„თუ ღმერთი ჩვენთვის არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ?“
„ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენთვის არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ?“ (რომაელთა 8:31).
1. ვინ დატოვა ეგვიპტე ისრაელებთან ერთად და რამ აღძრა ამისკენ ისინი?
ეგვიპტეში ორას თხუთმეტი წლის უმეტესწილად მონობაში გატარების შემდეგ, როდესაც ისრაელები თავისუფლებისკენ მიმავალ გზას დაადგნენ „თან გაჰყვა მათ უამრავი ჭრელი ხალხი“ (გამოსვლა 12:38). ამ არაისრაელებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს შიშის მომგვრელი 10 სასჯელი, რომლებმაც გააპარტახა ეგვიპტე და მისი ცრუ ღვთაებები სასაცილო მდგომარეობაში ჩაყარა. ამავე დროს მათ დაინახეს, განსაკუთრებით კი მეოთხე უბედურების შემდეგ, იეჰოვას უნარი — დაიცვას თავისი ხალხი (გამოსვლა 8:23, 24). მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას განზრახვების შესახებ ბევრი რამ არ იცოდნენ, არაისრაელები ერთ რამეში მტკიცედ იყვნენ დარწმუნებული: ეგვიპტის ღვთაებებმა ვერ დაიცვეს ეგვიპტელები, მაშინ როდესაც იეჰოვა ძლიერი მკლავით გამოვიდა ისრაელების დასახმარებლად.
2. რატომ დაეხმარა რახაბი ისრაელ მზვერავებს და რატომ იყო მათი ღვთისადმი მისი ნდობა მართებული?
2 ორმოცი წლის შემდეგ, აღთქმულ ქვეყანაში ისრაელების შესვლამდე, მოსეს საქმის გამგრძელებელმა, იესო ნავეს ძემ, ქვეყნის დასაზვერად ორი მამაკაცი გაგზავნა. იქ ეს მამაკაცები შეხვდნენ იერიხონის მკვიდრს, რახაბს. ამ ქალს გაგონილი ჰქონდა იეჰოვას ძლევამოსილი საქმეების შესახებ, რომლებსაც ეგვიპტიდან ისრაელების გამოყვანის შემდეგ 40 წლის განმავლობაში თავისი ხალხის დასაცავად აკეთებდა, და იცოდა, რომ, თუ ღვთის კურთხევის მიღება სურდა, ღვთის ხალხს უნდა დახმარებოდა. თავისი ბრძნული გადაწყვეტილების შედეგად ეს ქალი და მისი სახლეული მოგვიანებით ისრაელების მიერ ქალაქის დაპყრობისას განადგურებას გადაურჩნენ. მათი სასწაულებრივი გადარჩენა უკვე თავისთავად ცხადყოფდა ღვთის მათთან ყოფნის ფაქტს. ამგვარად, ისრაელების ღვთისადმი რახაბის ნდობა, უდავოდ მართებული იყო (იესო ნავეს ძე 2:1, 9—13; 6:15—17, 25).
3. ა) რა სასწაული მოახდინა იესომ აღდგენილი იერიხონის მახლობლად და როგორი იყო ამაზე იუდეველი სამღვდელოების რეაქცია? ბ) რას მიხვდა ზოგი იუდეველი და შემდეგ კი მრავალი არაიუდეველი?
3 თხუთმეტი საუკუნის შემდეგ იესო ქრისტემ აღდგენილი იერიხონის მახლობლად ბრმა მათხოვარი განკურნა (მარკოზი 10:46—52; ლუკა 18:35—43). ამ კაცის მიერ იესოსთვის შეწყალების თხოვნა იმის მაჩვენებელი იყო, რომ ესმოდა შემდეგი ფაქტი — იესოს მხარს ღმერთი უჭერდა. მეორე მხრივ კი, იუდეველმა რელიგიურმა წინამძღოლებმა და მათმა მიმდევრებმა იესოს მიერ მოხდენილი სასწაულები ძირითადად არ მიიღეს იმის დამადასტურებელ ფაქტად, რომ ის ღვთის საქმეს აკეთებდა. ნაცვლად ამისა, ისინი იესოს დადანაშაულებას ცდილობდნენ (მარკოზი 2:15, 16; 3:1—6; ლუკა 7:31—35). მას შემდეგაც კი, როდესაც მათ მიერ მოკლული იესოს მკვდრეთით აღდგომის ფაქტის წინაშე დადგნენ, არ სურდათ, ეღიარებინათ, რომ მისი აღდგენა ღვთისაგან იყო. ნაცვლად ამისა, იესოს მიმდევრების დევნას ხელმძღვანელობდნენ და ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ‘უფალ იესოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებისთვის’ (აქ). მაგრამ ზოგმა იუდეველმა, და მოგვიანებით მრავალმა არაიუდეველმა, ყურადღება მიაქცია ამ მოვლენებს და სწორად შეაფასა ისინი. მათთვის აშკარა იყო, რომ ღმერთმა უარყო საკუთარ თვალში მართალი იუდეველი წინამძღოლები და იესო ქრისტეს თავმდაბალ მიმდევრებს დაუჭირა მხარი (საქმეები 11:19—21).
ვის უჭერს მხარს დღეს ღმერთი?
4, 5. ა) როგორ ირჩევს ზოგი რელიგიას? ბ) რომელია უმნიშვნელოვანესი კითხვა ჭეშმარიტი რელიგიის ამოცნობის საკითხში?
4 არც ისე დიდი ხნის წინათ სატელევიზიო ინტერვიუში ჭეშმარიტ რელიგიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ერთმა სასულიერო პირმა თქვა: „დაბეჯითებით ვიტყოდი, რომ რელიგია ჭეშმარიტია, თუ მისი ნორმების შესაბამისად მცხოვრებ ადამიანს უკეთეს პიროვნებად აქცევს“. ფაქტია, რომ ჭეშმარიტი რელიგია ადამიანს უკეთეს პიროვნებად ხდის, მაგრამ განა მხოლოდ ის ფაქტი, რომ ესა თუ ის რელიგია ადამიანს უკეთესობისკენ ცვლის, თავისთავად იმის დამადასტურებელია, რომ ამ რელიგიას ღმერთი უჭერს მხარს? ნუთუ ეს არის რელიგიის ჭეშმარიტების განმსაზღვრელი მხოლოდ ერთადერთი ფაქტორი?
5 ყველა აფასებს პირადი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას და გამონაკლისი არც რომელიმე რელიგიის არჩევაა. მაგრამ არჩევანის გაკეთების თავისუფლება სულაც არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ადამიანი სწორ არჩევანს გააკეთებს. მაგალითად, ზოგი რელიგიას მრევლის რაოდენობის, სიმდიდრის, დიდებული ცერემონიალების ან ოჯახური ტრადიციების გამო ირჩევს. მაგრამ ამათგან არც ერთი არ წყვეტს, არის თუ არა რელიგია ჭეშმარიტი. ამ საკითხში უმნიშვნელოვანესი კითხვა შემდეგი გახლავთ: რომელი რელიგია მოუწოდებს თავის მიმდევრებს ღვთის ნების შესრულებისკენ და ისე აშკარად უჩვენებს ღვთის მხარდაჭერას, რომ მის მიმდევრებს მთელი გულდაჯერებით შეუძლიათ თქვან, „ღმერთი ჩვენთვის არის“?
6. იესოს რომელი სიტყვები ჰფენს ნათელს რელიგიის ჭეშმარიტება-სიცრუის საკითხს?
6 იესომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცრუსგან გარჩევის კრიტერიუმი დაადგინა, როდესაც თქვა: „ერიდეთ ცრუ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან. მათი ნაყოფით იცნობთ მათ“ (მათე 7:15, 16; მალაქია 3:18). მოდი განვიხილოთ ამ „ნაყოფთაგან“, ანუ ჭეშმარიტი რელიგიის ამოსაცნობ ნიშანთაგან, ზოგი, რათა ობიექტურად განვსაზღვროთ, თუ ვის უჭერს მხარს დღეს ღმერთი.
ამოსაცნობი ნიშნები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, თუ ვის უჭერს ღმერთი მხარს
7. რას ნიშნავს მხოლოდ ბიბლიაზე დაფუძნებით სწავლება?
7 ისინი თავიანთ სწავლებას ბიბლიაზე აფუძნებენ. იესომ თქვა: „ჩემი მოძღვრება ჩემი არაა, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა. ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, იგი შეიტყობს ამ მოძღვრებას, ღვთისგანაა იგი თუ ჩემით ვლაპარაკობ“. შემდეგ კი ისიც თქვა: „ვინც ღვთისგანაა, ღვთის სიტყვებს ისმენს“ (იოანე 7:16, 17; 8:47). ცხადია, ისინი, ვისაც ღმერთი უჭერს მხარს, უნდა ასწავლიდნენ მხოლოდ იმას, რასაც ღმერთი თავის სიტყვაში უმხელს მათ და უარყოფდნენ მოძღვრებას, რომელიც ადამიანურ სიბრძნესა და ტრადიციებზეა დაფუძნებული (ესაია 29:13; მათე 15:3—9; კოლასელთა 2:8).
8. რატომ არის მნიშვნელოვანი თაყვანისმცემლობაში ღვთის სახელის გამოყენება?
8 ისინი იყენებენ და ხალხსაც ამცნობენ ღვთის სახელს, იეჰოვას. ესაიამ იწინასწარმეტყველა: „იტყვით იმ დღეს: მადლობდეთ უფალს, ახსენებდეთ მის სახელს, აცხადებდეთ მის საქმეებს ხალხებში, გაახსენებდეთ რომ მაღალია მისი სახელი. უმღერეთ უფალს, რადგან დიდებულად იღვაწა, მთელ ქვეყანას მოედო ეს ამბავი“ (ესაია 12:4, 5). იესო თავის მიმდევრებს ასწავლიდა, ელოცათ: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი“ (მათე 6:9). ასე რომ, იუდეველები იქნებოდნენ თუ არაიუდეველები, ქრისტიანებს უნდა ემსახურათ როგორც ‘ხალხს ღვთის სახელისათვის’ (საქმეები 15:14). ღმერთი აშკარად დიდი სიამოვნებით უჭერს მხარს მათ, ვისაც ეამაყება, იყოს ‘ხალხი მისი სახელისათვის’.
9. ა) რატომ არის სიხარული ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრებისთვის დამახასიათებელი? ბ) როგორ აპირისპირებს ესაია ჭეშმარიტ რელიგიას ცრუსთან?
9 ისინი ბაძავენ ღმერთს და სიხარულით აღსავსე არიან. „სახარების“ ავტორი, იეჰოვა, „ბედნიერი“ (აქ) ღმერთია (1 ტიმოთე 1:11). ასე რომ, როგორ შეიძლებოდა მისი თაყვანისმცემლები უბედურები ან სულ მუდამ პესიმისტურად განწყობილები ყოფილიყვნენ? წუთისოფელში გამეფებული გასაჭირისა თუ პირადი პრობლემების მიუხედავად, ჭეშმარიტი ქრისტიანები სიხარულს ინარჩუნებენ, რადგან რეგულარულად საზრდოობენ უხვი სულიერი სუფრიდან. ესაია ამ ხალხს ცრუ რელიგიის მიმდევრებს უპირისპირებს: „ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მაძღარნი იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი იშიმშილებთ! აჰა, დარწყულებული იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი გეწყურებათ! აჰა, გაიხარებენ ჩემი მორჩილნი, თქვენ კი შერცხვებით! აჰა, იყიჟინებენ ჩემი მორჩილნი, გულმხიარულნი, თქვენ კი იყვირებთ გულმწუხარენი და ივალალებთ სულგამწარებულნი!“ (ესაია 65:13, 14).
10. როგორ შეუძლიათ ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრებს, აირიდონ განსაცდელი და საკუთარ შეცდომებზე აღარ ისწავლონ?
10 ისინი თავიანთი მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების საფუძვლად ბიბლიურ პრინციპებს იყენებენ. „ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას — გვირჩევს იგავნის დამწერი. — შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“ (იგავნი 3:5, 6). ღმერთი მხარს უჭერს მათ, ვინც მის ხელმძღვანელობას ეძებს და არა ადამიანთა წინააღმდეგობრივ თეორიებს, რომლებშიც ღვთიური სიბრძნე უგულებელყოფილია. რაც უფრო მეტად იყენებს ცხოვრებაში ადამიანი ღვთის სიტყვას, მით უფრო ირიდებს განსაცდელს და საკუთარ შეცდომებზე აღარ სწავლობს (ფსალმუნი 118:33; 1 კორინთელთა 1:19—21).
11. ა) რატომ არ შეიძლება ჭეშმარიტი რელიგიის წევრები დაყოფილი იყვნენ სამღვდელოებად და მრევლად? ბ) როგორ მაგალითს უნდა აძლევდნენ სამწყსოს ღვთის ხალხს შორის ხელმძღვანელობის გამწევნი?
11 ისინიც ისევე არიან ორგანიზებული, როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანთა კრება. იესომ თავის მიმდევრებს მისცა პრინციპი: „ნუ გიწოდებენ რაბის, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი — ქრისტე და თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც მამას უწოდებთ ნურავის ქვეყანაზედ, ვინაიდან ერთი მამა გყავთ — ზეციერი. ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან წინამძღვარი ერთი გყავთ თქვენ — ქრისტე. უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს“ (მათე 23:8—11). კრებაში, ძმებს შორის, არ არის ამაყი სამღვდელოების კლასი, რომელიც თავს განსაკუთრებულ ტიტულებს ანიჭებს და საკუთარ თავს იმაღლებს მრევლზე (იობი 32:21, 22). ღვთის სამწყსოს მწყემსებს ეთქვათ, რომ ეს საქმე ეკეთებინათ ‘არა იძულებით, არამედ ნებით და ღვთისათვის სათნოდ, არა ბილწი ანგარებისათვის, არამედ გულმოდგინებით. ისინი არ უნდა დაუფლებოდნენ ღვთის სამკვიდრებელს, არამედ მაგალითი უნდა ყოფილიყვნენ სამწყსოსათვის’ (1 პეტრე 5:2, 3). ჭეშმარიტი ქრისტიანი მწყემსები ცდილობენ, არ იუფლონ სხვების რწმენაზე. როგორც ღვთისადმი მსახურების ხელშემწყობნი, ისინი კარგი მაგალითის მიცემას ცდილობენ (2 კორინთელთა 1:24).
12. ადამიანთა მთავრობების მიმართ რა გაწონასწორებულ პოზიციას მოითხოვს ღმერთი მათგან, ვისაც მისი მხარდაჭერა სურს?
12 ისინი ემორჩილებიან ადამიანთა მთავრობებს, მაგრამ ამასთანავე ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ. მას, ვინც არ ემორჩილება „უმაღლეს ხელმწიფებას“, ღვთისგან მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს. რატომ? იმიტომ რომ „არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან, ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი. ამიტომ ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღვთის დადგენილებას“ (რომაელთა 13:1, 2). მაგრამ იესოს ესმოდა, რომ შესაძლებელი იყო ინტერესთა დაპირისპირებულობის არსებობა, როდესაც თქვა: „მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა — ღმერთს“ (მარკოზი 12:17). ღვთისგან მხარდაჭერის მსურველებმა „უწინარეს. . . ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე“ უნდა ეძიონ; ამავე დროს ისინი ემორჩილებიან ქვეყნის იმ კანონებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მათ უწმინდეს მოვალეობებს ღვთის წინაშე (მათე 6:33; საქმეები 5:29). იესომ ხაზი გაუსვა ნეიტრალიტეტის შენარჩუნების აუცილებლობას, როდესაც მოწაფეების შესახებ თქვა: „ისინი წუთისოფლისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისა“. მოგვიანებით კი დასძინა: „ჩემი სამეფო არ არის ამ წუთისოფლისა“ (იოანე 17:16; 18:36).
13. რა როლს ასრულებს სიყვარული იმის ამოცნობაში, თუ ვინ არის ღვთის ხალხი?
13 ისინი მიუკერძოებლად ‘უყოფენ სიკეთეს ყველას’ (გალატელთა 6:10). ქრისტიანული სიყვარული მიუკერძოებელია, ვრცელდება ყველაზე კანის ფერის, ეკონომიკური მდგომარეობისა თუ განათლების, ეროვნებისა თუ ენის მიუხედავად. ყველასთვის, და განსაკუთრებით კი თანამორწმუნეთათვის, სიკეთის კეთება იმის მაჩვენებელია, თუ ვის უჭერს მხარს ღმერთი. იესომ თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35; საქმეები 10:34, 35).
14. არიან თუ არა საყოველთაოდ პოპულარული ის ადამიანები, რომლებიც ღვთის მოწონებით სარგებლობენ? განმარტეთ.
14 ისინი მზად არიან იტანჯონ ღვთის ნების შესრულებისთვის. იესომ წინასწარ გააფრთხილა თავისი მიმდევრები: „მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას. თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ“ (იოანე 15:20; მათე 5:11, 12; 2 ტიმოთე 3:12). ისინი, ვისაც ღმერთი უჭერს მხარს, ყოველთვის არაპოპულარულები იყვნენ; ასეთი იყო ნოე, რომელმაც თავისი რწმენით მსჯავრი დასდო წუთისოფელს (ებრაელთა 11:7). დღეს, ვისაც ღვთისგან მხარდაჭერის მიღება სურს, დევნის ასარიდებლად ღვთის სიტყვის მნიშვნელობას არ ამცირებს ან ღვთის პრინციპებთან დაკავშირებით კომპრომისზე არ მიდის. მათ იციან, რომ სანამ ღმერთს ერთგულად ემსახურებიან, სხვები ‘გაკვირვებული იქნებიან და დაგმობენ’ მათ (1 პეტრე 2:12; 3:16; 4:4).
ფაქტების შეფასების დრო
15, 16. ა) რომელი კითხვები დაგვეხმარება გავიგოთ, თუ რომელ რელიგიურ ჯგუფს უჭერს მხარს ღმერთი? ბ) რა დასკვნამდე მიდის მილიონობით ადამიანი და რატომ?
15 შეეკითხეთ საკუთარ თავს: რომელი რელიგიური ჯგუფი გამოირჩევა ღვთის სიტყვის ზედმიწევნით დაცვით, მაშინაც კი, როდესაც მისი სწავლებები ადამიანთა უმეტესობის მრწამსისგან განსხვავდება? ვინ ამახვილებს ყურადღებას ღვთის პირადი სახელის მნიშვნელოვნებაზე და თავიანთი ვინაობის განსასაზღვრავადაც კი იყენებს მას? ვინ მიუთითებს ღვთის სამეფოზე, როგორც მთელი კაცობრიობის პრობლემების გადამჭრელ ერთადერთ საშუალებაზე? ვინ იცავს ბიბლიის ზნეობრივ ნორმებს, თუმცა იცის, რომ შეიძლება ამისათვის ძველმოდურ ადამიანად მიიჩნიონ? რომელი ჯგუფია ცნობილი იმით, რომ არა ჰყავს სამღვდელოება, რომელსაც ფულს უხდიან და რომელი ჯგუფის ყველა წევრია მქადაგებელი? ვის აქებენ იმისათვის, რომ კანონის მორჩილი მოქალაქეები არიან, თუმცა პოლიტიკაში არ ერევიან? სიყვარულით ვინ ხარჯავს დროსა და სახსრებს, რათა სხვებს ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ ასწავლონ? და ყველა ამ დადებითი თავისებურების მიუხედავად, ვის დაჰყურებენ ზემოდან, ვის დასცინიან და დევნიან?
16 მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა შეაფასა ფაქტები და დარწმუნდა, რომ მხოლოდ იეჰოვას მოწმეების რელიგიაა ჭეშმარიტი. ისინი ამ დასკვნამდე მიიყვანა იეჰოვას მოწმეების სწავლებასა და ქცევაზე დაკვირვებამ, და იმ სარგებლობის დანახვამ, რომელიც ამ რელიგიას მოაქვს (ესაია 48:17). ფაქტობრივად, მილიონები ამბობენ სიტყვებს, რომლებიც ზაქარიას 8:23-შია ნაწინასწარმეტყველები: „თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი“.
17. რატომ არ არის იეჰოვას მოწმეების მხრიდან კადნიერება იმის თქმა, რომ მათი რელიგია ჭეშმარიტია?
17 კადნიერებაა იეჰოვას მოწმეების მხრიდან იმის თქმა, რომ მხოლოდ მათ უჭერს მხარს ღმერთი? ფაქტობრივად, ისინიც იმავეს აკეთებენ, რასაც ეგვიპტეში მყოფი ისრაელები, რომლებიც ეგვიპტელთა მრწამსის მიუხედავად ამბობდნენ, რომ მათ უმაგრებდა ზურგს ღმერთი ან პირველი საუკუნის ქრისტიანები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათ უჭერდა მხარს ღმერთი და არა იუდაური რელიგიის მიმდევრებს. ფაქტები ცხადყოფს ამ სიტყვების ჭეშმარიტებას. 235 ქვეყანაში იეჰოვას მოწმეები ეწევიან იმ საქმიანობას, რომელზედაც იესომ იწინასწარმეტყველა, რომ მისი მიმდევრები შეასრულებდნენ აღსასრულის ჟამს: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14).
18, 19. ა) წინააღმდეგობის მიუხედავად, რატომ არა აქვთ იეჰოვას მოწმეებს იმის მიზეზი, რომ შეწყვიტონ ქადაგება? ბ) როგორ უჭერს მხარს ფსალმუნის 40:12 იმ ფაქტს, რომ იეჰოვას მოწმეებს ღმერთი უჭერს მხარს?
18 იეჰოვას მოწმეები განაგრძობენ ამ დავალების შესრულებას და არასოდეს დაუშვებენ, რომ დევნამ თუ წინააღმდეგობამ შეუშალოთ ხელი. იეჰოვას საქმე უნდა შესრულდეს და შესრულდება კიდეც. გასულ საუკუნეში იეჰოვას მოწმეებისთვის ღვთის საქმის შესრულებაში ხელის შემშლელთა ყოველმა მცდელობამ, საბოლოო ჯამში, ამაოდ ჩაიარა, რადგან იეჰოვამ აღგვითქვა: „ყოველი იარაღი, შენს წინააღმდეგ გამოჭედილი, გაცუდდება და ყოველ ენას, შენს წინააღმდეგ აღმდგარს სამსჯავროზე, გაამტყუნებ. ესაა წილხვედრი უფლის მორჩილთა და მათი გამართლება ჩემგნით, ამბობს უფალი“ (ესაია 54:17).
19 ის ფაქტი, რომ იეჰოვას მოწმეები — მსოფლიოს მრავალ კუთხეში წინააღმდეგობის მიუხედვად — წარსულთან შედარებით ახლა უფრო მტკიცენი და აქტიურები არიან, იმის დამამტკიცებელია, რომ იეჰოვა იწონებს მათ საქმიანობას. მეფე დავითმა თქვა: „ამით ვიცოდი, რომ გიყვარდი, რომ არ გაიხარებს მტერი ჩემზე“ (ფსალმუნი 40:12; 55:10, 12). ღვთის მტრები ვერასოდეს იზეიმებენ იეჰოვას ხალხის დამარცხებას, რადგან ამ ხალხის წინამძღოლი, იესო ქრისტე, წინ, საბოლოო გამარჯვებისკენ მიიწევს!
შეგიძლიათ უპასუხოთ?
• ძველ დროში მცხოვრები რომელი ხალხი შეგვიძლია დავასახელოთ, რომელთაც ღმერთი უჭერდა მხარს?
• რომელია ჭეშმარიტი რელიგიის ამოსაცნობი ზოგიერთი ნიშანი?
• პირადად თქვენ რატომ ხართ დარწმუნებული, რომ იეჰოვას მოწმეებს ღმერთი უჭერს მხარს?
[სურათი 13 გვერდზე]
ღვთის მხარდაჭერის მსურველებმა თავიანი მოძღვრება მხოლოდ ბიბლიაზე უნდა დააფუძნონ.
[სურათი 15 გვერდზე]
ქრისტიანი უხუცესები მაგალითს აძლევენ სამწყსოს.