შესაწირავები
ადამიანებს ოდითგანვე მიჰქონდათ შესაწირავები ღვთისთვის. ადამის უფროსმა ვაჟმა კაენმა მიწის ნაყოფი შესწირა ღმერთს, უმცროსმა ვაჟმა აბელმა კი — თავისი ფარის პირველმოგებული. ეს იყო მსხვერპლშეწირვის პირველი შემთხვევა, რომელიც ბიბლიაში ჩაიწერა. როგორც ჩანს, ძმებს განსხვავებული მოტივები და განწყობილება ჰქონდათ, რადგან ღმერთმა აბელის შესაწირავი მოიწონა, კაენისა კი არა (მოგვიანებით კანონის შეთანხმებით გათვალისწინებული იყო როგორც ცხოველური, ისე მარცვლეული შესაწირავები). აბელს სწამდა, რომ ღმერთი შეასრულებდა თავის განზრახვას და კაცობრიობას აღთქმული შთამომავლის მეშვეობით გაათავისუფლებდა. ის, ალბათ, ხვდებოდა, რომ ამ შთამომავლის ქუსლში დაგესვლას სისხლის დაღვრა მოჰყვებოდა, რის შედეგადაც კაცობრიობას ადამისა და ევას მიერ დაკარგული სრულყოფილება დაუბრუნდებოდა (დბ. 3:15). ის აღიარებდა, რომ ცოდვილი იყო, ამიტომ რწმენით მიიტანა მსხვერპლი, რომლის შეწირვისას სისხლი უნდა დაღვრილიყო. ეს ზუსტად ასახავდა იმ ნამდვილ შესაწირავს, რომელსაც იესო ქრისტე ცოდვების გამოსასყიდად გაიღებდა (დბ. 4:1—4; ებ. 11:4).
პატრიარქალურ საზოგადოებაში. კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ მამამთავარმა ნოემ სამადლობელი მსხვერპლი შესწირა იეჰოვას როგორც დამამშვიდებელი სურნელება. ამის შემდეგ იეჰოვამ ნოესა და მის შთამომავლობას ცისარტყელას შეთანხმება დაუდო (დბ. 8:18—22; 9:8—16). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვასთვის შესაწირავები მოგვიანებით სხვა ერთგულ პატრიარქებსაც მიჰქონდათ (დბ. 31:54; 46:1). იობი, როგორც ოჯახის უფროსი, მღვდლის როლსაც ასრულებდა და ოჯახის წევრების სახელით დასაწვავ შესაწირავებს აღუვლენდა ღმერთს (იობ. 1:5). ძველ დროში მსხვერპლშეწირვასთან დაკავშირებული ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი მოვლენა მაშინ მოხდა, როცა აბრაამმა ღვთის მითითებისამებრ ისაკის შეწირვა მოინდომა. იეჰოვამ აბრაამს დაუფასა რწმენა და მორჩილება, ამიტომ იზრუნა, რომ მას შვილის ნაცვლად ვერძი შეეწირა. აბრაამის ქმედება განასახიერებდა იმას, რასაც ღმერთი მომავალში გააკეთებდა — მსხვერპლად გაიღებდა მხოლოდშობილ ძეს, იესო ქრისტეს (დბ. 22:1—14; ებ. 11:17—19).
კანონით გათვალისწინებული შესაწირავები. კანონის შეთანხმებით გათვალისწინებული შესაწირავები იესო ქრისტეს განასახიერებდა და მის მსხვერპლსა და მისი მსხვერპლით მიღებულ კურთხევებზე მიუთითებდა (ებ. 8:3—5; 9:9; 10:5—10). იესო ქრისტე სრულყოფილი იყო, ამიტომ ყველა შესაწირი ცხოველი საღი და უნაკლო უნდა ყოფილიყო (ლვ. 1:3, 10; 3:1). იეჰოვას ყველა თაყვანისმცემელს, ისრაელსაც და ხიზანსაც, სხვადასხვა შესაწირავის მიტანა მოეთხოვებოდა (რც. 15:26, 29).
დასაწვავი შესაწირავი. დასაწვავ შესაწირავს სრულად სწირავდნენ ღმერთს; ცხოველიდან არაფერი რჩებოდა შემწირველს (შდრ. მსჯ. 11:30, 31, 39, 40). ამ შესაწირავით იეჰოვას სთხოვდნენ, მიეღო ცოდვის შესაწირავი, რომელიც ხშირად დასაწვავ შესაწირავთან ერთად მიჰქონდათ. იესო ქრისტემ, როგორც დასაწვავმა შესაწირავმა, სრულად გაიღო საკუთარი თავი.
როდის, როგორ და რა უნდა შეეწირათ დასაწვავ შესაწირავად:
1) დასაწვავ შესაწირავს რეგულარულად სწირავდნენ ყოველ დილა-საღამოს (გმ. 29:38—42; ლვ. 6:8—13; რც. 28:3—8), ყოველ შაბათს (რც. 28:9, 10), თვის პირველ დღეს (რც. 10:10), პასექზე და უფუარობის დღესასწაულის შვიდივე დღეს (ლვ. 23:6—8; რც. 28:16—19, 24), გამოსყიდვის დღეს (ლვ. 16:3, 5, 29, 30; რც. 29:7—11), ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე (ლვ. 23:16—18; რც. 28:26—31) და კარვობის დღესასწაულის ყველა დღეს (რც. 29:12—39).
2) აგრეთვე დასაწვავი შესაწირავი იწირებოდა მღვდლებისა და ლევიანების დანიშვნის დროს (ლვ. 8:18—21; იხ. მღვდლად დანიშვნა; რც. 8:6, 11, 12), შეთანხმების დადებისას (გმ. 24:5; იხ. შეთანხმება), მშვიდობის მსხვერპლთან, აგრეთვე დანაშაულისა და ცოდვის ზოგიერთ შესაწირავთან ერთად (ლვ. 5:6, 7, 10; 16:3, 5), აღთქმის დადებისას (რც. 15:3, 8) და განწმენდის წესის შესრულებისას (ლვ. 12:6—8; 14:2, 30, 31; 15:13—15, 30).
3) შესაწირი ცხოველები და შეწირვის წესი: მოზვერი, ვერძი, მამალი თოხლი, გვრიტი ან მტრედის ხუნდი (ლვ. 1:3, 5, 10, 14); შემწირველი შესაწირ ცხოველს თავზე ადებდა ხელს, რითაც აღიარებდა, რომ შესაწირი ცხოველი მისი იყო და მისთვის იწირებოდა (ლვ. 1:4). ცხოველს კლავდნენ, მის სისხლს დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოს გარშემო ასხურებდნენ (ლვ. 1:5, 11), ატყავებდნენ, ანაწევრებდნენ, მის შიგნეულსა და კიდურებს რეცხავდნენ (მონარჩენებს არ წვავდნენ სამსხვერპლოზე), თავსა და სხვა ნაწილებს სამსხვერპლოზე აწყობდნენ (ცხოველის ტყავი შემწირველი მღვდლისა იყო; ლვ. 7:8) (ლვ. 1:6—9, 12, 13). შესაწირ ფრინველს ჩიჩახვსა და ბუმბულს აცლიდნენ და თავსა და ტანს სამსხვერპლოზე წვავდნენ (ლვ. 1:14—17).
მშვიდობის მსხვერპლი (საზიარო მსხვერპლი). იეჰოვასთვის მოსაწონი მშვიდობის მსხვერპლი მასთან მშვიდობიან ურთიერთობაზე მიანიშნებდა. მსხვერპლის ნაწილს შემწირველი და მისი ოჯახი ჭამდა (კარვის ეზოში, სადაც გადმოცემის თანახმად, ქოხები იდგა. ტაძარში სასადილო ოთახები იყო). მსხვერპლიდან წილი ეკუთვნოდა შემწირველ მღვდელსაც და იმ დროს მომსახურე სხვა მღვდლებსაც. იეჰოვას წილი დამწვარი ქონის სასიამოვნო სურნელი იყო. სისხლიც, რომელიც სიცოცხლის სიმბოლო იყო, ღმერთს ეძლეოდა, როგორც მისი საკუთრება. ამგვარად, მღვდლები, შემწირველი ოჯახი და იეჰოვა თითქოს ერთი სუფრიდან მიირთმევდნენ, რაც მშვიდობიანი ურთიერთობის ნიშანი იყო. თუ შემწირველი გაუწმინდურებული იყო (კანონში მოხსენიებული ნებისმიერი უწმინდურებით) ან მესამე დღეს შეჭამდა მსხვერპლის ხორცს (ცხელ კლიმატში ხრწნას იწყებდა), ის უნდა მოეკვეთათ თავისი ხალხიდან. მან შებღალა ანუ წაბილწა სუფრა, რადგან ან თავად იყო უწმინდური, ან ჭამა იეჰოვა ღმერთის თვალში უწმინდური ხორცი, რითაც შეურაცხყო ის, რაც წმინდაა (ლვ. 7:16—21; 19:5—8).
უფლის ვახშამი (გახსენების საღამო ანუ უფლის სერობა) საზიარო სუფრაა (1კრ. 10:16). ისინი, ვინც იესოს სისხლის საფუძველზე ახალი შეთანხმების მონაწილენი გახდნენ, რწმენით მოზიარენი არიან და იღებენ სიმბოლოებს, რომლებიც იესოს სხეულსა და სისხლს წარმოადგენს. ისინი იეჰოვას მოზიარენიც არიან, რომელმაც ამ ღონისძიებას ჩაუყარა საფუძველი. მათ სურთ, დაიმსახურონ იეჰოვას მოწონება და მშვიდობა აქვთ არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ იესო ქრისტეს მეშვეობით იეჰოვასთანაც. ვინაიდან საზიარო სუფრის მონაწილეებისგან კანონით სიწმინდე მოითხოვებოდა, პავლემ შეახსენა ქრისტიანებს, რომ უფლის ვახშმამდე უნდა შეემოწმებინათ საკუთარი თავი. სიმბოლოების — ღვინისა და უფუარი პურის მიმართ ზერელე ან აგდებული დამოკიდებულება წმინდის შებღალვა იქნებოდა. ასეთ ადამიანს ღმერთი გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანდა (1კრ. 11:25, 27—29; იხ. უფლის ვახშამი).
სამადლობელ მსხვერპლში, რომელიც საზიარო შესაწირავი იყო ღვთის განსადიდებლად მისი მზრუნველობისა და სიკეთისთვის, შედიოდა ხორცი და საფუვრიანი თუ უფუარი პური. ამგვარად, შემწირველი მსხვერპლშეწირვის დროს ჭამდა „ყოველდღიურ საკვებს“ (თუმცა საფუვრიან პურს არასდროს სწირავდნენ ღმერთს სამსხვერპლოზე). ღვთისადმი მადლიერებისა და ქების ნიშნად შეწირული ხორცი იმავე დღეს უნდა შეეჭამათ (სხვა საზიარო შესაწირავის ხორცი მეორე დღესაც შეეძლოთ ეჭამათ) (ლვ. 7:11—15). ეს შეგვახსენებს იესო ქრისტეს ლოცვას, რომელიც მოწაფეებს ასწავლა: „მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური“ (მთ. 6:11).
როდის, როგორ და რა უნდა შეეწირათ მშვიდობის მსხვერპლად:
1) შეთანხმების დადებისას (გმ. 24:5), დღესასწაულებზე და თვის დასაწყისში (რც. 10:10; გმ. 12:2—14; ლვ. 23:15—19; რც. 29:39) და ა. შ.
2) მიზანი: ღვთის მოწონების მიღება, გაჭირვების დროს ღვთისთვის დახმარების თხოვნა-ვედრება (ლვ. 19:5; მსჯ. 20:26; 21:4; 1სმ. 13:9; 2სმ. 24:25).
3) შესაწირი ცხოველები და შეწირვის წესი: ხარი, ძროხა, დედალი ან მამალი ცხვარი და თხა (ფრინველებს არ სწირავდნენ, რადგან ხორცი ცოტა ჰქონდათ) (ლვ. 3:1, 6, 12); შემწირველი შესაწირ ცხოველს თავზე ადებდა ხელს; ცხოველს კლავდნენ; მღვდელი სისხლს დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოს გარშემო ასხურებდა (ლვ. 3:2, 8, 13); ქონს (მათ შორის ცხვრის დუმას) დებდნენ დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოზე (ლვ. 3:3—5, 9); მკერდს აძლევდნენ მღვდლებს, მარჯვენა ბარკალს კი — შემწირველ მღვდელს (გმ. 29:26, 28; ლვ. 7:28—36).
4) შესაწირავის სახეობები: სამადლობელი ან ქების მსხვერპლი; აღთქმის მსხვერპლი (იხ. რც. 6:13, 14, 17); ნებაყოფლობითი მსხვერპლი.
ცოდვის შესაწირავი. ცოდვის შესაწირავი მიჰქონდათ არასრულყოფილი სხეულის სისუსტით უნებლიეთ ჩადენილი ცოდვის გამო და არა დაუფარავად, ქედმაღლურად და განზრახ ჩადენილი ცოდვის გამო (რც. 15:30, 31). შესაწირი ცხოველის სახეობა (ხარი, მტრედი თუ სხვ.) დამოკიდებული იყო იმ ადამიანის მდგომარეობასა და შესაძლებლობაზე, ვისი ცოდვის გამოც გამოსყიდვის წესი უნდა შესრულებულიყო. აღსანიშნავია, რომ ლევიანების მე-4 თავში მოხსენიებული ცოდვების ჩამდენებმა ის გააკეთეს, „რაც იეჰოვამ აკრძალა“, და დააშავეს (ლვ. 4:2, 13, 22, 27). მეტი ინფორმაციისთვის იმ შესაწირავების შესახებ, რომლებიც გამოსყიდვის დღეს უნდა შეეწირათ, იხ. გამოსყიდვის დღე.
როდის, როგორ და რა უნდა შეეწირათ ცოდვის შესაწირავად:
1) მღვდელმთავარს, რომელიც შესცოდავდა და ხალხს ცოდვაში გახვევდა (ლვ. 4:3), მიჰქონდა მოზვერი და ხელს მოზვერს თავზე ადებდა. შემდეგ მოზვერს კლავდნენ, სისხლს წმინდა ადგილას ფარდის წინ ასხურებდნენ და საკმევლის სამსხვერპლოს რქებს უსვამდნენ, დანარჩენ სისხლს კი დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოს ძირში ღვრიდნენ; ქონს (როგორც მშვიდობის მსხვერპლის შეწირვისას) დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოზე წვავდნენ (ლვ. 4:4—10); მოზვერს, მათ შორის ტყავს, ქალაქგარეთ სუფთა ადგილას წვავდნენ, სადაც სამსხვერპლოს ნაცარს ყრიდნენ (ლვ. 4:11, 12).
2) მთელი კრებულის ცოდვისთვის (კრებულის მიერ ჩადენილი ცოდვა, რომლის შესახებაც თავკაცები მოგვიანებით იგებდნენ) (ლვ. 4:13) კრებულს უნდა მიეტანა მოზვერი. უხუცესები მოზვერს თავზე ხელს ადებდნენ; მოზვერს კლავდნენ; შემდეგ ყველაფერს ისე აკეთებდნენ, როგორც მღვდელმთავრის ცოდვის შესაწირავის მიტანისას (ლვ. 4:14—21).
მოვალეობის შესრულების დროს მღვდელმთავრის, როგორც იეჰოვას წინაშე ხალხის წარმომადგენლის ჩადენილი ცოდვის გამო მთელ კრებულს ედებოდა ბრალი. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო გასამართლების დროს დაშვებული შეცდომა, კანონის არასწორად გამოყენება ან ეროვნული მნიშვნელობის საკითხის არასწორად გადაწყვეტა. ასეთი ცოდვისა და მთელი კრებულის ცოდვისთვის უნდა შეეწირათ ყველაზე ძვირადღირებული შესაწირავი — მოზვერი (ლვ. 4:3, 13—15).
სხვების ცოდვის შესაწირავად დაღვრილი სისხლი სამსხვერპლოს იქით არ მიჰქონდათ, მღვდელმთავრისა და მთელი კრებულის შეცოდების შემთხვევაში კი სისხლი წმინდაში, კარვის პირველ ოთახში უნდა შეეტანათ. სისხლს ასხურებდნენ ფარდის წინ, რომლის მეორე მხარესაც იეჰოვა მკვიდრობდა, რისი სიმბოლოც წმინდათაწმინდაში შეთანხმების კიდობნის ზემოთ სასწაულებრივად გაჩენილი სინათლე იყო (მხოლოდ გამოსყიდვის დღეს შეწირული ცოდვის შესაწირავების სისხლის შეტანა ხდებოდა წმინდათაწმინდაში, კარვის მეორე ოთახში; ლვ. 16). მღვდლებს არ შეეძლოთ ეჭამათ იმ შესაწირავების ხორცი, რომელთა სისხლიც წმინდა ადგილას შეჰქონდათ (ლვ. 6:30).
3) მსგავსად ხდებოდა თავკაცის ცოდვის შესაწირავის შეწირვაც, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მამალ თიკანს სწირავდნენ და სისხლი წმინდა ადგილას არ შეჰქონდათ. სისხლს დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოს რქებს უსვამდნენ, ქონს კი სამსხვერპლოზე აბოლებდნენ (ლვ. 4:22—26). მღვდლები წილს იღებდნენ, როგორც ცოდვის სხვა შესაწირავებიდან (ლვ. 6:24—26, 29). ჭურჭელი, რომელშიც ხორცი იხარშებოდა, უნდა გაეხეხათ და წყლით გაერეცხათ (თუ თიხისა იყო, უნდა დაემტვრიათ), რათა მისი ხელახლა გამოყენებისას მის კედლებზე დარჩენილი ხორცის ნარჩენებით უწმინდესი არაფერი გაუწმინდურებულიყო (ლვ. 6:27, 28).
4) თუ რიგითი ისრაელი შესცოდავდა, უნდა შეეწირა დედალი თიკანი ან დედალი თოხლი. შეწირვის წესი ისეთივე იყო, როგორც თავკაცის ცოდვის შესაწირავის შემთხვევაში (ლვ. 4:27—35).
ქვემოთ მოყვანილი ცოდვები ზემოხსენებულთაგან იმით განსხვავდება, რომ შემცოდველებმა შეცდომა დაუშვეს და არ შეასრულეს ღვთის ყველა მცნება. შესაბამისად, მათ ბრალი დაედოთ დაუდევრობაში (რც. 15:22).
5) მთელი კრებულის დაუდევრობის გამო უნდა შეეწირათ თიკანი (რც. 15:22—26), რიგითი ისრაელის დაუდევრობის გამო კი — ერთი წლის დედალი თხა (რც. 15:27—29).
მღვდლები, რომლებიც ცოდვის შესაწირავის ნაწილს ჭამდნენ, თავიანთი წმინდა მსახურების საფუძველზე პასუხს აგებდნენ შემწირველთა ცოდვისთვის, რათა გამოსყიდვის წესი შეესრულებინათ მათთვის იეჰოვას წინაშე (ლვ. 10:16—18; 9:3, 15).
დანაშაულის შესაწირავი. დანაშაულის შესაწირავსაც ცოდვის გამო სწირავდნენ, რადგან დანაშაული ყოველთვის ცოდვას გულისხმობს. მათი შეწირვა განსაკუთრებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ მოითხოვებოდა. ისინი ცოდვის სხვა შესაწირავებისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ მათი მიზანი, როგორც ჩანს, სამართლის ან ვინმეს უფლების აღდგენა იყო. მაგალითად, როცა იეჰოვას ან მთელი მისი წმინდა ერის უფლებები ილახებოდა. დანაშაულის შესაწირავს სწირავდნენ იეჰოვას შელახული უფლების აღსადგენად ან მომნანიებელი შემცოდველისთვის კანონის შეთანხმებით გათვალისწინებული უფლებების დასაბრუნებლად და მისი სასჯელის შესამსუბუქებლად (შდრ. ეს. 53:10).
ლევიანების 5:1—6, 17—19-ში მოყვანილია უნებლიე, დაუფიქრებლად ან დაუდევრობით ჩადენილი არაერთი დანაშაული, რომელთა ჩამდენთაც მათი გაგების შემდეგ სურდათ მდგომარეობის გამოსწორება. მაგრამ ლევიანების 6:1—7-ში საუბარია არა უნებლიე ან დაუდევრობით ჩადენილ ცოდვებზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც ხორციელი სისუსტისა და სურვილების გამო იქნა ჩადენილი. ისინი არ იყო წინასწარ განზრახული და ურცხვი ან ღვთის წინააღმდეგ შეგნებულად მიმართული. ვინაიდან შემცოდველები სინდისმა შეაწუხა, მათ თავიანთი ნებით მოინანიეს, აღიარეს თავიანთი ცოდვა და მდგომარეობის გამოსწორების შემდეგ წყალობა და პატიება ითხოვეს (მთ. 5:23, 24).
მიუხედავად იმისა, რომ კანონით მკაცრად ისჯებოდა განზრახ შემცოდველი, რომელიც არ ინანიებდა, ზემოხსენებული კანონები ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოსამართლეებს შეეძლოთ გაეთვალისწინებინათ შემცოდველის მოტივები, ვითარება, მდგომარეობა და დამოკიდებულება. ასე რომ, წყალობის გამოვლენა კანონის ფარგლებშიც შეიძლებოდა ისევე, როგორც ეს ქრისტიანულ კრებაში ხდება (შდრ. ლვ. 6:1—7; გმ. 21:29—31; რც. 35:22—25; 2კრ. 2:5—11; 7:8—12; 1ტმ. 1:2—16). თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ დაუსჯელს არავის ტოვებდნენ — მათ ზარალი უნდა აენაზღაურებინათ და იეჰოვასთვის დანაშაულის შესაწირავი უნდა მიეტანათ. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ეს შესაწირავიც ისევე იწირებოდა, როგორც ცოდვის შესაწირავი. მღვდლები ამ შესაწირავიდანაც იღებდნენ წილს (ლვ. 7:1, 5—7).
როდის, როგორ და რა უნდა შეეწირათ დანაშაულის შესაწირავად:
1) დანაშაულის შესაწირავის შეწირვა მოითხოვებოდა, თუ ადამიანი საჯარო წყევლის მოსმენის შემდეგ არ გააცხადებდა, რომ იყო მოწმე, თუ გაუწმინდურდებოდა მკვდართან ან გაუწმინდურებულ ადამიანთან უნებლიე შეხებით ან, თუ ნაჩქარევად ან დაუფიქრებლად დაიფიცებდა რამეს (ლვ. 5:1—4). მას უნდა ეღიარებინა თავისი ცოდვა (ლვ. 5:5). დანაშაულის შესაწირავს აკისრებდნენ მისი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე (ლვ. 5:6—10). თუ მარცვლეულ შესაწირავს მიიტანდა, მასში ზეთი და გუნდრუკი არ უნდა ყოფილიყო, რადგან ეს ცოდვის შესაწირავი იყო, თანაც არა ნებაყოფლობით მიტანილი, არამედ დაკისრებული. ნებაყოფლობითი მარცვლეული შესაწირავი კი იყო იმ ადამიანის მიერ სიხარულით გაღებული შესაწირავი, რომელსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა ღმერთთან (ლვ. 5:11—13).
2) თუ ვინმე უნებლიეთ შესცოდავდა იეჰოვას სიწმინდეების წინააღმდეგ (მაგ., ვინც შეუგნებლად აიღებდა საწმინდრისთვის შეწირული მარცვლეულის მეათედიდან და გამოიყენებდა თავისთვის ან თავისი ოჯახისთვის [ამგვარად ის შებღალავდა განწმენდილს]) (ლვ. 5:15ა; შდრ. ლვ. 22:14—16), მას სრულად უნდა აენაზღაურებინა აღებული, დაემატებინა მეხუთედი და მიეტანა საწმინდარში (ლვ. 5:16). დანაშაულის შესაწირავად მას ვერძიც უნდა მიეყვანა (ლვ. 5:15).
3) თუ ვინმე შეუგნებლად გააკეთებდა რამეს (დაუდევრობით), რისი გაკეთებაც იეჰოვას ჰქონდა აკრძალული, მას შესაწირავად უნდა მიეყვანა „დადგენილი ფასის შესაბამისი“ ვერძი (ლვ. 5:17—19).
4) თუ ვინმე მოატყუებდა მოძმეს და მიითვისებდა მიბარებულს, მოჰპარავდა, გამოსტყუებდა, იპოვიდა დაკარგულს და უარყოფდა (ლვ. 6:2, 3; შდრ. გმ. 22:7—13; აღსანიშნავია, რომ ამაში არ შედიოდა მოძმის წინააღმდეგ ცრუმოწმედ გამოსვლა, როგორც კანონის 5:20-ში წერია), უპირველესად, უნდა ეღიარებინა, შემდეგ სრულად უნდა აენაზღაურებინა ზარალი და მეხუთედიც უნდა დაემატებინა (ლვ. 6:4, 5; რც. 5:6, 7). თუ დაზარალებული ცოცხალი აღარ იქნებოდა, მისი უახლოესი ნათესავი მამაკაცისთვის უნდა მიეტანა საზღაური; თუ ახლო ნათესავიც არ ეყოლებოდა, მღვდლისთვის უნდა მიეტანა ის (რც. 5:8). ამის შემდეგ დანაშაულის შესაწირავად ვერძი უნდა მიეყვანა.
მარცვლეული შესაწირავი. მარცვლეული შესაწირავები მიჰქონდათ მშვიდობის მსხვერპლთან, დასაწვავ შესაწირავსა და ცოდვის შესაწირავთან ერთად, აგრეთვე პირველმოწეულ ნაყოფად. სხვა შემთხვევებში მიჰქონდათ მარტო მარცვლეული შესაწირავი (გმ. 29:40—42; ლვ. 23:10—13, 15—18; რც. 15:8, 9, 22—24; 28:9, 10, 20, 26—28; თ. 29). შესაწირავების მიზანი იყო ღვთისადმი მადლიერების გამოვლენა, რომელიც კურთხევებსა და კეთილდღეობას არ აკლებდა მათ. მარცვლეული შესაწირავი ხშირად ზეთთან და გუნდრუკთან ერთად მიჰქონდათ. ის შეიძლებოდა ყოფილიყო წმინდად დაფქული ფქვილი, მოხალული მარცვლეული, რგოლისებური კვერები ან უფუარი პური, კეცზე ან ქვაბში მომზადებული. მარცვლეული შესაწირავიდან ნაწილს დებდნენ დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოზე, ნაწილს კი მღვდლები ჭამდნენ; თუ ის მშვიდობის მსხვერპლთან ერთად მიჰქონდათ, მესამე ნაწილს შემწირველი ჭამდა (ლვ. 6:14—23; 7:11—13; რც. 18:8—11). სამსხვერპლოზე არასდროს სწირავდნენ საფუვრიან ან თაფლიან მარცვლეულ შესაწირავს (თაფლში, როგორც ჩანს, იგულისხმებოდა ლეღვის ან სხვა ხილის წვენი ან სიროფი, რომელიც დუღილს იწვევდა) (ლვ. 2:1—16).
დასაღვრელი შესაწირავი. მას შემდეგ, რაც ისრაელები აღთქმულ მიწაზე დასახლდნენ, დასაღვრელი შესაწირავი თითქმის ყველა შესაწირავთან ერთად მიჰქონდათ (რც. 15:2, 5, 8—10). ამაში შედიოდა ღვინო (ანუ მათრობელი სასმელი), რომელსაც სამსხვერპლოზე ღვრიდნენ (რც. 28:7, 14; შდრ. გმ. 30:9; რც. 15:10). მოციქულმა პავლემ ფილიპეში მცხოვრებ ქრისტიანებს მისწერა: „თუ დასაღვრელი შესაწირავივით ვიღვრები მსხვერპლზე და ხალხისთვის მსახურებაზე, რომლებამდეც რწმენამ მიგიყვანათ, მიხარია“. დასაღვრელი შესაწირავის მაგალითით მან ცხადყო, რომ მზად იყო, ბოლომდე დახარჯულიყო თანაქრისტიანებისთვის (ფლ. 2:17). სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან ტიმოთეს მისწერა: „უკვე ვიღვრები დასაღვრელი შესაწირავივით და ჩემი გათავისუფლების დრო მოახლოებულია“ (2ტმ. 4:6).
შესარხევი შესაწირავი. შესარხევი შესაწირავის მიტანისას მღვდელი, როგორც ჩანს, თავისი ხელებით იჭერდა ქვემოდან შემწირველის ხელებს, რომლებზეც შესაწირავი იდო და შეარხევდა. ზოგ შემთხვევაში მხოლოდ მღვდელი შეარხევდა ხოლმე შესაწირავს (ლვ. 23:11ა). როგორც ჩანს, მოსე, კანონის შეთანხმების შუამავალი, სწორედ ასე მოექცა აარონსა და მის ვაჟებს, როცა ისინი მღვდლად მსახურებისთვის დანიშნა (ლვ. 8:28, 29). შესაწირავის შერხევა იეჰოვასთვის შესაწირავის წარდგენის ნიშნად ხდებოდა. შესარხევ შესაწირავთაგან ზოგი მღვდლების წილი იყო (გმ. 29:27).
16 ნისანს ქერის პირველმოწეული ძნის (ერთი ომერი) წარდგენა ხდებოდა მღვდელმთავრის ხელით. ესეც შესარხევი შესაწირავი იყო. ახ. წ. 33 წელს, სწორედ ამ დღეს, იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგა, როგორც „სიკვდილის ძილით მიძინებულთა პირველი ნაყოფი“ (1კრ. 15:20; ლვ. 23:11ბ; ინ. 20:1). ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე შესარხევ შესაწირავად მიჰქონდათ ხორბლის პირველმოწეული მარცვლიდან დამზადებული ორი საფუვრიანი კვერი (ლვ. 23:15—17). სწორედ ამ დღეს იესოს, ზეცად ამაღლებულ მღვდელმთავარს, შესაძლებლობა მიეცა, იეჰოვას წინაშე წარედგინა თავისი სულიერი ძმებისგან შემდგარი ქრისტიანული კრება; ისინი მან ცოდვილი ადამიანებისგან აირჩია და წმინდა სულით სცხო (სქ. 2:1—4, 32, 33; შდრ. იაკ. 1:18).
წმინდა წილი. ებრაული სიტყვა თერუმაჰ ზოგჯერ ითარგმნება წმინდა წილად, როცა მღვდლებისთვის შესაწირავის ნაწილის მიცემაზეა საუბარი (გმ. 29:27, 28; ლვ. 7:14, 32; 10:14, 15). აგრეთვე ეს სიტყვა ხშირად ითარგმნება შესაწირავად, როცა საუბარია საწმინდრისთვის გაღებულ შესაწირავზე, რომელიც მღვდლებს ეძლეოდათ საზრდოდ იმის გამოკლებით, რასაც სამსხვერპლოზე სწირავდნენ (რც. 18:8—13, 19, 24, 26—29; 31:29; კნ. 12:6, 11).