შურისძიება
ვინმეს დასჯა მიყენებული ზიანის ან შეურაცხყოფის გამო; სამაგიეროს გადახდა. ბერძნული სიტყვა ეკდიკეო, რომელიც შურისძიებად ითარგმნება, სიტყვასიტყვით „სამართლიანობიდან გამომდინარეს“ ნიშნავს და ისეთ ქმედებაზე მიუთითებს, რომლითაც სამართლიანობა მიიღწევა. ბიბლიაში სიტყვა „შურისძიება“, როგორც წესი, იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა ღვთის მიერ სამართლის აღსასრულებლად სამაგიეროს გადახდაზეა საუბარი. თუმცა შეიძლება მაშინაც გამოიყენებოდეს, როცა ადამიანი იმას მიუზღავს სხვას, რაც სამართლიანი ჰგონია ან ისე უხდის სამაგიეროს სხვას, რომ თვითონ დარჩეს კმაყოფილი.
შურისძიება იეჰოვასია. თუ ვინმეს შურისძიების უფლებამოსილებას იეჰოვა ან ღვთის სიტყვა არ ანიჭებს, მაგრამ ის მაინც იძიებს შურს თავისთვის ან სხვისთვის, ეს არ იქნება მართებული ქმედება. იეჰოვა ამბობს: „ჩემია შურისძიებაც და საზღაურის მიგებაც“ (კნ. 32:35). ფსალმუნმომღერალმა ღმერთს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „შურისმაძიებელო ღმერთო, იეჰოვა“ (ფს. 94:1). ვინაიდან იეჰოვაა შურისმაძიებელი ღმერთი, ის განსჯის მას, ვინც ბოღმას იდებს გულში ან ცდილობს შური იძიოს მაშინ, როცა მას ან სხვას ნამდვილად ცუდად მოექცნენ ან მას ეჩვენება ასე (ლვ. 19:18; რმ. 12:19; ებ. 10:30).
როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ღვთის რისხვას ყველა შემცოდველი და ბოროტების ჩამდენი იმსახურებს. მაგრამ ღმერთმა წყალობა გამოავლინა და იესო ქრისტე მსხვერპლად შემოგვწირა, რაც მას იმის საფუძველს აძლევს, რომ შემცოდველს ან საერთოდ არ მიაგოს საზღაური, რომელიც მას სამართლიანად ეკუთვნის, ან სრულად არ მიუზღას (რმ. 5:19—21; 2კრ. 5:19; ებ. 2:2, 3; იხ. გამოსასყიდი). ღმერთი თავისი სამართლიანი ნორმების ერთგული რჩება ცოდვების პატიების დროსაც და მაშინაც, როცა სასჯელს ატეხს მათ, ვინც ღვთის წყალობას არაფრად აგდებს. ასეთი ადამიანები ღვთის შურისძიებას ვერ აირიდებენ (რმ. 3:3—6, 25, 26; შდრ. ფს. 99:8).
იეჰოვას შურისძიება კონკრეტულ მიზანს ემსახურება. როცა იეჰოვა შურს იძიებს იმ ადამიანთა გამო, ვინც მასზეა მინდობილი, ეს მათთვის შვების მომგვრელია, მათ კეთილდღეობას ემსახურება და განადიდებს იეჰოვას, როგორც სამართლიან მოსამართლეს. ფსალმუნმომღერალი წერდა: «გაიხარებს მართალი, რადგან იხილა შურისძიება ... იტყვის ხალხი: „მოიწია მართლის ნაყოფი. ნამდვილად არსებობს ღმერთი, დედამიწის გამსამართლებელი“» (ფს. 58:10, 11). მაშასადამე, ღვთის შურისძიების უმთავრესი მიზანი მისი უზენაესობის დამტკიცება და მისი სახელის განდიდებაა (გმ. 14:18; ფს. 83:13—18; ეს. 25:1—5; ეზკ. 25:14, 17; 38:23). იეჰოვას ასეთი მოქმედებით ისიც აშკარავდება, თუ ვის მიიჩნევს ის თავის ხალხად, და ამავე დროს არასასურველი ვითარებიდან გამოჰყავს ისინი (გმ. 14:31; 15:11—16; ეზკ. 37:16, 21—23; ფს. 135:14; 148:14; იგ. 21:18).
ღვთის შურისძიების დრო. ბიბლიიდან ჩანს, რომ როცა ღმერთი თავის მტრებზე ფართომასშტაბიან შურისძიებას გეგმავს, საამისოდ ყოველთვის ნიშნავს დროს. მაგალითად, წინასწარმეტყველ ესაიას დავალებული ჰქონდა, რომ გაეცხადებინა „ღვთის შურისძიების დღის“ შესახებ. ძვ. წ. 539 წელს ღმერთმა შური იძია თავისი ხალხის მჩაგვრელ ძველ ბაბილონზე, როცა ის მიდია-სპარსეთს ჩაუგდო ხელში (ეს. 61:1, 2; 13:1, 6, 9, 17). ესაიას მიერ ნათქვამი სიტყვებიდან (ეს. 61:1, 2) იესო ქრისტემ ციტატა მოიყვანა და საკუთარ თავს დაუკავშირა (ლკ. 4:16—21). მართალია, ამ მონაკვეთიდან არ ჩანს, ისიც ამოიკითხა თუ არა იესომ, რომ „შურისძიების დღე“ უნდა გამოეცხადებინა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მან გამოაცხადა შურისძიების დღე, რომელიც იერუსალიმს ახ. წ. 70 წელს დაატყდა. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ რომაელთა ჯარები ალყაში მოაქცევდნენ იერუსალიმს, და თავის მიმდევრებს უთხრა, რომ როცა ამას დაინახავდნენ, ქალაქი დაეტოვებინათ. იესომ თქვა: „ეს ის დროა, როცა უნდა აღსრულდეს სამართალი [„შურისგების დღენი“, ბსგ], რათა ყველაფერი, რაც დაწერილია, შესრულდეს“ (ლკ. 21:20—22; შდრ. აფ, კს, სსგ, AT, KJ, Ro, RS).
მოგვიანებით, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, იესომ თქვა: „იმ დღესა და საათზე [როცა დღევანდელი ქვეყნიერების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი უნდა აღსრულდეს] მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ“ (მთ. 24:36). ამ სიტყვებით იესომ ცხადყო, რომ ღმერთი აუცილებლად იძიებდა შურს თავის მიერ დადგენილ დროს. იმის საჩვენებლად, რომ ღმერთი შურს იძიებდა თავისი სახელისა და თავის მსახურთა გულისთვის, იესომ მოიყვანა მაგალითი მოსამართლისა, რომელმაც ქვრივის დაჟინებული თხოვნა გაითვალისწინა და გადაწყვიტა: „გავუჩენ სამართალს [„შურს ვიძიებ მისთვის“, Int]“. შემდეგ დასძინა: „განა ღმერთი არ გაუჩენს სამართალს [„შურის-გება“, მხ] თავის რჩეულებს, რომლებიც დღედაღამ შეღაღადებენ, თუმცა სულგრძელია მათ მიმართ?“ (ლკ. 18:2—8).
წიგნ „გამოცხადებაში“ ვკითხულობთ იოანეს ხილვის შესახებ, რომელშიც ღვთის სიტყვისა და დამოწმების საქმის გამო დახოცილთა სულები ნახა. ისინი ღმერთს შეღაღადებდნენ: „უზენაესო უფალო, წმინდაო და ჭეშმარიტო, როდემდე უნდა იკავებდე თავს გასამართლებისგან და დედამიწის მკვიდრებზე ჩვენი სისხლისთვის შურისძიებისგან?“. მიღებული პასუხიდან გამოჩნდა, რომ შურისძიების დღე დანიშნულია და მაშინ დადგება, როცა შეივსება „მათნაირი მონებისა და მათი ძმების რიცხვი, რომლებიც მათსავით უნდა დაეხოცათ“ (გმც. 6:9—11).
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი, პირველ რიგში, შურს იძიებს დიდ ბაბილონზე, შემდეგ კი „მხეცზე, დედამიწის მეფეებსა და მათ ლაშქრებზე“ (გმც. 19:1, 2, 19—21).
შურისძიების აღმსრულებელნი. ღვთის შურისძიების მთავარი აღმსრულებელი უფალი იესო ქრისტეა. მოციქული პავლე ქრისტიანებს შემდეგი სიტყვებით ანუგეშებს: „ღვთის მხრიდან სამართლიანია, გასაჭირი მიუზღოს მათ, ვინც თქვენ გაგდებთ გასაჭირში, ხოლო თქვენ, გასაჭირში ჩაცვენილებს, მოგიზღოთ შვება ჩვენთან ერთად, როცა უფალი იესო ზეციდან თავისი ძლიერი ანგელოზებითურთ გამოგვეცხადება აბრიალებულ ცეცხლში და შურს იძიებს მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს და ვინც არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ. ისინი სასჯელად მარადიულ განადგურებას მიიღებენ, გაქრებიან უფლის სახისგან და მისი ძლიერების დიდებისგან“ (2თს. 1:6—9).
ქრისტიანულ კრებაში. მოციქულებს დავალებული ჰქონდათ, რომ იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით ეზრუნათ ქრისტიანულ კრებაზე, დაეცვათ უწმინდურებისგან და იეჰოვას კეთილგანწყობის დაკარგვისგან. პავლე მოციქულმა, რომელსაც ღვთისგან ჰქონდა მინიჭებული ეს უფლებამოსილება, კორინთის კრებას, სადაც ცრუმოციქულები პრობლემებსა და განხეთქილებებს იწვევდნენ, მისწერა: „მზად ვართ დავსაჯოთ ნებისმიერი ურჩობა [„შური ვიძიოთ ყოველგვარ ურჩობაზე“, კს]“ (2კრ. 10:6; 11:13; 13:10).
უხუცესებს, რომლებსაც კრებაზე ზრუნვა ჰქონდათ დავალებული, შური უნდა ეძიათ იმ გაგებით, რომ აღმოეფხვრათ ბოროტება, რითაც სამართალიც აღსრულდებოდა და ღვთის თვალში კრებაც მართალი იქნებოდა. სწორედ ასე მოიქცნენ კორინთის კრების ხელმძღვანელი ძმები მას შემდეგ, რაც პავლემ მითითება მისცა. ამიტომ მოციქულმა თავის მეორე წერილში მათ მისწერა: „როგორი გულმოდგინება გამოიწვია თქვენში ... როგორი შურისგება!“ (2კრ. 7:11, სსგ). პავლეს პირველმა წერილმა ისინი მონანიებისკენ აღძრა, რისი შედეგიც ის იყო, რომ მათ თავიდან მოიშორეს ბოროტი ადამიანები, რომლებიც მოციქულს ჰყავდა მხედველობაში, და ყველაფერი იღონეს, რათა მდგომარეობა გამოსწორებულიყო და კრება იეჰოვას თვალში მართალი ყოფილიყო (2კრ. 7:8—10, 12). თუმცა უხუცესებს არ ჰქონდათ ისეთი უფლებამოსილება, როგორიც მოსეს კანონით მოქმედ მოსამართლეებს. უხუცესებს მათგან განსხვავებით არ შეეძლოთ შურისძიების მიზნით სიკვდილით დაესაჯათ მოუნანიებელი შემცოდველი ანუ სრული საზღაური მიეგოთ მისთვის სამართლის აღსასრულებლად (ლვ. 20:10; ებ. 10:28). უხუცესები ასეთებს უბრალოდ კრებიდან რიცხავდნენ (1კრ. 5:13). თუ ისინი არც მომავალში მოინანიებდნენ, სრულ საზღაურს მიიღებდნენ და მარადიულად მოიკვეთებოდნენ (ებ. 10:29, 30). მაშასადამე, ქრისტიანი, რომელიც უმართლობის გზას ადგება, მაგალითად, მრუშობს, საფრთხეში იგდებს თავს, „რადგან ასეთებს იეჰოვა სჯის ყოველივე ამის გამო [„ვინაიდან ღმერთია შურისმაძიებელი ყოველივე ამის გამო“, სსგ]“ (1თს. 4:3—6).
ხელისუფალნი. ხელისუფალთ, რომელთა მოვალეობაც სამართლის აღსრულებაა, შეუძლიათ შური იძიონ ბოროტმოქმედებზე, მათ შორის ნებისმიერ ქრისტიანზე, თუ ისინი არღვევენ ქვეყნის კანონებს, რომლებიც ღვთის თვალში სწორია და რომელთა მოთხოვნებიც არ აჭარბებს ღვთის მიერ ხელისუფალთათვის მინიჭებულ უფლებამოსილებას. ამ შემთხვევაში ისინი ღვთის შურისგების აღმსრულებელნი გამოდიან. პავლე მოციქული წერდა: „მმართველები მაშინ კი არ არიან საშიშნი, როცა კარგს აკეთებ, არამედ მაშინ, როცა ცუდს აკეთებ ... ის ღვთის მსახურია და რისხვით იძიებს შურს ბოროტმოქმედებზე“ (რმ. 13:3, 4; 1პტ. 2:13, 14; შდრ. დბ. 9:6).
არასრულყოფილი ადამიანი შურისძიებისკენაა მიდრეკილი. არასრულყოფილი ადამიანი მიდრეკილია, შური იძიოს მათზე, ვინც მას უსამართლოდ ეპყრობა ან ვინც სძულს. თუ კაცი სხვის ცოლთან იმრუშებს, ქმარმა შეიძლება შური იძიოს მასზე. იგავებში წერია: „ეჭვი კაცს განარისხებს. დაუნდობელი იქნება ის შურისძიების დღეს. არანაირ გამოსასყიდზე არ დათანხმდება, არ დამშვიდდება, რამდენად დიდი საჩუქარიც არ უნდა შეაძლიო“ (იგ. 6:32—35). ადამიანი, რომელიც საკუთარი ინიციატივით იძიებს შურს, როგორც წესი, რისხვას ვერ აკონტროლებს და მის ქმედებას კარგი არაფერი მოაქვს. შურისმაძიებელი ადამიანი ღვთის რისხვას დაიტეხს თავს (იაკ. 1:19, 20).
ღვთისა და მისი მსახურების მტრები. ღვთის მოძულენი მტრობენ ღვთის მსახურებს და ცდილობენ მათზე შურისძიებას. ეს სამართლის აღსრულება კი არა, სიმართლის სიძულვილით განხორციელებული ქმედება და მართალი ადამიანების თავიდან მოშორების მცდელობაა, რომელთა სიტყვებიც და საქმეებიც ბოროტებაში ამხელს მათ (ფს. 8:2; 44:15, 16). ზოგიერთ შემთხვევაში ღვთის მსახურთა მკვლელებს ეგონათ, რომ სამართალს აღასრულებდნენ (ინ. 16:2). ისინი შეიძლება მიიჩნევდნენ ან აცხადებდნენ კიდეც, რომ სამართლიანად აღასრულებდნენ შურისგებას, თუმცა ამით ღმერთს ნამდვილად არ უხარებდნენ გულს, მეტიც, თავი ღვთის შურისგების სამიზნედ იქციეს. მართალია, ზოგჯერ იეჰოვა სხვა ერების მეშვეობით იძიებდა შურს თავის ხალხზე, როცა ისინი არღვევდნენ მასთან დადებულ შეთანხმებას, როგორც მაშინ, როცა ბაბილონს ჩაუგდო ხელში ისრაელი (ლვ. 26:25), მაგრამ ამ ერებს სიძულვილი და ღვარძლი ამოძრავებდათ და შურისძიების წყურვილი კლავდათ, ამიტომ იეჰოვამ მათზეც იძია შური (გდ. 3:60; ეზკ. 25:12—17).
იხ აგრეთვე სისხლის ამღები; თავშესაფარი ქალაქები.