წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისთვის — როგორ?
„ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის. . . შევაგონოთ ერთმანეთს. და, მით უმეტეს, რაც უფრო მეტად ატყობთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრაელთა 10:24, 25).
1, 2. ა) რატომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ადრინდელი ქრისტიანები სიმშვიდესა და გამხნევებას პოულოდბენ ერთად შეკრების დროს? ბ) პავლეს რომელი რჩევა მიუთითებდა ერთად შეკრების აუცილებლობაზე?
ისინი იკრიბებოდნენ მალულად, საუბრობდნენ ჩაკეტილი კარის მიღმა. გარეთ ყველგან საშიშროება ელოდათ. მათი წინამძღოლი იესო ის-ის იყო საჯაროდ აწამეს, მაგრამ მას უკვე გაფრთხილებული ჰყავდა თავისი მიმდევრები, რომ მათ მასზე უკეთესად არ მოეპყრობოდნენ (იოანე 15:20; 20:19). რადგანაც ერთად ყოფნისას დაბალი ხმით საუბრობდნენ მათთვის საყვარელ იესოზე, ისინი შედარებით უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს.
2 გავიდა წლები, ქრისტიანებმა მრავალი განსაცდელი და დევნა გადაიტანეს. ზემოხსენებული პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, ისინიც შეხვედრებით პოულობდნენ ნუგეშს და მხნევდებოდნენ. ამიტომაც წერდა პავლე მოციქული ებრაელთა 10:24, 25-ში: ‘ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ [გავამხნევოთ, აქ] ერთმანეთს. და, მით უმეტეს, რაც უფრო მეტად ატყობთ იმ დღის მოახლოებას“.
3. რატომ შეგიძლია თქვა, რომ ებრაელთა 10:24, 25-ში ჩაწერილი სიტყვები არ არის მხოლოდ მოწოდება იმისა, რომ ქრისტიანები ერთად უნდა შეიკრიბონ?
3 ამ სიტყვებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ის არ არის მხოლოდ ბრძანება ერთად შეკრების გაგრძელებაზე. ეს სიტყვები იძლევა ღვთიური შთაგონებით მოცემულ ნორმებს ყველა ქრისტიანული შეხვედრებისთვის — ნამდვილად, ნებისმიერ დროს, როდესაც ქრისტიანები ერთად იკრიბებიან. დღეს უფრო მეტად, ვიდრე უწინ, როდესაც ნათლად ვხედავთ იეჰოვას დღის მოახლოებას, ამ ბოროტი სისტემის ზეგავლენა და საშიშროება გადაუდებელს ხდის იმას, რომ ჩვენი კრებები იყოს უსაფრთხო თავშესაფარი, ანუ სიმტკიცისა და გამხნევების წყარო ყველასათვის. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ უზრუნველვყოთ ეს? მოდი, გულდასმით განვიხილოთ პავლეს სიტყვები და პასუხი გავცეთ სამ ძირითად კითხვას: რას ნიშნავს „ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს“? რა მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ ერთმანეთი „წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის“? და ბოლოს, როგორ შეგვიძლია ასეთ მძიმე დროს ‘შევაგონოთ [გავამხნევოთ, აქ] ერთმანეთი’?
„ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს“
4. რას ნიშნავს „ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს“?
4 როდესაც პავლე მოუწოდებდა ქრისტიანებს, რომ ‘ყურადღებით მოკიდებოდნენ ერთმანეთს’, მან გამოიყენა ბერძნული სიტყვა: „კა·ტა·ნო·ეʹო“, რომელიც არის საზოგადო გამოთქმის „ჩაწვდომის“ გაძლიერებული ფორმა. „ახალი აღთქმის თეოლოგიური ლექსიკონი“ (Theological Dictionary of the New Testament) ამბობს, რომ ეს სიტყვა ნიშნავს: „მთელი გონება მიმართო ობიექტისკენ“. უ. ე. ვაინის სიტყვების თანახმად, ეს ასევე შეიძლება ნიშნავდეს: „ბოლომდე გაუგო, მთელი ყურადღებით დაუკვირდე“. ასე რომ, როდესაც ქრისტიანები ‘ყურადღებით ეკიდებიან ერთმანეთს’, ამას ზედაპირულად კი არ აკეთებენ, არამედ მთელ გონებრივ ძალისხმევას ახმარენ და ცდილობენ, რომ ჰქონდეთ უფრო ღრმა ხედვის უნარი (შეადარე ებრაელთა 3:1).
5. რომელია პიროვნებაში ის ზოგიერთი მხარე, რომლებიც ერთი შეხედვით არ ჩანს და რატომ უნდა დავუკვირდეთ მათ?
5 უნდა გვახსოვდეს, რომ პიროვნების ბუნება უფრო ღრმა არის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს მის გარეგნობაში და ასევე მის საქმეებსა და ხასიათის თავისებურებაში (პირველი მეფეთა 16:7). ხშირად, მშვიდ გარეგნობაში იფარება ღრმა გრძნობები ან სასიამოვნო იუმორის გრძნობა. ამასთანავე ადამიანები განსხვავდებიან აღზრდის მხრივაც. ზოგიერთს ცხოვრებაში საშინელი განსაცდელი აქვს გადატანილი; სხვებს კი სწორედ ახლა აქვთ ისეთი მძიმე სიტუაცია, რომლის წარმოდგენაც ძნელია. ძალიან ხშირად, რომელიმე ძმისა თუ დის უცნაურ მოქმედებაზე გაღიზიანება უცბად ქრება, როდესაც უფრო მეტს ვგებულობთ მისი წარსული ცხოვრებისა და მდგომარეობის შესახებ (იგავნი 19:11).
6. რომელია ზოგიერთი საშუალება ერთმანეთის უკეთ გაცნობისთვის და რომელი კარგი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას?
6 რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთიმეორის პირად საქმეებში ჩავერიოთ მაშინ, როცა არ გვეკითხებიან (1 თესალონიკელთა 4:11). ჩვენ, უბრალოდ, შეგვიძლია პირადი ინტერესი გამოვავლინოთ ერთიმეორის მიმართ. ეს მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ მივესალმოთ ერთმანეთს სამეფო დარბაზში. ხომ შეიძლება, რომელიმე პიროვნების უკეთესად გაცნობისთვის მიზნად დაისახო, რომ მასთან საუბარს რამდენიმე წუთი დაუთმო შეხვედრის დაწყებამდე ან დამთავრების შემდეგ? უფრო უკეთესი იქნებოდა ‘სტუმართმოყვარეობის’ გამოჩენა და ერთი ან ორი თანამორწმუნის გამასპინძლება (რომაელთა 12:13). გამოავლინე ინტერესი. უსმინე. მხოლოდ ერთი კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ გაიცნო და შეიყვარა ამ პიროვნებამ იეჰოვა, ბევრ რამეს გაგაგებინებს მის შესახებ. უფრო ახლოს კი მაშინ გაეცნობი, როდესაც ერთად ითანამშრომლებთ კარდაკარ მსახურების დროს. ერთმანეთის მიმართ ასეთი ყურადღებიანი მოპყრობა დაგვეხმარება, განვავითაროთ თანაგრძნობა და ვიყოთ ჭეშმარიტი გულშემატკივარი (ფილიპელთა 2:4; 1 პეტრე 3:8).
‘წავახალისოთ ერთმანეთი’
7. ა) რა გავლენას ახდენდა ადამიანებზე იესოს მოძღვრება? ბ) რამ გახადა მისი მოძღვრება ქმედითი?
7 ერთმანეთის მიმართ ყურადღების გამოვლენით, უკეთესად ვართ მომზადებული, რომ წავახალისოთ ერთმანეთი მოქმედებისკენ. ამ საკითხში, ფაქტიურად, მთავარ როლს თამაშობენ ქრისტიანი უხუცესები. იესოს საჯაროდ ქადაგებასთან დაკავშირებით ჩვენ ვკითხულობთ: „ხალხი გაოცებული დარჩა მისი მოძღვრებით“ (მათე 7:28). სხვა შემთხვევისას, ჯარისკაცები, რომლებიც გააგზავნეს იესოს შესაპყრობად, უკან გაბრუნდნენ და თქვეს: „არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს“ (იოანე 7:46). რამ გახადა იესოს სწავლება ასე ქმედითი? ემოციურობამ? — არა; იესო საუბრობდა ღირსებით. ის ყოველთვის მიზნად ისახავდა მისწვდომოდა თავისი მსმენელების გულებს. იმიტომ, რომ ის ყურადღებით ეპყრობოდა ადამიანებს, მან იცოდა, თუ როგორ წაეხალისებინა ისინი. ის იყენებდა ცოცხალ, მარტივ მაგალითებს, რომლებიც ასახავდა ყოველდღიური ცხოვრების რეალობას (მათე 13:34). მსგავსად, მათ, ვინც ასრულებს დავალებას კრებებზე, უნდა მიბაძონ იესოს იმით, რომ შეთავაზება გააკეთონ თბილად, ენთუზიაზმით, რომ აღძრან მსმენელები. იესოს მსგავსად, ჩვენ შეგვიძლია მიზნად დავისახოთ, რომ გამოვიყენოთ შესაბამისი მაგალითები, რომლებიც ჩვენი მსმენელის გულამდე მიაღწევს.
8. როგორ ამხნევებდა იესო თავისი მაგალითით მსმენელებს, რომ ემოქმედათ და რაში შეგვიძლია მივბაძოთ მას ამასთან დაკავშირებით?
8 ღვთისადმი მსახურებაში თითოეული ჩვენგანის მაგალითი სხვებისთვის წამახალისებელი უნდა იყოს. იესო თავის მსმენელებს ამხნევებდა რომ ემოქმედათ. მას უყვარდა ქრისტიანული მსახურება და პირველ ადგილზე აყენებდა მას. მან ეს საკვებს შეადარა (იოანე 4:34; რომაელთა 11:13). ასეთი ენთუზიაზმი შეიძლება გადამდები იყოს. შეგიძლია თუ არა იესოს მსგავსად შენც გამოავლინო მსახურებაში სიხარული? როდესაც კრების წევრებს უზიარებ კარგ შემთხვევებს, მოერიდე ტრაბახს. როდესაც სხვებთან თანამშრომლობ, დაუკვირდი, იქნებ შეგიძლია დაეხმარო მათ, რომ ჭეშმარიტი სიამოვნება იგრძნონ ღვთის, ჩვენი დიდებული შემოქმედის შესახებ საუბრით (იგავნი 25:25).
9. ა) რომელია სხვების წამახალისებელი ზოგიერთი მეთოდი, რომელსაც უნდა მოვერიდოთ და რატომ? ბ) რამ უნდა წაგვახალისოს, რომ ვემსახუროთ იეჰოვას?
9 მაგრამ იყავი ფრთხილად, რომ სხვები არასწორად არ წაახალისო. მაგალითად, ჩვენ, შესაძლოა, უნებლიედ სხვებს დამნაშავედ ვაგრძნობინოთ თავი იმის გამო, რომ უფრო მეტს არ აკეთებენ. ან იმით, რომ მათ უნებურად შევადარებთ უფრო აქტიურებს და ამით უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენებთ, ან შეიძლება დავაწესოთ ნორმები და გავკიცხოთ ისინი, ვინც არ შეესაბამება ამ ნორმებს. ამ მეთოდებიდან ზოგიერთმა შეიძლება დროებით წაახალისოს ისინი, მაგრამ პავლეს არ დაუწერია ‘წაახალისეთ დანაშაულის გრძნობისა და კეთილი საქმეებისთვის’. არა, ჩვენ ერთმანეთი უნდა წავახალისოთ სიყვარულისთვის, ასეთ კარგ წახალისებას მოჰყვება კარგი მოტივებიდან გამომდინარე საქმეებიც. არავის უნდა ამოქმედებდეს ძირითადად იმაზე ფიქრი, თუ რა წარმოდგენა შეექმნებათ მის შესახებ კრების წევრებს, თუ მოლოდინს ვერ გაამართლებს (შეადარე 2 კორინთელთა 9:6, 7).
10. რატომ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ არ ვართ სხვის რწმენაზე დაუფლებულები?
10 ერთიმეორის წახალისება არ ნიშნავს იმას, რომ კონტროლი გავუწიოთ ერთმანეთს. თუმცა პავლე მოციქულს საკმაოდ ჰქონდა ღვთისგან ბოძებული ავტორიტეტი, მან თავმდაბლურად შეახსენა კორინთის კრებას: ‘ჩვენ არ ვუფლობთ თქვენს რწმენაზე’ (2 კორინთელთა 1:24). პავლეს მსგავსად თუ ჩვენც თავმდაბლურად ვაღიარებთ, რომ ჩვენი მოვალეობა არ არის დავადგინოთ, რამდენი უნდა გააკეთონ სხვებმა იეჰოვასადმი მსახურებაში და არც ის არის ჩვენი მოვალეობა, რომ ვმართოთ მათი სინდისი სხვა პირადი გადაწყვეტილებების მიღებისას, მაშინ მოვერიდებით, გავხდეთ „ზედმეტად მართალი“, უსიხარულო, მკაცრი, ნეგატიური ან წესების დამკანონებელი (ეკლესიასტე 7:16). ასეთი თვისებები არ არის წამახალისებელი; ისინი გულს უმძიმებენ ადამიანს.
11. რამ აღძრა ისრაელები, რომ გაეღოთ შესაწირავი კარვის აგებისთვის და რით შეესაბამება ეს ჩვენს პერიოდს?
11 ჩვენ გვსურს, რომ იეჰოვასადმი მსახურებას მთელი ძალისხმევა მოვახმაროთ, ისეთივე სულიერი მისწრაფებით, როგორიც ძველი დროის ისრაელებმა გამოიჩინეს, როდესაც საჭირო იყო შესაწირავების მიტანა კარვის ასაშენებლად. გამოსვლის 35:21-ში ვკითხულობთ: „მივიდნენ სათითაოდ, ვისაც კი გულმა გაუწია და ვინც სულით აღიძრა, და მიიტანეს საუფლო ძღვენი სადღესასწაულო კარვის მოსაწყობად“. ისინი იძულებით კი არ აკეთებდნენ ამას, რაღაც გარეშე ძალის ზეგავლენით, არამედ გულიდან გამომდინარე შინაგანი სურვილით. სინამდვილეში, ებრაულში სიტყვასიტყვით ნათქვამია, რომ ყველამ „სათითაოდ, ვინც კი აღფრთოვანებული გულით“ გაიღო ასეთი შესაწირავი (კურსივი ჩვენია). ასე რომ, შევეცადოთ, როცა კი ერთად ვიქნებით გავამხნევოთ ერთმანეთი, რომ აღფრთოვანება იგრძნოს თითოეულის გულმა. დანარჩენს კი იეჰოვას სული გააკეთებს.
‘გავამხნევოთ ერთმანეთი’
12. ა) რომელია ბერძნული სიტყვის ზოგიერთი მნიშვნელობა, რომელიც გადმოითარგმნა სიტყვით „გამხნევება“? ბ) როგორ განიცადეს მარცხი იობის მეგობრებმა მის გამხნევებაში? გ) რატომ არ უნდა განვსაჯოთ ერთმანეთი?
12 როდესაც პავლე წერდა, რომ ჩვენ უნდა ‘გავამხნევოთ ერთმანეთი’, გამოიყენა ბერძნული სიტყვა „პა·რა·კა·ლეʹო“, რომელიც ასევე შეიძლება ნიშნავდეს „გაძლიერებას, ნუგეშისცემას“. ბერძნული სეპტუაგინტის ვერსიაში ეს სიტყვა გამოყენებულია იობის 29:25-შიც, სადაც იობი აღწერილია, როგორც მგლოვიარეთა მანუგეშებელი პიროვნება. ცხოვრების ირონია იყო ის ფაქტი, რომ როდესაც თავად იობს დაატყდა თავს მძიმე განსაცდელი, ის არავის გაუმხნევებია. მისი სამი „ნუგეშისმცემელი“ იმდენად გაიტაცა იობის გასამართლებამ და დამოძღვრამ, რომ ვერც გაუგეს მას და არც თანაგრძნობა გამოუმჟღავნებიათ მის მიმართ. სინამდვილეში, მათ საუბრის დროს ერთხელაც არ მიუმართავთ იობისთვის სახელით (შეადარე იობის 33:1, 31). როგორც ჩანს, ისინი პრობლემის მიღმა ადამიანს ვერ ამჩნევდნენ. არ არის გასაკვირი, თუ რატომ უთხრა მათ იობმა იმედგაცრუებულად: „ჩემს ადგილზე რომ ყოფილიყავით“! (იობი 16:4). ასეა დღესაც, თუ ჩვენ გვსურს სხვები გავამხნევოთ, აუცილებელია თანაგრძნობა! ნუ გაასამართლებ. რომაელთა 14:4-ში ნათქვამია: „ვინ ხარ შენ, სხვისი მონის განმკითხველო? თავისი უფლის წინაშე იგი დგას ან ეცემა, მაგრამ წამოყენებული იქნება, ვინაიდან ღმერთს ძალუძს მისი წამოყენება“.
13, 14. ა) რომელ ძირითად ჭეშმარიტებაში უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ძმები და დები ნუგეშისცემის მიზნით? ბ) როგორ „გამაგრდა“ დანიელი ანგელოზის მეშვეობით?
13 მეორე თესალონიკელთა 2:16, 17-ში სიტყვის „პა·რა·კა·ლეʹო“-ს ფორმა და მისი მონათესავე არსებითი სახელი ითარგმნება სიტყვით „ნუგეში“: „ხოლო თავად ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და მოგვმადლა მარადიული ნუგეში და კეთილი იმედი, ანუგეშოს თქვენი გულები და განგამტკიცოთ ყოველ კეთილ საქმესა და სიტყვაში“. ყურადღება მიაქციე იმას, რომ პავლემ გულის ნუგეშთან დააკავშირა ძირითად ჭეშმარიტებაზე ფიქრი, რომ იეჰოვას ვუყვარვართ ჩვენ. ასევე, ჩვენც შეგვიძლია გავამხნევოთ და ვანუგეშოთ ერთმანეთი იმით რომ მხარს დავუჭერთ ამ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას.
14 ერთხელ დანიელ წინასწარმეტყველი დამწუხრებული იყო თავზარდამცემი ხილვის გამო, მან თქვა: „სახეზე მკვდრის ფერი დამედო და ძალა ვეღარ მოვიკრიბე“. იეჰოვამ გაუგზავნა მას ანგელოზი, რომელმაც რამდენჯერმე შეახსენა, რომ „სათნო“ იყო უფლის თვალში. რა იყო შედეგი? დანიელმა თქვა: „გავმაგრდი“ (დანიელი 10:8, 11, 19).
15. როგორ უნდა გააწონასწორონ უხუცესებმა და მიმომსვლელმა ზედამხედველებმა შექება და შენიშვნების მიცემა?
15 კიდევ სხვა საშუალება არსებობს ადამიანების გასამხნევებლად. შეაქე ისინი! ძალიან იოლია დაუშვა შეცდომა იმით, რომ სხვების მიმართ კრიტიკული, უხეში იყო. რასაკვირველია, ზოგჯერ მითითებების მიცემა გვესაჭიროება, განსაკუთრებით უხუცესებისა და მიმომსვლელი ზედამხედველების მიერ. მაგრამ კარგია, როდესაც მათ იხსენიებენ, როგორც გულთბილი გამხნევების მომცემთ და არა როგორც გამსამართლებლებს.
16. ა) როდესაც ვამხნევებთ დეპრესიაში მყოფთ, ხშირად, რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ მოწოდება, რომ უფრო მეტად დაიტვირთონ იეჰოვასადმი მსახურებაში? ბ) როგორ დაეხმარა ღმერთი დეპრესიაში მყოფ ელიას?
16 განსაკუთრებით მათ ესაჭიროებათ გამხნევება ვინც დეპრესიაშია, და იეჰოვა ჩვენგან მოელის, რომ მათთვის ვიყოთ გამხნევების წყარო — განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ უხუცესები ვართ (იგავნი 21:13). რისი გაკეთება შეგვიძლია? საეჭვოა, მხარში ამოდგომა იყოს ის, თუ უბრალოდ ვეტყვით, რომ უფრო მეტი გააკეთონ იეჰოვასადმი მსახურებაში. რატომ? ასეთმა სიტყვებმა შეიძლება იმ აზრამდე მიიყვანოს, რომ დეპრესიის გამომწვევი მიზეზი არის იეჰოვასადმი არასაკმარისი მსახურება. სინამდვილეში კი ასე არაა. წინასწარმეტყველი ელია ერთხელ იმდენად მძიმე დეპრესიაში იყო, რომ სიკვდილი უნდოდა; ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ელია უზომოდ იყო დატვირთული იეჰოვასადმი მსახურებაში. როგორ მოეპყრო მას იეჰოვა? მან ანგელოზი გაუგზავნა ელიას, რომ დახმარებოდა. ელიამ მთელი გრძნობები გადაუშალა იეჰოვას, უთხრა რომ თავს ისეთივე არარაობად გრძნობდა, როგორებიც მისი მკვდარი წინაპრები იყვნენ, რომ მისი საქმე ფუჭი იყო და რომ სრულიად მარტო იყო მთელ დედამიწაზე. იეჰოვამ მოუსმინა ელიას და იმით ანუგეშა, რომ უჩვენა თავისი ძალის შიშისმომგვრელი დემონსტრირება და დაარწმუნა, რომ არ იყო ეული და ის საქმე, რომელიც წამოიწყო, აუცილებლად დასრულდებოდა. იეჰოვამ ასევე აღუთქვა, რომ მისცემდა თანამშრომელს, რომელსაც ელია მოამზადებდა იმისთვის, რომ საბოლოოდ მისი საქმე გაეგრძელებინა (მესამე მეფეთა 19:1–21).
17. როგორ შეუძლია უხუცესს გაამხნევოს ის პიროვნება, რომელიც უკიდურესად კრიტიკულია საკუთარი თავის მიმართ?
17 რაოდენ გამამხნევებელია! დაე, ჩვენც მსგავსად გავამხნევოთ ისინი, ვინც ჩვენს შორის იმყოფება და ემოციურად უჭირს. შევეცადოთ გავუგოთ მათ იმით, რომ მოვუსმენთ! (იაკობი 1:19). შესთავაზე მათთვის აუცილებელი სანუგეშო სიტყვები საღვთო წერილიდან (იგავნი 25:11; 1 თესალონიკელთა 5:14). ვინც უკიდურესად კრიტიკულია საკუთარი თავის მიმართ, დაე, უხუცესებმა, გამხნევების მიზნით, შესთავაზონ ბიბლიური რჩევა, რომელიც ცხადყოფს, რომ იეჰოვას უყვარს თითოეული მათგანი და აფასებს მათa. გამოსასყიდის შესახებ საუბარი, შესაძლოა საუკეთესო საშუალება იყოს მათ გასამხნევებლად, რომლებიც არარაობად გრძნობენ თავს. მათთვის, ვინც გულდამძიმებულია წარსულში ჩადენილი ცოდვის გამო, კარგი იქნებოდა დაენახვებინათ, რომ გამოსყიდვამ იმ შემთხვევაში უკვე განწმინდა ისინი, თუ გულწრფელად მოინანიეს და სავსებით უარყვეს მსგავსი მოქმედება (ესაია 1:18).
18. როგორ უნდა გამოიყენებოდეს მოძღვრება გამოსყიდვის შესახებ ისეთი პიროვნებების გასამხნევებლად, რომლებიც ვიღაცის მსხვერპლი იყვნენ, მაგალითად, გააუპატიურეს?
18 რასაკვირველია, ყოველი კონკრეტული შემთხვევისას უხუცესს ესაჭიროება დაფიქრდეს, თუ როგორ გამოიყენოს მართებულად გამოსყიდვის შესახებ მოძღვრება. განვიხილოთ მაგალითი: მოსეს რჯულის თანახმად, ცოდვების მისატევებლად საჭირო იყო ცხოველური შესაწირავები, რაც ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის პირველსახე იყო (ლევიანნი 4:27, 28). მაგრამ რჯულში არ ყოფილა ისეთი პირობა, რომ პიროვნებას, რომელიც გააუპატიურეს, უნდა მიეტანა ცოდვების ასეთი მისატევებელი მსხვერპლი. რჯული ამბობს, რომ დასჯის მიზნით მისთვის ‘არაფერი უნდა დაეშავებინათ’ (მეორე რჯული 22:25–27). ასეა დღესაც, თუ რომელიმე დას თავს დაესხნენ და გააუპატიურეს, რამაც აიძულა ის თავი უწმიდურად და უღირსად ეგრძნო, ნუთუ შესაფერისი იქნებოდა მასთან გამოსყიდვის შესახებ საუბარი, რომ ამ გამოსყიდვამ ცოდვისგან განწმინდა ის? რასაკვირველია, არა. მას ცოდვა არ ჩაუდენია იმით, რომ მას თავს დაესხნენ. ცოდვა ჩაიდინა მოძალადემ და ამიტომაც მას ესაჭიროება განწმენდა. მაგრამ იეჰოვასა და იესოს სიყვარული, რომელიც გამოსყიდვაში გამოვლინდა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც იმის მტკიცება, რომ სხვის მიერ ცოდვის ჩადენის მიუხედავად ღვთის თვალში ძალადობის მსხვერპლი არ გაუწმიდურებულა. ის არის ძვირფასი იეჰოვასთვის და იეჰოვას უყვარს ის (შეადარე მარკოზის 7:18–23; 1 იოანე 4:16).
19. რატომ არ უნდა მოველოდეთ, რომ ჩვენს ძმებსა და დებთან ურთიერთობა ყოველთვის გამამხნევებელი იქნება და როგორი უნდა იყოს ჩვენი გადაწყვეტილება?
19 დიახ, როგორიც არ უნდა იყოს ადამიანის ცხოვრების პირობები ან როგორი მძიმე და ბნელი წარსულიც არ უნდა ჰქონოდა, უნდა შეეძლოს, რომ გამხნევება ჰპოვოს იეჰოვას ხალხის კრებაში. ამას შეძლებს, თუ ჩვენ პირადად ვისწრაფით, რომ ყურადღებით მოვეპყროთ ერთმანეთს, წავახალისოთ და გავამხნევოთ ერთმანეთი, როდესაც ერთად ვიკრიბებით. რადგან არასრულყოფილები ვართ, ყოველთვის ვერ ვაკეთებთ ამას. გარდაუვალია, რომ ზოგჯერ ჩვენი უნებლიე მოქმედებით სხვას გულს ვუტეხთ და ტკივილს ვაყენებთ. შეეცადე, რომ ყურადღება არ გაამახვილო სხვის ასეთ შეცდომებზე. თუ შენ ყურადღებას ამახვილებ შეცდომებზე, საშიშროების წინაშე დგახარ, რომ გახდე ზედმეტად კრიტიკული კრებაში და, შეიძლება, სწორედ იმ ხაფანგში მოხვდე, რის შესახებაც იძლეოდა გაფრთხილებას პავლე და ცდილობდა დაგვხმარებოდა, რომ მოვრიდებოდით ამას, კერძოდ: არ მივატოვოთ შესაკრებლი. დაე, არასოდეს მოხდეს ეს! რადგან ეს ძველი ქვეყნიერება გახდა უფრო საშინელი და დესპოტური, დაე, მტკიცე გადაწყვეტილებით ვიყოთ აღსავსე, რომ მთელი ძალებით შევეცადოთ, რათა ჩვენი ურთიერთობა შეხვედრებზე სასიხარულო იყოს — მით უმეტეს, რაც უფრო მეტად ვატყობთ იეჰოვას დღის მოახლოებას!
[სქოლიოები]
a უხუცესმა ასეთ პიროვნებასთან განხილვის მიზნით უნდა ამოარჩიოს შესაფერისი სტატიები ჟურნალებიდან „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ — მაგალითად, სტატიები: „შენ შეგიძლია ჰპოვო ნუგეში მწუხარების ჟამს“ (1992 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“. გვერდი 19 [რუს.] ) და „უარყოფითი ემოციები — როგორ შეიძლება მათი დაძლევა“ (1992 წლის 8 ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“, გვერდი 5 [რუს.] ).
როგორ უპასუხებდი?
◻ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი შეხვედრები და ურთიერთობები ამ უკანასკნელ დღეებში გამამხნევებელი იყოს?
◻ რას ნიშნავს ყურადღებით მოვეპყროთ ერთმანეთს?
◻ რას ნიშნავს წავახალისოთ ერთმანეთი?
◻ რას ნიშნავს გავამხნევოთ ერთმანეთი?
◻ როგორ შეიძლება გულგატეხილი და დეპრესიაში მყოფი პიროვნების გამხნევება?
[სურათი მე-16 გვერდზე]
სტუმართმოყვარეობა გვეხმარება, რომ უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი.
[სურათი მე-18 გვერდზე]
როდესაც ელია დეპრესიაში იყო, იეჰოვამ გულთბილად ანუგეშა.