კვლავაც ანათებდეს თქვენი „ხსნის იმედი“ !
„შევიმოსოთ. . . ხსნის იმედის მუზარადით!“ (1 თესალონიკელთა 5:8).
1. როგორ გვეხმარება „ხსნის იმედი“ გარკვეული სიტუაციების ატანაში?
ხსნის იმედი ადამიანს უსაშინელესი მდგომარეობის ატანის შესაძლებლობასაც კი აძლევს. გემის დაღუპვისას ამ შემთხვევის მსხვერპლთ მაშველ ტივზე გაძლება ბევრად უფრო დიდხანს შეუძლიათ, თუ იციან, რომ მათ დასახმარებლად უკვე მოდიან. მსგავსად ამისა, ათასობით წელია, რაც ‘უფლის [„იეჰოვას“, აქ] შეწევნის’ იმედით მორწმუნეები გაჭირვებას იტანენ და ეს იმედი მათ არასოდეს გასცრუებიათ (გამოსვლა 14:13; ფსალმუნი 3:9; რომაელთა 5:5; 9:33). მოციქულმა პავლემ „ხსნის იმედი“ ქრისტიანის სულიერი აბჯრის ‘მუზარადთან’ შეადარა (1 თესალონიკელთა 5:8; ეფესელთა 6:17). დიახ, იმაში დაჯერებულობა, რომ ღმერთი გვიხსნის, იცავს ჩვენს ფიქრებს და, გაჭირვების, წინააღმდეგობისა და ცდუნებების მიუხედავად, საღი აზროვნების შენარჩუნებაში გვეხმარება.
2. რა მხრივ არის „ხსნის იმედი“ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ძირითადი ნაწილი?
2 „მომავლისთვის იმედის თვალით ყურება არ იყო დამახასიათებელი წარმართული სამყაროსთვის“, რომელშიც პირველი საუკუნის ქრისტიანები ცხოვრობდნენ, — აღნიშნავს ერთ-ერთი ბიბლიური ენციკლოპედია (The International Standard Bible Encyclopedia) (ეფესელთა 2:12; 1 თესალონიკელთა 4:13). მაგრამ „ხსნის იმედი“ ჭეშმარიტი თაყვანისცემის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. როგორ? პირველი, იეჰოვას მსახურების ხსნა ღვთის პირად სახელთანაა დაკავშირებული. ფსალმუნმომღერალი ასაფი ლოცულობდა: „დაგვეხმარე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, შენი სახელის ღირსებისათვის; გადაგვარჩინე“ (ფსალმუნი 78:9; ეზეკიელი 20:9). გარდა ამისა, იეჰოვასთან კარგი ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია მის მიერ აღთქმული კურთხევებისადმი რწმენის გამოვლენა. პავლემ ეს შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“ (ებრაელთა 11:6). აგრეთვე პავლემ განმარტა, რომ მომნანიებელთა ხსნა იყო დედამიწაზე იესოს მოსვლის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი. მოციქულმა განაცხადა: „სარწმუნოა და სრულიად მიღების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა წუთისოფელში ცოდვილთა სახსნელად“ (1 ტიმოთე 1:15). მოციქული პეტრეც მიუთითებდა ხსნაზე როგორც ‘რწმენის საბოლოო მიზანზე’ (1 პეტრე 1:9, სსგ). ცხადია, მართებულია გვქონდეს ხსნის იმედი. მაგრამ რა არის სინამდვილეში ხსნა? და რა არის მის მისაღწევად საჭირო?
რა არის ხსნა?
3. როგორ ხსნას იღებდნენ იეჰოვას ძველი დროის მსახურები?
3 ებრაულ წერილებში „ხსნა“, ჩვეულებრივ, ჩაგვრისგან ან მოძალადეობრივი, უდროო სიკვდილისგან გადარჩენას თუ გათავისუფლებას ნიშნავს. მაგალითად, დავითმა იეჰოვას „მხსნელი“ უწოდა და თქვა: „ღმერთი კლდეა ჩემი, . . მისაქცეველი. ჩემო მხსნელო, შენ მიხსენი მოძალადისგან! უფალს დიდებულს შევღაღადე და მტრებს გადავურჩი“ (მეორე მეფეთა 22:2—4). დავითმა იცოდა, რომ იეჰოვა უყურადღებოდ არ ტოვებს თავის ერთგულ მსახურთა მიერ შემწეობის მისაღებად აღვლენილ მუდარას (ფსალმუნი 30:23, 24; 144:19).
4. მომავალ ცხოვრებასთან დაკავშირებით, რას მოელოდნენ იმედით წინაქრისტიანულ პერიოდში მცხოვრები იეჰოვას მსახურები?
4 წინაქრისტიანულ პერიოდში მცხოვრებ იეჰოვას მსახურებსაც ჰქონდათ მომავალი ცხოვრების იმედი (იობი 14:13—15; ესაია 25:8; დანიელი 12:13). ფაქტობრივად, გადარჩენის შესახებ ებრაულ წერილებში მოცემულ აღთქმებს წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა და უფრო დიდ ხსნაზე, მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვან ხსნაზე, მიუთითებდა (ესაია 49:6, 8; საქმეები 13:47; 2 კორინთელთა 6:2). იესოს დღეებში მრავალი იუდეველი იმედით მოელოდა მარადიულ სიცოცხლეს, მაგრამ ისინი იესოს თავიანთი იმედის განმახორციელებელ მთავარ ფიგურად არ იღებდნენ. თავის თანამედროვე რელიგიურ წინამძღოლებს იესომ უთხრა: „იკვლევთ წერილებს, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემს შესახებ მოწმობენ“ (იოანე 5:39).
5. რას ნიშნავს, საბოლოო ჯამში, ხსნა?
5 ღმერთმა იესოს მეშვეობით გაგვიმხილა ხსნის სრული მნიშვნელობა. მასში შედის ცოდვის მონობისა და ცრუ რელიგიის ბორკილებისგან, სატანის მმართველობის ქვეშ მყოფი წუთისოფლის, კაცთმოშიშებისა და თვით სიკვდილის შიშისგანაც კი გათავისუფლება (იოანე 17:16; რომაელთა 8:2; კოლასელთა 1:13; გამოცხადება 1:2, 4). ღვთის ერთგული მსახურებისთვის, საბოლოო ჯამში, ღვთისმიერი ხსნა არა მარტო შევიწროებისა და განსაცდელისგან ხსნას ნიშნავს, არამედ მარადიული სიცოცხლის მიღების შესაძლებლობასაც (იოანე 6:40; 17:3). იესო ასწავლიდა, რომ „მცირე სამწყსოსთვის“ ხსნა ზეციერი ცხოვრებისთვის მკვდრეთით აღდგენასა და იესოსთან ერთად სამეფოს მმართველობაში მონაწილეობას ნიშნავს (ლუკა 12:32). კაცობრიობის დანარჩენი ნაწილისთვის კი ხსნა იმ სრულყოფილი ცხოვრებისა და ღმერთთან ურთიერთობის აღდგენას ნიშნავს, რომელიც ადამსა და ევას ედემის ბაღში შეცოდებამდე ჰქონდათ (საქმეები 3:21; ეფესელთა 1:10). სამოთხეში მარადიული ცხოვრება — ეს იყო ღვთის თავდაპირველი განზრახვა ადამიანებთან დაკავშირებით (დაბადება 1:28; მარკოზი 10:30). როგორღა შეიძლება ასეთი პირობების აღდგენა?
ხსნის საფუძველი — გამოსყიდვა
6, 7. რა როლს ასრულებს იესო ჩვენს ხსნაში?
6 მარადიული ხსნა მხოლოდ ქრისტეს მიერ გაღებული გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზეა შესაძლებელი. რატომ? ბიბლია განგვიმარტავს, რომ შეცოდებით ადამმა ცოდვას „მიჰყიდა“ საკუთარი თავი და მთელი შთამომავლობა, მათ შორის ჩვენც, რის გამოც კაცობრიობისთვის იმედის განსახორციელებლად გამოსასყიდის გაღება გახდა აუცილებელი (რომაელთა 5:14, 15; 7:14). ღმერთი რომ მთელი კაცობრიობისთვის გამოსასყიდს გაიღებდა, წინასწარ იყო ნაჩვენები ცხოველური შესაწირავებით, რომელსაც მოსეს რჯულის თანახმად აღავლენდნენ (ებრაელთა 10:1—10; 1 იოანე 2:2). იესო იყო ის პიროვნება, ვის მიერ გაღებული მსხვერპლითაც აღნიშნული წინასწარმეტყველური „აჩრდილი“ შესრულდა. იეჰოვას ანგელოზმა იესოს დაბადებამდე თქვა: „იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან“ (მათე 1:21; ებრაელთა 2:10).
7 იესო სასწაულებრივად დაიბადა — ის ქალწულისგან იშვა; აგრეთვე, როგორც ღვთის ძეს, მას ადამისგან მემკვიდრეობით სიკვდილი არ მიუღია. ამ ფაქტმა და სრულყოფილმა ერთგულებამ მის სიცოცხლეს ის აუცილებელი ფასი შესძინა, რომელიც ცოდვისა და სიკვდილისგან კაცობრიობის გამოსასყიდად იყო საჭირო (იოანე 8:36; 1 კორინთელთა 15:22). ყველა სხვა ადამიანისგან განსხვავებით, იესო ცოდვის გამო სიკვდილმისჯილი არ იყო. ის დედამიწაზე იმ განზრახვით მოვიდა, რომ ‘თავი შეეწირა მრავალთა გამოსასყიდად’ (მათე 20:28). ახლა უკვე მკვდრეთით აღდგენილ და გამეფებულ იესოს, რომელიც წარსულში ასე მოიქცა, შეუძლია იხსნას ყველა, ვინც ღვთის მოთხოვნებს შეესაბამება (გამოცხადება 12:10).
რა მოითხოვება ხსნის მისაღწევად?
8, 9. ა) რა პასუხი გასცა იესომ ახალგაზრდა მმართველის კითხვას ხსნასთან დაკავშირებით? ბ) როგორ გამოიყენა იესომ ეს შემთხვევა მოწაფეების დასამოძღვრად?
8 ერთხელ ერთმა მდიდარმა ახალგაზრდა ისრაელმა მმართველმა იესოს ჰკითხა: „რა ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“ (მარკოზი 10:17). ამ კითხვაში შეიძლება იმ დროს იუდეველებში ის გაბატონებული აზროვნება ირეკლებოდა, რომ ღმერთი გარკვეული კეთილი საქმეების კეთებას მოითხოვდა და საკმაო რაოდენობით მათი შესრულებით ადამიანი ღვთისგან ხსნას დაიმსახურებდა. მაგრამ ასეთი ფორმალური ერთგულება შეიძლება ეგოისტური მიზნებით ყოფილიყო აღძრული. მსგავსი საქმეები ხსნის ნამდვილი იმედის მომტანი არ არის, რადგან არც ერთ არასრულყოფილ ადამიანს არ შეუძლია ნამდვილად შეესაბამებოდეს ღვთის ნორმებს.
9 იესომ იმ მამაკაცს თავისი პასუხით შეახსენა, რომ ღვთის მცნებებისადმი მორჩილება მართებდა. ახალგაზრდა მმართველმა მაშინვე უთხრა, რომ ბავშვობიდან იცავდა ყოველივეს. ამის მოსმენამ იესოში მისადმი სიყვარული აღძრა. მან ახალგაზრდა მმათველს უთხრა: „ერთი რამ გაკლია: წადი, რაც გაქვს, გაყიდე და ღარიბებს დაურიგე და ზეცაში გექნება საუნჯე. მერე მოდი და გამომყევი“. მაგრამ ახალგაზრდა მამაკაცი დანაღვლიანდა და წავიდა, რადგან „დიდძალი ქონება ჰქონდა“. შემდეგ იესომ მოწაფეებთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ წუთისოფლის სიმდიდრისადმი ლტოლვა ხსნის გზიდან გადამყვანია. აგრეთვე დასძინა, რომ საკუთარი ძალისხმევით ვერავინ მიაღწევს ხსნას. მაგრამ იესომ მოწაფეებს უთხრა: „ეს კაცთათვის არის შეუძლებელი და არა ღვთისათვის, რადგან ღვთისათვის ყოველივე შესაძლებელია“ (მარკოზი 10:18—27; ლუკა 18:18—23). როგორ არის ხსნა შესაძლებელი?
10. რა პირობებს უნდა შევესაბამებოდეთ იმისათვის, რომ ხსნა მივიღოთ?
10 ხსნა ღვთისგან მიღებული ძღვენია, მაგრამ მას ავტომატურად ვერ მივიღებთ (რომაელთა 6:23). არსებობს გარკვეული ძირითადი პირობები, რომლებსაც ამ ძღვნის მიმღები ყველა ადამიანი უნდა შეესაბამებოდეს. იესომ თქვა: „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“. მოციქულმა იოანემ კი დასძინა: „ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს, ხოლო ურჩი ძისა ვერ იხილავს სიცოცხლეს“ (იოანე 3:16, 36). ცხადია, ღმერთი ყველასგან, ვისაც მარადიული ხსნის მიღების იმედი აქვს, რწმენასა და მორჩილებას მოითხოვს. თითოეულმა პირადად უნდა გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა გამოსყიდვა და მიჰყვეს თუ არა იესოს ნაკვალევს.
11. როგორ შეიძლება არასრულყოფილმა ადამიანმა ღვთის მოწონება დაიმსახუროს?
11 არასრულყოფილების გამო, მორჩილების გამოვლენა ჩვენთვის ბუნებრივი არ არის და შეუძლებელია, ის სრულყოფილად გამოვავლინოთ. ამიტომაც იზრუნა იეჰოვამ ჩვენი ცოდვების გამოსასყიდზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ გამუდმებით უნდა ვეცადოთ, ღვთისმოსაწონად ვიცხოვროთ. როგორც იესომ უთხრა ახალგაზრდა მდიდარ მმართველს, უნდა დავიცვათ ღვთის მცნებები. ასე მოქმედებით არა მარტო ღვთის მოწონებას დავიმსახურებთ, არამედ თვითონაც დიდ სიამოვნებას მივიღებთ, რადგან „მისი მცნებები მძიმე როდია“; ისინი „საზრდოა“ ჩვენთვის (1 იოანე 5:3; იგავნი 3:1, 8). და მაინც, ადვილი არ არის ხსნის იმედის შენარჩუნება.
‘იღწვოდეთ რწმენისათვის’
12. როგორ შეუძლია ხსნის იმედს ქრისტიანის განმტკიცება ზნეობრივი ცდუნებების წინააღმდეგ ბრძოლაში?
12 მოწაფე იუდას სურდა, ადრინდელი ქრისტიანებისთვის მათ „საერთო ხსნაზე“ მიეწერა. მაგრამ ცუდმა ზნეობრივმა ატმოსფერომ იძულებული გახადა, ძმებისთვის ერჩია: ‘იღვაწეთ რწმენისათვის’. დიახ, ხსნის მისაღწევად საკმარისი არ არის რწმენის გამოვლენა, ჭეშმარიტ ქრისტიანულ რწმენაში მტკიცედ დგომა და მორჩილება მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველაფერი რიგზეა. იეჰოვასადმი ჩვენი ერთგულება იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ ცდუნებებისა და უზნეობის გავლენის გაძლებაში დაგვეხმაროს. მაგრამ პირველი საუკუნის კრებაში სექსუალურმა უზნეობამ და გაუკუღმართებულმა სექსუალურმა ურთიერთობამ, ხელმძღვანელობისადმი უპატივცემულობის, დაყოფებისა და ეჭვების სულმა უმაღლეს წერტილს მიაღწია. ყოველივე ამასთან ბრძოლაში დახმარების გასაწევად იუდამ თანაქრისტიანებს მოუწოდა, რომ გონებაში ყოველთვის ნათლად წარმოესახათ თავიანთი მიზანი: „საყვარელნო, აღაშენეთ თქვენი თავი უწმიდეს რწმენაზე, ილოცეთ სულიწმიდით, დაიცავით თქვენი თავი ღვთის სიყვარულში და დაელოდეთ ჩვენი უფლისაგან, იესო ქრისტესაგან წყალობას საუკუნო სიცოცხლისათვის“ (იუდა 3, 4, 8, 19—21). ხსნის იმედს შეეძლო მათი განმტკიცება ზნეობრივი სისუფთავის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში.
13. როგორ ცხადვყოფთ, რომ მხედველობიდან არ გვრჩება ღვთის მადლის დანიშნულება?
13 იეჰოვა სამაგალითო ზნეობის გამოვლენას მოელის მათგან, ვისაც ძღვნად ხსნას უბოძებს (1 კორინთელთა 6:9, 10). მაგრამ ღვთის ზნეობრივი ნორმების დაცვა სხვების განსჯის უფლებას არ გვაძლევს. ჩვენ არა ვართ ის პიროვნებები, რომლებიც ჩვენივე მსგავსი ადამიანების სამუდამო მომავალს განსაზღვრავენ. ამას გააკეთებს ღმერთი, რომლის შესახებაც პავლემ ათენელ ბერძნებს უთხრა: „მან დაადგინა დღე, როდესაც ქვეყნიერებას განკითხავს სამართლით წინასწარ არჩეული კაცის — იესო ქრისტეს — ხელით“ (საქმეები 17:31; იოანე 5:22). თუ იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენით ვცოცხლობთ, არ უნდა გვეშინოდეს მომავალი სამსჯავროსი (ებრაელთა 10:38, 39). მნიშვნელოვანია, რომ არასოდეს „ფუჭად არ მივიღოთ [მასთან შესარიგებლად გამოსასყიდის გამღები] ღვთის მადლი“ და არასოდეს ვცდუნდეთ ცუდი აზრებითა და მოქმედებებით (2 კორინთელთა 6:1). გარდა ამისა, თუ სხვებს ხსნის მიღებაში ვეხმარებით, ცხადვყოფთ, რომ მხედველობიდან არ გვრჩება ღვთის მადლის დანიშნულება. როგორ შეგვიძლია სხვებისთვის დახმარება?
სხვებსაც გაუზიარეთ ხსნის იმედი
14, 15. ვის დაავალა იესომ ხსნის შესახებ კეთილი ცნობის ქადაგება?
14 პავლე წინასწარმეტყველ იოველის წინასწარმეტყველებიდან ციტირებდა, როდესაც დაწერა: «ყოველი, ვინც უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელს მოუხმობს, გადარჩება». შემდეგ კი დასძინა: „მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ იწამეს? როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე?“. რამდენიმე მუხლის შემდეგ პავლე აღნიშნავს, რომ რწმენა თავისთავად არ ჩნდება, არამედ „მოსმენისაგან“ ანუ ‘ქრისტეს შესახებ სიტყვის [აქ]’ მოსმენისგან ჩნდება (რომაელთა 10:13, 14, 17; იოველი 3:5).
15 ვინ მიიტანს ერებთან ‘ქრისტეს შესახებ სიტყვას’? იესომ ეს თავის მოწაფეებს დაავალა, რომლებსაც უკვე ნასწავლი ექნებოდათ ეს ‘სიტყვა’ (მათე 24:14; 28:19, 20; იოანე 17:20). როდესაც სამეფოს შესახებ ვქადაგებთ და ხალხს მოწაფეებად გახდომაში ვეხმარებით, ჩვენც გვეხება მოციქულ პავლეს სიტყვები, რასაც ესაიას წინასწარმეტყველებიდან ციტირებდა: „რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი!“. მაშინაც კი, თუ მრავალი არ იღებს ჩვენს მიერ მიწოდებულ კეთილ ცნობას, ჩვენი „ფერხნი“ იეჰოვასთვის მაინც „მშვენიერია“ (რომაელთა 10:15; ესაია 52:7).
16, 17. რომელ ორ მიზანს ემსახურება ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობა?
16 ამ დავალების შესრულება ორ მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება. პირველი, კეთილი ცნობის ქადაგება აუცილებელია იმისათვის, რომ ღვთის სახელი განდიდდეს და ხსნის მსურველებმა იცოდნენ, ვის მიმართონ. პავლეს ესმოდა დავალების ეს მხარე. ის წერდა: „ვინაიდან ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა: ‘მე დაგაყენე წარმართთა ნათლად, რომ იყო ხსნად ქვეყნის კიდემდე’“. ამიტომ, როგორც ქრისტეს მოწაფეებმა, თითოეულმა ჩვენგანმა, მონაწილეობა უნდა მივიღოთ ხალხისთვის ხსნის ცნობის მიწოდებაში (საქმეები 13:47; ესაია 49:6).
17 მეორე, კეთილი ცნობის ქადაგება ღვთის სამართლიან სამსჯავროს უყრის საფუძველს. ამ სამსჯავროს შესახებ იესომ თქვა: „ხოლო, როცა მოვა კაცის ძე თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე. შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს ერთიმეორისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ხოლმე თხებს ცხვრებისაგან“. თუმცა განაჩენის გამოტანა და დაყოფა მაშინ მოხდება, „როცა მოვა კაცის ძე თავისი დიდებით“, ქადაგება ხალხს დღეს იმის საშუალებას აძლევს, რომ სცნონ ქრისტეს სულიერი ძმები და ამგვარად იღვაწონ მათ მხარდასაჭერად, რათა სამუდამო ხსნას მიაღწიონ (მათე 25:1—46).
შევინარჩუნოთ ‘იმედის სისრულე’
18. რა უნდა ვაკეთოთ, რომ კვლავაც ანათებდეს ჩვენი „ხსნის იმედი“?
18 სამქადაგებლო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა იმაშიც გვეხმარება, რომ კვლავაც ანათებდეს ჩვენი იმედი. პავლე წერდა: „გვსურს, რომ ყოველი თქვენგანი, იმედის სისრულისათვის იჩენდეს იმავე ერთგულებას ბოლომდე“ (ებრაელთა 6:11). დაე თითოეულმა დავიხუროთ „ხსნის იმედის მუზარადი“ და ამგვარად გვახსოვდეს, რომ „ღმერთმა დაგვადგინა არა შესარისხად, არამედ ხსნის მისაღებად ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით“ (1 თესალონიკელთა 5:8, 9). აგრეთვე გულთან ახლოს მივიტანოთ პეტრეს დარიგება: „შემოისარტყლეთ თქვენი გონების წელნი, იფხიზლეთ და. . . თქვენთვის მოსანიჭებელი მადლის სრული იმედი იქონიეთ“ (1 პეტრე 1:13). ყველა ასე მოქმედი თავისი „ხსნის იმედის“ ბოლომდე შესრულებას იხილავს!
19. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
19 ამასობაში კი რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს ამ სისტემისთვის დარჩენილ დროსთან დაკავშირებით? როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს დრო როგორც ჩვენთვის, ისე სხვებისთვის ხსნის უზრუნველსაყოფად? ამ საკითხებს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.
შეგიძლიათ განმარტოთ?
• რატომ უნდა შევინარჩუნოთ ნათელი „ხსნის იმედი“?
• რის გაკეთება გვმართებს იმისათვის, რომ ძღვნად ხსნა მივიღოთ?
• როგორ შეიძლება ძღვნად ხსნა მივიღოთ?
• ღვთის განზრახვასთან შესაბამისად, რა მიიღწევა ჩვენი სამქადაგებლო მსახურებით?
[სურათები 10 გვერდზე]
ხსნა მხოლოდ განადგურებისგან გადარჩენა როდია.