დაეხმარე სხვებს, რომ იეჰოვას ღირსად მოიქცნენ
«ჩვენც. . . განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა. . . მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში აამოთ მას ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის გამოღებით» (კოლასელთა 1:9, 10).
1, 2. რა შეიძლება იყოს განსაკუთრებული სიხარულისა და კმაყოფილების წყარო?
„ვცხოვრობთ მანქანის მისაბმელ ვაგონში ფერმაზე. უბრალოდ ვცხოვრობთ და უფრო მეტი დრო გვაქვს იმისთვის, რომ ხალხს კეთილი ცნობა გავუზიაროთ. მრავალჯერ უხვად დავჯილდოვებულვართ იმ უპირატესობით, რომ იეჰოვასადმი თავის მიძღვნაში ბევრისთვის დახმარება აღმოგვეჩინა“ (სრული დროით მსახური ცოლ-ქმარი, სამხრეთი აფრიკა).
2 განა თქვენც არ ეთანხმებით იმას, რომ სხვებისთვის დახმარების აღმოჩენას სიხარული მოაქვს? ზოგი ცდილობს, რეგულარულად დაეხმაროს ავადმყოფებს, ღარიბებს ან მარტოხელებს და ეს მათ კმაყოფილებას ანიჭებს. ჭეშმარიტი ქრისტიანები დარწმუნებული არიან, რომ ყველაზე დიდი დახმარება, რომელიც მათ შეუძლიათ გაუწიონ სხვებს, იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ შემეცნების გაზიარებაა. მხოლოდ ამას შეუძლია აღძრას ეს ადამიანები, რომ აღიარონ იესოს გამომსყიდველური მსხვერპლი, განავითარონ იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა და ბოლოს, დაიმკვიდრონ მარადიული სიცოცხლე (საქმეები 3:19—21; 13:48).
3. რა სახის დახმარება იმსახურებს ჩვენს ყურადღებას?
3 მაგრამ რა შეიძლება ითქვას მათთვის დახმარების გაწევაზე, რომლებიც უკვე ემსახურებიან ღმერთს, რომლებიც მიუყვებიან „უფლის გზას“? (საქმეები 19:9). უეჭველია, მათდამი შენი ინტერესი დიდია, მაგრამ შეიძლება არ იცი, როგორ განაგრძო დახმარება და უფრო მეტის გაკეთება მათ სასიკეთოდ; შესაძლოა, მდგომარეობა გზღუდავს, მათთვის დახმარების გაწევაში, ამიტომ კმაყოფილებას ვერ გრძნობ (საქმეები 20:35). ამ ორივე ასპექტის შესახებ შეგვიძლია ვისწავლით „კოლასელთა“ წიგნიდან.
4. ა) რა ვითარებაში დაწერა პავლემ წერილი კოლასელთა მიმართ? ბ) რით იყო ეპაფრა დაკავებული?
4 როდესაც პავლემ კოლასელ ქრისტიანებს მისწერა წერილი, რომში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, მაგრამ მნახველების მიღების უფლება ჰქონდა. ცხადია, პავლე შეზღუდულ თავისუფლებას ღვთის სამეფოს შესახებ საქადაგებლად იყენებდა (საქმეები 28:16—31). თანაქრისტიანებს მისი მონახულება შეეძლოთ. შესაძლებელია, დროდადრო ზოგიერთი მასთან ერთადაც კი იყო პატიმრობაში (კოლასელთა 1:7, 8; 4:10). ერთ-ერთი მათგანი იყო ერთგული მქადაგებელი ეპაფრა, რომელიც ფრიგიის ქალაქ კოლასიდან იყო, მცირე აზიაში (დღევანდელი თურქეთი) მდებარე ეფესოს აღმოსავლეთით პლატოზე გაშენებული ქალაქიდან. ეპაფრამ დიდი როლი შეასრულა კოლასის კრების ჩამოყალიბებაში. ის აგრეთვე ეხმარებოდა მახლობელი ლაოდიკიისა და იერაპოლისის კრებებს (კოლასელთა 4:12, 13). რატომ ჩავიდა ეპაფრა რომში პავლეს სანახავად და რა შეგვიძლია ვისწავლოთ პავლეს სიტყვებიდან?
კოლასელთათვის ეფექტური დახმარების აღმოჩენა
5. რატომ მისწერა პავლემ წერილი კოლასელებს?
5 კოლასეს კრების მდგომარეობასთან დაკავშირებით პავლესგან რჩევის მისაღებად ეპაფრამ რომამდე დიდი გზა განვლო. მან პავლეს აუწყა კოლასელი ქრისტიანების რწმენის, სიყვარულისა და გულმოდგინე ქადაგების შესახებ (კოლასელთა 1:4—8). თუმცა, ალბათ, იმაზეც ისაუბრა, რაც მას აწუხებდა — იმ უარყოფითი გავლენის შესახებ, რომელიც კოლასელთა სულიერობას ემუქრებოდა. ამის საპასუხოდ პავლემ კოლასელებს მისწერა ღვთივსულიერი წერილი, რომელიც ამხილებდა ცრუ მასწავლებლების მიერ გავრცელებულ იდეებს. ის ყურადღებას განსაკუთრებით იესო ქრისტეს როლზე ამახვილებდაa. შემოიფარგლებოდა მისი დახმარება მხოლოდ ძირითად ბიბლიურ ჭეშმარიტებებზე ყურადღების გამახვილებით? კიდევ როგორ შეეძლო მას კოლასელთა დახმარება და ჩვენ რა შეგვიძლია ვისწავლოთ სხვებისთვის დახმარების გაწევასთან დაკავშირებით?
6. რაზე გაამახვილა პავლემ ყურადღება კოლასელებისთვის მიწერილ წერილში?
6 თავისი წერილის დასაწყისში პავლემ გაგვაცნო იმ სახის დახმარება, რომელიც შეიძლება მხედველობიდან გამოგვრჩეს. ეს იყო შორი მანძილიდან ეფექტური დახმარების ერთ-ერთი საშუალება — პავლე და ეპაფრა კოლასიდან შორს იყვნენ. პავლემ თქვა: «ვმადლობთ ღმერთს, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამას ყოველთვის, როცა თქვენთვის ვლოცულობთ [სქოლიო, „ყოველთვის ლოცვით“, აქ]». დიახ, ეს კონკრეტული ლოცვები იყო კოლასელი ქრისტიანებისთვის აღვლენილი. პავლემ დასძინა: „ამისათვის ჩვენც იმ დღიდან, რაც ეს მოვისმინეთ, განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით, ყოველნაირი სიბრძნითა და სულიერი გონებით“ (კოლასელთა 1:3, 9).
7, 8. რა საკითხს ეხება ხშირად ჩვენი პირადი ან კრებაში წარმოთქმული ლოცვები?
7 ვიცით, რომ იეჰოვა არის ‘ლოცვის მომსმენი’ და ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის მზად არის, მოისმინოს მის ნებასთან შეთანხმებული ჩვენი ლოცვები (ფსალმუნი 64:3; 85:6; იგავნი 15:8, 29; 1 იოანე 5:14). მაგრამ, როგორ ვლოცულობთ სხვებისთვის?
8 შეიძლება ხშირად ვფიქრობთ და ვლოცულობთ ‘საძმოზე’ (1 პეტრე 5:9). ან შეიძლება იეჰოვას მივმართავთ ქრისტიანებისა და სხვების შესახებ, რომლებიც იმ რეგიონებში ცხოვრობენ, სადაც უბედურება დატრიალდა. როდესაც პირველ საუკუნეში მოწაფეებმა გაიგეს იუდეაში არსებული შიმშილობის შესახებ, ალბათ, უამრავი ლოცვა აღავლინეს თავიანთი ძმებისთვის, სანამ დახმარებას გაუწევდნენ (საქმეები 11:27—30). დღეს მთლიანი საძმოს ან გარკვეული ძმების შესახებ ლოცვები ხშირად ისმის ქრისტიანულ შეხვედრებზე, სადაც ბევრმა უნდა გაიგოს ლოცვა და შესაძლებლობა ჰქონდეთ თქვან: „ამინ“ (1 კორინთელთა 14:16).
კონკრეტულად ილოცე
9, 10. ა) რომელი მაგალითები გვიჩვენებენ, რომ კონკრეტული პირებისთვის ლოცვა მართებულია? ბ) როგორ იყო პავლე კონკრეტული ლოცვების ობიექტი?
9 ბიბლიაში მოცემულია სხვებისთვის აღვლენილი ლოცვის მაგალითები, რომლებიც კონკრეტული და ინდივიდუალურია. განვიხილოთ ლუკას 22:31, 32-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები. იესოს ირგვლივ 11 ერთგული მოციქული იყო. თითოეულ მათგანს გაჭირვების დროს ღვთისგან მხარდაჭერა დასჭირდებოდა, და იესო ლოცულობდა მათთვის (იოანე 17:9—14). მაგრამ იესომ გამოარჩია პეტრე, კონკრეტულად ილოცა ამ მოწაფეზე. სხვა შემთხვევაში, ელისემ ილოცა, რომ ღმერთი დახმარებოდა ერთ კონკრეტულ ადამიანს, თავის მსახურს (მეოთხე მეფეთა 6:15—17); მოციქული იოანე ლოცულობდა, რომ გაიოზი ფიზიკურად და სულიერად კვლავ კარგად ყოფილიყო (3 იოანე 1, 2). სხვა ლოცვებში ყურადღება მახვილდებოდა კონკრეტულ ჯგუფებზე (იობი 42:7, 8; ლუკა 6:28; საქმეები 7:60; 1 ტიმოთე 2:1, 2).
10 პავლე წერილებში კონკრეტულ ლოცვებზე ამახვილებდა ყურადღებას. ის ითხოვდა, ელოცათ მისთვის ან მისთვისა და მისი თანამსახურებისთვის. კოლასელთა 4:2, 3-ში ვკითხულობთ: „იბეჯითეთ ლოცვაში და ფხიზლად იყავით მასში მადლიერებით. ილოცეთ ჩვენთვისაც, რომ ღმერთმა გაგვიღოს სიტყვის კარი, რომ ვაუწყოთ ქრისტეს საიდუმლო, რომლისთვისაც შებორკილი ვარ“. გარდა ამისა საინტერესო იქნებოდა იმ მაგალითების განხილვაც, რომლებიც ჩაწერილია რომაელთა 15:30-ში, 1-ლი თესალონიკელთა 5:25-ში, მე-2 თესალონიკელთა 3:1-სა და ებრაელთა 13:18-ში.
11. ვისზე ლოცულობდა ეპაფრა რომში ყოფნისას?
11 ასევე იქცეოდა პავლეს თანამსახური რომში — „მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა. . . რომელიც მუდამ თქვენთვის იღწვის ლოცვებში“ (კოლასელთა 4:12). სიტყვა, რომელიც თარგმნილია, როგორც „იღწვის“, შეიძლება ითარგმნოს, როგორც „იბრძვის“, როგორც იქცეოდა ხოლმე ძველად სპორტსმენი თამაშებში მონაწილეობისას. ეპაფრა, უბრალოდ, მხურვალედ ლოცულობდა მსოფლიოში მცხოვრები თანამორწმუნეებისთვის ან მთელ მცირე აზიაში მცხოვრები თანაქრისტიანებისთვის? პავლემ თქვა, რომ ეპაფრა კონკრეტულად კოლასელთათვის ლოცულობდა. ეპაფრამ იცოდა, თუ რა მდგომარეობაში იყვნენ ისინი. ჩვენ არ ვიცით ყველა მათგანის სახელი, არც ის ვიცით, რა პრობლემები ჰქონდათ მათ, მაგრამ ზოგიერთის წარმოდგენა შესაძლებელია. დასაშვებია, რომ ახალგაზრდა ლინოსი ფილოსოფიის გავლენის წინააღმდეგ იბრძოდა, რუფუსი კი — იუდაიზმის ადრინდელი ჩვეულებების წინააღმდეგ; განა პერსისი, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავდა, არ საჭიროებდა მოთმინებასა და გონიერებას, რათა უფალში აღეზარდა შვილები? და განა განსაკუთრებული ნუგეში არ უნდოდა ასვინკრიტესს, რომელიც უკურნებელი სენით იტანჯებოდა? დიახ, ეპაფრა იცნობდა თავისი კრების წევრებს, და გამუდმებით ლოცულობდა მათთვის, რადგან მასაც და პავლესაც სურდათ, რომ ასეთ ერთგულ ადამიანები იეჰოვას ღირსად მოქცეულიყვნენ.
12. როგორ შეგვეძლო უფრო კონკრეტულად გველოცა პირადად?
12 ხედავთ თუ არა ნიმუშს, თუ როგორ დავეხმაროთ სხვებს? როგორც აღვნიშნეთ, ქრისტიანულ კრებებზე საჯარო ლოცვები ხშირად ზოგადია მსმენელთა სხვადასხვაგვარობის გამო. მაგრამ ჩვენი პირადი ან ოჯახში წარმოთქმული ლოცვები შეიძლება საკმაოდ კონკრეტული იყოს. როდესაც ხანდახან ღმერთს ვთხოვთ, რომ აკურთხოს ყველა მიმომსვლელი ზედამხედველი ან სულიერი მწყემსი, განა ზოგჯერ არ შეგვეძლო კონკრეტულები ვყოფილიყავით? მაგალითად, განა სახელით არ უნდა მოგვეხსენიებინა ლოცვაში სარაიონო ზედამხედველი, რომელიც ჩვენს კრებას ინახულებს, ან — კრების წიგნის შესწავლის ხელმძღვანელი? ფილიპელთა 2:25—28 და 1-ლი ტიმოთე 5:23 გვიჩვენებს კონკრეტულად ტიმოთესა და ეპაფროდიტესის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პავლეს წუხილს. შეგვიძლია ჩვენც იგივე ინტერესი გამოვავლინოთ იმ ავადმყოფების მიმართ, რომლებსაც ვიცნობთ?
13. რისი მოხსენიება იქნებოდა მიზანშეწონილი ჩვენს პირად ლოცვებში?
13 მართალია, უნდა მოვერიდოთ სხვების პირად საქმეებში ჩარევას, მაგრამ მიზანშეწონილია, რომ ლოცვებში ნამდვილი ინტერესი გამოვავლინოთ მათ მიმართ, ვისაც ვიცნობთ და ვისზეც ვზრუნავთ (1 ტიმოთე 5:13; 1 პეტრე 4:15). ძმამ შეიძლება სამუშაო დაკარგა. ჩვენ არ შეგვიძლია მისი დასაქმება, მაგრამ შეგვიძლია მოვიხსენიოთ მისი სახელი და ყურადღება გავამახვილოთ მის სიძნელეებზე ჩვენს პირად ლოცვებში (ფსალმუნი 36:25, კს; იგავნი 10:3). ვიცნობთ ხნიერ მარტოხელა დას, რომელიც გაუთხოვარი და უშვილოა, იმის გამო, რომ მხოლოდ „უფალში“ გათხოვება ჰქონდა გადაწყვეტილი? (1 კორინთელთა 7:39). პირადი ლოცვისას განა არ უნდა გვეთხოვა იეჰოვასთვის მისი კურთხევა და დახმარება, რათა კვლავინდებურად ერთგულად გაეგრძელებინა მსახურება? ან შეგვეძლო სხვა მაგალითიც მოგვეყვანა: ორმა უხუცესმა შეიძლება ძმას, რომელმაც რაღაც არასწორად გააკეთა, რჩევა მისცეს. განა კარგი არ იქნებოდა დროდადრო მოეხსენიებინათ თითოეულ მათგანს ის პირად ლოცვებში?
14. როგორ უკავშირდება ჩვენი კონკრეტული ლოცვები სხვების დახმარებას?
14 მრავალი შესაძლებლობა გაქვს, შენს პირად ლოცვებში მოიხსენიო პიროვნებები, ვისზეც იცი, რომ იეჰოვას მხარდაჭერა, ნუგეში, გონიერება და სულიწმიდა ან მისი რომელიმე ნაყოფი ესაჭიროება. მანძილის ან სხვა გარემოების გამო შეიძლება ფიქრობ, რომ ვერ ეხმარები მათ მატერიალურად ან უშუალოდ. მაგრამ არ დაივიწყო ძმებისა და დებისათვის ლოცვა. იცი, რომ მათ სურთ, იეჰოვას ღირსად მოიქცნენ, თუმცა შეიძლება ნამდვილად საჭიროებენ დახმარებას, რათა ეს ყოველთვის აკეთონ. მათთვის დახმარების გაწევა ძირითადად ლოცვით შეგიძლია (ფსალმუნი 17:3; 19:2, 3; 33:16; 45:2; 120:1—3).
მხარდაჭერა
15. რატომ უნდა გვაინტერესებდეს „კოლასელთა“ მიმართ მიწერილი წერილის ბოლო ნაწილი?
15 რა თქმა უნდა, მხურვალე, კონკრეტული ლოცვა დახმარების გაწევის ერთადერთი საშუალება არ არის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ახლობელი და ძვირფასია შენთვის. ამას „კოლასელთა“ წიგნი ნათლად გვიჩვენებს. ბევრი სწავლული ფიქრობს, რომ მას შემდეგ, რაც პავლემ დაამთავრა სწავლებებთან დაკავშირებული მითითებისა და პრაქტიკული რჩევების მიცემა, წერილს, უბრალოდ, ჩვეულებრივი მოკითხვები დაურთო (კოლასელთა 4:7—18). მაგრამ ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ ამ წიგნის ეს ბოლო ნაწილი ყურადსაღებ დარიგებას შეიცავს და ამ ნაწილიდან უფრო მეტის სწავლა შეიძლება.
16, 17. რისი თქმა შეგიძლია კოლასელთა 4:10, 11-ში მოხსენიებული ძმების შესახებ?
16 პავლემ დაწერა: «მოკითხვას გითვლით არისტარქოსი, ჩემთან ერთად ტყვედ მყოფი, და მარკოზი, ბარნაბას დისწული, რომლის შესახებაც მოგივიდათ უწყება: თუ მოვიდეს თქვენთან, მიიღეთო. ასევე იესო, რომელსაც იუსტოსს ეძახიან, ორივე წინადაცვეთილთაგანია. მხოლოდ ესენი იყვნენ ღვთის სასუფევლისთვის თანამშრომელნი, მე რომ მანუგეშებდნენ [„მხარში მედგნენ“, აქ]» (კოლასელთა 4:10, 11).
17 პავლე აქ მოიხსენიებს გარკვეულ ძმებს, რომლებიც კონკრეტული მოხსენიების ღირსნი იყვნენ. მან თქვა, რომ ისინი წინადაცვეთილთაგანნი, ებრაული წარმოშობის იყვნენ. რომში ბევრი წინადაცვეთილი ებრაელი ცხოვრობდა. მოგვიანებით ზოგი მათგანი ქრისტიანი გახდა. მაგრამ პავლემ მოიხსენია ისინი, რომლებიც მას დაეხმარნენ. ალბათ, ისინი არ თაკილობდნენ არაებრაული წარმოშობის ქრისტიანებთან ურთიერთობას და სიხარულითაც მონაწილეობდნენ პავლესთან ერთად წარმართთათვის ქადაგებაში (რომაელთა 11:13; გალატელთა 1:16; 2:11—14).
18. რა თქვა პავლემ მათ შესახებ, ვინც მასთან ერთად იყო?
18 ყურადღება მიაქციეთ პავლეს სიტყვებს: ‘მე რომ მხარში მედგნენ’. აქ მან გამოიყენა ბერძნული სიტყვა, რომელიც მთელ ბიბლიაში მხოლოდ ერთხელ გვხვდება. ბევრი მთარგმნელი ამ სიტყვას „ნუგეშისცემად“ თარგმნის. მაგრამ არსებობს სხვა ბერძნული სიტყვა („პარაკალეო“), რომელიც უფრო ხშირად ითარგმნება „ნუგეშისცემად“. პავლემ „პარაკალეო“ გამოიყენა ამ წერილში, მაგრამ არა კოლასელთა 4:11-ში (მათე 5:4; საქმეები 4:36; 9:31; 2 კორინთელთა 1:4; კოლასელთა 2:2; 4:8).
19, 20. ა) რაში მდგომარეობს პავლეს მიერ იმ ძმების დასახასიათებლად გამოყენებული გამოთქმის არსი, რომლებიც რომში ეხმარებოდნენ? ბ) როგორ დაეხმარებოდნენ ეს ძმები პავლეს?
19 მათ, ვინც პავლემ ჩამოთვალა, ალბათ, სიტყვიერ ნუგეშისცემაზე უფრო მეტი გააკეთეს. ბერძნული სიტყვა, რომელიც კოლასელთა 4:11-ში ნათარგმნია, როგორც „მხარში მდგომნი“, ქვეყნიურ ტექსტებში ზოგჯერ ერთ-ერთი სამკურნალო საშუალების აღმნიშვნელად გამოიყენებოდა. ერთი ბიბლია ამას ასე თარგმნის — „რა დიდი დამხმარენი იყვნენ ისინი ჩემთვის!“ („New Life Version“). „თანამედროვე ინგლისურ თარგმანში“ კი ვკითხულობთ: „ისინი დიდად დამეხმარნენ“. რითი დაეხმარნენ პავლეს გვერდში მყოფი ძმები?
20 პავლეს შეეძლო მნახველების მიღება, მაგრამ იყო კიდევ ბევრი ისეთი რამ, რისი გაკეთების შესაძლებლობაც არ ჰქონდა, მაგალითად, აუცილებელი საგნების, საკვებისა და ზამთრის სამოსელის ყიდვა. როგორ შოულობდა გრაგნილებს და როგორ ყიდულობდა საწერ მასალას? (2 ტიმოთე 4:13). განა არ შეგიძლია იმ ძმების წარმოდგენა, რომლებიც ეხმარებოდნენ პავლეს აუცილებელ საქმეებში: ეგზავნინებოდნენ საყიდლებზე ან სხვაგან? პავლეს, ალბათ, სჭირდებოდა კრებების მონახულება და გამხნევება, რისი გაკეთებაც შინაპატიმრობის გამო არ შეეძლო. ეს ძმები შეიძლება პავლეს მაგივრად ინახულებდნენ კრებებს და ცნობები და ანგარიშები მოჰქონდათ მისთვის. მართლაცდა როგორი მხარში ამოდგომაა!
21, 22. ა) რატომ უნდა გვაინტერესებდეს კოლასელთა 4:11-ში ჩაწერილი სიტყვები? ბ) როგორ შეგვიძლია პავლეს გვერდში მყოფთა მაგალითის გამოყენება?
21 „მხარში ამოდგომის“ შესახებ პავლეს მიერ დაწერილი ცნობა იმის გაგებაში გვეხმარება, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ სხვებს. ისინი შეიძლება იეჰოვას ღირსად იქცევიან, იცავენ ზნეობრივ ნორმებს, ესწრებიან კრების შეხვედრებს და მონაწილეობენ სამქადაგებლო საქმიანობაში. ამით ისინი მადლიერების სიტყვებს იმსახურებენ ჩვენგან. მაგრამ შეგვიძლია მეტის გაკეთება, რათა „მხარში მდგომნი“ვიყოთ მათ მსგავსად, რომლებიც პავლეს ეხმარებოდნენ?
22 მიიწვევდი შენს ოჯახში სადილად ან მეგობრებთან, ან ნათესავებთან პატარა წვეულებაზე დას, რომელმაც გონივრულად გამოიყენა 1-ლი კორინთელთა 7:37-ში ჩაწერილი რჩევა, მაგრამ ახლა ოჯახის სითბო აკლია? ან იქნებ შეგეთავაზებინა, კონგრესზე ან შვებულებაში შენს ოჯახთან ერთად, წამოსულიყო? ან სთხოვე საკვების საყიდლად შენთან ერთად წამოვიდეს მაღაზიაში მისთვის მოსახერხებელ დროს. იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ ქვრივებთან ან მათთან დაკავშირებით, ვისაც ახლა ავტომობილის მართვა აღარ შეუძლია. მიხვდებით, რომ ღირს მათი გამოცდილებისა და შეძენილი ცოდნის მიღება ცხოვრებისეულ წვრილმანებთან დაკავშირებით, ხილის არჩევისას ან ბავშვებისთვის ტანსაცმლის შერჩევის დროს (ლევიანნი 19:32; იგავნი 16:31). ამგვარად შეიძლება მათ დაუახლოვდეთ კიდეც. ამ შემთხვევაში უფრო თავისუფლად გთხოვენ დახმარებას, თუ რაიმე წამლის ყიდვა ან სხვა რამ დასჭირდებათ. რომში ძმებს პავლესთვის ნამდვილად პრაქტიკული დახმარება უნდა გაეწიათ, რასაც შენც გააკეთებდი დღეს. როგორც ადრე, ისე დღეს, ქრისტიანებისთვის ნამდვილი კურთხევაა, რომ სიყვარულის კვანძები მტკიცეა და ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, ერთად და ერთგულად ვემსახუროთ იეჰოვას.
23. თითოეული ჩვენგანისთვის რისი გაკეთება იქნებოდა კარგი?
23 თითოეულ ჩვენგანს შეუძლია იმის გაკეთება, რაზეც ამ სტატიაში იყო საუბარი. ისინი უბრალო მაგალითებია, მაგრამ შეგვახსენებენ იმ ვითარებებს, რომლებშიც შეგვიძლია უფრო მეტად ‘მხარში ამოვუდგეთ’ ჩვენს ძმებსა და დებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჰუმანისტებს მივბაძოთ. ეს არ იყო კოლასელთა 4:10, 11-ში მოხსენიებული ძმების მიზანი. ისინი „ღვთის სასუფევლისთვის თანამშრომელნი“იყვნენ და ამიტომ იყვნენ თანამდგომნი. შენც ასე მოიქეცი.
24. რა არის ჩვენი ლოცვებისა და სხვებისთვის მხარში ამოდგომის მთავარი მიზეზი?
24 პირად ლოცვებში სხვებს სახელით იმიტომ მოვიხსენიებთ და იმიტომ ვცდილობთ მათ გაძლიერებას, რომ გვჯერა, ჩვენს ძმებსა და დებს სურთ, ‘მოიქცნენ უფლის ღირსად და ყველაფერში აამონ მას’ (კოლასელთა 1:10). ეს უკავშირდება კიდევ სხვა საკითხს, რომელიც პავლემ მაშინ მოიხსენია, როდესაც კოლასელებისთვის ეპაფრას ლოცვის შესახებ დაწერა, რომ ისინი ‘მდგარიყვნენ სრულყოფილნი და მტკიცედ დარწმუნებული ღვთის ყოველ ნება-სურვილში’ (კოლასელთა 4:12, აქ). როგორ შეგვიძლია ამის პირადად მიღწევა? მოდი ვნახოთ.
[სქოლიო]
a იხილეთ ბიბლიის ცნობარი (Insight on the Scriptures), ტომი I, გვერდები 490, 491 (ინგლ.) და წიგნი „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა“, გვერდები 226—228 (ინგლ.), გამოქვეყნებულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
მიაქციე ყურადღება?
• როგორ შეგვეძლო უფრო მეტად დავხმარებოდით სხვებს ჩვენი პირადი ლოცვებით?
• რა გაგებით იყო ზოგიერთი ქრისტიანი პავლესთვის ‘მხარში მდგომი’?
• რა ვითარებებში შეიძლება ვიყოთ ჩვენ ‘მხარში მდგომნი’?
• რა მიზნით ვლოცულობთ და ვეხმარებით ჩვენს ძმებსა და დებს?
[სურათი 18 გვერდზე]
შეგიძლია წაიყვანო რომელიმე თანაქრისტიანი შენს ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ?
[საავტორო უფლება]
Courtesy of Green Chimney’s Farm