როგორ შეგიძლიათ გაწონასწორებული თვალსაზრისის შენარჩუნება ფულის თაობაზე?
ფულის სიყვარული და ქონების ფლობის სურვილი ახალი არ არის; ამაზე არც ბიბლია დუმს, რადგან ეს საკითხი ახალ ფენომენს არ წარმოადგენს. ის ძალიან ძველია. ისრაელებისთვის მიცემული რჯულით ღმერთმა ისინი დაარიგა: „არ ინდომო შენი თვისტომის სახლი. . . არც არაფერი მისი ქონებიდან“ (გამოსვლა 20:17).
ფულისა და ქონების სიყვარული ადამიანებს იესოს დროშიც ახასიათებდათ. დავფიქრდეთ „ძალიან მდიდარ“ ახალგაზრდა მამაკაცსა და იესოს შორის გამართულ დიალოგზე. «იესომ უთხრა: „ერთიღა გაკლია: რაც გაქვს, ყველაფერი გაყიდე და მიეცი ღარიბებს, და გექნება საუნჯე ზეცაში. მოდი და გამომყევი“. ამის გაგონებაზე იგი დაღონდა, ვინაიდან მდიდარი იყო ძალიან» (ლუკა 18:18—23).
სათანადო თვალსაზრისი ფულზე
მაგრამ არასწორი იქნებოდა, დაგვესკვნა, რომ ბიბლია გმობს თავად ფულს ან ყოველივე იმას, რასაც ძირითადად მისი საშუალებით იძენენ. ბიბლია ცხადყოფს, რომ ფული სიღარიბისგან და მასთან დაკავშირებული გაჭირვებისგან დახსნის პრაქტიკული საშუალებაა და ადამიანებს პირველადი მოთხოვნილების საგნების შეძენის შესაძლებლობას აძლევს. მეფე სოლომონი წერდა: „სიბრძნეც დაიფარავს კაცს და ფულიც დაიფარავს“. აგრეთვე: „სამხიარულოდ იმართება პურობა; ღვინო სიხარულით ავსებს სიცოცხლეს, ხოლო ფული ყველაფერზე პასუხს აგებს“ (ეკლესიასტე 7:12; 10:19).
ღმერთი იწონებს ფულის სათანადოდ გამოყენებას. მაგალითად, იესომ თქვა: „გეუბნებით თქვენ: შეიძინეთ მეგობრები უსამართლობის სიმდიდრით“ (ლუკა 16:9, სსგ). ამაში შედის შესაწირავების გაღებაც იმ მიზნით, რომ ღვთის ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლობამ წინ წაიწიოს, რადგან ცხადია, გვსურს ღმერთთან მეგობრობა. თავად სოლომონი მამის მაგალითს მიჰყვა და იეჰოვას ტაძრის მშენებლობისთვის საკმაოდ დიდი თანხა და ძვირფასეულობა გაიღო. ქრისტიანებისთვის დაკისრებული სხვა მოვალეობა გაჭირვებაში მყოფთათვის დახმარების აღმოჩენაა. „მონაწილეობა მიიღეთ წმიდათა საჭიროებაში“, — თქვა მოციქულმა პავლემ. შემდეგ კი დასძინა: „ესწრაფეთ სტუმართმოყვარეობას“ (რომაელთა 12:13). ხშირად ეს გარკვეული რაოდენობის თანხის დახარჯვას ნიშნავს. მაგრამ რა შეიძლება ითქვას ფულის სიყვარულზე?
„ვერცხლისმოყვარეობა“
პავლემ ვრცლად ილაპარაკა „ვერცხლისმოყვარეობაზე“, როდესაც თავის ახალგაზრდა თანაქრისტიან ტიმოთეს სწერდა. პავლეს რჩევის მონახვა შესაძლებელია 1-ლი ტიმოთეს 6:9—19-ში. სხვა მატერიალურ საგანთა შორის მოციქულმა „ვერცხლისმოყვარეობას“ მიაქცია მნიშვნელოვანი ყურადღება. კარგია, როდესაც გულმოდგინედ ვსწავლობთ ღვთის შთაგონებით პავლეს მიერ დაწერილ სიტყვებს და მხედველობაში გვაქვს ის მნიშვნელოვნება, რომელსაც დღევანდელი საზოგადოება ანიჭებს ფულს. ასეთი გამოკვლევა ნამდვილად სასარგებლოა, რადგან ამით ‘ჭეშმარიტი სიცოცხლის მიღწევის’ საიდუმლოს ვიგებთ.
პავლე გვაფრთხილებს: „ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს“ (1 ტიმოთე 6:10). ეს მუხლი არ ამბობს, რომ თვითონ ფულია ბოროტება; ამას არც სხვა ბიბლიური მუხლები გვამცნობს. მოციქული არც იმას ამბობს, რომ ფულია „ბოროტების“ ძირითადი მიზეზი ან ყველა პრობლემის ფესვი. უფრო სწორად, ფულის სიყვარული შეიძლება მიზეზი იყოს — და არა მხოლოდ მიზეზი — ყოველგვარი ‘ბოროტებისა’.
სიხარბისგან თავის დაცვა
იმან, რომ საღვთო წერილი თვითონ ფულს არ გმობს, არ უნდა შეასუსტოს პავლეს გაფრთხილების მნიშვნელოვნება. ფულის მოყვარული ქრისტიანები ადვილად ცვივდებიან ყოველგვარ პრობლემებში, რომელთაგან ყველაზე უარესი რწმენის უარყოფაა. ეს ჭეშმარიტება დაადასტურა პავლემ კოლასელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში: „მაშ მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები. . . ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა“ (კოლასელთა 3:5). როგორ შეიძლება ანგარება, სიხარბე ანუ ფულის სიყვარული კერპთმსახურებად ჩაითვალოს? ნიშნავს თუ არა ეს, რომ ცუდია, გსურდეს უფრო დიდი სახლი, უფრო ახალი მანქანა ან უფრო შემოსავლიანი სამუშაო? არა, ეს ყველაფერი, როგორც ასეთი, ბოროტებას არ წარმოადგენს. საკითხავი ის არის, თუ რა უჩენს ადამიანს იმის სურვილს, რომ ამ ყველაფერს ფლობდეს, და არის თუ არა ისინი ნამდვილად აუცილებელი?
ნორმალურ სურვილებსა და სიხარბეს შორის სხვაობა შეიძლება ისეთივე იყოს, როგორიც საჭმლის მოსამზადებლად ბანაკში დანთებულ ცეცხლსა და მთელი ტყის გამანადგურებელ ხანძარს შორის არსებობს. მართებული სურვილები შეიძლება სასარგებლო იყოს, რაც ადამიანს სამუშაოდ და რაღაც სასარგებლოს საკეთებლად აღძრავს. იგავნის 16:26 ამბობს: „მშრომელს თავისი მადა აშრომებს, თავისივე პირი აიძულებს“. მაგრამ სიხარბე საშიში და დამღუპველია. ეს არის უმართვადი სურვილი.
სურვილების მართვა მნიშვნელოვანი საკითხია. მოემსახურება ჩვენ მიერ შეგროვილი თანხა ჩვენი საჭიროებების დაკმაყოფილებას თუ ჩვენ თვითონ მოვემსახურებით ფულს? ამიტომაც ამბობს პავლე, რომ ‘ანგარი [„ხარბი“ აქ] ადამიანი კერპთმსახურია’ (ეფესელთა 5:5). ხარბობა, სინამდვილეში, იმას ნიშნავს, რომ მთლიანად მოცული ვიყოთ რაღაც სურვილით, ფაქტობრივად, ეს სურვილი ხდება ჩვენი ბატონი, ღმერთი და მსახურების საგანი. ამის საპირისპიროდ, ღმერთი დაჟინებით გვთხოვს: „არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები“ (გამოსვლა 20:3).
ჩვენ მიერ სიხარბის გამოვლენა იმის მაჩვენებელიც იქნებოდა, რომ არ ვენდობით ღმერთს და გვგონია, რომ ის არ შეასრულებს თავის პირობას იმის თაობაზე, რომ უზრუნველგვყოფს ყოველივე აუცილებლით (მათე 6:33). სიხარბე, ამგვარად, ღვთისგან გვაშორებს. ამ გაგებითაც არის ის „კერპთაყვანისმცემლობა“. გასაკვირი არ არის, რომ პავლე მასთან დაკავშირებით ასე აშკარად გვაფრთხილებს!
იესომაც არაორაზროვნად გაგვაფრთხილა სიხარბესთან დაკავშირებით. მან მოგვიწოდა, თავი დაგვეცვა ისეთი რამისადმი ძლიერი სურვილისგან, რასაც ჩვენ არ ვფლობთ: «დაუკვირდით და დაიცავით თავი ყოველი ანგარებისაგან [„სიხარბისგან“, აქ], ვინაიდან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული» (ლუკა 12:15). ამ მუხლისა და იესოს მიერ შემდგომ მოყვანილი თვალსაჩინო მაგალითის თანახმად, სიხარბე სათავეს იღებს უგუნური წარმოდგენიდან იმის შესახებ, რომ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია საკუთრების ოდენობა. ეს შეიძლება იყოს ფული, სტატუსი, ძალაუფლება თუ სხვა. სიხარბე შეიძლება გამოვლინდეს ყველაფერში, რაზე დაუფლებაც კი შესაძლებელია. შეიძლება ვფიქრობთ, რომ ამა თუ იმ რამის ფლობა კმაყოფილებას მოგვგვრის. მაგრამ ადამიანთა გამოცდილებისა და ბიბლიის საფუძველზე თუ ვიმსჯელებთ, მხოლოდ ღმერთს შეუძლია და დააკმაყოფილებს კიდეც ჩვენს რეალურ მოთხოვნილებებს, როგორც ამის შესახებ იესომაც უთხრა თავის მიმდევრებს (ლუკა 12:22—31).
ყიდვა-გაყიდვით გატაცებული დღევანდელი საზოგადოება იმით გამოირჩევა, რომ სიხარბის კოცონს აჩაღებს. მისი ძნელად შესამჩნევი, მაგრამ ძლიერი გავლენა მრავალს იმის გრძნობას უჩენს, რომ რამდენიც უნდა ჰქონდეს ადამიანს, მაინც არ არის საკმარისი. თითქოს უფრო მეტი, დიდი და უკეთესი მრავალი რამ სჭირდებათ. თუმცა ჩვენ ვერ შევცვლით წუთისოფელს, მაგრამ როგორ შეგვიძლია პირადად შევეწინააღმდეგოთ მის ზეგავლენას?
კმაყოფილება სიხარბის წინააღმდეგ
პავლე სიხარბის ალტერნატივას გვთავაზობს; ეს კი კმაყოფილებაა. მოციქული ამბობს: „ამიტომ, თუ გვაქვს საზრდო და ტანსაცმელი, დავჯერდეთ ამას“ (1 ტიმოთე 6:8). ჩვენთვის ნამდვილად საჭირო ყოველივე აუცილებლის — ‘საზრდოსა და ტანსაცმლის’ — ეს აღწერილობა შეიძლება ძალიან გამარტივებულად ან მიამიტურად გვეჩვენებოდეს. ბევრი თავს იქცევს ისეთი სატელევიზიო პროგრამებით, რომელთა საშუალებითაც ხედავენ მდიდრულ და საუცხოო სახლებში მცხოვრებ გამოჩენილ ადამიანებს. ასეთნაირად ადამიანი ვერასოდეს მიაღწევს კმაყოფილებას.
რა თქმა უნდა, ღვთის მსახურებს არ მოეთხოვებათ, ძალით ჩაიგდონ თავი სიღარიბეში (იგავნი 30:8, 9). მაგრამ პავლე შეგვახსენებს, რომ ნამდვილი სიღარიბე საკვებისა და ტანსაცმლის ნაკლებობა და აუცილებელი საცხოვრებლის უქონლობაა. მეორე მხრივ, თუ ამ ყველაფერს ვფლობთ, კმაყოფილების ყოველგვარი საფუძველი გვაქვს.
შეეძლო პავლეს გულწრფელად, ასე აღეწერა კმაყოფილება? არის ნამდვილად შესაძლებელი მხოლოდ ძირითადით — საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით — დაკმაყოფილება? პავლეს ეს უნდა სცოდნოდა. მან საკუთარ თავზე გამოსცადა მდიდარი და იუდეველთა საზოგადოებაში გავლენიანი კაცის მდგომარეობა და რომის მოქალაქეობა (საქმეები 22:28; 23:6; ფილიპელთა 3:5). პავლეს მისიონერულ საქმიანობაში არც საშინელი განსაცდელები მოჰკლებია (2 კორინთელთა 11:23—28). ყოველივე ამის გამოვლით ის ჩასწვდა ერთ საიდუმლოს, რომელიც კმაყოფილების შენარჩუნებაში დაეხმარა. რა იყო ეს საიდუმლო?
„ჩავწვდი საიდუმლოს“
პავლემ ერთ-ერთ თავის წერილში განმარტა: «ვიცი ხელმოკლეობაში ცხოვრება და ვიცი სიუხვეში ცხოვრებაც, მიჩვეული ვარ ყველაფერს და ყოველივეს: გაძღომას და შიმშილს, სიუხვესა და ხელმოკლეობას [„ყველაფერში და ყოველივეში ჩავწვდი საიდუმლოს, თუ როგორია, იყო მაძღარი და მშიერი, იცხოვრო სიუხვესა და ხელმოკლეობაში“, აქ]» (ფილიპელთა 4:12). პავლეს სიტყვები საოცრად დამაჯერებელი და ოპტიმისტურია! ადვილად შეიძლება ისეთი დასკვნის გაკეთება, რომ მოციქულის ცხოვრების გზა ამ სიტყვების დაწერისას ია-ვარდით იყო მოფენილი, მაგრამ ეს ასე სულაც არ ყოფილა. მოციქული ამ დროს რომის ციხეში იჯდა! (ფილიპელთა 1:12—14).
ამ გამომაფხიზლებელი ფაქტის მოყვანით, ეს ბიბლიური მონაკვეთი საკმაოდ ძლიერ აზრს გადმოგვცემს კმაყოფილების შესახებ არა მარტო მატერიალურ ქონებასთან დაკავშირებით, არამედ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც. ძალიან დიდი ქონება ან დიდი სირთულეები გამოცდაა ჩვენთვის, რომლითაც ვლინდება, თუ რას ვაყენებთ პირველ ადგილზე. პავლე ლაპარაკობდა სულიერ შესაძლებლობაზე, რომელმაც, მატერიალური მდგომარეობის მიუხედავად, კმაყოფილება შეანარჩუნებინა: „ყოველივე ძალმიძს ჩემი გამაძლიერებლის [ღვთის] მიერ“ (ფილიპელთა 4:13, აფ). დიდსა თუ მცირე ქონებაზე ან თავის ცუდსა თუ კარგ მდგომარეობაზე დამოკიდებულების ნაცვლად, პავლე ღვთისგან მოელოდა თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. შედეგი კმაყოფილების მომტანი იყო.
პავლეს მაგალითი ტიმოთესთვის იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. მოციქული ამ ახალგაზრდა კაცს მოუწოდებდა, ისე ეცხოვრა, რომ ღვთისადმი ერთგულება და მასთან ახლო ურთიერობა სიმდიდრეზე წინ დაეყენებინა. პავლემ თქვა: „შენ კი, ღვთის კაცო, გაერიდე ამას და მისდიე სიმართლეს, ღვთისმოსაობას, რწმენას, სიყვარულს, მოთმინებასა და სიმშვიდეს“ (1 ტიმოთე 6:11). მართალია, ეს სიტყვები ტიმოთესადმი კი იყო მიწერილი, მაგრამ გამოსადეგია ყველასთვის, ვისაც ღვთისთვის პატივის მიგება და ნამდვილად ბედნიერი ცხოვრება სურს.
ტიმოთესთვის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ქრისტიანისთვის, აუცილებელი იყო დიდი სიფრთხილის გამოვლენა სიხარბესთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ეფესოს კრებაში — სადაც ტიმოთე იმყოფებოდა მაშინ, როცა პავლე წერილს წერდა — მდიდარი მორწმუნეები იყვნენ (1 ტიმოთე 1:3). პავლემ ამ მდიდარ ადამიანებს, რომლებიც ვაჭრობდნენ, ქრისტეს შესახებ კეთილი ცნობა ახარა და მრავალი მათგანი ქრისტიანობაზე მოაქცია. ეჭვგარეშეა, ამ მოქცეულთაგან ბევრი — ისევე როგორც დღეს ზოგიერთი ჭეშმარიტ ქრისტიანთა კრებაში — მდიდარი იყო.
იბადება კითხვა, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა 1-ლი ტიმოთეს 6:6 —10-ში მოცემული სწავლების შუქზე: ღვთისთვის პატივის მისაგებად რა უნდა გააკეთონ შეძლებულმა ადამიანებმა? პავლე ამბობს, რომ მათ ყველაფერი საკუთარი აზროვნების გამოკვლევიდან უნდა დაიწყონ. ფული ადამიანში თვითკმაყოფილების გრძნობას წარმოშობს. მოციქული აღნიშნავს: „ამ საუკუნის მდიდრებს ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, არ მიენდონ მაცდურ სიმდიდრეს, არამედ ცოცხალ ღმერთს, რომელიც ყველაფერს უხვად გვაძლევს მოსახმარად“ (1 ტიმოთე 6:17). შეძლებული ადამიანები ფულს კი არ უნდა შეჰყურებდნენ, არამედ ღმერთს, ყოველგვარი სიმდიდრის წყაროს.
მაგრამ აზროვნების შემოწმება მხოლოდ ნაწილობრივ გაკეთებული საქმეა. ადრე თუ გვიან, მდიდარმა ქრისტიანებმა უნდა ისწავლონ საკუთარი ქონების გონივრულად გამოყენება. პავლე გვაფრთხილებს, ვიყოთ ‘ქველმოქმედნი, გავმდიდრდეთ კეთილი საქმეებით, ვიყოთ გულუხვნი და გამზიარებელნი’ (1 ტიმოთე 6:18).
„ჭეშმარიტი სიცოცხლე“
პავლეს რჩევის ძირითადი მიზანი ის გახლავთ, რომ საკუთარ თავს შევახსენოთ მატერიალური საგნების შეფარდებითი ღირებულება. ღვთის სიტყვა ამბობს: «მდიდრის დოვლათი მისი ციხე-ქალაქია და [„მფლობელის აზრით“, აქ] მაღალი კედელივით იფარავს მას» (იგავნი 18:11). დიახ, სიმდიდრით განპირობებული უსაფრთხოება, საბოლოოდ, მხოლოდ წარმოსახვითია და, ფაქტობრივად, შეცდომაში შემყვანი. არასწორია ცხოვრებაში პირველ რიგში მასზე და არა ღვთის თვალში მოწონების მოპოვებაზე ზრუნვა.
მატერიალური სიმდიდრე საკმაოდ არასაიმედოა იმისათვის, რომ ჩვენი იმედები მასზე დავამყაროთ. ჭეშმარიტი იმედი რაღაც ურყევზე, მნიშვნელოვანსა და მარადიულზე უნდა იყოს დაფუძნებული. ქრისტიანული იმედი ჩვენს შემოქმედზე, იეჰოვა ღმერთზე, და მარადიულ სიცოცხლესთან დაკავშირებულ მის აღთქმაზეა დამყარებული. სრული ჭეშმარიტებაა ის, რომ ფულით ბედნიერებას ვერ ვიყიდით, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ჭეშმარიტებაა ის, რომ ფულით ხსნას ვერ მივიღებთ. მხოლოდ ღვთისადმი რწმენა გვაძლევს ასეთ იმედს.
ასე რომ, მდიდრები ვართ თუ ღარიბები, დაე ისე ვიცხოვროთ, რომ ‘ღმერთში გავმდიდრდეთ’ (ლუკა 12:21). არაფერია იმაზე ძვირფასი, რომ ჩვენი შემოქმედის წინაშე მის მოსაწონად წარვსდგეთ. მთელი ძალ-ღონე, რომელსაც ასე მოქმედებას ვახმართ, საშუალებას გვაძლევს, რომ ‘დავიუნჯოთ მტკიცე საფუძვლად მომავლისთვის, რათა ჭეშმარიტ სიცოცხლეს მივაღწიოთ’ (1 ტიმოთე 6:19).
[სურათი 7 გვერდზე]
პავლე ჩასწვდა კმაყოფილების საიდუმლოს.
[სურათები 8 გვერდზე]
ბედნიერი და კმაყოფილი ვიყოთ იმით, რაც გვაქვს.