რისხვა
ბიბლიაში „რისხვა“ სხვადასხვა ებრაული და ბერძნული სიტყვებით გამოიხატება. ებრაული სიტყვებიდან ყველაზე გავრცელებულია ʼაფ, რომელიც ცხვირსა და ნესტოს ნიშნავს. გადატანითი მნიშვნელობით ეს სიტყვა რისხვასაც აღნიშნავს, რადგან გაბრაზებული ადამიანი ნესტოებიდან ერთბაშად უშვებს ჰაერის ნაკადს (შდრ. ფს. 18:7, 8; ეზკ. 38:18). ʼაფის მონათესავეა ʼანაფ (განრისხებული). ებრაულ წერილებში რისხვა ცეცხლთან არის გაიგივებული, ამიტომ ხშირად გვხვდება ფრაზა „რისხვით ანთება“. მრისხანებას, აღშფოთებასა და ბრაზს სხვა ებრაული სიტყვებიც გამოხატავს. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში რისხვის აღმნიშვნელი სიტყვებია ორგე და თიმოს.
ღვთის რისხვა. არსებობს გამართლებული და გაუმართლებელი რისხვა. ღვთის რისხვა ყოველთვის გამართლებულია, რადგან საფუძვლად უდევს პრინციპი — ღმერთს აქვს უფლება მოითხოვოს თავისი ქმნილებებისგან განსაკუთრებული ერთგულება და ის ყოველთვის ჭეშმარიტების ერთგული დამცველია. მისი რისხვა სიმართლისა და სიმართლის მქნელთა მიმართ სიყვარულით იმართება. ღვთის რისხვა არ არის იმპულსური, რაც მოგვიანებით სინანულს იწვევს. იეჰოვას შეუძლია ყოველმხრივ შეაფასოს ესა თუ ის სიტუაცია, რადგან სრულყოფილ ცოდნას ფლობს ყველასა და ყველაფრის შესახებ (ებ. 4:13). ის გულთამხილავია და უწყის, ამა თუ იმ დანაშაულში რა ზომით მიუძღვის ბრალი უცოდინარობას და დაუდევრობას, აგრეთვე, იყო თუ არა ცოდვა წინასწარი განზრახვით თუ უნებურად ჩადენილი. აქედან გამომდინარე, ის პირუთვნელად იქცევა (კნ. 10:17, 18; 1სმ. 16:7; სქ. 10:34, 35).
რა უდევს საფუძვლად ღვთის რისხვას. ღმერთი თავის რისხვას მართავს და თანაზომიერად ავლენს ისეთ თვისებებთან ერთად, როგორიცაა სიყვარული, სიბრძნე და სამართლიანობა. იეჰოვა ძლევამოსილია, ამიტომ თვითონ საზღვრავს, რა ზომამდე განრისხდეს (1ინ. 4:8; იობ. 12:13; 37:23). ღმერთი უმიზეზოდ არ რისხდება. მისი რისხვა საფუძვლიანი მიზეზებით არის გამოწვეული და ყოველთვის სასურველ შედეგს აღწევს. ღვთის გულისწყრომას მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანი პრინციპების დაცვა აცხრობს. მაგალითად, ისრაელში ბოროტგანმზრახველი მკვლელი გამოსყიდვას არ ექვემდებარებოდა. მიწის განსაწმენდად და ღვთის წყრომის დასაცხრომად მკვლელის სისხლი უნდა დაღვრილიყო (რც. 35:16—18, 30—33). მაგრამ თუ მკვლელობა არ იყო განზრახ ჩადენილი, მსხვერპლშეწირვითა და მღვდელმთავრის მიერ გაწეული მსახურებით შესაძლებელი იყო მართლმსაჯულების აღსრულება და ღვთის კანონით უფლებამოსილი სისხლის ამღების დაოკება, რომელსაც შეიძლება ცხელ გულზე ეძია მკვლელზე შური. განუზრახველი მკვლელობის ჩამდენს შეეძლო ერთ-ერთ თავშესაფარ ქალაქში თავის შეფარება (კნ. 19:4—7).
იეჰოვას რისხვა მხოლოდ მაშინ ცხრება, როცა სამართლიანობა იმარჯვებს. ყოველგვარი უმართლობა ღვთის რისხვას იწვევს. ღმერთი თვალს არ ხუჭავს უსამართლობაზე და დასასჯელს დაუსჯელს არ ტოვებს (გმ. 34:7; აბკ. 1:13). მაგრამ იესო ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე, რომელმაც აიტანა ტკივილი და კაცთა მოდგმის გამო დაისაჯა, მორწმუნეებს შეუძლიათ თავიდან აირიდონ ღვთის რისხვა (ეს. 53:5). ამგვარად, იეჰოვა ღმერთმა აჩვენა თავისი სიმართლე, „რათა ის მართალი იყოს, როცა მართლებად აღიარებს მათ, ვისაც იესო სწამს“ (რმ. 3:26). ასე არც სამართლებრივი ნორმები ირღვევა და ამავე დროს ღმერთს წყალობის გამოვლენის საშუალებაც ეძლევა. ურჩებზე კი ღვთის რისხვა რჩება (ინ. 3:36). მაგრამ მორწმუნეს იესო ქრისტეს მსხვერპლი იხსნის ღვთის რისხვისგან (1თს. 1:10).
როგორ და რატომ რისხდება ღმერთი. ღვთის რისხვა შეიძლება გამოვლინდეს პირდაპირ ან არაპირდაპირ, ბუნების ძალების ან ვინმეს მეშვეობით. ზნეობრივი ნორმების დამრღვევთ ღვთის რისხვა არ ასცდებათ და „მცდარი გზით სიარულისთვის საკადრისსაც უკლებლივ“ მიიღებენ. მათი გონება გაუკუღმართებულია, ისინი დეგრადირებულნი არიან, დავობენ, სხვადასხვა სენით იტანჯებიან და კვდებიან (რმ. 1:18, 24, 27—32). თუ ვინმე თავისი ქვეყნის იმ კანონებს არღვევს, რომლებიც ღვთის კანონებს არ ეწინააღმდეგება, და შესაბამისი ორგანოების მიერ ისჯება, შეიძლება ითქვას, რომ მას ღვთის რისხვა არაპირდაპირ ეწია (რმ. 13:1—4). მომავალში იეჰოვას განაჩენის მთავარი აღმსრულებელი, იესო ქრისტე, საბოლოოდ დაატეხს ღვთის რისხვას ბოროტებს (იერ. 30:23, 24; გმც. 19:7—16, 19—21).
ღვთის რჩეულთა მიმართ ცუდი დამოკიდებულება და მოპყრობა ღვთის რისხვას იწვევს. ღმერთმა ეგვიპტელებს ათი სასჯელი დაატეხა თავს, რადგან მათ ისრაელები ღვთის თაყვანსაცემად არ გაუშვეს (ფს. 78:43—50). მოსეს, ღვთის მიერ დანიშნული წინამძღოლის უპატივცემულობის გამო ღვთის რისხვა მირიამმა და აარონმაც იწვნიეს (რც. 12:9, 10). იეჰოვა ურისხდებოდა იმ მოსამართლეებს, რომლებიც საწყლებს ავიწროებდნენ (ეს. 10:1—4). ვინც ხელს უშლის სასიხარულო ცნობის გავრცელებას, ღვთის რისხვას დაიტეხს (1თს. 2:16).
იეჰოვას არისხებს ცრუთაყვანისმცემლობა, განსაკუთრებით თუ მასში მისი სახელით წოდებული ხალხია ჩაბმული (გმ. 32:7—10; რც. 25:3, 4; მსჯ. 2:13, 14, 20; 1მფ. 11:8, 9). ღვთის რისხვას იწვევს უზნეობა, ჭეშმარიტების მიჩქმალვა, მოუნანიებლობა, სასიხარულო ცნობისადმი ურჩობა, მისი სიტყვის არაფრად ჩაგდება, მისი წინასწარმეტყველების დაცინვა, სიხარბე, მავნებლობა, შური, მკვლელობა, დავა, ცბიერება, ღვარძლი, ჭორაობა, ზურგს უკან ლაპარაკი, ღვთისმოძულეობა, თავხედობა, ამპარტავნობა, თავდაჯერებულობა, ბოროტი საქმეების გამომგონებლობა, მშობლებისადმი ურჩობა, სიტყვის გატეხა, უმოწყალობა, სპირიტიზმი და მატყუარობა. ეს და სხვა სახის უმართლობა ღმერთს განარისხებს (კლ. 3:5, 6; 2თს. 1:8; რმ. 1:18, 29—31; 2:5, 8; 2მტ. 36:15, 16; გმც. 22:15).
მრისხანება არ არის ღვთის ძირითადი თვისება. იეჰოვა ღმერთი რისხვაში ნელი და სიკეთეში უხვია (გმ. 34:6; რც. 14:18). ღვთისმოშიშთა და სიმართლის მქნელთა მიმართ ის მოწყალეა, ვინაიდან კარგად ესმის, რომ ადამიანი არასრულყოფილია და იესოს მსხვერპლის საფუძველზე წყალობას ავლენს (ფს. 103:13, 14; დბ. 8:21; იხ. აგრეთვე სფ. 2:2, 3). ღმერთი იკავებს რისხვას თავისი სახელის გულისთვის და იმის განსახორციელებლად, რაც თავის რჩეულთათვის აქვს ჩაფიქრებული (ეს. 48:9; იოლ. 2:13, 14). ზოგჯერ იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებსაც ურისხდება, მაგრამ მისი რისხვა მაშინვე ცხრება, როცა ისინი აღიარებენ ცოდვას და ინანიებენ (ეს. 12:1; ფს. 30:5). ის მრისხანე და მიუკარებელი კი არ არის, არამედ ბედნიერი, კეთილი, მშვიდი და ლმობიერი ღმერთია მათდამი, ვინც სათანადოდ უახლოვდება მას (1ტმ. 1:11; ფს. 16:11; შდრ. გმც. 4:3). ის არაფრით ჰგავს წარმართულ ღვთაებებს, რომლებიც მრისხანე, სასტიკ და დაუნდობელ ღმერთებად არიან წარმოდგენილი.
აქვთ თუ არა ღვთის მსახურებს განრისხების უფლება?
ადამიანის რისხვა შეიძლება გამართლებული იყოს, თუ მას სამართლიანი პრინციპების დარღვევა იწვევს. ბიბლია მოგვიწოდებს, შევიზიზღოთ ბოროტება (რმ. 12:9). მასში სამართლიანი რისხვის არაერთ მაგალითს ვაწყდებით (გმ. 11:8; 32:19; რც. 16:12—15; 1სმ. 20:34; ნემ. 5:6; ესთ. 7:7; იხ. აგრეთვე 2სმ. 12:1—6).
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის რისხვა უმეტეს შემთხვევაში გაუმართლებელი, შეუკავებელი და საფუძველს მოკლებულია. განრისხებული ადამიანი ხშირად თავისი რისხვის შედეგებზე არ ფიქრობს. ქალაქ ნინევეს დანდობა იონას დიდად არ ესიამოვნა და რისხვით აენთო. მას აკლდა გულმოწყალება, ამიტომ იეჰოვას შეგონებას საჭიროებდა (იონ. 4:1—11). იუდას მეფე უზია იეჰოვას მღვდლების საყვედურმა განარისხა. ის კადნიერად მოიქცა, რისთვისაც დაისაჯა (2მტ. 26:16—21). რისხვამ ქედმაღალი ნაამანი კინაღამ ღვთის კურთხევის გარეშე დატოვა (2მფ. 5:10—14).
თავშეკავების აუცილებლობა. გაუმართლებელმა და უმართავმა რისხვამ ბევრი ძალადობამდე მიიყვანა და ცოდვა ჩაადენინა. კაენი რისხვით აენთო თავის ძმაზე და მოკლა იგი (დბ. 4:5, 8). ესავმა მამისგან კურთხეული იაკობის მოკვლა მოინდომა (დბ. 27:41—45). განრისხებულმა საულმა დავითსა და იონათანს შუბი გაუქანა (1სმ. 18:11; 19:10; 20:30—34). ნაზარეთის სინაგოგაში შეკრებილები იესოს ქადაგებამ ისე განარისხა, რომ მთის თხემიდან მისი გადაგდება მოინდომეს (ლკ. 4:28, 29). განრისხებული იუდეველი სასულიერო პირები „ერთად მისცვივდნენ მას [სტეფანეს]“ და ჩაქოლეს (სქ. 7:54—60).
რისხვა გამართლებული რომც იყოს, თუ არ გაკონტროლდა, შეიძლება დიდი უბედურება გამოიწვიოს. სიმონსა და ლევის შექემზე განრისხების მიზეზი ჰქონდათ, რადგან მან მათ დაზე ძალა იხმარა, თუმცაღა მომხდარში ბრალი დინასაც მიუძღოდა. მაგრამ შექემელთა დაუნდობლად ხოცვა-ჟლეტა სისასტიკე იყო. ამიტომ დაწყევლა იაკობმა თავისი შვილების რისხვა (დბ. 34:1—31; 49:5—7). კაცს რისხვის გაკონტროლება სერიოზული გამოწვევის დროსაც მართებს. ისრაელების გაუთავებელმა დრტვინვამ და ურჩობამ უთვინიერესი მოსე ისე განარისხა, რომ მან იეჰოვას სახელი არ განწმინდა და შედეგად დაისაჯა (რც. 12:3; 20:10—12; ფს. 106:32, 33).
რისხვა განეკუთვნება ხორცის ისეთ საზიზღარ საქმეებს, როგორიცაა: თავაშვებულობა, კერპთაყვანისმცემლობა, სპირიტიზმი და გადამეტებული სმა. ამის მქმნელნი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ (გლ. 5:19—21). კრების წევრები რისხვისა და კამათის გარეშე უნდა საუბრობდნენ. კრების სახელით მლოცველ მამაკაცებს არ უნდა ახასიათებდეთ მრისხანება და არაკეთილმოსურნეობა (1ტმ. 2:8). ბიბლია ქრისტიანებს ურჩევს, ნელი იყვნენ რისხვაში, „რადგან კაცის რისხვა ხელს არ უწყობს ღვთის სიმართლეს“ (იაკ. 1:19, 20). მათ ადგილი უნდა მისცენ ღვთის რისხვას და შურისგება იეჰოვას უნდა მიანდონ (რმ. 12:19). გულფიცხი მამაკაცი ქრისტიანული კრების ზედამხედველად ვერ იმსახურებს (ტიტ. 1:7).
ზოგჯერ შეიძლება ვინმე სამართლიანად გაბრაზდეს, მაგრამ გულში ბოღმა არ უნდა ჩაიტოვოს და გაღიზიანებული არ უნდა დარჩეს, რომ არ შესცოდოს; ბრაზი მზის ჩასვლამდე უნდა მოიშოროს, რათა ადგილი არ მისცეს ეშმაკს, რომელმაც შეიძლება ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს (ეფ. 4:26, 27). ამ რჩევის გათვალისწინება განსაკუთრებით თანამორწმუნეებთან გვმართებს. უთანხმოების შემთხვევაში მშვიდობის აღსადგენად ზომები უნდა მივიღოთ და უთანხმოება ღვთის რჩევების გამოყენებით მოვაგვაროთ (ლვ. 19:17, 18; მთ. 5:23, 24; 18:15; ლკ. 17:3, 4). წმინდა წერილები გვირჩევს, დავაკვირდეთ, ვისთან გვაქვს ურთიერთობა და არ ვიმეგობროთ ფიცხი ბუნების ადამიანებთან, რათა ჩვენი სული მახეში არ აღმოჩნდეს (იგ. 22:24, 25).
განკაცებულმა იესო ქრისტემ თავშეკავების სრულყოფილი მაგალითი დაგვიტოვა. მისი ცხოვრების ვერც ერთ ეპიზოდზე ვერ ვიტყვით, რომ მან რისხვა ვერ დაიოკა. ღვთის მტრებს თავიანთი უკანონო საქციელით, შეურაცხმყოფელი საუბრითა და ურჩობით ის მდგომარეობიდან ვერ გამოჰყავდათ. აღსანიშნავია, რომ იესო ჯავრს არ იყრიდა სხვებზე. ერთხელ ფარისევლების უგულობით უზომოდ დამწუხრებულმა აღშფოთებით მოავლო მათ თვალი, შემდეგ კი იქვე მდგომი კაცი განკურნა (მრ. 3:5). ერთხელ კი ტაძრიდან განდევნა ისინი, ვისაც ღვთის სახლი სავაჭრო სახლად ჰქონდა ქცეული და მოსეს კანონს არღვევდა, თუმცა ამ შემთხვევაში მისი ბრაზი არ იყო ზღვარგადასული. წმინდა წერილებიდან ნათლად ჩანს, რომ იესოს რისხვას საფუძვლად იეჰოვას სახლისადმი მოშურნეობა ედო (ინ. 2:13—17).
საზიანო შედეგებისგან თავის დაცვა. ბრაზი და რისხვა სულიერი ჯანმრთელობის გარდა ფიზიკურ ჯანმრთელობასაც ვნებს. ის შეიძლება გახდეს წნევის მომატების, სისხლძარღვების დაავადებების, სუნთქვის გაძნელების, აგრეთვე ღვიძლისა და პანკრეასის ფუნქციისა და ნაღვლის გამოყოფის დარღვევის მიზეზი. მრისხანებას, როგორც ძლიერ ემოციას, მედიკოსები ისეთი დაავადებების ხელშემწყობ, დამამძიმებელ და ზოგჯერ გამომწვევ მიზეზად ასახელებენ, როგორებიცაა: ასთმა, თვალისა და კანის დაავადებები, ჭინჭრის ციება, სხვადასხვა სახის წყლული, დარღვევები საჭმლის მომნელებელ სისტემასა და პირის ღრუში. ბრაზი აზროვნებასაც აფერხებს და ადამიანს ლოგიკურად და საღად მსჯელობის უნარს უკარგავს. ბრაზისგან დაცლილი კაცი ხშირად უკიდურესად ითრგუნება. ასე რომ, რისხვისგან თავშეკავება და მშვიდობისა და სიყვარულისკენ სწრაფვა, არა მარტო რელიგიური, არამედ სამედიცინო თვალსაზრისითაც მიზანშეწონილი და გონივრულია (იგ. 14:29, 30; რმ. 14:19; იაკ. 3:17; 1პტ. 3:11).
წმინდა წერილების თანახმად, უკანასკნელ დროს ადამიანებისთვის დამახასიათებელი იქნებოდა მრისხანება. ერები იეჰოვას მისი მმართველობის გამო ურისხდებიან. დედამიწაზე გადმოგდებული ეშმაკი „დიდად [არის] განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“ (გმც. 11:17, 18; 12:10—12). ასეთ დაძაბულ გარემოში ქრისტიანებს დიდი თავშეკავება სჭირდებათ, რომ არ აჰყვნენ ამ დამანგრეველ ემოციას (იგ. 14:29; ეკ. 7:9).