მიძღვნა და არჩევნის თავისუფლება
„თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ“ (გალატელთა 5:1).
1. რას ეხება ძირითადად „მიძღვნად“ და „კურთხევად“ გადათარგმნილი ებრაული და ბერძნული სიტყვები?
ბიბლიის მწერლებმა რამდენიმე ებრაული და ბერძნული სიტყვა გამოიყენეს, რომ წმინდა მიზნისთვის გამოყოფა ანუ გამოცალკევება გამოეხატათ. ქართულ ბიბლიებში ეს სიტყვები „მიძღვნად“ და „კურთხევად“ არის გადათარგმნილი. ზოგჯერ ისინი ნაგებობებთან, ხშირ შემთხვევაში კი ძველი იერუსალიმის ღვთის ტაძართან და იმ თაყვანისცემასთან დაკავშირებით გამოიყენება, რომელსაც იქ ასრულებდნენ. ეს სიტყვები იშვიათად უკავშირდება არარელიგიურ საკითხებს.
‘ისრაელის ღმერთისადმი’ მიძღვნა
2. რატომ შეიძლებოდა იეჰოვასთვის სამართლიანად ეწოდებინათ ‘ისრაელის ღმერთი’?
2 ღმერთმა ძვ. წ. 1513 წელს ისრაელები ეგვიპტის მონობიდან გაათავისუფლა. მცირე ხნის შემდეგ მათთან კავშირი დადო და ისინი განსაკუთრებულ ერად გამოარჩია. მათ ღმერთმა ასეთი სიტყვებით მიმართა: «ამიერიდან თუ შეისმენთ ჩემს სიტყვას და დაიცავთ ჩემს აღთქმას [„კავშირს“, აქ], ჩემს საკუთრებად გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა» (გამოსვლა 19:5; ფსალმუნი 134:4). მას შემდეგ, რაც იეჰოვამ ისრაელი თავის საკუთრებად გამოარჩია, მას სამართლიანად უწოდებდნენ ‘ისრაელის ღმერთს’ (იესო ნავეს ძე 24:23).
3. რატომ არ იყო იეჰოვა მიკერძოებული, როდესაც ისრაელს თავის ერად ირჩევდა?
3 ისრაელის თავის მიძღვნილ ერად ამორჩევისას იეჰოვა მიკერძოებული არ ყოფილა, რამეთუ ის არაისრაელებზეც სიყვარულით ზრუნავდა. მან თავის ერს ასეთი მითითება მისცა: „თუ დაგიდგება მდგმურად ვინმე თქვენს ქვეყანაში, ნუ შეავიწროვებ მას. როგორც მკვიდრი, ერთი თქვენთაგანი, ისე იყოს თქვენთვის თქვენს შორის მდგმურად დამდგარი კაცი. გიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი. რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი“ (ლევიანნი 19:33, 34). საუკუნეების შემდეგ ღვთის თვალსაზრისმა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა პეტრე მოციქულზე, რომელმაც განაცხადა: „ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).
4. რა პირობებს ითვალისწინებდა ღმერთთან ისრაელის დამოკიდებულება და დაიცვეს თუ არა ისრაელებმა ისინი?
4 ყურადღება მიაქციეთ ასევე, რომ ღვთისადმი მიძღვნილ ხალხად ყოფნა პირობითი იყო. ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდნენ მისი ‘საკუთრება’, თუ ღვთის სიტყვას შეისმენდნენ და მის კავშირს დაიცავდნენ. სამწუხაროდ, ისრაელებმა არ შეასრულეს ეს მოთხოვნები. ღვთის მიერ გამოგზავნილი მესიის უარყოფით ახ. წ. პირველ საუკუნეში მათ თავიანთი უპირატესობა დაკარგეს. იეჰოვა მეტად აღარ იყო ‘ისრაელის ღმერთი’. ხორციელი ისრაელები აღარ იყვნენ ღვთისადმი მიძღვნილები (შეადარე მათე 23:23).
‘ღვთის ისრაელის’ მიძღვნა
5, 6. ა) რას გულისხმობდა მათეს 21:42, 43-ში ჩაწერილი იესოს წინასწარმეტყველური სიტყვები? ბ) როდის და როგორ ჩამოყალიბდა ‘ღვთის ისრაელი’?
5 ნიშნავდა ეს, რომ იეჰოვას მიძღვნილი ხალხი აღარ ეყოლებოდა? არა. ფსალმუნებიდან ციტირებით იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა: „ნუთუ არასოდეს არ წაგიკითხავთ წერილებში: ‘ლოდი, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისაგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში’? ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღვთის სასუფეველი და მიეცემა ერს, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს“ (მათე 21:42, 43).
6 ‘ერი, რომელმაც მისი ნაყოფი გამოიღო’, ქრისტიანული კრება აღმოჩნდა. პირველი პიროვნებები, რომლებიც მომავალში მისი წევრები გახდებოდნენ, იესომ დედამიწაზე ცხოვრების დროს ამოარჩია. მაგრამ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პირველ წევრებზე, დაახლოებით ას ოც მოწაფეზე, სულიწმიდის მოფენით იეჰოვა ღმერთმა თვითონ დააარსა ქრისტიანული კრება (საქმეები 1:15; 2:1–4). როგორც მოგვიანებით მოციქულმა პეტრემ დაწერა, ეს ახლად ჩამოყალიბებული კრება ‘რჩეულ მოდგმად, სამეფო სამღვდელოებად, წმინდა ერად და წილხვედრილ ხალხად’ იქცა. რა მიზნით იყვნენ ისინი ამორჩეული? მათ უნდა ‘გამოეცხადებინათ იმისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი ნათლისკენ გამოიხმო ისინი’ (1 პეტრე 2:9). ქრისტეს მიმდევრები, ღვთის სულიწმიდით ცხებული ქრისტიანები, მიძღვნილი ერი, ‘ღვთის ისრაელი’ გახდა (გალატელთა 6:16).
7. რითი უნდა დამტკბარიყვნენ ღვთის ისრაელის წევრები, მაგრამ რა მხრივ უნდა ეფრთხილათ მათ?
7 თუმცა წმინდა ერი „წილხვედრილი ხალხი“ იყო, იგი დამონებული არ ყოფილა. პირიქით, ის ხორციელ ისრაელ ერზე უფრო დიდი თავისუფლებით უნდა დამტკბარიყო. იესო ამ ახლად შექმნილი ერის მომავალ წევრებს დაჰპირდა: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“ (იოანე 8:32). მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ ქრისტიანები რჯულის კავშირის მოთხოვნებისგან გათავისუფლებულები იყვნენ. ამასთან დაკავშირებით ის გალატელ თანამორწმუნეებს შეაგონებდა: „თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს“ (გალატელთა 5:1).
8. რა მხრივ აძლევს ქრისტიანობა პიროვნებებს უფრო დიდ თავისუფლებას, ვიდრე რჯულის კავშირი?
8 ძველი დროის ხორციელი ისრაელისგან განსხვავებით, ღვთის ისრაელი დღემდე მიძღვნის ერთგული რჩება. ეს არ არის გასაკვირი, ვინაიდან მათ ნებაყოფლობით აირჩიეს მორჩილება. ისრაელები დაბადებიდანვე მიძღვნილებად ითვლებოდნენ, ღვთის ისრაელის წევრების მიძღვნას კი საკუთარი არჩევანი განაპირობებდა. ქრისტიანობა სრულიად განსხვავდებოდა იუდეველთა რჯულის კავშირისგან, რომელიც პიროვნებებს არჩევნის თავისუფლების გარეშე მიძღვნილებად ხდიდა.
9, 10. ა) როგორ აღნიშნა იერემიამ, რომ მიძღვნასთან დაკავშირებით ცვლილება მოხდებოდა? ბ) რატომ შეგიძლია თქვა, რომ ყველა მონათლული ქრისტიანი არ არის ღვთის ისრაელის წევრი?
9 იერემიამ მიძღვნასთან დაკავშირებით ცვლილების შესახებ იწინასწარმეტყველა: „აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს და იუდას სახლს. არა ისეთ აღთქმას, რომელიც დავუდევი მათ მამა-პაპას, როცა ხელჩაკიდებული გამომყავდა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან. დაარღვიეს ის ჩემი აღთქმა, თუმცა მე მათი პატრონი ვიყავი, ამბობს უფალი. რადგან ეს არის ის აღთქმა, რომელიც უნდა დავუდო ისრაელის სახლს იმ დროის შემდეგ, ამბობს უფალი. წიაღში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულზე დავაწერ. მათი ღმერთი ვიქნები მე და ისინი ჩემი ერი იქნებიან“ (იერემია 31:30–32).
10 რადგანაც ღვთის ისრაელის წევრებს ღვთის რჯული ‘წიაღში ჩადებული და გულზე დაწერილი’ აქვთ, ისინი აღძრული არიან, რომ მიძღვნის თანახმად იცხოვრონ. მათ უფრო ძლიერად სურთ, ასე მოიქცნენ, ვიდრე ხორციელ ისრაელებს, რომლებიც საკუთარი არჩევნის გარეშე დაბადებიდანვე მიძღვნილები იყვნენ. ღვთის ისრაელის მსგავსად დღეს მთელ მსოფლიოში იეჰოვას ხუთ მილიონზე მეტი თაყვანისმცემელი მონდომებულია, შეასრულოს ღვთის ნება. მათაც თავი მიუძღვნეს იეჰოვა ღმერთს, რომ მისი ნება შეესრულებინათ. თუმცა მათ ღვთის ისრაელისგან განსხვავებით ზეციერი ცხოვრების იმედი არა აქვთ, ისინი ღვთის ზეციერი სამეფოს ქვეშევრდომობით დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედით ხარობენ. ისინი სულიერი ისრაელის მიმართ მადლიერებას გამოხატავენ, რადგან მის დარჩენილ წევრებს აქტიურად მხარს უჭერენ დავალების შესრულებაში, ‘გამოაცხადონ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი ნათლისკენ გამოიხმო’.
ღვთის მიერ ბოძებული თავისუფლების გონივრული გამოყენება
11. რა უბოძა ღმერთმა ადამიანს შექმნისას და როგორ უნდა იყოს ის გამოყენებული?
11 ღვთის შექმნილ ადამიანებს თავისუფლება უნდა დაეფასებინათ. მან ნების თავისუფლება უბოძა მათ. ადამიანთა პირველი წყვილი არჩევნის თავისუფლებით სარგებლობდა. მაგრამ სიყვარულს მოკლებული და არაგონივრული არჩევანი გააკეთეს, რომელმაც მათაც და მათ შთამომავლობასაც უბედურება მოუტანა. მიუხედავად ამისა, ეს თვალნათლივ აჩვენებს, რომ იეჰოვა არასდროს აიძულებს გონიერ ქმნილებებს მათი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ მოქცევას. რადგანაც „სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს“, მას მხოლოდ სიყვარულიდან გამომდინარე, არჩევნის თავისუფლებაზე დაფუძნებული, ხალისითა და სიხარულით მიძღვნა სურს (2 კორინთელთა 9:7). სხვაგვარი მიძღვნა მისაღები არ არის მისთვის.
12, 13. რა მხრივ არის ტიმოთეს აღზრდა სამაგალითო და რისკენ აღძრავს ეს მრავალ ახალგაზრდას?
12 იეჰოვას მოწმეებს სრულად აქვთ შეგნებული ეს მოთხოვნა და მოუწოდებენ ადამიანებს, თავი მიუძღვნან ღმერთს, მაგრამ ისინი არასდროს აძალებენ სხვებს, საკუთარ შვილებსაც კი, რომ ეს ნაბიჯი გადადგან. მრავალი რელიგიისგან განსხვავებით, სადაც ადამიანებს ბავშვობისას ნათლავენ, თითქოს შესაძლებელი იყოს პირადი არჩევნის გარეშე პიროვნების ღვთისადმი მიძღვნა, მოწმეები არ ნათლავენ თავიანთ შვილებს, როცა ისინი პატარები არიან. ბიბლიური ნიმუში ახალგაზრდა ტიმოთეს მაგალითია. როდესაც ტიმოთე უკვე დიდი იყო, მოციქულმა პავლემ მიმართა მას: „იდექ იმაზე, რაც გისწავლია და რაც გირწმუნია, ვინაიდან იცი, ვისგან გისწავლია. რადგან შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება სახსნელად ქრისტე იესოს რწმენაში“ (2 ტიმოთე 3:14, 15).
13 ყურადსაღებია, რომ ტიმოთეს ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ საღვთო წერილებს და იცოდა ისინი. დედა და ბებია ქრისტიანული სწავლებების რწმენას უნერგავდნენ, მაგრამ, ამავე დროს, არა იძულებით (2 ტიმოთე 1:5). შედეგად ტიმოთემ დაინახა, რომ ქრისტეს მიმდევრად გახდომა გონივრული იქნებოდა და ქრისტიანული მიძღვნისთვის პირადი არჩევანი გააკეთა. ჩვენი დროის ათიათასობით ახალგაზრდა, რომელთა მშობლებიც იეჰოვას მოწმეები არიან, მსგავსად მოიქცა (ფსალმუნი 109:3). ზოგმა სხვაგვარად გადაწყვიტა. ეს მათ პირად არჩევანზეა დამოკიდებული.
ვის მორჩილებას ირჩევ?
14. რას გვეუბნება რომაელთა 6:16 სრული თავისუფლების შესახებ?
14 არც ერთი ადამიანი არ არის სრულიად თავისუფალი. ვერავინ გათავისუფლდება ფიზიკური კანონებისგან, მაგალითად მიზიდულობის კანონისგან, რომლის უგულებელმყოფელი პიროვნება შეუძლებელია უვნებელი დარჩეს. სულიერი გაგებითაც არავინ არის სრულიად თავისუფალი. პავლე შეგვაგონებდა: „ნუთუ არ იცით, რომ ვისაც თქვენს თავს მისცემთ მონებად მორჩილებისათვის, მისი მონები ხართ, ვისაც დაემორჩილებით: ან ცოდვისა სასიკვდილოდ, ან მორჩილებისა სიმართლისათვის“ (რომაელთა 6:16).
15. ა) რას ფიქრობს მრავალი ადამიანი მონად ყოფნაზე, მაგრამ როგორ იქცევა მათი უმრავლესობა? ბ) რა დროულ კითხვებზე უნდა დავფიქრდეთ?
15 მონობაზე გაფიქრებაც კი ადამიანთა უმეტესობაში არასასიამოვნო გრძნობებს იწვევს. თუმცა, ფაქტია, რომ დღევანდელ მსოფლიოში ადამიანები ხშირად უშვებენ, სხვებმა მართონ ისინი და ზეგავლენა მოახდინონ მათზე ისეთი შეუმჩნეველი ხერხებით, რომ ბოლოს უნებურად აკეთებენ იმას, რაც სხვებს სურთ. მაგალითად, რეკლამის ინდუსტრია და გართობის სამყარო ცდილობენ ადამიანები თავიანთ ჩარჩოებში მოაქციონ და მათთვის სტანდარტებს აყალიბებენ. პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციები ყოველთვის სარწმუნო არგუმენტებს კი არა, ხშირ შემთხვევაში ერთსულოვნებისა და ერთგულებისკენ მოწოდებებს იყენებენ, რომ ხალხმა მათ იდეებსა და მიზნებს დაუჭიროს მხარი. რადგანაც პავლემ აღნიშნა, ‘ვისაც თავს მივცემთ მორჩილებისთვის, მისი მონები ვართ’, თითოეული ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს შემდეგ კითხვებზე: „ვისი მონა შეიძლება მეწოდოს მე? ვინ ახდენს დიდ ზეგავლენას ჩემს გადაწყვეტილებებსა და ცხოვრებაზე? სასულიერო პირები, პოლიტიკური ლიდერები, ფინანსური მაგნატები თუ ესტრადის მსახიობები? ვის ვემორჩილები — ღმერთს თუ ადამიანებს?“
16. რა გაგებით არიან ქრისტიანები ღვთის მონები და როგორია სწორი თვალსაზრისი ასეთ მონობასთან დაკავშირებით?
16 ქრისტიანები ღვთისადმი მორჩილებას პირადი თავისუფლების უმართებულო ხელყოფად არ თვლიან. ისინი მზად არიან, თავისუფლების გამოყენებაში იესო ქრისტეს მაგალითს მიბაძონ და საკუთარი სურვილები და პრიორიტეტები ღვთის ნებას შეუსაბამონ (იოანე 5:30; 6:38). ისინი ‘ქრისტეს აზრს’ ანვითარებენ და როგორც კრების თავს, მას ემორჩილებიან (1 კორინთელთა 2:14–16; კოლასელთა 1:15–18). ეს შეიძლება შევადაროთ ქალს, რომელიც თხოვდება და სიამოვნებით ეხმარება საყვარელ ადამიანს. ფაქტობრივად, სულით ცხებულ ქრისტიანთა ჯგუფი მოიხსენიება, როგორც წმინდა ქალწული, რომელიც ქრისტეზეა დანიშნული (2 კორინთელთა 11:2; ეფესელთა 5:23, 24 გამოცხადება 19:7, 8).
17. რა არჩევანი გააკეთა თითოეულმა იეჰოვას მოწმემ?
17 იეჰოვას ყველა მოწმემ, ზეციერი იმედი აქვს თუ მიწიერი, პირადად მიუძღვნა თავი, რომ მისი ნება შეესრულებინა და მას დამორჩილებოდა. თითოეული მოწმის მიძღვნა პირადი არჩევნიდან გამომდინარეობდა, რომ ღვთის მონა გამხდარიყო და ადამიანის მონად არ დარჩენილიყო. მოციქული პავლეც ამას გვირჩევდა: „ფასით ხართ ნაყიდნი, ნუ გახდებით ადამიანთა მონები“ (1 კორინთელთა 7:23).
სარგებლობის მიღება
18. როდის შეუძლია პიროვნებას, რომ მოინათლოს?
18 პიროვნებას თუ იეჰოვას მოწმედ გახდომა სურს, ბიბლიურ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. უხუცესები საფუძვლიანად განიხილავენ ნამდვილად ესმის თუ არა მას ქრისტიანული მიძღვნის მნიშვნელობა. მართლა სურს, რომ იეჰოვას მოწმე იყოს? მოწადინებულია მიძღვნის თანახმად იცხოვროს? თუ პასუხები უარყოფითია, იგი მონათვლისთვის მზად არ არის.
19. რატომ არ არსებობს მიზეზი პიროვნების გასაკრიტიკებლად, რომელმაც გადაწყვიტა, ღვთისადმი მიძღვნილი მსახური გახდეს?
19 პიროვნება თუ ყველა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს, რატომ უნდა განსაჯონ ის ნებაყოფლობით მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომ სურს ღმერთმა და მის მიერ შთაგონებულმა სიტყვამ უხელმძღვანელოს? თუ ადამიანების მორჩილებასთან შედარებით ღვთის მორჩილება ნაკლებად მისაღებია? ან იქნებ ამას ნაკლები სარგებლობა მოაქვს? იეჰოვას მოწმეები ასე არ ფიქრობენ. ისინი მთელი გულით იზიარებენ ესაიას მიერ დაწერილ ღვთის სიტყვებს: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი“ (ესაია 48:17).
20. რა მხრივ ათავისუფლებს ბიბლიური ჭეშმარიტება ხალხს?
20 ბიბლიური ჭეშმარიტება ადამიანებს ცრუ რელიგიის სწავლებებისგან ათავისუფლებს, როგორიც მაგალითად, ცეცხლოვან ჯოჯოხეთში მარადიული ტანჯვაა (ეკლესიასტე 9:5, 10). ამის ნაცვლად ის მათ გულებს მადლიერების გრძნობით ავსებს, განსვენებულთათვის ჭეშმარიტი იმედის — აღდგომის გამო მადლიერების გრძნობით, რაც იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზეა შესაძლებელი (მათე 20:28; საქმეები 24:15; რომაელთა 6:23). ბიბლიური ჭეშმარიტება ადამიანებს იცავს იმედგაცრუებისგან, რომელსაც პოლიტიკურ დაპირებებზე აგებული იმედების გამუდმებული გამტყუნება იწვევს. ნაცვლად ამისა, ის მათ გულებს სიხარულით ავსებს, რომ იეჰოვას სამეფო უკვე დამყარებულია ზეცაში და სულ მალე ის მთელ დედამიწაზეც დაიწყებს მმართველობას. ბიბლიური ჭეშმარიტება ადამიანებს ისეთი საქმეებისგან ათავისუფლებს, რომლებიც, თუმცა დაცემული სხეულისთვის მიმზიდველია, ღმერთს შეურაცხყოფს და მძიმე შედეგები — ურთიერთობების დაკარგვა, ავადმყოფობა და ნაადრევი სიკვდილი — მოაქვს. მოკლედ რომ ვთქვათ, ღვთის მონად ყოფნა გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ადამიანის მონობა. ფაქტობრივად, ღვთისადმი მიძღვნა სარგებლობის მიღების იმედს გვაძლევს ‘ახლა, ამჟამად, ხოლო მომავალში საუკუნო სიცოცხლეს’ გვპირდება (მარკოზი 10:29, 30).
21. როგორ უყურებენ იეჰოვას მოწმეები ღვთისადმი მიძღვნას და რა არის მათი სურვილი?
21 იეჰოვას მოწმეები ძველი დროის ისრაელებისგან განსხვავებით დაბადებიდანვე არ ხდებიან მიძღვნილი ერის ნაწილი. მოწმეები მიძღვნილ ქრისტიანთა კრების ნაწილს წარმოადგენენ. თითოეულმა მონათლულმა მოწმემ მიძღვნასთან დაკავშირებით არჩევნის თავისუფლება გამოიყენა. დიახ, მიძღვნის შედეგად იეჰოვას მოწმეებს ღმერთთან თბილი ურთიერთობა აქვთ, რომელიც მისადმი ხალისიანი მსახურებით გამოირჩევა. მათ მთელი გულით სურთ, რომ ეს სასიამოვნო ურთიერთობა ყოველთვის ჰქონდეთ და ყოველთვის თავისუფლები დარჩნენ, რისთვისაც იესო ქრისტემ გაათავისუფლა ისინი.
როგორ უპასუხებდი?
◻ რატომ შეიძლება ითქვას, რომ ღმერთი მიკერძოებული არ იყო, როდესაც იესრაელს ‘თავის საკუთრებად’ ირჩევდა?
◻ რატომ შეგიძლია თქვა, რომ ქრისტიანულ მიძღვნას არ მოსდევს თავისუფლების დაკარგვა?
◻ რა სარგებლობა მოაქვს იეჰოვა ღმერთისადმი მიძღვნას?
◻ რით სჯობს იეჰოვას მსახურად ყოფნა ადამიანების მონობას?
[სურათი 15 გვერდზე]
ძველ ისრაელში პიროვნებები დაბადებიდანვე ღვთისადმი მიძღვნილებად ითვლებოდნენ.
[სურათი 16 გვერდზე]
ქრისტიანული მიძღვნა პირად არჩევანზეა დამოკიდებული.