ვინ არის მთავარანგელოზი მიქაელი?
ბიბლია გვპასუხობს
მიქაელი, რომელსაც ზოგიერთი რელიგიის მიმდევრები წმინდა მიქაელ მთავარანგელოზად მოიხსენიებენ, არის იესო ქრისტე. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ეს სახელი იესოს დედამიწაზე მოსვლამდე ერქვა. ღვთის სიტყვა იესოს ამ სახელით ზეცად ამაღლების შემდეგაც მოიხსენიებს.a მიქაელი იყო ის, ვინც ეშმაკს მოსეს სხეულის გამო ეკამათებოდა და ისიც, ვინც დაეხმარა ანგელოზს, რომელსაც წინასწარმეტყველი დანიელისთვის ღვთის სიტყვები უნდა გადაეცა (დანიელი 10:13, 21; იუდა 9). მიქაელი ამართლებს თავის სახელს, რომელიც ნიშნავს „ვინ არის ღვთის მსგავსი?“, იმით, რომ იცავს ღვთის უზენაესობას და ებრძვის ღვთის მტრებს (დანიელი 12:1; გამოცხადება 12:7).
რის საფუძველზე ვასკვნით, რომ მთავარანგელოზი მიქაელი იესოა?
მიქაელი არის მთავარანგელოზი (იუდა 9). სიტყვა მთავარანგელოზი, რომელიც ანგელოზთა მთავარს ნიშნავს, ბიბლიაში ორჯერ გვხვდება. ორივე შემთხვევაში ეს სიტყვა მხოლობით რიცხვშია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მხოლოდ ერთი ანგელოზი ატარებს ამ წოდებას. ერთ-ერთ შემთხვევაში ნათქვამია, რომ მკვდრეთით აღმდგარი უფალი იესო ქრისტე „ჩამოვა ზეციდან მბრძანებლური მოწოდებით, მთავარანგელოზის ხმით“ (1 თესალონიკელები 4:16). ის, რომ იესოს აქვს მთავარანგელოზის ხმა იმას ამტკიცებს, რომ სწორედ ის არის მთავარანგელოზი მიქაელი.
მიქაელი სათავეში უდგას ანგელოზთა ლაშქარს. „მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ დრაკონს“, სატანას (გამოცხადება 12:7). მიქაელს ღვთის სიტყვაში „ერთ-ერთი პირველი მთავარი“ და „დიდი მთავარი“ ეწოდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სულიერ ქმნილებათა შორის ის დიდ ძალაუფლებას ფლობს (დანიელი 10:13, 21; 12:1). „ახალ აღთქმის“ მკვლევარი დეივიდ აუნე აღნიშნავს, რომ ეს წოდებები ეკუთვნის „ანგელოზთა ლაშქრის მთავარსარდალს“.
ბიბლიაში იესოზეც არის ნათქვამი, რომ ძალაუფლება აქვს ანგელოზთა ლაშქარზე. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „უფალი იესო ზეციდან თავისი ძლიერი ანგელოზებითურთ გამოგვეცხადება აბრიალებულ ცეცხლში და შურს იძიებს“ (2 თესალონიკელები 1:7, 8; მათე 16:27). იესო „ზეცაში ამაღლდა და ღვთის მარჯვნივ დაჯდა. მას დაუმორჩილა ღმერთმა ანგელოზები, ძალაუფლებები და ძალები“ (1 პეტრე 3:21, 22). არაგონივრულია ვიფიქროთ, რომ ღმერთს ანგელოზთა ორი ლაშქარი ჰყავს, რომელთაგან ერთს მიქაელი მეთაურობს, მეორეს კი — იესო. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მიქაელი და იესო ერთი და იგივე პიროვნებაა.
„იმ დროს აღსდგება მიქაელი“, როცა „ისეთი გასაჭირი დადგება, როგორიც არ ყოფილა ერის გაჩენის დროიდან“ (დანიელი 12:1). დანიელის წიგნში სიტყვა „აღსდგება“ ხშირ შემთხვევაში მიუთითებს მეფის ქმედებაზე (დანიელი 11:2—4, 21). იესო ქრისტე, რომელსაც ბიბლიაში ღვთის სიტყვა ეწოდება, იმოქმედებს, როგორც „მეფეთა მეფე“ — გაანადგურებს ღვთის მტრებს და დაიცავს ღვთის ხალხს (გამოცხადება 19:11—16). ეს მაშინ მოხდება, როცა დადგება „დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან“ (მათე 24:21, 42).
a ბიბლია ზოგ ადამიანს სხვადასხვა სახელით მოიხსენიებს. მაგალითად: იაკობის მეორე სახელია ისრაელი, პეტრესი — სიმონი, ხოლო თადეოზის — იუდა (დაბადება 49:1, 2; მათე 10:2, 3; მარკოზი 3:18; საქმეები 1:13).