ᲗᲐᲕᲘ 15
„კრებებს განამტკიცებდა“
სარაიონო ზედამხედველები კრებებში და-ძმებს რწმენას განუმტკიცებენ.
1—3. ა) ვინ არის პავლეს ახალი თანამსახური და როგორ დაახასიათებდით მას? ბ) რას განვიხილავთ ამ თავში?
ᲞᲐᲕᲚᲔ მოციქული მთაგორიან მხარეში ოციოდე წლის ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდასთან ერთად მიუყვება გზას და შეფიქრიანებული დროდადრო გახედავს ხოლმე. ახალგაზრდას ტიმოთე ჰქვია. ყოველი გადადგმული ნაბიჯი მას მშობლიურ სახლს აშორებს; დღის ბოლოს ლისტრისა და იკონიონის მხარე აღარც კი მოჩანს. რა ელით მგზავრებს წინ? პავლემ დაახლოებით იცის რაც ელით, ეს ხომ მისი მეორე მისიონერული მოგზაურობაა; მას კარგად ესმის, რომ საფრთხესა და სირთულეებს ვერსად დაემალებიან. და სწორედ ის აფიქრებს, ეს ახალგაზრდა კაცი როგორ შეხვდება ამ სირთულეებს.
2 პავლე, ალბათ, იმაზე მეტად ენდობა ტიმოთეს, ამ თავმდაბალ ახალგაზრდას, ვიდრე თვითონ ტიმოთე საკუთარ თავს. განსაკუთრებით ბოლოდროინდელმა მოვლენებმა პავლე ერთგული თანამსახურის გვერდით ყოფნის აუცილებლობაში დაარწმუნა. მას ესმის, რომ კრებების მონახულებისა და მათი განმტკიცებისთვის მიმომსვლელი მსახურები შეურყეველნი და ერთსულოვანნი უნდა იყვნენ. რამ დააფიქრა პავლე ამაზე? შესაძლოა ცოტა ხნით ადრე პავლესა და ბარნაბას შორის წამოჭრილმა უთანხმოებამ, რის გამოც ერთმანეთს დაშორდნენ.
3 ამ თავიდან გავიგებთ, როგორ შეიძლება უთანხმოებების საუკეთესოდ მოგვარება. იმასაც გავიგებთ, თუ რატომ აირჩია პავლემ ტიმოთე თანამსახურად, და რა მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დღეს სარაიონო ზედამხედველები.
„მოდი ახლა დავბრუნდეთ და მოვინახულოთ ძმები“ (საქმეები 15:36)
4. რა მიზანი ჰქონდა პავლეს მეორე მისიონერული მოგზაურობისას?
4 წინა თავიდან დავინახეთ, რომ ანტიოქიის კრებაში ოთხი ძმის — პავლეს, ბარნაბას, იუდასა და სილას — მონახულებისას, და-ძმები გაამხნევა წინადაცვეთასთან დაკავშირებით ხელმძღვანელი საბჭოს გადაწყვეტილების მოსმენამ. რის გაკეთებას აპირებდა პავლე ამის შემდეგ? მან ბარნაბას უთხრა: „მოდი ახლა დავბრუნდეთ და მოვინახულოთ ძმები ყველა ქალაქში, სადაც იეჰოვას სიტყვას ვაუწყებდით, და ვნახოთ, როგორ არიან“ (საქ. 15:36). პავლე იქ ახალმონათლულ ქრისტიანებთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობის განსამტკიცებლად არ მიდიოდა. „საქმეების“ წიგნიდან ვიგებთ, რა მიზანი ჰქონდა პავლეს მეორე მისიონერული მოგზაურობისას. პირველი, მას კრებებისთვის ხელმძღვანელი საბჭოს დადგენილებები უნდა გადაეცა (საქ. 16:4). და მეორე, როგორც მიმომსვლელ ზედამხედველს კრებები სულიერად უნდა განემტკიცებინა და თანაქრისტიანების რწმენა უნდა აღეშენებინა (რომ. 1:11, 12). როგორ მიჰყვება დღეს იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია მოციქულების მაგალითს?
5. როგორ ხელმძღვანელობს კრებებს და როგორ ამხნევებს დღევანდელი ხელმძღვანელი საბჭო?
5 დღეს იესო ქრისტე იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს მეშვეობით ხელმძღვანელობს კრებას. ამ საბჭოს წევრები, ერთგული სულითცხებული მამაკაცები წერილებით, ბეჭდური და ელექტრონული პუბლიკაციებით, შეხვედრებითა თუ სხვა საშუალებებით, მთელი მსოფლიოს კრებებს ამხნევებენ და ხელმძღვანელობას უწევენ. თითოეულ კრებასთან ახლო ურთიერთობისთვის ხელმძღვანელი საბჭო კრებებში სარაიონო ზედამხედველებს აგზავნის. ამ ათასობით გამოცდილ უხუცესს უშუალოდ ხელმძღვანელი საბჭოსგან აქვს დაკისრებული კრებების მონახულება.
6, 7. რა პასუხისმგებლობა აკისრიათ სარაიონო ზედამხედველებს?
6 დღეს სარაიონო ზედამხედველების მიზანი კრებაში თითოეული თანაქრისტიანით დაინტერესება და მათი სულიერი გაძლიერებაა. როგორ აღწევენ ამ მიზანს? ისინი ჰბაძავენ პირველი საუკუნის ქრისტიანებს, მაგალითად, პავლეს, რომელმაც სხვა ზედამხედველს მოუწოდა: „იქადაგე ღვთის სიტყვა გადაუდებლად, კარგ დროშიც და ცუდ დროშიც; შეაგონე, გაკიცხე და წაახალისე, რისთვისაც სულგრძელობა და სწავლების ხელოვნებაა საჭირო . . . შეასრულე მახარობლის საქმე“ (2 ტიმ. 4:2, 5).
7 სარაიონო ზედამხედველები ითვალისწინებენ ამ რჩევას და (თუ დაქორწინებულია, მეუღლესთან ერთად) ადგილობრივ მაუწყებლებთან მსახურების სხვადასხვა სფეროში იღებენ მონაწილეობას. ეს ზედამხედველები გულმოდგინე მქადაგებლები და კარგი მასწავლებლები არიან, რაც თავისთავად დადებითად მოქმედებს სამწყსოზე (რომ. 12:11; 2 ტიმ. 2:15). ისინი თავგანწირული სიყვარულით გამოირჩევიან; თავს არ ზოგავენ, არც ცუდ ამინდში მგზავრობას ერიდებიან და არც საშიშ რაიონებში წასვლას (ფილ. 2:3, 4). ისინი ბიბლიური მოხსენებებით ამხნევებენ, მოძღვრავენ და რჩევებს აძლევენ კრებებს. და-ძმები უნდა დაუკვირდნენ სარაიონო ზედამხედველების საქციელს და უნდა მიჰბაძონ მათ რწმენას (ებრ. 13:7).
„გაცეცხლდნენ“ (საქმეები 15:37—41)
8. როგორ შეხვდა ბარნაბა პავლეს წინადადებას?
8 ბარნაბა სიამოვნებით დასთანხმდა პავლეს ძმების მონახულებაზე (საქ. 15:36). მათ მგზავრობისას გამოცდილი ჰყავდათ ერთმანეთი, თან უკვე იცნობდნენ იმ ადგილებს, სადაც მიდიოდნენ და იმ ხალხს, ვისი ნახვაც სურდათ (საქ. 13:2—14:28). მისიონერულ მოგზაურობაში კვლავ ერთად წასვლის იდეა გონივრული და პრაქტიკული ჩანდა, მაგრამ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ეგონათ. საქმეების 15:37-ში ვკითხულობთ: „ბარნაბას იოანეს წაყვანა უნდოდა, რომელსაც მარკოზსაც ეძახდნენ“. ბარნაბას არ შეუთავაზებია პავლესთვის მარკოზის თან წაყვანა, მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ამ მისიონერულ მოგზაურობაში თავისი ნათესავიც ჰყოლოდა გვერდით.
9. რატომ არ დასთანხმდა პავლე ბარნაბას?
9 პავლე უარზე იყო. რატომ? „საქმეების“ წიგნში წერია: „პავლეს არ უნდოდა მისი [მარკოზის] წაყვანა, რადგან ის მათ პამფილიაში ჩამოშორდა და საქმეზე არ გაჰყვა“ (საქ. 15:38). პავლესა და ბარნაბას მარკოზი ჯერ კიდევ პირველ მისიონერულ მოგზაურობაში ახლდა, მაგრამ ერთიც და მეორეც გზაში მიატოვა (საქ. 12:25; 13:13). მოგზაურობის დაწყებიდან მალევე მარკოზმა ბარნაბა და პავლე პამფილიაში დატოვა და შინ, იერუსალიმში დაბრუნდა. ბიბლია არ ამბობს, რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ აშკარაა, რომ მოციქულმა პავლემ მარკოზს ამგვარი მოქმედება უპასუხისმგებლობაში ჩამოართვა. პავლეს, ალბათ, უჭირდა იმის დაჯერება, რომ შეიძლებოდა მარკოზის ნდობა.
10. რა მოჰყვა პავლესა და ბარნაბას უთანხმოებას?
10 ბარნაბამ თავისი არ მოიშალა და არც პავლემ დათმო. საქმეების 15:39-ში წერია: „ამის გამო ორივენი გაცეცხლდნენ და ერთმანეთს დასცილდნენ“. ბარნაბამ მარკოზთან ერთად სამშობლოში, კუნძულ კვიპროსზე გაცურა; პავლე კი თავის გეგმას მიჰყვა: „მას შემდეგ, რაც ძმებმა ილოცეს, რომ მას იეჰოვას წყალობა არ მოჰკლებოდა, სილა აირჩია და წავიდა“ (საქ. 15:40). ისინი სირიისა და კილიკიის გავლისას კრებებს განამტკიცებდნენ (საქ. 15:41).
11. რომელი თვისებების გამოვლენაა საჭირო, მუდმივი ბზარი რომ არ გაჩნდეს ჩვენსა და იმ ქრისტიანს შორის, რომელმაც გვაწყენინა?
11 ამ შემთხვევამ შეიძლება ჩვენს არასრულყოფილებაზე დაგვაფიქროს. ხელმძღვანელმა საბჭომ პავლე და ბარნაბა განსაკუთრებული უფლებამოსილებით აღჭურვა და, როგორც ჩანს, მოციქული პავლე თვითონაც გახდა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი. მაგრამ ამ შემთხვევამ დაგვანახვა, რომ ვერც ერთი მოერია თავს და ვერც მეორე. მისცემდნენ პავლე და ბარნაბა უთანხმოებას იმის საშუალებას, რომ სამუდამო ბზარი გაჩენილიყო მათ ურთიერთობაში? არასრულყოფილების მიუხედავად, პავლე და ბარნაბა თავმდაბალი ადამიანები იყვნენ და აზროვნებით ქრისტეს ჰბაძავდნენ. ეჭვგარეშეა, რომ ისინი ძმურ სიყვარულს გამოავლენდნენ და დაივიწყებდნენ წყენას (ეფეს. 4:1—3). მოგვიანებით პავლე და მარკოზი ერთად ასრულებდნენ სხვა თეოკრატიულ დავალებებს (კოლ. 4:10).a
12. რა თვისებებს უნდა ავლენდნენ ქრისტიანი ზედამხედველები პავლესა და ბარნაბას მსგავსად?
12 არც ბარნაბას იცნობდნენ ფიცხ ადამიანად და არც პავლეს. ბარნაბა იმდენად მოსიყვარულე და გულისხმიერი იყო, რომ მოციქულები მას ნამდვილი სახელით, იოსებით არ მიმართავდნენ და ბარნაბას ეძახდნენ, რაც „ნუგეშის ძეს“ ნიშნავს (საქ. 4:36). პავლესაც რბილ და მზრუნველ ადამიანად იცნობდნენ (1 თეს. 2:7, 8). პავლესა და ბარნაბას მსგავსად ქრისტიანი უხუცესები, მათ შორის სარაიონო ზედამხედველები, თავმდაბლები უნდა იყვნენ და ყოველთვის უნდა შეეცადონ რბილად მიუდგნენ როგორც სხვა უხუცესებს, ისე მთელ სამწყსოს (1 პეტ. 5:2, 3).
„მას დადებითად ახასიათებდნენ“ (საქმეები 16:1—3)
13, 14. ა) ვინ იყო ტიმოთე და როდის შეხვდა მას პირველად პავლე? ბ) რატომ მიიქცია ტიმოთემ პავლეს ყურადღება? გ) რა პასუხისმგებლობა ანდეს ტიმოთეს?
13 მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს პავლე რომის პროვინციაში, გალატიაში გაემგზავრა, სადაც უკვე რამდენიმე კრება იყო. „პავლე დერბეში ჩავიდა, იქიდან კი ლისტრაში გაემგზავრა. იქ იყო ერთი მოწაფე, სახელად ტიმოთე, მორწმუნე იუდეველი ქალის შვილი, მამით ბერძენი“ (საქ. 16:1).b
14 როგორც ჩანს, პავლე დაახლოებით ახ. წ. 47 წელს შეხვდა ტიმოთეს ოჯახს, როცა პირველად ჩავიდა იმ მხარეში; მეორე ჩასვლისას კი, ორი ან სამი წლის შემდეგ, მისი ყურადღება ახალგაზრდა ტიმოთემ მიიქცია. რატომ? „ძმები მას [ტიმოთეს] დადებითად ახასიათებდნენ“. მას კარგი სახელი ჰქონდა როგორც მშობლიურ კრებაში, ისე სხვა კრებებშიც. „საქმეებიდან“ ვიგებთ, რომ ლისტრაშიც და იკონიონშიც, რომელიც დაახლოებით 30 კილომეტრის დაშორებით იყო, ძმები მხოლოდ კარგს ამბობდნენ მასზე (საქ. 16:2). წმინდა სულის ხელმძღვანელობით უხუცესებმა ახალგაზრდა ტიმოთეს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა მიანდეს — ის პავლესა და სილას მისიონერულ მსახურებაში უნდა დახმარებოდა (საქ. 16:3).
15, 16. რამ შეუქმნა ტიმოთეს კარგი სახელი?
15 როგორ მოიპოვა ტიმოთემ კარგი სახელი სიჭაბუკეშივე? ჭკუის, გარეგნობისა და ნიჭიერების წყალობით? არადა ადამიანები ხშირად სწორედ ამით იხიბლებიან. ერთხელ წინასწარმეტყველ სამუელზეც კი იქონია გავლენა გარეგნობამ; მაგრამ იეჰოვამ უთხრა: „ღმერთი ისე არ უყურებს, როგორც ადამიანი, რადგან ადამიანი გარეგნობას ხედავს, იეჰოვა კი — გულს“ (1 სამ. 16:7). თანაქრისტიანებს შორის კარგი სახელი ტიმოთეს პიროვნულმა თვისებებმა შეუქმნა და არა ნიჭიერებამ.
16 წლების შემდეგ ერთ-ერთ თავის წერილში მოციქულმა პავლემ ტიმოთეს რამდენიმე ქრისტიანული თვისება მოიხსენია. მან აღნიშნა, რომ ტიმოთე განსაკუთრებული განწყობილებითა და თავგანწირული სიყვარულით გამოირჩეოდა და კეთილსინდისიერად ასრულებდა თეოკრატიულ დავალებებს (ფილ. 2:20—22). გარდა ამისა, ტიმოთეს „უთვალთმაქცო რწმენა“ ჰქონდა (2 ტიმ. 1:5).
17. როგორ ჰბაძავენ დღეს ახალგაზრდები ტიმოთეს?
17 დღეს ბევრი ახალგაზრდა ჰბაძავს ტიმოთეს და ქრისტიანულ თვისებებს ივითარებს. ისინი იეჰოვასა და მისი ხალხის წინაშე სიყმაწვილიდანვე კარგ სახელს იხვეჭენ (იგავ. 22:1; 1 ტიმ. 4:15). ისინი უთვალთმაქცო რწმენას ავლენენ და არ ცხოვრობენ გაორებული ცხოვრებით (ფსალმ. 26:4). ტიმოთეს მსგავსად ბევრ ახალგაზრდას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კრების კეთილდღეობაში. იეჰოვას ხალხი ხარობს, როცა ისინი სასიხარულო ცნობის მაუწყებლები ხდებიან, მერე კი თავს უძღვნიან იეჰოვას და ინათლებიან.
„რწმენაში მტკიცდებოდა“ (საქმეები 16:4, 5)
18. ა) რა დავალებებს ასრულებდნენ პავლე და ტიმოთე მიმოსვლით მსახურებაში? ბ) რა შედეგი გამოიღო ამან კრებისთვის?
18 პავლე და ტიმოთე მრავალი წლის განმავლობაში ერთად მსახურობდნენ. მიმოსვლით მსახურებაში ისინი ხელმძღვანელ საბჭოს მრავალ დავალებას ასრულებდნენ. ბიბლიაში წერია: „ქალაქებში გავლისას იქაურებს მოციქულებისა და უხუცესების მიერ იერუსალიმში მიღებულ დადგენილებებს გადასცემდნენ“ (საქ. 16:4). კრებები მოციქულებისა და უხუცესებისგან მიღებულ ხელმძღვანელობას მიჰყვებოდნენ. მორჩილების შედეგად „კრებები რწმენაში მტკიცდებოდა და დღითი დღე რიცხობრივად იზრდებოდა“ (საქ. 16:5).
19, 20. რატომ მართებთ ქრისტიანებს მათი მორჩილება, ვისაც „ხელმძღვანელობა აკისრია“?
19 იეჰოვას მოწმეები დღესაც კარგ შედეგებს იღებენ, რადგან მათ მითითებებს მიჰყვებიან, ვისაც მათ შორის „ხელმძღვანელობა აკისრია“ (ებრ. 13:17). ეს ქვეყნიერება ცვალებადია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ქრისტიანებმა დროულად მიიღონ „ერთგული და გონიერი მონის“ მომზადებული სულიერი საზრდო (მათ. 24:45; 1 კორ. 7:29—31). ამგვარად, გადავურჩებით სულიერ დაღუპვას და თავს დავიცავთ ქვეყნიერებისგან (იაკ. 1:27).
20 დღეს ქრისტიანი ზედამხედველებიც, მათ შორის ხელმძღვანელი საბჭოს წევრებიც, არასრულყოფილები არიან ისევე, როგორც პავლე, ბარნაბა, მარკოზი და სხვა სულითცხებული უხუცესები პირველ საუკუნეში (რომ. 5:12; იაკ. 3:2). მაგრამ ხელმძღვანელი საბჭო ზედმიწევნით მიჰყვება ღვთის სიტყვას და მოციქულების მაგალითს, რითაც ამართლებს ნდობას (2 ტიმ. 1:13, 14). ამის შედეგად კრებები ძლიერდება და რწმენაში მტკიცდება.
a იხილეთ ჩარჩო „მარკოზს მრავალი დავალება ჰქონდა მინდობილი“.
b იხილეთ ჩარჩო «ტიმოთე „შრომობდა . . . სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად“».