თავი მეთექვსმეტე
„იქონიეთ გულითადი სიყვარული ერთმანეთისადმი“
1. ხშირად რა აოცებს მათ, ვინც პირველად ესწრება იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებს?
იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებზე პირველად დასწრებისას ადამიანებს ხშირად იქ გამეფებული სიყვარული აოცებს. ისინი გულთბილი მიღებისა და ურთიერთობის დროს შეიგრძნობენ სიყვარულს. ეს დამახასიათებელი თვისება არც კონგრესებზე მოსულ სტუმრებს რჩებათ შეუმჩნეველი. ერთ-ერთმა რეპორტიორმა ამ ღონისძიების შესახებ დაწერა: „არავინ იმყოფება ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ; არსაიდან ისმის ყურთასმენის წამღები ყვირილი ან კივილი; ხელს არავინ იკვრევინება; არავინ ილანძღება, ბილწსიტყვაობს ან უხამსად ხუმრობს; არავინ იპარავს; ჰაერი არ არის გაჟღენთილი თამბაქოს კვამლით; ვერსად დაინახავთ გაზონებზე დაგდებულ ნაგავს. მართლაც რომ, უჩვეულოა!“. ყოველივე ამით ისეთი სიყვარული ვლინდება, რომელიც „არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს“ (1 კორინთელთა 13:4—8).
2. ა) რაც დრო გადის, რა უნდა იყოს ცხადი ჩვენში, როცა საქმე სიყვარულის გამოვლენას ეხება? ბ) ქრისტეს რომ მივბაძოთ, რა სახის სიყვარული უნდა განვავითაროთ?
2 ძმური სიყვარული ჭეშმარიტი ქრისტიანების განმასხვავებელი ნიშანია (იოანე 13:35). რადგან სულიერად ვიზრდებით, უფრო ძლიერი სიყვარულის გამოვლენას ვსწავლობთ. პავლე მოციქული ლოცულობდა, რომ ‘უფრო და უფრო გაზრდილიყო’ თანაქრისტიანების სიყვარული (ფილიპელთა 1:9). იოანე მოციქულმა კი თავგანწირული სიყვარულის გამოვლენის აუცილებლობა დაგვანახვა: „ამით შევიცანით სიყვარული, რომ მან [ღვთის ძემ] საკუთარი სული გაწირა ჩვენთვის, და ჩვენც უნდა გავწიროთ სულები ძმათათვის“ (1 იოანე 3:16; იოანე 15:12, 13). სინამდვილეში გავწირავდით საკუთარ სიცოცხლეს ძმებისთვის? თუმცა ხშირ შემთხვევაში ამის გაკეთება საჭირო არ არის, რამდენად ვცდილობთ ამჟამად, შეძლებისდაგვარად ყველაფერი გავაკეთოთ ძმების დასახმარებლად მაშინაც კი, თუ ეს ჩვენთვის მოუხერხებელი იქნება?
3. ა) როგორ შეგვიძლია უფრო ძლიერი სიყვარულის გამოვლენა? ბ) რატომ არის ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანი ერთმანეთის მიმართ გულითადი სიყვარულის გამოვლენა?
3 თავგანწირულ საქმეებთან ერთად ნამდვილად თბილი გრძნობებით უნდა ვიყოთ ძმების მიმართ გამსჭვალული. ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, აღვივსოთ „ძმათმოყვარეობაში — ერთმანეთისადმი გულთბილი სიყვარულით“ (რომაელთა 12:10). ჩვენ ყველას გვაქვს თბილი გრძნობები ზოგის მიმართ, მაგრამ შეგვიძლია ასეთი სიყვარულის გამოვლენა სხვების მიმართაც ვისწავლოთ? რადგან ამ ძველი სისტემის აღსასრული ახლოვდება, ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ თანაქრისტიანებს. ბიბლიაში ნათქვამია: „ყველაფრის აღსასრული მოახლოებულია... უპირველეს ყოვლისა კი, იქონიეთ გულითადი სიყვარული ერთმანეთისადმი, რადგან ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს“ (1 პეტრე 4:7, 8).
როდესაც უთანხმოებები წამოიჭრება
4. ა) რატომ შეიძლება, რომ კრების წევრებს შორის უთანხმოება წამოიჭრას? ბ) რა შედეგის მომტანია ბიბლიური რჩევის გათვალისწინება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბუნებით არ ვიყოთ მიდრეკილი მის მისაღებად?
4 რასაკვირველია, სანამ არასრულყოფილები ვართ, დროდადრო შესაძლოა ჩვენი საქციელით სხვები გავანაწყენოთ. ძმებმაც შეიძლება სხვადასხვაგვარად შესცოდონ ჩვენ წინააღმდეგ (1 იოანე 1:8). რის გაკეთება გმართებს, თუ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდები? საღვთო წერილი საჭირო ხელმძღვანელობით უზრუნველგვყოფს, მაგრამ ჩვენ, როგორც არასრულყოფილები, შეიძლება არ ვიყოთ ბუნებით მიდრეკილი, ბიბლიის რჩევის თანახმად მოვიქცეთ (რომაელთა 7:21—23). მიუხედავად ამისა, თუ მთელი გულით ვეცდებით ბიბლიური რჩევის გამოყენებას, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ გულწრფელად გვსურს იეჰოვასთვის სიამოვნების მინიჭება. ასეთი მოქმედებით სხვებისადმი სიყვარულიც გაგვიძლიერდება.
5. რატომ არ უნდა მივაგოთ სამაგიერო მწყენინებელს?
5 ზოგჯერ განაწყენებული ადამიანები მწყენინებლისთვის სამაგიეროს მიგებას ცდილობენ, მაგრამ ეს უფრო აუარესებს მდგომარეობას. როდესაც ვხედავთ, რომ სამაგიეროს მიზღვაა საჭირო, ეს ღმერთს უნდა მივანდოთ (იგავნი 24:29; რომაელთა 12:17—21). სხვები შესაძლოა თავს არიდებენ მწყენინებელთან ურთიერთობას. მაგრამ ჩვენ ამგვარად არ უნდა მოვექცეთ თანამორწმუნეებს, რადგან, ჩვენი თაყვანისმცემლობა ღვთისთვის მისაღები რომ იყოს, ეს ძმებისადმი ჩვენს სიყვარულზეც არის დამოკიდებული (1 იოანე 4:20). ამიტომ პავლემ დაწერა: „შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს. როგორც ქრისტემ მოგიტევათ, ასევე თქვენც“ (კოლასელთა 3:13). შეგიძლია ამგვარად მოიქცე?
6. ა) რამდენჯერ უნდა ვაპატიოთ ჩვენს ძმებს? ბ) როგორ დაგვეხმარება საკუთარი მდგომარეობის შეფასება, სწორი რეაგირება მოვახდინოთ ჩვენ წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვაზე?
6 რის გაკეთება გვმართებს, თუ ვინმე რამდენჯერმე სცოდავს ჩვენ წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ არის სერიოზული ცოდვა, რის გამოც შეიძლება კრებიდან გაირიცხოს? პეტრე მოციქული ფიქრობდა, რომ ძმისთვის „შვიდჯერ“ უნდა ეპატიებინა ასეთი ნაკლებად სერიოზული ცოდვები, მაგრამ იესომ უთხრა: „მე არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ“. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შესაძლოა რომელიმე ადამიანს ჩვენი ვალი მართებდეს, მაგრამ ის ვერც კი შეედრება იმ უზარმაზარ ვალს, რომელიც თავად ჩვენ გვადევს ღვთის წინაშე (მათე 18:21—35). ჩვენ ყოველდღიურად ბევრ რამეში ვცოდავთ ღვთის წინაშე — მაგალითად, როცა დროდადრო ეგოისტურად ვიქცევით, ქრისტიანისთვის შეუფერებლად ვსაუბრობთ და ვფიქრობთ, ან რაღაცას ისე ვერ ვაკეთებთ — და ვერც კი ვაანალიზებთ, რომ ცოდვას ჩავდივართ (რომაელთა 3:23). მიუხედავად ამისა, ღმერთი გულმოწყალებას ავლენს ჩვენ მიმართ (ფსალმუნი 102:10—14; 129:3, 4). ის ჩვენგანაც მოითხოვს, რომ ერთმანეთის მიმართ გულმოწყალება გამოვავლინოთ (მათე 6:14, 15; ეფესელთა 4:1—3). ასეთი მოქმედებით ისეთ სიყვარულს გამოვავლენთ, რომელიც «არ განიზრახავს ბოროტს [„განაწყენებას არ ითვლის“, აქ]» (1 კორინთელთა 13:4, 5; 1 პეტრე 3:8, 9).
7. რა უნდა გავაკეთოთ, თუ ძმა უარყოფითად არის ჩვენ მიმართ განწყობილი?
7 ზოგჯერ შეიძლება ვიგრძნოთ, რომ პირადად არაფერი გვაქვს ძმასთან სადაო, მაგრამ ის არის ჩვენ მიმართ უარყოფითად განწყობილი. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია 1 პეტრეს 4:8-ში მოცემული რჩევის თანახმად, ‘სიყვარულით გადავფაროთ მისი ცოდვა’; ან ინიციატივა გამოვავლინოთ ამ ძმასთან სალაპარაკოდ და მასთან მშვიდობის აღდგენას შევეცადოთ (მათე 5:23, 24).
8. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, თუ თანამორწმუნის საქციელი გულს გვტკენს?
8 შეიძლება თანამორწმუნე თავისი საქციელით მხოლოდ შენ კი არა, სხვებსაც სტკენდეს გულს. ნუთუ კარგი არ იქნებოდა მასთან ლაპარაკი? შესაძლოა. თუ კეთილგანწყობით აუხსნიდი მას პრობლემის არსს, შეიძლება ამას კარგი შედეგი გამოეღო. მაგრამ თავდაპირველად საკუთარ თავს შეეკითხე: „ნამდვილად არღვევს ის ბიბლიურ პრინციპს? თუ მხოლოდ იმიტომ ვხედავ პრობლემას, რომ წარმოშობითა და აღზრდით განვსხვავდები მისგან?“. იფრთხილე, რომ საკუთარი ნორმები არ დაადგინო და შემდეგ მათ საფუძველზე არ განსაჯო ვინმე (იაკობი 4:11, 12). იეჰოვა მიუკერძოებლად იღებს ყველა წარმოშობის ადამიანს და, თუ ისინი სულიერად იზრდებიან, მოთმინებას ავლენს მათ მიმართ.
9. ა) ვინ იღებს ზომებს კრების რომელიმე წევრის მიერ სერიოზული ცოდვის ჩადენის შემთხვევაში? ბ) რა შემთხვევაში უნდა გადადგას დაზარალებულმა ძმამ პირველმა ნაბიჯი და რა მიზნით?
9 როდესაც კრების რომელიმე წევრი სერიოზულ ცოდვას — მაგალითად, უზნეობას — ჩადის, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიღებული ზომები. ვის მართებს ამის გაკეთება? უხუცესებს (იაკობი 5:14, 15). მაგრამ, თუ ცალკეული ადამიანის წინააღმდეგ ჩაიდინეს ცოდვა, რაც შეიძლება საქმიან ურთიერთობას ან ენის უმართებულოდ გამოყენებას ეხებოდეს, პირველად უშუალოდ დაზარალებული უნდა ელაპარაკოს თავის წინააღმდეგ შემცოდველს (მათე 18:15). თუ ამგვარად არ გადაიჭრება პრობლემა, მათეს 18:16, 17-ის თანახმად, შემდგომი ნაბიჯების გადადგმა მოითხოვება. შემცოდველი ძმისადმი სიყვარული და მისი ‘შეძენის’ ძლიერი სურვილი დაგვეხმარება, ისე მოვიქცეთ, რომ ჩვენმა სიტყვებმა და მოქმედებამ დადებითად იმოქმედოს მასზე (იგავნი 16:23).
10. რა დაგვეხმარება პრობლემის წამოჭრის დროს სწორი თვალსაზრისის განვითარებაში?
10 წამოჭრილ პრობლემასთან, სერიოზულია ის თუ უმნიშვნელო, იმ შემთხვევაში შევძლებთ გამკლავებას, თუ შევეცდებით იეჰოვას თვალით შევხედოთ მას. ღვთისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ცოდვა და თავის დროზე ისინი, ვინც არ ინანიებენ სერიოზულ ცოდვებს, ირიცხებიან მისი ორგანიზაციიდან. მაგრამ, მოდი ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ყველა ჩავდივართ უმნიშვნელო ცოდვებს, რის გამოც ღვთის მოთმინებასა და გულმოწყალებას ვსაჭიროებთ. ასე რომ, იეჰოვა მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის, როცა ვხედავთ, რომ სხვები სცოდავენ. გულმოწყალების გამოვლენის დროს ღვთის სიყვარულს ვირეკლავთ (ეფესელთა 5:1, 2).
ეძებე გაფართოების შესაძლებლობა
11. რატომ მოუწოდებდა პავლე კორინთელებს, რომ ‘გაფართოებულიყვნენ’?
11 პავლემ თვეები მოანდომა საბერძნეთის ქალაქ კორინთში არსებული კრების გაძლიერებას. ის ძალ-ღონეს არ იშურებდა იქ მყოფი ძმების დასახმარებლად, რადგან უყვარდა ისინი. მაგრამ ზოგი მათგანი არ ავლენდა მის მიმართ თბილ გრძნობებს. ისინი ძალიან კრიტიკულად იყვნენ განწყობილი. პავლემ მოუწოდა მათ, რომ ‘გაფართოებულიყვნენ’ სიყვარულში (2 კორინთელთა 6:11—13; 12:15, აფ). ჩვენთვისაც კარგი იქნება, დავფიქრდეთ, რამდენად ვავლენთ სიყვარულს სხვების მიმართ და შესაბამისად ვეძებოთ სიყვარულში გაფართოების შესაძლებლობა (1 იოანე 3:14).
12. როგორ შევძლებთ კრების ყველა წევრის უფრო მეტად შეყვარებას?
12 არიან ჩვენს კრებაში ისეთი ადამიანები, რომლებთანაც გვიჭირს დაახლოება? თუ ყურადღებას არ მივაქცევთ მათთვის დამახასიათებელ ჩვენგან განსხვავებულ ნებისმიერ თვისებას, რასაც ჩვენდამი მოპყრობაშიც ვისურვებდით, ეს მათთან ახლო ურთიერთობის დამყარებაში დაგვეხმარება. უფრო თბილი გრძნობები გაგვიჩნდება, თუ მათში დადებით თვისებებს დავინახავთ და მათზე შევაჩერებთ ყურადღებას. ამის შედეგად, უეჭველად გაგვიძლიერდება მათდამი სიყვარული (ლუკა 6:32, 33, 36).
13. როგორ შეგვიძლია გაფართოება კრების წევრებისადმი სიყვარულში?
13 რასაკვირველია, ყველასთვის ყველაფრის გაკეთებას ვერ შევძლებთ. შეიძლება ყველას ვერ მივესალმოთ კრების ყოველ შეხვედრაზე. ან როდესაც მეგობრებს სავახშმოდ ვეპატიჟებით, ყველა ვერ მოვიწვიოთ კრებიდან. მაგრამ, შეგვიძლია თუ არა სიყვარულში გაფართოების მიზნით რამდენიმე წუთი მაინც გამოვყოთ კრების რომელიმე წევრის უკეთ გასაცნობად? შეგვიძლია ხანდახან ჩვენთან ერთად მსახურება შევთავაზოთ კრების იმ წევრს, რომელსაც კარგად არ ვიცნობთ?
14. როცა უცნობ თანაქრისტიანებს შორის ვიმყოფებით, როგორ ვავლენთ ერთმანეთისადმი გულითად სიყვარულს?
14 ქრისტიანულ კონგრესებზე სიყვარულში გაფართოების შესანიშნავი შესაძლებლობა გვეძლევა. ამ ღონისძიებას ათასობით ადამიანი ესწრება. მართალია ყველასთან გაცნობას ვერ შევძლებთ, მაგრამ შეგვიძლია ჩვენი საქციელით ვაჩვენოთ, რომ მათ ინტერესებს ჩვენზე მაღლა ვაყენებთ. შესვენების დროს შესაძლებლობა გვეძლევა, პირადად გამოვავლინოთ ჩვენ გარშემო მყოფთა მიმართ ინტერესი და საკუთარი ინიციატივით გავიცნოთ ისინი. დადგება დრო, როცა დედამიწაზე ყველა ადამიანი ერთმანეთის და-ძმა იქნება და ჭეშმარიტი ღვთის, ჩვენი ზეციერი მამის, თაყვანისმცემლობაში გაერთიანდება. რა სასიხარულო იქნება იმ დროს ერთმანეთის გაცნობა, რისკენაც ძლიერი სიყვარული გვიბიძგებს! იქნებ ახლავე დაგვეწყო ამის გაკეთება?
გამეორება
• როგორ უნდა მოგვარდეს ქრისტიანებს შორის წამოჭრილი უთანხმოებები და რატომ?
• როგორ უნდა გვიძლიერდებოდეს სულიერ ზრდასთან ერთად სიყვარული?
• როგორ შეგვიძლია, ახლო მეგობრების გარდა, სხვების მიმართაც გამოვავლინოთ გულითადი სიყვარული?
[სურათი 148 გვერდზე]
ქრისტიანული სიყვარული მრავალნაირად ვლინდება. მაგალითად, სიყვარული სუფევს კრების შეხვედრებზე.