ოჯახის დაგეგმარება ქრისტიანების თვალსაზრისი
პირველ მსოფლიო მოსახლეობის კონფერენციაზე 1974 წელს 140 სახელმწიფოს წარმომადგენელი შეიკრიბა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ყველა წყვილს „აქვს საფუძვლიანი უფლება, თავისუფლად და პასუხისმგებლობით გადაწყვიტოს, თუ რამდენ შვილს იყოლიებენ და რა ინტერვალებით, რომ ჰქონდეთ ცოდნა, განათლება და ყოველივე ამის კეთების საშუალება“.
მრავალს ეს გადაწყვეტილება საუკეთესოდ მიაჩნია. ფაქტია, ღმერთმა ადამისა და ევას შემდეგ ნოეს ოჯახს უთხრა: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა“, მაგრამ ასეთი მითითება ღმერთს ქრისტიანებისთვის არ მიუცია (დაბადება 1:28; 9:1). წმინდა წერილები ქრისტიან წყვილებს არც მოუწოდებს და არც უკრძალავს შვილების ყოლას. დაქორწინებულებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ იყოლიონ თუ არა შვილები, ხოლო თუ გადაწყვეტენ, რომ იყოლიონ, ისიც უნდა დაგეგმონ, თუ რამდენი და როდის.
ღვთისგან ბოძებული პასუხისმგებლობა
მიაქციე ყურადღება მსოფლიო მოსახლეობის კონფერენციაზე ნათქვამს, რომ აუცილებელია, წყვილმა „პასუხისმგებლობით გადაწყვიტოს, თუ რამდენ შვილს იყოლიებენ და რა ინტერვალებით“? პასუხისმგებლობის ეს პრინციპი ეთანხმება ბიბლიას. მიუხედავად იმისა, რომ შვილი ღვთისგან ბოძებულ მშვენიერ ძღვენს წარმოადგენს, ქრისტიანი მშობლებისთვის ნათელია, რომ ძღვენთან ერთად პასუხისმგებლობაც ემატებათ.
უპირველესი პასუხისმგებლობაა შვილების მატერიალურად უზრუნველყოფა. ბიბლიაში ნათქვამია: „ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავის სახლეულებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთე 5:8).
ოჯახზე ზრუნვა მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ სურსათით მოამარაგო და გადასახადები გადაიხადო, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ოჯახზე ზრუნვა თავისთავად დიდი შრომაა. პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ქრისტიანი წყვილები, როცა გეგმავენ ოჯახის სიდიდეს, მხედველობაში ღებულობენ დედის ფიზიკურ ჯანმრთელობას და აგრეთვე ემოციურ, გონებრივ და სულიერ კეთილდღეობას. შვილებზე ზრუნვას ძალიან დიდი დრო სჭირდება და, როდესაც ბავშვს კიდევ ბავშვი მოჰყვება, დედები მხოლოდ დასვენებას, გართობას, პირად განვითარებასა და ქრისტიანულ საქმიანობებში მონაწილეობას კი არ სწირავენ, არამედ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობასაც.
პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ქრისტიანი მშობლები აგრეთვე მხედველობაში ღებულობენ ბავშვების მოთხოვნილებებს. „მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობა, 1991“ აღნიშნავს: „მრავალშვილიან, დროის მცირე ინტერვალებში დაბადებულ ბავშვებიან ოჯახში პატარები ეცილებიან ერთმანეთს ჭამაში, ჩაცმაში და მშობლებისგან სიყვარულის მიღებაში. მათ უფრო მეტად აქვთ ინფექციებისადმი მიდრეკილება. თუ ისინი გადაიტანენ მძიმე ბავშვობას, მათი ზრდა ნაკლები პროგრესით მიმდინარეობს და მათი ინტელექტუალური განვითარება მოდუნებულია. ასეთი ბავშვებისთვის, როდესაც მოზარდები ხდებიან, მომავლის იმედები ბუნდოვანია“. რასაკვირველია, ეს ყველა მრავალშვილიან ოჯახში ასე არაა, მაგრამ ამ საკითხს მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს, როდესაც ქრისტიანი წყვილი გეგმავს, თუ რამდენი ბავშვი იყოლიოს.
ქრისტიანი მშობლები ვალდებულები არიან, შვილების სულიერობაზე იზრუნონ, როგორც ბიბლია გვაძლევს მითითებას: „თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4).
ემიკა, ერთ-ერთი ქრისტიანი, რომელიც ნიგერიაში ასწავლის კანონებს, ერთი წელია, რაც დაქორწინდა და არ ჩქარობს მრავალშვილიანი ოჯახის მამად გახდომას. „მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რამდენი შვილი გვყოლოდა. პირველად ვფიქრობდით, რომ ხუთი, მაგრამ შემდეგ ვიფიქრეთ, რომ სამი აჯობებდა. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ უკეთესი ორი შვილი იქნებოდა. შვილების აღზრდა ბიბლიური პრინციპების თანახმად, რთულია. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს“.
ზოგმა ქრისტიანმა წყვილმა გადაწყვიტა, რომ საერთოდ არ ჰყოლოდა შვილი, რათა ღვთის მსახურებისთვის მთელი დრო მიეძღვნა. აფრიკაში ერთ-ერთი მისიონერი, რომელიც მეუღლეს დასთანხმდა, შვილები არ ჰყოლოდა, ამბობს: „ბავშვები რომ არ გავაჩინე, სრულიადაც არ ვფიქრობ, რომ რაღაც მაკლია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, მე და ჩემს მეუღლეს, არასოდეს განგვიცდია მშობლობის სიხარული, ჩვენი ცხოვრება სხვა სიხარულით არის სავსე. სხვებს ბიბლიის ჭეშმარიტების მიღებაში რომ ვეხმარებით, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ძალიან ბევრი სულიერი შვილები გვყავს. ჩვენ გვიყვარს ისინი და მათ ჩვენ. რაღაც განსაკუთრებული ძაფი გვაკავშირებს ერთმანეთთან. საკმაოდ დიდი საფუძველი ჰქონდა პავლეს, როდესაც თავისი თავი მეძუძურს შეადარა, რადგან ნაზად უყვარდა ისინი, რომლებსაც სულიერად ეხმარებოდა“ (1 თესალონიკელთა 2:7, 8).
შობადობის კონტროლი
მსჯავრს ხომ არ სდებს ბიბლია შობადობის კონტროლს? სრულიადაც არა. არჩევანი თვითონ წყვილზეა. თუ დაქორწინებული წყვილი გადაწყვეტს, რომ მიმართოს შობადობის კონტროლს, კონტრაცეპტივების არჩევა მათი პირადი საქმეა. მაგრამ შობადობის კონტროლის მეთოდი, რომელსაც ქრისტიანი წყვილი აირჩევს, სიცოცხლის სიწმინდის პატივისცემით უნდა იქნეს არჩეული. რადგანაც ბიბლია გვიჩვენებს, რომ ჩასახვისთანავე იწყება სიცოცხლე, ქრისტიანმა არ უნდა მიმართოს ისეთ კონტრაცეპტივს, რომელიც გამოიწვევს აბორტს ან მოსპობს განვითარების ფაზაში მყოფ სიცოცხლეს (ფსალმუნი 138:16; შეადარე გამოსვლა 21:22, 23; იერემია 1:5).
წყვილმა შესაძლოა ოჯახის დაგეგმარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა არჩევანი გააკეთოს. ზოგს შესაძლოა არ სურს შეზღუდოს შვილების რაოდენობა. სხვებმა, რომლებიც იყენებენ განსაზღვრულ კონტრაცეპტივებს შესაძლოა გადაწყვიტეს, რომ საერთოდ არ იყოლიონ შვილი. შობადობის კონტროლის მრავალი მეთოდია ხელმისაწვდომი და ყველას თავისი პლუს-მინუსი აქვს. როდესაც წყვილი ღებულობს გადაწყვეტილებას, თუ რომელი მეთოდია უკეთესი, უნდა ახსოვდეს, რომ ზოგი, სხვა მეთოდებთან შედარებით, გაცილებით ეფექტურია. მათ, ასევე, უნდა გაითვალისწინონ გვერდითი მოვლენებიც. ექიმები და ოჯახის დაგეგმარების კლინიკები შობადობის კონტროლის მეთოდებთან დაკავშირებით იძლევიან რჩევებს და ეხმარებიან წყვილებს მათთვის საუკეთესო მეთოდის არჩევაში, რომ დააკმაყოფილონ აუცილებელი მოთხოვნები.
გადაწყვეტილება, რომელსაც წყვილი ღებულობს, იყოლიებს ბევრს, ცოტას, თუ საერთოდ არ იყოლიებს შვილს, სავსებით პირადულია. ეს აგრეთვე დიდი მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებაა, რომელსაც სამომავლო შედეგები აქვს. დაქორწინებული წყვილი ბრძნულად უნდა მოიქცეს, რომ გონივრულად, ლოცვით აწონ-დაწონოს საკითხი.
[ჩარჩო 24, 25 გვერდებზე]
ჩასახვის საწინააღმდეგო ფართოდ გავრცელებული მეთოდები
სტერილიზაცია
მამაკაცებში: პატარა, ქირურგიული ოპერაცია, როდესაც სათესლე პარკს მცირე ზომით კვეთავენ და ჭრიან თესლის მილაკს.
ქალებში: ქირურგიული ოპერაციის დროს კვანძავენ ან ჭრიან საშვილოსნოს ლულას, რომ ხელი შეუშალონ საშვილოსნოში კვერცხუჯრედის გადასვლას.
დადებითი მხარე: შობადობის კონტროლის ყველა მეთოდთან შედარებით სტერილიზაცია ყველაზე ეფექტურია.
უარყოფითი მხარე: შეიძლება მუდმივი იყოს. როგორც მამაკაცის, ასევე ქალის ნაყოფიერების აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ არა — გარანტირებულიa.
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები
ეს აბები შეიცავს მხოლოდ პროგესტინის მინიაბს. ის ხელს უშლის ქალის ნორმალურ ჰორმონალურ ფუნქციებს, რომ ფოლიკულის მომწიფება და ფოლიკულიდან კვერცხუჯრედის გამოსვლა არ მოხდესb.
დადებითი მხარე: ჩასახვის საწინააღმდეგო საკმაოდ ეფექტური საშუალებაა.
უარყოფითი მხარე: ახასიათებს ფიზიკური გვერდითი მოვლენები, მაგრამ ორმოც წლამდე არამწეველი ჯანმრთელი ქალისთვის ნაკლებად საზიანოა.
საშოს პრეზერვატივი (საშოს ხუფი) და სპერმატოზოიდის გამანადგურებელი საშუალება
საშოს პრეზერვატივი არის ნახევარსფეროსებრი რეზინისგან დამზადებული დრეკადი გუმბათის ფორმის ხუფი. მასზე უსმევენ სპერმატოზოიდების გამანადგურებელ ჟელეს ან კრემს და ღრმად შეჰყავთ საშოში, რის გამოც ის ეფარება საშვილოსნოს ყელის გარეთა პირს.
დადებითი მხარე: მართებული გამოყენების შემთხვევაში ჩასახვის საწინააღმდეგო საკმაოდ საიმედო, უსაფრთხო საშუალებაა.
უარყოფითი მხარე: წყვილმა ყოველი სქესობრივი კავშირის დროს უნდა გამოიყენოს. აუცილებელია აპარატის მართებულად მოთავსების ცოდნა, მისი შეყვანა სქესობრივ კავშირამდე უნდა მოხდეს და ადგილზე ექვსი-რვა საათი უნდა დარჩეს.
საშვილოსნოს ყელის პრეზერვატივი (კაფკას ხუფი)
პლასტიკატის ან რეზინის ფინჯანის მსგავსი აპარატი, რომელიც „საშოს ხუფზე“ პატარაა. თითქმის „საშოს ხუფის“ მსგავსია, ეფარება საშვილოსნოს ყელს, მაგრამ უფრო მოხერხებულია და და უფრო ნაკლებ სპერმატოზოიდის გამანადგურებელ კრემს ან ჟელეს მოითხოვს.
დადებითი მხარე: „საშოს ხუფთან“ შედარებით უფრო მოხერხებულია, აქვს იგივე ეფექტურობა და მისი დატოვება ორგანიზმში 48 საათის განმავლობაში შეიძლება. სპერმატოზოიდის გამანადგურებელი კრემის დამატება განმეორებითი სქესობრივი კავშირის დროს საჭირო აღარ არის.
უარყოფითი მხარე: „საშოს ხუფის“ ჩადგმასთან შედარებით მისი ჩადგმა უფრო რთულია, ხოლო სქესობრივ კავშირამდე და კავშირის შემდეგ უნდა შემოწმდეს, თუ როგორ არის მოთავსებული საშვილოსნოს ყელში. ადვილად შესაძლებელია საშვილოსნოსა და საშვილოსნოს ყელში ინფექციის შეჭრა. ხუფი უნდა გამოიყენოს მხოლოდ მან, რომლის სარძევე ჯირკვლის ანალიზიც ნორმალურია.
ღრუბლის ტამპონი
სპერმატოზოიდების გამანადგურებელის, პოლიურეთანის, შემცველი ღრუბლის ტამპონი, რომელიც ღრმად შეაქვთ საშოში, ტამპონი ეფარება საშვილოსნოს ყელის გარეთა პირს, რის გამოც სპერმატოზოიდს ექმნება ფიზიოლოგიური და ქიმიური ბარიერი. გამოყენების შემდეგ ხდება ტამპონის გამოღება.
დადებითი მხარე: ღრუბელის ტამპონის დატოვება 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი და ამ დროის განმავლობაში განმეორებითი სქესობრივი კავშირის დროსაც ეფექტურია.
უარყოფითი მხარე: შეიძლება გამოიწვიოს ალერგია და ცნობილია რამდენიმე ტოქსიკური შოკის შემთხვევაც.
საშვილოსნოს შიდა საშუალებები
საშვილოსნოს შიდა საშუალებებს აგრეთვე უწოდებენ სშს-ს, მარყუჟს ან სპირალს და დამზადებულია ლითონისგან ან პოლიეთილენისგან, რომელიც თავსდება საშვილოსნოში. მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გარკვეული მისი მოქმედება, ბევრ ექიმს მიაჩნია, რომ ის რამდენიმენაირად ხელს უშლის განაყოფიერებას. ერთ-ერთ საშუალებად მიაჩნიათ საშვილოსნოს ლორწოვან გარსში განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ჩანერგვისა და განვითარების დათრგუნვა.
დადებითი მხარე: ჩასახვის საწინააღმდეგო საიმედო საშუალება.
უარყოფითი მხარე: ზოგჯერ იწვევს სისხლისდენასა და ტკივილებს და ზოგჯერ მოქმედების მეთოდით იწვევს აბორტსc.
პრეზერვატივები
მამაკაცის ასოსთვის განკუთვნილი პრეზერვატივი, რომლის მეშვეობითაც თესლი არ შედის საშოში.
დადებითი მხარე: ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური, უსაფრთხო მეთოდი. სქესობრივი კავშირით გადამდები დაავადებით, მათ შორის შიდს-ით ინფეცირების შემთხვევების შემცირების საშუალება.
უარყოფითი მხარე: ბევრი იწუნებს, რადგან მისი გამოყენებისთვის საჭიროა სქესობრივი კავშირის შეწყვეტა.
შეწყვეტილი სქესობრივი კავშირი
ამ დროს თესლის გადმოღვრა ხდება საშოს გარეთ.
დადებითი მხარე: არ მოითხოვს თანხებს, წინასწარ მომზადებას ან რამე აპარატს.
უარყოფითი მხარე: იწვევს სქესობრივი კავშირით დაუკმაყოფილებლობას, მოითხოვს დიდ თავშეკავებას და უაღრესად არასაიმედოა.
ფიზიოლოგიური მეთოდი
წყვილს არა აქვს სქესობრივი კავშირი ქალის მენსტრუალური ციკლის იმ დღეებში, როდესაც ის ყველაზე მეტად არის განაყოფიერებისკენ მიდრეკილი.
დადებითი მხარე: უსაფრთხო საშუალება, არ მოქმედებს საზიანოდ, არ ახასიათებს გვერდითი ეფექტები, სქესობრივი კავშირის დროს არავითარი ზომების მიღება არ არის საჭირო.
უარყოფითი მხარე: არ წარმოადგენს ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წყვილს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, არ იყოლიოს ბავშვი და მტკიცედ ეყრდნობა ამ მეთოდს.
ჰორმონალური დანერგვა
შობადობის კონტროლის გასაწევი მეთოდი — უახლესი კონტრაცეპტივი, სილიციუმის, ცილინდრული ძალიან პატარა პრეპარატების სერია, რომლის ჩანერგვა ხდება კანქვეშ, ქალის იღლიაში. ხუთი წლის განმავლობაში ისინი სისხლში გამოყოფენ მცირე რაოდენობის ჰორმონებს. ამ დროის განმავლობაში ქალი ორსულობისგან დაზღვეულია.
დადებითი მხარე: უაღრესად ეფექტური. ჩანერგილის ამოღების შემთხვევაში შესაძლებელია განაყოფირება.
უარყოფითი მხარე: მინიმალურია. მხოლოდ პროგესტინის შემცველი ჩასახვის საწინააღმდეგო მინიაბების მსგავსია. როდესაც მხოლოდ პროგესტინის შემცველი გამოიყენება, როგორც ვარაუდობენ, დაზღვევას აბორტის სახე ეძლევაd.
[სქოლიოები]
a განხილვა, შეესაბამება თუ არა სტერილიზაცია ქრისტიანულ პრინციპებს, მოცემულია „მკითხველთა შეკითხვებში“ (გვ. 26–28).
b განხილვა, თუ როგორ უშლის ხელს ორსულობას ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, მოცემულია „მკითხველთა შეკითხვებში“ (გვ. 26–28).
c განხილვა, შეესაბამება თუ არა სშს ქრისტიანულ პრინციპებს, მოცემულია „მკითხველთა შეკითხვებში“ (გვ. 26–28).
d განხილვა, თუ როგორ უშლის ხელს ორსულობას ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, მოცემულია „მკითხველთა შეკითხვებში“ (გვ. 26–28).