ღვთისმოსაწონი მორჩილება რელიგიურად დაყოფილ ოჯახში
„ეს უფრო მეტი ტკივილის მომყენებელია, ვიდრე ფიზიკური დარტყმა. . . თავს ისე ვგრძნობ, თითქოს მთელი სხეული ცემისგან დალურჯებული მქონდეს, მაგრამ ამის დანახვა არავის შეუძლია“. „ზოგჯერ მინდა თავი მოვიკლა. . . ან გავიქცე სახლიდან და არასდროს დავბრუნდე“. „ხანდახან ძნელია საღად იაზროვნო“.
ეს ემოციებით აღსავსე სიტყვები გამოხატავს სასოწარკვეთილებისა და მარტოობის გრძნობას. ამ სიტყვებს ამბობენ პიროვნებები, რომლებიც გახდნენ შეურაცხყოფის მხვერპლნი: დადანაშაულების, მუქარის, დამამცირებელი სახელის დაძახების, უსიტყვო იგნორირების და მეუღლის ან ოჯახის წევრების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფისაც კი. რატომ ექცევიან ამ ადამიანებს ასე ცუდად? მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული რელიგიური მრწამსის გამო. ასეთ მდგომარეობაში, რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ცხოვრება იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობას ნამდვილ სირთულეს უქმნის. მაგრამ ასე დატანჯული მრავალი ქრისტიანი წარმატებით ავლენს ღვთისმოსაწონ მორჩილებას.
საბედნიეროდ, ასეთი დიდი ტკივილი და სტრესი არ აღინიშნება რელიგიურად დაყოფილ ყველა ოჯახში. და მაინც, ის არსებობს. ხომ არ შეესაბამება შენი ოჯახი ასეთ აღწერილობას? თუ დიახ, მაშინ შენთვის, შესაძლოა, ძნელია, გქონდეს პატივისცემა მეუღლის ან მშობლების მიმართ. თუ შენ ხარ ცოლი ან შვილი, და ხარ მსგავს მდგომარეობაში, როგორ შეგეძლო ღვთისმოსაწონი მორჩილების გამოვლენა რელიგიურად დაყოფილ ოჯახში? რა მხარდაჭერის აღმოჩენა შეუძლიათ სხვებს? და როგორია ამის შესახებ ღმერთის თვალსაზრისი?
რატომ არის ასე ძნელი მორჩილება?
ქვეყნიერებაში გაბატონებული ეგოიზმის, უმადურობისა და არასრულყოფილი მიდრეკილების გამო, ღვთისმოსაწონი მორჩილება მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს. სატანამ იცის ეს და ცდილობს, შეარყიოს შენი სულიერობა. ის ხშირად იყენებს ოჯახის იმ წევრებს, რომლებსაც ღმერთის ნორმები ან მცირედ ესმით, ან საერთოდ არ ესმით და არ სცემენ პატივს. შენი ამაღლებული სულიერობა და მორალური ფასეულობები ხშირად სავსებით განსხვავდება შენი ოჯახის ურწმუნო წევრების ფასეულობებისგან. ეს კი ნიშნავს ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებს საქციელისა და საქმიანობის შესახებ (1 პეტრე 4:4). რადგან ემორჩილები მითითებას: „ნუ შეეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეებს“, ზემოქმედება, გადაუხვიო ქრისტიანული ნორმებიდან, შეიძლება იყოს ძლიერი (ეფესელთა 5:11). მათი შეხედულებით უკვე ყველაფერი, რასაც შენ აკეთებ, არასწორია. ეს კონფლიქტი განპირობებულია შენი რელიგიით. ერთმა დედამ, რომელიც რთულ მდგომარეობაში ჩავარდა ბავშვის ავადმყოფობის გამო, დახმარებისთვის მიმართა ქმარს, მაგრამ გესლიანი პასუხი მიიღო: „შენ ადვილად პოულობ დროს შენი რელიგიისთვის; ასე რომ, უჩემოდაც გაართმევ თავს“. მსგავსი სიტყვები კიდევ უფრო ართულებენ მორჩილებას.
მაგრამ არსებობს შემთხვევები, როცა შენ, შესაძლოა, არ ეთანხმები გარკვეულ საკითხებში, რომლებიც უშუალოდ არ არღვევს საღვთო წერილის მოთხოვნებს. მაგრამ გესმის, რომ ხარ ოჯახის წევრი და გაქვს გარკვეული ვალდებულებები. „მე ძალიან მადარდებს მამაჩვენის დამოკიდებულება ჩვენდამი, ვინაიდან მესმის, თუ რამდენად ეულად გრძნობს ის თავს, — ამბობს კონი. — მე ხშირად უნდა შევახსენო საკუთარ თავს, არ გამაბრაზოს მამაჩემის მხრიდან გაწეულმა წინააღმდეგობამ. საკუთარ თავს უნდა ვუთხრა, რომ არსებობს ჩვენი პოზიციისადმი მისი მტრულად განწყობისა და უარყოფის მტკიცე საფუძველი. ამ სისტემის მმართველი ხომ სატანაა“. სუზანი, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს, გვანდობს: „თავიდან მე მინდოდა გავშორებოდი ქმარს, მაგრამ ახლა აღარ მსურს. მე ვიცოდი, რომ სატანა ჩემს გამოსაცდელად იყენებდა მას“.
სატანის მცდელობა, არარაობად გაგრძნობინოს თავი, შესაძლოა თითქმის დაუსრულებელი ჩანდეს. დღეები შეიძლება ისე გავიდეს, რომ არანაირი ურთიერთობა არ გქონდეს მეუღლესთან. შენს ცხოვრებაში ისადგურებს მხოლოდ მარტოობა. ეს კი ანადგურებს დაჯერებულობასა და საკუთარი თავისადმი პატივისცემას, რაც სცდის ღვთისმოსაწონ მორჩილებას. ემოციური და ფიზიკური ძალების გამოფიტვას ბავშვებიც განიცდიან. მაგალითად, იეჰოვას სამი ახალგაზრდა მსახური, მიუხედავად იმისა, რომ მშობლები წინააღმდეგობას უწევდნენ, ერთგულად ესწრებოდა ქრისტიანულ შეხვედრებს. ერთ-ერთმა მათგანმა, ახლა სრული დროით მსახურმა, აღიარა: „ჩვენ ვიყავით გაბრუებულები და არაქათგამოცლილები; ღამე ვერ ვიძინებდით; ეს კი გულს გვიმძიმებდა“.
რას მოელის ღმერთი შენგან?
ღმერთისადმი მორჩილება ყოველთვის პირველ ადგილზეა, ხოლო ქმრის მეთაურობისადმი პირობითი მორჩილება უნდა იყოს ისე, როგორც იეჰოვა მიგვითითებს (საქმეები 5:29). ეს იქნებ ძნელია, მაგრამ შესაძლებელია. ეძებე იეჰოვას დახმარება. მას სურს, რომ ‘თაყვანს სცემდე სულით და ჭეშმარიტებით’, უსმენდე და ემორჩილებოდე მის ხელმძღვანელობას (იოანე 4:24). როცა ღმერთის სიტყვის შემეცნება ავსებს სწორად განწყობილ გულებს, ის აღძრავს მორჩილების სურვილს. თუმცა შენი პირადი მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს, არც იეჰოვა და არც მისი სიტყვა არასოდეს შეიცვლება (მალაქია 3:6; იაკობი 1:17). იეჰოვამ მეთაურობა მისცა ქმარს. ეს ასეა, მიუხედავად იმისა, ქმარი აღიარებს თუ არა ქრისტეს მეთაურობას (1 კორინთელთა 11:3). თუმცა, შესაძლოა, ძნელი ასატანი იყოს გამუდმებით შეურაცხყოფა და დამცირება, მაგრამ მოწაფე იაკობი ამბობს: ‘ზეცით ჩამოსული სიბრძნე. . . მორჩილია’ (იაკობი 3:17, სსგ). მეთაურობის პრინციპი უყოყმანოდ რომ სცნო და მიიღო, საჭიროა ღმერთის სული, კერძოდ კი სულის ნაყოფი — სიყვარული (გალატელთა 5:22, 23).
როცა ვინმე გიყვარს, უფრო ადვილია, გამოავლინო მორჩილება ღვთისგან დადგენილი ხელმძღვანელობის მიმართ. ეფესელთა 5:33 გვირჩევს: „ასევე ყოველ თქვენთაგანს უყვარდეს თავისი ცოლი საკუთარი თავივით. ცოლსაც ეშინოდეს [ღრმა პატივისცემა ჰქონდეს, აქ] ქმრისა.“
დაუკვირდი იესოს მაგალითს. მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, მაგრამ თვითონ არასოდეს, არავის ლანძღავდა. მან შეინარჩუნა უმწიკვლო რეპუტაცია (1 პეტრე 2:22, 23). ასეთი დიდი უპატივცემლობის ასატანად, იესოსთვის საჭირო იყო უდიდესი ვაჟკაცობა და თავისი მამის, იეჰოვასადმი, მტკიცე სიყვარული. სიყვარული კი „ყოველივეს ითმენს“ (1 კორინთელთა 13:4–8).
პავლე თავის თანამშრომელ ტიმოთეს შეახსენებდა და ის დღეს ჩვენც შეგვახსენებს: „ღმერთმა ჩვენ მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავებისა [გონიერებისა, აქ]“ (2 ტიმოთე 1:7). იეჰოვასა და იესო ქრისტესადმი ღრმა სიყვარულს შეუძლია გიბიძგოს, გამოავლინო ღვთისმოსაწონი მორჩილება მაშინ, როცა მდგომარეობა აუტანელი გეჩვენება. გონიერება დაგეხმარება შეინარჩუნო გაწონასწორებული თვალსაზრისი და ყურადღება გაამახვილო იეჰოვასა და იესო ქრისტესთან შენს ურთიერთობაზე (შეადარე ფილიპელთა 3:8–11).
მეუღლეები, რომლებმაც შეძლეს ღვთისმოსაწონი მორჩილების გამოვლენა
ზოგჯერ დიდხანს უნდა ელოდო, რომ დაინახო, როგორ გადაწყვეტს იეჰოვა შენს პრობლემებს. მაგრამ მისი მკლავი არასდროს არ არის მოკლე. „ყოველთვის აკეთე ის, რასაც იეჰოვა გავალებს და რისი გაკეთებაც სწორი და პრივილეგიურია, იქნება ეს მისადმი თაყვანისცემა კრებებსა თუ კონგრესებზე, სწავლება, მსახურებაში წასვლა თუ ლოცვა“, — გვირჩევს ერთი პიროვნება, რომელიც წარმატებით ავლენს ღვთისმოსაწონ მორჩილებას. ეს უბრალოდ შენი მონაპოვარი კი არ არის, არამედ შენი მცდელობის იეჰოვასგან კურთხევაა. მეორე კორინთელთა 4:17-ში მოციქული პავლე ამბობს: ‘ჩვენი ტანჯვა ხანმოკლეა, მაგრამ საუკუნო დიდებას ქმნის ჩვენთვის’. იფიქრე ამის შესახებ. ეს იქნება შენთვის გამაწონასწორებელი ფაქტორი. ერთი ცოლი აღნიშნავს: „ჩემი ოჯახური ცხოვრება არ უმჯობესდება და ზოგჯერ საკუთარ თავს ვეკითხები, კმაყოფილია თუ არა იეჰოვა ჩემით. მაგრამ მე იეჰოვას კურთხევად ვთვლი, რომ ჩემთვის უფრო ადვილია ამ რთული მდგომარეობიდან გამოსვლა, ვიდრე ჩემი მეუღლისთვის. იმის ცოდნა, რომ ჩვენი საქციელით იეჰოვა კმაყოფილია, ღირს მთელი ამ საშინელების გადატანად“.
იეჰოვა აღგვითქვამს, რომ ის არ დაუშვებს იმაზე მეტ განსაცდელს, რისი ატანაც შეგვიძლია. მიენდე მას. მან უკეთ იცის, ვიდრე შენ და ის უფრო უკეთესად გიცნობს, ვიდრე შენ იცნობ საკუთარ თავს (რომაელთა 8:35–39; 11:33; 1 კორინთელთა 10:13). რთულ სიტუაციებში დაგეხმარება იეჰოვასადმი ლოცვა. ილოცე, რათა მისმა სულმა გიხელმძღვანელოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ იცი რა გზას დაადგე ან როგორ მოიქცე გარკვეულ შემთხვევებში (იგავნი 3:5; 1 პეტრე 3:12). გამუდმებით სთხოვე მას მოთმინება, თავშეკავება და თავმდაბლობა, რათა დაემორჩილო მეთაურობის პრინციპს. ფსალმუნმომღერალი ამბობდა: ‘უფალი არის კლდე და სიმაგრე ჩემი და მხსნელი ჩემი’ (ფსალმუნი 17:3). ამ სიტყვების გახსენება გამაძლიერებელია მათთვის, რომლებსაც რელიგიურად დაყოფილი ოჯახები აქვთ.
უპირველეს ყოვლისა, ყოველგვარი ძალისხმევა მოახმარე, რომ შენი ქორწინება ბედნიერი გახადო. დიახ, იესომ წინასწარ იცოდა, რომ კეთილი ცნობა დაყოფას გამოიწვევდა. მიუხედავად ამისა, ილოცე, რომ დაყოფა არასდროს გამოიწვიოს შენმა დამოკიდებულებამ თუ საქციელმა (მათე 10:35, 36). როცა ასეთი გადაწყვეტილება გაქვს, თანამშრომლობა ამცირებს ოჯახურ პრობლემებს. მაშინაც კი, როცა მხოლოდ შენ ავლენ სწორ დამოკიდებულებას, ამას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, რათა პრობლემები დაწყებითი სტადიიდან მეტისმეტ შეხლა-შემოხლასა და უთანხმოებაში არ გადაიზარდოს, არამედ დადებითად გადაწყდეს. მოთმინება და სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია. იყავი „წყნარი“ და „შემწყნარე [ჭირთამთმენი, სსგ]“ (2 ტიმოთე 2:24).
მოციქული პავლე ‘ყველასთვის ყველაფერი გახდა’ (1 კორინთელთა 9:22). მსგავსად ამისა, ზოგჯერ, შესაძლოა, საჭირო იყოს, ქრისტიანული ვალდებულებების დაზარალების გარეშე მოაწესრიგო შენი დღის განრიგი და მეტი დრო დაუთმო მეუღლესა და ოჯახს. რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმე პიროვნებას, რომელიც ცხოვრების თანამგზავრად ამოირჩიე. გამოავლინე ქრისტიანული ყურადღებიანობა. ეს არის ღვთისმოსაწონი მორჩილების გამოვლენა.
ღვთისმოშიში და გამგონი ცოლისთვის, რომელიც დამყოლი და თანამგრძნობია, უფრო ადვილია გამოავლინოს ღვთისმოსაწონი მორჩილება (ეფესელთა 5:22, 23). ლმობიერი და „მარილით შეზავებული“ სიტყვები ხელს უწყობს პოტენციურ დაპირისპირებათა სიხშირის მინიმუმამდე დაყვანას (კოლასელთა 4:6; იგავნი 15:1).
ღვთიური სიბრძნე შეგახსენებს, რომ უმჯობესია დაუყოვნებლივ გადაწყვიტო უთანხმოება და აღმშენებლური სიტყვებით განაახლო მშვიდობა, ვიდრე ‘განრისხებული’ წახვიდე დასაძინებლად (ეფესელთა 4:26, 29, 31). ეს თავმდაბლობას მოითხოვს. გასაძლიერებლად მტკიცედ დაეყრდენი იეჰოვას. ერთმა ქრისტიანმა ცოლმა თავმდაბლურად აღნიშნა: „მგზნებარე ლოცვის შემდეგ, ვიგრძენი, თუ როგორ აღმძრა იეჰოვას სულმა ხელი გადამეხვია მეუღლისთვის“. ღმერთის სიტყვა გვირჩევს: „ნურვის მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს. . . არამედ სძლიე ბოროტს კეთილით“ (რომაელთა 12:17–21). ეს არის ბრძნული რჩევა და ღვთისმოსაწონი მორჩილების მიზეზი.
ბავშვები, რომლებიც ღვთისმოსაწონ მორჩილებას ავლენენ
რელიგიურად დაყოფილ ოჯახებში მცხოვრებო ბავშვებო, იეჰოვა გირჩევთ თქვენ: „დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, ვინაიდან ასეა მოსაწონი უფლისათვის“ (კოლასელთა 3:20). ყურადღება მიაქციე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოიხსენიება უფალი იესო ქრისტე. მაშასადამე, მშობლებისადმი მორჩილება აბსოლუტური არ არის. საქმეების 5:29-ში მოცემული რჩევა: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“, გარკვეულწილად, ახალგაზრდა ქრისტიანებსაც ეხება. ზოგჯერ იქმნება შემთხვევები, როცა უნდა გადაწყვიტო, თუ როგორ მოიქცე იმის საფუძველზე, რაც იცი, რომ საღვთო წერილის თანახმად სწორია. შესაძლოა, დაისაჯო იმის გამო, რომ უარყავი ცრუ თაყვანისმცემლობაში მონაწილეობა. ამ არასასიამოვნო მდგომარეობაში ყოფნისას, შეგიძლია ნუგეში ჰპოვო და გაიხარო კიდეც იმ ფაქტით, რომ იტანჯები იმის გაკეთების გამო, რაც ღმერთის თვალში სწორია (1 პეტრე 2:19, 20).
რამდენადაც შენ ბიბლიური პრინციპებით ხელმძღვანელობ, გარკვეულ საკითხებში შენი აზრები შეიძლება განსხვავდებოდეს შენი მშობლების აზრებისგან. მაგრამ ეს არ ხდის მათ შენს მტრებად. მაშინაც კი, როცა ისინი არ არიან იეჰოვასადმი მიძღვნილი მსახურები, ისინი იმსახურებენ სათანადო პატივისცემას (ეფესელთა 6:2). სოლომონმა თქვა: „გაუგონე შენს მშობელ მამას და დედას“ (იგავნი 23:22). შეეცადე, გაუგო მათ ის ტკივილის გრძნობა, რომელიც მათთვის უცნაური რწმენისადმი შენმა მიმდევრობამ განაპირობა. ურთიერთობა იქონიე მათთან და ‘შენი თავმდაბლობა [კეთილგონიერება, აქ] ცნობილი იყოს’ (ფილიპელთა 4:5). გაუზიარე შენი გრძნობები და საზრუნავი. ღმერთის პრინციპების დაცვაში იყავი ურყევი, მაგრამ ‘თუ შენს მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავი’ (რომაელთა 12:18). ფაქტი, რომ ემორჩილები მშობლების ხელმძღვანელობას ახლა, იეჰოვას უჩვენებს, რომ შენი სურვილია, როგორც ღმერთის სამეფოს ქვეშევრდომმა, გააგრძელო მორჩილება.
რისი გაკეთება შეუძლიათ სხვებს
რელიგიურად დაყოფილ ოჯახებში მცხოვრებ ქრისტიანებს თანაქრისტიანებისგან ესაჭიროებათ მხარდაჭერა და გაგება. ეს აშკარად ჩანს ერთ-ერთი პიროვნების ნათქვამიდან: „მე ვგრძნობ აბსოლუტურ უიმედობასა და უმწეობას, ვინაიდან არავის არაფრის გაკეთება შეუძლია და მეც არ შემიძლია რაიმე შევცვალო. მე მინდობილი ვარ იეჰოვაზე, რათა, რამდენადაც შესაძლებელია, მისი ნება შევასრულო ჩვენს ოჯახში“.
ქრისტიანულ შეხვედრებზე სულიერ ძმებთან და დებთან ურთიერთობა არის თავშესაფარი. იგივე პიროვნება თავის ცხოვრებას შემდეგნაირად აღწერს: „არსებობს ორი განსხვავებული სამყარო: ერთი, რომელშიც მიწევს ყოფნა და მეორე, რომელშიც მომწონს ყოფნა“. ძმობის მხრივ სიყვარული არის ის, რასაც შეუძლია ამ გულნატკენ პიროვნებებს გადაატანინონ და შეასრულებინონ თავიანთი მსახურება ნებისმიერი მდგომარეობისას. შენს ლოცვებში მოიხსენიე ისინი (ეფესელთა 1:16). ნებისმიერ სიტუაციაში, რეგულარულად ელაპარაკე მათ გამამხნევებელი, დადებითი და მანუგეშებელი სიტყვებით (1 თესალონიკელა 5:14). როცა შესაძლებელია და სათანადო, ჩართე ისინი შენს თეოკრატიულ და სოციალურ საქმიანობაში.
ღვთისმოსაწონი მორჩილების კურთხევები და კარგი შედეგები
ყოველდღიურად იფიქრე იმ კურთხევებსა და კარგ შედეგებზე, რომლებიც ღვთისმოსაწონ მორჩილებას მოაქვს რელიგიურად დაყოფილ ოჯახში. იმუშავე იმაზე, რომ იყო მორჩილი. ‘არ მოიქანცო’ (გალატელთა 6:9, სსგ). არახელსაყრელი მდგომარეობისა და უსამართლობის მოთმენა ‘ღმერთზე სინდისით მინდობის საფუძველზე. . . მადლია’ ღმერთის წინაშე (1 პეტრე 2:19, 20, სსგ). იყავი მორჩილი, სანამ არ ირღვევა იეჰოვას სამართლიანი პრინციპები და კანონები. შენმა ღვთისმოსაობამ, შესაძლოა, იხსნას კიდეც შენი მეუღლე, შვილები ან მშობლები (1 კორინთელთა 7:16; 1 პეტრე 3:1).
როცა უმკლავდები რელიგიურად დაყოფილი ოჯახის მოთხოვნებს და ამართლებ მათ მოლოდინს, გახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია შეინარჩუნო უმწიკვლოება იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს მიმართ. შენ, შეიძლება, დათმო მრავალი რამ, მაგრამ უმწიკვლოების დათმობა ყველაფრის დათმობაა, საკუთარი სიცოცხლის ჩათვლით. მოციქულმა პავლემ თქვა: „ღმერთი. . . ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ძეში, რომელიც დააყენა ყოვლის მემკვიდრედ, ვისი მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი“. ამ ‘დიადი ხსნის’ აღიარება გაგაძლიერებს მორჩილებაში (ებრაელთა 1:1, 2; 2:3).
შენი უკომპრომისო მორჩილება და მართებული მორალისა და ფასეულობების მიმართ სიმტკიცე, შენი და შენი ურწმუნო მეუღლის მტკიცე დამცავია. ერთგულება განამტკიცებს ოჯახურ კავშირებს. გამრჯე და ერთგული ცოლის შესახებ იგავნის 31:11 ამბობს: „მისი ქმრის გული მასზე იქნება დანდობილი“. შენმა უმწიკვლო საქციელმა და ღრმა პატივისცემამ, შესაძლოა, შენს ურწმუნო მეუღლეს თვალები აუხილოს. ამან შეიძლება ის ღმერთის ჭეშმარიტების მიღებამდე მიიყვანოს.
რასაკვირველია, ღვთისმოსაწონი მორჩილება ძვირფასია და სიცოცხლის მხსნელი. ილოცე იმის შესახებ, რომ შენს ოჯახში გამოავლინო მორჩილება. ეს მოიტანს ოჯახში სულის სიმშვიდეს და განადიდებს იეჰოვას.