქრისტეს სიყვარულმა?
6 როგორც ნამდვილი მოციქული, პავლე სხვებს ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის შესახებ ასწავლიდა. ამ მსხვერპლმა პავლეს ცხოვრებაზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ დაწერა: „ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი, როცა ასე ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასთვის, ყველანი დაიხოცნენ. ქრისტე კი ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა“ (2 კორინთელთა 5:14, 15). რამხელა სიყვარული გამოავლინა იესომ იმით, რომ ჩვენთვის სიცოცხლე გაიღო! ნამდვილად, ამ სიყვარულმა მთელი ჩვენი ცხოვრება უნდა მოიცვას. ქრისტეს მიერ ჩვენთვის გაღებული სიცოცხლისთვის მადლიერებამ უნდა აღგვძრას, მთელი ენთუზიაზმით ვამცნოთ სხვებს კეთილი ცნობა ხსნის შესახებ, რომელიც იეჰოვა ღმერთმა თავისი საყვარელი ძის მეშვეობით მოგვიმზადა (იოანე 3:16; შეადარეთ ფსალმუნი 95:2). ხართ „ქრისტეს სიყვარულით“ მოცული და მთელი ენთუზიაზმით იღებთ მონაწილეობას სამეფოს შესახებ ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებაში? (მათე 28:19, 20).
7. რას ნიშნავს „ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად“?
7 ცხებულები ისეთ ცხოვრებას ეწევიან, რომელიც ქრისტეს მიერ მათ სასარგებლოდ გაკეთებული საქმისადმი მადლიერების გამომხატველია, და ‘თავიანთთვის კი აღარ ცოცხლობენ, არამედ მისთვის [ქრისტესთვის]’. „ამიტომ, — ამბობს პავლე, — ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად. თუ ხორციელად ვიცნობდით კიდეც ქრისტეს, ახლა აღარ ვიცნობთ“ (2 კორინთელთა 5:16). ქრისტიანები ადამიანებს ხორციელი თვალსაზრისით არ უნდა უყურებდნენ, მაგალითად, არ უნდა აყენებდნენ იუდეველებს წარმართებზე ან მდიდრებს ღარიბებზე მაღლა. ცხებულები ‘აღარავის იცნობენ ხორციელად’, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია თანამორწმუნეებთან სულიერი ურთიერთობა. ისინი, რომლებიც ‘ხორციელად იცნობდნენ ქრისტეს’, მხოლოდ ის ადამიანები არ არიან, რომლებმაც ქრისტე დედამიწაზე ცხოვრებისას იხილეს. თუ მესიის მთელი გულით მომლოდინეებიც კი ერთ დროს მასში მხოლოდ ხორციელ ქრისტეს ხედავდნენ, მოგვიანებით მათ შეიცვალეს თავიანთი თვალსაზრისი. მან თავისი სხეული გამოსასყიდად გაიღო და მკვდრეთით აღდგა მაცოცხლებელ სულად. სხვები ისე დატოვებდნენ ხორციელ სხეულებს და ისე ამაღლდებოდნენ ზეცად, რომ იესო ქრისტეს ხორციელად საერთოდ ვერ იხილავდნენ (1 კორინთელთა 15:45, 50; 2 კორინთელთა 5:1–5).
8. როგორ არის შესაძლებელი ‘ქრისტეში’ გაერთიანება?
8 პავლე ცხებულ ქრისტიანებთან დაკავშირებით განაგრძობს: „ვინც ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა. ძველმა განვლო და ახლა ყოველივე ახალია“ (2 კორინთელთა 5:17). ‘ქრისტეში’ ყოფნა მასთან ერთიანობას ნიშნავს (იოანე 17:21). ეს ურთიერთობა ვინმესთვის მაშინ დაიწყო, როდესაც იეჰოვამ ის თავის ძესთან მიიზიდა და სულიწმიდით შობა. როგორც ღვთის სულით ცხებული ძე, ეს ადამიანი ‘ახალი ქმნილება’ ხდება, რომელსაც ზეციერ სამეფოში ქრისტეს მოზიარეობის პერსპექტივა აქვს (იოანე 3:3–8; 6:44; გალატელთა 4:6, 7). ასეთ ცხებულ ქრისტიანებს მსახურების დიდი უპირატესობა ეძლევათ.
„შეურიგდით ღმერთს“
9. რა გააკეთა ღმერთმა იმისათვის, რომ მასთან შერიგება შესაძლებელი ყოფილიყო?
9 რა კეთილგანწყობილება გამოავლინა იეჰოვამ ‘ახალი ქმნილებისადმი’? პავლე ამბობს: „ყოველივე ღვთისაგან არის, რომელმაც შეგვირიგა იესო ქრისტეს მეშვეობით და მოგვცა შერიგების მსახურება. იმიტომ, რომ ღმერთმა ქრისტეში შეირიგა წუთისოფელი და არ ჩაუთვალა მათ მათი დანაშაულებანი და გვიბოძა შერიგების სიტყვა“ (2 კორინთელთა 5:18, 19). ადამის შეცოდების შემდეგ კაცობრიობა ღვთისგან გაუცხოებული გახდა. მაგრამ იეჰოვამ სიყვარულით საკუთარ თავზე აიღო ინიციატივა და იესოს მსხვერპლის საშუალებით შერიგებისკენ გზა გახსნა (რომაელთა 5:6–12).
10. ვის დაავალა იეჰოვამ შერიგების საქმე და რას აკეთებენ ისინი ამ მიზნით?
10 იეჰოვამ ცხებულებს მიანდო შერიგების საქმე, ამიტომ პავლეს შეეძლო ეთქვა: „ამგვარად, ჩვენ ქრისტესმიერი ელჩები ვართ. და ვითომც თავად ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს“ (2 კორინთელთა 5:20). ძველ დროს ელჩები ძირითადად საომარი სიტუაციების დროს გამოიყენებოდნენ, რათა გაეგოთ, შეიძლებოდა თუ არა ზავის დადება (ლუკა 14:31, 32). რადგან ცოდვილი წუთისოფელი ღვთისგან გაუცხოებულია, ღმერთმა თავისი ელჩები გაუგზავნა ადამიანებს, რათა ამცნონ მათ, თუ რა მოთხოვნებს უყენებს ის შესარიგებლად. როგორც ქრისტეს შემცვლელები, ცხებულები თხოვნით მიმართავენ ყველას: „შეურიგდით ღმერთს“. ეს მუდარა გულმოწყალებიდან გამომდინარე მოწოდებაა, რომ ხალხმა ღმერთთან მშვიდობა ეძიოს და მიაღწიოს ხსნას, რომელიც ქრისტეს მეშვეობითაა შესაძლებელი.
11. საბოლოოდ, გამომსყიდველური მსხვერპლის საშუალებით ვინ მიაღწევს ღვთის წინაშე მართალ მდგომარეობამდე?
11 ყველას, ვინც გამოსყიდვისადმი რწმენას გამოავლენს, შეუძლია ღმერთთან შერიგება (იოანე 3:36). პავლე ამბობს: „ვინც ცოდვა არ იცოდა, ის [იესო] გახადა [იეჰოვამ] ცოდვად ჩვენს გამო, რათა მასში გავხდეთ ღვთის სამართლიანობა“ (2 კორინთელთა 5:21). სრულყოფილი მამაკაცი იესო იყო ადამის ყველა შთამომავლის ცოდვის მსხვერპლი, რომელმაც ისინი მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისგან გაათავისუფლა. ადამიანები იესოს მეშვეობით ‘ღვთის სიმართლე’ ხდებიან. ამ სამართლიანთა ანუ ღვთის წინაშე მართლად მყოფთა შორის პირველი ქრისტეს 144 000 თანამემკვიდრეა. ათასწლიანი მმართველობის განმავლობაში მარადიული მამის, იესო ქრისტეს, მიწიერი შვილებიც მიაღწევენ მართლად ყოფნასა და სრულყოფილებას. იესო მათ სრულყოფილებამდე, მართალ მდგომარეობამდე, მიიყვანს, ისე რომ, ისინი შეძლებენ ღვთისადმი ერთგულების დამტკიცებასა და მარადიული სიცოცხლის მიღებას (ესაია 9:5; გამოცხადება 14:1, აფ; 20:4–6, 11–15, აფ).
„მოწყალების ჟამი“
12. რა მნიშვნელოვან მსახურებას ეწევიან იეჰოვას ელჩები და დესპანები?
12 ხსნის მისაღებად პავლეს სიტყვების თანახმად უნდა ვიმოქმედოთ: «როგორც [იეჰოვას] თანამშრომელნი, შეგაგონებთ, რომ ფუჭად არ მიიღოთ ღვთის მადლი. ვინაიდან ის ამბობს: „მოწყალების ჟამს შეგიწყნარე და ხსნის დღეს შეგეწიე.“ აჰა, ახლაა მოწყალების ჟამი, აჰა, ახლაა ხსნის დღე» (2 კორინთელთა 6:1, 2). იეჰოვას ცხებული ელჩები და დესპანები, ‘სხვა ცხვრები’, ფუჭად არ იღებენ თავიანთი ზეციერი მამის მადლს (იოანე 10:16). წესიერი საქციელითა და „მოწყალების ჟამს“ თავდადებული მსახურებით ისინი ღვთის კეთილგანწყობილებას ეძიებენ და დედამიწის ბინადართ ამცნობენ, რომ ახლაა „ხსნის დღე“.
13. რა არის ესაიას 49:8-ის არსი და როგორ შესრულდა ის პირველად?
13 პავლე ციტირებს ესაიას 49:8-დან, სადაც ნათქვამია: „ასე ამბობს უფალი: მოწყალების ჟამს შეგიწყნარე და ხსნის დღეს შეგეწიე, დაგიცავ და გაგხდი აღთქმად ხალხისათვის ქვეყნის აღსადგენად, უკაცრიელ სამკვიდროთა დასანაწილებლად“. ეს წინასწარმეტყველება პირველად მაშინ შესრულდა, როდესაც ისრაელები ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ და თავიანთ გაუკაცრიელებულ სამშობლოში დაბრუნდნენ (ესაია 49:3, 9).
14. როგორ შესრულდა იესოსთან დაკავშირებით ესაიას 49:8?
14 ესაიას წინასწარმეტყველების შემდგომი შესრულებისას იეჰოვა თავის ‘მორჩილ’ იესოს ‘ხალხისთვის აღთქმად ხდის, რომ მისმა [ღვთის] ხსნამ ქვეყნის კიდემდე მიაღწიოს’ (ესაია 49:6, 8; შეადარეთ ესაია 42:1–4, 6, 7; მათე 12:18–21). ‘მოწყალების ჟამი’ აშკარად მიუთითებდა იესოს დედამიწაზე ყოფნის პერიოდზე. იესო ლოცულობდა და ღვთის მიერ ‘შეწყნარებულ იქნა’. მისთვის ეს იყო ‘ხსნის დღე’, რადგან სრულყოფილად შეინარჩუნა უმწიკვლოება და, ამგვარად, „მარადიული ხსნის მიზეზი შეიქმნა ყველა მისი მორჩილისათვის“ (ებრაელთა 5:7, 9; იოანე 12:27, 28).
15. როდიდან ცდილობდა სულიერი ისრაელი, დაემტკიცებინა, რომ ღვთის მადლს იმსახურებდა, და რა მიზნით?
15 პავლე ესაიას 49:8-ს ცხებულ ქრისტიანებთან დაკავშირებით იყენებს და სთხოვს მათ, ‘ფუჭად არ მიიღონ ღვთის მადლი’, მხედველობიდან არ გამორჩეთ ‘მოწყალების ჟამისა’ და ‘ხსნის დღის’ განმავლობაში ღვთის წყალობის ძიება. პავლე ამატებს: „აჰა, ახლაა მოწყალების ჟამი, აჰა, ახლაა ხსნის დღე“ (2 კორინთელთა 6:2). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან სულიერი ისრაელი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ღვთის მადლს იმსახურებდა, რათა მათთვის „მოწყალების ჟამი“ „ხსნის დღე“ ყოფილიყო.
‘წარმოვდგეთ როგორც ღვთის მსახურნი’
16. რა მძიმე მდგომარეობებში წარადგინა პავლემ საკუთარი თავი ღვთის მსახურად?
16 კორინთის კრებაში მყოფთაგან ზოგი არ აღმოჩნდა ღვთის მადლის ღირსი. ისინი ცილს სწამებდნენ პავლეს და ცდილობდნენ, შეელახათ მისი, როგორც მოციქულის, ავტორიტეტი, თუმცა ეს უკანასკნელი ‘არაფერში იძლეოდა დაბრკოლების საბაბს’. „დიდ მოთმინებაში, მწუხარებაში, გაჭირვებაში, შევიწროებაში, ცემაში, საპყრობილეებში, შფოთში, უძილობაში, მარხვაში“ მან აშკარად ღვთის მსახურად წარმოადგინა თავი (2 კორინთელთა 6:3–5). პავლე განაგრძობდა, რომ, თუ მისი მოწინააღმდეგეები მსახურებად იწოდებოდნენ, ის „უფრო მეტად“, რადგან უფრო მეტად იყო საპყრობილეში, უფრო ბევრჯერ სცემეს, მეტი განსაცდელი და გაჭირვება გადაიტანა (2 კორინთელთა 11:23–27).
17. ა) რომელი თვისებების გამოვლენით წარვადგენდით საკუთარ თავს ღვთის მსახურებად? ბ) რა არის ‘სიმართლის იარაღი’?
17 პავლესა და მისი ამხანაგების მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია საკუთარი თავი ღვთის მსახურებად წარვადგინოთ. როგორ? — ‘სიწმიდით’, ანუ უმწიკვლოებით, და ბიბლიის ზუსტი შემეცნების შესაბამისად მოქმედებით. საკუთარი თავის წარდგენა შეგვიძლია ‘მოთმინებით’ (სსგ) — ცუდი მდგომარეობების ან პროვოცირების ატანით — და ‘სახიერებით’ — სხვებისთვის კეთილი საქმეების კეთებით. გარდა ამისა, ღვთის მსახურებად საკუთარი თავის წარდგენა ღვთის სულიწმიდის ხელმძღვანელობის მიყოლით, ‘უანგარო სიყვარულით’, ჭეშმარიტების ლაპარაკითა და მსახურების შესასრულებლად საჭირო ძალების მისგან მიღებაზე დანდობით შეიძლება. საინტერესოა, რომ პავლემაც თავისი, როგორც მსახურის, მდგომარეობა ‘მარჯვენასა და მარცხენაში სიმართლის იარაღით’ დაამტკიცა. ძველ დროს ომებში, ჩვეულებრივ, მარჯვენა ხელში ხმალი ეპყრათ, ხოლო მარცხენაში — ფარი. ცრუ მოძღვრების წინააღმდეგ სულიერ ომში პავლე არ იყენებდა ცოდვილი ხორცის იარაღებს: სიბილწეს, თაღლითობასა და სიცრუეს (2 კორინთელთა 6:6, 7; 11:12–14; იგავნი 3:32). ის იყენებდა სიმართლის ‘იარაღს’, ანუ საშუალებებს, რათა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის შეეწყო ხელი. ასევე უნდა მოვიქცეთ ჩვენც.
18. თუ ღვთის მსახურები ვართ, როგორ ვინუგეშებთ თავს?
18 თუ ღვთის მსახურები ვართ, შეგვიძლია საკუთარი თავი ვინუგეშოთ, როგორც ამას პავლე და მისი თანამშრომლები აკეთებდნენ. პატივს გვცემენ თუ გვამცირებენ, მაინც ყოველთვის ქრისტიანულად მოვიქცევით. ჩვენზე ცუდი ხმების გავრცელება ვერ შეაჩერებს ჩვენს სამქადაგებლო საქმიანობას და არც სხვების მხრიდან კარგი გამოხმაურება გაგვაამაყებს. ყოველთვის ჭეშმარიტებას ვილაპარაკებთ და ღვთისმოსაწონი საქმეების გამო შეიძლება აღიარებაც მოვიპოვოთ. როდესაც მტრები თავს დაგვესხმიან და სასტიკად მოგვექცევიან, იეჰოვაზე ვიქნებით მინდობილი. დასჯას კი დიდი მადლიერებით მივიღებთ (2 კორინთელთა 6:8, 9).
19. როგორ არის შესაძლებელი სულიერად ‘მრავლის გამდიდრება’?
19 შერიგებასთან დაკავშირებული მსახურების შესახებ საუბრის დასასრულს პავლე საკუთარ თავსა და თავის ამხანაგებზე ლაპარაკობს, როგორც ‘ვითომც მწუხარეებზე, მაგრამ მუდამ მოხარულებზე; ვითომც ღატაკებზე, მაგრამ მრავალთა გამამდიდრებლებზე, როგორც არასმქონეებზე, მაგრამ ყველაფრის მფლობელებზე’ (2 კორინთელთა 6:10). მიუხედავად იმისა, რომ ამ მსახურებს თავიანთი უბედურებების გამო ჰქონდათ დამწუხრების მიზეზი, ისინი შინაგანად სიხარულით იყვნენ აღსავსენი. ისინი ღარიბები იყვნენ, მაგრამ სულიერად ‘მრავალი გაამდიდრეს’. ფაქტობრივად, ისინი ‘ყველაფერს ფლობდნენ’, ვინაიდან რწმენამ ისინი სულიერად გაამდიდრა და ღვთის ზეციერ ძეებად გახდომის პერსპექტივაც კი მისცა. და, როგორც ქრისტიანი მსახურები, ისინი მდიდრები და ბედნიერები იყვნენ (საქმეები 20:35). მათ მსგავსად, ახლა, ხსნის ამ დღეებში, შერიგებასთან დაკავშირებულ მსახურებაში მონაწილეობით ჩვენც შეგვიძლია ‘მრავალი გავამდიდროთ’!
გჯეროდეთ, რომ იეჰოვა გვიხსნის
20. ა) რა იყო პავლეს დიდი სურვილი და რატომ არ იყო დაყოვნების ჟამი? ბ) რა არის დამახასიათებელი ხსნის დღისთვის, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ?
20 მხოლოდ 15 წელი იყო იუდეველთა სისტემის აღსასრულამდე დარჩენილი, როდესაც პავლე ახ. წ. 55 წელს კორინთელებს თავის მეორე წერილს სწერდა. მოციქულს მთელი გულით სურდა, რომ იუდეველები და წარმართები ქრისტეს მეშვეობით ღმერთს შერიგებოდნენ, რადგან იდგა ხსნის დღე და არ იყო დაყოვნების ჟამი. ჩვენ კი 1914 წლიდან ამ სისტემის აღსასრულის დროს ვცხოვრობთ. სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობის ფართო მასშტაბით მიმდინარეობა გვიჩვენებს, რომ ახლაა ხსნის დღე.
21. ა) რომელი მუხლია არჩეული 1999 წლის წლიურ მუხლად? ბ) რა უნდა გავაკეთოთ ამ ხსნის დღეს?
21 ყველა ხალხმა უნდა მოისმინოს ცნობა, რომ ღმერთი იესო ქრისტეს მეშვეობით გვიხსნის. ახლა არ არის დაყოვნების ჟამი. პავლე წერდა: „აჰა, ახლაა ხსნის დღე“. 2 კორინთელთა 6:2-ში ჩაწერილი ეს სიტყვები იეჰოვას მოწმეთა 1999 წლის წლიური მუხლი იქნება. რა მართებულია ამ მუხლის არჩევა, რადგან ახლა ჩვენ ვდგავართ ბევრად უარესი განადგურების პირისპირ, ვიდრე იერუსალიმისა და მისი ტაძრის განადგურება იყო! ცოტაც და მთელი ეს სისტემა მოისპობა, რაც დედამიწის ყველა მკვიდრს შეეხება. ახლაა მოქმედების დრო და არა ხვალ. თუ გვწამს, რომ ხსნა იეჰოვასგანაა, გვიყვარს ის და ვაფასებთ მარადიულ სიცოცხლეს, მაშინ ფუჭად არ მივიღებთ ღვთის მადლს. იეჰოვას განდიდების გულწრფელი სურვილით აღძრულები, საქმითა და სიტყვით დავამტკიცებთ, რომ ნამდვილად გვესმის შემდეგი სიტყვების მნიშვნელობა: „აჰა, ახლაა ხსნის დღე“.
როგორ უპასუხებდით?
◻ რატომ არის ღმერთთან შერიგება ძალიან მნიშვნელოვანი?
◻ ვინ არიან ელჩები და დესპანები, რომლებიც შერიგების საქმიანობას ეწევიან?
◻ როგორ შეგვიძლია საკუთარი თავი ღვთის მსახურად წარვადგინოთ?
◻ რას ნიშნავს იეჰოვას მოწმეთა 1999 წლის წლიური მუხლი თქვენთვის?
[სურათები 17 გვერდზე]
ქადაგებთ თუ არა გულმოდგინედ პავლეს მსგავსად და ეხმარებით თუ არა სხვებს ღმერთთან შერიგებაში?
შეერთებული შტატები.
საფრანგეთი.
კოტ-დ’ივუარი.
[სურათი 18 გვერდზე]
ხართ თუ არა ხსნის ამ დღეებში იმ მრავალთა შორის, რომლებიც იეჰოვა ღმერთს ურიგდებიან?