ევნიკე და ლოისი — სამაგალითო აღმზრდელები
ჩვენ, იეჰოვას მსახურებმა, ვიცით, რომ შვილებისთვის კარგი რელიგიური განათლების მიცემა სერიოზული ვალდებულებაა. საუკეთესო პირობებშიც კი ამ დავალების შესრულებისას შეიძლება მრავალ დაბრკოლებასა და სირთულეს წავაწყდეთ. მდგომარეობა რთულდება, როდესაც ამ ძნელ ამოცანას ქრისტიანი მშობელი რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ასრულებს. ასეთი მდგომარეობა ახალი არ არის. საღვთო წერილი მოგვითხრობს ერთ მშობელზე, რომელიც ახ. წ. პირველ საუკუნეში ცხოვრობდა და მსგავს მდგომარეობაში იყო.
ერთი ქალის, სახელად ევნიკეს, ოჯახი მცირე აზიის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში, ლუკაონიის ქალაქ ლისტრაში, ცხოვრობდა. ლისტრა პატარა, შეუმჩნეველი, პროვინციული ქალაქი იყო. რომის ეს კოლონია, რომელსაც „იულია ფელიქს გემინა ლუსტრას“ უწოდებდნენ, კეისარ ავსგუსტუსმა ირგვლივ არსებულ ბანდიტთა მოქმედებისგან დაცვის მიზნით დააფუძნა. ევნიკე იუდეველი ქრისტიანი იყო; ის რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ცხოვრობდა, ვინაიდან ქმარი ბერძენი იყო; ჰყავდა ვაჟი, ტიმოთე, და დედა, ლოისი, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა (საქმეები 16:1–3).
შესაძლოა, ლისტრაში იუდეველები ცოტანი იყვნენ, რადგან ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იქ სინაგოგის არსებობის შესახებ, თუმცა დაახლოებით 30 კილომეტრის მოშორებით, იკონიაში, ისინი მრავლად იყვნენ (საქმეები 14:19). ამიტომ ევნიკესთვის, ალბათ, ადვილი არ იყო რწმენის შესაბამისად მოქმედება. იმ ფაქტმა, რომ მისი ვაჟი, ტიმოთე, წინადაცვეთილი არ იყო, ზოგი მკვლევარი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ევნიკეს ქმარი მის რწმენას ეწინააღმდეგებოდა.
მაგრამ ევნიკეს თანამორწმუნეც ჰყავდა. როგორც ჩანს, ტიმოთემ ‘საღვთო წერილებიდან’ ცოდნა დედისა და დედის მხრიდან ბებიის, ლოისის, მეშვეობით მიიღოa. მოციქული პავლე ტიმოთეს მოუწოდებდა: „იდექ იმაზე, რაც გისწავლია და რაც გირწმუნია, ვინაიდან იცი, ვისგან გისწავლია. რადგან შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება სახსნელად ქრისტე იესოს რწმენაში“ (2 ტიმოთე 3:14, 15).
„ბავშვობიდანვე“ განსწავლა
როდესაც პავლემ აღნიშნა, რომ ტიმოთემ ‘საღვთო წერილები ბავშვობიდან’ იცოდა, ის, როგორც ჩანს, ჩვილობის ასაკს გულისხმობდა. აქ გამოყენებული ბერძნული სიტყვა (ბრეფოს), ჩვეულებრივ, ახალშობილზე მიუთითებს (შეადარეთ ლუკა 2:12, 16). ამრიგად, ევნიკე ღვთის მიერ მისთვის დაკისრებულ მოვალეობას სერიოზულად მოეკიდა და არ დაუყოვნებია შვილისთვის სწავლის დაწყება, რაც ტიმოთეს ღვთისადმი ერთგულ მსახურად ჩამოყალიბებაში დაეხმარა (მეორე რჯული 6:6–9; იგავნი 1:8).
ტიმოთეს ‘სწამდა’ ბიბლიური ჭეშმარიტებები. ერთი ბერძნული ლექსიკონის თანახმად, პავლეს მიერ აქ გამოყენებული სიტყვა ნიშნავს „მტკიცედ დარწმუნებას; დაჯერებას“. ეჭვგარეშეა, საკმაო დრო და ძალისხმევა იყო საჭირო, რომ ტიმოთეს გულში ასეთი მტკიცე დაჯერებულობა ჩანერგილიყო, რაც მას ღვთის სიტყვის გაგებასა და მისადმი რწმენის გამოვლენაში დაეხმარებოდა. როგორც ჩანს, მაშინ ევნიკემ და ლოისმა დიდი შრომა გასწიეს, რათა ტიმოთესთვის საღვთო წერილი ესწავლებინათ. და რამხელა ჯილდო მოიმკეს ამ ღვთისმოშიშმა ქალებმა! ტიმოთეზე პავლეს შეეძლო დაეწერა: „ვიხსენებ შენს წრფელ რწმენას, რომელიც უწინ დამკვიდრებული იყო დიდედაშენ ლოისში და დედაშენ ევნიკეში და მწამს, რომ იგი შენშიც არის“ (2 ტიმოთე 1:5).
რა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ევნიკემ და ლოისმა ტიმოთეს ცხოვრებაში! ამასთან დაკავშირებით, მწერალი დეივიდ რიდი აღნიშნავს: «მოციქულს რომ ეფიქრა, ტიმოთე თვითონ გაქრისტიანდაო, ის მაშინვე აღნიშნავდა ამას. მაგრამ ტიმოთეს რწმენასთან დაკავშირებით მან პირველ რიგში მოიხსენია, რომ ეს რწმენა თავიდან დამკვიდრებული იყო „ლოისში და. . . ევნიკეში“». პავლეს სიტყვები ლოისის, ევნიკესა და ტიმოთეს რწმენის შესახებ ცხადყოფს, რომ ხშირად სახლში მშობლების ან ბებია-პაპების მიერ მიცემული ბიბლიური განათლება მთავარ როლს ასრულებს ახალგაზრდის მომავალი სულიერი მიზნების განსაზღვრაში. არ უნდა აღძრას ამან ოჯახის წევრები, სერიოზულად დაფიქრდნენ, თუ რას გააკეთებენ ღვთისა და შვილების წინაშე ამ ვალდებულების შესასრულებლად?
შესაძლოა, პავლე ლოისისა და ევნიკეს მიერ შექმნილ ოჯახურ ატმოსფეროზეც ფიქრობდა. მოციქული შეიძლება მათთან სტუმრად იყო დაახლოებით ახ. წ. 47, 48 წლებში, როდესაც ის ლისტრაში პირველად დარჩა. იმ დროს ეს ორი ქალი, ალბათ, ქრისტიანობაში ახალმოქცეული იყო (საქმეები 14:8–20). შესაძლოა, ამ ოჯახში გამეფებულმა თბილმა, სასიამოვნო ურთიერთობამ იქონია გავლენა იმ სიტყვების შერჩევაზე, რომლებიც ლოისის, ტიმოთეს ‘დიდედისადმი’, იყო მიმართული. სწავლულის სესლა სპიკის ნათქვამის თანახმად, პავლეს მიერ გამოყენებული ბერძნული სიტყვა („მამმე“, კლასიკურ და თავაზიან „ტეთესგან“ განსხვავებით) არის ბებიისთვის „ბავშვის მიერ დაძახებული მოფერებითი ფორმა“, რომელიც ამ კონტექსტში „ახლო ურთიერთობისა და თბილი გრძნობის ნიუანსს“ შეიცავს.
ტიმოთეს წასვლა
თუ რა ოჯახური მდგომარეობა ჰქონდა ევნიკეს პავლეს ლისტრაში მეორედ ჩავლისას (დაახლოებით ახ. წ. 50 წელს), ნათელი არ არის. მრავალი მკვლევარი ვარაუდობს, რომ იმ დროისთვის ევნიკე ქვრივი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, დედისა და ბებიის ხელმძღვანელობით ტიმოთე შესანიშნავი ახალგაზრდა დადგა და იმ დროისთვის დაახლოებით 20 წლის იყო. მასზე კარგად „მოწმობდნენ ლისტრელი და იკონიელი ძმები“ (საქმეები 16:2). როგორც ჩანს, სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის გავრცელების სურვილი უკვე იყო ჩანერგილი მის გულში, რადგან ის პავლეს დასთანხმდა, მასთან და სილასთან ერთად წასულიყო მისიონერად.
წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში იქნებოდნენ ევნიკე და ლოისი ტიმოთეს სახლიდან წასვლის წინ! მათ იცოდნენ, რომ ქალაქში პავლეს პირველი ჩასვლისას მოციქული ჩაქოლეს და სულთმობრძავი მიაგდეს (საქმეები 14:19). ამიტომ მათთვის ადვილი არ უნდა ყოფილიყო ყმაწვილი ტიმოთეს გაშვება. ალბათ, ისინი ნერვიულობდნენ და ფიქრობდნენ იმაზე, თუ რამდენი ხნით მიდიოდა ის ან დაბრუნდებოდა თუ არა შინ მშვიდობით. ასეთი წუხილის მიუხედავად, დედამ და ბებიამ, ეჭვგარეშეა, ტიმოთეს ამ საპატიო მსახურების შესრულებისკენ უბიძგეს, რომელიც მას იეჰოვასადმი უფრო სრული მსახურების შესაძლებლობას მისცემდა.
ძვირფასი გაკვეთილი
ბევრი რამის სწავლა შეიძლება ევნიკესა და ლოისის მაგალითზე გულდასმით ფიქრიდან. რწმენამ აღძრა ისინი, ტიმოთე სულიერად მტკიცე აღეზარდათ. სულიერად მოწიფული, მტკიცე ბებია-პაპების მიერ შვილიშვილებისა და სხვებისთვის მიცემული ღვთისმოსაწონი ერთგულების მაგალითი შეიძლება მართლაც მთელი კრებისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს (ტიტე 2:3–5). ასევე ევნიკეს მაგალითი დედებს, რომლებსაც ურწმუნო ქმრები ჰყავთ, შეახსენებს შვილების სულიერი დამოძღვრის მოვალეობისა და იმ ჯილდოს შესახებ, რომელიც ასე მოქმედებას მოაქვს. ზოგჯერ ამის გაკეთებას შეიძლება დიდი სიმამაცე დასჭირდეს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ქმარი მეუღლის რელიგიური მრწამსისადმი დადებითად არ არის განწყობილი. გარდა ამისა, აქ საჭიროა ტაქტიანი მოქმედება, რადგან ქრისტიანი ცოლი პატივისცემით უნდა მოეკიდოს ქმრის მეთაურობას.
ლოისისა და ევნიკეს რწმენა, ძალისხმევა და პირადი „მეს“ უკანა პლანზე გადაწევა დაჯილდოვდა და მათ დაინახეს ტიმოთეს სულიერი წინსვლა; ტიმოთე შესანიშნავი მისიონერი და ზედამხედველი გახდა (ფილიპელთა 2:19–22). მსგავსად ამისა, დღეს შვილებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლებას დრო, მოთმინება და შეუპოვრობა სჭირდება, მაგრამ შედეგი ნამდვილად ღირს მთელ ამ ძალისხმევად. რელიგიურად დაყოფილ ოჯახებში აღზრდილმა, მაგრამ ‘საღვთო წერილში ბავშვობიდან განსწავლულმა’ მრავალმა სამაგალითო ქრისტიანმა ახალგაზრდამ დიდი სიხარული მიანიჭა ღვთისმოშიშ მშობლებს. მართლაც ჭეშმარიტია იგავის სიტყვები: „ბრძენის მშობელი მისით გაიხარებს“ (იგავნი 23:23–25).
მოციქულმა იოანემ სულიერი შვილების შესახებ დაწერა: „არ არის ჩემთვის იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებით დადიან“ (3 იოანე 4). ნამდვილად, ამ სიტყვებში ჩადებულ გრძნობას მრავალი ისეთი მშობელი იზიარებს, ვინც ორი სამაგალითო აღმზრდელის, ევნიკესა და ლოისის, მსგავსად აღზარდა შვილები.
[სქოლიოები]
a ლოისი რომ მამის მხრიდან არ იყო ბებია, ჩანს ძველი არამეული თარგმანიდან, სადაც 2 ტიმოთეს 1:5-ში ნათქვამია: „დედის დედა“.