ღვთის ისრაელი
ეს ფრაზა, რომელიც მხოლოდ ერთხელ გვხვდება ბიბლიაში, მიუთითებს სულიერ ისრაელზე და არა იაკობის (ღმერთმა მას სახელი შეუცვალა და ისრაელი დაარქვა) შთამომავლებისგან შემდგარ ერზე (დბ. 32:22—28). ბიბლია საუბრობს „ხორციელ ისრაელსა“ (1კრ. 10:18) და სულიერ ისრაელზე. აუცილებელი არ იყო, სულიერი ისრაელის წევრები აბრაამის შთამომავლები ყოფილიყვნენ (მთ. 3:9). „ღვთის ისრაელზე“ საუბრისას მოციქულმა პავლემ ცხადყო, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, მისი წევრი აბრაამის წინადაცვეთილი შთამომავალი იყო თუ არა (გლ. 6:15, 16).
წინასწარმეტყველმა ოსიამ იწინასწარმეტყველა, რომ ღმერთი ისრაელი ერის ნაცვლად სულიერი ისრაელის მიმართ (მასში უცხოტომელებიც შევიდოდნენ) გამოავლენდა კეთილგანწყობას და მათ, ვინც მისი ხალხი არ იყო, ეტყოდა: „ჩემი ხალხი ხართ“ (ოს. 2:23; რმ. 9:22—25). დანიშნულ დროს ღვთის სამეფო წაერთმეოდა ისრაელ ერს და მიეცემოდა სულიერ ერს, რომელიც სამეფოს ნაყოფს გამოიღებდა (მთ. 21:43). თუმცა სულიერ ისრაელში ებრაელებიც შევიდოდნენ. მოციქულები და სხვები (დაახლ. 120 მოწაფე), რომლებმაც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მიიღეს წმინდა სული, იმ დღეს (დაახლ. 3 000 კაცი) და მოგვიანებით მონათლულები, საერთო ჯამში 5 000-მდე მამაკაცი, ებრაელები ან პროზელიტები იყვნენ (სქ. 1:13—15; 2:41; 4:4). მაგრამ, როგორც ესაიამ იწინასწარმეტყველა, ისინი მოძულებული ერის „მხოლოდ ნაწილს“ წარმოადგენდნენ, რომლებიც გადარჩებოდნენ (ეს. 10:21, 22; რმ. 9:27).
ამ საკითხს სხვა მუხლებიც ჰფენს ნათელს. როცა სიმბოლური ზეთისხილის ხის ზოგიერთი ბუნებრივი ტოტი გადატყდა, მას ველური ტოტები (უცხოტომელები) დაემყნენ. შედეგად, არ არსებობდა რასობრივი ან კლასობრივი განსხვავება მათ შორის, ვინც „ნამდვილად აბრაამის შთამომავლები ... და, დანაპირების თანახმად, მემკვიდრეები“ იყვნენ (რმ. 11:17—24; გლ. 3:28, 29). „ისრაელთაგან ყველა როდია ნამდვილი ისრაელი“. „ის კი არ არის იუდეველი, ვინც გარეგნულად არის ასეთი, და ის კი არ არის წინადაცვეთა, რაც გარეგნულად ჩანს ხორცზე, არამედ იუდეველია ის, ვინც შინაგანად არის ასეთი და ვისი გულიც წინადაცვეთილია სულით“ (რმ. 9:6; 2:28, 29). ვინაიდან ისრაელმა ერმა ვერ შეავსო საჭირო რიცხვი, „მოხედა ღმერთმა ... უცხოტომელებს, რათა მათგან გამოეყო ხალხი თავისი სახელისთვის“ (სქ. 15:14), რომლებზეც ითქვა: „ოდესღაც ხალხი არ იყავით, ახლა კი ღვთის ხალხი ხართ“ (1პტ. 2:10). ისრაელი ერისთვის ნათქვამი სიტყვები მოციქულმა პეტრემ სულიერ ერს, ღვთის ისრაელს მიუსადაგა და თქვა, რომ სინამდვილეში ის იყო „რჩეული მოდგმა ... სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება“ (გმ. 19:5, 6; 1პტ. 2:9).
გამოცხადების მე-7 თავში მოხსენიებული 12 ტომი საფუძვლიანი მიზეზების გამო სულიერ ისრაელს უნდა მიეკუთვნებოდეს. ტომების ჩამონათვალი არ ემთხვევა რიცხვების პირველ თავში მოცემულ ჩამონათვალს. გარდა ამისა, იერუსალიმის ტაძარი, სამღვდელოება და ისრაელის ტომების საგვარეულო ნუსხები გაცილებით ადრე განადგურდა, ვიდრე ახ. წ. 96 წელს იოანეს ხილვა ექნებოდა. მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, იოანეს ხილვას საფუძვლად ედო ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე და მას შემდეგ განვითარებული ზემოხსენებული მოვლენები. ზეციერი სიონის მთაზე კრავთან (რომელიც ისრაელმა ერმა უარყო) ერთად მყოფთა შესახებ იოანეს ხილვიდან გამოჩნდა, რომ სულიერი ერის, ღვთის ისრაელის რიცხვი 144 000-ს შეადგენდა, რომლებიც „ადამიანთაგან იქნენ ნაყიდნი“ (გმც. 7:4; 14:1, 4).