სიხარბე
რისამე დაუოკებელი, უსაზღვრო სურვილი. ებრაული და ბერძნული ზმნები ხამად და ეპითიმეო რისამე სურვილის გამომხატველია (ფს. 68:16; მთ. 13:17). კონტექსტიდან გამომდინარე ეს სიტყვები შეიძლება გულისხმობდეს უმართებულო, ეგოისტურ სურვილებს (გმ. 20:17; რმ. 7:7). ბერძნული სიტყვა პლეონექსია სიტყვასიტყვით „მეტის ქონის სურვილს“ ნიშნავს და ბიბლიაში სიხარბისა და სხვისი რამის სურვილის აღსანიშნავად გამოიყენება (ეფ. 5:3; მრ. 7:22).
სიხარბე ვლინდება ფულის სიყვარულში, ძალაუფლების მოხვეჭის, გამორჩენის ნახვის ან სქესობრივი ურთიერთობის დაუოკებელ სურვილში, გადამეტებულ ჭამა-სმაში და ა.შ. წმინდა წერილები ქრისტიანებს მოუწოდებს, რომ თავი დაიცვან ამ მანკიერი თვისებისგან და მოერიდონ ნებისმიერს, ვინც თავის თავს ქრისტიან ძმას უწოდებს, მაგრამ სინამდვილეში ხარბია (1კრ. 5:9—11). ხარბები მათ შორის მოიხსენიებიან, ვინც მეძავი, კერპთაყვანისმცემელი, მრუში, მამათმავალი, ქურდი, ლოთი, მლანძღველი და გამომძალველია; ადამიანი ასეთად შეიძლება სწორედ სიხარბემ აქციოს. ვინც სიხარბეს არ მოიშლის, ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს (1კრ. 6:9, 10).
პავლემ ქრისტიანებს მოუწოდა: „სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და სიხარბე არც კი იხსენიებოდეს თქვენ შორის ... არც სულელური ლაპარაკი და უწმაწური ხუმრობა“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქრისტიანები უბრალოდ კი არ უნდა მოერიდონ ასეთ ქცევებს, არამედ არც კი უნდა გაერთონ ასეთ თემებზე საუბრით (ეფ. 5:3; შდრ. ფლ. 4:8).
ვლინდება ქცევებში. სიხარბე ვლინდება ამა თუ იმ ქმედებაში, რაც ააშკარავებს ადამიანის უმართებულო, დაუოკებელ სურვილს. ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი, იაკობი ამბობს, რომ ასეთი სურვილი, როდესაც განაყოფიერდება, შობს ცოდვას (იაკ. 1:14, 15). აქედან გამომდინარე, ხარბი ადამიანი თავისი ქცევებით ამოიცნობა. პავლე მოციქული ხარბ ადამიანს კერპთაყვანისმცემელთან აიგივებს (ეფ. 5:5), რადგან ხარბი თავის სურვილს აღმერთებს და შემოქმედისადმი მსახურებასა და თაყვანისცემაზე მაღლა აყენებს (რმ. 1:24, 25).
აშორებს ღმერთს. ქრისტიანები გამოეყვნენ ქვეყნიერებას, რომელიც სავსეა ყოველგვარი უწმინდურებით. პავლემ აღნიშნა, რომ ადამიანები უბრალოდ კი არ სჩადიან ბინძურ საქმეებს, არამედ ამას გაუმაძღრობით აკეთებენ. ამგვარი საქმეების ჩამდენნი „ღვთისგან მომდინარე სიცოცხლისგან გაუცხოებულნი“ არიან. მათ, ვინც ქრისტიანი ხდება, იციან, რომ ქრისტე, რომელიც მათთვის მისაბაძი მაგალითია, შორს იდგა ასეთი საქმეებისგან; აქედან გამომდინარე, ქრისტიანებმა უნდა განიახლონ გონება და შეიმოსონ ახალი ქრისტიანული პიროვნება (ეფ. 4:17—24; რმ. 12:2). ვინაიდან მათ ხარბ ადამიანებს შორის უწევთ ცხოვრება, ფხიზლად უნდა იყვნენ, რომ შეინარჩუნონ სიწმინდე და ანათონ „როგორც მნათობებმა ქვეყნიერებაში“ (1კრ. 5:9, 10; ფლ. 2:14, 15).
ქრისტიანი მომსახურედ ვეღარ იმსახურებს, თუ უპატიოსნო შემოსავალს დახარბდება (1ტმ. 3:8). ვინაიდან მომსახურეები სამაგალითოები უნდა იყვნენ და კრების წევრები მათ უნდა ჰბაძავდნენ, გამოდის, რომ იგივე მოთხოვნა კრების ყველა წევრზე ვრცელდება (1პტ. 5:2, 3). ეს კარგად ჩანს პავლეს სიტყვებიდანაც, რომელიც ამბობს, რომ ხარბი ადამიანი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს (ეფ. 5:5).
სხვისი რამის სურვილი. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ბერძნული სიტყვა პლეონექსია სხვისი რამის სურვილის, ანუ ისეთი სიხარბის აღსანიშნავადაც გამოიყენება, რომელსაც ადამიანი ავლენს იმის მიმართ, რაც მას არ ეკუთვნის. იესო ქრისტემ გაგვაფრთხილა, რომ სხვისი რამის სურვილი ბილწავს ადამიანს (მრ. 7:20—23). ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ქრისტიანების „სიცოცხლე დაფარულ იქნა ქრისტესთან ერთად“, ამიტომ მათ უნდა ჩაკლან თავიანთი სხეულის მიწიერი ნაწილები — სიხარბე, მავნებელი სურვილები და უწმინდურება (კლ. 3:3, 5).