„მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
1. როგორ გვამცნობს ბიბლია, თუ ვინ არის მისი ავტორი და რა ფასდაუდებელი ცოდნაა მასში?
„მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“. 2 ტიმოთეს 3:16-ში ჩაწერილი ეს სიტყვები გვამცნობს, რომ წმინდა წერილების ავტორი იეჰოვა ღმერთია. წმინდა წერილებს აღტაცებაში მოჰყავს ნებისმიერი, ვინც ეზიარება მის ფასდაუდებელ და უსაზღვრო ცოდნას! ეს არის „ცოდნა ღვთის შესახებ“, რომელსაც მუდამ ესწრაფოდნენ და აფასებდნენ სიმართლის მოყვარული ადამიანები (იგავ. 2:5).
2. რამდენად ძვირფასი იყო ღვთიური სიბრძნე მოსესთვის, დავითისა და სოლომონისთვის?
2 მოსე, ისრაელი ერის წინამძღოლი, ერთ-ერთი მათგანი იყო, ვისაც ღვთისგან მომდინარე ცოდნის მიღების დიდი სურვილი ჰქონდა. ეს ცოდნა მან შეადარა გამომაცოცხლებელ ‘ნამსა და ჟუჟუნა წვიმას’. ღვთიურ ცოდნას იყო მოწყურებული დავითიც, მამაცი მებრძოლი და იეჰოვას სახელის დამცველი. იგი ლოცულობდა: „მასწავლე შენი გზა, იეჰოვა. ვივლი შენი ჭეშმარიტებით“. ღვთის სიბრძნეს დიდად აფასებდა აგრეთვე სოლომონი, რომელმაც იერუსალიმში ააგო იეჰოვას ტაძარი, უნიკალური ნაგებობა. ღვთის სიბრძნეზე მან თქვა, რომ მისი „შეძენა ვერცხლის შეძენას სჯობია და ოქროზე უკეთესი შენაძენია. მარჯანზე ძვირფასია და ვერ შეედრება ვერაფერი, რაც სიამოვნებას განიჭებს“ (კან. 32:2; ფსალმ. 86:11; იგავ. 3:14, 15).
3. რა თქვა ღვთის სიტყვაზე იესო ქრისტემ და რა — თავად ღმერთმა?
3 იესო ქრისტემ ღმერთს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“. თავის მიმდევრებს კი მან უთხრა: „თუ ჩემს სიტყვაში რჩებით, ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ, შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოან. 17:17; 8:31, 32). ეს „სიტყვა“ იესომ მამისგან მიიღო და, ამრიგად, ღვთის სიტყვაა. მას შემდეგ, რაც მკვდრეთით აღდგა, ზეცად ამაღლდა და იეჰოვას მარჯვნივ დაჯდა, იესომ განაგრძო მამის სიტყვის გაცხადება და ნათელი გახდა ისიც, თუ როგორ აკურთხებს ღმერთი ადამიანებს სამოთხეში. ამ კურთხევების აღწერის შემდეგ იოანე მოციქულს ღმერთმა უთხრა: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“. დიახ, ღვთის სიტყვა „სარწმუნო და ჭეშმარიტია“. მას მრავალი კურთხევა მოაქვს მორწმუნე ადამიანებისთვის (გამოცხ. 21:5).
4. რატომ არის ბიბლია ფასდაუდებელი წიგნი?
4 რატომ არის ბიბლია ფასდაუდებელი წიგნი? ამ კითხვას პასუხს სცემს პავლე მოციქულის სრული ციტატა 2 ტიმოთეს 3:16, 17-დან: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად, რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“. ასე რომ, ბიბლიის დახმარებით ვეცნობით ჭეშმარიტ მოძღვრებას; ვიგებთ, რა არის სწორი და რა — არასწორი; ვხედავთ, რაში გვჭირდება გამოსწორება და რის გაკეთება გვმართებს, ჭეშმარიტების გზას რომ არ ავცდეთ. თუ გავითვალისწინებთ ღვთის სიტყვის რჩევებს, „ღვთის თანამშრომელნი“ გავხდებით (1 კორ. 3:9). რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი, რომ ვითანამშრომლოთ ღმერთთან, როგორც ‘ყველაფერში ჩახედულმა და ყოველმხრივ მომზადებულმა’ მსახურებმა?!
რწმენის საფუძველი
5. რა არის რწმენა და როგორ შეიძლება მისი განვითარება?
5 ღვთის თანამშრომელნი რომ ვიყოთ, რწმენა უნდა გვქონდეს. დღეს უმრავლესობა ბევრ რამეს ადვილად იჯერებს. ზოგი თვლის, რომ მთავარია, გწამდეს და დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ღმერთი იქნება ეს, ევოლუციის თეორია თუ ფილოსოფიური მოძღვრება. სინამდვილეში კი რწმენა სულ სხვა რამეა. ღვთის მსახური უნდა ჩაეჭიდოს „ჯანსაღი სიტყვების ნიმუშს . . . რწმენითა და სიყვარულით, რომლებიც ქრისტე იესოშია“ (2 ტიმ. 1:13). რწმენა ცოცხალი უნდა იყოს, რადგან ნამდვილი „რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ, და აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა“. ადამიანს ღრმად უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და აჯილდოებს მათ, ვინც მის მოსაწონად ცხოვრობს (ებრ. 11:1, 6). ასეთი რწმენა მხოლოდ ღვთის სიტყვის, ბიბლიის, გულმოდგინე კვლევის შედეგად ჩნდება. მას საფუძვლად უდევს ბიბლიის, იეჰოვა ღმერთისა და მისი ძის, იესო ქრისტეს, სიყვარული. ნამდვილი და ცოცხალი რწმენა მხოლოდ ერთია, ისე როგორც უფალი იესო ქრისტეა ერთი, და ყველას ღმერთი და მამა, იეჰოვაა, ერთი (ეფეს. 4:5, 6).
6. რაში დაგვეხმარება ძლიერი რწმენა?
6 ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვისგან მომდინარეობს ღვთის სიტყვა და როგორ და რა მიზნით შეიქმნა ის. რაც უფრო კარგად შევისწავლით ბიბლიას, მით უფრო ძლიერი რწმენა გვექნება. ჩვენ იმდენად უნდა შევიყვაროთ ეს წიგნი და მისი ავტორი, რომ რწმენა და სიყვარული ვეღარაფერმა შეგვისუსტოს. ის, რაც ბიბლიაშია ჩაწერილი, მათ შორის იესოს სიტყვები, დაგვეხმარება ისეთი რწმენის განვითარებაში, რომლითაც წინ აღვუდგებით ნებისმიერ განსაცდელსა თუ დევნას და მატერიალიზმისა და ფილოსოფიური შეხედულებების გავლენას. ძლიერი რწმენით შევძლებთ ‘გამარჯვებას, ქვეყნიერების ძლევას’ და ღვთის სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში გადასვლას (1 იოან. 5:4).
7. რას მოგვიტანს ბიბლიის ცოდნა?
7 რწმენის შესაძენად და შესანარჩუნებლად აუცილებელია, უფრო მეტად დავაფასოთ წმინდა წერილები. ბიბლია ღვთის უძვირფასესი საჩუქარია. ის არის განუზომელი სიბრძნის სულიერი საგანძური და გვაძლევს სწორი გზით სიარულის უდიდეს სტიმულს. მას ვერც ერთი წიგნი ვერ შეედრება. თუ ჩავუღრმავდებით ღვთის სიტყვას, უდავოდ დავეთანხმებით მოციქულ პავლეს: „ო, ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე!“. ეს ცოდნა და სიბრძნე მარადიულ ბედნიერებას მოგვიტანს (რომ. 11:33; ფსალმ. 16:11).
იეჰოვა — ღმერთი, რომელსაც სურს ჩვენთან ურთიერთობა
8. ა) რისთვის უნდა ვიყოთ მადლიერნი? ბ) რით განსხვავდება ჩვენი ღმერთი ცრუ ღვთაებებისგან?
8 იეჰოვას შესახებ დავითმა თქვა: „დიდებული ხარ და საოცარია შენი საქმეები, მხოლოდ შენა ხარ ღმერთი“ (ფსალმ. 86:10). იეჰოვამ ადამიანებისთვის ბევრი საოცარი რამ გააკეთა. ერთ-ერთი ‘საოცარი საქმე’ ის არის, რომ თავისი სიტყვის მეშვეობით მას ურთიერთობა აქვს თავის ქმნილებებთან მათდა სასიკეთოდ. რამდენად მადლიერნი ვართ, რომ ჩვენი შემოქმედი არაა საიდუმლოებით მოცული და უყურადღებოდ არ ტოვებს სიმართლის მოყვარულ ადამიანებს. როგორც მოსიყვარულე მამა, იეჰოვა დღესვე — ახალი ქვეყნიერების დადგომამდე — ‘მკვიდრობს’ მათთან, ვინც რწმენასა და სიყვარულს ავლენს მისდამი (გამოცხ. 21:3). ჩვენი ზეციერი მამა არ ჰგავს ცრუ ღვთაებებს, რომლებიც ხალხს უტყვი კერპების სახით ჰყავთ წარმოდგენილი. ლითონისა და ქვის ღვთაებებს არანაირი ურთიერთობა არა აქვთ თაყვანისმცემლებთან. ისინი მათ ვერაფერში ეხმარებიან. ბიბლიაში წერია: „მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები“ (ფსალმ. 135:15—19; 1 კორ. 8:4—6).
9. რაში ვლინდება ღვთის სიკეთე?
9 იეჰოვა „გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთია, რისხვაში ნელი, უხვი სიკეთესა და ჭეშმარიტებაში“ (გამ. 34:6). მისი სიკეთე იმაშიც ვლინდება, რომ ჭეშმარიტებას გვიცხადებს. ის გვაძლევს საუკეთესო რჩევებს და გვიმჟღავნებს მომავალს წინასწარმეტყველებების მეშვეობით. „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომ. 15:4). ჭეშმარიტების გაცხადებაში ღმერთს ხელს არ უშლის ის, რომ თვითონ ზეცაშია, ჩვენ კი აქ — დედამიწაზე (იოან. 8:23).
10. რომელ ენებს იყენებდა ღმერთი ადამიანებთან ურთიერთობისთვის და რატომ?
10 იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებს ყოველთვის გასაგებ და ცოცხალ ენაზე გადასცემდა ინფორმაციას (საქ. 2:5—11). ადამს, ნოეს, აბრაამს, მოსესა და ებრაელ წინასწარმეტყველებს იეჰოვა ელაპარაკებოდა კაცობრიობის პირველ ენაზე, რომელსაც დღეს ძველებრაულს ვუწოდებთ. ღმერთი ძველებრაულ ენას იყენებდა მანამ, სანამ ხალხისთვის გასაგები იყო. ეს ენა ცოცხალი იყო პირველ საუკუნეშიც. მაგალითად, მკვდრეთით აღმდგარი იესო ტარსოსელ სავლეს ამ ენაზე ელაპარაკა (საქ. 26:14). მას შემდეგ, რაც გადასახლებულმა ისრაელებმა არამეულ ენაზე დაიწყეს ლაპარაკი, ინფორმაციის გადასაცემად ღმერთი ზოგჯერ არამეულსაც იყენებდა, რადგან ხალხს ეს ენა ესმოდა (ეზრ. 4:8—6:18; 7:12—26; დან. 2:4ბ—7:28). მოგვიანებით ბერძნული საერთაშორისო ენად იქცა და ღვთის მსახურებიც ძირითადად ამ ენაზე ლაპარაკობდნენ. ამიტომ იეჰოვა ამ ენით სარგებლობდა, რათა გადაცემულიყო და ჩვენამდე შემონახულიყო მისგან მომდინარე ინფორმაცია. იმას, რაც ბიბლიაში ჩაიწერა, იეჰოვა ყოველთვის ცოცხალ ენაზე აუწყებდა თავმდაბალ და ჭეშმარიტების მოყვარულ ადამიანებს მათდა საკეთილდღეოდ.
11. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ყველა ენა იეჰოვას შექმნილია?
11 ჩვენი გონება და სამეტყველო ორგანოები, მათ შორის ენა, ბაგეები და ხორხი, სადაც წარმოიქმნება ნებისმიერი სირთულის ბგერა, იეჰოვას შემოქმედების ნაყოფია. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ დედამიწაზე არსებული ყველა ენაც იეჰოვას შექმნილია. ამ მხრივ მისი ძალა კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა ბაბილონის კოშკთან უდიდესი სასწაული მოახდინა (გამ. 4:11; დაბ. 11:6—9; 10:5; 1 კორ. 13:1). იეჰოვასთვის არც ერთი ენა არ არის უცხო. გარდა იმისა, რომ პირველი ენა მისცა ადამიანს, გონებისა და სამეტყველო ორგანოების შექმნით მან შესაძლებელი გახადა არამეულ, ბერძნულ და სხვა მრავალ — დაახლოებით 3 000 — ენაზე ლაპარაკი.
ჩვენთვის გასაგებ ენაზე
12, 13. ა) რას აკეთებდა იეჰოვა იმისათვის, რომ ადამიანებისთვის გასაგები ყოფილიყო მის მიერ გადაცემული ინფორმაცია? ბ) მოიყვანეთ მაგალითები.
12 ღმერთი ყოველთვის მარტივ და ადვილად გასაგებ ენას იყენებდა, როცა ადამიანებს ინფორმაციას გადასცემდა (სოფ. 3:9). ადამიანი აღიქვამს სამ განზომილებას — სიგრძეს, სიგანესა და სიმაღლეს. ამიტომ იეჰოვა იმის აღსაწერად, რაც უხილავია, გასაგებ ცნებებსა და საგნებს იყენებდა. მაგალითად, ღვთის მითითებით ისრაელებმა უდაბნოში გააკეთეს კარავი. მისივე შთაგონებით პავლემ განმარტა, რომ კარვის სხვადასხვა სამგანზომილებიანი ნაწილი „ზეციურის სიმბოლო“ იყო (ებრ. 8:5; 9:9).
13 კიდევ ერთი მაგალითი: იეჰოვა სულია და ზეცაში პირდაპირი გაგებით არ ზის ტახტზე. მაგრამ ის ამას სიმბოლური ენით ამბობს, რათა აღქმა გაგვიადვილოს. გასაგებადაა აღწერილი ზეციერი სასამართლოს დაწყება: გონებაში წარმოგვიდგება მიწიერი მეფე, რომელიც ტახტზე ჯდება საქმის განსასჯელად (დან. 7:9—14).
ადვილი სათარგმნი
14, 15. რატომ არის ბიბლიის თარგმნა ადვილი ფილოსოფიური ნაშრომებისგან განსხვავებით? მოიყვანეთ მაგალითი.
14 ვინაიდან ბიბლია ყველასათვის გასაგები სიტყვებით დაიწერა, შესაძლებელია მისი ზუსტად და გასაგებად თარგმნა სხვა ენებზე. დედნისეული ჭეშმარიტება შთამბეჭდავია ყველა თარგმანში. ისეთი ყოველდღიური სიტყვები, როგორიცაა „ცხენი“, „ომი“, „გვირგვინი“, „ტახტი“, „ქმარი“, „ცოლი“ და „ბავშვები“, მარტივად აღიქმება ნებისმიერ ენაზე. ბიბლია განსხვავდება ფილოსოფიური ნაშრომებისგან, რომელთა ზუსტად თარგმნა ხშირ შემთხვევაში საკმაოდ რთულია. ასეთ ნაშრომებში გამოყენებული რთული და ბუნდოვანი სიტყვებისა თუ ფრაზების ზუსტად გადატანა სხვა ენაზე ხშირად შეუძლებელია.
15 ამ მხრივ ბიბლია აშკარად გამორჩეულია. მაშინაც კი, როცა ურწმუნოებს განაჩენს უცხადებდა, ფილოსოფიური ენის ნაცვლად ღმერთი ყოველდღიური ცხოვრებიდან აღებულ სიმბოლოებს იყენებდა. ამის მაგალითია დანიელის 4:10—12. ამ მუხლებში ხე ერთ-ერთი ამაყი მეფის მმართველობის სიმბოლოა. შემდეგ ხესთან დაკავშირებული დეტალებით მომავალი მოვლენებია ნაწინასწარმეტყველები. სხვა ენებზე ყოველივე ამის გასაგებად თარგმნა სირთულეს არ წარმოადგენს. აი, ასე გადასცემდა იეჰოვა ინფორმაციას ადამიანებს, რათა ‘ჭეშმარიტი ცოდნა გამრავლებულიყო’. ეს კი, თავის მხრივ, ამ „უკანასკნელ დროს“ წინასწარმეტყველებების გაგებაში გვეხმარება (დან. 12:4).
ინფორმაციის გადაცემის გზა
16. ახსენით, როგორ გადასცემდა ღმერთი ადამიანებს ინფორმაციას.
16 შეიძლება დაგვებადოს კითხვა: როგორ გადასცემდა ღმერთი ადამიანებს ინფორმაციას? მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: სატელეფონო კავშირი რომ დამყარდეს, საჭიროა 1) ის, ვინც ტელეფონით გადასცემს ინფორმაციას; 2) გადამცემი მოწყობილობა (ტელეფონის მიკროფონი), რომელიც ინფორმაციას გარდაქმნის ელექტრულ სიგნალებად; 3) სატელეფონო ხაზი, რომლის საშუალებითაც გადაიცემა ელექტრული სიგნალები; 4) მოწყობილობა, რომელიც იღებს ელექტრულ სიგნალებს და გარდაქმნის ხმად; 5) მსმენელი, რომლისთვისაც განკუთვნილია ინფორმაცია. მსგავსად ამისა, 1) იეჰოვა ღმერთი გადმოგვცემს ინფორმაციას; 2) ხშირ შემთხვევაში გადამცემი არის მისი სიტყვა ანუ წარმომადგენელი — რომელსაც დღეს იესო ქრისტედ ვიცნობთ; 3) ღვთის წმინდა სულის, მოქმედი ძალის საშუალებით ინფორმაცია მოდის დედამიწამდე; 4) ამ ინფორმაციას აქ ღვთის წინასწარმეტყველები იღებენ; 5) შემდეგ ისინი ღვთის ხალხს ამცნობენ მას. ზოგჯერ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემა კურიერის მეშვეობით ხდება. დროდადრო იეჰოვაც ანგელოზების მეშვეობით გადასცემდა ცნობებს თავის მსახურებს ზეციდან დედამიწაზე (გალ. 3:19; ებრ. 2:2).
შთაგონების პროცესი
17. რომელი ბერძნული სიტყვიდან არის თარგმნილი ფრაზა „ღვთისგან შთაგონებული“ და როგორ ხდებოდა ეს პროცესი?
17 ფრაზა „ღვთისგან შთაგონებული“ თარგმნილია ბერძნული სიტყვიდან „თეოპნეუსტოს“, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „ღვთისგან შთაბერილს“ (2 ტიმოთე 3:16). ერთგულ მამაკაცებს ღმერთი წმინდა წერილებს თავისი სულის, მოქმედი ძალის, „შთაბერვით“ აწერინებდა. ამ პროცესს „ინსპირაციაც“ ეწოდება. წმინდა სული გავლენას ახდენდა იეჰოვას წინასწარმეტყველებისა და სხვა ერთგული მსახურების გონებაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ღვთისგან იღებდნენ ინფორმაციას, მათ შორის ხილვებს, და ეს გონებაში ებეჭდებოდათ. „წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“ (2 პეტ. 1:21; იოან. 20:21, 22).
18. რამდენად ღრმად ებეჭდებოდათ ღვთის მსახურებს მისგან შთაგონებული ინფორმაცია?
18 ასე რომ, ღვთისგან მომდინარე ინფორმაციის შთაგონება და გონებაში ჩაბეჭდვა წმინდა სულის დახმარებით ხდებოდა. ეს შეიძლება მომხდარიყო მაშინ, როცა ღვთის მსახური მღვიძარე იყო და ყველაფერს აცნობიერებდა ან მაშინ, როცა ეძინა. წინასწარმეტყველს მიღებული ინფორმაცია სხვებისთვის უნდა გადაეცა. როცა მოსე და სხვა წინასწარმეტყველები აღდგებიან, უდავოდ დეტალებში მოგვიყვებიან ყველაფერს, რაც აღწერეს. ლოგიკურია, რომ მათ კვლავაც ნათლად ემახსოვრებათ ღვთისგან მიღებული ინფორმაცია. მოციქულ პეტრეზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იესოს გარდასახვამ, რომ 30 წელზე მეტი ხნის შემდეგაც კი ეს ხილვა კარგად ახსოვდა (მათ. 17:1—9; 2 პეტ. 1:16—21).
ბიბლიის ავტორის სიმბოლური თითი
19. რა არის ღვთის „თითი“?
19 ადამიანები თითებით ვწერთ. ძველად წერისთვის სხვადასხვა პრიმიტიულ საშუალებას იყენებდნენ, დღეს კი ამ მიზნით კალამს, საბეჭდ მანქანას ან კომპიუტერს ვიყენებთ. საკუთარი გონების ნაყოფი ფურცელზე თითების მეშვეობით გადაგვაქვს. რის თქმა შეიძლება ღმერთზე? იესომ ღვთის სულს მისი „თითი“ უწოდა. როდესაც დემონით შეპყრობილი კაცი განკურნა და მას მეტყველება და მხედველობა დაუბრუნა, რელიგიურმა წინამძღოლებმა იესო გააკრიტიკეს. როგორც მათე გადმოგვცემს, ამაზე იესომ უპასუხა: „თუ ღვთის სულის დახმარებით ვდევნი დემონებს, გვერდზე დაგრჩენიათ ღვთის სამეფო“ (მათ. 12:22, 28). იესოს პასუხს ლუკა შემდეგნაირად გადმოგვცემს: «თუ ღვთის ხელით [„თითით“, სქოლიო] ვდევნი დემონებს, გვერდზე დაგრჩენიათ ღვთის სამეფო» (ლუკ. 11:20). ამ შემთხვევამდე დიდი ხნით ადრე, როცა იეჰოვამ ეგვიპტეს სასჯელები დაატეხა, გრძნეულმა ქურუმებმა მისი ძლიერება შემდეგი სიტყვებით აღიარეს: «ღვთის ხელია [„თითია“, სქოლიო] ეს!» (გამ. 8:18, 19).
20. როგორ მოქმედებს „ღვთის თითი“ და რა არის ამის შედეგი?
20 „ღვთის თითს“ დიდი ძალა აქვს და, ზემოხსენებული მუხლებიდან გამომდინარე, ის აშკარად ღვთის სულს უკავშირდება. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ათი მცნება ქვის ფილებზე „ღვთის თითით“ იყო დაწერილი (გამ. 31:18; კან. 9:10). ღვთის სიმბოლური თითი ანუ სული მაშინაც მოქმედებდა, როცა წმინდა წერილები იწერებოდა. ღვთის წმინდა სული უხილავია, მაგრამ მისი მოქმედების შედეგი სახეზეა — ჩვენ გვაქვს უძვირფასესი საჩუქარი, ბიბლია. უყოყმანოდ შეიძლება იმის თქმა, რომ ბიბლიის ავტორი იეჰოვა ღმერთია.
წმინდა წერილების შეკრება
21. ა) როგორ დაიწყო წმინდა წერილების წერა? ბ) როგორ ზრუნავდა იეჰოვა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტების დაცვაზე?
21 როგორც აღვნიშნეთ, მოსეს იეჰოვამ „მისცა მოწმობის ორი ფილა, ღვთის თითით ნაწერი ქვის ფილები“ (გამ. 31:18). ამ ფილებზე ეწერა ათი მცნება, რომლებშიც რვაჯერ არის მოხსენიებული ღვთის სახელი, იეჰოვა. იმავე წელს, ძვ. წ. 1513 წელს, იეჰოვამ მოსეს უთხრა, რომ წერილობით შეედგინა ყველაფერი. ასე დაიწყო წმინდა წერილების წერა (გამ. 17:14; 34:27). ღმერთმა მოსეს ისიც უთხრა, რომ გაეკეთებინათ „მოწმობის კიდობანი“ ანუ „შეთანხმების კიდობანი“, რომელშიც ისრაელებს უნდა შეენახათ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები (გამ. 25:10—22; 1 მეფ. 8:6, 9). იეჰოვამ თავად მისცა ისრაელებს მითითებები, თუ როგორ აეგოთ კიდობანი და კარავი, სადაც ეს კიდობანი იდგა. ბეცალელი, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ საქმეს, ღმერთმა ‘აავსო თავისი სულით, რათა ჰქონოდა სიბრძნე, გაგების უნარი, ცოდნა და ყოველგვარი ხელობის ოსტატი ყოფილიყო’ (გამ. 35:30—35).
22. ა) ვინ არის ბიბლიის ავტორი და რამდენი წლის განმავლობაში იწერებოდა ის? ბ) ვინ იღებდა მონაწილეობას ბიბლიის წერაში და რა ვიცით მათ შესახებ?
22 თავისი განზრახვის გასაცხადებლად „ღმერთი მრავალჯერ და მრავალი სახით ელაპარაკა“ თავის მსახურებს (ებრ. 1:1). მისი სიტყვა იწერებოდა ძვ. წ. 1513 წლიდან დაახლოებით ახ. წ. 98 წლამდე, ანუ მიახლოებით 1 610 წლის განმავლობაში. მას დაახლოებით 40 ადამიანი წერდა. თითოეულ მათგანს ერთი ავტორი, იეჰოვა ღმერთი, ხელმძღვანელობდა. ისინი იყვნენ ებრაელები ანუ იმ ერის წარმომადგენლები, რომელსაც „ღვთის წმინდა სიტყვები მიენდო“ (რომ. 3:2). დამწერთაგან რვას უშუალო ურთიერთობა ჰქონდა იესოსთან ან მის მოციქულებთან. პირველ საუკუნემდე დაწერილი წერილები სწორედ მესიის ანუ ქრისტეს მოსვლის შესახებ მოწმობდა (1 პეტ. 1:10, 11). განსხვავებული მდგომარეობის მიუხედავად ბიბლიის ყველა დამწერი — მოსედან მოციქულ იოანემდე — მხარს უჭერდა იეჰოვა ღმერთის უზენაესობას და მის განზრახვას აცხადებდა. ისინი წერდნენ იეჰოვას სახელითა და ძალით (იერ. 2:2, 4; ეზეკ. 6:3; 2 სამ. 23:2; საქ. 1:16; გამოცხ. 1:10).
23. რომელი დოკუმენტებით სარგებლობდნენ ბიბლიის დამწერები და როგორ გახდა ზოგი მონაკვეთი წმინდა წერილების ნაწილი?
23 დამწერთაგან ზოგი გარკვეულ ინფორმაციას იღებდა მანამდე არსებული დოკუმენტებიდან, რომლებიც შედგენილი იყო თვითმხილველების მიერ (მათგან ყველა არ იყო ღვთისგან შთაგონებული). მაგალითად, მოსემ „დაბადების“ ნაწილი შესაძლოა ასეთი დოკუმენტების საფუძველზე შეადგინა. იმავეს თქმა შეიძლება სამუელზე და მის მიერ დაწერილ „მსაჯულებზე“. ძირითადად, ასეთი სახით დაწერა იერემიამ „პირველი მეფეები“ და „მეორე მეფეები“, ეზრამ კი — „პირველი მატიანე“ და „მეორე მატიანე“. ეს დამწერები ღვთის სულის ხელმძღვანელობით არჩევდნენ, რომელი მონაკვეთები უნდა აეღოთ უკვე არსებული დოკუმენტებიდან, რაც თავისთავად გვარწმუნებს მათ სანდოობაში. ამრიგად, აღნიშნული მონაკვეთები წმინდა წერილების ნაწილი გახდა (დაბ. 2:4; 5:1; 2 მეფ. 1:18; 2 მატ. 16:11).
24, 25. ა) რა პერიოდს მოიცავს ბიბლიაში აღწერილი მოვლენები? ბ) მე-12 გვერდზე მოცემული ცხრილიდან მოიყვანეთ თქვენთვის საინტერესო ფაქტები.
24 რა თანმიმდევრობით დაიწერა და რა პერიოდს მოიცავს ბიბლიის 66 წიგნი? ცისა და დედამიწის შექმნის აღწერის შემდეგ, „დაბადება“ გადმოგვცემს ისტორიას, რომელიც ძვ. წ. 4026 წელს ადამის შექმნით დაიწყო. შემდეგ წმინდა წერილებში თანდათანობითაა აღწერილი ძვ. წ. 443 წლამდე მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები. გარკვეული ინტერვალის (400 წელზე მეტი) შემდეგ თხრობა კვლავ გრძელდება და მოიცავს პერიოდს ძვ. წ. 3 წლიდან დაახლოებით ახ. წ. 98 წლამდე. ასე რომ, ისტორიული თვალსაზრისით, ბიბლია მოიცავს 4 123-წლიან პერიოდს.
25 მე-12 გვერდზე მოცემული ცხრილიდან დაინახავთ, ვინ იყვნენ ბიბლიის დამწერები და რა თანამიმდევრობით იწერებოდა ბიბლიის წიგნები.
სრული და განუყოფელი
26. რა მხრივ არის წმინდა წერილები ერთი მთლიანი წიგნი?
26 წმინდა წერილები, „დაბადებიდან“ „გამოცხადებამდე“, არის ერთი მთლიანი წიგნი, ერთი ავტორის მიერ შთაგონებული წიგნების ნაკრები. მისი ორ ნაწილად გაყოფა და რომელიმესთვის უპირატესობის მინიჭება არაა გამართლებული. ებრაული და ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ავსებს ერთმანეთს და ერთ სრულ წიგნს ქმნის. 66-ვე წიგნი წმინდა წერილების განუყოფელი ნაწილია (რომ. 15:4).
27. რატომაა მიზანშეუწონელი ღვთის სიტყვის დაყოფა „ძველ აღთქმად“ და „ახალ აღთქმად“?
27 მიზანშეუწონელია ღვთის სიტყვის ორ ნაწილად, „ძველ აღთქმად“ („დაბადება“ — „მალაქია“) და „ახალ აღთქმად“ („მათე“ — „გამოცხადება“) დაყოფა. საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში 2 კორინთელების 3:14-ში მოხსენიებულია „ძველი აღთქმა“. მაგრამ აქ პავლე მოციქული არ გულისხმობდა ებრაულ წერილებს მთლიანობაში. მას არც ის ჰქონდა მხედველობაში, რომ ქრისტიანულ-ბერძნული წერილები „ახალ აღთქმას [შეთანხმებას]“ შეადგენდა. პავლე ლაპარაკობდა კანონის საფუძველზე დადებულ შეთანხმებაზე, რომელიც მოსეს მიერ დაწერილ ხუთწიგნეულში შედიოდა და ქრისტიანობამდე არსებული წმინდა წერილების მხოლოდ პატარა ნაწილი იყო. სწორედ ამიტომ გვხვდება მომდევნო მუხლში ფრაზა „მოსეს კითხვისას“. საპატრიარქოს გამოცემაში „აღთქმად“ თარგმნილი ბერძნული სიტყვის ნაცვლად „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სიტყვა შეთანხმებას იყენებს (მათ. 26:28; 2 კორ. 3:6, 14).
28. რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი ბიბლიის წინასწარმეტყველებებთან დაკავშირებით?
28 იმას, რაც ბიბლიაში წერია, არც უნდა დაემატოს რამე და არც მოაკლდეს (კან. 4:1, 2; გამოცხ. 22:18, 19). პავლე მოციქული ამბობს: „მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ზეციერმა ანგელოზმა გაუწყოთ სასიხარულო ცნობა, რომელიც განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენ გაუწყეთ, დაწყევლილი იყოს“ (გალ. 1:8; იხილეთ აგრეთვე იოანეს 10:35). იეჰოვას ყოველი სიტყვა, ყოველი წინასწარმეტყველება აუცილებლად შესრულდება თავის დროზე. ბიბლიაში წერია: „ასევე იქნება ჩემი პირიდან გამოსული სიტყვაც. უშედეგოდ არ დამიბრუნდება, შეასრულებს იმას, რაც მსურს, და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე“ (ეს. 55:11).
წმინდა წერილების განხილვა
29. რა ინფორმაციას გაეცნობით ბიბლიის თითოეული წიგნის განხილვისას?
29 ამ წიგნის მომდევნო გვერდებზე თანმიმდევრულად განიხილება ბიბლიის 66-ვე წიგნი. გაეცნობით ინფორმაციას თითოეული წიგნის დამწერის, დაწერის ადგილისა და დროის შესახებ. ზოგ შემთხვევაში აღნიშნულია ისიც, თუ რა პერიოდს მოიცავს წიგნში აღწერილი მოვლენები. მოყვანილია არგუმენტები იმის დასადასტურებლად, რომ წიგნი კანონიკურია და ნამდვილად არის ბიბლიის ნაწილი. ასეთ არგუმენტებს შორისაა იესო ქრისტეს ან ღვთის სხვა მსახურთა სიტყვები, აგრეთვე შესრულებული წინასწარმეტყველებები და უშუალოდ წიგნის შინაარსისთვის დამახასიათებელი ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ჰარმონიულობა და დამწერთა გულწრფელობა. შეხვდებით არქეოლოგიურ და ისტორიულ ფაქტებსაც.
30. როგორ არის წარმოდგენილი თითოეული წიგნის შინაარსი?
30 ჩვენ შევეცადეთ, თითოეული წიგნის შინაარსი ისე წარმოგვედგინა, რომ გამოგვეკვეთა მათში ჩაწერილი სიტყვების ძალა. მათი წაკითხვა დაგეხმარებათ იმაში, რომ გაიძლიეროთ წმინდა წერილებისა და მისი ავტორის, იეჰოვა ღმერთის, სიყვარული და უფრო მეტად დაინახოთ ღვთის ცოცხალი სიტყვის პრაქტიკულობა და მთლიანობა. წიგნების შინაარსი დაყოფილია ქვესათაურებად. ამის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ შესწავლა გაგიადვილდეთ. თითოეული წიგნი, როგორც ერთი მთლიანი, გვეხმარება ღვთის განზრახვის გაგებაში.
31. ა) რა ინფორმაციაა წიგნში მოცემული იმის საჩვენებლად, რომ ბიბლიის თითოეული წიგნი სასარგებლოა? ბ) რაზე მახვილდება ყურადღება ბიბლიის წიგნების განხილვისას?
31 ყოველი წიგნის განხილვის ბოლოს აღნიშნულია, თუ რა მხრივ არის ის სასარგებლო „სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად“ (2 ტიმ. 3:16). მოხსენიებულია ის წინასწარმეტყველებები, რომელთა შესრულებაზეც ბიბლიის გვიანდელი დამწერები ამახვილებენ ყურადღებას. ნაჩვენებია, როგორ უკავშირდება განხილული წიგნი ბიბლიის მთავარ თემას. ბიბლია ზღაპარი არ არის. მასში ჩაწერილია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცნობა ადამიანებისთვის. „დაბადებით“ დაწყებული, „გამოცხადებით“ დამთავრებული — მთელი ბიბლია გვაუწყებს, რომ სამყაროს შემოქმედის განზრახვაა, განიწმინდოს მისი სახელი სამეფოს მეშვეობით. ეს კი დაკავშირებულია სიმართლის მოყვარული ყველა ადამიანის დიდებულ მომავალთან (მათ. 12:18, 21).
32. დამატებით რა სასარგებლო ინფორმაციაა მოცემული ამ წიგნში?
32 66-ვე წიგნის განხილვის შემდეგ, გარკვეული ადგილი ეთმობა ბიბლიის ისტორიის კვლევას. გამოკვლევები ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა აღთქმული მიწის გეოგრაფია, ბიბლიური მოვლენების დათარიღება, ბიბლიის თარგმანები, ბიბლიის უტყუარობის დამადასტურებელი არქეოლოგიური აღმოჩენები თუ სხვა ფაქტები და ბიბლიის ნუსხები. აქვე მოცემულია სხვა სასარგებლო ინფორმაცია და ცხრილები. ეს ყოველივე უკეთ დაგანახვებთ, რომ ბიბლია ყველაზე პრაქტიკული და სასარგებლო წიგნია.
33. როგორ შეაფასებდით ბიბლიას და რატომ არის მისი კვლევა სასარგებლო?
33 ღმერთმა ადამიანებს ბევრი რამ გაგვიმჟღავნა. მან ცხადყო, რომ ძალიან ვუყვარვართ და მამასავით ზრუნავს ჩვენზე. ბიბლიის მეშვეობით ღმერთმა ფასდაუდებელი ინფორმაცია მოგვაწოდა. ეს არის შეუდარებელი საგანძური, რომლის მსგავსიც მოკვდავ ადამიანს არაფერი შეუქმნია. ღვთის სიტყვის გულმოდგინე კვლევა ‘დამღლელი არ არის სხეულისთვის’. ასეთი კვლევა მარადიულ კურთხევებს მოუტანს მათ, ვინც იცის, რომ „იეჰოვას სიტყვა . . . მარადიულად რჩება“! (ეკლ. 12:12; 1 პეტ. 1:24, 25).
[ცხრილი 12 გვერდზე]
ვინ რა დაწერა ღვთის შთაგონებით
(ქრონოლოგიური თანმიმდევრობით)
თანმიმდ. დამწერი ვინ იყო წერა დაასრულა რა დაწერა
1. მოსე სწავლული, მწყემსი, წინასწარმეტყველი, წინამძღოლი ძვ. წ. 1473 დაბადება; გამოსვლა; ლევიანები; იობი; რიცხვები; მეორე კანონი; 90-ე ფსალმუნი (შესაძლოა 91-ეც)
2. იესო ნავეს ძე წინამძღოლი დ. ძვ. წ. 1450 იესო ნავეს ძე
3. სამუელი ლევიანი, წინასწარმეტყველი დ. ძვ. წ. 1080-მდე მსაჯულები; რუთი; 1 სამუელის ნაწილი
4. გადი წინასწარმეტყველი დ. ძვ. წ. 1040 1 სამუელის ნაწილი; 2 სამუელი (ორივე ნათანთან ერთად)
5. ნათანი წინასწარმეტყველი დ. ძვ. წ. 1040 1 სამუელის ნაწილი; 2 სამუელი (ორივე გადთან ერთად)
6. დავითი მეფე, მწყემსი, მუსიკოსი ძვ. წ. 1037 მრავალი ფსალმუნი
7. კორახის ძეები ზოგი ფსალმუნი
8. ასაფი მგალობელი ზოგი ფსალმუნი
9. ჰემანი ბრძენი 88-ე ფსალმუნი
10. ეთანი ბრძენი 89-ე ფსალმუნი
11. სოლომონი მეფე, მშენებელი, ბრძენი დ. ძვ. წ. 1000 იგავების უმეტესი ნაწილი; ქებათა-ქება; ეკლესიასტე; 127-ე ფსალმუნი
12. აგური იგავების 30-ე თავი
13. ლემუელი მეფე იგავების 31-ე თავი
14. იონა წინასწარმეტყველი დ. ძვ. წ. 844 იონა
15. იოელი წინასწარმეტყველი დ. ძვ. წ. 820 (?) იოელი
16. ამოსი მწყემსი, წინასწარმეტყველი დ. ძვ. წ. 804 ამოსი
17. ოსია წინასწარმეტყველი ძვ. წ. 745-ის შემდეგ ოსია
18. ესაია წინასწარმეტყველი ძვ. წ. 732-ის შემდეგ ესაია
19. მიქა წინასწარმეტყველი ძვ. წ. 717-მდე მიქა
20. სოფონია მეფის შთამომავალი, წინასწარმეტყველი ძვ. წ. 648-მდე სოფონია
21. ნაუმი წინასწარმეტყველი ძვ. წ. 632-მდე ნაუმი
22. აბაკუმი წინასწარმეტყველი დ. ძვ. წ. 628 (?) აბაკუმი
23. აბდია წინასწარმეტყველი დ. ძვ. წ. 607 აბდია
24. ეზეკიელი მღვდელი, წინასწარმეტყველი დ. ძვ. წ. 591 ეზეკიელი
25. იერემია მღვდელი, წინასწარმეტყველი ძვ. წ. 580 1 და 2 მეფეები; იერემია; გოდება
26. დანიელი წარჩინებული ოჯახიშვილი, მმართველი, წინასწარმეტყველი დ. ძვ. წ. 536 დანიელი
27. ანგია წინასწარმეტყველი ძვ. წ. 520 ანგია
28. ზაქარია წინასწარმეტყველი ძვ. წ. 518 ზაქარია
29. მორდოქაი მმართველი (სამეფოში მეორე კაცი) დ. ძვ. წ. 475 ესთერი
30. ეზრა მღვდელი, გადამწერი, პასუხისმგებელი პირი დ. ძვ. წ 460 1 და 2 მატიანე; ეზრა
31. ნეემია სამეფო კარის მსახური, გამგებელი ძვ. წ. 443-ის შემდეგ ნეემია
32. მალაქია წინასწარმეტყველი ძვ. წ. 443-ის შემდეგ მალაქია
33. მათე გადასახადების ამკრეფი, მოციქული დ. ახ. წ. 41 მათე
34. ლუკა ექიმი, მისიონერი დ. ახ. წ. 61 ლუკა; საქმეები
35. იაკობი ზედამხედველი (იესოს ძმა) ახ. წ. 62-მდე იაკობი
36. მარკოზი მისიონერი დ. ახ. წ. 60—65 მარკოზი
37. პეტრე მეთევზე, მოციქული დ. ახ. წ. 64 1 და 2 პეტრე
38. პავლე მისიონერი, მოციქული, კარვების მკერავი დ. ახ. წ. 65 1 და 2 თესალონიკელები; გალატელები; 1 და 2 კორინთელები; რომაელები; ეფესოელები; ფილიპელები; კოლოსელები; ფილიმონი; ებრაელები; 1 და 2 ტიმოთე; ტიტე
39. იუდა იესოს მოწაფე (იესოს ძმა) დ. ახ. წ. 65 იუდა
40. იოანე მეთევზე, მოციქული დ. ახ. წ. 98 გამოცხადება; იოანე; 1, 2 და 3 იოანე