დაიცავით გული
«შეინახე [„დაიცავი“, აქ] გული ყოველ შესანახავზე მეტად, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო» (იგავნი 4:23).
1, 2. რატომ უნდა დავიცვათ ჩვენი სიმბოლური გული?
კარიბის კუნძულებს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს. გადაიდარა თუ არა, თავშესაფარში შეყუჟული ბერიკაცი დღის სინათლეზე გამოვიდა. გაოგნებულმა თვალი მიმოავლო გავერანებულ მიდამოს და... ჰოი, საოცრებავ! სადღა იყო ის უზარმაზარი ხე, რომელიც ათეულობით წლის მანძილზე ჭიშკართან იყო აშოლტილი! „რამ წააქცია, — გაუელვა თავში, — პატარა ხეებს რომ არაფერი დამართნია?!“. მერე, როდესაც წაქცეული ხის ძირკვი შეათვალიერა, ყველაფერი ნათელი გახდა. ხეს, რომელსაც ერთი შეხედვით ვერაფერი წააქცევდა, გული გამოლპობოდა. ქარიშხალმა კი, უბრალოდ, გამოააშკარავა თვალისათვის დაფარული ეს ნაკლი.
2 რაოდენ სამწუხაროა, როდესაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი, რომელსაც ქრისტიანობაში ერთი შეხედვით მტკიცედ აქვს ფესვები გადგმული, ვერ უძლებს რწმენის გამოცდას. ბიბლია მართებულად ამბობს: „ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე“ (დაბადება 8:21). ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მუდამ არ ვიფხიზლებთ, როგორი კარგი გულის პატრონებიც უნდა ვიყოთ, ის მაინც გვაცდუნებს და უკეთურებას ჩაგვადენინებს. რადგან არც ერთი არასრულყოფილი ადამიანის გული არ არის გაუკუღმართებისგან დაზღვეული, დიდი გულისყურით უნდა მოვეკიდოთ ბიბლიაში მოცემულ რჩევას: «შეინახე [„დაიცავი“, აქ] გული ყოველ შესანახავზე მეტად» (იგავნი 4:23). მაშ, როგორღა შეგვიძლია ჩვენი სიმბოლური გულის დაცვა?
აუცილებელია რეგულარული შემოწმება
3, 4. ა) რა კითხვების დასმა შეიძლება ადამიანის გულის მდგომარეობასთან დაკავშირებით? ბ) რა დაგვეხმარება ჩვენი სიმბოლური გულის გამოკვლევაში?
3 თუ ექიმთან წახვალთ გამოსაკვლევად, იგი ალბათ, თქვენი გულის მდგომარეობითაც დაინტერესდება. აჩვენებს თქვენი ჯანმრთელობის საერთო, მათ შორის გულის, მდგომარეობა, რომ საკმარის საკვებ ნივთიერებებს იღებთ? როგორია თქვენი სისხლის წნევა? გაქვთ თუ არა თანაბარი და ჯანსაღი გულისცემა? საკმარისად ვარჯიშობთ თუ არა? ხომ არ გადაგეღალათ გული გადამეტებული სტრესისგან?
4 ადამიანის გულს რეგულარული გამოკვლევა ესაჭიროება. საჭიროებს თუ არა იმავეს თქვენი სიმბოლური გულიც? სიმბოლურ გულს იეჰოვა იკვლევს (პირველი ნეშტთა 29:17, აქ). ჩვენც იგივენაირად უნდა მოვიქცეთ. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? უნდა დავფიქრდეთ: საკმარის სულიერ საზრდოს იღებს თუ არა ჩემი გული რეგულარული პირადი შესწავლისა და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრების მეშვეობით? (ფსალმუნი 1:1, 2; ებრაელთა 10:24, 25). მიმაქვს თუ არა იეჰოვას ცნობა გულთან ისე ახლოს, რომ ‘გულში მიგიზგიზებდეს და ძვლებამდე მატანდეს’, და აღმძრავს თუ არა სამეფოს შესახებ სამქადაგებლო და მოწაფეების მომზადების საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად? (იერემია 20:9; მათე 28:19, 20; რომაელთა 1:15, 16). ვარ თუ არა აღძრული, შესაძლებლობის მიხედვით ყოველი ღონე მოვახმარო ამა თუ იმ სახით სრული დროით მსახურებას? (ლუკა 13:24). როგორ გარემოცვაში ვამყოფებ ჩემს სიმბოლურ გულს? ვცდილობ თუ არა იმ ადამიანებთან ვიქონიო ურთიერთობა, რომელთა გულებსაც ჭეშმარიტი თაყვანისცემა აერთიანებთ? (იგავნი 13:20; 1 კორინთელთა 15:33). დაე, ფხიზლად ვიყოთ, რათა მალევე შევნიშნოთ თუ რაიმე ნაკლოვანება გვაქვს და მის აღმოსაფხვრელად დაუყოვნებლივ მივიღოთ ზომები.
5. რა მხრივ შეიძლება სასარგებლო იყოს რწმენის გამოცდები?
5 ხშირად შეიძლება რწმენის გამოცდების წინაშე დავდგეთ. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენი გულის მდგომარეობა გამოვარკვიოთ. ისრაელებს, რომლებიც სადაცაა აღთქმულ მიწაზე უნდა შესულიყვნენ, მოსემ უთხრა: „მოჰყავდი ეს ორმოცი წელი უფალს, შენს ღმერთს, უდაბნოში, რომ მოეთვინიერებინე, გამოეცადე, რომ სცოდნოდა, რა გიდევს გულში, დაიცავდი თუ არა მის მცნებებს“ (მეორე რჯული 8:2). როდესაც გაუთვალისწინებელ სიტუაციებში ვხვდებით ან ცდუნებების წინაშე ვდგებით, ხშირად, განა თავადვე არ გვაოცებს ხოლმე შექმნილ მდგომარეობაზე ჩვენი რეაქცია და ის გრძნობები და სურვილები, რომლებიც ჩვენში იჩენს ხოლმე თავს ამ დროს? განსაცდელები, რომლებსაც იეჰოვა უშვებს, ნამდვილად გვანახვებს ჩვენს ნაკლოვანებებს; ასე რომ, გაუმჯობესების შესაძლებლობა გვეძლევა (იაკობი 1:2—4). დაე, მუდამ ვილოცოთ და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მოვიქცევით განსაცდელების დროს!
რას ცხადყოფს ჩვენი საუბრები?
6. რა შეიძლება ცხადყოს ჩვენი საუბრის თემებმა ჩვენი გულის მდგომარეობის შესახებ?
6 როგორ უნდა გამოვარკვიოთ, რა გვაქვს დაუნჯებული გულში? იესომ თქვა: „კეთილი კაცი თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთეს გამოიღებს, ბოროტი კაცი კი ბოროტისგან ბოროტს გამოიღებს; ვინაიდან გულის სავსებისაგან მეტყველებს მისი პირი“ (ლუკა 6:45). ჩვენი ყოველდღიური სალაპარაკო თემა, კარგად აჩვენებს, რა გვიდევს გულში. ხომ არ გვჩვევია მატერიალურ ნივთებსა და ქვეყნიურ მიღწევებზე საუბარი? თუ ჩვენი საუბრები უმეტესწილად სულიერ საკითხებზე და თეოკრატიულ მიზნებზეა კონცენტრირებული? სხვების შეცდომებზე საუბრის ნაცვლად, ვცდილობთ თუ არა, სიყვარულით დავფაროთ ისინი? (იგავნი 10:11, 12). დიდ დროს ხომ არ ვუთმობთ ადამიანებსა და მათ ცხოვრებაზე საუბარს და ნაკლებს — სულიერ და ზნეობრივ საკითხებზე მსჯელობას? თუ დიახ, ეს იმას ხომ არ მიანიშნებს, რომ ზედმეტად ვერევით სხვა ადამიანების საქმეებში? (1 პეტრე 4:15).
7. რას ვსწავლობთ იაკობის ათი ვაჟიშვილის შემთხვევიდან ჩვენი გულის დაცვასთან დაკავშირებით?
7 განვიხილოთ თუ რა მოხდა იაკობის მრავალსულიან ოჯახში. მისი ათი უფროსი ვაჟიშვილი „ვეღარ ელაპარაკებოდა მშვიდობიანად“ უმცროს ძმას — იოსებს. რატომ? იოსები იაკობის საყვარელი შვილი იყო და ამიტომ შურით აღივსნენ დანარჩენები. მოგვიანებით, როდესაც იეჰოვამ იოსები აკურთხა და სიზმარი დაასიზმრა, რამაც ნათელჰყო, რომ იოსები იეჰოვას კეთილგანწყობით სარგებლობდა, „კიდევ უფრო შეიძულეს იგი ძმებმა“ (დაბადება 37:4, 5, 11). საშინელი შემთხვევის მოწმენი ვხდებით: მათ თავიანთი ძმა მონად გაყიდეს; შემდეგ თავიანთი უღირსი საქციელის დასაფარავად, იაკობი შეცდომაში შეიყვანეს და დააჯერეს, რომ იოსები გარეულმა ცხოველმა სიცოცხლეს გამოასალმა. ეს შემთხვევა გვიჩვენებს, რომ წაიფორხილა იაკობის ათივე ვაჟიშვილმა. მათ ვერ დაიცვეს თავიანთი გული. თუ სხვა ადამიანების კრიტიკა დაგვჩემდა, განა ეს იმას არ ამტკიცებს, რომ შურმა და ეჭვიანობამ დაისადგურა ჩვენს გულში? ფხიზლად უნდა ვიყოთ და გულმოდგინებით ვადევნოთ თვალ-ყური, თუ რას ვლაპარაკობთ, და თუ არასწორი მისწრაფებანი აღმოგვაჩნდება, მაშინვე უნდა შევეცადოთ მათ მოშორებას.
8. თუ სიცრუე დაგვიმონებს, რა დაგვეხმარება გულების გამოკვლევაში?
8 „შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს“, მისგან განსხვავებით არასრულყოფილი ადამიანები სიცრუისკენ არიან მიდრეკილი (ებრაელთა 6:18). „ყოველი კაცი ცრუა“ — მოთქვამდა ფსალმუნმომღერალი (ფსალმუნი 115:2). თვით პეტრე მოციქულმაც კი იცრუა და სამჯერ უარყო იესო ქრისტე (მათე 26:69—75). ცხადია, სიფრთხილე გვმართებს, რათა არ ვიცრუოთ, რადგან იეჰოვას სძულს „ცრუ ენა“ (იგავნი 6:16—19). თუ ოდესმე სიცრუის თქმას დავუმონებივართ, გონივრული იქნებოდა, მიზეზი მოგვეძებნა. ვისიმე შიშის გამო ვიცრუეთ? დასჯისა ხომ არ შეგვეშინდა? ან იქნებ ჩვენი აშკარა ეგოიზმი ან რეპუტაციის შელახვის შიში გახდა მიზეზი? როგორც უნდა იყოს, კარგად დავფიქრდეთ, თავმდაბლად ვაღიაროთ ჩვენი ნაკლოვანებები, ვევედროთ იეჰოვას, რომ მოგვიტევოს, და ვთხოვოთ დახმარება, რათა სისუსტეები დავძლიოთ. ამაზე უკეთესი კი რა უნდა იყოს? შესაძლოა, ამაში საუკეთესო დახმარება „კრების უხუცესებმა“ გაგვიწიონ (იაკობი 5:14 აქ).
9. რას ცხადყოფენ ჩვენი ლოცვები, რისკენ გვესწრაფვის გული?
9 ახალგაზრდა მეფის, სოლომონის თხოვნაზე, — სიბრძნე და ცოდნა რომ შესძენოდა, — იეჰოვამ ასე უპასუხა: ‘რაკი გულში ეს გქონდა და არ ითხოვე სიმდიდრე, ქონება, დიდება... გეძლევა სიბრძნე და ცოდნა... სიმდიდრეს, ქონებასა და დიდებასაც მოგანიჭებ’ (2 ნეშტთა 1:11, 12). იეჰოვამ სოლომონის სათხოვრიდან გაიგო, რას ესწრაფოდა სოლომონის გული. ცხადყოფს თუ არა იეჰოვასთან ჩვენი ურთიერთობა იმას, თუ რისკენ გვესწრაფვის გული? ვუმჟღავნებთ ღმერთს ლოცვებში, რომ გვწყურია შემეცნების, სიბრძნისა და გამჭრიახობის შეძენა? (იგავნი 2:1—6; მათე 5:3). მთელი გულით ვუჭერთ მხარს სამეფო ინტერესებს? თუ ლოცვები მექანიკურ და ზერელედ წარმოთქმულ სიტყვებად გვექცა, ეს იმას მიუთითებს, რომ იეჰოვას საქმეებზე ფიქრს დრო უნდა გამოვუყოთ (ფსალმუნი 102:2). ყველა ქრისტიანმა ფხიზლად უნდა ადევნოს თვალყური იმას, თუ რას უმჟღავნებენ იეჰოვას ლოცვაში.
რაზე მეტყველებენ ჩვენი საქმენი?
10, 11. ა) საიდან „იღებს სათავეს“ მეძაობა და მრუშობა? ბ) რა დაგვეხმარება იმაში, რომ ‘გულში არ ვიმრუშოთ’?
10 შეიძლება ითქვას, რომ საქმე გაცილებით მრავლისმთქმელია, ვიდრე უბრალოდ სიტყვა. შინაგანად თუ როგორი ადამიანები ვართ, ამაზე ჩვენი საქმენი საკმაოდ ხმამაღლა მეტყველებენ. მაგალითად, ზნეობრიობის თვალსაზრისით, ჩვენი გულის დაცვაში უბრალოდ მრუშობისა და მეძაობისგან თავის არიდებაზე გაცილებით მეტი რამ შედის. მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა: „ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათე 5:28). როგორ დავაღწიოთ თავი თუნდაც ჩვენს გულში მრუშობას?
11 ერთგული პატრიარქი იობი სამაგალითო პიროვნებაა ყველა დაქორწინებული ქრისტიანი წყვილისთვის. იგი, უეჭველია, მოკრძალებით ეპყრობოდა ახალგაზრდა ქალებს და უანგარო გულით ეხმარებოდა კიდეც საჭიროების შემთხვევაში. მაგრამ ამ პატიოსან ადამიანს აზრადაც არ მოსვლია ის, რომ მათ მიმართ რომანტიკული გრძნობები განევითარებინა. რატომ? მიზეზი ის გახლავთ, რომ იობს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, „მსუნაგი თვალი“ არ დარჩენოდა ხოლმე ქალებზე. „აღთქმა მივეცი ჩემს თვალებს“, — განაცხადა იობმა. — „რომ ქალწულისთვის არ შემეხედა“ (იობი 31:1). მოდი ჩვენც მსგავსი რამ აღვუთქვათ საკუთარ თვალებს და ამით დავიცვათ ჩვენი გული
12. როგორ შეგიძლიათ თქვენი გულის დასაცავად ლუკას 16:10-ში მოცემული პრინციპის გამოყენება?
12 „მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია“ — განგვიცხადა ღვთის ძემ. — „ხოლო ვინც მცირედშიც უსამართლოა, ბევრშიც უსამართლოა“ (ლუკა 16:10). დიახ, კარგად უნდა დავუფიქრდეთ იმას, თუ სხვადასხვა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, ყოველდღიურ სიტუაციებში როგორ ვიქცევით, თუნდაც ოჯახურ ფარგლებს არ ვცილდებოდეთ (ფსალმუნი 100:2). სახლში ჯდომისას, ტელევიზორის ყურებისას თუ ინტერნეტში მუშაობისას ყოველთვის გვახსოვს ბიბლიური შეგონება: „ოღონდ სიძვა, ყოველგვარი უწმიდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენს შორის, როგორც წმიდებს შეშვენით. ასევე ბილწსიტყვაობა, ლაქლაქი და დაცინვა არ შეგფერით, არამედ, უფრო, სამადლობელი“? (ეფესელთა 5:3, 4). რა შეიძლება ითქვას ძალადობაზე, რომელსაც შესაძლოა წავაწყდეთ სატელევიზიო პროგრამებსა თუ ვიდეო თამაშებში? „უფალი მართალს გადაარჩენს“ — ამბობდა ფსალმუნმომღერალი. — „ხოლო ბოროტი და ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს“ (ფსალმუნი 10:5).
13. რაგაფრთხილება გვეძლევა, როდესაც ვაანალიზებთ, რისკენ გვაქვს მიდრეკილი გული?
13 „გული სხვა ყველაფერზე ვერაგი და მუხანათია“, — გვაფრთხილებდა იერემია (იერემია 17:9 აქ). გულის ვერაგობამ შეიძლება მაშინ იჩინოს თავი, როდესაც დაშვებული შეცდომების გამო თავს ვიმართლებთ, ასე თუ ისე თვალს ვხუჭავთ და გამართლებას ვუძებნით ჩვენს პიროვნულ ნაკლოვანებებს ან გარკვეული მიღწევების გამო ზედმეტადაც კი მოგვაქვს თავი. მუხანათ გულს შეუძლია, რომ ადამიანი ორპირ კაცად აქციოს, ქლესა ბაგეებით ერთი რამ ალაპარაკოს, ხოლო საქმეებით — მეორე აკეთებინოს (ფსალმუნი 12:2; იგავნი 23:7). ერთობ მნიშვნელოვანია გულწრფელი ვიყოთ, როდესაც ვიკვლევთ, რა გვიდევს გულში!
სუფთა თვალი გვაქვს?
14, 15. ა) რა არის „სუფთა“ თვალი? ბ) როგორ გვეხმარება თვალის სუფთად შენარჩუნება ჩვენი გულების დაცვაში?
14 „სხეულის სანთელი თვალია“ — გვითხრა იესომ და შემდეგ დასძინა, — „ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება“ (მათე 6:22). სუფთა თვალი, ძირითადად, კონკრეტულ მიზანზე ანუ განზრახვაზეა ფოკუსირებული და ეს ფოკუსირების უნარი არ უსუსტდება, არ უქვეითდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი თვალი უწინარესად „ღვთის სასუფევლის [სამეფოს აქ] ძიებასა და მის სიმართლეზე“ უნდა იყოს ფოკუსირებული (მათე 6:33). რა შეიძლება დაემართოს ჩვენს სიმბოლურ გულს, თუ თვალს ყოველთვის სუფთად არ შევინარჩუნებთ?
15 განვიხილოთ ოჯახის რჩენის საკითხი. ყოველივე აუცილებლით ოჯახის უზრუნველყოფა ქრისტიანული მოვალეობაა (1 ტიმოთეს 5:8). მაგრამ რა მოხდება, თუ გვაცდუნებს სურვილი იმისა, რომ გვქონდეს ყველაფერი უახლესი, საუკეთესო და მიმზიდველი; საკვები იქნება ეს თუ ჩასაცმელი, საცხოვრებელი თუ კიდევ სხვა უამრავი რამ. ასეთი სურვილი განა უსათუოდ არ დაიმონებს ჩვენს გულსა და გონებას და განა არ გაგვაორგულებს ღვთის მიმართ? (ფსალმუნი 118:113; რომაელთა 16:18). განა ისე უნდა ვწუხდეთ ფიზიკურ საჭიროებებზე, რომ ჩვენი ცხოვრების აზრი მხოლოდ ოჯახით, ბიზნესითა და მატერიალურ ნივთებზე ზრუნვით შემოვფარგლოთ?! ნუ დავივიწყებთ ღვთივსულიერ რჩევა-დარიგებას: „გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გული ღრეობით, ლოთობითა და სიცოცხლეზე ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ მოულოდნელად. ვინაიდან ის, როგორც მახე, დაეცემა ყველა მკვიდრს მთელი დედამიწის ზურგზე“ (ლუკა 21:34, 35).
16. რა რჩევა მოგვცა იესომ თვალთან დაკავშირებით და რატომ?
16 თვალი გონებასთან და გულთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი საშუალებაა. ის, რაზეც თვალი ფოკუსირდება, გავლენას ახდენს ჩვენს აზრებზე, ემოციებსა და საქმეებზე. იესომ ხატოვანი ენით აღწერა თვალით ცდუნების სიძლიერე: „თუ გაცდუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს“ (მათე 5:29). თვალს უხამს სანახაობაზე ფოკუსირების უნარი უნდა დავაკარგვინოთ. მაგალითად, თვალი არ უნდა გვქონდეს ფოკუსირებული მატერიალურ კეთილდღეობაზე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უხამსი გრძნობებისა და სურვილების აღძვრასა და გაღვივებას ემსახურება.
17. კოლასელთა 3:5-ის გათვალისწინებით, როგორ დავიცავთ გულს?
17 ცხადია, მხედველობა არ არის გარესამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი შეგრძნება; სხვა, მაგალითად, შეხებისა და სმენის შეგრძნებებიც თავიანთ როლს ასრულებენ. ამიტომ წინასწარი ზომები უნდა მივიღოთ სხვა შეგრძნებების გასაკონტროლებლადაც. პავლე მოციქულმა გაგვაფრთხილა: „მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმიდურობა, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა“ (კოლასელთა 3:5).
18. რა ზომები შეგვიძლია მივიღოთ, როდესაც უხამსი აზრები მოგვდის?
18 არასწორი სურვილი შეიძლება გონების სიღრმეში ჩაგვესახოს. თუ მას გასაქანს მივცემთ, უხამს სურვილში გადაიზრდება და გულსაც ჩაითრევს. „შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას“ (იაკობი 1:14, 15). მრავალი აღიარებს, რომ ამგვარი სახით მიდიან მასტურბაციამდე. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გონება სულიერ საკითხებზე ფიქრით დავიტვირთოთ! (ფილიპელთა 4:8). და თუ კი უხამსი აზრები მოგვდის, მათ მოსაშორებლად ძალები არ უნდა დავიშუროთ.
‘ემსახურე იეჰოვას მთელი გულით’
19, 20. როგორ შეგვიძლია იეჰოვას მთელი გულით ვემსახუროთ და წარმატებასაც მივაღწიოთ?
19 ხნიერების ასაკში მეფე დავითმა თავის ვაჟს უთხრა: „სოლომონ, ძეო ჩემო, იცოდე მამაშენის ღმერთი წრფელი გულითა და ხალისიანი სულით. ემსახურე, რადგან ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა“ (1 ნეშტთა 28:9). სოლომონი კი თავის მხრივ ლოცვაში „მორჩილ გულს“ითხოვდა (3 მეფეთა 3:9, [აქ]). თუმცა ეწადა, მთელი სიცოცხლის მანძილზე მორჩილი გული შეენარჩუნებინა, მაინც აღმოჩნდა რთული პრობლემის პირისპირ.
20 თუ გვინდა, რომ ამ მხრივ წარმატებას მივაღწიოთ, არა მხოლოდ უნდა შევიძინოთ იეჰოვასთვის სასურველი გული, არამედ უნდა დავიცვათ კიდეც იგი. ამ მიზნის მისაღწევად, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ღვთის სიტყვა „გულის სიღრმეში“ უნდა ვატაროთ. ყოველდღე უნდა გამოვიკვლიოთ ჩვენი გული, ლოცვით დავუფიქრდეთ, თუ რაზე მეტყველებენ ჩვენი საუბრები და საქმეები. განა ჩალის ფასი არ ექნება ასეთ დაფიქრებას, თუ გულითადად არ ვეძიებთ იეჰოვას დახმარებას ჩვენთვის ნებისმიერი ხილული სისუსტის დასაძლევად?! უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დიდი სიფხიზლით ვადევნოთ თვალ-ყური იმას, თუ რას ვითვისებთ ჩვენი შეგრძნებების საშუალებით. თუ ვრჩებით სადარაჯოზე, ვრწმუნდებით კიდეც, რომ „ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს [ჩვენს] გულებს და [ჩვენს] ფიქრებს ქრისტე იესოში“ (ფილიპელთა 4:6, 7). დაე, შევინახოთ გული ყოველ შესანახავზე მეტად და მთელი გულით ვემსახუროთ იეჰოვას.
შეგიძლიათ გაიხსენოთ
• რატომაა მნიშვნელოვანი, გული დავიცვათ?
• როგორ გვეხმარება გულის დაცვაში იმის გაანალიზება, რასაც ვლაპარაკობთ?
• რატომ უნდა შევინარჩუნოთ „სუფთა“ თვალი?
[სურათები 23 გვერდზე]
რა არის ჩვენი საუბრის თემა სამქადაგებლო მსახურებაში, კრების შეხვედრებზე თუ სახლში?
[სურათები 25 გვერდზე]
სუფთა თვალს ფოკუსირების უნარი არ უსუსტდება