ᲗᲐᲕᲘ 24
ვერაფერი „ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს“
1. რა უარყოფითი გრძნობები ეუფლება ზოგჯერ ბევრს, მათ შორის ჭეშმარიტ ქრისტიანებსაც?
ᲣᲧᲕᲐᲠᲮᲐᲠ პირადად შენ იეჰოვა ღმერთს? ზოგი ეთანხმება იმ აზრს, რომ, საერთო ჯამში, ღმერთს უყვარს კაცობრიობა, როგორც ამას იოანეს 3:16 ამბობს. მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ პირადად მათ ღმერთი ვერასოდეს შეიყვარებს. დროდადრო შეიძლება ჭეშმარიტ ქრისტიანებსაც შეეპაროთ ეჭვი ამაში. ერთმა გულგატეხილმა კაცმა თქვა: „მიჭირს იმის დაჯერება, რომ ღმერთი საერთოდ ზრუნავს ჩემზე“. შენც ხომ არ გიპყრობს ხოლმე ხანდახან მსგავსი ეჭვები?
2, 3. ვის უნდა, დაგვაჯეროს, რომ არ ვუყვარვართ იეჰოვას და მის თვალში არაფრად ვღირვართ, და როგორ შევებრძოლებით ასეთ სიყალბეს?
2 სატანას მთელი გულით სწადია, დაგვაჯეროს, რომ იეჰოვა ღმერთს არ ვუყვარვართ და არ გვაფასებს. ის ადამიანების შეცდენას იმით ცდილობს, რომ მათში სიამაყეს და პატივმოყვარეობას აღვივებს (2 კორინთელები 11:3). მაგრამ მას ისიც უხარია, როდესაც მგრძნობიარე ადამიანებს პირადი ღირსების გრძნობას აკარგვინებს (იოანე 7:47—49; 8:13, 44). ეს განსაკუთრებით ამ „მძიმე და ძნელად ასატან დროში“ შეიმჩნევა. დღეს ბევრი ისეთ ოჯახში იზრდება, სადაც მოკლებულნი არიან ოჯახურ სითბოსა და სიყვარულს. სხვები მუდმივად ექცევიან სასტიკი, ეგოისტი და თავნება ადამიანების გავლენაში (2 ტიმოთე 3:1—5). წლების განმავლობაში ცუდად მოპყრობამ, რასიზმმა თუ სიძულვილმა ასეთები დაარწმუნა, რომ უღირსნი არიან და შეუძლებელია მათი შეყვარება.
3 თუ ასეთი დამთრგუნველი გრძნობები შენც გაქვს, გულს ნუ გაიტეხ. ხანდახან მეტისმეტად დაუნდობლები ვართ საკუთარი თავის მიმართ. მაგრამ გახსოვდეს, ღვთის სიტყვა განკუთვნილია „გამოსასწორებლად“ და „სიმაგრეთა დასამხობად“ (2 ტიმოთე 3:16; 2 კორინთელები 10:4). ბიბლია ამბობს: „დარწმუნებულნი ვიქნებით, რომ ღმერთს ვუყვარვართ, თუნდაც გული რაიმეში მსჯავრს გვდებდეს, რადგან ღმერთი ჩვენს გულზე დიდია და მან ყველაფერი იცის“ (1 იოანე 3:19, 20). მოდი განვიხილოთ ოთხი მხარე, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ დარწმუნებული ვიყოთ იეჰოვას სიყვარულში.
იეჰოვა გაფასებს
4, 5. როგორ გვიჩვენებს ბეღურასთან დაკავშირებით მოყვანილი იესოს მაგალითი, რომ ძვირფასნი ვართ იეჰოვასთვის?
4 პირველი, ბიბლია აშკარად ამბობს, რომ ღვთისთვის ყოველი მისი მსახური ძვირფასია. მაგალითად, იესომ თქვა: „განა ორ ბეღურას ერთ ასარად არ ყიდიან?! მაგრამ არცერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე ისე, რომ მამათქვენმა არ იცოდეს. თქვენს თავზე კი თმაც დათვლილია. ამიტომ ნუ გეშინიათ: უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“ (მათე 10:29—31). განვიხილოთ, თუ რას ნიშნავდა ეს სიტყვები იესოს მსმენელებისთვის პირველ საუკუნეში.
5 შეიძლება გაგვიკვირდეს, საერთოდ რაში დასჭირდებოდა ვინმეს ბეღურის ყიდვა. იესოს დროს ბეღურა უიაფეს ფრინველად ითვლებოდა. წარმოიდგინე, ერთ ასარად (ერთი პატარა მონეტის ფასად) ორი ბეღურის ყიდვა შეიძლებოდა. შემდეგ იესომ თქვა, რომ, თუ მყიდველი ორ ასარს გადაიხდიდა, ოთხის ნაცვლად ხუთ ბეღურას იყიდდა. მეხუთე ბეღურას ყოველგვარი საფასურის გარეშე აძლევდნენ. შეიძლება ასეთი არსებები არაფრად ფასობდა ადამიანის თვალში, მაგრამ როგორ უყურებდა მათ შემოქმედი? იესომ თქვა, რომ ღმერთს „არცერთი მათგანი [ისიც კი, რომელსაც უფასოდ აძლევდნენ] არ ავიწყდება“ (ლუკა 12:6, 7). ახლა, ალბათ, უკეთ გვესმის, რის თქმა სურდა ამით იესოს. თუ იეჰოვა ერთ ბეღურას ასე აფასებს, რამდენად ძვირფასია მისთვის ადამიანი! როგორც იესომ განმარტა, იეჰოვამ ყველაფერი იცის ჩვენ შესახებ. ჩვენს თავზე თმის ყოველი ღერიც კი დათვლილია!
6. რატომ ვართ დარწმუნებული, რომ იესო არ აზვიადებდა, როცა ამბობდა: „თქვენს თავზე კი თმაც დათვლილია“?
6 მართლა დათვლილია ჩვენი თმა? ზოგმა შეიძლება იესოს ეს ნათქვამი გაზვიადებულად მიიჩნიოს. მაგრამ, აბა, დაფიქრდი აღდგომის იმედზე. რამდენად კარგად უნდა გვიცნობდეს იეჰოვა, რომ ხელახლა შეგვქმნას? ის იმდენად კარგად გვიცნობს, რომ ახსოვს ყოველი წვრილმანი, მათ შორის ჩვენი გენეტიკური კოდი, მთელი ჩვენი განვლილი ცხოვრება და გამოცდილება.a ყოველივე ამასთან შედარებით, თმის რაოდენობის დათვლა, რაც საშუალოდ დაახლოებით 100 000-ს აღწევს, არაფერია.
რას აფასებს ჩვენში იეჰოვა?
7, 8. ა) რომელი თვისებების დანახვა უხარია იეჰოვას, როდესაც ადამიანთა გულებს იკვლევს? ბ) ჩვენს რომელ საქმეებს აფასებს იეჰოვა?
7 მეორე, ბიბლია გვეუბნება, თუ რას აფასებს იეჰოვა თავის მსახურებში. მოკლედ რომ ვთქვათ, ის ხარობს ჩვენი კარგი თვისებებით და აფასებს ჩვენს მცდელობებს უკეთესობისკენ სწრაფვაში. მეფე დავითმა თავის ვაჟს, სოლომონს, უთხრა: „გულთამხილავია იეჰოვა და არცერთი ფიქრი თუ ზრახვა არ არის დაფარული მისგან“ (1 მატიანე 28:9). როდესაც ღმერთი ამ ძალადობითა და სიძულვილით სავსე ქვეყნიერებაში მილიარდობით ადამიანის გულს იკვლევს, როგორ ხარობს მშვიდობის, ჭეშმარიტებისა და სიმართლის მოყვარე გულის დანახვისას! რა ხდება, როდესაც იეჰოვა მისადმი სიყვარულით აღსავსე გულს იპოვის, რომელიც ცდილობს, რაც შეიძლება მეტი გაიგოს ღვთის შესახებ და სხვებსაც გააცნოს იგი? იეჰოვა გვეუბნება, რომ ისინი, რომლებიც სხვებს მის შესახებ ესაუბრებიან, შეუმჩნეველნი არ რჩებიან. იეჰოვას „სამახსოვრო წიგნიც“ კი აქვს მის „მოშიშთათვის და მათთვის, ვინც მის სახელზე ფიქრობს“ (მალაქია 3:16). ასეთი თვისებები ძვირფასია მისთვის.
8 რომელ საქმეებს აფასებს იეჰოვა? ცხადია, ჩვენს მცდელობას, მივბაძოთ მის ძეს, იესო ქრისტეს (1 პეტრე 2:21). ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც იეჰოვა აფასებს, სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაა. რომაელების 10:15-ში ვკითხულობთ: „რა მშვენიერია მახარობელთა ხილვა!“. ამ სიტყვებში იგულისხმება ძალისხმევა, რომელსაც იეჰოვას მსახურები სასიხარულო ცნობის ქადაგებას ახმარენ. ყოველი ასეთი მცდელობა მშვენიერია მისთვის (მათე 24:14; 28:19, 20).
9, 10. ა) რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა აფასებს განსაცდელებისას გამოვლენილ ჩვენს მოთმინებას? ბ) რა უარყოფითი თვალსაზრისი არ უჩნდება არასოდეს იეჰოვას თავის მსახურებზე?
9 იეჰოვა ჩვენს მოთმინებასაც აფასებს (მათე 24:13). გახსოვდეს, სატანას უნდა, რომ ზურგი შეაქციო იეჰოვას. ყოველდღიურად ერთგულების შენარჩუნებით ეხმარები ღმერთს, პასუხი გასცეს დამცინავს (იგავები 27:11). მოთმინების შენარჩუნება ყოველთვის იოლი არ არის. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, გაჭირვებამ, ემოციურმა ტკივილმა თუ სხვა წინააღმდეგობებმა შეიძლება ყოველი დღე განსაცდელად გვიქციოს. გული შეიძლება ხანგრძლივმა მოლოდინმაც გაგვიტეხოს (იგავები 13:12). ასეთი განსაცდელების დროს გამოვლენილ მოთმინებას იეჰოვა კიდევ უფრო მეტად აფასებს. ამიტომაც მეფე დავითმა იეჰოვას სთხოვა, მისი ცრემლები „ტიკში“ შეენახა, და დასძინა: „განა შენს წიგნში არ გაქვს შემონახული ჩემი ცრემლები?!“ (ფსალმუნი 56:8). დიახ, იეჰოვა აფასებს და იმახსოვრებს ჩვენს ცრემლებსა და ტანჯვას, რომელსაც მისადმი ერთგულების შენარჩუნების მიზნით ვიტანთ. ასე რომ, ჩვენი ცრემლებიც ძვირფასია მისთვის.
იეჰოვა აფასებს განსაცდელებისას გამოვლენილ ჩვენს მოთმინებას.
10 და მაინც, გული შეიძლება შეეწინააღმდეგოს ამ ფაქტებს და მსჯავრი დაგვდოს. ის შეიძლება დაჟინებით „ჩაგვჩურჩულებდეს“: „სხვები ხომ ჩემზე უკეთესები არიან. როგორ გაუცრუვდება იეჰოვას მოლოდინი, როდესაც მათ შემადარებს!“. მაგრამ იეჰოვა არავის გვადარებს; ის არც მკაცრია და არც უხეში (გალატელები 6:4). ღმერთი დიდი ყურადღებით იკვლევს ჩვენს გულებს და აფასებს ჩვენს კარგ თვისებებს — თუნდაც მათ მცირე გამოვლინებასაც კი.
იეჰოვა არჩევს კარგს ცუდისგან
11. რას ვიგებთ იეჰოვას შესახებ აბიას შემთხვევიდან?
11 მესამე, როდესაც იეჰოვა ჩვენს გულებს იკვლევს, გულდასმით აკვირდება და ეძებს კარგს. მაგალითად, როდესაც იეჰოვამ მეფე იერობოამის მთელი განდგომილი დინასტიის სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა, ბრძანა, რომ მეფის ერთ-ერთი ვაჟი, აბია, საპატიოდ დაეკრძალათ. რატომ? რადგან „იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა . . . მასში დაინახა რაღაც კარგი“ (1 მეფეები 14:1, 10—13). ფაქტობრივად, იეჰოვამ ამ ადამიანის გული გამოიკვლია და იპოვა მასში „რაღაც კარგი“. რამდენადაც მცირე ან უმნიშვნელო უნდა ყოფილიყო ეს კარგი, იეჰოვამ ღირსად ჩათვალა მისი მოხსენიება თავის სიტყვაში. მან სათანადო წყალობა გამოავლინა განდგომილი ოჯახის ერთი წევრისადმი, რაც დაჯილდოების ტოლფასი იყო.
12, 13. ა) როგორ გვიჩვენებს იეჰოშაფატის მაგალითი, რომ როცა ვცოდავთ, მაშინაც კი კარგს ეძებს ჩვენში იეჰოვა? ბ) მოსიყვარულე მშობლის მსგავსად, რას აკეთებს იეჰოვა, როდესაც საქმე ჩვენს კარგ თვისებებსა და საქმეებს ეხება?
12 ამაზე კიდევ უფრო უკეთეს მაგალითს კარგი მეფე იეჰოშაფატის შემთხვევაში ვხედავთ. ერთხელ, როდესაც მეფე უგუნურად მოიქცა, იეჰოვას წინასწარმეტყველმა უთხრა მას: „ამის გამო განრისხებულია იეჰოვა შენზე“. რა შემზარავი სიტყვებია! მაგრამ იეჰოვას ცნობა ამით არ დამთავრებულა. „თუმცა კარგიც აღმოგაჩნდა“, — განაგრძო წინასწარმეტყველმა (2 მატიანე 19:1—3). ასე რომ, სამართლიანმა რისხვამ იეჰოვას არ დაავიწყა ის კარგი, რაც იეჰოშაფატში იყო. როგორ განსხვავდება იეჰოვა არასრულყოფილი ადამიანებისგან! როდესაც გვაწყენინებენ, შესაძლოა, დაგვავიწყდეს ის კარგი, რაც მათ ჩვენთვის გაუკეთებიათ. ან როდესაც თავად ვცოდავთ, გულგატეხილობამ, სირცხვილმა და დანაშაულის გრძნობამ, შეიძლება დაგვავიწყოს ის კარგი, რაც გვაქვს. მაგრამ გახსოვდეს, თუ ვინანიებთ და მთელი გულით ვცდილობთ, შეცდომა აღარ გავიმეოროთ, იეჰოვა შეგვინდობს.
13 როდესაც იეჰოვა შენს გულს იკვლევს, ისევე გაშორებს ცოდვებს, როგორც ოქროს მაძიებელი აშორებს გამოუსადეგარ ქვიშას ძვირფას მეტალს. რა შეიძლება ითქვას შენს კარგ თვისებებსა და საქმეებზე? დიახ, ისინი ოქროს მსგავსია, რომელსაც ინახავს იეჰოვა! შეგიმჩნევია ოდესმე, რომ მოსიყვარულე მშობლები განძივით ინახავენ თავიანთი შვილების ნახატებს ან სასკოლო ნამუშევრებს და ხანდახან საკმაოდ დიდი ხნითაც, მაშინ როდესაც შვილებს აღარც კი ახსოვთ ამის შესახებ. იეჰოვა ყველაზე მოსიყვარულე მშობელია. თუ მისი ერთგულები დავრჩებით, ის არასოდეს დაივიწყებს ჩვენს კარგ საქმეებსა და თვისებებს. ამის დავიწყებას ის უსამართლობადაც კი მიიჩნევს; ღმერთი კი არასოდეს არის უსამართლო (ებრაელები 6:10). იეჰოვა სხვა მხრივაც იკვლევს ჩვენს გულებს.
14, 15. ა) ჩვენი არასრულყოფილების მიუხედავად, რატომ ამჩნევს იეჰოვა ჩვენში არსებულ კარგს? ახსენი მაგალითით. ბ) რას აკეთებს იეჰოვა, როდესაც ჩვენში კარგ თვისებებს აღმოაჩენს და როგორ უყურებს თავის ერთგულ მსახურებს?
14 იეჰოვა ჩვენს არასრულყოფილებაზე მეტს ხედავს. კერძოდ, ჩვენს პოტენციურ შესაძლებლობებსაც ამჩნევს. ხელოვნების მოყვარულები დიდ ძალისხმევას ახმარენ, დაზიანებული მხატვრული ტილოებისა თუ ხელოვნების სხვა ნიმუშების აღდგენას. მაგალითად, როდესაც ლონდონის ეროვნულ გალერეაში ვიღაცამ ცეცხლსასროლი იარაღით დააზიანა ლეონარდო და ვინჩის სურათი, რომელიც თითქმის 30 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული, აზრადაც არავის მოსვლია მისი გადაგდება იმ მიზეზით, რომ ტილო დაზიანებული იყო. სასწრაფოდ დაიწყო თითქმის 500 წლის წინათ შექმნილი შედევრის აღდგენა. რატომ? ვინაიდან ხელოვნების მოყვარულთათვის ის მეტად ძვირფასი იყო. განა შენ საღებავითა და ნახშირით დახატულ სურათზე ბევრად ძვირფასი არა ხარ?! უეჭველია, როგორც უნდა იყო „დაზიანებული“ მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილების გამო, ღვთისთვის მაინც ძვირფასი ხარ (ფსალმუნი 72:12—14). იეჰოვა ღმერთი — ადამიანთა ოჯახების დიდებული შემოქმედი — ყველაფერს იღონებს, რათა დაუბრუნოს სრულყოფილება მათ, ვინც მის სიყვარულით აღსავსე მზრუნველობას ეხმაურება (საქმეები 3:21; რომაელები 8:20—22).
15 დიახ, იეჰოვა იმ კარგს ხედავს ჩვენში, რომელსაც შეიძლება ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ. სანამ მას ვემსახურებით, ის დაგვეხმარება, ნელ-ნელა უკეთესები გავხდეთ, სანამ საბოლოოდ არ გავსრულყოფილდებით. იმისდა მიუხედავად, თუ როგორ გვექცევიან ამ სატანის წუთისოფელში, იეჰოვასთვის მისი ერთგული მსახურები ძვირფასები არიან (ანგია 2:7).
იეჰოვა ყოველთვის ავლენს სიყვარულს
16. რა არის იეჰოვას სიყვარულის უდიდესი მტკიცება და საიდან ვიცით, რომ ეს ძღვენი ღმერთმა პირადად ჩვენთვის გაიღო?
16 მეოთხე, იეჰოვა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაგვანახვოს, თუ რა ძალიან ვუყვარვართ. ცხადია, ქრისტეს გამოსასყიდი ყველაზე ძლიერი პასუხია სატანის ტყუილზე, რომ თითქოს არაფრად ვღირვართ და ღვთის სიყვარულს არ ვიმსახურებთ. ნურასოდეს დავივიწყებთ, რომ იმ აუტანელი ტკივილების ატანა, რომელიც იესოს წამების ძელზე მოუწია და უფრო დიდი ტკივილი, რომელიც იეჰოვამ განიცადა, როდესაც უყურებდა, თუ როგორ იტანჯებოდა თავისი საყვარელი ძე, მათი სიყვარულის უდიდესი დადასტურებაა. სამწუხაროდ, ბევრი ვერ იჯერებს, რომ ეს ძღვენი ღმერთმა პირადად მისთვის გაიღო. ისინი თავს უღირსად თვლიან. მაგრამ გაიხსენე, რომ მოციქული პავლე ერთ დროს ქრისტეს მიმდევრებს დევნიდა. მიუხედავად ამისა, მან დაწერა: „[ღვთის ძემ] შემიყვარა და თავი გაწირა ჩემთვის“ (გალატელები 1:13; 2:20).
17. რა საშუალებებით გვიზიდავს იეჰოვა თავისკენ და ძისკენ?
17 იეჰოვა თავის სიყვარულს იმითაც გვიმტკიცებს, რომ თითოეულს გვეხმარება, ქრისტეს მსხვერპლმა ჩვენც მოგვიტანოს სიკეთე. იესომ თქვა: „ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ, ჩემმა გამომგზავნელმა, არ მიიზიდა“ (იოანე 6:44). დიახ, იეჰოვა გვიზიდავს, რომ გავეცნოთ იესოს სწავლებებს და მარადიული სიცოცხლის იმედი გვქონდეს. როგორ? სამქადაგებლო საქმიანობით, რომლის საშუალებითაც თითოეულ ჩვენგანამდე აღწევს იეჰოვას ცნობა. ის აგრეთვე თავისი წმინდა სულით გვეხმარება, ჩავწვდეთ ჭეშმარიტებას და მის თანახმად ვიცხოვროთ, მიუხედავად ჩვენი არასრულყოფილებისა და შეზღუდული შესაძლებლობებისა. ამიტომ, იეჰოვას შეუძლია ჩვენც გვითხრას ის, რაც ისრაელებს უთხრა: „მარადიული სიყვარულით შეგიყვარე და იმიტომ დაგიახლოვე“ (იერემია 31:3).
18, 19. ა) რა საშუალებით გვიმტკიცებს იეჰოვა ყველაზე მეტად თავის სიყვარულს და რით გვიჩვენებს, რომ თითოეულ ჩვენგანზე ზრუნავს? ბ) როგორ გვარწმუნებს ღვთის სიტყვა, რომ იეჰოვა თანამგრძნობი მსმენელია?
18 ალბათ, ყველაზე მეტად იეჰოვას სიყვარულს ლოცვის განსაკუთრებული შესაძლებლობით ვგრძნობთ. ბიბლია თითოეულს მოგვიწოდებს: „განუწყვეტლივ ილოცეთ“ (1 თესალონიკელები 5:17). ღმერთი ისმენს ჩვენს ლოცვებს. მას „ლოცვების მომსმენიც“ ეწოდება (ფსალმუნი 65:2). ის არავის ავალებს ამას, თვით საკუთარ ძესაც კი. აბა, დაფიქრდი: სამყაროს შემოქმედი მოგვიწოდებს, ლოცვით მივმართოთ და გულახდილად ვესაუბროთ. როგორი მსმენელია ღმერთი? იქნებ ცივი, უგულო ან უყურადღებო? არავითარ შემთხვევაში.
19 იეჰოვა თანამგრძნობია. რას ნიშნავს ეს? ერთმა ერთგულმა ხანდაზმულმა ქრისტიანმა თქვა: „თანაგრძნობა არის შენი ტკივილი ჩემს გულში“. ნამდვილად მოქმედებს იეჰოვაზე ჩვენი ტკივილი? ბიბლიაში ვკითხულობთ, თუ როგორ განიცდიდა იეჰოვა თავისი ხალხის, ისრაელის, ტკივილს: „მათი გასაჭირი მისი გასაჭირი იყო“ (ესაია 63:9). იეჰოვა არა მარტო ხედავდა, თუ როგორ იტანჯებოდნენ ისინი, არამედ თანაუგრძნობდა კიდეც მათ. თავისი გრძნობები იეჰოვამ პირადად აღწერა, როდესაც თავის მსახურებს მიმართა: თქვენი „შემხები ჩემი თვალის გუგის შემხებია“b (ზაქარია 2:8). ეს მართლაც ძალიან მტკივნეულია! დიახ, იეჰოვას გული შესტკივა ჩვენზე. როდესაც ჩვენ გვტკივა, მასაც სტკივა.
20. რა გაუწონასწორებელ აზროვნებას უნდა მოვერიდოთ, რომაელების 12:3-ში მოცემული რჩევის გათვალისწინებით?
20 არცერთი გაწონასწორებული ქრისტიანი არ გამოიყენებს ღვთის ასეთ სიყვარულსა და დაფასებას სიამაყისა და ქედმაღლობის საბაბად. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ჩემდამი გამოვლენილი წყალობის საფუძველზე ვეუბნები თითოეულ თქვენგანს: იმაზე მეტი ნუ გეგონებათ საკუთარი თავი, ვიდრე სინამდვილეში ხართ, არამედ საღად იაზროვნეთ თითოეულმა იმ რწმენის თანახმად, ღვთისგან რომ მიიღეთ“ (რომაელები 12:3). სხვა თარგმანი ამ მუხლს ასე თარგმნის: „მსურს, ყოველ თქვენგანს გითხრათ, რომ საკუთარ თავს იმაზე მეტად ნუ შეაფასებთ, ვიდრე სინამდვილეში ხართ, არამედ საღად შეაფასეთ საკუთარი თავი“ (ჩარლზ უილიამსის თარგმანი). ამიტომ, იმ დროს, როცა შევხარით ჩვენი ზეციერი მამის სითბოსა და სიყვარულს, საღი აზროვნება შევინარჩუნოთ და ნუ დავივიწყებთ, რომ ღვთის სიყვარული ძღვენია და არა ჩვენი დამსახურება (ლუკა 17:10).
21. სატანის რომელი ტყუილები უნდა უარვყოთ და რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული ყოველთვის?
21 მოდი მაქსიმალური ძალისხმევა მოვახმაროთ, რომ უარვყოთ სატანის ყოველგვარი სიცრუე, მათ შორის ისიც, რომ არავინ გვაფასებს და არავის ვუყვარვართ. თუ ცხოვრებამ გასწავლა, რომ შენ ისეთი ადამიანი ხარ, რომელსაც უსაზღვრო სიყვარულის მქონე ღმერთიც კი ვერ შეიყვარებს, ან თუ შენი კარგი საქმეები იმდენად უმნიშვნელო გგონია, რომ მას ყველაფრის მხილველი ღმერთიც კი ვერ შეამჩნევს, ან თუ შენი ცოდვები იმდენად მძიმედ მიგაჩნია, რომ ღვთის ძვირფასი ძის სიკვდილიც კი ვერ გადაფარავს, მაშინ ამ ცხოვრებას მწარედ მოუტყუებიხარ. მთელი გულით უარყავი ასეთი სიცრუე! მოდი დავარწმუნოთ ჩვენი გულები შთაგონებული, ჭეშმარიტი სიტყვებით, რომელიც პავლემ თქვა: „მჯერა, რომ ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები, ვერც ხელისუფლებები, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც ძალები, ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს, რომელიც ჩვენს უფალ ქრისტე იესოშია!“ (რომაელები 8:38, 39).
a ბიბლია აღდგომას არაერთხელ აკავშირებს იეჰოვას მეხსიერებასთან. ერთგულმა იობმა იეჰოვას უთხრა: „ნეტავ . . . დამიდგენდე დროს და გამიხსენებდე!“ (იობი 14:13). იესო ყველას აღდგომაზე ლაპარაკობდა, ვინც სამარხშია. ეს მართებული იყო, რადგან იეჰოვას სრულყოფილად ახსოვს ის მკვდრები, რომელთა აღდგენასაც აპირებს (იოანე 5:28, 29).
b ზოგი თარგმანის თანახმად ის, ვინც ღვთის ხალხს ეხება, საკუთარ თვალს ან ისრაელის თვალს ეხება და არა ღვთის თვალს. ეს შეცდომა ზოგმა მწიგნობარმა გაავრცელა, რადგან ეს გამოთქმა ღვთისთვის შეუფერებლად მიიჩნიეს და შესაბამისად შეცვალეს კიდეც. მათმა უადგილო მცდელობამ გააბუნდოვნა იეჰოვას ძლიერი თანაგრძნობა.