მახარობელი
სახარების ანუ სასიხარულო ცნობის მქადაგებელი, კარგი ამბის მაუწყებელი. ბერძნული სიტყვა ევაგგელისტეს (მახარობელი) ენათესავება სიტყვა ევაგგელიონს, რაც „სასიხარულო ცნობას“ ანუ „სახარებას“ ნიშნავს (იხ. სასიხარულო ცნობა; აგრეთვე ნამ. 1:15; მთ. 4:23). დიდი მახარობელი, სასიხარულო ცნობის მაუწყებელი თავად იეჰოვაა. ადამის შეცოდების შემდეგ მან გააცხადა სასიხარულო ცნობა შთამომავლის შესახებ, რომელიც გველს თავს გაუჭეჭყავდა (დბ. 3:15). ამით იეჰოვამ კაცთა მოდგმას იმედი ჩაუსახა (რმ. 8:20). იეჰოვამ აბრაამსაც გაუცხადა სასიხარულო ცნობა, როდესაც ნათელი მოჰფინა დაპირებას შთამომავლის შესახებ (გლ. 3:8; დბ. 12:1—3). ესაიას 52:7-ში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ გამოჩნდებოდა ბაბილონიდან ებრაელების სამშობლოში დაბრუნების „მახარობელი“. პავლე მოციქულმა სწორედ ამ მუხლიდან მოიყვანა ციტატა და ქრისტიანების სამახარობლო საქმიანობას დაუკავშირა (რმ. 10:15). ანგელოზი გაბრიელიც მახარობელი იყო, რადგან მან ზაქარიას იოანე ნათლისმცემლის, ხოლო მარიამს — იესოს დაბადების შესახებ აუწყა. ერთ-ერთი ანგელოზი იესოს დაბადების დროს მწყემსებს მახარობლად მოევლინა (ლკ. 1:18—38; 2:10). იოანე ნათლისმცემელიც მახარობელი იყო, რადგან მასზე ნათქვამია, რომ „სასიხარულო ცნობას აუწყებდა“ (ლკ. 3:18). როგორც სასიხარულო ცნობის საჯაროდ განმცხადებლები, იესოს მოწაფეებიც მახარობლები იყვნენ (სქ. 8:4).
მახარობელი მისიონერები. მართალია, მახარობლობა ყველა ქრისტიანის საქმეა, მაგრამ პავლემ სიტყვა მახარობელი განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოიყენა ეფესოელების 4:8, 11, 12-ში, სადაც საუბარია „ძღვენზე ადამიანთა სახით“. ეს ძღვენი ქრისტემ კრებას ზეცად ამაღლების შემდეგ უბოძა: „მოგვცა ზოგი მოციქულად, ზოგი — წინასწარმეტყველად, ზოგი — მახარობლად, ზოგი — მწყემსად და მასწავლებლად ... ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად“. ამ მახარობლების ძირითადი საქმე მისიონერობა იყო. ისინი ხშირად ისეთ ადგილებში ქადაგებდნენ, სადაც სასიხარულო ცნობა მანამდე ნაქადაგები არ იყო. ეფესოელების 4:11-ში ჯერ მახარობლები არიან მოხსენიებული, შემდეგ კი მწყემსები და მასწავლებლები, რადგან ვისაც მახარობლები სასიხარულო ცნობას უქადაგებდნენ და მოწაფეებად მოამზადებდნენ, მათ აღშენებაზე მწყემსებსა და მასწავლებლებს უნდა ეზრუნათ.
სიტყვა მახარობელი განსაკუთრებით ფილიპეს მიესადაგება. ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ მან პირველმა იქადაგა სამარიაში, რასაც შესანიშნავი გამოხმაურება მოჰყვა. ფილიპემ ანგელოზის მითითებით ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობა უქადაგა ეთიოპ საჭურისს და მონათლა იგი. ამის შემდეგ სულმა წაიყვანა ფილიპე, რათა ექადაგა აშდოდში და კესარეისკენ მიმავალ გზაზე მდებარე ყველა ქალაქში (სქ. 8:5, 12, 14, 26—40). ფართომასშტაბიან სამახარობლო საქმიანობას პავლეც ეწეოდა (2კრ. 10:13—16). ტიმოთეც მახარობელი, იგივე მისიონერი იყო. პავლემ მას სამახარობლო საქმის მნიშვნელობაზე გაუმახვილა ყურადღება, როდესაც გამოსათხოვარ სიტყვებს სწერდა: „შენ კი ყველაფერში იფხიზლე, მოითმინე ბოროტება, აკეთე მახარობლის საქმე და ყოველმხრივ შეასრულე შენი მსახურება“. ტიმოთე, რომელიც სხვა ქრისტიანებთან ერთად ქადაგებდა სასიხარულო ცნობას, როგორც ეფესოს კრების ზედამხედველი, მწყემსისა და მასწავლებლის საქმესაც ასრულებდა (2ტმ. 4:5; 1ტმ. 1:3).
მახარობლობა „უკანასკნელ დროს“. მათეს 24:14-ში ჩაწერილი იესოს სიტყვების თანახმად, ყველაზე ფართომასშტაბიანი სამახარობლო საქმიანობა „უკანასკნელ დროს“ უნდა განხორციელებულიყო: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ... და მაშინ მოვა აღსასრული“. დღესდღეობით სახელმწიფოები ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სამედიცინო მისიით თავიანთ წარმომადგენლებს სხვადასხვა ადგილას გზავნიან. რაც შეეხება ქრისტიანებს, მათი მთავარი მისია ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება და იესო ქრისტეს მოწაფეების მომზადებაა (2ტმ. 4:2; 1კრ. 9:16; 1პტ. 1:12, 25; 4:17). ანგელოზი, რომელიც ცაში დაფრინავს, ხმამაღლა აუწყებს მარადიულ სასიხარულო ცნობას: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგან მოვიდა მისი სასამართლოს საათი. თაყვანი ეცით ცისა და დედამიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს“ (გმც. 14:6, 7). სწორედ ეს სასიხარულო ცნობა უნდა გაავრცელოს ქრისტიანმა მახარობელმა, იგივე მისიონერმა. ფილიპესა და სხვა მახარობლების მსგავსად, დღესაც ზოგი ქრისტიანი უცხო ქვეყანაში მიდის სამახარობლო საქმის შესასრულებლად (სქ. 21:8). და მაინც, მახარობლობა ყველა ქრისტიანის მოვალეობაა, სადაც უნდა იყვნენ ისინი, რათა სასიხარულო ცნობა ყველანაირ ადამიანს ექადაგოს (რმ. 10:9, 10).