საზოგადოება
როცა მოციქული პავლე ქრისტიანებს ცუდი საზოგადოების შესახებ აფრთხილებდა, ბერძნული არსებითი სახელი ჰომილია გამოიყენა (1კრ. 15:33). მისი მონათესავე ზმნა ჰომილეო საუბარს ნიშნავს (სქ. 20:11). ის ზოგადად ვერბალურ ურთიერთობას გულისხმობს, ზოგჯერ კი სქესობრივ კავშირს. სეპტუაგინტის მთარგმნელებმა იგავების 7:21-ში „დამაჯერებელ ლაპარაკად“ და გამოსვლის 21:10-ში „ცოლქმრულ მოვალეობად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვები ჰომილეოდ თარგმნეს.
ღვთისმოშიში ადამიანები მეგობრებად სიმართლისა და ჭეშმარიტების მოყვარულთ ირჩევენ (2ტმ. 2:22). გარდა ამისა, ისინი ახლო ურთიერთობას წყვეტენ კრების იმ წევრებთან, რომლებიც შეუფერებელი საქციელისთვის გაკიცხვას იმსახურებენ. რასაკვირველია, ღვთისმოშიში ქრისტიანები სიყვარულით ეპყრობიან ასეთებს, თუმცა ამავე დროს აგრძნობინებენ, რომ მათ შეუფერებელ ქცევას არ იწონებენ (2თს. 3:6—15). კარგ საზოგადოებასთან ურთიერთობა კაცს აბრძენებს და სწორი გზით სიარულში ეხმარება, ცუდ საზოგადოებასთან საქმის დაჭერა კი ამის საპირისპირო შედეგს იწვევს. ბიბლიურ იგავში ვკითხულობთ: „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება, სულელებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება“ (იგ. 13:20; შდრ. იგ. 22:24, 25; 28:7; 29:3). ებრაული სიტყვა რაʽაჰ, რომელიც იგავების 13:20-ში საქმის დამჭერის მნიშვნელობით გვხვდება, გვერდით მყოფადაც ითარგმნა. მისი მონათესავე სიტყვაა რეაʽ, რაც მოძმესა და მეგობარს ნიშნავს (მსჯ. 14:20; ლვ. 19:18; ფს. 15:3).
ცუდ ხალხთან ურთიერთობა რომ არასასურველ გავლენას ახდენს, ამაზე უამრავი ბიბლიური მაგალითიც მოწმობს. იაკობის ასული დინა წინდაუხედავად მოიქცა და ქანაანელ ქალიშვილებს დაუმეგობრდა. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ შექემმა, ხიველი მთავრის შვილმა ის გააუპატიურა (დბ. 34:1, 2). დავითის ვაჟმა ამნონმა თავის მეგობარს, იეჰონადაბს დაუჯერა და თავის ნახევარდას, თამარს ნამუსი ახადა. ამ ამბავმა თამარის ალალი ძმა, აბესალომი განარისხა, რომელმაც მოგვიანებით დის შეურაცხყოფისთვის შური იძია (2სმ. 13:3—29). ისრაელებმა იეჰოვას კანონი დაარღვიეს, ქანაანელებს დაუმოყვრდნენ და მათ წარმართულ რელიგიას ეზიარნენ, რის გამოც იეჰოვა განურისხდა მათ და მიატოვა ისინი (კნ. 7:3, 4; მსჯ. 3:5—8). თვით სოლომონმაც კი აქცია ზურგი იეჰოვას წარმართი ცოლების გავლენით (ნემ. 13:26). ბაალის თაყვანისმცემელი იზებელის წაქეზებით ისრაელის მეფე ახაბი წინამორბედ მეფეებზე უარესად იქცეოდა (1მფ. 21:25). ახაბის სახლთან სიახლოვე ღვთისმოსავ იეჰოშაფატს ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა, ხოლო ახაბის ასულზე ქორწინებამ მოგვიანებით დავითის სამეფო შტო კინაღამ განადგურებამდე მიიყვანა (2მტ. 18:1—3, 29—31; 22:10, 11).
ჭეშმარიტი ქრისტიანები ქმნიან საძმოს (ბერძ. ადელფოტეს), რომელშიც ერთიანდებიან კრებები, პატარა ჯგუფები თუ ცალკეული პირები (1პტ. 2:17; 5:9). საძმოს რომ არ ჩამოშორდნენ, ქრისტიანები ერიდებიან მათთან ურთიერთობას, ვინც მათ შორისაა, მაგრამ ცრუ მოძღვრებებს ავრცელებს და უთანხმოებებს იწვევს (რმ. 16:17, 18). მოციქული იოანე თანამორწმუნეებს ურჩევდა, რომ ცრუმოძღვრები სახლში არ მიეღოთ და არ მისალმებოდნენ, რადგან არსებობდა იმის საშიშროება, რომ ისინი მათ უკუღმართ და დამახინჯებულ სწავლებებს თავს მოახვევდნენ. მათთვის სალმის მიცემა კეთილგანწყობილების მაჩვენებელი იქნებოდა, რაც მიმსალმებელს მათი „ბოროტი საქმეების თანამონაწილედ“ აქცევდა (2ინ. 10, 11). მოციქულმა პავლემ იცოდა, რომ მკვდრეთით აღდგომის დამადასტურებელი მრავალი ფაქტის მიუხედავად, ამ ქრისტიანული სწავლების უარმყოფელებთან ურთიერთობა რწმენას დაუნგრევდა ქრისტიანს, ამიტომაც მისწერა მან თანამორწმუნეებს: „ნუ შეცდებით. ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1კრ. 15:12—22, 33; იხ. განდგომილება).