რატომ განადგურდა წარღვნამდელი მსოფლიო?
მსოფლიო წარღვნა სტიქიური უბედურება არ ყოფილა. ეს ღვთის სასჯელი იყო, რადგან ხალხის უმეტესობამ ყველა მისი გაფრთხილება უარყო. რატომ? იესო ხსნის: „როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა, და არ იცოდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და ყველა არ წალეკა — ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც“ (მათე 24:38, 39).
ცივილიზებული ძველი მსოფლიო
ზოგიერთ საკითხში დღეს ჩვენ ნამდვილად არა გვაქვს ის უპირატესობები, რომლებითაც წარღვნამდელი საზოგადოება სარგებლობდა. მაგალითად, ყველა ერთ ენაზე ლაპარაკობდა (დაბადება 11:1). ეს არაჩვეულებრივი წინაპირობა იყო, რომ ხელოვნება და მეცნიერება განვითარებულიყო, რომელიც ურთიერთგანსხვავებული უნარის მქონე მრავალი ადამიანის ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს. ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე ადამიანთა უმეტესობას იმის საშუალებაც ჰქონდა, რომ საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა გაეღრმავებინათ.
ზოგიერთი აცხადებს, რომ იმ დროს ადამიანი ასე დიდხანს არ ცხოვრობდა და ბიბლიაში მოცემული წლებიც თვეებად უნდა მივიჩნიოთ. შეესაბამება სიმართლეს ასეთი მტკიცება? მოდი მაჰალალეელის მაგალითი განვიხილოთ. ბიბლია ამბობს: „იცოცხლა მაჰალალეელმა სამოცდახუთი წელი და შვა იარედი... სრული ხანი მაჰალალეელისა იყო რვაას ოთხმოცდათხუთმეტი წელი, და მოკვდა“ (დაბადება 5:15—17). თუ წლებს თვეებად მივიჩნევთ, მაშინ მაჰალალეელს შვილი ხუთი წლის ასაკში შესძენია! ცხადია, ეს შეუძლებელი იყო! მაშინდელი ადამიანის სიცოცხლისუნარიანობა ძალიან ახლოს იყო პირველი ადამიანის, ადამის, სიცოცხლის ხანგრძლივობასთან. ისინი მართლაც ცხოვრობდნენ საუკუნეების განმავლობაში. როგორ?
წარღვნამდე მრავალი საუკუნით ადრე დედამიწის მოსახლეობა იმდენად გაიზარდა, რომ ადამის ძემ, კაენმა, ქალაქი გააშენა და სახელად ენოქი უწოდა (დაბადება 4:17). იმ დროიდან მოყოლებული მრეწველობის მრავალი სახეობა განვითარდა; არსებობდა ასევე „სპილენძისა და რკინის სამუშაო იარაღების“ სამჭედლოები (დაბადების 4:22, აქ). უდავოა, რომ ამ სამუშაო იარაღებს მშენებლობაში, დურგლობაში, კერვასა და სოფლის მეურნეობაში იყენებდნენ. ეს ხელობები მოხსენიებულია დედამიწის ყველაზე უძველეს მკვიდრთა გადმოცემებში.
ცოდნის დაგროვება შესაძლებელს ხდიდა, რომ მომდევნო თაობები დახელოვნებულიყვნენ ლითონის დამუშავებაში, სოფლის მეურნეობაში, ცხვრისა და მსხვილფეხა რქოსანი საქონლის მოშენებაში, დამწერლობასა და ხელოვნებაში. მაგალითად, იუბალი „მეჩანგეთა და მესტვირეთა მამა“ იყო (დაბადება 4:21). მსოფლიო მრავალმხრივ იყო განვითარებული, მაგრამ ყველაფერი უეცრად დასრულდა. რა მოხდა?
რა იყო მიზეზი?
ყოველივე ამ დადებითი მხარის მიუხედავად, წარღვნამდელ საზოგადოებას ცუდი დასაწყისი ჰქონდა. მათი წინაპარი, ადამი, ღმერთს აუჯანყდა. მისმა ძემ, კაენმა, რომელმაც პირველი ქალაქი ააშენა, საკუთარი ძმა მოკლა. და რა გასაკვირია, რომ ბოროტება მთელ მსოფლიოს მოედო მას შემდეგ, რაც ადამმა არასრულყოფილება მთელ თავის შთამომავლობას გადასცა (რომაელთა 5:12).
ადამიანთა ბოროტებამ კულმინაციას მიაღწია და ღმერთმა გადაწყვიტა, რომ ასეთი მდგომარეობა მხოლოდ 120 წელი გაგრძელებულიყო (დაბადება 6:3). ბიბლია ამბობს: „დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა... აივსო ქვეყანა უსამართლობით“ (დაბადება 6:5, 11).
საბოლოოდ, ღმერთმა პირდაპირ უთხრა ნოეს, რომ ყოველი ხორციელის განადგურებას აპირებდა წარღვნით (დაბადება 6:13, 17). თუმცა ნოე „სიმართლის მქადაგებელი“ გახდა, მთლიანობაში ხალხისთვის იმის დაჯერება, რომ ყოველივე განადგურდებოდა, როგორც ჩანს, ძნელი აღმოჩნდა (2 პეტრე 2:5). მხოლოდ რვა კაცმა იღო ყურად გაფრთხილება და გადარჩა (1 პეტრე 3:20). რატომ არის ეს შემთხვევა ჩვენთვის ასე საყურადღებო?
რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან?
ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, რომელიც ძალიან ჰგავს ნოეს დღეებს. განუწყვეტლივ გვესმის ხმები შემაძრწუნებელ ტერორისტულ აქტებზე, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მომხდარ გენოციდზე, თითქმის უმიზეზოდ ჩადენილ მასობრივ მკვლელობებსა და ოჯახებში მომხდარ ენით აუწერელ ძალადობაზე. დედამიწა კვლავ აივსო ბოროტებით და, როგორც ადრე, დღესაც ისმის გაფრთხილება, რომ ღვთის რისხვა ახლოვდება. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ მოვა, როგორც ღვთისგან დანიშნული მსაჯული და გამოარჩევს ხალხს, როგორც მწყემსი არჩევს ცხვრებს თხებისგან. მათ შესახებ კი, ვინც ღვთის კეთილგანწყობას ვერ დაიმსახურებს, იესომ თქვა, რომ ისინი «წავლენ საუკუნო სატანჯველში [„მარადიულად მოიკვეთებიან“, აქ]» (მათე 25:31—33, 46). მაგრამ ბიბლიის თანახმად, იმავდროულად, მილიონობით ადამიანი გადარჩება; სწორედ ის უამრავი ხალხი, რომლებიც ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს სცემენ თაყვანს. ახალ მსოფლიოში გადარჩენილები მუდმივი მშვიდობით და ისეთი უსაფრთხოებით გაიხარებენ, როგორიც მანამდე არასოდეს ყოფილა (მიქა 4:3, 4; გამოცხადება 7:9—17).
მრავალს განკითხვის დღის შესახებ არსებული ბიბლიური მტკიცებები და გაფრთხილებები სასაცილოდ არ ჰყოფნის. მაგრამ მოციქული პეტრე განმარტავს, რომ ასეთი დამცინავები, უბრალოდ, ფაქტებს უარყოფენ. მან დაწერა: „უკანასკნელ დღეებში მოვლენ დაცინვით დამცინავნი,.. რომელნიც ამბობენ: სად არის მისი მოსვლის აღთქმაო?.. რადგან მათგან, რაკი ასე სურთ, დაფარული რჩება, რომ თავდაპირველად ცა და მიწა დაარსდა ღვთის სიტყვით წყლისაგან და წყლით; და რომ მაშინდელი წუთისოფელი წარღვნის წყლით მოისპო. ხოლო ახლანდელი ცა და მიწა, რომლებიც იმავე სიტყვით ინახება, გამზადებულია საცეცხლოდ უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისათვის“ (2 პეტრე 3:3—7).
ქრისტიანები დიდი გულმოდგინებით ასრულებენ იესო ქრისტეს დავალებას; ყველას აფრთხილებენ მოახლოებული განკითხვის დღის შესახებ და სასიხარულო ცნობას ქადაგებენ მომავალ მშვიდობაზე (მათე 24:14). ამ გაფრთხილებას ზერელედ არ უნდა მოვეკიდოთ, ვინაიდან ყოვლისშემძლე ღმერთი ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას.
ახალი მსოფლიო
როგორი იქნება კაცობრიობის მომავალი, თუკი ასეთ მოულოდნელ ცვლილებებს გავითვალისწინებთ? მთაზე ქადაგებისას იესომ ხალხს აღუთქვა: „ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას“. შემდეგ კი თავის მოწაფეებს ასწავლა, რომ ღვთისადმი ასე ელოცათ: «მოვიდეს სუფევა [„სამეფო“, აქ] შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა» (მათე 5:5; 6:10). იესო თავად ასწავლიდა, რომ კაცობრიობას არაჩვეულებრივი მომავალი ელის ზუსტად აქ, დედამიწაზე. მან ამას ‘ხელახლა შექმნა’ უწოდა (მათე 19:28, აქ).
ასე რომ, როდესაც მომავალზე ფიქრობთ, ნება არ დართოთ დამცინავებს, რომ ღვთის გაფრთხილებაში დაგაეჭვონ. ფაქტია, ჩვენ ირგვლივ ყველაფერი საკმაოდ უცვლელად გამოიყურება და თანამედროვე მსოფლიო დიდი ხანია, რაც არსებობს. მიუხედავად ამისა, არ გვმართებს ამაზე დანდობა, რადგან დღევანდელი კაცობრიობა უკვე მსჯავრდადებულია. გულთან ახლოს მიიტანეთ მოციქულ პეტრეს სიტყვები:
„თუკი ყველაფერი ასე დაინგრევა, როგორღა უნდა იყოთ წმიდა ქცევასა და ღვთისმოსაობაში, რაკი ელით და ესწრაფით ღვთის მოსვლის დღეს... ამიტომ, საყვარელნო, რაკი ამას ელოდებით, იბეჯითეთ, რომ შეუბღალავნი და უბიწონი წარსდგეთ მშვიდობით... აღიზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლით და შემეცნებით. მისია დიდება აწ და საუკუნო დღის მიმართ. ამინ“ (2 პეტრე 3:11, 12, 14, 18). მაშასადამე, ისწავლეთ იქიდან, რაც ნოეს დღეებში მოხდა. დაუახლოვდით ღმერთს; მიიღეთ შემეცნება იესო ქრისტეს შესახებ; გაიზარდეთ ღვთისადმი ერთგულებაში და იყავით მათ შორის, რომლებმაც მოახლოებული განადგურებისას გადარჩენა და მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრება აირჩიეს.
[სურათი 5 გვერდზე]
ლითონის დამუშავება წარღვნამდეც შეეძლოთ.
[სურათი 7 გვერდზე]
კაცობრიობას არაჩვეულებრივი მომავალი ელის.