თავი 28
სიყვარულით შეეგუეთ ერთმანეთს
1. ა) როგორ შეგიძლია გახდე ღმერთის ორგანიზაციის ნაწილი? ბ) რომელ მცნებას უნდა დაემორჩილო?
როდესაც იზრდება შენი ცოდნა და მადლიერება იეჰოვა ღმერთისა და მისი განზრახვებისადმი, გიჩნდება სურვილი რეგულარულად შეხვდე იმ ხალხს, რომლებიც იზიარებენ შენს რწმენასა და იმედს. ასეთი მოქმედებით შენ გახდები ღმერთის ხილული ორგანიზაციის, ჭეშმარიტი ქრისტიანული საძმოს, ნაწილი. მაშინ შენ უნდა დაემორჩილო მცნებას „გიყვარდეთ საძმო“ (1 პეტრე 2:17; 5:8, 9).
2. ა) რომელი ახალი მცნება მისცა იესომ თავის მიმდევრებს? ბ) რას გვიჩვენებს გამოთქმები „ერთმანეთი“ და „ურთიერთს შორის“? გ) რამდენად მნიშვნელოვანია გვქონდეს სიყვარული?
2 იესო ქრისტემ ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მის მიმდევრებს უყვარდეთ ერთმანეთი. მან უთხრა მათ: „ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. . . ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:34, 35). გამოთქმები: „ერთმანეთი“ და „ურთიერთს შორის“, ნათლად გვიჩვენებს, რომ ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი იქნება გაერთიანებული ერთ ჯგუფში, ანუ ორგანიზაციაში (რომაელთა 12:5; ეფესელთა 4:25). ეს ორგანიზაცია გამორჩეული იქნება თავისი წევრების ურთიერთ სიყვარულით. თუ ვინმეს სიყვარული არა აქვს, სხვა ყველაფერი უსარგებლოა (1 კორინთელთა 13:1–3).
3. როგორ ამახვილებს ყურადღებას ბიბლია თანაქრისტიანებს შორის სიყვარულისა და მზრუნველობის აუცილებლობაზე?
3 ამიტომ ადრინდელ ქრისტიანებს ძალიან ხშირად შეაგონებდნენ ასეთი სიტყვებით: „იქონიეთ გულითადი სიყვარული ერთმანეთისადმი“. „[იყავით] ძმათამოყვარეობაში ერთმანეთისადმი გულთბილი სიყვარულით“. „მიიღეთ ერთმანეთი“. „ემსახურეთ ერთმანეთს“. „იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ. . . ერთმანეთს“. „შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს“. „შეაგონეთ ერთმანეთს და აღაშენეთ ერთმანეთი“. „იყავით მშვიდობით ერთმანეთში“. (1 პეტრე 4:8; 1 იოანე 3:23; 4:7, 11; რომაელთა 12:10; 15:7; გალატელთა 5:13; ეფესელთა 4:32; კოლასელთა 3:13, 14; 1 თესალონიკელთა 5:11, 13).
4. ა) რა გვიჩვენებს, რომ ქრისტიანებს უნდა უყვარდეთ არა მხოლოდ ‘ერთიმეორე’, არამედ სხვებიც? ბ) ვინ უნდა უყვარდეთ ქრისტიანებს განსაკუთრებით?
4 მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანებს მხოლოდ ღმერთის ორგანიზაციის წევრები უნდა უყვარდეთ. მათ უნდა უყვარდეთ სხვებიც. სინამდვილეში ბიბლია მოუწოდებს მათ, რომ აღივსონ „ერთიმეორისა და ყველას სიყვარულით“ (1 თესალონიკელთა 3:12; 5:15). პავლე მოციქულმა მოგვაწოდა გაწონასწორებული თვალსაზრისი: „სიკეთე მოვიმოქმედოთ ყველასთვის და უფრო მეტად მათთვის, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალატელთა 6:10, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). მაშ ასე, ქრისტიანებს უნდა უყვარდეთ ყველა, თავიანთი მტრების ჩათვლით, მაგრამ განსაკუთრებით უნდა უყვარდეთ ღმერთის ორგანიზაციის წევრები, სულიერი ძმები და დები (მათე 5:44).
5. რა გვიჩვენებს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები, როგორც წარსულში, ასევე დღესაც ცნობილი არიან თავიანთი სიყვარულით?
5 ადრინდელი ქრისტიანები ერთმანეთისადმი სიყვარულით ფართოდ იყვნენ ცნობილი. მეორე საუკუნის მწერლის, ტერტულიანეს, სიტყვების თანახმად, ხალხი მათ შესახებ ლაპარაკობდა: ‘ნახეთ, როგორ უყვართ მათ ერთმანეთი და როგორ მზად არიან, მოკვდნენ კიდეც ერთმანეთისთვის!’ მსგავსი სიყვარულის დანახვა დღესაც შეიძლება ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ მათ შორის არასდროს არის პრობლემები ან სიძნელეები?
არასრულყოფილების შედეგები
6. რატომ სცოდავენ ზოგჯერ ერთიმეორის მიმართ ჭეშმარიტი ქრისტიანებიც კი?
6 ბიბლიის შესწავლით შენთვის ნათელი გახდა, რომ ყველამ, ჩვენი წინაპრების, ადამისა და ევასგან, მემკვიდრეობით მივიღეთ არასრულყოფილება (რომაელთა 5:12). ამ მიზეზის გამო გვაქვს მიდრეკილება შეცდომებისკენ. „ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ“, — ამბობს ბიბლია (იაკობი 3:2; რომაელთა 3:23). და შენ უნდა იცოდე, რომ ღმერთის ორგანიზაციის წევრებიც, ასევე არასრულყოფილები არიან და ზოგჯერ არასწორად იქცევიან. ამან შეიძლება ჭეშმარიტ ქრისტიანთა შორისაც კი წამოჭრას პრობლემები და სიძნელეები.
7. ა) რატომ მიუთითებდა პავლე ევოდიასა და სვინტიქეს, რომ „თანამოაზრენი“ ყოფილიყვნენ? ბ) რა გვიჩვენებს, რომ ისინი, არსებითად, შესანიშნავი ქრისტიანი ქალები იყვნენ?
7 განვიხილოთ ფილიპელთა ადრინდელ კრებაში მყოფი ორი ქალის, ევოდიასა და სვინტიქეს, სიტუაცია. მოციქული პავლე წერდა: „ევოდიას შევახსენებ და სვინტიქეს შევაგონებ, თანამოაზრენი იყვნენ უფალში“. რატომ მოუწოდებდა პავლე ამ ორ ქალს, რომ „თანამოაზრენი“ ყოფილიყვნენ? როგორც ჩანს, მათ შორის არსებობდა რაღაც პრობლემა. ბიბლია არ გვამცნობს, თუ რა პრობლემა იყო ეს. შესაძლოა, მათ შორის რამე ეჭვიანობა არსებობდა. ძირითადად კი ისინი შესანიშნავი ადამიანები იყვნენ. სანამ პავლესთან ერთად მონაწილეობას მიიღებდნენ სამქადაგებლო მსახურებაში, ევოდია და სვინტიქე უკვე მრავალი წლის ქრისტიანები იყვნენ. ამიტომ პავლე კრებას სწერდა: „შენც გთხოვ დაეხმარო მათ, რომელნიც იღვწოდნენ ჩემთან ერთად სახარებაში“ (ფილიპელთა 4:1–3).
8. ა) რა უთანხმოება წარმოიშვა პავლესა და ბარნაბას შორის? ბ) ამ უსიამოვნებას რომ პირადად შესწრებოდი, რას დაასკვნიდი?
8 ერთხელ პავლე მოციქულსა და მის თანამგზავრ ბარნაბას შორისაც კი წამოიჭრა უსიამოვნება. როდესაც ისინი მეორე მისიონერული მოგზაურობისთვის ემზადებოდნენ, ბარნაბას სურდა, თან წაეყვანა თავისი დისწული მარკოზი. პავლე კი არ იყო ამის მომხრე, რადგან პირველი მისიონერული მოგზაურობის დროს მარკოზმა მიატოვა ისინი და დაბრუნდა სახლში (საქმეები 13:13). ბიბლია ამბობს: „აქედან მოხდა უთანხმოება [რისხვის მკვეთრი აფეთქება, აქ] ასე რომ, ისინი დასცილდნენ ერთმანეთს“ (საქმეები 15:37–40). შენ წარმოიდგინე! ეს „რისხვის მკვეთრი აფეთქება“ რომ გენახა, ნუთუ დაასკვნიდი, რომ პავლე და ბარნაბა არ იყვნენ ღმერთის ორგანიზაციის წევრები?
9. ა) როგორ შესცოდა პეტრემ და რატომ? ბ) რა გააკეთა პავლემ, როდესაც პეტრეს საქციელი დაინახა?
9 სხვა შემთხვევაში არასწორად მოიქცა მოციქული პეტრე. მან შეწყვიტა ახლო ურთიერთობა არაებრაელ ქრისტიანებთან იმის შიშით, რომ მას განსჯიდა ზოგიერთი ებრაელი ქრისტიანი, რომლებიც არასამართლიანად, ქედმაღლურად დაჰყურებდნენ თავიანთ არაებრაელ ძმებს (გალატელთა 2:11–14). როდესაც პავლე მოციქულმა დაინახა, თუ რას აკეთებდა პეტრე, მან ყველას თანდასწრებით გაკიცხა მისი არასწორი საქციელი. როგორ იგრძნობდი თავს პეტრეს ადგილას რომ ყოფილიყავი? (ებრაელთა 12:11).
სიძნელეების სიყვარულით გადაწყვეტა
10. ა) როგორ რეაგირებდა პეტრე შენიშვნაზე? ბ) რა შეიძლება ვისწავლოთ პეტრეს მაგალითიდან?
10 პეტრეს შეეძლო გაბრაზებულიყო პავლეზე და წყენა გამოეხატა, ვინაიდან პავლემ ყველას თანდასწრებით მისცა შენიშვნა. მაგრამ ის ასე არ მოქცეულა (ეკლესიასტე 7:9). პეტრე თავმდაბალი იყო. მან მიიღო შენიშვნა და არ დაუშვა, რომ პავლესადმი სიყვარული განელებოდა (1 პეტრე 3:8, 9). ყურადღება მიაქციე, რას წერდა მოგვიანებით ის პავლეს შესახებ თანაქრისტიანებისადმი მიმართულ გამამხნევებელ წერილში: „და ჩვენი უფლის სულგრძელობა მიიჩნიეთ ხსნად, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ პავლემაც მოგწერათ მისთვის მინიჭებული სიბრძნით“ (2 პეტრე 3:15). დიახ, პეტრემ სიყვარულით გადაჭრა პრობლემები, რომლებიც მისივე საკუთარი დანაშაულით წამოიჭრა (იგავნი 10:12).
11. ა) რისხვის მკვეთრი აფეთქების მიუხედავად, როგორ უჩვენეს პავლემ და ბარნაბამ, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები იყვნენ? ბ) რა შეგვიძლია ვისწავლოთ მათი მაგალითიდან?
11 როგორღა გადაწყდა პავლესა და ბარნაბას შორის წამოჭრილი პრობლემა? ისიც სიყვარულით იქნა გადაწყვეტილი. ვინაიდან მოგვიანებით კორინთის კრებისადმი გაგზავნილ წერილში პავლემ ბარნაბა ახლო თანამშრომლად მოიხსენია (1 კორინთელთა 9:5, 6). მიუხედავად იმისა, რომ პავლეს საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა, დაეჭვებულიყო მარკოზის, როგორც თანამგზავრის ვარგისიანობაში, ამ ახალგაზრდამ შემდეგ ისეთ სიმწიფეს მიაღწია, რომ პავლემ ტიმოთეს მისწერა: „მარკოზი. . . თან წამოიყვანე, ვინაიდან მჭირდება მსახურებისათვის“ (2 ტიმოთე 4:11). ამ მაგალითიდან შეგვიძლია ვისწავლოთ, თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ სიძნელეები.
12. ა) რატომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ევოდიამ და სვინტიქემ აღმოფხვრეს თავიანთი უთანხმოებები? ბ) გალატელთა 5:13–15-ის თანახმად, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქრისტიანებმა სიყვარულით გადაწყვიტონ პრობლემები?
12 ხოლო როგორ წარიმართა ევოდიასა და სვინტიქეს საქმე? აღმოფხვრეს თუ არა მათ თავიანთი უთანხმოებები, სიყვარულით დაფარეს თუ არა ცოდვები, რომლებიც, შესაძლოა, ჩაიდინეს ერთმანეთის წინააღმდეგ? ბიბლიაში არ არის ნათქვამი, თუ როგორ მოაწესრიგეს მათ თავიანთი ურთიერთობა. მაგრამ რამდენადაც ისინი კარგი ადამიანები იყვნენ და ქრისტიანულ მსახურებაში პავლეს მხარდამხარ შრომობდნენ, გონივრულია ვივარაუდოთ, რომ თავმდაბლობით მიიღეს მიცემული რჩევა. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორ მივიდნენ ისინი ერთმანეთთან პავლეს წერილის მიღების შემდეგ და სიყვარულით, გულწრფელად გადაწყვიტეს თავიანთი პრობლემა (გალატელთა 5:13–15).
13. სიყვარულის გამოხატვის როგორი მაგალითი მოგვცა იეჰოვა ღმერთმა?
13 შეიძლება, ცალკეულ ან რამდენიმე პირთან შენც გიძნელდება კარგი ურთიერთობა კრებაში. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჭეშმარიტი ქრისტიანული თვისებების გასავითარებლად, შესაძლოა, ესაჭიროებათ ხანგრძლივი დრო, იფიქრე შემდეგზე: ნუთუ იეჰოვა ელოდება, რომ ადამიანები გათავისუფლდნენ ყველა ცუდი თვისებისგან, რომ შემდეგ შეიყვაროს ისინი? რა თქმა უნდა, არა! ბიბლია ამბობს: „ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რომაელთა 5:8). ჩვენთვის აუცილებელია მივყვეთ ღმერთის მაგალითს, რომ სიყვარული გამოვავლინოთ მათ მიმართ, რომლებიც ცუდად და უგუნურად იქცევიან (ეფესელთა 5:1, 2; 1 იოანე 4:9–11; ფსალმუნი 102:10).
14. რა რჩევა მოგვცა იესომ, რომ არ ვიყოთ კრიტიკულები სხვების მიმართ?
14 რადგანაც ჩვენ, ყველა, არასრულყოფილები ვართ, იესომ გვასწავლა, რომ არ უნდა ვიყოთ კრიტიკულები სხვების მიმართ. მართალია, რომ სხვები უშვებენ შეცდომებს, მაგრამ ჩვენც ხომ ვცდებით. „რად უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში დირესაც კი არ ამჩნევ?“ — თქვა იესომ (მათე 7:1–5). თუ ვითვალისწინებთ ასეთ ბრძნულ რჩევას, ეს დაგვეხმარება შევეგუოთ ჩვენს ძმებსა და დებს.
15. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მივუტევოთ სხვებს მაშინაც კი, თუ საჩივრის საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს? ბ) მათეს სახარების მე-18 თავში მოცემული იგავით, როგორ აჩვენა იესომ პატიებისათვის მზადყოფნის აუცილებლობა?
15 აბსოლუტურად აუცილებელია, რომ გამოვავლინოთ გულმოწყალება და მზად ვიყოთ პატიებისთვის. მართალია, ძმის ან დის მიმართ, შეიძლება, საჩივრის ნამდვილი საფუძველი გქონდეს. მაგრამ გაიხსენე ბიბლიური რჩევა: „შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს“. მაგრამ რატომ უნდა აპატიო სხვებს თუ მათ მიმართ საჩივრის ნამდვილი საფუძველი გაქვს? რადგან „იეჰოვამ მზადყოფნით გაპატიათ თქვენ“ — პასუხობს ბიბლია (კოლასელთა 3:13, აქ). და თუ გვსურს მისგან პატიების მიღება, ჩვენც უნდა მივუტევოთ სხვებს, როგორც იესომ თქვა (მათე 6:9–12, 14, 15). იესოს ერთ-ერთ იგავში მოხსენიებული მეფის მსგავსად, იეჰოვამ მრავალჯერ მოგვიტევა. ამიტომ, ნუთუ არ შეგვიძლია, რომ ჩვენ რამდენჯერმე მივუტევოთ თანაქრისტიანებს? (მათე 18:21–35; იგავნი 19:11).
16. ა) 1 იოანეს 4:20, 21-ის თანახმად, რა კავშირია ღმერთისა და თანაქრისტიანისადმი სიყვარულს შორის? ბ) რა არის აუცილებელი გააკეთო, თუ ძმას რამე საწინააღმდეგო აქვს შენს მიმართ?
16 უბრალოდ, არ შეიძლება ვიცხოვროთ ჭეშმარიტების მიხედვით და ამავე დროს ვიყოთ ჩვენი დებისა და ძმების მიმართ უგულონი და შეურიგებელნი (1 იოანე 4:20, 21; 3:14–16). მაშ ასე, თუ ოდესმე უსიამოვნება გექნება თანაქრისტიანთან, ნუ გაებუტები. ნუ ჩაიმარხავ გულში სიავეს, არამედ სიყვარულით მოაგვარე საქმე. თუ შენ აწყენინე ძმას, მზად იყავი ბოდიში მოუხადო და სთხოვო პატიება (მათე 5:23, 24).
17. რა უნდა გააკეთო, თუ ვინმე უსამართლოდ გექცევა?
17 მაგრამ როგორ უნდა მოიქცე, თუ ვინმე შეურაცხგყოფს ან უსამართლოდ გექცევა? ბიბლია გვირჩევს: „ნუ იტყვი, როგორც მომექცა, ისე მოვექცევიო“ (იგავნი 24:29; რომაელთა 12:17, 18). იესო ქრისტე გვირჩევდა: „თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე“ (მათე 5:39). სილის გაწვნით, პირდაპირი გაგებით, რამე ზიანის მოყენება არ სურთ, არამედ მხოლოდ შეურაცხყოფა და გაღიზიანება. ამით იესო თავის მიმდევრებს ასწავლიდა, რომ მორიდებოდნენ შუღლსა და დავას. ნაცვლად იმისა, რომ მიაგო ‘ბოროტი ბოროტისა წილ და ლანძღვა ლანძღვისა წილ’, უნდა ‘ეძიებდე მშვიდობას და მისკენ ისწრაფოდე’ (1 პეტრე 3:9, 11; რომაელთა 12:14).
18. რა უნდა ვისწავლოთ იქიდან, რომ ღმერთს ყველა ადამიანი უყვარს?
18 გახსოვდეს, რომ უნდა ‘გვიყვარდეს საძმო’ (1 პეტრე 2:17). იეჰოვა ღმერთი გვაძლევს მაგალითს. ის არ არის მიკერძოებული. მის თვალში ყველა რასა თანაბარია (საქმეები 10:34, 35; 17:26). ისინი, ვინც დაცული იქნებიან ‘დიდ გასაჭირში’, შეკრებილი არიან „ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“ (გამოცხადება 7:9, 14–17). ამიტომ, ღმერთის მიბაძვით ერთნაირად უნდა გვიყვარდეს ყველა, რასის, ეროვნების, კანის ფერისა და სოციალური მდგომარეობის განურჩევლად.
19. ა) როგორ უნდა ვეპყრობოდეთ თანაქრისტიანებს? ბ) როგორი უდიდესი უპირატესობა შეგვიძლია მივიღოთ?
19 კარგად გაეცანი ქრისტიანთა კრებაში ყველას, რომ შეიყვარო და დააფასო ისინი. ხანდაზმულებს მოექეცი ისე, როგორც მამასა და დედას, ახალგაზრდებს, როგორც ძმებსა და დებს (1 ტიმოთე 5:1, 2). ჭეშმარიტი უპირატესობაა, იყო ღმერთის ხილული, ოჯახის მსგავსი ორგანიზაციის ნაწილი, რომლის წევრებიც სიყვარულით ასე კარგად ეგუებიან ერთმანეთს. რა მშვენიერი იქნება იცხოვრო მარადიულად სამოთხეში, დედამიწაზე, ასეთ მოსიყვარულე ოჯახში! (1 კორინთელთა 13:4–8).
[სურათი 233 გვერდზე]
რა შეიძლება ვისწავლოთ ევოდიასა და სვინტიქეს შემთხვევიდან?
[სურათი 235 გვერდზე]
ნიშნავდა თუ არა პავლესა და ბარნაბას შორის მომხდარი დავა, რომ ისინი არ მიეკუთვნებოდნენ ღმერთის ორგანიზაციას?
[სურათი 236 გვერდზე]
ჭეშმარიტი ქრისტიანები სიყვარულით ფარავენ საჩივრის მიზეზებს.
[სურათი 237 გვერდზე]
ღმერთის ორგანიზაციაში სიყვარულით აღძრული ქრისტიანები ერთმანეთთან ურთიერთობის დროს არიან, როგორც თანასწორნი.