განავითარე კეთილგონიერება
„თქვენი თავმდაბლობა [კეთილგონიერება, აქ] ცნობილი იყოს ყოველი ადამიანისათვის. ახლოს არს უფალი“ (ფილიპელთა 4:5).
1. რატომ არის დღესდღეობით ძნელი, რომ იყო კეთილგონიერი?
„კეთილგონიერი ადამიანი“, — ეს ტიტული ინგლისელმა ჟურნალისტმა, სერ ალენ პატრიკ ჰერბეტმა, მიანიჭა მითოლოგიურ პიროვნებას. ნამდვილად, ხანდახან შესაძლოა ისე ჩანდეს, რომ უთანხმოებებით დაყოფილ ქვეყნიერებაში არავინ არის კეთილგონიერი. ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ ამ კრიტიკულ „უკანასკნელ დღეებში“ ადამიანები იქნებოდნენ „სასტიკნი“, „თავხედნი“ და „შეურიგებელნი“ — სხვა სიტყვებით, ყველანაირი იქნებოდნენ და არა — კეთილგონიერები (2 ტიმოთე 3:1–5). მიუხედავად ამისა, ჭეშმარიტი ქრისტიანები დიდად აფასებენ კეთილგონიერებას, რადგან იციან, რომ ღვთიური სიბრძნის ნიშანია (იაკობი 3:17). ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ კეთილგონიერება შეუძლებელია ამ არაკეთილგონივრულ ქვეყნიერებაში. პირიქით, ჩვენ მთელი გულით ვაღიარებთ პავლე მოციქულის მიერ ფილიპელთა 4:5-ში დაწერილ ინსპირირებულ რჩევას: „თქვენი თავმდაბლობა [კეთილგონიერება, აქ] ცნობილი იყოს ყოველი ადამიანისათვის“.
2. როგორ დაგვეხმარება პავლე მოციქულის სიტყვები, რომლებიც ჩაწერილია ფილიპელთა 4:5-ში, რომ მივხვდეთ, ვართ თუ არა კეთილგონიერნი?
2 ყურადღება მიაქციე იმას, თუ როგორ გვეხმარება პავლეს სიტყვები, შევამოწმოთ საკუთარი თავი, ვართ თუ არა კეთილგონიერები. დიდი მნიშვნელობა იმას კი არა აქვს, თუ როგორი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე, არამედ იმას, თუ როგორი წარმოდგენა აქვთ სხვა ადამიანებს ჩვენზე, როგორ პიროვნებად ვართ ცნობილი. ფილიპსის თარგმანში (ინგლ.) ეს მუხლი ნათარგმნია შემდეგი სიტყვებით: „გქონდეთ კეთილგონიერი პიროვნების რეპუტაცია“. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია კითხვა დაუსვას საკუთარ თავს: „როგორ პიროვნებად ვარ ცნობილი? მაქვს თუ არა კეთილგონიერი, დამთმობი და ლმობიერი პიროვნების რეპუტაცია? თუ ისე ვარ ცნობილი, როგორც მკაცრი, უკმეხი ან თავხედი?“
3. ა) რას ნიშნავს ბერძნული სიტყვა, რომელიც გადაითარგმნა „კეთილგონიერებით“ და რატომ არის ეს თვისება მიმზიდველი? ბ) როგორ შეუძლია ქრისტიანს ისწავლოს, რომ იყოს უფრო მეტად კეთილგონიერი?
3 ჩვენი რეპუტაცია ამასთან დაკავშირებით, უბრალოდ, აირეკლავს იმას, თუ როგორ ვბაძავთ იესო ქრისტეს (1 კორინთელთა 11:1). როდესაც იესო დედამიწაზე იყო, მან სრულყოფილად აირეკლა თავისი მამის კეთილგონიერების დიდებული მაგალითი (იოანე 14:9). სინამდვილეში, როდესაც პავლემ დაწერა ‘ქრისტეს სიმშვიდისა და სიკეთის’ შესახებ, მან გამოიყენა ბერძნული სიტყვა (ე·პი·ეი·კიʹას), რომელიც გადმოთარგმნილია „სიკეთით“, და ასევე ნიშნავს: ‘კეთილგონიერებას’ ან ზუსტი მნიშვნელობით ‘დათმობას’ (2 კორინთელთა 10:1). „ბიბლიის კომენტატორის განმარტებები“ (ინგლ.) ამბობს, რომ ეს არის «ერთ-ერთი დიდებული სიტყვა, რომელიც მოცემულია „ახალ აღთქმაში“ პიროვნების თვისების აღწერის მიზნით». ეს სიტყვა ისე მიმზიდველად აღწერს თვისებას, რომ სწავლული ახასიათებს მას, როგორც „სასიამოვნო კეთილგონიერებას“. განვიხილოთ სამი შემთხვევა, სადაც იესომ თავისი მამის, იეჰოვას, მსგავსად გამოამჟღავნა კეთილგონიერება. შესაძლოა, ამგვარად ვისწავლოთ, თუ როგორ გავხდეთ უფრო კეთილგონიერები (1 პეტრე 2:21).
‘მზად არის მიუტევოს’
4. როგორ ცხადყო იესომ, რომ იყო ‘მზად მიტევებისთვის’?
4 თავისი მამის მსგავსად, იესომ გამოამჟღავნა კთილგონიერება იმით, რომ ყოველთვის იყო ‘მზად მიტევებისთვის’ (ფსალმუნი 85:5). განვიხილოთ ის პერიოდი, როდესაც პეტრემ, მისმა ახლო თანამშრომელმა, სამჯერ უარყო იესო იმ ღამეს, როდესაც იესო დააპატიმრეს და გაასამართლეს. ადრე იესომ თქვა: „რომელიც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე“ (მათე 10:33). გამოიყენა თუ არა იესომ ეს პრინციპი პეტრეს მიმართ მკაცრად და უმოწყალოდ? — არა; მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ესტუმრა პეტრეს, უეჭველია, რომ მისი მიზანი იყო დაემშვიდებინა და დაეწყნარებინა ეს მომნანიებელი, გულგატეხილი მოციქული (ლუკა 24:34; 1 კორინთელთა 15:5). ამის შემდეგ, ძალიან მალე, იესომ ნება დართო პეტრეს, რომ დიდი პასუხისმგებლობა ჰქონოდა (საქმე 2:1–41). ეს იყო სასიამოვნო და საუკეთესო კეთილგონიერება! ნუთუ სანუგეშო არ არის იმის შესახებ ფიქრი, რომ იეჰოვამ მთელი კაცობრიობის მოსამართლედ დანიშნა იესო? (ესაია 11:1–4; იოანე 5:22).
5. ა) როგორი რეპუტაციით უნდა სარგებლობდეს უხუცესი სამწყსოში? ბ) რომელი სტატიები უნდა გადაიკითხონ უხუცესებმა, ვიდრე განიხილავენ სამართლებრივ საქმეებს და რატომ?
5 როდესაც უხუცესები მოსამართლის მოვალეობას ასრულებენ კრებაში, ისინი მთელი მონდომებით ცდილობენ, რომ იესოს კეთილგონივრულ მაგალითს მიბაძონ. მათ არ სურთ, ცხვრებს ეშინოდეთ მათი, როგორც დამსჯელების. პირიქით, ისინი ცდილობენ მიბაძონ იესოს და ცხვრებმა ისე იგრძნონ უსაფრთხოება მათთან, როგორც მოსიყვარულე მწყემსებთან. სამართლებრივ საქმეებში, უხუცესები ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ იყვნენ კეთილგონიერები და ამასთანავე მზად იყვნენ მიუტევონ. ვიდრე ასეთ საქმეებს გაუმკლავდებოდეს, ზოგიერთი უხუცესი დამხმარედ მიიჩნევს „საგუშაგო კოშკის“ 1992 წლის 1 ივნისის გამოცემის ჟურნალის (რუს.) სტატიების გადაკითხვას, სათაურით: „იეჰოვა — ‘ქვეყნიერების მიუკერძოებელი მსაჯული’ “ და „უხუცესებო, განსაჯეთ სამართლიანობით“. ამგვარად, მათ ყოველთვის ახსოვთ, თუ როგორ ასამართლებს იეჰოვა: „სადაც აუცილებელია — სიმტკიცე, სადაც შესაძლებელია — წყალობა“. განკითხვის დროს წყალობის გამოვლენა არ არის შეცდომა იმ შემთხვევაში, თუ კეთილგონივრული საფუძველი არსებობს (მათე 12:7). სერიოზული შეცდომაა, რომ იყო ულმობელი და უმოწყალო (ეზეკიელი 34:4). უხუცესები უნდა მოერიდონ შეცდომებს იმით, რომ აქტიურად დაიწყონ ყველაზე მოსიყვარულე, მოწყალე მეთოდის ძებნა, ისე რომ, არ გადასცდნენ სამართლიანობის საზღვრებს (შეადარე მათე 23:23; იაკობი 2:13).
შემგუებლობა ცვალებადი ვითარებების დროს
6. როგორ გამოამჟღავნა იესომ კეთილგონიერება წარმართ ქალთან, რომლის ქალიშვილიც დემონით იყო შეპყრობილი?
6 იეჰოვას მსგავსად, იესოს სწრაფად შეეძლო გამოევლინა შემგუებლობა ახალი სიტუაციებისადმი. ერთხელ, წარმართი ქალი ემუდარებოდა მას, რომ დემონით შეპყრობილი ქალიშვილი განეკურნა. თავდაპირველად, იესომ სამჯერ სხვადასხვანაირად მიანიშნა, რომ არ აპირებდა მის დახმარებას — პირველად, თავი შეიკავა პასუხისაგან; მეორედ, პირდაპირ აღნიშნა, რომ წარმოგზავნილი იყო არა წარმართებისთვის, არამედ იუდევლებისთვის; მესამედ, მოუყვა იგავი, რითაც თავაზიანად უჩვენა იგივე აზრი. ყოველივე ამის მიუხედავად, ქალმა გამოიჩინა შეუპოვრობა და გამოამჟღავნა განსაცვიფრებელი რწმენა. იესომ გაითვალისწინა ეს განსაკუთრებული ვითარება და დაინახა, რომ საერთო წესის მკაცრად დაცვის დრო არ იყო; და მიხვდა — იყო დრო, უმაღლესი პრინციპების თანახმად შემგუებლობა გამოეჩინაa. ამგვარად, იესომ მოიმოქმედა ის, რისი გაკეთებაც არ ისურვა სამჯერ. მან განკურნა წარმართი ქალის ასული! (მათე 15:21–28).
7. როგორ შეუძლიათ მშობლებს გამოავლინონ კეთილგონიერება და რატომ?
7 მსგავსად ვართ თუ არა შემგუებელ პიროვნებად ცნობილი? მშობლებს ხშირად ესაჭიროებათ კეთილგონიერების გამოვლენა. ყოველი ბავშვი თავისებურია და ამიტომ მეთოდი, რომელიც წარმატებულია ერთთან, შესაძლოა მეორესთან წარუმატებელი იყოს. გარდა ამისა, როდესაც ბავშვები იზრდებიან, მათ სხვა მოთხოვნილებები აქვთ. კონტროლი უნდა გავუწიოთ თუ არა იმას, რომ ბავშვი გვიან ღამით არ დაბრუნდეს სახლში? სასარგებლო უნდა იყოს თუ არა ოჯახური შესწავლისთვის გამაცოცხლებელი ორგანიზებულობა? როდესაც მშობელი გადაჭარბებულად რეაგირებს ზოგიერთ უმნიშვნელო შეცდომაზე, არის თუ არა მზად, რომ გამოამჟღავნოს თავმდაბლობა და სამართლიანად მოაგვაროს საკითხი? დამთმობი მშობლები ერიდებიან თავიანთი ბავშვების უადგილო გაღიზიანებასა და იეჰოვასაგან მათ გაუცხოებას (ეფესელთა 6:4).
8. როგორ შეუძლიათ კრების უხუცესებს უხელმძღვანელონ იმას, რომ შეეგუონ ტერიტორიის მოთხოვნილებებს?
8 უხუცესებსაც ესაჭიროებათ გამოავლინონ შემგუებლობა ახალი ვითარების დროს, მაგრამ არასოდეს არ უნდა დათმონ ღმერთის განსაზღვრული კანონები. როდესაც ზედამხედველობას უწევ სამქადაგებლო საქმიანობას, სწრაფად რეაგირებ თუ არა ტერიტორიაზე არსებულ ცვლილებებზე? თუ შენს ირგვლივ ადამიანთა ცხოვრება იცვლება, მაშინ უნდა მოეწყოს საღამოთი დამოწმება, ქუჩაში დამოწმება ან ტელეფონით დამოწმება. მსგავსი შემგუებლობის გამოვლენა გვეხმარება, რომ უფრო ეფექტურად განვახორციელოთ სამქადაგებლო დავალება (მათე 28:19, 20; 1 კორინთელთა 9:26). პავლემ, ასევე, აღნიშნა მსახურების დროს ყველანაირ ადამიანებთან შეგუების მნიშვნელობა. ვაკეთებთ თუ არა ჩვენც იმავეს, მაგალითად, ვიძენთ თუ არა საკმარის ინფორმაციას ადგილობრივი რელიგიებისა და კულტურის შესახებ იმ მიზნით, რომ დავეხმაროთ ადამიანებს? (1 კორინთელთა 9:19–23).
9. რატომ არ უნდა დაიჟინოს უხუცესმა, რომ პრობლემა ყოველთვის გადაწყვიტოს ისე, როგორც წარსულში წყდებოდა?
9 ახლა, როდესაც უკანასკნელი დღეები უფრო კრიტიკული ხდება, მწყემსებს, შესაძლოა, ასევე ესაჭიროებათ შეეგუონ შემაცბუნებელ სირთულეებსა და ზოგიერთი პრობლემით გამოწვეულ უსიამოვნებებს, რომლის წინაშეც დგას სამწყსო (2 ტიმოთე 3:1). უხუცესებო, ახლა არ არის სიმკაცრის დრო! უეჭველია, რომ პრობლემების წინაშე ყოფნისას უხუცესმა არ უნდა აიჩემოს საკუთარი აზრი, რომ გადაწყვიტოს პრობლემა იმ შემთხვევაში, როდესაც მისი მეთოდები, რომელიც წარსულში ჰქონდა, არაეფექტური გახდა ან თუ ცხადია, რომ „ერთგული და გონიერი მონა“ აქვეყნებს ახალ მასალას ამ საკითხებთან დაკავშირებით (მათე 24:45; შეადარე ეკლესიასტე 7:10; 1 კორინთელთა 7:31). ერთ-ერთი ერთგული უხუცესი გულწრფელად ცდილობდა დახმარებოდა დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფ დას, რომელიც კარგ მსმენელს საჭიროებდა. მაგრამ უხუცესმა მისი დეპრესია სერიოზულად არ მიიჩნია და შესთავაზა ძალიან უბრალო გამოსავალი. შემდეგ საგუშაგო კოშკის საზოგადოებამ გამოაქვეყნა ბიბლიაზე დაფუძნებული ზოგიერთი ინფორმაცია, რომელიც სწორედ ამ დის პრობლემას ეხებოდა. უხუცესი კვლავ ესაუბრა მას, ამჯერად გამოიყენა ახალი მასალა და გამოავლინა თანაგრძნობა მისი მდგომარეობის მიმართ (შეადარე 1 თესალონიკელთა 5:14, 15). კეთილგონიერების რაოდენ შესანიშნავი მაგალითია!
10. ა) როგორ უნდა გამოამჟღავნონ უხუცესებმა დამთმობი ხასიათი ერთიმეორის მიმართ და მთლიანად უხუცესთა კორპორაციის მიმართ? ბ) როგორ უნდა მოეპყროს უხუცესთა კორპორაცია არაკეთილგონიერებს?
10 უხუცესებმა, ასევე, აუცილებლად უნდა გამოამჟღავნონ დამთმობი ხასიათი ერთიმეორის მიმართ. როდესაც უხუცესთა კორპორაციას აქვს შეხვედრა, რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ არც ერთმა უხუცესმა არ იბატონოს (ლუკა 9:48). პიროვნება, რომელიც თავმჯდომარეობს შეხვედრას, განსაკუთრებით საჭიროებს თავშეკავებულობას. როდესაც ერთი ან ორი უხუცესი არ ეთანხმება უხუცესთა კორპორაციის საერთო გადაწყვეტილებას, ისინი დაჟინებით არ ცდილობენ გაიტანონ თავიანთი სიტყვა. პირიქით, თუ ბიბლიური პრინციპები არ იბღალება, ისინი უნდა იყვნენ დამთმობნი, უნდა ახსოვდეთ, რომ უხუცესებს მოეთხოვებათ კეთილგონიერება (1 ტიმოთე 3:2, 3, აქ). მეორე მხრივ, უხუცესთა კორპორაციას უნდა ახსოვდეს, რომ პავლემ უსაყვედურა კორინთელთა კრებას, რადგან ‘იწყნარებდნენ [ითმენდნენ] უგუნურებს’, რომლებსაც თავი ‘მაღალ მოციქულებად’ მოჰქონდათ (2 კორინთელთა 11:5, 19, 20). ასე რომ, კორპორაციის წევრები მზად უნდა იყვნენ, რჩევა მისცენ ისეთ უხუცესებს, რომელთა მოქმედებები ხასიათდება სიჯიუტით, არაკეთილგონივრული საქციელით, ხოლო თავად, რჩევის მიცემის დროს, უნდა იყვნენ მშვიდნი და თავაზიანნი (გალატელთა 6:1).
კეთილგონიერება ძალაუფლების გამოყენების დროს
11. რა კონტრასტი არსებობს იესოს თანამედროვე რელიგიური ბელადების მიერ ძალაუფლების გამოყენებასა და თავად იესოს მიერ ძალაუფლების გამოყენებას შორის?
11 როდესაც იესო იყო დედამიწაზე, მისი კეთილგონიერება ჭეშმარიტად ანათებდა იმის მეშვეობით, რომ იყენებდა ღმერთის მიერ ბოძებულ ძალაუფლებას. რაოდენ განსხვავდებოდა იესო თავისი დროის რელიგიური ბელადებისაგან! განვიხილოთ მაგალითი. ღმერთის კანონში ნაბრძანები იყო, რომ შაბათს არ ემუშავათ, არც შეშის შესაგროვებლად წასულიყვნენ (გამოსვლა 20:10; რიცხვნი 15:32–36). რელიგიურ ბელადებს სურდათ კონტროლი გაეწიათ იმისთვის, თუ როგორ იყენებდა ხალხი ამ კანონს. მათ საკუთარი პასუხისმგებლობით თავად გადაწყვიტეს, თუ რისი აწევის ნებას დართავდნენ პიროვნებას შაბათს. მათ დააკანონეს: არავითარი სიმძიმის აწევა, გარდა ორი ლეღვის ჩირის სიმძიმისა. მათ გამოაქვეყნეს აკრძალვები ლურსმნით გამაგრებული სანდლის ტარების შესახებ და ირწმუნებოდნენ, რომ თუ აწევდნენ ზედმეტი წონის ლურსმანს, აწევა მუშაობაში ჩაეთვლებოდათ! ნათქვამია, რომ საერთო ჯამში რაბინებმა დაამატეს 39 წესი ღმერთის კანონს შაბათის შესახებ და შემდეგ გამოიგონეს უსასრულო დამატებები ამ კანონებზე. იესო კი არ ცდილობდა კონტროლი გაეწია ადამიანებისთვის და შეერცხვინა ისინი იმით, რომ ჩამოეთვალა უსასრულო, შემზღუდველი წესები ან დაედგინა მკაცრი, მიუწვდომელი ნორმები (მათე 23:2–4; იოანე 7:47–49).
12. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იესო არ ყოყმანობდა, როდესაც საქმე იეჰოვას სამართლიან ნორმებს ეხებოდა?
12 სწორია თუ არა ვივარაუდოთ, რომ იესო მტკიცედ არ მიჰყვებოდა ღმერთის სამართლიან ნორმებს? რასაკვირველია, იესო ასრულებდა ღმერთის ნებას! ის მიხვდა, რომ კანონები უფრო ეფექტურია, როდესაც ადამიანებს გულთან ახლოს მიაქვთ პრინციპები, რომლებიც ამ კანონების უკან დგას. იმ დროს, როდესაც ფარისევლები დაინტერესებული იყვნენ, რომ უთვალავი წესებით კონტროლი გაეწიათ ხალხისთვის, იესო ცდილობდა მათ გულებამდე მიეღწია. მაგალითად, მან ძალიან კარგად იცოდა, რომ შეუძლებელია კომპრომისი, როდესაც საქმე ეხება ისეთ ღვთიურ კანონს, როგორიცაა: „გაექეცით სიძვას“ (1 კორინთელთა 6:18). ასე რომ, იესო აფრთხილებდა ადამიანებს, არ ჰქონოდათ ისეთი ფიქრები, რომლებიც წინ უძღვის უზნეობას (მათე 5:28). ასეთი სწავლება შეიცავდა გაცილებით მეტ სიბრძნესა და გამჭრიახობას, ვიდრე უბრალოდ მკაცრი, დოგმატური წესების დადგენას.
13. ა) რატომ უნდა მოერიდონ უხუცესები მკაცრი კანონებისა და წესების დადგენას? ბ) რომელია ზოგიერთი სფერო, სადაც მნიშვნელოვანია პატივისცემით მოეპყრო პიროვნების სინდისს?
13 დღეს კეთილგონიერი ძმები მსგავსად არიან დაინტერესებული, რომ მიაღწიონ გულებამდე. ამგვარად, ისინი ერიდებიან დაადგინონ თვითნებური მკაცრი წესები ან თავიანთი პირადი თვალსაზრისი და შეხედულებები დააკანონონ (შეადარე დანიელი 6:8–17). დროდადრო თავაზიანი შეხსენებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჩაცმულობა და გარეგნული იერსახე, შესაძლოა, შესაფერისი და დროული იყოს, მაგრამ შესაძლოა უხუცესი საფრთხეში აგდებს საკუთარი თავის, როგორც კეთილგონიერი ადამიანის რეპუტაციას, თუ გამუდმებით ლაპარაკობს ამის შესახებ ან ცდილობს თავს მოახვიოს თანაქრისტიანებს პირადი გემოვნება. ნამდვილად, კრებაში ყველა უნდა მოერიდოს იმას, რომ არ გააკონტროლოს სხვები (შეადარე 2 კორინთელთა 1:24; ფილიპელთა 2:12).
14. როგორ ცხადყო იესომ, რომ იყო კეთილგონიერი იმაშიც, რასაც სხვებისგან ელოდა?
14 უხუცესებს, შესაძლოა, სურთ შეამოწმონ საკუთარი თავი სხვა კუთხითაც: ‘ვარ თუ არა კეთილგონიერი იმ შემთხვევაში, როდესაც სხვებისგან რაღაცას მოველი?’ იესო, რასაკვირველია, იყო კეთილგონიერი. ის თანმიმდევრობით უჩვენებდა თავის მიმდევრებს, რომ მათგან მოელოდა გულითად მონდომებას და ძალიან აფასებდა ამას. მან შეაქო ღარიბი ქვრივი მცირე ღირებულების მონეტების შეწირვის გამო (მარკოზი 12:42, 43). ხოლო, როდესაც მისმა მოწაფეებმა დაგმეს მარიამის ძვირფასი შესაწირავი, უსაყვედურა მათ შემდეგი სიტყვებით: „მოეშვით მაგას. . . რაც შეეძლო, ის გააკეთა“ (მარკოზი 14:6, 8). ის კეთილგონიერი იყო მაშინაც, როდესაც მისმა მოწაფეებმა არ გაამართლეს მისი მოლოდინი. მაგალითად, როდესაც მან სთხოვა თავის უახლოეს სამ მოციქულს, რომ არ ჩასძინებოდათ და მასთან ერთად ეფხიზლათ მისი დაპატიმრების ღამეს, მოციქულებმა იმედი გაუცრუეს იმით, რომ არაერთხელ ჩაეძინათ. მაგრამ, მან თანაგრძნობით თქვა: „სული მხნეა, ხოლო ხორცი უძლური“ (მარკოზი 14:34–38).
15, 16. ა) რატომ უნდა იყვნენ ფრთხილად უხუცესები, რომ არ დააშინონ და არც ტვირთი დაადონ სამწყსოს? ბ) როგორ შეცვალა თვალსაზრისი ერთ-ერთმა ერთგულმა დამ იმასთან დაკავშირებით, რასაც სხვებისგან მოელოდა?
15 მართალია, იესო ამხნევებდა თავის მიმდევრებს, რომ ‘ეღვაწათ’ (ლუკა 13:24). მაგრამ ტვირთად არ ადებდა მათ, რომ ასე მოქცეულიყვნენ! ის ამხნევებდა მათ, მაგალითს უჩვენებდა, ხელმძღვანელობდა და ცდილობდა მათ გულებამდე მიეღწია. იესო იმედოვნებდა, რომ დანარჩენს იეჰოვას სული გააკეთებდა. დღეს უხუცესებმა მსგავსად უნდა გაამხნევონ სამწყსო, მთელი გულით ემსახურონ იეჰოვას და ასევე, უნდა შეეცადონ, მოერიდონ სამწყსოს დაშინებას დანაშაულის ან შერცხვენის მეშვეობით, რომ თითქოს რასაც სამწყსო აკეთებს ღმერთის მსახურობაში, არის უმნიშვნელო და მიუღებელი. შესაძლოა მკაცრმა და მბრძანებლურმა მიმართვებმა — „გააკთე მეტი, უფრო მეტი გააკეთე!“ — დაამწუხროს სამწყსო, რომელიც შეძლებისდაგვარად აკეთებს ყველაფერს. რაოდენ სამწუხარო იქნებოდა, რომ უხუცესს ‘მრისხანე’ პიროვნების რეპუტაცია მოეხვეჭა — რაც ძალზე განსხვავდება კეთილგონიერებისაგან! (1 პეტრე 2:18).
16 ყოველი ჩვენგანი უნდა იყოს კეთილგონიერი იმაში რასაც მოველით სხვებისაგან! ერთმა დამ, რომელმაც თავის მეუღლესთან ერთად დატოვა მისიონერიული მსახურება, იმის გამო, რომ მზრუნველობა გაეწია ავადმყოფი დედისთვის, დაწერა: «ეს პერიოდი არის ძალიან რთული კრებაში ჩვენთვის, როგორც მქადაგებლებისთვის. გვქონდა საოლქო და სარაიონო სამსახური და მრავალი პრობლემისაგან დაზღვეული ვიყავით; ხოლო ახლა, მოულოდნელად, ჩვენდა სამწუხაროდ წავაწყდით მათ. მაგალითად, ადრე ვფიქრობდი: რატომ არ ავრცელებს და იმ ლიტერატურას, რომელიც ამ თვეშია მიზანშეწონილი? ნუთუ არ კითხულობს „სამეფო მსახურებას“? ახლა მე ვიცი, თუ რატომ არის ასე. ზოგიერთისთვის ეს არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეუძლია [მსახურებაში]». რამდენად უმჯობესია შევაქოთ ძმები იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ, იმის ნაცვლად, რომ განვსაჯოთ იმის გამო, რასაც ვერ აკეთებენ!
17. როგორი მაგალითი დაგვიტოვა იესომ კეთილგონიერებასთან დაკავშირებით?
17 განვიხილოთ საბოლოო მაგალითი იმისა, თუ როგორ ფლობდა იესო ძალაუფლებას კეთილგონიერებით. იესო არის თავისი მამის მსგავსი და ეჭვით შეპყრობილი არ იცავს თავის ძალაუფლებას. ის გულუხვად ანაწილებს მას და დანიშნა თავისი ერთგული მონის კლასი, რომ მზრუნველობა გაუწიოს ‘მთელ თავის ქონებას’ დედამიწაზე (მათე 24:45–47). და მას არ ეშინია, რომ მოუსმინოს სხვების აზრებს. ის ხშირად ეკითხებოდა თავის მსმენელებს: „რას ფიქრობ“? (მათე 17:25; 18:12; 21:28; 22:42). დღეს ასევე უნდა იყოს ქრისტეს ყველა მიმდევართა შორის. როგორ ძალაუფლებასაც არ უნდა ფლობდნენ, ძალაუფლებამ ზეგავლენა არ უნდა მოახდინოს მათზე და არ უნდა დააკარგვინოს მოსმენის სურვილი. მშობლებო, მოუსმინეთ! ქმრებო, მოუსმინეთ! უხუცესებო, მოუსმინეთ!
18. ა) როგორ შეგვიძლია გავიგოთ, გვაქვს თუ არა კეთილგონიერი პიროვნების რეპუტაცია? ბ) რა გადაწყვეტილების მიღება შეუძლია თითოეულ ჩვენგანს?
18 უეჭველია, თითოეულ ჩვენგანს სურს ‘ჰქონდეს კეთილგონიერი პიროვნების რეპუტაცია’ (ფილიპელთა 4:5, „ფილიპსის“ თარგმანი [ინგლ.]). მაგრამ, როგორ გვეცოდინება, რომ ასეთი რეპუტაცია გვაქვს? როდესაც იესოს უნდოდა გაეგო თუ რას ლაპარაკობდნენ ადამიანები მის შესახებ, ეკითხებოდა თავის მეგობრებს, რომლებსაც ენდობოდა (მათე 16:13). რატომ არ უნდა მივყვეთ მის მაგალითს? შეიძლება შეეკითხო ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ენდობი და ვისზეც ფიქრობ, რომ გულწრფელად გეტყვის, გაქვს თუ არა კეთილგონიერი, დამთმობი ადამიანის რეპუტაცია. უეჭველია, რომ ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია მეტ-ნაკლებად მიბაძოს იესოს კეთილგონიერების სრულყოფილ მაგალითს! განსაკუთრებით, თუ ჩვენ ვფლობთ რაღაც ძალაუფლებას სხვებზე, დაე, ყოველთვის მივბაძოთ იეჰოვასა და იესოს მაგალითს, ყოველთვის კეთილგონივრულად გამოვიყენოთ ძალაუფლება, ყოველთვის ვიყოთ მზად მიტევებისთვის, დათმობისთვის, მაშინ, როდესაც დროულია. ჭეშმარიტად, დაე, თითოეული ჩვენგანი ისწრაფოდეს, რომ ‘იყოს კეთილგონიერი’! (ტიტე 3:2, აქ).
[სქოლიოები]
a წიგნი, „ახალი აღთქმის სიტყვები“ (ინგლ.), იძლევა განმარტებას: „ადამიანმა, რომელიც არის ეპიეიკეს (კეთილგონიერი), იცის, რომ არის დრო, როდესაც კანონით სრულიად გამართლებული ჩანდეს ის, რაც, შესაძლოა, ზნეობრივად სავსებით არასწორია. ადამიანმა, რომელიც არის ეპიეიკეს, იცის, თუ როდის უნდა შეამსუბუქოს კანონი, რადგან იმყოფება ამ კანონთან შედარებით უფრო ამაღლებული და დიდებული ძალის გავლენის ქვეშ“.
როგორ უპასუხებდი?
□ რატომ სურთ ქრისტიანებს, რომ იყვნენ კეთილგონიერები?
□ როგორ შეუძლიათ უხუცესებს მიბაძონ ქრისტეს, რომელიც იყო ‘მზად მიტევებისთვის’?
□ რატომ უნდა ვისწრაფოთ, რომ ვიყოთ ისეთივე შემგუებლები, როგორიც იესო იყო?
□ როგორ შეგვიძლია გამოვამჟღავნოთ კეთილგონიერება ძალაუფლების გამოყენების დროს?
□ როგორ შეგვიძლია შევამოწმოთ ჩვენი თავი, ნამდვილად ვართ თუ არა კეთილგონიერები?
[სურათი მე-15 გვერდზე]
იესომ უყოყმანოდ მიუტევა მომნანიებელ პეტრეს.
[სურათი მე-16 გვერდზე]
როდესაც ქალმა გამოავლინა განსაცვიფრებელი რწმენა, იესომ დაინახა, რომ არ იყო საერთო წესების მკაცრად დაცვის დრო.
[სურათები მე-17 გვერდზე]
მშობლებო, უსმინეთ!
ქმრებო, უსმინეთ!
უხუცესებო, უსმინეთ!