ტიტე — ‘თანამშრომელი თქვენთან’
პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში ზოგჯერ პრობლემები იყო. საჭირო იყო მათი გადაჭრა; ეს კი გაბედულებასა და მორჩილებას ითხოვდა. ასეთ პრობლემებს შესანიშნავად გაუმკლავდა ტიტე; პავლე მოციქულის თანამშრომელი ძალებს არ იშურებდა იეჰოვას ნების თანახმად მოქცევაში სხვების დასახმარებლად. ამიტომ მისწერა პავლემ კორინთელებს, რომ ტიტე ‘თანამშრომელი იყო მათთან’ (2 კორინთელთა 8:23).
ვინ იყო ტიტე? რა როლს ასრულებდა პრობლემების გადაჭრაში? რა შეგვიძლია ვისწავლოთ მისგან?
წინადაცვეთის საკითხი
ტიტე წინადაუცვეთელი ბერძენი იყო (გალატელთა 2:3)a. პავლემ მას უწოდა ‘ნამდვილი შვილი საერთო რწმენაში’ და ამიტომ სავარაუდოა, რომ ტიტე მოციქულის ერთ-ერთი სულიერი შვილი იყო (ტიტე 1:4; შეადარეთ 1 ტიმოთე 1:2). ტიტე ახლდა პავლეს, ბარნაბას, ანტიოქელებსა და სირიელებს დაახლოებით ახ. წ. 49 წელს წინადაცვეთის საკითხის გასარჩევად იერუსალიმში მგზავრობისას (საქმეები 15:1, 2; გალატელთა 2:1).
იერუსალიმში ირჩეოდა წარმართთა წინადაცვეთის საკითხი და ამიტომ, რჩევის თანახმად, თან წაიყვანეს ტიტეც იმის საჩვენებლად, რომ როგორც ებრაელებს, ისე სხვა ერის წარმომადგენლებსაც შეეძლოთ ღვთის კეთილგანწყობილება მოეპოვებინათ, მიუხედავად იმისა, წინადაცვეთილები იყვნენ თუ წინადაუცვეთელები. იერუსალიმის კრების ზოგი წევრი, რომლებიც ქრისტიანობამდე ფარისევლები იყვნენ, ირწმუნებოდა, რომ წარმართთაგან ქრისტიანობაზე მოქცეულთ მოსეს რჯულის დაცვა და წინადაცვეთა ევალებოდათ, მაგრამ მათი აზრი უარყვეს. ტიტესა და სხვათა იძულება წინადაცვეთის საკითხში რჯულის საქმეების კი არა, ღვთის მადლითა და იესო ქრისტესადმი რწმენით ხსნის უარყოფა იქნებოდა. ეს ასევე იმ ფაქტის უარყოფაც იქნებოდა, რომ წარმართებმა ანუ სხვა ერის წარმომადგენლებმა ღვთის სულიწმიდა მიიღეს (საქმეები 15:5–12).
კორინთში წარგზავნა
წინადაცვეთის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ პავლესა და ბარნაბას წარმართებთან ქადაგება დაევალათ. ამავე დროს, ისინი ღარიბებსაც არ ივიწყებდნენ (გალატელთა 2:9, 10). დაახლოებით ექვსი წლის შემდეგ დაწერილ ღვთის მიერ შთაგონებულ წერილში ტიტე ისევ მოხსენიებულია როგორც პავლეს წარგზავნილი კორინთში წმიდათათვის შესაგროვებლად. დავალების შესასრულებლად წასულ ტიტეს სულ სხვა, დაძაბული მდგომარეობა, დაუხვდა იქ.
პავლეს წერილში კორინთელთა მიმართ თავიდანვე იყო ნათქვამი, რომ ‘არ ჰქონოდათ ურთიერთობა გარყვნილ ხალხთან’. პავლეს იმის დაწერაც მოუწია, რომ მოუნანიებელი გარყვნილი გაერიცხათ. დიახ, პავლემ მკაცრი წერილი მისწერა მათ „უამრავი ცრემლით“ (1 კორინთელთა 5:9–13; 2 კორინთელთა 2:4). სწორედ იმ დროს გაიგზავნა ტიტე კორინთში, რომ დახმარება გაეწია შეგროვებაში, რაც იუდეაში გაჭირვებული ქრისტიანებისთვის იყო გათვალისწინებული. სავარაუდოა, რომ მის დავალებაში პავლეს წერილზე კორინთელთა გამოხმაურებაზე დაკვირვებაც შედიოდა (2 კორინთელთა 8:1–6).
როგორი რეაგირება ექნებოდათ კორინთელებს პავლეს რჩევაზე? შეფიქრიანებულმა პავლემ ტიტე ეფესოდან ეგეოსის ზღვის გავლით კორინთში იმ მითითებით გაგზავნა, რომ იქაური ამბები რაც შეიძლება მალე შეეტყობინებინა მისთვის. თუ ტიტე დავალების შესრულებას საზამთროდ გემების მიმოსვლის შეჩერებამდე (ნოემბრის შუა რიცხვებამდე) მოასწრებდა, გემით გაემგზავრებოდა ტროაში, თუ არა და ხმელეთით უფრო დიდ გზაზე, დარდანელის გავლით, მოუწევდა მგზავრობა. პავლეს ეფესოს დატოვება ვერცხლის მჭედლების მიერ გამოწვეული არეულობის გამო დროზე ადრე მოუწია და, თავისთავად, ტროაში შეხვედრისთვის დათქმულ ადგილას ადრე მივიდა. ტროაში გულისგამაწვრილებელი ლოდინის შემდეგ პავლე მიხვდა, რომ ტიტე ზღვით არ მოვიდოდა. ამიტომ გადაწყვიტა მის შესახვედრად ხმელეთით გამგზავრებულიყო. და რაკი ევროპაში იყო ეგნაციოს გზით წავიდა და ბოლოს მაკედონიაში შეხვდა ტიტეს. პავლეს სანუგეშოდ და სასიხარულოდ, კორინთიდან ცნობა კარგი იყო. კრება კეთილგანწყობილებით შეხვდა მოციქულის რჩევას (2 კორინთელთა 2:12, 13; 7:5–7).
პავლე ნერვიულობდა, არ იცოდა, როგორ შეხვდებოდნენ მის წარგზავნილს, მაგრამ დავალების შესრულებაში ტიტეს ღმერთი დაეხმარა. ტიტე მიიღეს „მოშიშებით და თრთოლვით“ (2 კორინთელთა 7:8–15). კომენტატორ უ. დ. თომასის სიტყვების თანახმად, „შეგვიძლია დავუშვათ, რომ [ტიტეს] პავლეს კიცხვა არ შეურბილებია, ისე ესაუბრებოდა კორინთელებს მთელი გონიერებითა და ტაქტით; არწმუნებდა მათ, რომ პავლე ასეთი წერილით მხოლოდ მათ სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნავდა“. ამასობაში ტიტეს შეუყვარდა კორინთელი ქრისტიანები მათი მორჩილი სულისა და დადებითი ცვლილებების გამო. მათმა საქებარმა პოზიციამ ძალიან გაამხნევა ის.
რა შეიძლება ითქვას კორინთში ტიტეს გაგზავნის მეორე მიზანზე, იუდეის წმინდანებისთვის შეგროვებაზე? ამასთან დაკავშირებით ტიტეს მოღვაწეობა მოხსენიებულია კორინთელთა მეორე წერილში. სავარაუდოა, რომ წერილი დაწერილია მაკედონიაში ახ. წ. 55 წლის შემოდგომაზე, ტიტესა და პავლეს შეხვედრიდან მცირე ხნის გასვლის შემდეგ. პავლე წერდა, რომ ტიტე, რომელმაც ორგანიზება გაუწია შეგროვებას, საქმის დასასრულებლად კვლავ იქით გაიგზავნა ორ დამხმარესთან ერთად (მათი სახელები ცნობილი არაა). კორინთელებით გულწრფელად დაინტერესებული ტიტე სიხარულით გაემგზავრა უკან. კორინთში ჩასვლისას, როგორც ჩანს, პავლეს ღვთის მიერ შთაგონებული მეორე წერილი მიჰქონდა მათთვის (2 კორინთელთა 8:6, 17, 18, 22).
ტიტე არა მხოლოდ კარგი ორგანიზატორი იყო, არამედ ისეთი თვისებებიც ჰქონდა, რომ სირთულეების დროს მისთვის მეტად ფაქიზი დავალებების მინდობაც შეიძლებოდა. ის იყო გაბედული, წინდახედული და მტკიცე. პავლეს, როგორც ჩანს, ტიტე ისეთი პრობლემების მოგვარების შემძლედ მიაჩნდა, რომლებიც გამოწვეული იყო კორინთის ‘მაღალი მოციქულების’ მიერ (2 კორინთელთა 11:5). ტიტეზე ასეთი შეხედულება კიდევ უფრო მტკიცდება, როდესაც ბიბლიაში მის კიდევ ერთ მნიშვნელოვან დავალებაზე ვკითხულობთ.
კუნძულ კრეტაზე
სავარაუდოა, რომ ახ. წ. 61—64 წლებში პავლემ წერილი გაუგზავნა ტიტეს, რომელიც იმ დროისთვის ხმელთაშუა ზღვის კუნძულ კრეტაზე მსახურობდა. პავლემ ის იქ იმიტომ დატოვა, რომ ‘დაესრულებინა დაუსრულებელი’ და ‘ყველა ქალაქში ხუცესები დაეყენებინა’. საერთოდ, კრეტელებს ჰქონდათ ‘ცრუების, ბოროტი მხეცების, უქნარა სტომაქების’ სახელი. ამიტომაც იყო ტიტე საჭირო კრეტაში, რომ გაბედულად და მტკიცედ ემოქმედა (ტიტე 1:5, 10–12). ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო დავალება იყო, რადგან ქრისტიანების მომავალს წყვეტდა კუნძულზე. ღვთის დახმარებით, პავლე მხარში ამოუდგა ტიტეს და ზუსტად მიუთითა, თუ მომავალ ზედამხედველებში რისთვის მიექცია ყურადღება. ეს თვისებები დღესაც გასათვალსწინებელია ქრისტიანი უხუცესების დანიშვნასთან დაკავშირებით.
ბიბლიაში არაა მოხსენიებული, თუ როდის დატოვა ტიტემ კრეტა. როგორც ჩანს, საკმაო ხანი დაჰყო იქ, რადგან პავლემ სთხოვა ეზრუნა ზენასსა და აპოლოზე, რომლებიც მგზავრობისას განუსაზღვრელი დროით შეისვენებდნენ იქ. მაგრამ ტიტეს ძალიან დიდხანს არ მოუწია კუნძულზე გაჩერება. პავლე აპირებდა, გაეგზავნა იქ არტემასი ან ტვიქიკოსი, რომ თვითონ ტიტეს შეხვედროდა ნიკოპოლისში, როგორც ჩანს, იმ დროისთვის საბერძნეთის ჩრდილო-დასავლეთის ცნობილ ქალაქში (ტიტე 3:12, 13).
ტიტეზე ბიბლიაში გაკვრით მოხსენიებული ბოლო ცნობით ვგებულობთ, რომ დაახლოებით ახ. წ. 65 წელს პავლემ ის კიდევ სხვა დავალების შესასრულებლად გაგზავნა. ახალი დანიშნულება იყო დალმატიაში, ადრიატიკის ზღვის აღმოსავლეთით, დღევანდელ ხორვატიაში (2 ტიმოთე 4:10). ჩვენთვის ცნობილი არაა, რას აკეთებდა ტიტე იქ, მაგრამ, როგორც ვარაუდობენ, კრების საქმეების მოსაგვარებლად და მისიონერული მოღვაწეობისთვის იყო გაგზავნილი. თუ მართლაც ასე იყო, ტიტეს იქ ისეთივე დატვირთვა ექნებოდა, როგორიც კრეტაზე ჰქონდა.
ჩვენ უსაზღვროდ მადლიერები ვართ, რომ გვყავს ტიტეს მსგავსი გამოცდილი ქრისტიანი ზედამხედველები. მათ ღრმად ესმით ბიბლიური პრინციპები და ყოველთვის გაბედულად იყენებენ მათ, რაც კრების სულიერობას იცავს. მივბაძოთ მათ რწმენას და თანამორწმუნეებთან ვიყოთ ტიტეს მსგავსი (ებრაელთა 13:7).
[სქოლიო]
a გალატელთა 2:3-ში ტიტე ბერძენად (ჰელენ) არის მოხსენიებული. ეს შეიძლება მის ბერძნულ წარმოშობაზე მიანიშნებდეს. მაგრამ არსებობს თვალსაზრისი, რომ ზოგი ბერძენი მწერალი მრავლობითის ფორმას (ჰელენის) იყენებდა ბერძნულად მოლაპარაკე და ბერძნული კულტურის მქონე სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან დაკავშირებით. სავსებით შესაძლებელია, რომ ტიტე ამ გაგებით ყოფილიყო ბერძენი.
[სურათი 31 გვერდზე]
ტიტე გაბედული თანამშრომელი იყო როგორც კორინთელი ქრისტიანებისთვის, ისე ყველასთვის.