ღვთიური სინათლე სიბნელეს ფანტავს
„უფალი ბნელს მინათებს“ (მეორე მეფეთა 22:29).
1. როგორ უკავშირდება სინათლე სიცოცხლეს?
„თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი“ (დაბადება 1:3). შემოქმედების შესახებ მონათხრობი, რომელიც ჩაწერილია წიგნ „დაბადებაში“, ამ სიტყვებით გვამცნობს, რომ იეჰოვაა წყარო სინათლისა, რომლის გარეშეც დედამიწაზე სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა. იეჰოვაა წყარო სულიერი სინათლისაც, რომლით ხელმძღვანელობა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სიცოცხლის ბილიკზე (ფსალმუნი 42:3). დავით მეფემ კარგად დაგვანახვა, თუ რამდენად არის დამოკიდებული სულიერ სინათლეზე ჩვენი სიცოცხლე, როდესაც დაწერა: „შენთან არის წყარო სიცოცხლისა. შენი შუქით ვხედავთ სინათლეს“ (ფსალმუნი 35:10).
2. როგორც პავლემ დაგვანახვა, რასთან არის სულიერი სინათლე მჭიდროდ დაკავშირებული?
2 დავითის ეპოქიდან დაახლოებით 1000 წლის შემდეგ, პავლე მოციქულმაც მოიხსენია შემოქმედების შესახებ მონათხრობი. კორინთოს ქრისტიანულ კრებას მან მისწერა: „ღმერთმა... ბრძანა, გამობრწყინებულიყო ნათელი ბნელიდან“. შემდეგ კი პავლემ დაგვანახვა, რომ სულიერი სინათლე მჭიდროდ არის დაკავშირებული იეჰოვასგან მომდინარე შემეცნებასთან. მან დასძინა: „მანვე გაანათა ჩვენს გულებში, რათა გაგვინათოს ღვთის დიდების შემეცნებით იესო ქრისტეს სახეში“ (2 კორინთელთა 4:6). როგორ აღწევს სულიერი სინათლე ჩვენამდე?
ბიბლია სინათლეს გვფენს
3. რა სინათლეს გვაძლევს იეჰოვა ბიბლიის მეშვეობით?
3 სულიერ სინათლეს იეჰოვა, ძირითადად, თავის მიერ შთაგონებული სიტყვის, ბიბლიის, მეშვეობით გვფენს. ამიტომ, როდესაც ბიბლიას ვსწავლობთ და შემეცნებას ვიღებთ ღვთისგან, ამით საშუალებას ვაძლევთ მის სინათლეს, რომ გზა გაგვინათოს. ბიბლიის მეშვეობით იეჰოვა შუქს ჰფენს თავის განზრახვებს და თავისი ნების შესრულებას გვასწავლის. ეს აზრს სძენს ჩვენს სიცოცხლეს და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში გვეხმარება (ეკლესიასტე 12:1; მათე 5:3, აქ). იესომ განსაკუთრებით იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, საკუთარ სულიერ მოთხოვნილებებზე იზრუნოს. იგი მოსეს რჯულს ციტირებდა, როდესაც თქვა: „დაწერილია, რომ არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4; მეორე რჯული 8:3).
4. რა გაგებით არის იესო ‘წუთისოფლის ნათელი’?
4 სულიერი სინათლე წარმოუდგენელია იესოს გარეშე. მართლაც, მან ‘წუთისოფლის ნათელი’ უწოდა საკუთარ თავს და დასძინა: „ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას“ (იოანე 8:12). ამ სიტყვებიდან ვგებულობთ, რომ იესოს უმთავრესი ადგილი უკავია კაცობრიობისთვის იეჰოვას ჭეშმარიტების გადაცემაში. თუ გვინდა, რომ სიბნელეს დავაღწიოთ თავი და ღვთის სინათლეში ვიაროთ, ყური უნდა დავუგდოთ იესოს ყოველ სიტყვას; გულმოდგინედ უნდა მივბაძოთ მას და მივყვეთ მის მოძღვრებას, რომელიც ბიბლიაშია ჩაწერილი.
5. რა პასუხისმგებლობა დაეკისრათ იესოს მიმდევრებს მისი სიკვდილის შემდეგ?
5 სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე იესო კვლავ საკუთარ თავს გულისხმობდა სინათლეში, როდესაც თავის მოწაფეებს უთხრა: „კიდევ მცირე ხანს არის თქვენ შორის სინათლე. იარეთ, სანამ სინათლე გაქვთ, რათა სიბნელემ არ მოგიცვათ. სიბნელეში მოსიარულემ არ იცის, საით მიდის. სანამ სინათლე გაქვთ, იწამეთ სინათლე, რათა იყოთ ძენი სინათლისა“ (იოანე 12:35, 36, აფ). მათ, ვინც ‘სინათლის ძენი’ გახდნენ, ისწავლეს ბიბლიაში მოცემული „საღი სიტყვების ნიმუში“ (2 ტიმოთე 1:13, 14). შემდეგ, ამ საღი სიტყვების მეშვეობით, მათ სხვა გულწრფელი ადამიანები გამოიხსნეს სიბნელის ტყვეობიდან და ღვთის სინათლეზე გამოიყვანეს.
6. რა ძირითადი ჭეშმარიტებაა მოცემული 1 იოანეს 1:5-ში სინათლესა და სიბნელესთან დაკავშირებით?
6 მოციქულმა იოანემ დაწერა: „ღმერთი არის სინათლე და არავითარი სიბნელე არ არის მასში“ (1 იოანე 1:5, აფ). დაუკვირდით, როგორი განსხვავება კეთდება აქ სინათლესა და სიბნელეს შორის. სულიერი სინათლის წყარო იეჰოვაა და სულიერ სიბნელეს მასთან არაფერი აქვს საერთო. საინტერესოა, სიბნელის წყარო ვინღაა?
სულიერი სიბნელის წყარო
7. ვინ არის წუთისოფლის სულიერი სიბნელის წყარო და რა გავლენას ახდენს იგი ადამიანებზე?
7 პავლე მოციქულმა „წუთისოფლის ღმერთი“ მოიხსენია. ამ სიტყვებში იგი სატანა ეშმაკს გულისხმობდა. მან ისიც თქვა, რომ ამ ღმერთმა „დაუბრმავა გონება [ურწმუნოებს], რათა მათთვის არ ებრწყინა სახარებისეულ ნათელს ქრისტეს დიდებისა, იმისი ვინც უხილავი ღვთის ხატია“ (2 კორინთელთა 4:4). მრავალი ადამიანი ამბობს, რომ სწამს ღმერთი, მაგრამ სულ უფრო და უფრო მეტს არ სწამს ეშმაკის არსებობის. რატომ? არ სურთ იმის დაჯერება, რომ, შესაძლოა, არსებობს რაღაც ბოროტი, ზებუნებრივი ძალა, რომელიც გავლენას მოახდენდა მათ აზროვნებაზე. მიუხედავად ამისა, როგორც პავლე ცხადყოფს, ეშმაკი მართლაც არსებობს და იგი ისეთ გავლენას ახდენს კაცთა გონებაზე, რომ ზოგიერთი მათგანი ვეღარ ხედავს ჭეშმარიტების შუქს. სატანას რომ ძლიერი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია ადამიანის აზროვნებაზე, კარგად ჩანს ერთ წინასწარმეტყველებაში, რომელშიც იგი ‘მთელი წუთისოფლის მაცდუნებლად’ არის მოხსენიებული (გამოცხადება 12:9). იეჰოვას მსახურთა გარდა, ესაიას მიერ ნაწინასწარმეტყველებ მდგომარეობაში — რაც სატანის ვერაგული მოღვაწეობის შედეგია — მთელი კაცობრიობა იმყოფება. ესაიამ დაწერა: „აჰა, წყვდიადი დაფარავს ქვეყანას და ბნელი — ხალხებს“ (ესაია 60:2).
8. რაში გამოიხატება, რომ სულიერ სიბნელეში მყოფთ გზა-კვალი აქვთ აბნეული?
8 კუნაპეტ ღამეში კაცმა შეიძლება თითიც ვერ მიიტანოს თვალთან. ადვილად კარგავს ორიენტაციას და გზა-კვალი ებნევა. ასევე, სულიერ სიბნელეში მყოფთაც დაბინდული აქვთ აღქმის უნარი და, სულიერი გაგებით, მათაც ადვილად ებნევათ გზა-კვალი. შეიძლება დაეკარგოთ კიდეც ჭეშმარიტების სიცრუისგან და სწორის არასწორისგან გარჩევის უნარი. ესაია წინასწარმეტყველი სწორედ ასეთ სიბნელეში მყოფ ადამიანებს გულისხმობდა, როდესაც წერდა: „ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს — ბოროტებას; ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს — ბნელად, სიმწარეს სიტკბოდ სახავს და სიტკბოს — სიმწარედ!“ (ესაია 5:20). სულიერ სიბნელეში მყოფთა აზროვნებას სიბნელის ღმერთი, სატანა ეშმაკი, მართავს და შედეგად, ეს ადამიანები ყოველგვარ კავშირს წყვეტენ სინათლისა და სიცოცხლის წყაროსთან (ეფესელთა 4:17—19).
გზად სიბნელიდან სინათლისკენ — სიძნელეთა პირისპირ
9. ახსენით, რანაირად მიუწევთ გული შემცოდველებს სიბნელისკენ როგორც პირდაპირი, ისე სულიერი გაგებით.
9 ერთგულმა იობმა ჩვენი ყურადღება შეაჩერა იმაზე, თუ რა ძლიერ მიუწევთ გული შემცოდველებს ფიზიკური სიბნელისკენ. მან თქვა: „მემრუშე ბინდის მოლოდინში ფიქრობს, არავინ მომკრასო თვალი, და სახეზე საფარველს იფარებს“ (იობი 24:15). შემცოდველები სულიერ სიბნელეშიც იმყოფებიან და ასეთი სიბნელე მათ ძალიან თრგუნავთ. პავლე მოციქულმა თქვა, რომ სქესობრივი უზნეობა, ქურდობა, სიხარბე, ლოთობა, ლანძღვა და მტაცებლობა ფართოდ არის გავრცელებული სიბნელის ტყვეობაში მოხვედრილთა შორის. მაგრამ ყველას, ვინც კი ღვთის სიტყვის სინათლეს მიაშურებს, შეუძლია შეიცვალოს. ასეთი ცვლილების მოხდენა რომ შესაძლებელია, პავლე კორინთელთა მიმართ წერილში ცხადყოფს. თუმცა ბევრი კორინთელი ქრისტიანი უწინ სიბნელის საქმეებს აკეთებდა, პავლემ მათ უთხრა: „მაგრამ განიბანეთ, მაგრამ წმიდა გახდით, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით“ (1 კორინთელთა 6:9—11).
10, 11. ა) როგორ იზრუნა იესომ ბრმადშობილ კაცზე, როდესაც მხედველობა აღუდგინა? ბ) რატომ არ მიილტვის ადამიანთა უმრავლესობა სინათლისკენ?
10 როდესაც უკუნი სიბნელიდან უცაბედად განათებულ ადგილზე ხვდება, ადამიანს გარკვეული დრო სჭირდება, რომ თვალები სინათლეს შეაგუოს. ბეთსაიდაში იესომ ბრმა კაცი განკურნა, მაგრამ სიყვარულით აღძრულს ეს ერთი ხელის მოსმით კი არ გაუკეთებია, არამედ — ნელ-ნელა, ეტაპობრივად. «ჩაჰკიდა ბრმას ხელი, გაიყვანა იგი სოფლიდან, თვალებზე დაანერწყვა, დაადო ხელები და ჰკითხა: „ხედავ რამეს?“ მან აიხედა და თქვა: „ვხედავ ადამიანებს, როგორც ირგვლივ მოარულ ხეებს.“ შემდეგ კვლავ დაადო ხელები თვალებზე, დააცქერდა, განკურნა და ყველაფერს ნათლად ხედავდა» (მარკოზი 8:23—25). როგორც ჩანს, იესომ ამ კაცს იმიტომ აღუდგინა მხედველობა თანდათანობით, რომ მზის მოკაშკაშე შუქს შეჰგუებოდა. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორი გახარებული უნდა ყოფილიყო ეს კაცი, როდესაც სინათლე იხილა.
11 მაგრამ, მათი სიხარული, ვისაც სულიერი სიბნელიდან ჭეშმარიტების სინათლეში ნაბიჯ-ნაბიჯ გადმოსვლაში დაეხმარნენ, კიდევ უფრო დიდია, ვიდრე ზემოხსენებული მამაკაცის სიხარული. როდესაც მათ სიხარულს ვხედავთ, შეიძლება გვიკვირდეს, რატომ არ მიილტვის სინათლისკენ უფრო მეტი ადამიანი. იესო ნათელს ჰფენს ამ საკითხს: „განკითხვა კი ის არის, რომ ნათელი მოვიდა წუთისოფელში და ადამიანებმა ნათელზე მეტად ბნელი შეიყვარეს, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმენი. ვინაიდან ყველას, ვინც ბოროტებას სჩადის, სძულს ნათელი და არ მიდის ნათლისკენ, რათა არ იქნეს მხილებული მისი საქმენი“ (იოანე 3:19, 20). დიახ, ბევრი ადამიანი ხალისით სჩადის ისეთ „ბოროტებას“, როგორიცაა უზნეობა, ჩაგვრა, სიცრუე, თაღლითობა და ქურდობა; სატანის სულიერი სიბნელე კი ხელსაყრელი გარემოა მათთვის, რათა თავიანთი სურვილებისამებრ მოიქცნენ.
წინსვლა სინათლეში
12. რა სარგებლობა მოგვიტანა იმან, რომ ჭეშმარიტების სინათლეს ვეზიარეთ?
12 რა ცვლილებები მოხდა ჩვენში მას შემდეგ, რაც ჭეშმარიტების სინათლეს ვეზიარეთ? კარგი იქნებოდა, რომ ზოგჯერ შევჩერებულიყავით და გაგვეანალიზებინა, რამდენად წინ წავიწიეთ სულიერად. რა ცუდი ჩვევები მოვიშალეთ? რომელი ცხოვრებისეული პრობლემის მოწესრიგება შევძელით? რა ცვლილებები შევიტანეთ მომავლის გეგმებში? იეჰოვასგან ბოძებული ძალითა და მისი სულიწმიდის დახმარებით ძალგვიძს, რომ ჩვენს პიროვნებასა და აზროვნებაში ცვლილებების მოხდენა განვაგრძოთ. თუ ასე მოვიქცევით, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ჭეშმარიტების სინათლის თანახმად ვმოქმედებთ (ეფესელთა 4:23, 24). პავლემ შემდეგი სიტყვებით გადმოსცა ეს აზრი: „ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით. რადგან ნათლის ნაყოფი არის ყოველივე სიკეთეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაში“ (ეფესელთა 5:8, 9). როდესაც იეჰოვას სინათლეს საშუალებას ვაძლევთ, ცხოვრების გზა გაგვინათოს, ეს იმედს გვინერგავს და ჩვენი სიცოცხლეც აზრიანი ხდება. ასეთი საქციელით გარშემო მყოფთაც ვულამაზებთ ცხოვრებას. იეჰოვასაც ხომ ძლიერ ვუხარებთ გულს, როდესაც ასეთ ცვლილებებს ვახდენთ! (იგავნი 27:11).
13. როგორ შეგვიძლია მადლიერების გამოხატვა იეჰოვას სინათლისთვის და საამისოდ რის გამოვლენაა საჭირო?
13 იმ ბედნიერი ცხოვრებისთვის, რომელიც ჩვენ გვხვდა წილად, მადლიერებას იმით ვავლენთ, რომ იეჰოვას სინათლეს ვირეკლავთ — ბიბლიიდან ნასწავლს ვუზიარებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მეზობლებს (მათე 5:12—16; 24:14). მათ, ვინც ყურს არ გვიგდებს, თავად ჩვენი ქადაგება და სამაგალითო ქრისტიანული ცხოვრება ამხილებს. პავლე განმარტავს: «გამოსცადეთ, რა არის სათნო უფლისა. და ნუ მიიღებთ მონაწილეობას [„მათთან ერთად“, აქ] სიბნელის უნაყოფო საქმეებში, პირიქით, ამხილეთ» (ეფესელთა 5:10, 11, აფ). ხალხს რომ სიბნელიდან გამოსვლასა და სინათლის არჩევაში დავეხმაროთ, ჩვენი მხრიდან გამბედაობის, და რაც უფრო მნიშვნელოვანია, თანაგრძნობისა და ზრუნვის გამოვლენაა საჭირო. გარდა ამისა, აუცილებელია, ჭეშმარიტების სინათლის მათთვის გაზიარების გულწრფელი სურვილი გვქონდეს — ეს ხომ მარადიულ კურთხევებს უქადის მათ (მათე 28:19, 20).
მოერიდეთ ცრუ სინათლეს!
14. რა გაფრთხილება უნდა ვიღოთ ყურად სინათლესთან დაკავშირებით?
14 უკუნ სიბნელეში ზღვაზე მონაოსნე ადამიანებს ნებისმიერი სინათლის დანახვა სიხარულით უჩქროლებს გულს. ინგლისის სანაპიროს კლდოვან ფერდობებზე ძველად კოცონს აჩაღებდნენ და ასე მიანიშნებდნენ შტორმში მოხვედრილ ხომალდებს, თუ სად შეიძლებოდა მყუდრო ნავსაყუდლის პოვნა. გემის ეკიპაჟი მადლიერი იყო, რომ ეს სინათლე უხიფათო გემსადგომისკენ მიუძღოდა მათ. მაგრამ ზოგი კოცონი მოსატყუებლად იყო გამიზნული და ნაცვლად იმისა, რომ ნავსადგომისთვის მიეკვლიათ, ხომალდები მცდარი კურსით მიცურავდნენ და კლდოვან სანაპიროზე იმსხვრეოდნენ, მათ ტვირთს კი მეკობრეები იტაცებდნენ. სიცრუით გაჯერებულ დღევანდელ მსოფლიოში სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რათა შეცდომაში არ შეგვიყვანოს ცრუ სინათლემ, რომელსაც ჩვენი სულიერობის დაღუპვა შეუძლია. „თვით სატანაც... ნათლის ანგელოზად გარდაისახება“, — ნათქვამია ბიბლიაში. სატანის მსახურნიც, განდგომილთა ჩათვლით, მას ჰბაძავენ და ‘მზაკვარ მუშაკებად’ გვევლინებიან, რომლებიც მასავით „სიმართლის მსახურებად გარდაისახებიან“. თუ ამ ადამიანების ცრუ აზრებს ვენდობით, იეჰოვას ჭეშმარიტების სიტყვისადმი ნდობა შეგვისუსტდება და შეიძლება რწმენაც დავკარგოთ (2 კორინთელთა 11:13—15; 1 ტიმოთე 1:19).
15. რა დაგვეხმარება, რომ სიცოცხლისაკენ მიმავალი გზიდან არ გადავუხვიოთ?
15 ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე — ჩემი ბილიკისათვის“ (ფსალმუნი 118:105). დიახ, ის „ვიწრო გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს“, მკაფიოდ არის განათებული ჩვენი მოსიყვარულე ღმერთის, იეჰოვას, მიერ, „რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (მათე 7:14; 1 ტიმოთე 2:4). ბიბლიური მითითებების შესრულება დაგვიცავს, რომ ამ ვიწრო გზიდან სიბნელის ბილიკებზე არ გადავიდეთ. პავლემ დაწერა: „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში“ (2 ტიმოთე 3:16). რაც უფრო ვიზრდებით სულიერად, მით უფრო განვისწავლებით ღვთის სიტყვით. ღვთის სიტყვის სინათლის დახმარებით ჩვენ შევძლებთ საკუთარი თავის გამოსწორებას ან, თუ საჭირო იქნება, კრებაზე მზრუნველი მოსიყვარულე მწყემსები გამოგვიწვდიან დახმარების ხელს. ასევე შევძლებთ სხვა საკითხების მოგვარებასაც და თავმდაბლად მივიღებთ იმ სამართლიან დამოძღვრა-დარიგებას, რომელიც სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე დარჩენაში დაგვეხმარება.
იარეთ სინათლეში და იყავით მადლიერი
16. როგორ შეგვიძლია მადლიერების გამოხატვა იეჰოვას მიერ ბოძებული შესანიშნავი საჩუქრისთვის — მისი სინათლისთვის?
16 როგორ გამოვავლინოთ მადლიერება იეჰოვას მიერ ბოძებული შესანიშნავი საჩუქრისთვის — მისი სინათლისთვის? როგორც იოანეს სახარების მე-9 თავი მოგვითხრობს, როდესაც იესომ ბრმადშობილი კაცი განკურნა, მას გულით ეწადა მადლიერების გამოხატვა. რა გააკეთა საამისოდ? იწამა იესო, როგორც ღვთის ძე და სახალხოდ უწოდა „წინასწარმეტყველი“. უფრო მეტიც, იგი ვაჟკაცურად დაუდგა იმ მოქიშპეებს, ვისაც იესოს მიერ მოხდენილი სასწაულის გაბიაბრუება სწყუროდათ (იოანე 9:17, 30—34). პავლე მოციქული ქრისტიანული კრების სულითცხებულ წევრებს „წილხვედრილ ხალხს“ უწოდებს. რატომ? იმიტომ რომ, ისინი მადლიერებას გამოხატავენ ბრმადშობილი და მოგვიანებით განკურნებული კაცის მსგავსად. ისინი მადლიერებას გამოხატავენ იეჰოვასადმი, თავიანთი მწყალობლისადმი, იმით, რომ ‘აცხადებენ მის სათნოებებს, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი ნათლისკენ მოუხმო მათ’ (1 პეტრე 2:9; კოლასელთა 1:13). მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანებიც მადლიერები არიან და იეჰოვას ‘სათნოებების’ საჯაროდ გაცხადებაში ეხმარებიან თავიანთ სულითცხებულ ძმებს. რა განუმეორებელ შესაძლებლობას აძლევს ღმერთი არასრულყოფილ ადამიანებს!
17, 18. ა) რა პასუხისმგებლობა აკისრია თითოეულ ჩვენგანს? ბ) რას უნდა აარიდოს თავი თითოეულმა ქრისტიანმა ტიმოთესავით?
17 ერთობ მნიშვნელოვანია, რომ ჭეშმარიტების სინათლეს მთელი გულით ვაფასებდეთ. გახსოვდეთ, რომ დაბადებიდან არც ერთ ჩვენგანს არ დაგვყოლია ჭეშმარიტების ცოდნა. ზოგი მოწიფულობის ასაკში ითავისებს მას და მალევე ხედავს, რამდენად უმჯობესია სინათლე სიბნელეზე. სხვებს წილად ხვდათ ბედნიერება, ღვთისმოშიშ მშობლებს აღეზარდათ. ადვილად შესაძლებელია, რომ ასეთმა ქრისტიანებმა სინათლე ჩვეულებრივ რამედ მიიჩნიონ და სათანადოდ ვერ დააფასონ. იეჰოვას ერთმა მოწმემ, რომლის მშობლებიც ჯერ კიდევ მის დაბადებამდე ემსახურებოდნენ იეჰოვას, აღიარა, რომ დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდა, რათა სრულად ჩასწვდომოდა ჭეშმარიტების მნიშვნელობას, რომელსაც მშობლები ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ (2 ტიმოთე 3:15). ყოველმა ჩვენგანმა, ახალგაზრდამ თუ ხნიერმა, გულის სიღრმიდან უნდა გამოხატოს მადლიერება ჭეშმარიტებისთვის, რომელიც იეჰოვამ გაგვიმჟღავნა.
18 ახალგაზრდა ტიმოთეს პატარაობიდანვე ასწავლიდნენ „საღვთო წერილებს“, მაგრამ ქრისტიანულ მოწიფულობას მხოლოდ მსახურებაში პირადად გამოვლენილი გულმოდგინებით მიაღწია (2 ტიმოთე 3:15). იგი იმდენად გაიწაფა, რომ პავლე მოციქულსაც კი ეხმარებოდა, რომელიც მოუწოდებდა მას: „ეცადე შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად“. მოდი, ტიმოთესავით, ჩვენც ნურასდროს გავაკეთებთ ისეთ რამეს, რაც შეგვარცხვენდა ან ჩვენ გამო იეჰოვას მოუტანდა სირცხვილს! (2 ტიმოთე 2:15).
19. ა) რას უნდა ვამბობდეთ ყოველი ჩვენგანი დავითის მსგავსად? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
19 ამ ყოველივეს შემხედვარეს ისღა დაგვრჩენია, ქება-დიდება ვუძღვნათ იეჰოვას, რომელმაც თავისი ჭეშმარიტების სინათლე გვიბოძა. დავით მეფის მსგავსად, ჩვენც ვამბობთ: „უფალო ჩემო, ლამპარი ხარ! უფალი ბნელს მინათებს“ (მეორე მეფეთა 22:29). მაგრამ საკუთარ თავს არ ვრთავთ იმის ნებას, რომ თვითკმაყოფილება დაგვეუფლოს, რაც ისევ იმ წყვდიადში ამოგვაყოფინებდა თავს, რომელსაც დიდ ფასად დავუსხლტით ხელიდან. ამიტომ მომდევნო სტატია იმის შეფასებაში დაგვეხმარება, თუ რა მნიშვნელობას ვანიჭებთ ღვთიურ ჭეშმარიტებას ჩვენს ცხოვრებაში.
რა ისწავლეთ?
• როგორ ვიღებთ იეჰოვასგან სულიერ განათლებას?
• რა სირთულის წინაშე გვაყენებს მსოფლიოში არსებული საყოველთაო სულიერი სიბნელე?
• რა საფრთხეებს უნდა ავარიდოთ თავი?
• როგორ შეგვიძლია ჭეშმარიტების სინათლისთვის მადლიერების გამოხატვა?
[სურათი 8 გვერდზე]
იეჰოვაა როგორც ფიზიკური, ისე სულიერი სინათლის წყარო.
[სურათი 10 გვერდზე]
იესომ თანდათანობით განკურნა ბრმადშობილი კაცი; იგი ჩვენც ასევე გვეხმარება სულიერი სიბნელიდან თავის დაღწევაში.
[სურათი 11 გვერდზე]
სატანის ცრუ სინათლის მიყოლას და მცდარი კურსით სვლას ჩვენი სულიერობის დაღუპვა მოსდევს.